ინოვაციების შესახებ

ინოვაციების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5501-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 440000000.05.001.018203
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5501-IIს
22/06/2016
ვებგვერდი, 12/07/2016
440000000.05.001.018203
ინოვაციების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/07/2016 - 16/05/2023)

 

საქართველოს კანონი

 

 

ინოვაციების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მიზანია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა და სრულყოფა, ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა, სხვა სახელმწიფოებში შექმნილი ტექნოლოგიების საქართველოში ათვისების ხელშეწყობა, საქართველოში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების დანერგვისა და ექსპორტის ხელშეწყობა, მოწინავე ტექნოლოგიების მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში შეღწევა ამ სფეროთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.

2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ინოვაციური საქმიანობების სუბიექტებზე, ინოვაციური საქმიანობების ხელშემწყობ ინფრასტრუქტურაზე, ინოვაციური საქმიანობების დაფინანსებასა და ინოვაციების კომერციალიზაციაზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინოვაცია – ეკონომიკური, სამეცნიერო ან სოციალური ღირებულების მქონე, გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება, რომელიც შესაძლებელია იყოს სხვადასხვა სახის, მათ შორის:

ა.ა) ინოვაციური პროდუქტი – ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, რომელიც არ გულისხმობს სხვა პირის მიერ შემუშავებული ან წარმოებული ინოვაციური პროდუქტის მხოლოდ ესთეტიკურ ცვლილებას;

ა.ბ) ინოვაციური პროცესი – წარმოების ან მომსახურების ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მეთოდის გამოყენება, რომელიც პირისთვის არის სიახლე ან გაუმჯობესება, იმის მიუხედავად, ეს პროცესი სხვა პირის მიერაა შექმნილი თუ არა;

ა.გ) ორგანიზაციული ინოვაცია – მენეჯმენტის სტრუქტურის ან მეთოდის ახალი ან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მიმართულია ორგანიზაციაში პროდუქტის ან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ ან/და ცოდნის გამოყენების გაუმჯობესებისკენ ან ბიზნესის ეფექტიანობის ზრდისკენ;

ა.დ) ინოვაციური მარკეტინგი – მარკეტინგის ახალი მეთოდის გამოყენება, მათ შორის, პროდუქტის დიზაინისა და შეფუთვის და ამ პროდუქტის პოპულარიზაციისა და შეთავაზების მნიშვნელოვანი ცვლილებები;

ბ) ინოვაციური საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე, გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების შესაქმნელად;

გ) ინოვაციური საქმიანობის სუბიექტი – პირი, რომელიც ინოვაციურ საქმიანობას ახორციელებს;

დ) ინოვაციური პროექტი – პროექტი, რომლის მიზანია ინოვაციური საქმიანობის განხორციელება;

ე) ინოვაციური საქმიანობის ინფრასტრუქტურა – გარემო, რომელიც მიმართულია საგანმანათლებლო, სამრეწველო, სამეცნიერო და კერძო სექტორების დაკავშირებისა და თანამშრომლობისკენ და ინოვაციური საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობისკენ;

ვ) დამწყები ბიზნესი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი, რომლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 2 წელზე მეტი არ გასულა;

ზ) ინოვაციის კომერციალიზაცია – ინოვაციის პრაქტიკული გამოყენება, რომელსაც დადებითი ეკონომიკური ან სოციალური ეფექტი აქვს;

თ) ინოვაციების ეკოსისტემა – ეროვნული და რეგიონალური ინოვაციების სისტემების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფოს, საგანმანათლებლო, სამრეწველო, სამეცნიერო და კერძო სექტორების თანამშრომლობას და მიმართულია სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნის შექმნისაკენ, განვითარებისაკენ, გავრცელებისა და გამოყენებისაკენ ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.

მუხლი 3. ინოვაციების სფეროში სახელმწიფო სტრატეგია

1. ინოვაციების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს – კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს წარდგინებით.

2. საქართველოს მთავრობა ინოვაციების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიაში მითითებული პრიორიტეტების შესაბამისად განსაზღვრავს ამ სტრატეგიის განხორციელებისთვის პასუხისმგებელ სუბიექტებს.

მუხლი 4. საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს – კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფუნქციები ინოვაციების სფეროში

ინოვაციების სფეროში საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს – კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფუნქციებია:

ა) ინოვაციების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

ბ) ეროვნული და რეგიონალური ინოვაციების ეკოსისტემების განვითარების კოორდინაცია როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის, ისე სახელმწიფო, კერძო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სექტორებს შორის;

გ) ინოვაციური საქმიანობების შესახებ ანგარიშის მომზადების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.

მუხლი 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ამოცანები

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) ხელს უწყობს ინოვაციების კომერციალიზაციას და ახდენს ინოვაციების გამოყენების სტიმულირებას.

თავი II

ინოვაციური საქმიანობის ინფრასტრუქტურა

მუხლი 6. ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა

1. ინოვაციური საქმიანობის ხელშესაწყობად სახელმწიფო ორგანო ან სხვა პირი ქმნის შემდეგ ინფრასტრუქტურას:

ა) სამეცნიერო/ტექნოლოგიურ პარკს;

ბ) ბიზნესინკუბატორს;

გ) ბიზნესამაჩქარებელს;

დ) ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრს;

ე) სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას (FabLab) და ინოვაციების ლაბორატორიას (ILab);

ვ) ინოვაციების ცენტრს;

ზ) სხვა ინფრასტრუქტურას.

2. მუნიციპალიტეტი ინოვაციური განვითარების მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 7. სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკი

1. სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკი უზრუნველყოფს განსაზღვრულ სივრცეში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და ინოვაციური საქმიანობის სხვა სუბიექტებისათვის ინფრასტრუქტურული და პროფესიული მომსახურებების გაწევას.

2. სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკი ხელს უწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა თანამშრომლობას, ახალი ტექნოლოგიების შესაძლო უსწრაფეს გამოყენებას, ახალი პროდუქტისა და მომსახურების შექმნას და ბაზარზე გატანას.

მუხლი 8. ბიზნესინკუბატორი

ბიზნესინკუბატორის ძირითადი ფუნქციაა კონკურსის წესით შერჩეული ინოვაციური საქმიანობის სუბიექტისთვის სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული და სხვა ტექნიკური დახმარების გაწევა არაუმეტეს 2 წლის ვადით.

მუხლი 9. ბიზნესამაჩქარებელი

ბიზნესამაჩქარებლის ძირითადი ფუნქციაა კონკურსის წესით შერჩეული ინოვაციური საქმიანობის სუბიექტისთვის სამუშაო სივრცის, მისი ბიზნესიდეის და მოდელის განვითარებისა და დახვეწის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კონკურსის პირობებით განსაზღვრული ინვესტირების განხორციელება.

მუხლი 10. ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი

ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი უზრუნველყოფს ინოვაციის გადაცემას, რაც მოიცავს ინოვაციის კომერციული პოტენციალის შეფასებას, ინოვაციის გადაცემისათვის პარტნიორთა მოძიებას და ინოვაციის კომერციალიზაციის მიზნით ასეთი გადაცემის შეფასებას.

მუხლი 11. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია უზრუნველყოფს განსაზღვრულ სივრცეში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ინფრასტრუქტურული და პროფესიული მომსახურებების გაწევას, რაც გულისხმობს იდეის ტესტირებას და ნიმუშის დამზადებას.

მუხლი 12. ინოვაციების ლაბორატორია

ინოვაციების ლაბორატორია საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლობის შედეგად უზრუნველყოფს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ინფრასტრუქტურული და პროფესიული მომსახურებების გაწევას და ტრენინგების ჩატარებას, რაც გულისხმობს კონკრეტულ ბიზნესზე ორიენტირებულ სწავლებას, იდეის ტესტირებას და ნიმუშის დამზადებას.

მუხლი 13. ინოვაციების ცენტრი

ინოვაციების ცენტრი უზრუნველყოფს მოსახლეობის კომპიუტერული უნარ-ჩვევების ამაღლებას, ინოვაციების სფეროში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას, დისტანციური სწავლებისა და დასაქმების პლატფორმების დანერგვას.

მუხლი 14. სააგენტოს ინოვაციური საქმიანობის ინფრასტრუქტურის რეგულირების წესი

სააგენტოს სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკის, ბიზნესინკუბატორის, ბიზნესამაჩქარებლისა და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის მომსახურებების საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ინოვაციური საქმიანობის სხვა ინფრასტრუქტურის მომსახურებების საფასურები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 15. ინოვაციური საქმიანობის ინფრასტრუქტურის დაფინანსება

საქართველოს მთავრობას, სააგენტოს, სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სხვა პირებს შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ ინოვაციური საქმიანობის ინფრასტრუქტურის დაფინანსება/თანადაფინანსება.

თავი III

ინოვაციური საქმიანობის დაფინანსება

მუხლი 16. ინოვაციური პროექტის დაფინანსება

ინოვაციური პროექტი ფინანსდება ამ კანონის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

მუხლი 17. ფინანსური რესურსების დაგეგმვა და გამოყენება

1. ინოვაციური პროექტის დაფინანსებისას ფინანსური რესურსების დაგეგმვისა და გამოყენების დროს გამოიყენება გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობისა და საჯაროობის პრინციპები.

2. სააგენტოს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგრანტო კონკურსის ფარგლებში სხვა ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ინოვაციური საქმიანობის თანადაფინანსებაში.

მუხლი 18. ინოვაციური საქმიანობების შესახებ წლიური ანგარიში

კვლევებისა და ინოვაციების საბჭო საქართველოს მთავრობას ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე ინოვაციური საქმიანობების და ამ მიზნით გამოყენებული ფინანსური რესურსების შესახებ წლიურ ანგარიშს.

თავი IV

სახელმწიფოს მიერ (მათ შორის, სააგენტოს მიერ) დაფინანსებული ინოვაციური პროექტის კომერციალიზაცია

მუხლი 19. ინტელექტუალური საკუთრების უფლება

1. სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად სამსახურებრივი მოვალეობის ან ხელშეკრულებით დადგენილი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე ინტელექტუალური საკუთრება ეკუთვნის დამსაქმებელს ან შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. პირი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეკუთვნის ინტელექტუალური საკუთრება, ვალდებულია საპატენტო განაცხადის წარდგენისას გამომგონებლის ან სასარგებლო მოდელის შემქმნელის სახელი მიუთითოს.

3. სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციიდან გამომგონებლის გარანტირებული წილის დადგენისა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. თუ გამოგონება რამდენიმე პირმა შექმნა, თანაგამომგონებელთა შორის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები თანაბრად ნაწილდება, თუ თანაგამომგონებელთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 20. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვა

1. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე  მიღებული პატენტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ პატენტმფლობელს, მის უფლებამონაცვლეს ან ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელს სთხოვოს სათანადო განმცხადებელზე/განმცხადებლებზე ლიცენზიის გაცემა და, თუ აღნიშნული პატენტმფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი უარს განაცხადებს ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაიცვას საჯარო ინტერესი და თავად გასცეს ლიცენზია:

ა) თუ პატენტმფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი გონივრულ ვადაში არ განახორციელებს პატენტის შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოყენებისთვის აუცილებელ, ეფექტიან ღონისძიებებს ან თუ ასეთი ღონისძიებების გონივრულ ვადაში განხორციელება მოსალოდნელი არ არის;

ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, ეროვნული თავდაცვის, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც პატენტმფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი ან მათი ლიცენზიატები ვერ აკმაყოფილებს (აკმაყოფილებენ).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შექმნილი სამთავრობო კომისია დადგენილებით განსაზღვრული წესით.

მუხლი 21. ინოვაციური პროექტის დაფინანსებით მიღებული შემოსავალი

1. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო უწყება ან უფლებამოსილი იურიდიული პირი უფლებამოსილია ინოვაციური პროექტის დაფინანსების მომდევნო 7 წლის განმავლობაში მოითხოვოს ამ პროექტის შემოსავლიდან  წილი, წლიურად არაუმეტეს 5%-ის ოდენობით. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წილის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.  

თავი V

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 22. გარდამავალი დებულებანი

საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს:

ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციიდან გამომგონებლის ან სასარგებლო მოდელის შემქმნელის გარანტირებული წილის დადგენისა და გაცემის წესის დამტკიცება;

ბ) ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული დადგენილების მიღება და სამთავრობო კომისიის შექმნა;

გ) ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული დადგენილების მიღება.

მუხლი 23. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 ივნისი 2016 წ.

N5501-IIს