მშენებლობის ნებართვის შესახებ

  • Word
მშენებლობის ნებართვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 09/07/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 19/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.05.001.001.520
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
245
25/06/2004
სსმ, 18, 09/07/2004
330.130.000.05.001.001.520
მშენებლობის ნებართვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

მშენებლობის ნებართვის შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის საფუძველს წარმოადგენს „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონები. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის დამატებით პირობებს.

2. მშენებლობის ნებართვა გაიცემა მშენებლობაზე, რეკონსტრუქციასა და დემონტაჟზე.

3. თუ დემონტაჟი გათვალისწინებულია შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულია მშენებლობის ნებართვა ან თუ არსებობს დემონტაჟის თაობაზე არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის შესაბამისი სამსახურის დადგენილება და სასამართლოს გადაწყვეტილება და მათ საფუძველზე დადგენილი წესით შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაცია, დემონტაჟის განხორციელება დამატებით ნებართვას არ საჭიროებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს;

ბ) მშენებლობა – შენობა-ნაგებობის აგების (მათ შორის, რეკონსტრუქციის) პროცესი, რომელიც მოიცავს სამშენებლო და სპეციალურ სამშენებლო სამუშაოებს;

გ) რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლის, გადაკეთების, აღდგენა-რეაბილიტაციის ან/და რეგენერაცია-ადაპტაციის მიზნით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც იწვევს მისი კონსტრუქციული ელემენტების ცვლილებებს. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის მიმართ რეკონსტრუქციის ცნება განისაზღვრება „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით;

დ) დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, კანონით განსაზღვრული ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, ან ამხანაგობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამუშაოს უკვეთავს საპროექტო ან/და სამშენებლო ორგანიზაციას;

ე) საპროექტო დოკუმენტაცია (მშენებლობის პროექტი) – ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული შემადგენლობის, შემუშავებული, შეთანხმებული და დამტკიცებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;

ვ) ხაზობრივი ნაგებობა – საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილგაყვანილობა, საჰაერო-საბაგირო გზა და ელექტროგადამცემი ხაზი.

    მუხლი 3. სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას

1. მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა:

ა) საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ დამხმარე სამეურნეო სათავსოს მოწყობაზე;

ბ) მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე, ბოსკეტი და სხვა), მოზარდთა ღია სპორტული და სათამაშო მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობაზე;

გ) სანახაობითი ღონისძიების, სახალხო დღესასწაულისა და ბაზრობა-გამოფენისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობაზე;

დ) სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობაზე, რომლის ფირნიშის ფართობი არ აღემატება 27კვ. მეტრს;

ე) შენობა-ნაგებობის, მათ შორის, ფასადის, ყველა სახის სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე, არსებული გაბარიტების ფარგლებში;

ვ) ხაზობრივი ნაგებობებისა და სხვა საკომუნიკაციო ქსელების სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურთან შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე.

3. საპროექტო დოკუმენტაციასთან ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების შესაბამისობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სათანადო სამსახური.

    მუხლი 4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები

1. ამ კანონის მიზნებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებია:

ა) მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი;

ბ) ნავთობისა და თხევადი აირის ტერმინალები;

გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, რკინიგზა და მათზე განთავსებული ხიდი, გვირაბი, გზაგამტარი;

დ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (35 კვტ და მეტი) და ქვესადგური (110 კვტ და მეტი);

ე) ჰიდროელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი) და თბოელექტროსადგური (10 მგვტ და მეტი);

ვ) მეტროპოლიტენი;

ზ) სახელმწიფო მნიშვნელობის ტელეანძა, 12 მეტრზე მეტი სიმაღლის კავშირგაბმულობის ანძა და ტელეკოშკი;

თ) წყალსაცავი (100 000 კუბ. მეტრი და მეტი);

ი) რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობები (20 000 კუბ. მეტრი დღე-ღამეში და მეტი);

კ) საწარმო, რომელიც იყენებს რადიოაქტიურ ან/და მწვავე ტოქსიკურ ნივთიერებებს;

ლ) სახელმწიფო მნიშვნელობის აეროვაგზლის, აეროპორტის, რკინიგზის ვაგზლის, საზღვაო ვაგზლისა და საზღვაო პორტის შენობა-ნაგებობები;

მ) ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფისათვის საჭირო სპეციალური შენობა-ნაგებობა (სამრეწველო, სამეცნიერო-საკონსტრუქტორო, სამხედრო, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების, საბაჟო, სასაზღვრო დანიშნულების და სხვა) შესაბამისი უწყების მოთხოვნის საფუძველზე;

ნ) სპორტული შენობა-ნაგებობები: ღია – 10 000-ადგილიანი და 10 000-ზე მეტ ადგილიანი, დახურული – 1000-ადგილიანი და 1000-ზე მეტ ადგილიანი;

ო) უცხო ქვეყნების წარმომადგენლობათა შენობა-ნაგებობები და მათი კომპლექსი (საელჩო, საკონსულო, მისია, წარმომადგენლობა, კულტურის ცენტრი);

პ) ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები;

ჟ) ყველა სახის თეატრის, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების 500-ადგილიანი და 500-ზე მეტ ადგილიანი შენობა-ნაგებობები;

რ) სახელმწიფო ბიბლიოთეკის, არქივისა და მუზეუმის შენობა-ნაგებობები 500 000 ერთეულზე მეტი ან/და 50 000 ექსპონატზე მეტი;

ს) უმაღლესი სასწავლებლისა და უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობები ან/და მათი კომპლექსი 2000 და მეტ სტუდენტზე;

ტ) სასტუმროს, სანატორიუმისა და სამედიცინო დაწესებულების შენობა-ნაგებობები ან/და მათი კომპლექსი 300-ადგილიანი და 300-ზე მეტ ადგილიანი.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ნ‘‘-„ტ‘‘ ქვეპუნქტებში აღნიშნულ, ქალაქ თბილისში განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს ქალაქის შესაბამისი სამსახური.

3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყება. ყველა სხვა სახის შენობა-ნაგებობაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს ადგილობრივი მმართველობის სათანადო სამსახური.

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2707 - სსმ I,  №12, 24.03.2010 წ., მუხ.73

    მუხლი 5. მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები

დამკვეთი მშენებლობის ნებართვის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის) მისაღებად „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ორგანოში განცხადებასთან და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ საბუთთან ერთად წარადგენს:

ა) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურთან შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტსა და საპროექტო დოკუმენტაციას (სამ ეგზემპლარად), მათ შორის:

ა.ა) არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებას;

ა.ბ) დავალებას დაპროექტებაზე;

ა.გ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო დოკუმენტაციას;

ა.დ) საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნასა და ტოპოგრაფიულ საფუძველს;

ა.ე) გარემოსდაცვით ნებართვას;

ა.ვ) შეთანხმებულ ტექნიკურ პირობებს;

ა.ზ) მშენებლობის ორგანიზების პროექტს;

ა.თ) სათანადო საექსპერტო დასკვნას;

ა.ი) მუშა დოკუმენტაციას;

ა.კ) ცნობას ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესრულების შესახებ;

ბ) საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების ლიცენზიებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების ასლებს;

გ) სათანადო უწყებების ნებართვებს შემდეგი განსაკუთრებული რეჟიმის ტერიტორიებისათვის:

გ.ა) დაცული ტერიტორია;

გ.ბ) სასაზღვრო ზოლი და სასაზღვრო ზონა;

გ.გ) კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონა;

გ.დ) სანაპირო ზონა;

გ.ე) რკინიგზის, საავტომობილო გზის, მაგისტრალური მილსადენებისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი­ს გასხვისების ზონები;

გ.ვ) სათავე ნაგებობების, რადიაციული და სხვა ნარჩენების სამარხების, წყალსაცავებისა და სხვა ობიექტების სანიტარიული ზონები;

გ.ზ) ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ტერიტორიები (დასახლებები) და „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დამცავი ზონების სისტემაში შემავალი ზონები.

    მუხლი 6. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მოვალეობანი

მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამკვეთს მიაწოდოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი, ხოლო არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის შესაბამის სამსახურს მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით – მშენებლობის სანებართვო მოწმობის ასლი და დამოწმებული საპროექტო დოკუმენტაციის ერთი კომპლექტი.

    მუხლი 7. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა

1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო ვადით.

2. თუ შენობა-ნაგებობის მშენებლობა არ დასრულდა მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში, დამკვეთი ვალდებულია მშენებლობის ნებართვის ვადის გასაგრძელებლად მიმართოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.

3. საპროექტო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც იწვევს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებისა და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას, საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას.

    მუხლი 8. მშენებლობის ნებართვის გაცემის საჯაროობის უზრუნველყოფა

 1. მენაშენე (განმცხადებელი) არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადების პერიოდში უზრუნველყოფს შესაბამის მიწის ნაკვეთზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას მოსალოდნელი მშენებლობისა და მისი ფუნქციური დანიშნულების შესახებ, რომელზედაც აღნიშნული უნდა იყოს:

ა) დამკვეთის ვინაობა და შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;

ბ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო;

გ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო ვადები;

დ) შენობის სართულიანობა და გაბარიტები;

ე) მშენებლობის ნებართვაზე განცხადების შეტანის სავარაუდო ვადები;

ვ) ინფორმაცია დაინტერესებულ პირთათვის განცხადების მიღებიდან 20 დღის განმავლობაში ნებართვის გამცემ ორგანოში განმარტებების მიღებისა და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლების შესახებ;

ზ) დამკვეთის მისამართი, ტელეფონი და სხვა.

2. დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდში შესაბამის მიწის ნაკვეთზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას მენაშენემ (განმცხადებელმა) საინფორმაციო დაფაზე უნდა განათავსოს სანებართვო დოკუმენტაციის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველი ინფორმაცია, მათ შორის:

ა) დამკვეთის ვინაობა და შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;

ბ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, ნებართვის ნომერი და მოქმედების ვადა;

გ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ვადები;

დ) შენობის სართულიანობა და გაბარიტები;

ე) საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების დასახელება, ლიცენზიის ნომერი, მისამართი, ტელეფონი და სხვა;

ვ) დამკვეთის მისამართი, ტელეფონი და სხვა.

3. საპროექტო დოკუმენტაციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებები, რომლებიც ცვლის საინფორმაციო დაფაზე განთავსებული ინფორმაციის არსს, უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფაზე.

4. საინფორმაციო დაფის გაბარიტებსა და მასზე ინფორმაციის განთავსების პირობებს, საჯაროობისა და თვალსაჩინოების უზრუნველყოფის მიზნით აზუსტებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.

    მუხლი 9. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობის შესაბამისმა უწყებამ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში დაამტკიცოს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის 17 ოქტომბრის №58 ბრძანება „განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 10. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 25 ივნისი.

№245-რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2707 - სსმ I,  №12, 24.03.2010 წ., მუხ.73

2. ძალადაკარგულია საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2911 - სსმ I,  №20, 19.04.2010 წ., მუხ.112