საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

საბიბლიოთეკო საქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 267
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 18, 10/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 450.090.020.05.001.000.143
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
267
11/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 18, 10/07/1996
450.090.020.05.001.000.143
საბიბლიოთეკო საქმის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზაციის ძირითად საკითხებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საბიბლიოთეკო ურთიერთობებს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.

2. ბიბლიოთეკა არის კულტურულ-საგანმანათლებლო სამეცნიერო-ინფორმაციული დაწესებულება, რომლის მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციაა სრულად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი ფონდები და სხვა საბიბლიოთეკო რესურსები ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

    მუხლი 2. საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანები

საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანებია:

ა) მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები); ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის;

ბ) შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის მომსახურება როგორც ადგილზე გაცემით, ისე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით;

გ) ბავშვთა და მოზარდთა საბიბლიოთეკო მომსახურება სასკოლო, დამოუკიდებელი საბავშვო ბიბლიოთეკებით ან მასობრივ ბიბლიოთეკებში სპეციალური საბავშვო განყოფილებებისა და ფონდების შექნის გზით. სასკოლო ბიბლიოთეკების საქმიანობა განიხილება როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის შემადგენელი ნაწილი;

დ) მოხუცთა და ინვალიდთა სპეციალიზებული საბიბლიოთეკო მომსახურება;

ე) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საბიბლიოთეკო მომსახურება.

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2723 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.59

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3558 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 3. ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები

ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებია:

ა) პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტი;

ბ) მკითხველთა თანასწორუფლებიანობა;

გ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდველობა;

დ) ოპერატიულობა.

    მუხლი 4. სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის როლი საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფის საქმეში

1. სახელმწიფო არის ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტი არ ერევა ბიბლიოთეკების პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საბიბლიოთეკო სფეროში სტანდარტებსა და ნორმატივებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) წინადადებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო).

3. ერ ოვნული ბიბლიოთეკა შეიმუშავებს საბიბლიოთეკო საქმის განვითარების პროგრამებს, ატარებს საბიბლიოთეკო საქმის განვითარების სხვა ღონისძიებებს.

4. ეროვნული ბიბლიოთეკა საბიბლიოთეკო სფეროს განვითარების მიზნით ახორციელებს:

ა) საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიული და სამეცნიერო-ინფორმაციული საქმიანობის ორგანიზებას;

ბ) წინადადებების შემუშავებას საბიბლიოთეკო სტანდარტებისა და ნორმატივების თაობაზე;

გ) საბიბლიოთეკო სფეროში სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის წარმოებას;

დ) ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას, გამდიდრებას, რეგისტრაციასა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს;

ე) დადგენილი ნუსხის მიხედვით ბიბლიოთეკებისათვის გამოყოფილი უფასო სავალდებულო ცალების მიღებას;

ვ) ბიბლიოთეკების მატერიალურ სტიმულირებას და მხარდაჭერას, რომლებიც მოსახლეობას უფასოდ ემსახურებიან;

ზ) კადრების მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელებას;

თ) ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობას;

ი) საბიბლიოთეკო საქმის ინფორმაციულ სრულყოფას. 

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №381 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3868 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

    მუხლი 5. ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება

ბიბლიოთეკით სარგებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია. გამონაკლისია იმ უწყების ბიბლიოთეკა, რომლის საქმიანობა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვასთანაა დაკავშირებული.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

     მუხლი 6. საბიბლიოთეკო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

საბიბლიოთეკო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი II. ბიბლიოთეკისა და მკითხველის უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 7. მკითხველის უფლებები

მკითხველი უფლებამოსილია:

ა) მიიღოს ბიბლიოთეკაში დაცული საბიბლიოთეკო დოკუმენტები ბიბლიოთეკით – სარგებლობის წესების შესაბამისად;

ბ) მიიღოს სრული ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ;

გ) ისარგებლოს ბიბლიოთეკის საძიებო საშუალებებით;

დ) ორიგინალის უქონლობის შემთხვევაში მიიღოს მისთვის საჭირო დოკუმენტი ან მისი ასლი სხვა ბიბლიოთეკიდან ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის მეშვეობით;

ე) მოითხოვოს მისთვის საჭირო დოკუმენტის ასლის გადაღება ბიბლიოთეკაში დადგენილი ნიხრის მიხედვით;

ვ) ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით გამოაქვეყნოს ან სხვა საშუალებებით გააცნოს საზოგადოებას საბიბლიოთეკო დოკუმენტი, თუკი ის არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოებისა და საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობას;

ზ) მონაწილეობა მიიღოს ბიბლიოთეკართა და ბიბლიოთეკის მკითხველთა საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობაში ან ბიბლიოთეკის საჭირბოროტო საკითხების განხილვაში.

    მუხლი 8. მკითხველის პასუხისმგებლობა

1. მკითხველი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები.

2. მკითხველი, რომელიც დაარღვევს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, აანაზღაურებს ზარალს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებით დადგენილი ნორმის შესაბამისად. მას ეკისრება აგრეთვე სხვაგვარი პასუხისმგებლობაც მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 9. ბიბლიოთეკის უფლებები

ბიბლიოთეკა უფლებამოსილია:

ა) განაგოს საკუთარი სახსრები საქართველოს კანონმდებლობისა და ბიბლიოთეკის დებულების საფუძველზე;

ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს/ზემდგომ ორგანოს წარუდგინოს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების დასაბუთებული პროგრამა;

გ) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო საგამომცემლო და საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრაში;

დ) მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს ან მატერიალურ ზარალს აყენებენ ბიბლიოთეკას;

ე) ითანამშრომლოს უცხოეთის ბიბლიოთეკებთან, გახდეს საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებათა წევრი;

ვ) ეწეოდეს კანონით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 10. ბიბლიოთეკის მოვალეობანი

ბიბლიოთეკა ვალდებულია:

ა) თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) დაიცვას სახელმწიფო სტანდარტები;

გ) სისტემატურად დააკომპლექტოს ფონდები პროფილის შესაბამისი საბიბლიოთეკო დოკუმენტებით და ოპერატიულად უზრუნველყოს მათი ასახვა ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო საშუალებებში;

დ) გაუცვალოს სხვა ბიბლიოთეკებს ზედმეტი საბიბლიოთეკო დოკუმენტები;

ე) უზრუნველყოს მკითხველთა მომსახურების მაღალი დონე მათი ინტერესების შესწავლისა და საბიბლიოთეკო რესურსების კოოპერირების საფუძველზე;

ვ) შეადგინოს და გააცნოს მკითხველს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები;

ზ) აწარმოოს კოორდინირებული მუშაობა მუნიციპალიტეტების მთავარ ბიბლიოთეკებთან საბიბლიოთეკო რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის;“;

თ) აწარმოოს საბიბლიოთეკო სტატისტიკა საქართველოში დადგენილი წესით;

ი) საბიბლიოთეკო-სამეცნიერო გამოკვლევების ხელშეწყობის მიზნით ეწეოდეს დამატებითი საბიბლიოთეკო მონაცემების ობიექტურ აღრიცხვას;

კ) დანერგოს საბიბლიოთეკო ტექნიკური საშუალებები და უახლესი ტექნოლოგია;

ლ) გაითვალისწინოს ეროვნული ბიბლიოთეკის რეკომენდაციები.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 11. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობანი

1. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობანი რეგულირდება შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. (ამოღებულია - 15.07.2020, №6911).

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი III. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემა

    მუხლი 12. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემა

1. საქართველოს  საბიბლიოთეკო სისტემა მოიცავს ეროვნულ ბიბლიოთეკას, მუნიციპალიტეტის, საუწყებო და კერძო ბიბლიოთეკების ქსელებს. სისტემაში შედის: ეროვნული, სამეცნიერო (უნივერსალური და დარგობრივი), სამეცნიერო-ტექნიკური, სამეცნიერო-სასწავლო, მასობრივი, საბავშვო, სასკოლო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკები.

2. საბიბლიოთეკო სისტემაში შემავალი ბიბლიოთეკებიდან, რომლებიც გაერთიანებული არიან ერთ ქსელში, დამფუძნებელმა ან მესაკუთრემ შეიძლება გამოყოს მთავარი ბიბლიოთეკა.

3. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარ ბიბლიოთეკას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, აფხაზეთსა და აჭარაში – რესპუბლიკური ბიბლიოთეკები.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

     მუხლი 14. კერძო ბიბლიოთეკის ფუნქციონირების გარანტიები

1. გარანტირებულია კერძო ბიბლიოთეკის საქმიანობის თავისუფლება, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

2. კერძო ბიბლიოთეკა ხელმძღვანელობს საბიბლიოთეკო სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით და მას შეუძლია სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა.

3. კერძო და საჯარო ბიბლიოთეკების ერთობლივი საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 15. ბიბლიოგრაფიულ-ინფორმაციული საბიბლიოთეკო ცენტრი

1. მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები თავიანთ სამომსახურეო ტერიტორიებზე წარმოადგენენ ინფორმაციის ცენტრებს, რომლებიც ახორციელებენ დოკუმენტების შერჩევით შეგროვებასა და ინფორმირებას.

2. საქართველოში გამოცემული ყველა ნორმატიული ხასიათისა და საბიბლიოთეკო დოკუმენტის თავმოყრის, სრულად ასახვისა და ინფორმირების ფუნქციები ეკისრება ეროვნულ ბიბლიოთეკას.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1627   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3049 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 16. ბიბლიოთეკა და ეროვნული საინფორმაციო ინფრასტრუქტურა

საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემა წარმოადგენს ეროვნული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ძირითად რგოლს. იგი თანამშრომლობს არქივებთან და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სხვა ორგანოებთან, რომელთაც სხვადასხვა დონის ინფორმაციული მონაცემების ბანკი აქვთ. მათი ურთიერთობის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო პროგრამებით, აგრეთვე ამ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებებით.

 

თავი IV. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

    მუხლი 17. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში

1. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა – საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკა – არის საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა და ქვეყნის საბიბლიოთეკო საქმის კოორდინატორი და მეთოდური ცენტრი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების უნივერსალურ ინფორმაციულ მოთხოვნებს, ორგანიზაციას უწევს საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ და სამეცნიერო-ინფორმაციულ საქმიანობას, ხელს უწყობს ეროვნული და მსოფლიო კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განვითარებას.

2. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული ფასეული ობიექტი და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. დაუშვებელია მისი საკუთრების ფორმის, პროფილის შეცვლა ან ლიკვიდაცია. გარანტირებულია მისი ფონდების მთლიანობა და გაუსხვისებლობა.

    მუხლი 18. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის რეგულირება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონით ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ.

 

თავი V. საბიბლიოთეკო საქმის მართვა

    მუხლი 19. საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაცია

საბიბლიოთეკო საქმის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. მისი ფუნქციებია:

ა) საბიბლიოთეკო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო-მეთოდური ხელშეწყობა;

ბ) საერთაშორისო საბიბლიოთეკო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესრულების უზრუნველყოფა;

გ) საბიბლიოთეკო კადრების მომზადება-გადამზადების პოლიტიკის განსაზღვრა;

დ) საბიბლიოთეკო დარგში სახელმწიფო სტანდარტების დაცვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

ე) საბიბლიოთეკო სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი;

ვ) ბიბლიოთეკების რეესტრის წარმოება;

ზ) ბიბლიოთეკების რეესტრში რეგისტრირებული ბიბლიოთეკების დახმარებისა და განვითარების პროგრამების განხორციელება.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1627   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3049 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 20. საბიბლიოთეკო საქმის მართვა აფხაზეთსა და აჭარაში

საბიბლიოთეკო საქმის მართვა აფხაზეთსა და აჭარაში ხორციელდება ამ კანონისა და მათი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 21. მუნიციპალიტეტის ორგანოების როლი საბიბლიოთეკო საქმიანობის მართვაში

1. მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ საბიბლიოთეკო ქსელის ორგანიზება მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური პირობების, მოსახლეობის რაოდენობის, მისი განსახლებისა და საინფორმაციო მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1627   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3049 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 22. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირთა დანიშვნა

1. მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული მთავარი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ადგილობრივი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს – მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოებთან შეთანხმებით.

2. უწყებათა და არასახელმწიფო ბიბლიოთეკათა ხელმძღვანელებს ნიშნავენ მათი დამფუძნებლები.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1627   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3049 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 23. საზოგადოების მონაწილება ბიბლიოთეკის მართვაში

მოქალაქეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ბიბლიოთეკების მართვაში ბიბლიოთეკართა და მკითხველთა საზოგადოებრივ და პროფესიულ გაერთიანებებში მონაწილეობის გზით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი VI. ბიბლიოთეკის დაფინანსება

      მუხლი 24. სახელმწიფო ბიბლიოთეკის ფინანსური რესურსები და მათი გამოყენება

1. ბიბლიოთეკის დაფინანსების წყაროებია: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ბიბლიოთეკის დამფუძნებელთა მიერ შეტანილი თანხები, საქველმოქმედო შემოწირულებები, აგრეთვე კანონით ნებადართული სხვა შემოსავალი.

2. ბიბლიოთეკა დამოუკიდებლად ანაწილებს და იყენებს ფინანსურ რესურსებს. ფინანსური რესურსების განაწილება-გამოყენების წესი განისაზღვრება ბიბლიოთეკის დებულებით.

3. ფინანსურ საქმიანობას აკონტროლებენ ბიბლიოთეკის დამფუძნებლები და დამფინანსებლები.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 25. მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება

საბიბლიოთეკო სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამები − მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი VII. ბიბლიოთეკის ორგანიზაცია

    მუხლი 26. ბიბლიოთეკის დაფუძნება

1. ბიბლიოთეკის დაფუძნება შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს დამოუკიდებელი დაწესებულების ან იურიდიული პირის ქვედანაყოფის სახით საბიბლიოთეკო ფონდის მინიმუმის, შენობის, ინვენტარის არსებობის შემთხვევაში.

2. უცხო სახელმწიფოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბიბლიოთეკის დაფუძნების უფლებასა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

    მუხლი 27. ბიბლიოთეკის დამფუძნებელი

ბიბლიოთეკის დამფუძნებელი აფინანსებს ბიბლიოთეკას, აკონტროლებს მის საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ნიშნავს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს. ბიბლიოთეკის დამფუძნებელს არა აქვს უფლება ჩაერიოს ბიბლიოთეკის შემოქმედებით საქმიანობაში, ბიბლიოთეკის წესდებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

      მუხლი 28. ბიბლიოთეკის რეესტრი

1. ბიბლიოთეკების რეესტრს აწარმოებს ეროვნული ბიბლიოთეკა.

2. ბიბლიოთეკების რეესტრში რეგისტრაცია ნებაყოფლობითია და მასში შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ბიბლიოთეკა (განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა).

3. ბიბლიოთეკების რეესტრში რეგისტრაციის წესსა და პირობებს ადგენს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

4. რეგისტრაციაზე უარს განიხილავს სასამართლო.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1627   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3049 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 29. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ლიკვიდირებული ბიბლიოთეკის ქონების გადაცემის საკითხს წყვეტს დამფუძნებელი.

3. აკრძალულია სახელმწიფო ბიბლიოთეკის პრივატიზაცია.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი VIII. საქართველოს საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი

    მუხლი 30. საქართველოს საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის შემადგენლობა

საქართველოს საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი შედგება სახელმწიფო და არასახელმწიფო საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდებისაგან.

    მუხლი 31. საქართველოს სახელმწიფო საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი

საქართველოს სახელმწიფო საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი საქართველოს საკუთრებაა. ის წარმოადგენს სახელმწიფო საბიბლიოთეკო სისტემის ბიბლიოთეკებში დაცულ ყველა სახის საბიბლიოთეკო დოკუმენტთა ფონდების ერთობლიობას. საბიბლიოთეკო დოკუმენტებით სარგებლობა შეუზღუდავია. შეზღუდვა ხდება მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებისა და მოქალაქეთა კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის მიზნით კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 32. აფხაზეთისა და აჭარის საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი

აფხაზეთისა და აჭარის საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდი წარმოადგენს მათი ბიბლიოთეკების ყველა სახის საბიბლიოთეკო დოკუმენტთა ფონდების ერთობლიობას და არის საქართველოს საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის შემადგენელი ნაწილი.

    მუხლი 33. საბიბლიოთეკო დოკუმენტების სავალდებულო ეგზემპლარები

უფასო სავალდებულო ეგზემპლარების მიღების უფლების მქონე დაწესებულებათა ნუსხაში შეტანილი ბიბლიოთეკა უფასოდ იღებს და იცავს საქართველოში გამოცემული ყველა დოკუმენტის ეგზემპლარს.

    მუხლი 34. საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეძენის უფლება

სახელმწიფო ბიბლიოთეკები თანაბარი მატერიალური ანაზღაურების პირობებში სარგებლობენ საბიბლიოთეკო დოკუმენტების პირველ რიგში შეძენის უფლებით.

    მუხლი 35. მესაკუთრის გარეშე დარჩენილი საბიბლიოთეკო დოკუმენტების გადაცემა

მესაკუთრის გარეშე დარჩენილი საბიბლიოთეკო ლოკუმენტები გადადის საქართველოს სახელმწიფო საბიბლიოთეკო სისტემის განკარგულებაში.

    მუხლი 36. საბიბლიოთეკო დოკუმენტების გაცვლისა და გაყიდვის უფლება

ბიბლიოთეკებსა და სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს შორის საბიბლიოთეკო დოკუმენტების გადანაწილება-გაყიდვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 37. განსაკუთრებული მნიშვნელობის საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვა

1. სახელმწიფო და არასახელმწიფო საბიბლიოთეკო ფონდების განსაკუთრებული მნიშვნელობის ფასეულობანი შეტანილია საქართველოს კულტურულ ფასეულობათა ნუსხაში და განსაკუთრებული დაცვის ობიექტს წარმოადგენს.

2. სავალდებულო ეგზემპლარებით და განსაკუთრებით ფასეული, იშვიათი დოკუმენტებით შედგენილი საბიბლიოთეკო ფონდი ქვეყნის კულტურული საკუთრებაა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გამოცხადდეს ისტორიისა და კულტურის ძეგლად. ამგვარი ფონდის გამოყენების, შენახვისა და დაცვისათვის წესდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული რეჟიმი.

3. თუ ბიბლიოთეკა ვერ უზრუნველყოფს ისტორიისა და კულტურის ძეგლად გამოცხადებული ფონდის დაცვისა და სარგებლობის საჭირო პირობებს, ასეთი ფონდი შეიძლება გადაეცეს სხვა ბიბლიოთეკას ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს წარდგენით.

4. იმ ბიბლიოთეკის ლიკვიდაცია, რომელიც ისტორიისა და კულტურის ძეგლებად რეგისტრირებულ ფონდებს ფლობს, დასაშვებია მხოლოდ ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ორგანოს ნებართვით ამ ფონდების შემდგომი დაცვისა და სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

5. მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ისტორიისა და კულტურის ძეგლების მნიშვნელობის ტოლფასოვანი გამოცემები და კოლექციები, მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, უფლება აქვთ ისარგებლონ სახელმწიფოს მხარდაჭერით.

    მუხლი 38. საბიბლიოთეკო ფასეულობათა გადაადგილება

საბიბლიოთეკო ფონდებში დაცულ ფასეულობათა გადაადგილება ან საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

თავი IX. ბიბლიოთეკების საერთაშორისო თანამშრომლობა

    მუხლი 39. ბიბლიოთეკების უფლებამოსილება საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში

1. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში შემავალი ბიბლიოთეკები უფლებამოსილი არიან გაწევრიანდნენ საერთაშორისო საბიბლიოთეკო ორგანიზაციებში, ითანამშრომლონ საზღვარგარეთის ბიბლიოთეკებთან და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო ბიბლიოთეკების საერთაშორისო წარმომადგენლობას.

 

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 11 ივნისი.

№267IIს