საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • Word
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/05/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 13, 07/06/1996
სარეგისტრაციო კოდი 150.000.000.05.001.000.138
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
230
16/05/1996
პარლამენტის უწყებანი, 13, 07/06/1996
150.000.000.05.001.000.138
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (23/06/1999 - 20/04/2005)

საქართველოს ორგანული კანონი 

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142

 

თავი 1

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

კანონი საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას, მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფორმებს.

    მუხლი 2.

საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

     მუხლი 3.

1. საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.

2. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოს მიერ მათი უზრუნველყოფის მიზნით, ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა, თანამდებობის და იურიდიულ პირთა საქმიანობას, აფასებს მათ მიერ მიღებულ აქტებს, აძლევს რეკომენდაციებსა და წინადადებებს.

3. საქართველოს სახალხო დამცველი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში.

    მუხლი 4.

საქართველოს სახალხო დამცველი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება საქართველოს სახალხო დამცველზე ან ჩარევა მის საქმიანობაში აკრძალულია და ისჯება კანონით.

     მუხლი 5.

1. საქართველოს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შუქმნას მას მოღვაწეობისა და ცხოვრების სათანადო პირობები.

2. საქართველოს სახალხო დამცველი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გენერალური პროკურორის მიმართვიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

3. საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების შესახებ თანხმობისას, საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება შეჩერდება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება აღდგება.

4. საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც საქართველოს სახალხო დამცველს; ეს უფლება მას უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. არ შეიძლება სახალხო დამცველისათვის განკუთვნილი წერილობითი მასალის დაყადაღება.

5. საქართველოს სახალხო დამცველი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.

6. უზრუნველყოფილია საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. მისი განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სახალხო დამცველისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

7. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

თავი 2

 საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა

     მუხლი 6.

1. საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე.

2. საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით, კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

3. კენჭისყრის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს აცნობებს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევის შესახებ. ყოველ ასარჩევ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. კენჭისყრა ფარულია.

4. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა რაოდენობის ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. მიღებულ ხმათა ტოლობის შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გრძელდება სახალხო დამცველის გამოვლენამდე.

5. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღისა ტარდება ხელახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნებისას კანდიდატურების წარდგენა და არჩეულის გამოვლენა ხდება ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.

6. არჩევნების ერთ ციკლში ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

     მუხლი 7.

1. ახლად არჩეული საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. თუ იგი არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო არჩევის მომდევნო დღიდან, თუ არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლის შემდეგ, ანდა თუ წინა საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება ვადამდე იქნა შეწყვეტილი.

2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება წყდება არჩევიდან 5 წლის თავზე ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.

3. ერთი და იგივე პირი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

     მუხლი 8.

1. საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობა შეუთავსებელია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობასთან, სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო მოღვაწეობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

2. თანამდებობაზე არჩევიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია შეწყვიტოს მის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. თუ საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ დროში არ შეასრულებს დადგენილ მოთხოვნებს, მისი უფლებამოსილება წყდება და პარლამენტი აირჩევს ახალ საქართველოს სახალხო დამცველს.

     მუხლი 9.

1. საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტი ირჩევს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 და ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა.

2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი საქართველოს სახალხო დამცველის არჩევამდე, მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე სარგებლობს საქართველოს სახალხო დამცველისათვის მინიჭებული უფლებებით, სამართლებრივი გარანტიებითა და ხელშეუხებლობით.

     მუხლი 10.

1. საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას;

გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

ე) დაიკავა ან უკავია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

ვ) ნებაყოფლობით გადადგა;

ზ) გარდაიცვალა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული მდგომარეობის დადგენის მომენტიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ) და ე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით.

    მუხლი 11.

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ წყვეტს საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობას და არ ზღუდავს მის უფლებამოსილებას.

 

თავი 3.

საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი

    მუხლი 12.

საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას, მათი დარღვევის ფაქტებს, როგორც მიღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით, თუ მისთვის ცნობილი გახდება ეს დარღვევები.

    მუხლი 13.

საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციათა, დაწესებულებათა, საწარმოთა, თანამდებობის და იურიდიულ პირთა ქმედობებს ან მათ აქტებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევების შესახებ, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

     მუხლი 14.

1. განცხადებასა და საჩივარს საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის ზემდგომი ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, და როდესაც განცხადება ან საჩივარი ეხება საკითხის განხილვის დროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევას.

2. საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს არ განიხილოს განცხადება ან საჩივარი, რომლის თაობაზეც მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, თუ არ წარმოიქმნა ახალი გარემოებანი.

3. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ განცხადებისა და საჩივრის განხილვამ არ შეიძლება დააბრკოლოს ანალოგიური განცხადების ან საჩივრის განხილვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

    მუხლი 15.  

დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის გაგზავნილი განცხადებები, საჩივრები და წერილები კონფიდენციალურია, მათი გახსნა და ცენზურა აკრძალულია; ისინი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს საქართველოს სახალხო დამცველს.

     მუხლი 16.

1. განცხადება და საჩივარი არ იბეგრება სახელმწიფო გადასახადით.

2. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დაინტერესებული პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა.

     მუხლი 17.

1. განცხადებისა და საჩივრის მიღების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების დაწყების თაობაზე.

2. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი აცნობებს განმცხადებელს და იმ სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის ან იურიდიულ პირს, რომლის ქმედებაც ან გადაწყვეტილებაც არის გასაჩივრებული.

3. საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია აცნობოს განმცხადებელს საჩივრის შემოწმების შედეგები კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 18.

შემოწმების ჩატარებისას საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს:

ა) დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათ შორის სამხედრო ქვედანაყოფში, დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში;

ბ) მოსთხოვოს და მიიღოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო და არასახელმწიფო საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან, აგრეთვე თანამდებობის და იურიდიულ პირთაგან შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, საბუთი და სხვა მასალა;

გ) მიიღოს ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხებზე ნებისმიერი თანამდებობის პირისაგან;

დ) სახელმწიფო და/ან არასახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები და მოამზადოს დასკვნები. მოიწვიოს სპეციალისტები საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად;

ე) გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, რომელთა თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული.

    მუხლი 19.

საქართველოს სახალხო დამცველი ამოწმებს დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას. პირადად ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, წინასწარ პატიმრობაში მყოფთ და მსჯავრდებულებს; ამოწმებს აღნიშნულ დაწესებულებაში მათი ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

     მუხლი 20.

1. სახელმწიფო, კომერციული ან კანონით დაცული სხვა საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს გადაეცემა კანონით დადგენილი წესით.

2. საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია არ გაამჟღავნოს საიდუმლო და კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაცია.

    მუხლი 21.

შემოწმების შედეგების მიხედვით საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია:

ა) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფის მიზნით წინადადებები წარუდგინოს პარლამენტს კანონმდებლობის სრულყოფის შესახებ;

ბ) ადამიანის დარღვეულ უფლებათა და თავისუფლებათა აღსადგენად რეკომენდაციები გაუგზავნოს იმ სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის ან იურიდიულ პირს, რომლის მოქმედებამაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა დარღვევა;

გ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მის ხელთ არსებული მასალები გადასცეს შესაბამის ორგანოებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის რეკომენდაციით;

დ) შეიტანოს წინადადებები შესაბამის ორგანოებში იმ პირთა დისციპლინური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ, რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა;

ე) რეკომენდაციით მიმართოს შესაბამის სასამართლო ინსტანციას ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების თაობაზე, თუკი შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სასამართლო წარმოების პროცესში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევას შეეძლო არსებითად ემოქმედა სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაზე;

ვ) აცნობოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით ჩატარებული შემოწმების შედეგები;

ზ) შემოწმების შედეგების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები გამოაქვეყნოს სპეციალურ მოხსენებებსა და ანგარიშებში;

თ) წერილობით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და მოხსენებით წარსდგეს საქართველოს პარლამენტის წინაშე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უხეშ და/ან მასობრივ დარღვევათა შემთხვევაში, თუკი მის განკარგულებაში არსებული რეაგირების საშუალებები არასაკმარისი იქნება;

ი) კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ ამომრჩეველთა მოთხოვნის მიუხედავად არ დაინიშნა რეფერენდუმი; თუ მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის ჩატარება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, ან თუ ნორმატიული აქტით ან მისი ცალკეული ნორმებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი;

კ) განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართოს საქართველოს პარლამენტს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და საქართველოს პარლამენტის მიერ საკითხის განხილვის მოთხოვნით.

საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142

    მუხლი 22.

1. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ექვს თვეში ერთხელ, კალენდარული წლის მარტსა და ოქტომბერში.

2. საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული უნდა იყვნენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ის ორგანოები, თანამდებობის და იურიდიული პირები, რომელნიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არ ითვალისწინებდნენ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებათა შესახებ.

3. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფის ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

4. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სპეციალურ მოხსენებას.

5. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. სპეციალური მოხსენება შეიძლება გამოქვეყნდეს საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით.

საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142

თავი 4

საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი გარანტიები

     მუხლი 23.

1. ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

2. შემოწმების პროცესში ან საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე ის სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის ან იურიდიული პირი, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილება მოწმდება, ან გასაჩივრებულია, ვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინოს ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხზე.

3. მასალები, საბუთები, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით.

4. სათანადო მასალები უნდა გაეცნოს განმცხადებელს.

    მუხლი 24.

სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის ან იურიდიული პირი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია ერთი თვის ვადაში განიხილოს და წერილობით აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს განხილვის შედეგები.

     მუხლი 25.

1. ამ კანონით დადგენილ მოვალეობათა შეუსრულებლობა, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის ნებისმიერი ფორმით დაბრკოლების შექმნა ისჯება კანონით და აისახება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, რაც საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იქნება.

2. საქართველოს სახალხო დამცველის და მისი სამუშაო აპარატის ორგანიზაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე მუხლით. საქართველოს სახალხო დამცველი წარადგენს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის პროექტს კანონით განსაზღვრული წესით.

საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142

 

თავი 5.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შემადგენლობა და მისი სტრუქტურა

     მუხლი 26.

1. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის უზრუნველყოფისათვის იქმნება საქართველოს სახალხო დამცველის სამუშაო აპარატი, რომლის სტრუქტურას, მუშაობის წესს და ორგანიზაციას განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი სამუშაო აპარატის დებულებით.

2. საქართველოს სახალხო დამცველის სამუშაო აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სახალხო დამცველი.

3. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეზე ვრცელდება საქართველოს სახალხო დამცველისათვის ამ კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.

     მუხლი 27.

1.  საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე და აპარატის თანამშრომლები ამ კანონის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ან მის ნაწილს ახორციელებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას სპეციალური რწმუნების მქონე პირს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, უფლება აქვს ჩვენება მისცეს მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით. ეს უფლება ზემოთ დასახელებულ პირს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება შეიძლება მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით.

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 16 მაისი

№230-IIს

 

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.142

28. 07/03/2024 - საქართველოს ორგანული კანონი - 4085-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/03/2024 27. 15/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6863-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 26. 15/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6862-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 25. 14/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6849-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 24. 21/05/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 5905-სს - ვებგვერდი, 25/05/2020 23. 20/09/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 5005-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 22. 03/05/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4550-IIს - ვებგვერდი, 10/05/2019 21. 06/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3905-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 20. 05/09/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3371-Iს - ვებგვერდი, 21/09/2018 19. 21/12/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 171-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 18. 27/10/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4391-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 17. 01/05/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3560-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 16. 20/03/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3398-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 15. 26/12/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 3016-რს - ვებგვერდი, 30/12/2014 14. 02/05/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2395-IIს - ვებგვერდი, 07/05/2014 13. 13/12/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1800-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 12. 18/09/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1082-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 12/07/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 835-რს - ვებგვერდი, 25/07/2013 10. 30/05/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 669-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 9. 11/11/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5264-IIს - ვებგვერდი, 111124016, 24/11/2011 8. 24/09/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3621 - სსმ, 52, 30/09/2010 7. 21/07/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3565 - სსმ, 46, 04/08/2010 6. 09/03/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2711 - სსმ, 12, 24/03/2010 5. 16/07/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1460 - სსმ, 20, 28/07/2009 4. 16/07/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1462 - სსმ, 20, 28/07/2009 3. 01/11/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 472 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 20/04/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1343 - სსმ, 19, 28/04/2005 1. 23/06/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2146ა - სსმ, 27(34), 06/07/1999