ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5366-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 430040000.05.001.018169
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5366-IIს
08/06/2016
ვებგვერდი, 24/06/2016
430040000.05.001.018169
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის, განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ორგანიზაციულ სტრუქტურას, ადგენს მათი დაფუძნების, საქმიანობისა და ანგარიშვალდებულების წესს, აგრეთვე მათი ავტორიზაციის სავალდებულოობას. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტებისა და სხვა იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების უფლებამოსილებებს, ვალდებულებებს, ფუნქციებსა და  პასუხისმგებლობას, აგრეთვე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაფინანსების პრინციპებს.

მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადრეული აღზრდა და განათლება − დაბადებიდან 2 წლამდე (ადრეული) ასაკის ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომელიც მოიცავს: მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლებასა და მხარდაჭერას, აღნიშნული ასაკის ბავშვზე ზრუნვის დაწესებულების, ჯანმრთელობის დაცვის, კვების, ჰიგიენისა და სანიტარიული უსაფრთხოების, ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების მომსახურებებს;

ბ) სკოლამდელი აღზრდა და განათლება – 2 წლის ასაკიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის ყოველმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მისთვის მიწოდებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება; სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სავალდებულო კომპონენტია სასკოლო მზაობის პროგრამა;

გ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი − დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დაბადებიდან სასკოლო მზაობის პროგრამის დაწყებამდე ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის მისაღწევ შედეგებს და საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის მახასიათებლებს;

დ) სასკოლო მზაობის პროგრამა – სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ამ სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას;

ე) სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტი − დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისა და სასკოლო მზაობის ხელშეწყობისთვის მისაღწევ შედეგებს და საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის მახასიათებლებს;

ვ) დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას;

ზ) საჯარო დაწესებულება − დაწესებულება, რომელსაც აფუძნებს და მართავს მუნიციპალიტეტი ან მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

თ) აღმზრდელ-პედაგოგი – პირი, რომელიც დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს; აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;

ი) აღმზრდელი − პირი, რომელიც აღმზრდელ-პედაგოგს ეხმარება და სააღმზრდელო ფუნქციებს ახორციელებს;

კ) ბავშვი – საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი დაბადებიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სწავლის დაწყებამდე;

ლ) ინკლუზიური განათლება − საგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებაში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მიუხედავად ბავშვების ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა;

მ) ავტორიზაცია − ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა; 

ნ) საჯარო დაწესებულების საკონსულტაციო საბჭო (შემდგომ − საკონსულტაციო საბჭო) ამ კანონით გათვალისწინებული, საჯარო დაწესებულებასთან არსებული საბჭო, რომელიც ამ დაწესებულების ეფექტიან ფუნქციონირებას უწყობს ხელს;

ო) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლება და მხარდაჭერა – ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობის, აგრეთვე ბავშვის სწავლისა და განვითარების ხელშეწყობის თაობაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამებში ჩართული ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ცნობიერების ამაღლება ინდივიდუალური ან ჯგუფური შეხვედრების მეშვეობით;

პ) ძალადობა – პირის მიერ ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ზემოქმედებით ან იძულებით, აგრეთვე უგულებელყოფით (დაუდევარი მოპყრობით), რომელიც პირდაპირი განზრახვით ან/და განზრახვის გარეშე განხორციელდა/ხორციელდება.

მუხლი 4. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პრინციპები

1. საქართველოში უზრუნველყოფილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ბავშვთა უფასო აღზრდა და განათლება, აგრეთვე მათი კვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა, არის ნებაყოფლობითი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის.

3. მუნიციპალიტეტი ვალდებულია დანერგოს და უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, ბავშვებისთვის მიწოდება საქართველოს კანონმდებლობის (მათ შორის, ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების) შესაბამისად.  

მუხლი 5. დაწესებულებაში სწავლების ენა

1. დაწესებულებაში სწავლების ენა არის ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური.

2. დაწესებულება უფლებამოსილია ენობრივი უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებს ენობრივი საჭიროებების გათვალისწინებით შესთავაზოს ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი პროგრამები და რესურსები როგორც სახელმწიფო, ისე მათ მშობლიურ ენაზე.

3. დაწესებულება უფლებამოსილია ბავშვებს მიაწოდოს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება მათ მშობლიურ ან/და არასახელმწიფო ენაზე და გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები და რესურსები.

მუხლი 6. ბავშვთა დაცვა

1. დაწესებულებაში ბავშვის მიმართ ნებისმიერი ძალადობა აკრძალულია.

2. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს, რომ დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი და სხვა პერსონალი ფლობდნენ და იყენებდნენ არაძალადობრივი მოპყრობისა და აღზრდის მეთოდებს, აგრეთვე მათ ჰქონდეთ ინფორმაცია ბავშვის მიმართ ძალადობის შედეგებისა და პასუხისმგებლობის ფორმების თაობაზე.

3. დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელისა და სხვა პერსონალის მომზადება და გადამზადება უნდა მოიცავდეს მათ სწავლებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის დაცვის, ბავშვის მიმართ ძალადობის დაუშვებლობის, ბავშვის მიერ საკუთარი ქცევის რეგულირების ეფექტიანი მექანიზმებისა და უსაფრთხო და არაძალადობრივი გარემოს უზრუნველყოფისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების თაობაზე.

4. დაწესებულება  ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვზე ძალადობის თავიდან აცილება (მათ შორის, ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლება და ინფორმირება), იდენტიფიკაცია, შეფასება, მის შესახებ შეტყობინება და მასზე შესაბამისი რეაგირება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად.

5. ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. დაწესებულება ვალდებულია დაწესებულებაში გამოყოს ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებისათვის და ბავშვთა ძალადობისგან დაცვისათვის პასუხისმგებელი პირი.

[ 7. დაუშვებელია დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან/და ამავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 დეკემბრიდან)]

საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4444 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.

თავი II. სახელმწიფო ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში

მუხლი 7. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში

საქართველოს მთავრობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი, ხარისხიანი და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპზე დაფუძნებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მისაწოდებლად ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს და ასრულებს შემდეგ ვალდებულებებს:

ა) ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებების სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, საყოველთაო ხელმისაწვდომობას;

ბ) ადგენს დაწესებულების ავტორიზაციის წესს;

გ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს, რომელიც გადასინჯვასა და განვითარებას არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება;

დ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს;

ე) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების დასადგენად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს;

ვ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების დასადგენად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ტექნიკურ რეგლამენტს დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ;

თ) ხელს უწყობს დაწესებულების ინფრასტრუქტურულ განვითარებას;

ი) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესსა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალს;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1639 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №366 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3852 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

მუხლი 8. საქართველოს  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:

ა) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს, რომლის შესრულების უზრუნველყოფა სავალდებულოა მუნიციპალიტეტებისთვის;

ბ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს;

გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აღმზრდელის პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს;

დ) ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით ამზადებს საგანმანათლებლო რესურსების სიასა და მეთოდოლოგიურ რესურსებს და უზრუნველყოფს ამ რესურსების მუნიციპალიტეტებისთვის ხელმისაწვდომობას;

ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემას, ახორციელებს მონიტორინგსა და შეფასებას და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს;

ვ) შეიმუშავებს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებს და ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს მათ გადამზადებაში;

ზ) ხელს უწყობს ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3449 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №366 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3852 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

მუხლი 9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის − საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:

ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების დასადგენად შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ბ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების დასადგენად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ტექნიკურ რეგლამენტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

გ) მონაწილეობს ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის პროცესში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და ასრულებს სხვა ვალდებულებებს.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1639 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 10. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში  

1. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე მოიცავს:

ა) სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას;

ბ) თანაბრად ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების უზრუნველყოფას;

გ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების პროცესში ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებების დაცვისა და პატივისცემის უზრუნველყოფას;

დ) დაწესებულების პროგრამაში ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობის უზრუნველყოფას;

ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუშავებას და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფას;

ვ) საჯარო დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით წლიური მუნიციპალური პროგრამისა და ფინანსური გეგმის მომზადებას;

ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას და სხვა ვალდებულებების შესრულებას.

2. მუნიციპალიტეტები ბავშვთა სათანადო განვითარებისათვის და სკოლისათვის მოსამზადებლად უზრუნველყოფენ ძლიერი და მდგრადი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის შექმნას, რომელიც ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: 

ა) სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა, მიუხედავად ბავშვის ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა;

ბ) საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობებით დადგენილი განათლების უფლებისა და ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სხვა უფლებების უზრუნველყოფა; 

გ) სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი მომსახურების დასანერგავად სათანადო პირობების უზრუნველყოფა; 

დ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების სრული ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

ე) ბავშვის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და საზოგადოებასთან ეფექტიანი ურთიერთობის უზრუნველყოფა.

3. სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების დასანერგავად მუნიციპალიტეტები:

ა) შეისწავლიან მუნიციპალურ საჭიროებებს, გეგმავენ ადგილობრივ რესურსებს და განსაზღვრავენ საბიუჯეტო სახსრებს;

ბ) უზრუნველყოფენ აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების შესაბამისად;

გ) უზრუნველყოფენ დაწესებულებებისა და მათი მომსახურებებისთვის დადგენილი სტანდარტების შესრულების კონტროლს;

დ) დაწესებულებების პერსონალისთვის ადგენენ სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს და უზრუნველყოფენ მათ შესრულებას;

ე) ადგენენ საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და 5 წელიწადში ერთხელ აკონტროლებენ ამ მოთხოვნების შესაბამისობას;

ვ) უზრუნველყოფენ დაწესებულებების შიდა მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის ფუნქციონირებას;

ზ) მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული დაწესებულებების მონიტორინგის სისტემის შესაბამისად სისტემატურად ახორციელებენ დაწესებულებათა მონიტორინგს, რომლის მიზანია ავტორიზაციის პირობების ავტორიზაციის წესის შესაბამისად შესრულების შემოწმება;

თ) ამტკიცებენ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთან დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობებს პროფესიულ კავშირთან შესაძლო კონსულტაციით.

4. მუნიციპალიტეტები ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და ამ მიზნით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მეშვეობით.

საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1261 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №366 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3852 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

მუხლი 11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს დაწესებულებაში სურსათის უვნებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 12. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში 

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს მუნიციპალიტეტებისგან მიღებულ სტატისტიკურ ინფორმაციას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მიხედვით მოიცავს შემდეგ საკითხებს:   

ა) დაწესებულებათა რაოდენობა;

ბ) დაწესებულების საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამაში ჩართულ ბავშვთა რაოდენობა;

გ) აღმზრდელ-პედაგოგთა/აღმზრდელთა რაოდენობა;

დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.

თავი III. დაწესებულების დაფუძნება და ავტორიზაცია

მუხლი 13. დაწესებულების დაფუძნება და მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

1. დაწესებულება შეიძლება დაფუძნდეს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

2. მუნიციპალიტეტი ან/და მის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია დაწესებულება დააფუძნოს მხოლოდ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

მუხლი 14. დაწესებულების ავტორიზაცია

1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების განსახორციელებლად დაწესებულება ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია.

2. დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. დაწესებულების ავტორიზაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

4. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური დაწესებულების ავტორიზაციის მიზნით ამოწმებს დაწესებულების პირობების ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

5. დაწესებულების ავტორიზაცია უფასოა.

6. მუნიციპალიტეტის ორგანო ვალდებულია აწარმოოს დაწესებულებათა რეესტრი, შეაგროვოს და მასში ასახოს მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის შესაბამისად, უზრუნველყოს მონაცემთა საჯაროობა და მიაწოდოს ისინი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია მიწოდებული მონაცემების სისწორისთვის.

საქართველოს 2017  წლის 26  ივლისის კანონი №1261 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

მუხლი 15. დაწესებულების ავტორიზაციის პირობები

1. ავტორიზაციის მაძიებელი იურიდიული პირი/ავტორიზებული დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის პირობებს, თუ:

ა) დაწესებულებაში სწავლა/სწავლება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა  და განათლების სახელმწიფო სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის, შესაბამისად;

ბ) დაწესებულების შენობა-ნაგებობა, ინფრასტრუქტურა და  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შენობა-ნაგებობის მოწყობა შეესაბამება  საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;

გ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;

დ) დაწესებულებაში კვების ორგანიზება და რაციონის კვებითი ღირებულება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს;

ე) დაწესებულებაში  ადამიანური  რესურსის  კვალიფიკაცია და გამოცდილება შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტს და სხვა პერსონალისთვის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს. 

2. დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებას ან შეწყვეტას.

მუხლი 16. დაწესებულების ავტორიზაციის ვადა

დაწესებულების ავტორიზაციის ვადაა 4 წელი.

თავი IV. დაწესებულება

მუხლი 17. დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით

1. დაწესებულება ახორციელებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.

2. დაწესებულება უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობებით დადგენილი განათლების უფლებისა და ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სხვა უფლებების დაცვასა და პატივისცემას;

ბ) დაწესებულებისთვის დადგენილი სტანდარტების დაცვას;

გ) ინკლუზიურ განათლებასთან, ძალადობისგან ბავშვის დაცვასთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარიასა და ჰიგიენასთან დაკავშირებული სტანდარტების შესაბამისად დაწესებულების სტრატეგიის შემუშავებას;

დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების სრულ გამჭვირვალობას;

ე) ბავშვთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან ეფექტიან ურთიერთობასთ

ვ) ბავშვისთვის საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალებებით მიწოდებას.

3. საჯარო დაწესებულება უზრუნველყოფს:

ა) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისთვის, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა;

ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების პროცესში ბავშვთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ჩართულობას.

4. დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში ბავშვის სპორტულ აქტივობას, რომლის მიზანი უნდა იყოს ადრეულ ასაკში ბავშვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5019 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5919 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.

მუხლი 18. საკონსულტაციო საბჭო

1. საჯარო დაწესებულება საზოგადოებრივ საწყისებზე ქმნის  საკონსულტაციო საბჭოს.

2. საკონსულტაციო საბჭოს ჰყავს 7 წევრი:

ა) 5 მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი;

ბ) 2 აღმზრდელ-პედაგოგი.

3. საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობისათვის შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი/სპეციალისტი.

4. საჯარო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრებს ხმის უფლების გარეშე დაესწროს.

5. საკონსულტაციო საბჭოს ირჩევს მშობელთა საერთო კრება 1 წლის ვადით, ამ ვადის ერთხელ განახლების უფლებით.       

6. საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა რეგულირდება ამ კანონითა და საჯარო დაწესებულების წესდებით.

7. საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელობს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და ხელმძღვანელობს საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრებს.

8. საკონსულტაციო საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 4-ჯერ.

9. საკონსულტაციო საბჭო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს სულ მცირე 4 წევრის მონაწილეობით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე.

10. საკონსულტაციო საბჭო:

ა) განიხილავს მომსახურებას, სასწავლო გეგმის წლიურ განრიგს და სასწავლო მასალების ჩამონათვალს და იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს;

ბ) განიხილავს საჯარო დაწესებულების ფინანსურ ხარჯებს და ქონების აქტივების მართვის საკითხებს და საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს;

გ) წესდების შესაბამისად განიხილავს ბავშვთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების საჩივრებს და საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას აძლევს რეკომენდაციებს პრობლემების აღმოსაფხვრელად;

დ) მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ან/და მის მიერ დაფუძნებულ შესაბამის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ყოველკვარტალურად წარუდგენს რეკომენდაციებს.

საქართველოს 2017  წლის 26  ივლისის კანონი №1261 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

მუხლი 181. დაწესებულების პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა

დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.

აქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5753 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.

თავი V. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის, მიწოდება

მუხლი 19. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლება და მხარდაჭერ

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მხარდაჭერას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებში.

2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლების სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №366 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3852 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

მუხლი 20. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფების შემადგენლობა

1. დაწესებულება ვალდებულია ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი ჯგუფები შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისგან:

ა) 2-დან 3 წლამდე − სკოლამდელი განათლების პირველი წელი;

ბ) 3-დან 4  წლამდე − სკოლამდელი განათლების მე-2 წელი;

გ) 4-დან 5 წლამდე − სკოლამდელი განათლების მე-3 წელი;

დ) 5 წლიდან  სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე − სკოლამდელი განათლების მე-4 წელი − ხორციელდება სასკოლო მზაობის პროგრამა.

2. ერთი ასაკის ბავშვთა არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია მომიჯნავე ასაკის ბავშვებისგან ჩამოაყალიბოს მრავალასაკობრივი ჯგუფი არაუმეტეს 15 ბავშვის შემადგენლობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულება გადაწყვეტილებას იღებს თავის დამფუძნებელთან შეთანხმებით.

მუხლი 21. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სასწავლო-სააღმზრდელო წლისა და დღის ხანგრძლივობა

1. საჯარო დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისსა და დასასრულს ადგენს მუნიციპალიტეტი.

2. საჯარო დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო დღის ხანგრძლივობაა 9 საათი, სამჯერადი კვებით.

3.  სასკოლო მზაობის პროგრამის ხანგრძლივობაა დღეში 3 საათი.

4. დაწესებულებაში დასაქმებული პირის სამუშაო დრო და შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“.

მუხლი 22. ჯგუფის მოცულობა და აღმზრდელ-პედაგოგების/ აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა

1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები უნდა დაკომპლექტდეს შემდეგი მაქსიმალური ოდენობების მიხედვით:

ა) 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა;

ბ) 3-დან 4 წლამდე  ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა;  

გ) 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა.

2. სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში შესაძლებელია ბავშვების სწავლა/სწავლება 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე. ამ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა 30-ს არ უნდა აღემატებოდეს. 

3. თითოეულ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობა უნდა განისაზღვროს შემდეგი თანაფარდობით:

ა) 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს  1:13-ზე მეტი;

ბ) 3-დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს 1:15-ზე მეტი;

გ) 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს  1:15-ზე მეტი;

დ) სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს 1:15-ზე მეტი.

მუხლი 23. ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება

1. დაწესებულება უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების მიწოდებას ბავშვებისთვის, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.

2. დაწესებულება ვალდებულია გააგრძელოს ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული ბავშვისთვის განათლების მიწოდება, თუ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ არის მიზანშეწონილი მისი სკოლაში შესვლა, მიუხედავად შესაბამისი ასაკისა. 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მის აღმზრდელ-პედაგოგებთან და შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე. 

მუხლი 24. აღმზრდელ-პედაგოგის შრომის ანაზღაურება

აღმზრდელ-პედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

თავი VI. დაწესებულების მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება

მუხლი 25. დაწესებულების შიდა მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება

1. დაწესებულება რეგულარულად და პერიოდულად ახორციელებს შიდა მონიტორინგს, შეფასებასა და ანგარიშგებას. 

2. საჯარო დაწესებულება დამფუძნებელს ყოველწლიურად, მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი გეგმის მიხედვით წარუდგენს წლიურ და ფინანსურ ანგარიშებს.

მუხლი 26. დაწესებულების მუნიციპალური კონტროლი

1. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით აკონტროლებს დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.

2. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საჯარო დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების სტანდარტები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებს:

ა) დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შესრულების მონიტორინგს;

ბ) დაწესებულების მიერ ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის წარმოების შემოწმებასა და შეფასებას;

გ) დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების შემოწმებასა და შეფასებას.

4. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით, წინასწარი შეტყობინების გარეშე გამოცხადდეს დაწესებულებაში ავტორიზაციის პირობების შესრულების ადგილზე შესამოწმებლად.

5. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ვალდებულია დაწესებულების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული არანაკლებ 10 ბავშვის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნით განახორციელოს ამ დაწესებულების არაგეგმური კონტროლი.

6. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების შედეგად მიღებული მონაცემები წლიური ანგარიშის ფარგლებში წარუდგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

საქართველოს 2017  წლის 26  ივლისის კანონი №1261 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

თავი VII. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის დაფინანსება

მუხლი 27. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  სისტემის დაფინანსება

1. მუნიციპალიტეტი ვალდებულია ყოველწლიურად საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოს თავის მიერ დაფუძნებულ დაწესებულებებში მომსახურების მართვისა და მიწოდებისთვის აუცილებელი ფინანსები.

2. მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო დაწესებულების დაფინანსების ფორმას, წესსა და პირობებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 28. გარდამავალი დებულებები

1. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ:

ა) მიიღოს დადგენილება დაწესებულების ავტორიზაციის წესის დადგენის თაობაზე;

ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის, დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

გ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

დ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

ე) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

ვ) დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.

2. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ აღმზრდელ-პედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.

3. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:

ა) (ამოღებულია - 20.09.2018, №3449);

ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის შესამუშავებლად გამოსცეს ნორმატიული აქტი;

გ) აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების შემუშავებისა და მუნიციპალიტეტებისთვის მათ გადამზადებაში ხელის შეწყობის მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი.

4. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტის საკრებულომ:

ა) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

ბ) სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

გ) დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

დ) დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;

ე) საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.

5. ამ კანონის რეგულირების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათში ცვლილებების შეტანამდე ან მათ გაუქმებამდე.

6. დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნებისთვის გარდამავალ პერიოდად ითვლება პერიოდი 2030 წლის 1 იანვრამდე.

7. გარდამავალ პერიოდში დაწესებულებების ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ − ცენტრი). 

8. გარდამავალ პერიოდში, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა, საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებით წესს (შემდგომ − დროებითი წესი).

81. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გარდამავალ პერიოდში უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე მოიპოვოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლება დროებითი წესის შესაბამისად.

9. გარდამავალ პერიოდში დაწესებულებების ავტორიზაციის  განსახორციელებლად:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაწესებულებათა პირველადი რეგისტრაციის მიზნით არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა ქმნის შესაბამის ელექტრონულ სისტემას (შემდგომ − რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა);

ბ) დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე ახორციელებს საქმიანობას ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებულია 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში;

1) ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებულია 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ან „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული დაწესებულება/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია ცენტრს არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა წარუდგინოს თვითშეფასება დროებითი წესის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2024 წლის 1 იანვრამდე დააფუძნოს იურიდიული პირი ამ კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი თვითშეფასებების ანალიზის შედეგად ცენტრის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით მტკიცდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული და ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირების  მიერ ავტორიზაციის გავლის განრიგი.

91. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი თვითშეფასებების ანალიზის შედეგად ცენტრის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით მტკიცდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირების  მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების განრიგი.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ან „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია ითვლება შესაბამისი დაწესებულების/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმის ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმის მიერ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლების საფუძვლად ამ მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით/ამ მუხლის 91 პუნქტით განსაზღვრული განრიგის გათვალისწინებით აღნიშნული დაწესებულების მიმართ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

12. თუ დაწესებულება/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასებას, ან აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმე არ დააფუძნებს იურიდიულ პირს ან იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით/ამ მუხლის 9პუნქტით განსაზღვრული განრიგით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ავტორიზაციის განაცხადს/სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების განაცხადს, მას უუქმდება ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება.

13. დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე არ ახორციელებდა საქმიანობას ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, გარდამავალ პერიოდში ავტორიზაციას გაივლის დროებითი წესის შესაბამისად. ეს წესი ვრცელდება გარდამავალ პერიოდში დაწესებულების მიერ ხელახალი ავტორიზაციის განაცხადის (ავტორიზაციაზე უარის მიღების შემთხვევაში) ან ახალი ავტორიზაციის განაცხადის (დამატებით ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების სურვილის შემთხვევაში) წარდგენაზე ან ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულებისთვის საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმებაზე.

14. გარდამავალ პერიოდში დაწესებულების ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო). ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს წევრთა საქმიანობა ანაზღაურებადი არ არის. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება დროებითი წესით.

15. ავტორიზაციის საბჭო დროებითი წესის შესაბამისად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის მინიჭების შესახებ;

ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ;

დ) ავტორიზაციის შეჩერების შესახებ;

ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ;

ვ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.

16. დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება დროებითი წესით.

17. დაწესებულებისთვის საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია ცენტრს ავტორიზაციის განაცხადი წარუდგინოს საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების თარიღიდან ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.

18. ავტორიზაციის მინიჭების შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების მიერ ავტორიზაციის განაცხადის წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

19. გარდამავალ პერიოდში ცენტრი უზრუნველყოფს ავტორიზებული დაწესებულების მიერ მიწოდებული ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად მონიტორინგის განხორციელებას დროებითი წესის შესაბამისად. გარდამავალ პერიოდში ცენტრი ასევე ვალდებულია დაწესებულების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული არანაკლებ 10 ბავშვის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნით განახორციელოს ამ დაწესებულების მონიტორინგი.

20. ამ კანონით გათვალისწინებული ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ დაწესებულების საქმიანობის კონტროლს, ვალდებული არიან კონტროლის  (გარდა ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა) განხორციელების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ცენტრს, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელოს დაწესებულების მონიტორინგი.

21. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ან ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოს მიერ აღნიშნული დაწესებულებისთვის შესაბამისი ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

22. გარდამავალ პერიოდში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესის შესაბამისად უზრუნველყოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება და აღნიშნული სისტემის მუნიციპალიტეტებისა და ცენტრისთვის ხელმისაწვდომობა.

23. მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის 22-ე პუნქტის შესაბამისად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებულ მონაცემთა საჯაროობა, აგრეთვე ამ მონაცემების საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის ხელმისაწვდომობა.

24. გარდამავალ პერიოდში დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების ავტორიზაციის 4-წლიანი ვადა აღნიშნული დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის თარიღიდან აითვლება.

25. გარდამავალ პერიოდში დროებითი წესით შესაძლებელია დადგინდეს ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა.

საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №493 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3449 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3910 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 30 დეკემბრის კანონი №46 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 15 თებერვლის კანონი №1377 – ვებგვერდი, 23.02.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2435 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3852 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3961 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

მუხლი 29. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−27-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−მე-14 მუხლები, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“−„ე“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი და მე-16−მე-19, 21-ე და 23-ე−27-ე მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.

3. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 22-ე მუხლი 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდეს იმ დაწესებულების მიმართ, რომელზედაც სამშენებლო ნებართვა კანონით დადგენილი წესით გაცემულია ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ.

4. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 22-ე მუხლი 2020 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდეს იმ დაწესებულების მიმართ, რომელზედაც სამშენებლო ნებართვა კანონით დადგენილი წესით გაცემულია ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღების დროისათვის.   

5. ამ კანონის მე-20 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №493 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივნისი 2016 წ.

N5366-IIს

16. 17/09/2024 - საქართველოს კანონი - 4444-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/10/2024 15. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3961-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 14. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3852-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 13. 16/12/2022 - საქართველოს კანონი - 2435-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 15/02/2022 - საქართველოს კანონი - 1377-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/02/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 366-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 10. 30/12/2020 - საქართველოს კანონი - 46-IIრს-Xმპ - ვებგვერდი, 30/12/2020 9. 21/05/2020 - საქართველოს კანონი - 5919-სს - ვებგვერდი, 25/05/2020 8. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5753-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 7. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5019-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 6. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3910-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 5. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3449-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3104-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 3. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1639-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 2. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1261-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 1. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 493-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017