ა)„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელის № 679); ბ) „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები N720 და N721) გ) საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები №740 და №764)

  • Word
ა)„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელის № 679); ბ) „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები N720 და N721) გ) საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები №740 და №764)
დოკუმენტის ნომერი 3/5-1/679,720,721,740,764
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 15/06/2016
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016053
  • Word
3/5-1/679,720,721,740,764
15/06/2016
ვებგვერდი, 29/06/2016
000000000.00.000.016053
ა)„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელის № 679); ბ) „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები N720 და N721) გ) საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები №740 და №764)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა)„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელის № 679); ბ) „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები N720 და N721) გ) საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები №740 და №764)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პლენუმის საოქმო ჩანაწერი №3/5-1/679, 720, 721, 740,764

2016 წლის 15 ივნისი

. ბათუმი

პლენუმის შემადგენლობა:

გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;

კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ქეთევან ერემაძე - წევრი;

მაია კოპალეიშვილი - წევრი;

მერაბ ტურავა - წევრი;

ზაზა თავაძე - წევრი;

ოთარ სიჭინავა - წევრი;

ლალი ფაფიაშვილი - წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.

 

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

 

საქმის დასახელება: ა)„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელის №679);

ბ) „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №720 და №721);

გ) საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები №740 და №764).

დავის საგანი №679 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;

 №720 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის, 311-ე მუხლის პირველი ნაწილის, 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და 976-ე - 991-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;

 №721 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;

 №740 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 226-ე, 332-ე და 333-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით; დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

 №764 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

I

აღწერილობითი ნაწილი

 

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №679) მიმართეს „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა“ და „შპს ტელეკომპანია საქართველომ“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 30 ოქტომბერს.

2. №679 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 4 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის №1/3/679 საოქმო ჩანაწერით №679 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №720 და №721) მიმართა „შპს ტელეკომპანია საქართველომ“. კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 17 თებერვალს.

4. №720 და №721 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 19 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის №1/7/720 და №1/8/721 საოქმო ჩანაწერებით №720 და №721 კონსტიტუციური სარჩელები მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის №1/8/721 საოქმო ჩანაწერით № 721 და 720 კონსტიტუციური სარჩელები მათი ერთობლივად განხილვის მიზნით გაერთიანდა ერთ საქმედ.

5. №679 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა მოსარჩელეებს ქიბარ ხალვაშს, „შპს პანორამას“ და მოპასუხეებს „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-სა“ და „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ შორის. აღნიშნულ საქმეში დავის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წილზე საკუთრების უფლება. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელეები ითხოვენ გარიგებათა ბათილობას, იმ საფუძვლით, რომ წილების გაყიდვისას მყიდველების მიერ გადახდილი ფასი ამ წილების საბაზრო ღირებულების ადეკვატური არ არის. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელზე, ავტორთა აზრით, არსებობს საფრთხე, რომ საქალაქო სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებას სწორედ გასაჩივრებულ ნორმებს დააფუძნებს.

6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეთათვის პრობლემურ რეგულაციას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლთან ერთად ქმნის 55-ე მუხლი, მათ შორის ამ მუხლის 2012 წლის 8 მაისამდე მოქმედი რედაქცია, რომლის პირველი ნაწილიც ადგენდა, რომ „გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით)“. ამასთან, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ, მართალია, მითითებული რედაქცია საქართველოს 2012 წლის 8 მაისის №6151-Iს კანონით შეიცვალა, თუმცა ის მაინც შეიძლება ჩაითვალოს მოქმედ ნორმატიულ აქტად, ვინაიდან მისი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის ერთობლივი განმარტებით, შესაძლებელია ამ სადავო ნორმის იმ გარიგებებზე გავრცელება, რომლებიც სადავო ნორმის ძველი რედაქციის მოქმედების პერიოდში დაიდო. ამგვარი პრაქტიკის დასადასტურებლად, მოსარჩელე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებაზე.

7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ გარიგებების დადებით მისი მონაწილე მხარეები აწესრიგებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, რაც, პირველ რიგში, ქონების შეძენის, მისი განკარგვის შესაძლებლობას გულისხმობს. გარიგების მხარეებს სრულად უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სახელმწიფოსაგან ყოველგვარი ჩარევის გარეშე განსაზღვრონ გარიგების როგორც ფასი, ისე მისი შინაარსი. დაუშვებელია, სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდეს კერძო პირებს შორის დადებულ კონკრეტულ გარიგებათა შინაარსის კონტროლი, განსაკუთრებით კი ეს ეხება გარიგებით გათვალისწინებულ შესრულების ფასს. მოსარჩელეთა განმარტებით, ქონებრივი რესურსის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ გარიგების მხარეებს შორის, გარიგების ფასი კი სწორედ ქონებრივი რესურსის გაცვლის პროცესიდან გამომდინარეობს.

8. მოსარჩელეთა მითითებით, კანონმდებლობა ნებისმიერი სახის „სამართლიანი ფასისა“ თუ „საბაზრო ფასის“ შემოღებით, როდესაც გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობა ამგვარ გარეგან ფაქტორებზე ხდება დამოკიდებული, გაუმართლებლად ერევა ქმედების საყოველთაო თავისუფლების კონსტიტუციურ გარანტიაში.

9. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის შინაარსი, სხვა უფლებებთან ერთად, ქმედების საყოველთაო უფლებასაც მოიცავს, სადავო ნორმები კი სწორედ ამგვარ თავისუფლებას ეწინააღმდეგება. ამასთან, მოსარჩელე მხარის აზრით, ქმედების თავისუფლების შეზღუდვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

10. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სიტყვები „საჯარო წესრიგი“ და „ზნეობის ნორმები“ სუბიექტური შინაარსის ტერმინებია და მოსამართლეს გაუმართლებლად ფართო დისკრეციას ანიჭებს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვროს მათი შინაარსი. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ არსებობს საერთო სასამართლოების მიერ დასახელებულ ტერმინთა, მათ შორის, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ განმარტების საფრთხე, შესაბამისად, მათი მოქმედებით ირღვევა სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპები.

11. №720 და №721-ე კონსტიტუციურ სარჩელებზე სადავოდ გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი განსაზღვრავს იძულებით დადებული გარიგების შეცილების ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტის საფუძვლებს, ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“, 311-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს საჯარო რეესტრის დანიშნულებას, ხოლო 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები განამტკიცებს საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციას და ადგენს ბალანსს კეთილსინდისიერი შემძენის და ნამდვილი (თავდაპირველი) მესაკუთრის ინტერესებს შორის. 976-ე - 991-ე მუხლები აწესრიგებს უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

12. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების პრაქტიკა შეცილების უფლების რეალიზების ვადას ხანდაზმულობის ვადებთან აიგივებს, შესაბამისად, მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის დინების შეწყვეტის საფუძვლები.

13. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადის დენა შეწყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

14. მოსარჩელე მხარისთვის გაურკვეველია, რას გულისხმობს ტერმინები „სახელმწიფო ორგანოსთვის მიმართვა“ და „აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება“, კერძოდ, ბუნდოვანია, რომელ სახელმწიფო ორგანოებს მოიაზრებს კანონმდებელი, რა შინაარსის უნდა იყოს სახელმწიფო ორგანოში წარდგენილი მოთხოვნა, აგრეთვე აღმასრულებელი მოქმედების განხორციელების არსი.

15. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი არღვევს სახელშეკრულებო თავისუფლებისა და საკუთრების უფლებებს და ითხოვს მათ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

16. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ 172-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ვინდიკაციური სარჩელის ცნებას, რომლის მიხედვითაც დასაშვებია, მესაკუთრემ მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, თუ მფლობელს ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ბუნდოვანია და იძლევა თავდაპირველი მესაკუთრის მიერ კეთილსინდისიერი შემძენისგან ნივთის გამოთხოვის შესაძლებლობას.

17. №720 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები კეთილსინდისიერ შემძენად არ მიიჩნევს იმ პირს, რომელმაც იცოდა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის შესახებ, ანდა ამ ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ნორმები არ აკონკრეტებს, თუ სად შეიძლება იყოს შეტანილი საჩივარი. შესაბამისად, ბუნდოვანია საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციის გაქარწყლების საფუძვლები.

18. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულირება დასაშვებია მხოლოდ საჯარო რეესტრში საჩივრის შეტანის შემთხვევაში და შემძენის კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ არ უნდა დგებოდეს რომელიმე სხვა ორგანოსათვის მიმართვისას. მოსარჩელის შეხედულებით, იმ პირისათვის, რომელიც დაეყრდნო საჯარო რეესტრის მონაცემებს, სრულიად უცნობი შეიძლება იყოს დაინტერესებული პირის მიერ შეტანილი განცხადების შესახებ. ამასთან, არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ განცხადებაში დასმული საკითხის შესწავლას შეიძლება არაპროპორციულად დიდი დრო დასჭირდეს, რაც ასევე ქმნის სამართლებრივი არასტაბილურობის რეალურ საფრთხეს.

19. №720 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე - 991-ე მუხლები განხილული უნდა იქნეს ერთობლიობაში, ვინაიდან აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს კეთილსინდისიერი შემძენისთვის ქონების ჩამორთმევისა და თავდაპირველი მესაკუთრისთვის დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლებს.

20. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საერთო სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები განიმარტება არაერთგვაროვნად, რაც მათ ბუნდოვანებაზე, შესაბამისად, მათი არაკონსტიტუციური შინაარსით განმარტებისა და გამოყენების შესაძლებლობაზე მიუთითებს. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, 311-ე მუხლის პირველი ნაწილი, 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 976-ე - 991-ე მუხლები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.

21. 2016 წლის 8 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრმა მერაბ ტურავამ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის შესახებ.

22. შუამდგომლობის თანახმად, №679 კონსტიტუციური სარჩელი შეეხება მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებების კონსტიტუციურობის საკითხს, რაც სამოქალაქო სამართლის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს წარმოადგენს და ფართოდ გამოიყენება საერთო სასამართლოების პრაქტიკაში. სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება სამართლებრივი უსაფრთხოების, სამართლებრივი განსაზღვრულების პრინციპებს, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა და მოითხოვს ინტერპრეტაციას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.

23. შუამდგომლობის თანახმად, №720 და №721 კონსტიტუციური სარჩელები შეეხება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტს, ვინდიკაციურ სარჩელსა და საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, აგრეთვე ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტას. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები სამოქალაქო სამართლის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს წარმოადგენს და ფართოდ გამოიყენება საერთო სასამართლოების პრაქტიკაში. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული სამართლებრივი მნიშვნელობა გააჩნია.

24. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრის აზრით, განსახილველმა კონსტიტუციურმა საქმეებმა (№679 და №720,721) შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების იშვიათი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა მიიჩნევს, რომ №679, №720 და №721 კონსტიტუციური სარჩელები განხილული უნდა იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.

25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №740) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 29 მარტს. №740 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 19 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის №1/9/740 საოქმო ჩანაწერით №740 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №764) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ, გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ და არჩილ ალავიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 3 ივნისს. №764 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 6 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის №1/10/764 საოქმო ჩანაწერით №764 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის №1/10/764 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელები №740 და №764 გაერთიანდა ერთ საქმედ.

28. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, დანაშაულად არის მიჩნეული ქმედებები, როგორებიც არის იძულება, მითვისება ან გაფლანგვა, ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მასში მონაწილეობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს პროკურორის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოების დისკრეციულ უფლებამოსილებას, მტკიცებით სტანდარტებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპი.

29. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულია კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, მე-18 მუხლი განსაზღვრავს ადამიანის თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს. ხოლო 42-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები არეგულირებს სამართლიანი სასამართლოსა და პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის უკუძალით გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

30. №740 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი განსაზღვრავს დანაშაულის, კერძოდ, მითვისებისა და გაფლანგვის შემადგენლობას, რომლის ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს „მართლსაწინააღმდეგო მითვისება”. მოსარჩელისთვის ბუნდოვანია აღნიშნული ტერმინის შინაარსი, ვინაიდან მართლწინააღმდეგობა ბრალის და ქმედების შემადგენლობასთან ერთად წარმოადგენს დანაშაულის ერთ-ერთ ელემენტს და გაურკვეველია რა მიზანს ემსახურება სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის განსახილველ ნორმაში მისი მითითება. მოსარჩელისთვის ასევე ბუნდოვანია ტერმინი „გაფლანგვა“ და „მართლზომიერ მფლობელობასა ან განმგებლობაში“.

31. №740 კონსტიტუციური სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მისი აზრით, ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპს.

32. №740 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, აღნიშნული მუხლი არ შეესაბამება კანონიერების, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის და კანონის განსაზღვრულობის პრინციპებს. სადავო ნორმა იძლევა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და ამიტომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ქმედების სისხლისსამართლებრივი დასჯადობის საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვნად ხდება დამოკიდებული სამართალშემფარდებლის ინდივიდუალურ შეფასებაზე.

33. №740 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 226-ე, 332-ე და 333-ე მუხლებს არ აქვს განჭვრეტადი შინაარსი და ვერ პასუხობს კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს. ამასთან, მოსარჩელე მხარის აზრით, შესაძლებელია, აღნიშნული ნორმებით დანაშაულად დაკვალიფიცირდეს ისეთი შემთხვევები, რომლებიც თავისი არსით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ დავას განეკუთვნება.

34. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლები განსაზღვრავს პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას პროკურორი სარგებლობს თავისუფალი მიხედულებით და არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრიმინაციულად განხორციელების რისკი.

35. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს გარანტიებს დისკრიმინაციული სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი არ განსაზღვრავს მოსამართლის ვალდებულებას, შეამოწმოს სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლოდ დისკრიმინაციული ბუნება.

36. №764 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის №1/1373-15 გადაწყვეტილებით მოსარჩელეები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თითოეულ ბრალდებულს, სასჯელის სახით, განესაზღვრა 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მოსარჩელეებს 2 წლის ვადით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

37. №764 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი უშვებს პირისთვის გაფლანგვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) პირს არ მიუღია გადაწყვეტილება გაფლანგულად შერაცხული თანხის გამოყოფისა და გადარიცხვის შესახებ; ბ) პირს (ბრალდებულს) არ ჰქონია მინდობილი გაფლანგულად შერაცხული თანხა; გ) პირს (ბრალდებულს) არ მოუწერია ხელი იმ ხელშეკრულებისთვის, რომლის საფუძველზეც მოხდა ნივთის შესყიდვა და თანხის გადარიცხვა მყიდველისათვის; დ) სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვა განხორციელდა კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე; ე) ბრალდებულთა ქმედება არ წარმოადგენდა სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვას; ვ) პირის ქმედებას უშუალოდ არ მოჰყოლია სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვა; ზ) არც ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი პირი და არც იმ კოლექტიური ორგანოს რომელიმე წარმომადგენელი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც მოხდა თანხის გამოყოფა და გადარიცხვა შესყიდვის მიზნით, არ ადასტურებს, რომ რომელიმე ბრალდებულმა ისინი შეცდომაში შეიყვანა; თ) არ არის დადგენილი და არ არსებობს ანგარების მიზანი და მოტივი (გაფლანგვის სუბიექტური მხარე); ი) რამდენიმე პირს ბრალდება წარდგენილი აქვს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი გაფლანგვისათვის ისე, რომ არც ის არის დადგენილი, როდის და ვის მიერ შეიქმნა გაფლანგვის ჩამდენი ჯგუფი, არც ის, თუ რა ფუნქცია ეკისრებოდა თითოეულ ბრალდებულს და არც ბრალდებულთა პასუხისმგებლობა არის ინდივიდუალიზებული.

38. №764 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს დანაშაულებრივი ქმედების არსებობის გარეშე პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმა იძლევა კონსტიტუციის დასახელებული მოთხოვნის საწინააღმდეგო ინტერპრეტირების შესაძლებლობას.

39. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

40. 2016 წლის 7 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრმა, მერაბ ტურავამ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის შესახებ.

41. შუამდგომლობის თანახმად, №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელებით ეჭვქვეშ არის დაყენებული სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის არაერთი ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც ხშირად გამოიყენება საერთო სასამართლოების მიერ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრის აზრით, სარჩელები ეხება სადავო ნორმების ინტერპრეტაციის საკითხს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ქმედების სისხლისსამართლებრივი დასჯადობის საკითხის გადაწყვეტას.

42. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მიემართება დისკრიმინაციას და უკანონო მოპყრობას პოლიტიკური ნიშნით, ეჭვქვეშ არის დაყენებული სადავო ნორმების განჭვრეტადობა და მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა. შუამდგომლობის თანახმად, საკითხის ამგვარად დაყენება, სადავო ნორმების ნორმატიულ შინაარსად ან კანონის სუბიექტურ მიზნად პირის დისკრიმინაციის დანახვა წარმოადგენს განსახილველი ნორმების თეორიასა და პრაქტიკაში აქამდე უცნობ ინტერპრეტაციას. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის განხილვა რიგ შემთხვევებში შეიძლება სცდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას.

43. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრის აზრით, განსახილველმა კონსტიტუციურმა სარჩელებმა შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების იშვიათი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა და მიიჩნევს, №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელები განხილულ უნდა იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.

II

სამოტივაციო ნაწილი

 1. №679, №720 და №721 კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტური საკითხები. №679 კონსტიტუციურ სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ხელშეკრულების ბათილობის უზოგადეს საფუძველს (სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი), რომელიც ადგენს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილის სახელშეკრულებო თავისუფლების ზოგად საზღვრებს.

2. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა მნიშვნელოვნად ეფუძნება ამ ნორმის ზოგად, ბუნდოვან ხასიათზე მითითებას. სამართლებრივი ურთიერთობის ზოგადი ხასიათის ნორმებით მოწესრიგება უცხო არ არის სამოქალაქო სამართლისათვის, ამ თვალსაზრისით, მსგავსი ნორმები მრავლად გვხვდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. სამოქალაქო დავის გადაწყვეტა ეფუძნება დათქმას, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ვალდებულია, იპოვოს სამართლებრივი პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვაზე და გადაწყვიტოს დავა, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც კანონი ურთიერთობას პირდაპირ არ აწესრიგებს. სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლოს არა აქვს უფლება, უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ სამართლის ნორმა არ არსებობს, ან იგი ბუნდოვანია“. ხოლო მე-5 მუხლი ადგენს კანონის და სამართლის ანალოგიის გამოყენების უფლებამოსილებას. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი“, შესაბამისად, ადგენს კეთილსინდისიერი ქცევის ვალდებულებას სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში. თითოეული ეს ნორმა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი უშვებს ზოგადი ხასიათის ნორმების გამოყენებას და მათი ინტერპრეტაციის შედეგად სასამართლოს მიერ სამართლებრივი შედეგების დაყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, ნორმის განსაზღვრულობის კონსტიტუციურმა სტანდარტმა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს სამოქალაქო სამართლის მომწესრიგებელ კანონთან მიმართებით, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მთლიანად სამოქალაქო კოდექსის გამოყენებასა და განმარტებაზე. შესაძლოა, პრინციპების დონეზე შეცვალოს სამოქალაქო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა.

3. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს დასაშვებია თუ არა სამოქალაქო კოდექსი შეიცავდეს ზოგად ზნეობრივ მოთხოვნებს როგორც სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ კრიტერიუმებს. ქმნის თუ არა ასეთი ნორმების არსებობა სასამართლოს მიერ თვითნებური განმარტებისა და გამოყენების და შესაბამისად კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკებს. რამდენად აქვს კანონმდებელს უფლება სახელშეკრულებო ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობის შემუშავებისას გამოიყენოს რეგულირება, რომელიც შესაძლებელია ეყრდნობოდეს ზოგად კრიტერიუმებს (მათ შორის ჩვეულებას, ზოგად-ზნეობრივ ღირებულებებს და სხვა), თუ მას გააჩნია სამართლებრივი ურთიერთობის ამომწურავად და ზედმიწევნით დეტალურად რეგულირების ვალდებულება.

4. №720 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი ხელშეკრულების ბათილობის შედეგების განმსაზღვრელი ნორმები. გასაჩივრებულია ბათილი ხელშეკრულების შედეგად გადაცემული ნივთის (სსკ-ის 172-ე მუხლი) ან სხვა შესრულების (976-ე-991-ე მუხლები) უკან გამოთხოვის უფლების დამდგენი თითოეული ნორმის კონსტიტუციურობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელები ეჭვქვეშ აყენებს საკუთრების გასხვისებისა და შეძენის, სამოქალაქო ბრუნვის მარეგულირებელი არსებული სამოქალაქო წესრიგის კონსტიტუციურობას.

5. საკუთრებითი წესრიგის დაცვა, შემძენის, გამსხვისებლის და საჯარო ინტერესების სწორად დაბალანსება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან მომდინარე, სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას წარმოადგენს. ამავე დროს, ამ სფეროში სტაბილური, სამოქალაქო ურთიერთობის მხარეთათვის გასაგები, წინასწარ დადგენილი წესრიგის არსებობა მნიშვნელოვნად განაპირობებს ეკონომიკური აქტივობის ხარისხს და მოქალაქეთა ნდობას სახელმწიფოს მიერ დადგენილი სამართლის მიმართ. ხსენებულ კონსტიტუციურ სარჩელებზე მიღებულ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ფართო წრის (ფაქტობრივად თითქმის ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის) უფლებებსა და მოლოდინებზე, სრულად შეცვალოს საქართველოში არსებული სამოქალაქო ბრუნვის მომწესრიგებელი სამართალი და არსებითად ახალი სისტემის დანერგვას შეუწყოს ხელი. საკონსტიტუციო სასამართლო დგას შემძენის, გამსხვისებლის და სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებს შორის ბალანსის დადგენის სამართლებრივი პრობლემის გადაჭრის საჭიროების წინაშე.

6. ასევე აღსანიშნავია, რომ №720 კონსტიტუციური სარჩელი სადავოდ ხდის კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების მომწესრიგებელ სამოქალაქო კოდექსის ნორმებს და არაუფლებამოსილი პირისაგან ქონების შეძენის შემთხვევაში კეთილსინდისიერი შემძენის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ მესაკუთრედ მიჩნევას ითხოვს (მათ შორის იმ შემთხვევებში, რომლებშიც დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს მესაკუთრედ). საქმე, რომელზეც მოთხოვნა დაყენებულია №720 კონსტიტუციური სარჩელის საპირისპიროდ უკვე განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ (კონსტიტუციური სარჩელი №550). კერძოდ, №550 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე ითხოვს კეთილსინდისიერი შემძენის მესაკუთრედ ცნობის დამდგენი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას და მსგავს ურთიერთობებში უპირატესობის თავდაპირველი მესაკუთრისათვის მინიჭებას.

7. ამავე დროს, 2015 წლის 29 ივნისის №3/2-1/550 საოქმო ჩანაწერში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიუთითა შემდეგი: "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური დავის ფარგლებში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად არის დაცული კონსტიტუციური ბალანსი ერთსა და იმავე ქონებაზე ორი მართლზომიერი ინტერესის მქონე პირს (ქონების პირველადი მესაკუთრე, კეთილსინდისიერი შემძენი) შორის საკუთრების უფლების შემძენის სასარგებლოდ გადაწყვეტისას. სადავო ნორმით რეგულირებული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელის საკუთრების უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიას უპირისპირდება შემძენისა და სამოქალაქო ბრუნვის დაცვის ინტერესები. ხსენებულ კონსტიტუციურ სიკეთეებს შორის გონივრული ბალანსის დადგენა უდავოდ წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას". (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის №3/2-1/550 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ უკვე დადგენილია №720 კონსტიტუციური სარჩელში სადავოდ გამხდარი საკითხების განსაკუთრებული სამართლებრივი სირთულე და საქმის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განხილვის საჭიროება.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმეები ( №720,721 და №679) თავისი შინაარსით წარმოშობენ საქართველოს კონსტიტუციის განმარტების და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას და კონსტიტუციური სარჩელები №679, №720 და №721 განხილული უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.

9. №740 და №764 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში: სსკ) ხუთი ნორმა (150-ე, 182-ე, 226-ე, 332-ე და 333-ე მუხლები), რომლებიც განსაზღვრავს ხუთ განსხვავებული დანაშაულის შემადგენლობას. ამავე დროს ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მათ ბუნდოვან და განუჭვრეტად შინაარსზე მითითებას. კერძოდ, მოსარჩელე მხარე №740 სარჩელში აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები ზოგადი ხასიათისაა და არ შეიცავს საკმარისად განსაზღვრულ მითითებებს, რათა პირმა სწორად განჭვრიტოს აკრძალვის შინაარსი.

10. აღსანიშნავია, რომ ზოგადი შინაარსის თვალსაზრისით, სადავო ნორმის მსგავსი ნორმები მრავლად გვხვდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. მაგალითად, სადავო ნორმების (სსკ-ის 150-ე და 226-ე მუხლები) მსგავსად, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის ფორმულირებაც ზოგადი ხასიათისაა. კერძოდ, მის საფუძველზე დასჯადია „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მსგავსია 155-ე მუხლის („ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით“), 238-ე მუხლის („ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით“) და სხვა მუხლების ფორმულირებები. სსკ-ის 182-ე მუხლის მსგავსად ზოგადი ფორმულირებები ასევე გვხვდება ეკონომიკური დანაშაულის მარეგლამენტირებელ სხვადასხვა მუხლებში (მაგ., 180-ე მუხლი - თაღლითობა ან 181-ე მუხლი - გამოძალვა). ასევე სსკ-ის 332-ე და 333-ე მუხლების მსგავსად ზოგადი ფორმულირება გააჩნია სამოხელეო დანაშაულის მარეგლამენტირებელ სხვადასხვა ნორმებს.

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის არგუმენტები სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის შესახებ თანაბრად რელევანტურია მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მრავალი ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. შესაბამისად, დანაშაულის შემადგენლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობის კონსტიტუციურმა სტანდარტმა, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლო, შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს სისხლის სამართლის კოდექსის მრავალი ნორმის კონსტიტუციურობაზე და ეჭვქვეშ დააყენოს მისი მნიშვნელოვანი ნაწილის ლეგიტიმურობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განსაზღვრულობის ის სტანდარტები, რომლებიც რელევანტური იქნება ზოგადად, მთელი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემისათვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის დამდგენ ნორმებთან მიმართებით განჭვრეტადობის კონსტიტუციური სტანდარტის მოთხოვნების განსაზღვრა, ამ სტანდარტთან სადავო ნორმების შესაბამისობის შეფასება კონსტიტუციის განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას წარმოშობს.

12. ამასთან, სადავო ნორმების კონსტიტუციურობას მოსარჩელე მხარე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს კონსტიტუციის ხსენებული მუხლებით დაცული უფლებრივი კომპონენტები და მათი ურთიერთმიმართება. როგორც წესი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ დანაშაულებრივ ქმედებებს, სასჯელის სახით ითვალისწინებს პირის თავისუფლების აღკვეთას, რაც ზოგადად ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს. თუმცა დანაშაულის ჩადენის გამო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საქართველოს კონსტიტუციით გათვალიწინებული თავისუფლების უფლების დარღვევას. მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, სისხლის სამართლის კოდექსით კონკრეტული დანაშაულისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დადგენისას რა შემთხვევაში ექნება ადგილი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლების ხელყოფას.

13. №740 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა, აგრეთვე პირობებს, როდესაც წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს აქვს უფლებამოსილება, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა. პროკურორის მიერ დისკრეციული დევნის განხორციელების წესი სისხლის სამართლის მნიშვნელოვან საპროცესო ინსტიტუტს წარმოადგენს. ხოლო ამ პროცესში პროკურორის მიერ საჯარო და კერძო ინტერესების სწორი დაბალანსება მნიშვნელოვნად განაპირობებს სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისათვის სახელმწიფოს მიერ მობილიზებული რესურსის ეფექტურ გამოყენებას. ამავე დროს უმნიშვნელოვანესია, რომ დისკრეციული უფლებამოსილება განხორციელდეს კონსტიტუციური სტანდარტების, მათ შორის, თანასწორობის უნივერსალური კონსტიტუციური პრინციპის ზედმიწევნით დაცვით.

14. №740 კონსტიტუციურ სარჩელზე სადავოდ გამხდარი ნორმები შეეხება ყველა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი სამართლებრივი ეფექტი, არა მხოლოდ ინდივიდუალურ სისხლის სამართლის საქმეზე, არამედ ზოგადად სისხლის სამართლის პროცესის წარმოების ძირითად პრინციპებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება წარმოიშვას კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული უფლებების განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა.

15. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრის მოსაზრებას საქმის ( №740,764) პლენუმის მიერ განხილვასთან დაკავშირებით.

III

სარეზოლუციო ნაწილი

 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-10 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

 

1. კონსტიტუციური სარჩელები: №679, №720, №721, №740 და №764 მიღებულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.

2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

4. საოქმო ჩანაწერს თან დაერთოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - გიორგი პაპუაშვილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის, მაია კოპალეიშვილის და ქეთევან ერემაძის განსხვავებული აზრი.

5. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს მხარეებს.

პლენუმის შემადგენლობა:

გიორგი პაპუაშვილი

კონსტანტინე ვარძელაშვილი

ქეთევან ერემაძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა

ზაზა თავაძე

ოთარ სიჭინავა

ლალი ფაფიაშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი

 

 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

წევრების - გიორგი პაპუაშვილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძის და მაია კოპალეიშვილის

განსხვავებული აზრი

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679,720,721,740,764 საოქმო ჩანაწერზე

1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679,720,721,740,764 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი დანიშნულება და კონსტიტუციური ვალდებულებაა, უზრუნველყოს ეფექტური კონსტიტუციური მართლმსაჯულება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით. საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ასეთი კონსტიტუციური მანდატის მქონე საგანგებოდ შექმნილი კომპეტენტური ორგანოა.

3. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება, რომელიც პირველი კოლეგიის წევრის, მერაბ ტურავას შუამდგომლობების საფუძველზე იქნა მიღებული, არა მხოლოდ კითხვის ქვეშ აყენებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს გამართული ფუნქციონირების შესაძლებლობას, არამედ არ გამორიცხავს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის მოთხოვნებისა და კონსტიტუციური უფლების დარღვევით გადაწყვეტილების მიღების საფრთხეს.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 2016 წლის 7 ივნისს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, წერილობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრმა, მოსამართლე მერაბ ტურავამ №679, №720 და №721 კონსტიტუციური სარჩელების („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), ასევე №740 („საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და №764 („საქართველოს მოქალაქეები – ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) კონსტიტუციური სარჩელების პლენუმის მიერ არსებითად განხილვის შუამდგომლობებით.

5. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულია ორი კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №768 და №769), რომლებითაც მოსარჩელეები ითხოვენ იმ საკანონმდებლო რეგულაციის არაკონსტიტუციურად ცნობას („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტი), რომელზე დაყრდნობითაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დადგა წინამდებარე შუამდგომლობების განხილვის საჭიროების წინაშე.

6. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობამდე მოქმედებს ნორმის კონსტიტუციურობის პრეზუმფცია. მაგრამ, როდესაც არსებობს ლეგიტიმური ეჭვი სადავო კანონით კონსტიტუციური პრინციპების თუ ფუნდამენტური უფლების დარღვევის თაობაზე, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და თავშეკავება ამგვარი ნორმების გამოყენებისას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თავად სასამართლოს წარმოეშვა ეჭვი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ, ის ვალდებულია, იხელმძღვანელოს კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად.

7. ნორმის გამოყენების მომენტისთვის მისი კონსტიტუციურობის საეჭვოობის დაყენება ამ საკითხის გადაწყვეტაზე კომპეტენტური ორგანოს წინაშე, ავალდებულებს ნებისმიერ სახელმწფო ორგანოს/თანამდებობის პირს, განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლებას, სადავო ნორმის გამოყენების საკითხი გადაწყვიტოს ინტერესთა აწონვის საფუძველზე. მაგალითად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საერთო სასამართლო უფლებამოსილია, თუ საქმის განხილვისას დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი გამოსაყენებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის, შეაჩეროს საქმის განხილვა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მხოლოდ მისი გადაწყვეტილების შემდეგ და შესაბამისად დაასრულოს დავის განხილვა/გადაწყვეტა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც გამომდინარეობს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებისგან, არც ერთი გადაწყვეტილება არ მიიღოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევით.

8. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება კანონის იმ ნორმაზე დაყრდნობით, რომლის კონსტიტუციურობის განხილვის პროცესშიც ის იმყოფება, სასამართლოს აქვს ორი არჩევანი: მან ან თავი უნდა შეიკავოს გასაჩივრებულ ნორმაზე დაყრდნობით (მისი კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტამდე) გადაწყვეტილების მიღებისგან, რათა თავიდან აიცილოს უფლების დარღვევის რისკის დაშვებით საკითხის გადაწყვეტა, ან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უშუალოდ კონსტიტუციაზე დაყრდნობით, გასაჩივრებული ნორმის გამოყენების გარეშე. ვინაიდან 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679,720,721,740,764 საოქმო ჩანაწერში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მიუთითებს არა კონსტიტუციის კონკრეტულ ნორმაზე, რომელიც მას აღჭურავდა ამ აქტის მიღების უფლებამოსილებით, არამედ სწორედ სადავო ნორმაზე, ეს იძლევა საფუძველს შემდეგი დასკვნისთვის: ან საკონსტიტუციო სასამართლომ გამოსაყენებელი ნორმა განმარტა კონსტიტუციის შესაბამისად (და ამ გზით არაორაზროვნად მიუთითა ნორმის კონსტიტუციის შესაბამისად განმარტების რესურსზე, შედეგად კი წინასწარ გამოხატა ნორმის კონსტიტუციურობაზე საკუთარი პოზიცია ამავე საკითხის გადაწყვეტამდე, რაც იკრძალება კანონით), ან დაუშვა გადაწყვეტილების კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკით მიღების ალბათობა.

9. მართალია, კანონის თანახმად, ასეთი შუამდგომლობის დაყენების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კანონით ევალება, 7 დღეში გადაწყვიტოს საკითხი, ისევე, როგორც არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის შემოღების ლეგიტიმური მიზნები (რაც მხოლოდ ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების შემდეგ შეიძლება დადგინდეს), თუმცა ეს საკანონმდებლო რეგულაცია ვერც გამორიცხავს და ვერც აღემატება საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები, გამორიცხოს მის მიერვე უფლების დარღვევის თუნდაც მინიმალური რისკი. მით უფრო, რომ მოცემულ ეტაპზე შუამდგომლობის არგანხილვა ან არდაკმაყოფილება არ ქმნიდა არანაირ საფრთხეს კონკრეტული კონსტიტუციური სარჩელების განუხილველად დატოვების ან ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, რადგან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საკითხს, როგორც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ყველა სხვა შემთხვევაში, განიხილავდა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია. ვიმედოვნებთ, წინამდებარე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ კოლეგიის მიერ (მათ შორის, მათი მონაწილეობით) მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას.

10. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ არსებითი განხილვის შედეგად საფუძვლიანად გამოიკვლია 679-ე კონსტიტუციური სარჩელი, იმყოფება სათათბირო ოთახში და ასრულებს გადაწყვეტილების პროექტზე მუშაობას, კოლეგიის ერთი მოსამართლის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის ხელახლა განსახილველად პლენუმისთვის გადაცემა ეჭვქვეშ აყენებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციით მინიჭებული მანდატის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას, ერთმნიშვნელოვნად იწვევს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის გაჭიანურებას.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამჟამად იხილავს იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე ორი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს, რომელიც საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე კოლეგიის ერთი წევრის შუამდგომლობის საფუძველზე ითვალისწინებს კოლეგიის მიერ განსახილველი ან განხილული საქმის პლენუმისთვის გადაცემის შესაძლებლობას, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თავი უნდა შეიკავოს ამ ნორმაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებისაგან.

  გიორგი პაპუაშვილი

კონსტანტინე ვარძელაშვილი

ქეთევან ერემაძე

მაია კოპალეიშვილი