დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 214 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 09/07/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 090.000.000.05.001.001.512 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 290-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და ამ მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ.“;
ბ) მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, ამ მოქმედების საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისა და აღნიშნული მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა გაუქმების შესახებ.“.
2. 409-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 409. საბრალდებო დასკვნა
1. საბრალდებო დასკვნა წარმოადგენს ბრალდებულისადმი წაყენებული ბრალდების მოკლე წერილობით აღწერას და ბრალდებულის სამართალში მიცემის საფუძველს.
2. საბრალდებო დასკვნაში მითითებულია:
ა) ბრალდებულის (ბრალდებულთა) სახელი, გვარი და მამის სახელი; სქესი; დაბადების ადგილი და დრო; საცხოვრებელი ადგილი; ნასამართლობა;
ბ) სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (მუხლები), მუხლის ნაწილი (ნაწილები), რომლის (რომელთა) მიხედვითაც კვალიფიცირდება ბრალდებულის (ბრალდებულთა) ქმედება;
გ) დანაშაულის გარემოებანი – ადგილი, დრო, ხერხი, მოტივი, შედეგი და სხვა;
დ) მტკიცებულებათა ნუსხა, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულის ბრალეულობას;
ე) პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
3. საბრალდებო დასკვნას ადგენს და ხელს აწერს გამომძიებელი მისი შედგენის ადგილისა და თარიღის მითითებით.
4. საბრალდებო დასკვნას ამტკიცებს პროკურორი ან მისი მოადგილე.“.
3. 6791მუხლის:
ა) პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების საფუძველია გარიგება ბრალზე ან შეთანხმება სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების შეთავაზება ბრალდებულისათვის წარმოადგენს პროკურორის უფლებამოსილებას.
2. სასჯელზე შეთანხმებისას ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
3. ბრალზე გარიგებისას ბრალდებული აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან.“;
ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია ბრალდებული გააფრთხილოს იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან. განსაკუთრებულ შემთხვევაში გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვთ მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.“.
4. 6792 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) მითითება 6791 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან ამავე მუხლით გათვალისწინებული გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება.“.
5. 6793 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ საჯარო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დახურული სასამართლო სხდომის ჩატარების მნიშვნელოვანი საფუძველი. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, აგრეთვე მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული დაამტკიცოს პროკურორსა და ბრალდებულს შორის მიღწეული შეთანხმება.“.
6. 6795 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ სასამართლო გააბათილებს საპროცესო შეთანხმებას ან/და ბრალდებული თვითონ განაცხადებს უარს შეთანხმებაზე, დაუშვებელია პროკურორის მიერ შეთანხმების შედეგად მიღებული ცნობების გამოყენება ამ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.“.
7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6798 მუხლი:
„მუხლი 6798. დაზარალებულის შეტყობინება საპროცესო შეთანხმების შესახებ
1. პროკურორი ვალდებულია შეატყობინოს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ.
2. დაზარალებულს უფლება არ აქვს გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება.
3. საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს არ ართმევს უფლებას შეიტანოს სამოქალაქო სარჩელი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 ივნისი.
№214–რს
დოკუმენტის კომენტარები