საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5580-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.018205
5580-IIს
24/06/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
060000000.05.001.018205
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 310-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემის შესახებ.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXXVI1 თავი:

„თავი XXXVI1

ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემა

მუხლი 3162. განცხადების შეტანა

1. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირის ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში დონორის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადების შეტანა შეუძლია რეციპიენტს, დონორს ან ტრანსპლანტაციის საბჭოს.

მუხლი 3163. განცხადების შინაარსი

1. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული ახლო პირადი ურთიერთობის ხასიათი, დონორის პირადი და ოჯახური მდგომარეობა და დონორის ორგანოს აღების მიზანი.

2. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს  დონორსა და რეციპიენტს შორის ახლო და სტაბილური ემოციური კავშირის არსებობას არანაკლებ 2 წლის განმავლობაში;

ბ) მტკიცებულებები იმისა, რომ არ მოიძებნა ცოცხალი დონორი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის;

გ) მტკიცებულებები იმისა, რომ არ არსებობს რეციპიენტისათვის სიცოცხლის შენარჩუნების, მისი მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომი ალტერნატიული მეთოდი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს ტრანსპლანტაციის ჩვენებას;

ე) დონორის თანხმობა;

ვ) დასკვნა დონორისა და რეციპიენტის ანტიგენური თავსებადობის შესახებ;

ზ) ცნობა პოტენციური დონორის ჯანმრთელობის შესახებ.

მუხლი 3164. სასამართლოს მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ

საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადებისას სასამართლო გამოარკვევს:

ა) ახდენს თუ არა დონორის თანხმობაზე გავლენას ეკონომიკური, სოციალური ან ფსიქოლოგიური ფაქტორები;

ბ)  არის თუ არა დონორის თანხმობა განპირობებული დაპირებული ან რეალური კომპენსაციის მიღებით;

გ) აცნობიერებს თუ არა დონორი, რომ მას შეუძლია მიზეზების განმარტების გარეშე, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი ორგანოს აღებაზე; 

დ) სხვა აუცილებელ გარემოებებს. 

მუხლი 3165. სასამართლო გადაწყვეტილება

სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო თანხმობას გასცემს პირის ცოცხალ დონორობაზე რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის არსებობის საფუძველზე, არის სასამართლოს თანხმობა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის.

მუხლი 3166. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქმის განხილვისა და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესები

1. სასამართლო ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქმეს განიხილავს ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესით.

 2. სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანით, მხარისათვის დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 ივნისი 2016 წ.

N5580-IIს