საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 259-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.018322
259-IIს
08/02/2017
ვებგვერდი, 13/02/2017
060000000.05.001.018322
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 391-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. საკასაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანა. საკასაციო საჩივარი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით, წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საკასაციო საჩივარში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული კასატორის მოსაზრებები სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.“.

2. 395-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 396-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.“.

4. 401-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 401. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

1. ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს.

2. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. ეს განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას.

3. საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 3 თვის ვადაში, ხოლო უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე − 1 თვის ვადაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

4. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 თებერვალი 2017 წ.

N259-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.