საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5450-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.018188
5450-IIს
22/06/2016
ვებგვერდი, 12/07/2016
030000000.05.001.018188
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) 2112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2112. სასამართლოსათვის მიმართვა, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეზღუდვის, აგრეთვე არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი

1. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს (ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს), აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

2. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მხოლოდ მსხვერპლის თანხმობით აქვს პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.

3. არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, არასრულწლოვნის დაკითხვისას (გამოკითხვისას), გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად.

4. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს დაუშვებელია ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის (მშობლების)/კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) თანდასწრებით; ასევე დაუშვებელია არასრულწლოვნის დაკითხვაზე (გამოკითხვაზე) მშობლის (მშობლების)/კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დასწრება, თუ მის (მათ) მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი მოძალადე ოჯახის წევრსა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა.

5. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლება, იყოს არასრულწლოვნის წარმომადგენელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სავარაუდო მოძალადეა ან მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი მოძალადე ოჯახის წევრს, არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირსა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში.

6. სასამართლო მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომლის ორივე მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა, განჩინებით საქმეში მხარედ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოიწვევს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს არასრულწლოვნის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს არასრულწლოვნის ინტერესებს წარმოადგენს.

7. არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და 24 საათის განმავლობაში ეგზავნება არასრულწლოვნის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) მისი (მათი) იდენტიფიცირების შემთხვევაში.

8. არასრულწლოვნის მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან არასრულწლოვანზე მოძალადე სხვა პირისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება შეიძლება არასრულწლოვნის მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა ამ კოდექსით დადგენილი წესით ნებისმიერ დროს გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოში არასრულწლოვნის ადგილსამყოფლის მიხედვით. კანონიერი წარმომადგენლის სარჩელი არ აჩერებს განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

9. სასამართლო სარჩელის დადგენილი წესით წარმოებაში მიღებიდან 24 საათის განმავლობაში სარჩელსა და თანდართულ მასალებს უგზავნის არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს. ეს ორგანო უფლებამოსილია წერილობით უპასუხოს სარჩელში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 2 დღის ვადაში.

10. მოსამართლე უფლებამოსილია მხარის ან საკუთარი ინიციატივით საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილოს.

11. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისი სასამართლოს მიერ განხილვას.

12. სასამართლო სარჩელს დადგენილი წესით წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში განიხილავს და იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.

13. სასამართლო არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს შინაგანი რწმენის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს.

14. ამ მუხლით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.

15. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო მისთვის საჩივრის წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

17. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება არასრულწლოვნის მშობელმა ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა გაასაჩივროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით დადგენილი წესით, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, საქმის სასამართლოში განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 ივნისი 2016 წ.

N5450-IIს