საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ

  • Word
საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 5-6, 24/04/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.030.060.05.001.000.130
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
159
21/03/1996
პარლამენტის უწყებანი, 5-6, 24/04/1996
110.030.060.05.001.000.130
საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/04/1996 - 12/02/2002)

საქართველოს კანონი

საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ

თავი I

საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპები

     მუხლი 1

1. საკონსტიტუციო სამართალწარმოება ხორციელდება კონსტიტუციისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

2. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე, მე-40, 41-ე მუხლების პირველ ნაწილებში და 42-ე მუხლში მოხსენიებული პირები და ორგანოები თანაბრად არიან უფლებამოსილნი უშუალოდ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.

3. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

     მუხლი 2

1. საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს განიხილავს ღია სხდომაზე.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით სახელმწიფო, პირადი, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება დაიხუროს. აუცილებლობის შემთხვევაში, დახურულ სხდომაზე შეიძლება დაესწრონ მოწმეები, ექსპერტები და თარჯიმნები, მხარეთა შუამდგმლობით საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება მისცეს სხვა პირებსაც.

3. განჩინება საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს სათათბირო ოთახში.

4. სასამართლოს სხდომაზე არ დაიშვება პირი, რომელსაც არ შესრულებია 16 წელი, თუ ის არ არის მოწმე, ასევე შეიარაღებული პირი, გარდა იმ პირებისა, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს იცავენ. ეს უკანასკნელნი დაიშვებიან მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნებართვით.

5. სასამართლო სხდომაზე რადიო, ტელე, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გაკეთება დასაშვებია მხოლდ კონკრეტული საქმის განმხილველი სასამართლოს თანხმობით.

     მუხლი 3

საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. სასამართლო ვალდებულია მიუჩინოს თარჯიმანი პროცესის იმ მონაწილეს, რომელიც ვერ ფლობს სამართალწარმოების ენას.

     მუხლი 4

1. საქმეზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ ამ საქმის განხილვაში უშუალოდ მონაწილე მოსამართლეებს. თუ რომელიმე მოსამართლე შეიცვალა, საქმის განხილვა თავიდან იწყება.

2. საქმის განხილვაში მონაწილე რომელიმე მოსამართლის ჩამოცილება არ აბრკოლებს საქმის შემდგომ განხილვას, თუ დარჩენილთა ოდენობა ქმნის მოსამართლეთა კვორუმს.

    მუხლი 5

სასამართლოს სხდომა ტარდება ზეპირად. სასამართლო ვალდებულია კანონით დადგენილი წესით მოისმინოს სამართალწარმოების მონაწილეთა განმარტებები და სიტყვები, მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებები, გამოაქვეყნოს საქმეში არსებული და პროცესის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები.

     მუხლი 6

1. სასამართლოს სხდომა, ასევე მოსამართლეთა თათბირი სამუშაო დღის განმავლობაში შეუწყვეტლად მიმდინარეობს.

2. სასამართლო უფლებამოსილია გადადოს ან შეაჩეროს საქმის განხილვა, თუ აუცილებელია დამატებით მოწმეთა და სპეციალისტთა გამოძახება, ექსპერტიზის ჩატარება, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა, ასევე საქმის განხილვის დამაბრკოლებელ სხვა გარემოებათა აცილება. საქმის განხილვა გრძელდება მისი შეჩერების მომენტიდან.

3. საქმის განხილვა ყველა შემთხვევაში უნდა დასრულდეს ,,ქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლით დადგენილ ვადაში. ამ ვადაში არ შედის საქმის განხილვის მომზადებისათვის ამ კანონით დადგენილი ვადა.

4. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სხვა საქმის განხილვაში გადადებული ან შეჩერებული საქმის განხილვის დასრულებამდე.

     მუხლი 7

1. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში ღია კენჭისყრით. თათბირისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, სათათბირო ოთახში უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ ის მოსამართლენი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საქმის განხილვაში.

2. საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

3. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული აზრი, რაც გადმოიცემა წერილობითი ფორმით.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და ავტორის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად,ქვეყნდება პრესაში.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავებულ აზრთან ერთად სრული სახით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

     მუხლი 8

1. არავის აქვს უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს მოსთხოვოს ანგარიში ან განმარტება კონკრეტულ საქმეზე.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს:

ა) საქმის განხილვის დაწყებამდე, აგრეთვე სასამართლო სხდომის გარეშე, გამოთქვას მოსაზრებები ან მისცეს ვინმეს კონსულტაცია განსახილველი კანონების ან სხვა აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ;

ბ) გაამჟღავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსი ან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიცია.

    მუხლი 9

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კოლექტიური პრინციპით საქმის განხილვისა და გადაწყვეტის წესი დადგენილია ,,ქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე და 45-ე მუხლებით.

 

თავი II

განსჯადობა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილენი

     მუხლი 10

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია ,,ქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლსა და    მე-20 მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილი საკითხები.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისა და კოლეგიის განსჯადი საკითხები გამიჯნულია ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

     მუხლი 11

1. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის (დებულების) არაკონსტიტუციურად ცნობას.

2. თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას, რომელთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ხოლო ნაწილი ხელისუფლების სხვა ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს.

    მუხლი 12

1. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეები არიან:

ა) მხარეები პირები და ორგანოები, რომლებიც ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად ითვლებიან მოსარჩელეებად ან მოპასუხეებად;

ბ) მხარეთა წარმომადგენლები ნდობით აღჭურვილი პირები, რომელთათვის მხარეთა უფლებამოსილების გადაცემა ფორმდება სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) მხარეთა ინტერესების დამცველნი ადვოკატები ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირები, რომლებიც სამართალწარმოებაში მონაწილეობენ მხოლოდ მხარეებთან ან მათ წარმომადგენლებთან ერთად.

2. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის ,,თ“ პუნქტითა და მე-20 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხარეთა და მათ წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე. მე-19 მუხლის ,,თ“ პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე დასკვნის მომზადებისას, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირები და მოისმინოს მათი განმარტება, მაგრამ ამ პირებს მხარე არ აღიარებს.

     მუხლი 13

1. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს თანაბარი უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ მათგან ამონაწერები, გადაიღონ ასლები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, წარადგინონ მტკიცებულებანი, დაუსვან კითხვები ერთმანეთს, მოწმეებს, ექსპერტებს და სპეციალისტებს, მიმართონ შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს, მისცენ მას ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გამოვიდნენ დასკვნითი სიტყვით.

2. მოსარჩელეს უფლება აქვს შეცვალოს თავდაპირველი მოთხოვნის საგანი და საფუძველი, გაზარდოს ან შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

3. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის ,,თ“ პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილი წარდგინების ავტორი უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა. ამისათვის მან წერილობით უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ვალდებულია მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

4. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შემტანი სასამართლო არ არის უფლებამოსილი უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა.

5. მოპასუხე უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

    მუხლი 14

საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილენი მოვალენი არიან კეთილსინდისიერად გამოიყენონ თავიანთი უფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წინასწარი შეცნობით, ყალბი ცნობების მიწოდება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

თავი III

საკონსტიტუციო სამართალწარმოების დაწყება და საქმეთა განსახილველად მიღება

     მუხლი 15

1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შეტანა.

2. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის "თ" პუნქტითა და მე-20 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე შეტანილი უნდა იქნეს კონსტიტუციური წარდგინება, ხოლო დანარჩენ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელი.

     მუხლი 16

1. კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) მოსარჩელის ან წარდგინების ავტორის, აგრეთვე მოპასუხის დასახელება და მისამართი;

გ) სადავო აქტისა და მისი გამომქვეყნებელი ბეჭდვითი ორგანოს დასახელება, აგრეთვე სადავო აქტის სხვა რეკვიზიტები;

დ) მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

ე) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომელსაც მოსარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონისა და ამ კანონის ნორმები, რომლებიც მოსარჩელეს ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას აძლევს;

თ) კონსტიტუციურ სარჩელზე ან კონსტიტუციურ წარდგინებაზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართი, რომლებიც მოსარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, გამოძახებულნი უნდა იქნენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

2. კონსტიტუციურ სარჩელს ან კონსტიტუციურ წარდგინებას აუცილებლად უნდა ერთვოდეს:

ა) სადაო ნორმატიული აქტის ტექსტი;

ბ) მოსარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი;

გ) საბანკო დაწესებულების მიერ დამოწმებული ცნობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ.

3. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება, თანდართული საბუთები, შედგენილი უნდა იყოს სამართალწარმოების ენაზე.

     მუხლი 17

1. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესით გადაეცემა ერთ-ერთ კოლეგიას საქმის განსახილველად მიღების შესახებ საკითხის გადასაწყვეტად.

2. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების მიღებიდან 7 დღის ვადაში კოლეგია ვალდებულია განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილოს და გადაწყვიტოს კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების საკითხი.

3. კოლეგიას საქმეს მოახსენებს კოლეგიის ერთ-ერთი წევრი.

    მუხლი 18

კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ:

ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის მიერ);

გ) მასში მითითებული სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

დ) მასში მითითებული საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

ე) მასში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.

    მუხლი 19

ამ კანონის მე-18 მუხლის ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ პუნქტებში აღნიშნული მოტივებით კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობა, გამორიცხავს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებითი კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებას.

    მუხლი 20

საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოსარჩელე, მისი წარმომადგენელი, ადვოკატი და მოისმინოს მათი განმარტება ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ საკითხთა შესახებ, თუ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ წერილობითი განცხადებით.

    მუხლი 21

კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების შესახებ განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) განჩინების მიღების დრო და ადგილი;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება, შემადგენლობა და სხდომის მდივანი;

გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

დ) საკითხი, რომელზეც უნდა გამოიტანონ განჩინება;

ე) მოტივები და საქართველოს კონსტიტუციის, აგრეთვე ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონისა“ და ამ კანონის დებულებები (ნორმები), რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლომ მიიღო ან არ მიიღო განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება;

ვ) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების ან მიუღებლობის შესახებ;

ზ) საქმის არსებითად განხილვის თარიღი. საქმის არსებითად განხილვა უნდა დაიწყოს არა უგვიანეს მე-15 დღისა განჩინების გამოტანის დღიდან;

თ) საქმის არსებითად განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება.

    მუხლი 22

საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება გამოაქვს სათათბირო ოთახში ღია კენჭისყრით. სხდომის თავმჯდომარე განჩინებას აცხადებს სხდომის დარბაზში.

    მუხლი 23

საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის შესახებ დგება ოქმი ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

თავი IV

საქმის არსებითად განხილვა და გადაწყვეტა

     მუხლი 24

1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმეს არსებითად განიხილავს პლენუმის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

2. პლენუმი უფლებამოსილია საქმე არსებითად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 6 წევრი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია საქმეს არსებითად განიხილავს კოლეგიის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობს კოლეგიის თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

4. კოლეგია უფლებამოსილია საქმე არსებითად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 3 წევრი.

     მუხლი 25

1. საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე სხდომის თავმჯდომარე:

ა) გახსნის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე განიხილება არსებითად;

ბ) ამოწმებს მოსამართლეთა კვორუმს და სხდომის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი სხდომის მდივნის გამოცხადებას;

გ) ამოწმებს მხარეთა უფლებამოსილებას;

დ) არკვევს სამართალწარმოების მონაწილეთა, მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა გამოცხადებას და მათი გამოუცხადებლობის მიზეზს;

ე) აცხადებს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას და სხდომის მდივანს;

ვ) განუმარტავს სამართალწარმოების მონაწილეებს ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით განსაზღვრულ მათ უფლებებსა და მოვალეობებს;

ზ) არკვევს სურთ თუ არა სამართალწარმოების მონაწილეებს დამატებით მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა გამოძახება ან დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა. ამ საკითხებზე შემოსულ შუამდგომლობებს სასამართლო წყვეტს სხდომის დარბაზში ხმათა უმრავლესობით:

თ) აცხადებს საქმის არსებითად განხილვის დაწყებას.

2. მხარეს უფლება აქვს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის აცილებაზე, თუ:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი , ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავია;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში.

ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, ექსპერტს, სპეციალისტს, თარჯიმანს უფლება აქვთ განერიდონ საქმის განხილვაში მონაწილეობას.

აცილების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     მუხლი 26

1. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის მომხსენებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მოხსენებით. საქმის მომხსენებელი ვალდებულია:

საკონსტიტუციო სასამართლოს მოახსენოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებისა და საქმის არსებითად განხილვის საფუძველი, აგრეთვე საქმეში არსებული მასალების შინაარსი;

უპასუხოს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შეკითხვებს.

2. საქმის მოხსენების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო მოისმენს ჯერ მოსარჩელის, ხოლო შემდეგ მოპასუხის განმარტებებს. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს მხარეებს და მათ წარმომადგენლებს მისცეს შეკითხვები.

3. მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლო მოისმენს მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებებს, აქვეყნებს საქმეში არსებულ და საქმის განხილვის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს. ექსპერტთა და სპეციალისტთა დაკითხვამდე სხდომის თავმჯდომარე ადგენს მათ ვინაობას და წერილობით აფრთხილებს მათ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და წინასწარი შეცნობით ცრუ ჩვენების ან ყალბი დასკვნისათვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. თავმჯდომარე აგრეთვე აფრთხილებს თარჯიმანს შეგნებულად არასწორი თარგმ ნისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე.

4. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს შეკითხვები მისცეს მოწმეებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს.

5. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე და საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობის თანხმობით მოხსნას მხარეთა, მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთათვის მიცემული შეკითხვა.

    მუხლი 27

სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევთა მიმართ ზომების გამოყენება, აგრეთვე წინასწარი შეცნობით ყალბი ცნობების მიწოდებას და ჩვენებაზე უარის თქმის ან წინასწარი შეცნობით ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობა დგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

    მუხლი 28

საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო მოისმენს საქმის განხილვის მონაწილეთა დასკვნით სიტყვებს. ჯერ გამოდიან მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი და ადვოკატი. დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე უცხადებს საქმის განხილვის მონაწილეებს და სხდომის დარბაზში მყოფ სხვა პირებს.

    მუხლი 29

1. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ან დასკვნაზე ხელმოწერის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე გადაწყვეტილებას ან დასკვნას აცხადებს სხდომის დარბაზში.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა ცხადდება საქართველოს სახელით.

    მუხლი 30

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ან დასკვნა უნდა იყოს დასაბუთებული. გადაწყვეტილებას ან დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლო საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც განხილულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

    მუხლი 31

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.

     მუხლი 32

1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ან დასკვნის შესავალ ნაწილში აღინიშნება:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) გადაწყვეტილების ან დასკვნის გამოტანის თარიღი და ადგილი;

გ) სასამართლოს შემადგენლობა და სხდომის მდივანი;

დ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

2. აღწერილობით ნაწილში უნდა აღინიშნოს:

კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მოთხოვნა;

მოპასუხის პოზიცია.

3. სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი;

ბ) მტკიცებულებანი, რომლებსაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები;

გ) მოტივები, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლო უარყოფს საწინააღმდეგო მოსაზრებას, მტკიცებულებას;

დ) საქართველოს კონსტიტუციის ნორმები (დებულებები), რომლებსაც შეესაბამება ან არ შეესაბამება სადავო აქტი.

ე) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონისა და ამ კანონის ნორმები, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლო ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების ან დასკვნის მიღებისას.

4. სარეალიზაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს:

საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მისი უარყოფის შესახებ;

გადაწყვეტილების ან დასკვნის სამართლებრივ შედეგებს.

    მუხლი 33

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ქვეყნდება 7 დღის ვადაში.

2. გადაწყვეტილების პირი ეგზავნებათ მხარეებს, ხოლო დასკვნის ასლი კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს და ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის ,,თ“ პუნქტში აღნიშნულ შესაბამის თანამდებობის პირებს.

3. გადაწყვეტილებისა და დასკვნის პირები აუცილებლად ეგზავნებათ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

     მუხლი 34

1. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს სხდომის მდივანი.

2. სასამართლოს სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს:

სასამართლო სხდომის თარიღი და ადგილი;

სასამართლო სხდომის დაწყებისა და დამთავრების თარიღი;

საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება, საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლენი და ის მოსამართლენი, რომლებიც რაიმე მიზეზით ვერ იღებენ მონაწილეობას საქმის განხილვაში;

სხდომის მდივანი;

საქმის დასახელება;

ცნობები საქმის განხილვის მონაწილეთა, მოწმეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და თარჯიმანთა, აგრეთვე მათთვის უფლებებისა და მოვალეობების განმარტების შესახებ;

თავმჯდომარის განკარგულებანი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხდომის დარბაზში მიღებული დადგენილებანი;

საქმის განხილვის მონაწილეთა განცხადებები და განმარტებები;

მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული წერილობითი მტკიცებულებები.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

     მუხლი 35

1. საქმეთა განსახილველად მომზადებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციის სხვა წესები განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებულია არჩევიდან 15 დღის ვადაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასამტკიცებლად წარუდგინოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი.

3. რეგლამენტი დამტკიცებულად ჩაითვლება, თუ ღია კენჭისყრის დროს მას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 2 წევრმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი, 1996 წლის 21 მარტი.

№159-IIს

 

 

15. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3265-რს - ვებგვერდი, 10/08/2018 14. 29/12/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/5/768,769,790,792 - ვებგვერდი, 12/01/2017 13. 03/06/2016 - საქართველოს კანონი - 5162-რს - ვებგვერდი, 04/06/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3533-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 11. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1021-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 05/05/2011 - საქართველოს კანონი - 4629-Iს - ვებგვერდი, 110525009, 25/05/2011 9. 15/10/2010 - საქართველოს კანონი - 3712-IIს - სსმ, 57, 25/10/2010 8. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3070 - სსმ, 25, 17/05/2010 7. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2721 - სსმ, 2721, 24/03/2010 6. 22/10/2009 - საქართველოს კანონი - 1891 - სსმ, 33, 09/11/2009 5. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 78 - სსმ, 12, 14/07/2008 4. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4216 - სსმ, 1, 03/01/2007 3. 25/11/2004 - საქართველოს კანონი - 600 - სსმ, 37, 16/12/2004 2. 02/06/2003 - საქართველოს კანონი - 2313 - სსმ, 13, 02/06/2003 1. 12/02/2002 - საქართველოს კანონი - 1270 - სსმ, 4, 05/03/2002