ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ

ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 340120000.10.003.019328
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
263
13/06/2016
ვებგვერდი, 15/06/2016
340120000.10.003.019328
ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/06/2016 - 09/12/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №263

2016 წლის 13 ივნისი

   ქ. თბილისი

 

ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ

მუხლი 1
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესი და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურა.
მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს  2016 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესი და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურა

მუხლი 1. დადგენილების მიზანი

 1. „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების (შემდგომში – დადგენილება) მიზანია:

 ა) საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების სფეროს სამართლებრივი მოწესრიგება „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ როტერდამის 1998 წლის 10 სექტემბრის კონვენციისა (შემდგომში – როტერდამის კონვენცია) და „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“ სტოკჰოლმის 2001 წლის 22 მაისის კონვენციის (შემდგომში – სტოკჰოლმის კონვენცია) მოთხოვნების შესაბამისად;

 ბ) სახელმწიფოში ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში დანიშნული ეროვნული ორგანოებისა და მათი პასუხისმგებლობის განსაზღვრა, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით;

 გ) ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხოდ გამოყენების ხელშეწყობა.

 2. ამ დადგენილებით განისაზღვრება:

 ა) ექსპორტის შეტყობინებისა და გაცხადებული თანხმობის მოთხოვნის წესი იმ ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების ექსპორტის მიზნით, რომლებიც როტერდამის კონვენციის შესაბამისად, ექვემდებარებიან წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას და რომლებიც აკრძალული და მკაცრად შეზღუდულია საქართველოს ტერიტორიაზე;

 ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მკაცრად შეზღუდული ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტზე თანხმობის გაცემის წესი;

 გ) სტოკჰოლმის კონვენციით განსაზღვრული ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვის აკრძალვა და მკაცრად შეზღუდვა.

 

 მუხლი 2. რეგულირების სფერო

 1. ამ დადგენილების რეგულირების სფეროს განეკუთვნება:

ა) ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებები და პესტიციდები, რომლებიც როტერდამის კონვენციის შესაბამისად, ექვემდებარებიან წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას (შემდგომში – PIC პროცედურა);

ბ) ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებები და პესტიციდები, რომლებიც აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია საქართველოს ტერიტორიაზე;

გ) სტოკჰოლმის კონვენციით განსაზღვრული მდგრადი ორგანული დამბინძურებლები („მოდ­ები“), რომელთა ექსპორტიც აკრძალულია.

 2. ამ დადგენილების რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება:

 ა) ნარკოტიკული პრეპარატები და ფსიქოტროპული ნივთიერებები;

ბ) რადიოაქტიური ნივთიერებები და მასალები;

 გ) ნარჩენები;

 დ) ქიმიური იარაღი;

 ე) ფარმაცევტული პრეპარატები, მათ შორის, სამკურნალო პრეპარატები და ვეტერინარული საშუალებები;

 ვ) ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება როგორც საკვები დანამატები;

 ზ) სურსათის/ცხოველის საკვები;

 თ) ქიმიური ნივთიერებები იმ ოდენობით, რომელიც არ ახდენს მავნე ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ან/და რომელიც იმპორტირებულია ან ექსპორტირებულია ლაბორატორიული და სასწავლო-სამეცნიერო მიზნით გამოყენებისათვის და მათი ოდენობა არ აღემატება 2 კგ-ს, ერთჯერადი გადაზიდვისას.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) ქიმიური ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად ან შედის ნარევის ან პრეპარატის შემადგენლობაში, რომელიც დამზადებულია სამრეწველო წესით ან მიღებულია ბუნებრივი გზით, მაგრამ არ შეიცავს არანაირ ცოცხალ ორგანიზმს. ეს ტერმინი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

 ა.ა) პესტიციდი (საშიში პესტიციდური შემადგენლობების ჩათვლით) – რომელიც განსაზღვრულია „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონით;

 ა.ბ) სამრეწველო ქიმიური ნივთიერებები – ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც განკუთვნილია სამრეწველო მიზნით გამოყენებისათვის;

 ბ) აკრძალული ქიმიური ნივთიერება – ქიმიური ნივთიერება, რომლის ყველა სახის გამოყენება, ერთი ან რამდენიმე კატეგორიის ფარგლებში, აკრძალულია საბოლოო სარეგლამენტაციო გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით. ეს მოიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთა პირველ გამოყენებაზეც ითქვა უარი ან რომლებიც ამოღებულ იქნა მრეწველობიდან, რომელთა გაყიდვა ქვეყნის შიგნით აიკრძალა ან რომელთა მოცემულ ქვეყანაში გაყიდვაზე თანხმობის გაცემის პროცესი შეწყდა, ამასთან არსებობს იმის უტყუარი დადასტურება, რომ ეს ზომები მიღებულ იქნა ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის მიზნით;

 გ) მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერება – ქიმიური ნივთიერება, რომლის თითქმის ყველა სახით გამოყენება, ერთი ან რამდენიმე კატეგორიის ფარგლებში, აკრძალულია საბოლოო სარეგლამენტაციო გადაწყვეტილებით, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით, თუმცა დასაშვებია მისი ზოგიერთი კონკრეტული სახით გამოყენება. ეს მოიცავს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც თითქმის ყველა გამოყენების სფეროდან ამოღებულ იქნა ან რომელიც ამოღებულ იქნა მრეწველობიდან ან რომლის გაყიდვა ქვეყნის შიგნით აიკრძალა ან რომლის მოცემულ ქვეყანაში გაყიდვაზე თანხმობის გაცემის პროცესი შეწყდა, ამასთან არსებობს იმის უტყუარი დადასტურება, რომ ეს ზომები მიღებულ იქნა ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის მიზნით;

 დ) განსაკუთრებით საშიში პესტიციდური შემადგენლობა – ქიმიური ნივთიერება, რომელიც მიღებულია იმ მიზნით, რომ გამოყენებულ იქნეს როგორც პესტიციდი და რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე, რაც დადასტურებულია მისი კონკრეტულ პირობებში ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენების შემდგომ, დროის მოკლე პერიოდში განხორციელებული დაკვირვებით;

 ე) საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერება – ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, რომელიც აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია საქართველოს ტერიტორიაზე საბოლოო სარეგლამენტაციო გადაწყვეტილებით;

 ვ) საბოლოო სარეგლამენტაციო გადაწყვეტილება – მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ საჭიროებს შემდგომ სარეგლამენტაციო გადაწყვეტილებას და რომლის მიზანია ქიმიური ნივთიერებების ან პესტიციდის აკრძალვა ან მკაცრი შეზღუდვა;

 ზ) ექსპორტი და იმპორტი – ერთი მხარის ტერიტორიიდან მეორე მხარის ტერიტორიაზე ქიმიური ნივთიერების და პესტიციდების გადაადგილება, რომელიც აგრეთვე მოიცავს რეექსპორტს, გარდა ტრანზიტული პროცედურებისა;

 თ) ექსპორტიორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი:

 თ.ა) რომლის სახელითაც იქნა წარდგენილი ექსპორტის დეკლარაცია, რომელიც დეკლარაციის მიღების დროს წარმოადგენს ხელშეკრულებას იმპორტიორ მხარესთან ან სხვა ქვეყანასთან და აქვს უფლება, გაიტანოს ქიმიური ნივთიერებები საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;

 თ.ბ) რომელსაც არ აქვს გაფორმებული ექსპორტის ხელშეკრულება ან არის ხელშეკრულების წარმომდგენი, არ მოქმედებს საკუთარი სახელით და აქვს ქიმიური ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიიდან გატანის უფლება;

 თ.გ) რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში და რომელსაც ექსპორტის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ პირთან, რომელსაც აქვს ქიმიური ნივთიერებების განკარგვის უფლებამოსილება;

 ი) იმპორტიორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქიმიური ნივთიერებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს არის ტვირთის მიმღები;

 კ) როტერდამის კონვენცია – „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ როტერდამის 1999 წლის 10 სექტემბრის კონვენცია;

 ლ) სამდივნო – როტერდამის კონვენციის სამდივნო;

 მ) მხარე – სახელმწიფო ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია, რომელსაც ეკისრება როტერდამის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები და რომლისთვისაც ეს კონვენცია ძალაშია შესული;

 ნ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობა – როტერდამის კონვენციის მიერ შემოღებული საკვანძო პროცედურა, რომლის შესაბამისად, არ არის დაშვებული ამ კონვენციის III დანართით განსაზღვრული აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერებების ან პესტიციდების ექსპორტი, იმპორტიორი ქვეყნის წინასწარი თანხმობის გარეშე, რომელიც მან უნდა გასცეს წერილობითი დოკუმენტის სახით, სადაც მინიშნებული იქნება, რომ იმპორტიორი მხარის ან სხვა ქვეყნის ეროვნული დანიშნული ორგანო თანახმაა როტერდამის კონვენციის III დანართში შესული საშიში ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტზე. ჩვეულებრივ პირობებში, თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს გადაწყვეტილების მიღების სახელმძღვანელო დოკუმენტებში მოცემულ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო ამ ქიმიური ნივთიერებების კონვენციის III დანართში შეტანას და დაკავშირებულია საფრთხეებთან, რისკებთან, გამოყენების ფორმასა და ხელმისაწვდომ ალტერნატივებთან;

 ო) სტოკჰოლმის კონვენცია – „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“ სტოკჰოლმის 2001 წლის 22 მაისის კონვენცია;

 პ) საერთაშორისო სარეგისტრაციო ნომერი – (შემდგომში - CAS) – ქიმიური ნივთიერებების რეფერენტული სამსახურის (Chemical Abstracts Service) მიერ წარმოებულ რეესტრში მინიჭებული სარეგისტრაციო ნომრები;

 ჟ) დანიშნული ეროვნული ორგანო – ეროვნული ორგანო (DNA), რომელიც უფლებამოსილია, შეასრულოს როტერდამის კონვენციით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ფუნქციები, საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტსა და იმპორტთან დაკავშირებით;

 რ) გადაწყვეტილების მიღების სახელმძღვანელო დოკუმენტი – სამდივნოს მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ძირითად ინფორმაციას ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების თაობაზე, მათ შორის, მათი საშიშროების კლასიფიკაციას, ინფორმაციის დამატებით წყაროებს და ინფორმაციას შესაძლებელი ალტერნატივების შესახებ როტერდამის კონვენციის III დანართში ჩამოთვლილი და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული თითოეული საშიში ქიმიური ნივთიერებისა და პესტიციდებისთვის;

 ს) IUPAK – სუფთა და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი;

 ტ) MSDS – ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების უსაფრთხოების შესახებ მონაცემთა ფურცელი, შედგენილი საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისად;

 უ) „სეს ესნ“ კოდი – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდი.

 

მუხლი 4. დანიშნული ეროვნული ორგანოები

1. საქართველოში ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროს მარეგულირებელ დანიშნულ ეროვნულ ორგანოებს წარმოადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სურსათის ეროვნული სააგენტო.

2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, განახორციელოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ფუნქციები, საქართველოში ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების ექსპორტ­-იმპორტსა და რეექსპორტთან დაკავშირებით.

3. სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ფუნქციები, საქართველოში პესტიციდების (მათ შორის, საშიში პესტიციდური შემადგენლობების) ექსპორტ­იმპორტსა და რეექსპორტთან დაკავშირებით.

4. ამ მუხლის პირველი ­მე-­3 პუნქტებით განსაზღვრულმა, დანიშნულმა ეროვნულმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ:

ა) ამ დადგენილების მე-­5 მუხლით განსაზღვრულ, PIC პროცედურას დაქვემდებარებულ ქიმიურ ნივთიერებებსა და პესტიციდებთან დაკავშირებით საბოლოო სარეგლამენტაციო გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების შედგენა და სამდივნოსთვის წარდგენა;

ბ) ამ დადგენილების მე-­6 მუხლით განსაზღვრულ, PIC პროცედურას დაქვემდებარებულ ქიმიურ ნივთიერებებსა და პესტიციდებთან დაკავშირებით, იმპორტზე პასუხის შედგენა და სამდივნოსთვის მიწოდება;

გ) ამ დადგენილების №1 დანართით – „საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენების, იმპორტის და ექსპორტის აკრძალვას ან მკაცრად შეზღუდვას დაქვემდებარებული ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხა“ - განსაზღვრული, მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტზე თანხმობის გაცემა;

დ) განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისობის შემოწმება და ექსპორტიორისგან მიღებული ექსპორტის შეტყობინების გადაცემა იმპორტიორი ქვეყნების დანიშნული ეროვნული ორგანოებისთვის, ამ დადგენილების მე-­16 მუხლის მე-­2 პუნქტის შესაბამისად;

ე) სხვა ქვეყნებიდან მიღებული ექსპორტის შეტყობინებების მიღების დადასტურება, ამ დადგენილების მე­-17 მუხლის შესაბამისად;

 ვ) გაცხადებული თანხმობის მოთხოვნების შედგენა და წარდგენა იმპორტიორი ქვეყნების დანიშნული ეროვნული ორგანოებისთვის, ამ დადგენილების მე­-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული PIC პროცედურას დაქვემდებარებული ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტის შეტყობინებების შესაბამისად;

 ზ) აკრძალული და მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების ექსპორტის-იმპორტის მონაცემთა ბაზის შექმნა;

 თ) აკრძალული და მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების იმპორტის თაობაზე ყველა გადაწყვეტილების საჯარო ხელმისაწვდომობა.

 

 მუხლი 5. შეტყობინება როტერდამის კონვენციის ფარგლებში აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების შესახებ

 1. დანიშნულმა ეროვნულმა ორგანომ წერილობით უნდა აცნობოს სამდივნოს ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების ან პესტიციდების შესახებ, რომლებიც აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია საქართველოს ტერიტორიაზე.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეტყობინება სამდივნოს ეგზავნება ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის აკრძალვის ან მკაცრად შეზღუდვის შესახებ საბოლოო სარეგლამენტაციო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღისა.

 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შეტყობინებაში წარმოდგენილი უნდა იყოს სრული ინფორმაცია, ამ დადგენილების №3 დანართის - „კონვენციის სამდივნოს შეტყობინება აკრძალული და მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერებების შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად.

 4. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არ აკმაყოფილებს ამ დადგენილების №3 დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ექსპორტიორმა ან იმპორტიორმა დანიშნულ ეროვნულ ორგანოს ყველა საჭირო ინფორმაცია უნდა წარუდგინოს ამავე ორგანოს მოთხოვნიდან 60 დღის განმავლობაში.

 5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სამდივნოსთვის წარდგენილ საბოლოო სარეგლამენტაციო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, დანიშნულმა ეროვნულმა ორგანომ საბოლოო სარეგლამენტაციო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან უმოკლეს დროში, მაგრამ არაუგვიანეს 60 დღისა, წერილობით უნდა აცნობოს სამდივნოს ცვლილებების შეტანის თაობაზე. 

 6. ნებისმიერი მხარის ან სამდივნოს მოთხოვნის შემთხვევაში, დანიშნულმა ეროვნულმა ორგანომ უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ქიმიური ნივთიერების ან საბოლოო სარეგლამენტაციო გადაწყვეტილების შესახებ, თუ ასეთი ინფორმაციის გაცემა შესაძლებელია.

 

 მუხლი 6. ვალდებულებები „PIC პროცედურას“ დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტთან დაკავშირებით

 1. დანიშნული ეროვნული ორგანო იღებს იმპორტის შესახებ გადაწყვეტილებას როტერდამის კონვენციის III დანართში შეტანილი საშიში ქიმიური ნივთიერებების სამომავლო იმპორტთან დაკავშირებით და აცნობებს სამდივნოს თავის გადაწყვეტილებას, სამდივნოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სახელმძღვანელო დოკუმენტის გაგზავნის თარიღიდან არაუგვიანეს 9 თვის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმპორტზე პასუხი მზადდება ამ დადგენილების №4 დანართით - „იმპორტზე პასუხის ფორმა“ განსაზღვრული ფორმით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქიმიური ნივთიერება ან პესტიციდი საქართველოს კანონმდებლობით დამატებით ან შეცვლილი სახით შეზღუდვებს დაექვემდებარა, შესაბამისი დანიშნული ეროვნული ორგანო ხელახლა იხილავს იმპორტის შესახებ გადაწყვეტილებას და აწვდის სამდივნოს განახლებულ გადაწყვეტილებას არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იმპორტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს ქიმიური ნივთიერებების კატეგორიას ან იმ კატეგორიებს, რომლებიც განსაზღვრულია გადაწყვეტილების მიღების სახელმძღვანელო დოკუმენტით.

5. შესაბამისმა დანიშნულმა ეროვნულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სამდივნოსათვის ინფორმაციის მიწოდება საკანონმდებლო ან ადმინისტრაციული ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ეფუძნება იმპორტის შესახებ გადაწყვეტილება.

6. ექსპორტიორებმა უნდა დააკმაყოფილონ გადაწყვეტილებები, რომლებიც მოცემულია თითოეულ იმპორტზე პასუხში, არაუგვიანეს 6 თვისა, მას შემდეგ, რაც სამდივნო შეატყობინებს დანიშნულ ეროვნულ ორგანოს ამ პასუხის შესახებ ცირკულარის საშუალებით.

 

მუხლი 7. ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტზე თანხმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

 1. მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტზე თანხმობის მისაღებად წარსადგენი ძირითადი დოკუმენტაცია და პირობები განისაზღვრება ამ დადგენილებით.

 2. ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული, მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტზე თანხმობის მაძიებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი შესაბამის დანიშნულ ეროვნულ ორგანოს წარუდგენს წერილობით განაცხადს, რომელიც უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

 ა) თანხმობის რომელი სახის მიღებას (მკაცრად შეზღუდულ ქიმიურ ნივთიერებასა თუ პესტიციდზე, ერთჯერად, თუ ეტაპობრივ შემოტანაზე) მოითხოვს თანხმობის მაძიებელი;

 ბ) იმპორტიორის/ექსპორტიორის დასახელებას, სამართლებრივ ფორმას, საიდენტიფიკაციო კოდსა და მისამართს (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელს, გვარს, მისამართს, პირად ნომერს);

 გ) იმპორტიორი/ექსპორტიორი ქვეყნის და იმპორტიორი/ექსპორტიორი კომპანიის საქმიანობის შესახებ;

 დ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოსვლის სასაზღვრო პუნქტის დასახელებას;

ე) საქონლის მწარმოებელი ქვეყნის და კომპანიის დასახელებას;

 ვ) ნივთიერების დასახელებას, „სეს ესნ“ კოდს, საერთაშორისო სარეგისტრაციო (CAS) ნომერს, შემადგენლობას, რაოდენობას, ფიზიკურ მდგომარეობას, გამოყენების სახეს, მონაცემებს ტვირთის კლასიფიკაციისა და ეტიკეტირების/ნიშანდების შესახებ;

 ზ) შეფუთვის სახეობას და რაოდენობას;

 თ) სატრანსპორტო საშუალების სახეობას (საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო, საგზაო) და სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერს.

 3. მკაცრად შეზღუდული პესტიციდის იმპორტზე თანხმობის მაძიებლის განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს: პესტიციდის სახეობას, პესტიციდის სავაჭრო დასახელებას, პრეპარატულ ფორმას, მოქმედი ნივთიერების დასახელებას და კონცენტრაციას, პესტიციდის რაოდენობას, დაფასოების ტიპს (ჭურჭლის მასალა და მოცულობა), მონაცემებს პესტიციდის გამოყენების ხერხის, მიზნის, სახის, დროის, ადგილის, რაოდენობის, მოსავლის აღებამდე ლოდინის პერიოდის შესახებ, ასევე შესანახი საწყობის მისამართს.

4. იმპორტზე თანხმობის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) წარმოშობის სერტიფიკატი;

ბ) ხარისხისა და შესაბამისობის სერტიფიკატები;

 გ) საშიში ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის უსაფრთხოების მონაცემები (MSDS);

 დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში, პირადობის მოწმობის ასლი;

 ე) ხელშეკრულების ასლი იმ პირთან, რომელიც წარმოადგენს იმპორტირებული ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების შემსყიდველ მხარეს.

 5. ინფორმაცია, რომელიც მოყვანილია შეტყობინებაში, ასევე ინფორმაცია ეტიკეტზე და უსაფრთხოების შესახებ მონაცემთა ფურცელში (MSDS) მოცემული უნდა იყოს როტერდამის კონვენციის ოფიციალურ ენებსა და ერთ ან რამდენიმე ძირითად ენაზე, დანიშნულების ქვეყნის ან მიზნობრივი გამოყენების სფეროს შესაბამისად.

 

მუხლი 8. იმპორტზე თანხმობის გაცემის ორგანო და თანხმობის გაცემის წესი

1. იმპორტზე თანხმობა გაიცემა ამ დადგენილების მე-4 მუხლში განსაზღვრული დანიშნული ეროვნული ორგანოების მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ პროცედურის შესაბამისად.

2. მკაცრად შეზღუდული პესტიციდის ან პესტიციდური შემადგენლობის იმპორტზე თანხმობა უნდა შეესაბამებოდეს „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონს.

3. იმპორტზე თანხმობის ფორმა განსაზღვრულია №5 დანართით - „მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტზე თანხმობის ფორმა“.

4. იმპორტზე თანხმობა გაიცემა 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება შესაბამის დანიშნულ ეროვნულ ორგანოში, ხოლო 2 გადაეცემა განმცხადებელს.

 

 მუხლი 9. იმპორტზე თანხმობის მოქმედების ვადა და პირობები

 1. მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტზე თანხმობა გაიცემა წელიწადში ერთხელ, ერთი წლის ვადით.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე შესაძლებელია იმპორტის განხორციელება ეტაპობრივად, თუ საქონლის თანმხლები დოკუმენტებით დასტურდება, რომ თითოეული სასაქონლო პარტია წარმოადგენს იმ ტვირთის ნაწილს, რომელზეც გაიცა იმპორტზე თანხმობა.

 

 მუხლი 10. იმპორტზე თანხმობის უწყებრივი რეესტრი

1. იმპორტზე თანხმობის გამცემი შესაბამისი დანიშნული ეროვნული ორგანო ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშაოს და აწარმოოს იმპორტზე გაცემული თანხმობის უწყებრივი რეესტრი.

 2. შესაბამისი დანიშნული ეროვნული ორგანოს მიერ იმპორტზე გაცემული თანხმობის ან იმპორტზე უარის თქმის შესახებ ინფორმაცია განთავსებული იქნება თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

მუხლი 11. ინფორმაციის გაცვლა დანიშნულ ეროვნულ ორგანოებს შორის

დანიშნული ეროვნული ორგანოები ვალდებულნი არიან, დაუყოვნებლივ გაცვალონ ინფორმაცია ამ პროცედურებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების თაობაზე.

 

მუხლი 12. იმპორტზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და უარის გასაჩივრების წესი

 მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერებების ან პესტიციდების იმპორტზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და თანხმობის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 13. იმპორტზე თანხმობის გამცემის უფლება-მოვალეობები

 იმპორტზე თანხმობის გამცემის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 14. იმპორტზე თანხმობის დაკარგვა ან დაზიანება

 მფლობელის მიერ იმპორტზე თანხმობის ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, გაიცემა დუბლიკატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 15. იმპორტზე თანხმობის პირობების შესრულების კონტროლი

 1. იმპორტზე თანხმობის გამცემი ორგანოები უფლებამოსილნი არიან, შეამოწმონ ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტის შემდეგ თანხმობის გაცემისას №5 დანართით განსაზღვრული პირობების შესრულება.

 2. ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხმობის მფლობელების მიერ თანხმობის პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს შესაბამისი დანიშნული ეროვნული ორგანო.

 

მუხლი 16. მხარეებისა და სხვა ქვეყნებისათვის გადაცემული შეტყობინება ექსპორტის შესახებ

 1. ამ დადგენილების №1 დანართში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების, პესტიციდის ან ასეთი ნივთიერების შემცველი ნარევის პირველი ექსპორტის განხორციელების შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია, ამ პროცედურების მე-4 მუხლის შესაბამისად, შესაბამის დანიშნულ ეროვნულ ორგანოს, ექსპორტის განხორციელებამდე არაუგვიანეს 30 დღისა, შეატყობინოს ექსპორტის განხორციელების შესახებ. შემდგომში ექსპორტიორი ვალდებულია, შესაბამის დანიშნულ ეროვნულ ორგანოს №1 დანართში აღნიშნული ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის ექსპორტის შესახებ შეტყობინება მიაწოდოს ყოველ კალენდარულ წელს, არაუგვიანეს 15 დღით ადრე ექსპორტის განხორციელებამდე. შეტყობინება უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების №6 დანართით - „მოთხოვნები ექსპორტის შეტყობინების ინფორმაციასთან დაკავშირებით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 2. დანიშნული ეროვნული ორგანო განიხილავს, შეესაბამება თუ არა მოწოდებული ინფორმაცია №6 დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ექსპორტის განხორციელების შესახებ შეტყობინებას №7 დანართის - „ექსპორტის შეტყობინების ფორმა“ - შესაბამისად უგზავნის იმპორტიორი მხარის შესაბამის დანიშნულ ორგანოს, ექსპორტიორის მიერ პირველი ექსპორტის განხორციელების თარიღამდე არაუგვიანეს 15 დღით ადრე და შემდეგ ყოველ კალენდარულ წელს, შესაბამისი წლის პირველი ექსპორტის განხორციელებამდე.

 3. დანიშნული ეროვნული ორგანოს მიერ ექსპორტის შესახებ ყველა შეტყობინებას ენიჭება ექსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი და რეგისტრირდება უწყებრივი თანხმობის უწყებრივ რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 4. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული ეროვნული ორგანო პირველადი ექსპორტის შეტყობინების გაგზავნიდან 30 დღის განმავლობაში არ მიიღებს №1 დანართში შეტანილი ქიმიური ნივთიერებების ან პესტიციდების შეტყობინების მიღების დადასტურებას იმპორტიორი მხარის შესაბამის დანიშნულ ორგანოსაგან, ექსპორტის დანიშნულმა ეროვნულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს განმეორებითი შეტყობინების დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა, გაგზავნა, აგრეთვე განახორციელოს შესაბამისი ქმედებები, რათა იმპორტიორი მხარის შესაბამისმა დანიშნულმა ეროვნულმა ორგანომ მიიღოს განმეორებითი შეტყობინება.

 5. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ექსპორტის შესახებ ახალი შეტყობინება კეთდება ექსპორტიორის მიერ აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტი განხორციელდება ამ რეჟიმს დაქვემდებარებული ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის ბაზარზე განთავსების შეზღუდვის, გამოყენებისა და მარკირების შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ. ექსპორტის შესახებ ახალი შეტყობინება უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების №6 დანართში განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, რომ წარდგენილი შეტყობინება წარმოადგენს უკვე არსებული შეტყობინების შესწორებულ ვერსიას.

 6. იმპორტიორ ქვეყანაში ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ მოიხსნას შესაბამისი დანიშნული ეროვნული ორგანოს გადაწყვეტილებით, როცა ქიმიური ნივთიერების ექსპორტი გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით, როდესაც ნებისმიერმა დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს დაცვას.

7. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები უქმდება იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია ქვემოთ მოცემული ყველა პირობა:

ა) ქიმიური ნივთიერება ან პესტიციდი ექვემდებარება წინასწარ დასაბუთებული თანხმობის (PIC) პროცედურას;

ბ) იმპორტიორი ქვეყანა, როგორც როტერდამის კონვენციის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, ამ კონვენციის 10(2) პუნქტის თანახმად, სამდივნოს წარუდგენს პასუხს, ცალკეული ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტის შესახებ თანხმობის ან უარის შესახებ. ეს პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც იმპორტიორი მხარე ითხოვს ექსპორტის შესახებ შეტყობინების რეჟიმის გაგრძელებას ექსპორტიორი მხარისაგან, იმპორტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან არმიღების მიზნით;

გ) დანიშნული ეროვნული ორგანო სამდივნოს მიერ ინფორმირებულია პასუხის შესახებ;

 დ) იმპორტიორი მხარის დანიშნული ეროვნული ორგანოს ან სხვა ქვეყნის შესაბამისი იმპორტიორი მხარის მიერ მოხსნილია ამ ქიმიური ნივთიერების ექსპორტამდე შეტყობინების მოთხოვნა.

8. მოთხოვნის შემთხვევაში, დანიშნული ეროვნული ორგანო და ექსპორტიორი იმპორტიორ მხარეს მიაწვდიან მათ ხელთ არსებულ დამატებით ინფორმაციას ექსპორტირებულ ქიმიურ ნივთიერებებსა და პესტიციდებზე.

მუხლი 17. მხარეებიდან ან სხვა ქვეყნებიდან მიღებული ექსპორტის შეტყობინებები

 შესაბამისი დანიშნული ეროვნული ორგანო ადასტურებს ქიმიური ნივთიერების ან/და პესტიციდის ექსპორტის შესახებ შეტყობინების მიღებას მხარეების დანიშნული ორგანოებისაგან ან სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანოებისაგან, იმ ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების შესახებ, რომელთა წარმოება, გამოყენება, იმპორტი და ექსპორტი ექვემდებარება აკრძალვას ან მკაცრ შეზღუდვას მხარის ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით.

 

 მუხლი 18. ქიმიური ნივთიერებების ან პესტიციდების ექსპორტთან დაკავშირებული ვალდებულებები

 1. დანიშნულმა ეროვნულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს:

 ა) დაინტერესებული მეწარმეებისა და მეწარმეთა ასოციაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც დანიშნული ეროვნული ორგანო სამდივნოდან იღებს ცირკულარული წერილების ან სხვა სახით, იმ ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების შესახებ, რომლებიც ექვემდებარებიან შეტყობინებას წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურით, აგრეთვე იმპორტიორი მხარის პასუხების/გადაწყვეტილებების მიწოდება ამ ნივთიერებების იმპორტის პირობებთან დაკავშირებით;

 ბ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების იმპორტის შესახებ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ინფორმაციის (იმპორტზე თანხმობა ან იმპორტზე უარის თქმა) შენახვა იმპორტზე თანხმობის უწყებრივ რეესტრში, რომელიც უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, აგრეთვე ამ ინფორმაციის გაცემაზე მოთხოვნის შემთხვევაში;

 გ) იმპორტის შესახებ პასუხის მიწოდება დაინტერესებული მხარეებისთვის, მისი კომპეტენციის ფარგლებში.

 2. ექსპორტიორმა უნდა უზრუნველყოს ქიმიური ნივთიერებების ან პესტიციდების იმპორტთან დაკავშირებული, დანიშნული ეროვნული ორგანოს მეირ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების ან შუალედური პასუხის დაკმაყოფილება არაუგვიანეს 6 თვისა, მას შემდეგ, რაც სამდივნო პირველად შეატყობინებს ექსპორტიორი ქვეყნის დანიშნულ ეროვნულ ორგანოს გადაწყვეტილების შესახებ.

 3. გარდა ამ დადგენილების მე-16 მუხლით გათვალისწინებული ექსპორტის შეტყობინების მოთხოვნებისა, №1 დანართის პირველ ნაწილში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებები, პესტიციდები, რომლებიც ექვემდებარება წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას ან ასეთი ნივთიერების შემცველი ნარევები, არ უნდა იქნეს ექსპორტირებული, თუ არ არის დაკმაყოფილებული ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი:

 ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამდივნოს უახლეს ცირკულარულ წერილში მითითებულია, რომ იმპორტიორმა მხარემ თანხმობა განაცხადა იმპორტზე;

 ბ) ექსპორტიორის მიერ მოძიებულ ან/და მიღებულ იქნა გაცხადებული თანხმობა იმპორტზე იმპორტიორი მხარის დანიშნული ეროვნული ორგანოსგან ან სხვა იმპორტიორი ქვეყნის შესაბამისი დანიშნული ორგანოსგან. იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორი მხარის მიერ განხორციელებულ იქნა ქმედებები თანხმობის მიღებისთვის და პასუხი არ იქნა მიღებული შეტყობინების გაგზავნიდან 30 დღის განმავლობაში, დანიშნული ეროვნული ორგანოს მიერ გაგზავნილ უნდა იქნეს შეხსენება.

 4. დანიშნულ ეროვნულ ორგანოს შეუძლია, ცალკეულ შემთხვევებში, მიიღოს გადაწყვეტილება ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების გაგრძელებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არ არის მიღებული პასუხი შეტყობინების გაგზავნიდან 60 დღის განმავლობაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და არსებობს ოფიციალური წყაროებიდან მიღებული მტკიცებულება იმპორტიორი მხარისგან ან სხვა ქვეყნიდან იმის შესახებ, რომ იმპორტიორ ქვეყანაში ქიმიური ნივთიერება და პესტიციდი არის ლიცენზირებული ან/და რეგისტრირებული გამოყენებისათვის.

 5. შესაბამისი დანიშნული ორგანო ვალდებულია, ყველა მოთხოვნის გაცხადებული თანხმობები, მიღებული პასუხები და უარი ექსპორტზე/იმპორტზე აღრიცხოს იმპორტზე თანხმობის უწყებრივ რეესტრში.

 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თითოეულ გაცხადებულ თანხმობას ან უარს, რომელიც მიღებულია იმპორტიორი ქვეყნის დანიშნული ეროვნული ორგანოდან, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უნდა მიენიჭოს გაცხადებული თანხმობის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც წერილობით უნდა ეცნობოს ექსპორტიორ მხარეს გონივრულ ვადაში. ასევე უნდა მიეთითოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეეხება თანხმობის პირობებს და მოქმედების ვადებს.

 7. ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის ექსპორტი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 6 თვით ადრე მისი გამოყენების ვადის გასვლის თარიღამდე, თუ ასეთი თარიღი არსებობს ან ამ თარიღის დადგენა შეიძლება წარმოების თარიღიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ქიმიური ნივთიერების თვისებების მიხედვით ამის დადგენა შეუძლებელია.

 8. ამ დადგენილების №2 დანართში - „საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხა, რომელთა წარმოება, გამოყენება, იმპორტი და ექსპორტი საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია სტოკჰოლმის კონვენციის თანახმად“, ჩამოთვლილი საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტი (რომელთა წარმოება, გამოყენება, იმპორტი და ექსპორტი საქართველოში აკრძალულია სტოკჰოლმის კონვენციის თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის მიზნით) არ უნდა განხორციელდეს.

 

მუხლი 19. ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტის თანმხლები ინფორმაცია

 1. ამ დადგენილების №1 დანართში მითითებული ექსპორტირებული ქიმიური ნივთიერებები ან/და პესტიციდები ექვემდებარება შეფუთვასა და ეტიკეტირებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის და ეტიკეტირების გლობალური ჰარმონიზებული სისტემის (UN GHS) შესაბამისად ან ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს იმპორტიორი მხარის სპეციფიკური მოთხოვნები, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები და საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი ინფორმაცია.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული ვარგისიანობის ვადა და გამოშვების თარიღი, აუცილებლობის შემთხვევაში, სხვადასხვა კლიმატური ზონებისათვის უნდა მიეთითოს შესაბამისი ვარგისიანობის ვადა.

 3. პესტიციდების ექსპორტის შემთხვევაში, ექსპორტიორებმა უნდა უზრუნველყონ ეტიკეტზე კონკრეტული ინფორმაციის არსებობა, შენახვის პირობებისა და შენახვისას იმპორტიორი ქვეყნის კლიმატური პირობების შესაბამისად, პესტიციდის სტაბილურობის შესახებ, აგრეთვე კონტეინერების ზომა და ოპტიმალური შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს მათი თვისებების გაუარესების რისკის მინიმუმამდე დაყვანას.

 4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ქიმიურ ნივთიერებებს და პესტიციდებს ექსპორტისას თან უნდა ახლდეს უსაფრთხოების შესახებ მონაცემთა ფურცელი (MSDS), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციის და ეტიკეტირების გლობალური ჰარმონიზებული სისტემის (UN GHS) შესაბამისად ან ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით. ექსპორტიორმა უსაფრთხოების შესახებ მონაცემთა ფურცელი უნდა დაუგზავნოს თითოეულ იმპორტიორს.

 5. შეტყობინების ინფორმაცია, აგრეთვე ეტიკეტსა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემთა ფურცელში (MSDS) განთავსებული ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს როტერდამის კონვენციის ოფიციალურ ენებზე ან ერთ ან რამდენიმე ძირითად ენაზე, დანიშნულების ქვეყნის შესაბამისად.

 

მუხლი 20. ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი

 საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში - სამსახური) ახორციელებს ამ დადგენილების პირველ დანართში ჩამოთვლილი, მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის კონტროლს, დანიშნული ეროვნული ორგანოების მიერ გაცემული თანხმობის შესაბამისად და ექსპორტის კონტროლს, იმპორტიორი მხარის გაცხადებული თანხმობის შეტყობინების შესახებ, დანიშნული ეროვნული ორგანოების მიერ გადაცემული ინფორმაციის შესაბამისად.

 

მუხლი 21. პასუხისმგებლობა დადგენილების დარღვევისათვის

ამ დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.