დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 121 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/02/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 003, 23/03/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 220.020.000.05.001.000.126 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (21/03/1996 - 13/10/1998)
საქართველოს კანონი
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს ამ კანონის ტექსტში აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
„ადმინისტრატორი“ – ბანკის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის (გამგეობის) ან სარევიზიო კომისიის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან ერთ ან მეტ პირთან ერთად უფლებამოსილია იკისროს ვალდებულებები ბანკის სახელით;
„ბანკის ფილიალი“ – ბანკის ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება საბანკო საქმიანობა ან მისი ნაწილი;
„ბანკთან დაკავშირებული პირები“ – ბანკის ადმინისტრაციული მუშაკები და პარტნიორები (აქციონერები), მათთან ცოლ-ქმრული, ახლონათესაური კავშირის მქონე ან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირები;
„ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი“ – ახლონათესაურ კავშირში მყოფ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფი ან პარტნიორები (აქციონერები), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, ბანკის გარდა, სხვა კომერციული ინტერესებით;
„კომერციული ბანკი“ – საკრედიტო დაწესებულება, რომელიც მოგების მიზნით ეწევა საბანკო საქმიანობას;
„კრედიტი“ – დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;
„ოპციონი“ – ვალდებულების შესრულების საშუალების, ფორმის, მოცულობის ამორჩევის უფლება, რომელიც ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობებით ენიჭება ერთ-ერთ მონაწილე მხარეს ან ხელშეკრულებით (კონტრაქტით) განპირობებულ გარემოებათა გამო ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის უფლება;
„საბანკო ლიცენზია“ – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის განხორციელების ნებართვა;
„საბანკო საქმიანობა“ – ამ კანონის 21-ე მუხლში ჩამოთვლილი საქმიანობის სახეობანი;
„საბლანკო კრედიტი“ – კრედიტი, რომელიც გაიცემა სასაქონლო-მატერიალური ან ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფის გარეშე;
„სავალო ინსტრუმენტი“ – ნებისმიერი მიმოქცევადი სავალო საბუთის და ამ საბუთის ეკვივალენტური სხვა ნებისმიერი ინსტრუმენტი, აგრეთვე ნებისმიერი მიმოქცევადი საბუთი, რომელიც იძლევა სხვა სავალო ინსტრუმენტის შეძენის უფლებას ხელმოწერის ან გაცვლის გზით; მიმოქცევად სავალო ინსტრუმენტს შეიძლება ჰქონდეს სერტიფიკატების ან საბუხჰალტრო ჩანაწერების ფორმა;
„საკრედიტო დაწესებულება“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოსახლეობისაგან იღებს ფულად ანაბრებსა და გადახდის სხვა საშუალებას, აგრეთვე თავისი სახელით გასცემს კრედიტებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით;
„ტრასტი“ – ნდობითი ფუნქცია;
„ფაქტორინგი“ – სავაჭრო-საკომისიო ოპერაციის სახეობა, რომელიც შეხამებულია კლიენტის საბრუნავი კაპიტალის დაკრედიტებასთან, მოიცავს კლიენტის დებიტორული დავალიანების ინკასირებას, დაკრედიტებას და საკრედიტო და სავალუტო რისკის გარანტიებს;
„ფიდუციარული ოპერაცია“ – ნდობითი ოპერაცია, რომელსაც ბანკი ან სატრასტო კომპანია აწარმოებს თავისი სახელით, მაგრამ კლიენტის დავალებით და მის ხარჯზე (როგორც წესი, ინვესტიციების სამართავად). მთელ რისკს კლიენტი იღებს თავის თავზე, ხოლო ბანკი – საკომისიოს;
„ფორფეტირება“ – საგარეო ვაჭრობის გარიგებების დროს ექსპორტის დაკრედიტება მიმწოდებლის მიერ ბრუნვის გარეშე კომერციული თამასუქების სხვა სავალო ვალდებულებების შეძენის გზით. ამ ოპერაციის დროს გარანტად გამოდის იმპორტიორი ქვეყნის ბანკი;
„ფიუჩერსული ოპერაციები“ – ნედლეულის, ოქროს, საფინანსო და საკრედიტო ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის სწრაფი გარიგებები ბირჟებზე გარიგების დადების მომენტისათვის ფიქსირებული ფასით, ოპერაციის გარკვეული დროის შემდეგ შესრულებით. გარიგების შესრულებამდე გარანტიის სახით შეიტანება გარკვეული თანხა;
„შვილობილი ორგანიზაცია“ (არაძირითადი საწარმო) – იურიდიული პირი, რომელშიც სათაო ორგანიზაცია ფლობს პაის (ხმისუფლებიანი აქციების) ორმოცდაათ ან მეტ პროცენტს.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი გამოიყენება ყველა პირის მიმართ, ვინც საქართველოში დასაქმებულია ფულადი ანაბრების ან გადახდის სხვა საშუალებათა მოზიდვით, აგრეთვე თავის ხარჯზე კრედიტების გაცემით დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის პირობით, გარდა სასოფლოსაკრედიტო კავშირებისა, რომელთა საქმიანობა რეგულირდება სპეციალური ნორმატიული აქტებით.
კომერციული ბანკი შეიძლება შეიქმნას სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმით.
კომერციული ბანკების საქმიანობა რეგლამენტირდება ამ კანონით, „ეროვნული ბანკის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „უცხოური ინვესტიციების შესახებ“ კანონებითა და სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით.
2. არავის აქვს უფლება მოიზიდოს ფულადი ანაბრები ან გადახდის სხვა საშუალებები და თავის ხარჯზე გასცეს კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიების გარეშე.
3. არავის აქვს უფლება გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული საბანკო ლიცენზიის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როცა კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი „ბანკი“ ჩანს, რომ იგი არ აწარმოებს ამ კანონით და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.
თავი II
ლიცენზირება
მუხლი 3. შუამდგომლობა საბანკო ლიცენზიების მისაღებად
1. საბანკო ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავენ წერილობით ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული წესებისა და ფორმის მიხედვით. შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს:
ა) სასამართლოში რეგისტრირებული წესდებისა და სხვა დამფუძნებელი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
ბ) ინფორმაცია ბანკის მმართველობისა და ხელმძღვანელების კვალიფიკაციისა და საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილების შესახებ;
გ) ბანკის ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
დ) ბანკის ბიზნესგეგმა, რომელშიც სხვა ასპექტებთან ერთად აღნიშნული უნდა იყოს მისი საქმიანობის სახეობა და სტრუქტურული ორგანიზაცია;
ე) ბანკის თითოეული პარტნიორის (აქციონერის) სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი (იურიდიული პირის ადგილსამყოფელი) და საქმიანობა ან პროფესია, რომელიც ფლობს აქციების (წილის) ხუთ და მეტ პროცენტს, მისი ოდენობის მითითებით;
ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული დამატებითი ინფორმაცია, რომელიც, როგორც მინიმუმი, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ძირითადი კაპიტალისა და სხვა ფინანსური რესურსების, ბანკის სათავო დაწესებულებისა და ფილიალების ადგილსამყოფლის შესახებ.
2. სპეციალური კანონი განსაზღვრავს ლიცენზირებისათვის მოსაკრებლის ოდენობას, რომელიც ერთიანია ყველა ბანკისათვის და ჩაირიცხება ეროვნული ბანკის შემოსავალში.
მუხლი 4. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ
1. ლიცენზირების შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობის მიღების დღიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადისა საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს განმცხადებელს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირებზე, რომელთა განმცხადებელი და განაღდებული კაპიტალის ოდენობა, დაკავებული სასამსახურო ფართი, ბანკის ადმინისტრაციისა და მმართველების მუშაობის გამოცდილება, აგრეთვე წარმოდგენილი ბიზნესგეგმა შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ დადგენილ შეფასებათა კრიტერიუმებს და საქმიანობას, რისთვისაც მათ მიეცათ ლიცენზია.
3. ბანკებს საბანკო ლიცენზიები მიეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განაღდებული კაპიტალი შეადგენს განცხადებულის არანაკლებ 50%-ს, მინიმალური საწესდებო კაპიტალისადმი წაყენებული მოთხოვნების აუცილებელი დაცვის პირობით, თუმცა ყველა შემთხვევაში ბანკებისათვის დაწესებული ეკონომიკური ნორმატივების დაცვის მდგომარეობა შეფასდება მხოლოდ კაპიტალის განაღდებული ნაწილის საფუძველზე.
4. უცხოეთის ბანკის შვილობილ ორგანიზაციაზე ან ფილიალზე ლიცენზიები გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში უფლებამოსილია მოიზიდოს ფულადი ანაბრები ან გადახდის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიები საბანკო საქმიანობაზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უცხო სახელმწიფოს იმ კომპეტენტურ ხელისუფალთა შორის კონსულტაციების გამართვის შემდეგ, რომლებიც ახორციელებენ შესაბამისი ბანკის საქმიანობის ზედამხედველობას.
მუხლი 5. ლიცენზირების პირობები
1. საბანკო ლიცენზიები გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, მათი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო ლიცენზიების გაცემისას დაურთოს მათ გარკვეული პირობები და შეზღუდვები, თუ სრულად არ არის დაკმაყოფილებული ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. შემდგომში პირობები და შეზღუდვები საბანკო ლიცენზიებს შეიძლება თან დაერთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბანკი სისტემატურად არღვევს საბანკო კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის ინსტრუქციებს, დებულებებს, წესებს, დადგენილებებს, მოთხოვნებს და მხოლოდ დარღვევათა აღმოსაფხვრელად საჭირო ფარგლებში.
მუხლი 6. საბანკო ლიცენზიების გამოთხოვა
1. საბანკო ლიცენზიები შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით:
ა) ბანკის თხოვნის საფუძველზე ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად
ბ) ამ კანონის 21 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით;
გ) ერთ ან რამოდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებათა გამო:
– ლიცენზია გაცემულია საბანკო ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობაში ყალბი განცხადებების ან სხვა უზუსტობების საფუძველზე;
– ბანკმა არ გამოიყენა ლიცენზია მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში;
– ბანკის შერწყმის, მიერთების ან გამოყოფის შემთხვევაში;
– ბანკს აღარა აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული მინიმალური ფულადი კაპიტალი ან რეზერვები, ან მან დაკარგა კრედიტორების ნდობა მათ წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულების ნაწილში და განსაკუთრებით, თუ ბანკს აღარ შეუძლია მისთვის მინდობილი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
– ბანკის პარტნიორმა (აქციონერმა), რომელიც ფლობს ბანკის წილის 5 პროცენტსა და მეტს, სხვას დაუთმო ან სხვა გზით დაკარგა თავისი წილი ბანკში და თუ ამის თაობაზე ბანკმა გარიგების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ორი კვირის ვადაში არ აცნობა საქართველოს ეროვნულ ბანკს;
– ბანკის პარტნიორებმა (აქციონერებმა) გადაწყვიტეს ბანკის გაუქმება ან ლიკვიდაცია, ან ბანკმა შეწყვიტა არსებობა, როგორც იურიდიულმა ან ოპერატიულად დამოუკიდებელმა პირმა.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია შეუჩეროს ან გაუუქმოს ლიცენზიების მოქმედება უცხოეთის ბანკის შვილობილ ბანკებს და ფილიალებს, თუ სათავო ბანკს ჩამოერთმევა მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში სათანადო ოპერაციების წარმოების უფლება.
3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო ლიცენზიის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ კვირაში წერილობით უნდა აცნობოს ამის თაობაზე შესაბამის ბანკს ლიცენზიის გამოთხოვის საფუძვლის მითითებით.
მუხლი 7. საბანკო ლიცენზიების გამოთხოვა მოთხოვნით
1. ბანკს შეუძლია წერილობით სთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს გაითხოვოს მისი ლიცენზია.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული თხოვნის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას არა უგვიანეს თხოვნის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება ბანკს (უარის შემთხვევაში მისი საფუძვლის მითითებით).
მუხლი 8. საბანკო ლიცენზიების გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები
1. საბანკო ლიცენზიების გამოთხოვის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება ოფიციალურ პრესაში და იმ დასახელებული პუნქტის ერთ გაზეთში მაინც, სადაც მდებარეობს ბანკი ან მისი ფილიალი. გადაწყვეტილება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან, ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული უფრო გვიანი თარიღიდან.
2. საბანკო ლიცენზიის გამოთხოვის დღიდან ბანკს ეკრძალება ამ ლიცენზით მინიჭებული ყოველგვარი საქმიანობა. იმავდროულად ბანკი ვალდებულია უმოკლეს ვადაში გაანაღდოს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულება და აქტივები. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ყველა ვალდებულების განაღდებამდე ბანკი ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც ლიცენზირებული ბანკი.
თავი III
საკუთრების უფლება და მართვა
მუხლი 9. ბანკის კაპიტალისა და რეზერვების მიმართ მოთხოვნათა ნორმატივები
1. საქართველოს ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად კომერციულ ბანკებს პერიოდულად განუსაზღვრავს განცხადებული და განაღდებული კაპიტალის მინიმალურად აუცილებელ ოდენობას, აგრეთვე ხელუხლებელი კაპიტალისა და რეზერვების შექმნის წესებს.
2. არც ერთ ბანკს არა აქვს უფლება შეამციროს თავისი კაპიტალი და რეზერვები პაის (აქციების) უკუგამოსყიდვის ან სარეზერვო აქტივების განთავსების გზით საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის და წესდებაში სათანადო ცვლილებების გარეშე.
მუხლი 10. ბანკების საკუთრების უფლებისა და აქტივების სტრუქტურის შეზღუდვა
1. ბანკის არც ერთ პარტნიორს (აქციონერს) ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფს არა აქვს უფლება ფლობდეს და განკარგავდეს წილის იმ რაოდენობას, რომელიც აღემატება განცხადებული თუ განაღდებული კაპიტალის 25 პროცენტს.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი ამ წესიდან მხოლოდ წილის ისეთი მფლობელისათვის, რომელსაც აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზია ან თავად წარმოადგენს ბანკს.
2. ბანკი უფლებამოსილია:
ა) ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის არა უმეტეს 20 პროცენტის შესაბამის წილს, თუ ბანკის წილი არ აღემატება თვით ამ ბანკის ხელუხლებელი კაპიტალისა და რეზერვების ჯამური ოდენობის 15 პროცენტს;
ბ) შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს წილს მხოლოდ გარკვეულ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საბანკო საქმესთან და თუ ეს საქმიანობა კონკრეტულად მითითებულია ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ლიცენზიაში;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვით ბანკებს შეუძლიათ შექმნან და შეიძინონ შვილობილი ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან სხვა სახის საქმიანობას. ნებართვაში თითოეული შვილობილი ორგანიზაციის მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის შესრულებაც მას შეუძლია. ამ შემთხვევაში შვილობილი ორგანიზაციის საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული საქმიანობის სახეობით;
დ) მიიღოს წილი ბანკის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად. ასეთ შემთხვევაში ბანკმა უნდა გაასხვისოს წილი ამ უფლების შეძენიდან არა უგვიანეს 6 თვისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია გააგრძელოს აღნიშნული ვადა.
ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებში მითითებული წილის ერთობლივი ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს ბანკის ხელუხლებელი კაპიტალისა და რეზერვების ჯამური ოდენობის 50 პროცენტს.
მუხლი 11. ბანკების შერწყმა, მიერთება, გაყოფა
ბანკების შერწყმა, მიერთება ან გაყოფა შეიძლება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. დაუშვებელია ისეთი შერწყმა, მიერთება ან გაყოფა, რომლებიც არ შეესაბამება ამ კანონის მე-10 მუხლის დებულებებს.
მუხლი 12. წესდება და შინაგანაწესი
1. თითოეულ ბანკს აქვს წესდება, რომელიც შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. წესდებაში ცვლილებების შესახებ წერილობით დაუყოვნებლივ ეცნობება ეროვნულ ბანკს.
2. თითოეული ბანკის მართვა ხორციელდება შინაგანაწესით, რომელმაც მისი წესდების შესაბამისად უნდა განსაზღვროს:
ა) ბანკში ხელმძღვანელ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ასარჩევი და დასანიშნი პირების შესაბამისობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კვალიფიკაციისა და გამოცდილების თვალსაზრისით დადგენილ კრიტერიუმებთან;
ბ) ბანკისა და მისი საოპერაციო და ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ორგანიზაციული და მართვის სტრუქტურა, მათი შემადგენელი ერთეულები და ფუნქციები, მმართველობითი თანამდებობები და ანგარიშვალდებულებები;
გ) თითოეული დეპარტამენტის დირექტორისა და მის დაქვემდებარებაში და კონტროლის ქვეშ მყოფი განყოფილების მოვალეობანი;
დ) სარევიზიო და სხვა მუდმივმოქმედი შიდა კომისიების ფუნქციები;
ე) ადმინისტრატორებისა და ბანკის სხვა თანამშრომელთა უფლებამოსილება აწარმოონ საბანკო ოპერაციები ბანკის სახელით და მის ხარჯზე.
3. თითოეული ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს წესდებას, შინაგანაწესს და იმ თანამდებობის პირთა სიებს, რომელთაც აქვთ ბანკის წარმომადგენლის უფლებამოსილება, ამ უკანასკნელთა ხელის მოწერის ნიმუშებთან ერთად და მათი უფლებამოსილების ფარგლების აღნიშვნით.
მუხლი 13. ბანკის ორგანიზაციულ-განმკარგულებელი ფუნქცია
ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა (აქციონერთა) საერთო კრება, რომელიც მოქმედებს კანონმდებლობის, წესდების შესაბამისად და ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორატს (გამგეობას), სარევიზიო კომისიას.
მუხლი 14. სამეთვალყურეო საბჭო
1. სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს ბანკის საქმიანობაზე ზედამხედველობას. ბანკის მიერ გამოსაყენებელი მაქსიმალური და მინიმალური საპროცენტო და სააღრიცხვო განაკვეთების დასამტკიცებლად ან შესაცვლელად, აგრეთვე უძრავი ქონების შესაძენად, გამოსაყენებლად და სამართავად აუცილებელია სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობა.
2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება სულ ცოტა სამი და არა უმეტეს 21 წევრისაგან, ამასთან წევრთა რაოდენობა 3-ზე გაყოფადი უნდა იყოს. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს საერთო კრება ირჩევს 4 წლის ვადით. მათი განმეორებითი არჩევა შეუზღუდავია.
ბანკის საერთო კრება უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს დაუნიშნოს ხელფასი იმ პირობით, რომ იგი გაიცემა მხოლოდ ბანკის წმინდა მოგებიდან.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და საერთო კრების გადაწყვეტილებით საბჭოდან გამოყვანილი უნდა იქნეს პირი, რომელიც:
ა) არის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის (გამგეობის) წევრი საქართველოში რეგისტრირებულ ხუთზე მეტ საწარმოში;
ბ) არის ბანკის მოსამსახურე;
გ) კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი დაიკავოს ადგილი საბჭოში;
დ) გამოცხადებულია გაკოტრებულად.
4. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან მის წევრებს საერთო კრების თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ იმ უფლებების სხვებისათვის დელეგირება, რომლებიც მათ საბჭოში აქვთ.
მუხლი 15. დირექტორატი (გამგეობა)
1. ბანკის დირექტორატი (გამგეობა) პასუხისმგებელია ბანკის საქმეების მართვასა და მისი ფუნქციების შესრულებაზე.
2. დირექტორატი (გამგეობა) შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან. დირექტორატის (გამგეობის) წევრებს ნიშნავს საერთო კრება ან მისი დავალებით სამეთვალყურეო საბჭო არა უმეტეს 4 წლის ვადით. მათი განმეორებითი დანიშვნა შეუზღუდავია. დირექტორატის (გამგეობის) წევრებად, როგორც წესი, ინიშნებიან პირები, რომლებიც ბანკის პარტნიორები (აქციონერები) არიან.
3. ბანკის დირექტორატის (გამგეობის) წევრად არ შეიძლება დაინიშნოს ან საერთო კრების გადაწყვეტილებით დირექტორატის (გამგეობის) წევრის თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც:
ა) არის ამ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან საქართველოში რეგისტრირებული სხვა ბანკის დირექტორატის წევრი;
ბ) კანონის შესაბამისად არა აქვს უფლება დაიკავოს ადგილი დირექტორატში;
გ) გამოცხადებულია გაკოტრებულად;
დ) არის დირექტორატის (გამგეობის) წევრის მეუღლე, შვილი ან ახლო ნათესავი.
4. დირექტორატს (გამგეობას) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე აქვს თავისი უფლებამოსილების სხვებისათვის მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირების უფლება.
მუხლი 16. სარევიზიო კომისია
1. სარევიზიო კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს საერთო კრება 4 წლის ვადით. სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატის (გამგეობის) წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც კანონის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი დაიკავოს ადგილი საბჭოში.
სარევიზიო კომისიას ეკისრება შემდეგი მოვალეობანი:
ა) დაუწესოს ბანკს აღრიცხვისა და სააღრიცხვო კონტროლის შესაბამისი წესები, განახორციელოს დადგენილი წესის დაცვის ზედამხედველობა და მოაწყოს ბანკის ანგარიშგებისა და საბუხჰალტრო ჩანაწერების რევიზია;
ბ) თვალყური ადევნოს ბანკის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დაცვას.
2. სარევიზიო კომისია, როგორც წესი, იკრიბება კვარტალში ერთჯერ,ხოლო საგანგებო შემთხვევებში, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მოთხოვნით. გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, რომლებსაც კენჭისყრის დროს თავის შეკავების უფლება არა აქვთ.
მუხლი 17. საბანკო საიდუმლოება
1. არავის აქვს უფლება დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, მისი კომპეტენციის ფარგლებში.
2. ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ოპერაციებისა და ანგარიშების შესახებ შეიძლება მიეცეთ თვით ანგარიშის მფლობელებს, მათ ზემდგომებსა და წარმომადგენლებს. ასეთი ცნობები საგადასახადო სამსახურებს, სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოყენება საჯარო გამოსვლებში.
საქართველოს 1996 წლის 21 მარტი ს კანონი № 1 63 - გაზეთი „ საქართველოს რესპუბლიკა“ 03 .04.1996 წ.,
მუხლი 18. ბანკის ფილიალები
ბანკის ფილიალები, წარმომადგენლობა და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები იქმნება სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესით და პირობებით.
თავი IV
საოპერაციო მოთხოვნები
მუხლი 19. საბანკო საქმიანობის ზოგადი პრინციპები
1. ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების მართვა და მათი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება კანონმდებლობის, დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, საბანკო ლიცენზიებზე თანდართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული დადგენილებების, წესების და ინსტრუქციების შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული წესი, ნორმატივი და ინსტრუქცია, რომლებიც შეეხება ერთზე მეტ ბანკს ან საკრედიტო დაწესებულებას, ექვემდებარება აუცილებელ გამოქვეყნებას და ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან ან ამ წესებში, ნორმატივებსა და ინსტრუქციებში დათქმული უფრო გვიანი თარიღიდან.
იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების საბანკო საქმიანობის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი, ბანკები მოქმედებენ საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების შესაბამისად.
2. ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები ინარჩუნებენ კაპიტალისა და ლიკვიდური რესურსების სათანადო დონეს და ახდენენ თავიანთი აქტივების დივერსიფიკაციას დანაკარგების რისკის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად.
3. საბანკო მომსახურების თაობაზე კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობის პირობები რეგულირდება ხელშეკრულების საფუძველზე. ფულადი გადარიცხვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევისას, ბანკი ვალდებულია კლიენტს გადაუხადოს დაგვიანებული თანხის არანაკლებ 0.5 პროცენტისა ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე.
მუხლი 20. საბანკო საქმიანობა
ბანკებისათვის ნებადართულია საქმიანობის მხლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობანი:
ა) როგორც პროცეტიანი, ისე უპროცეტო ფულადი ანაბრების (ვადიანი ანაბრები, ანაბრები მოთხოვნამდე ან სხვა სახის) ან გადახდის სხვა საბუთების მოზიდვა;
ბ) კრედიტების გაცემა, სამომხმარებლო, საიპოთეკო, საბლანკო და სხვა კრედიტების ჩათვლით; ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე; კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, ფორფეტირების ჩათვლით;
გ) ყიდვა-გაყიდვა თავიანთ ხარჯზე ან კლიენტთა ხარჯზე (მათ შორის, როგორც გარანტისა): ფულადი საბუთების (ჩეკების, გადასაყვანი თამასუქებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით); ფიუჩერსებისა და ოპციონების სავალო ინსტრუმენტებით ან საპროცენტო განაკვეთებით; სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტებისა, სავალო საბუთებისა;
დ) ფულადი გადარიცხვებისა და სალაროს ოპერაციების განხორციელება;
ე) უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა, მათ შორის ფიუჩერსული კონტრაქტების ფარგლებში, ამასთან მხოლოდ ეროვნული ბანკის ლიცენზიებით;
ვ) გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის ოგანიზება (საგადასახადო ბარათების, ჩეკებისა და საბანკო ტრასტების ჩათვლით);
ზ) საშუამავლო მომსახურება ფულად ბაზარზე;
თ) კლიენტების დავალებით ნდობითი (სატრასტო) და ფიდუციარული ოპერაციების განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება,ფასიანი ქაღალდების მართვა;
ი) ფასეულობის შენახვა და აღრიცხვა (ფასიანი ქაღალდების ჩათვლით);
კ) ინვესტორთა ფასიანი ქაღალდების, პორტფელის მართვა და მომსახურება, როგორც მრჩევლის, საფინანსო აგენტის ან კონსულტანტისა;
ლ) საკრედიტო საცნობარო მომსახურება;
მ) ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება.
მუხლი 21. ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები
1. ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები:
ა) საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა (მათ შორის, ფულადი ფორმით);
ბ) ბანკის აქტივების (რისკის გათვალისწინებით შეწონასწორებული აქტივების და ბალანსგარეშე პოზიციების ჩათვლით) და ბანკის სხვადასხვა სახეობის კაპიტალის და რეზერვების ზღვრული ურთიერთთანაფარდობა;
გ)ბანკის მიერ მოზიდული ანაბრების ზღვრული თანაფარდობა ბანკის კაპიტალთან;
დ) ბანკის მიერ ერთი მსესხებლისათვის (ინსაიდერისათვის და აუტსაიდერისათვის) გაცემული კრედიტების და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის კაპიტალთან;
ე) ბანკის მიერ ყველა ინსაიდერისათვის (ბანკთან, ასევე ერთმანეთთან დაკავშირებული პირებისათვის) გაცემული კრედიტების და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის კაპიტალთან;
ვ) ყველა კრედიტის მაქსიმალურად დასაშვები მთლიანი მოცულობა, რაც გამოიხატება პროცენტულად ბანკის ყველა იმ გაცემულ კრედიტთან მიმართებაში, რომლებიც შეიძლება გასცეს ბანკმა ათ ყველაზე მსხვილ მსესხებელზე (მათ შორის, ინსაიდერებსა და ურთიერთდაკავშირებულ პირებზე).
2. ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ნორმატივების მოთხოვნები:
ა) ლიკვიდური სახსრების მინიმალური ერთობლივი თანხის ან ასეთი სახსრების კონკრეტულ სახეობათა თანაფარდობა აქტივების (მიღებული გარანტიებისა და გირაოს ჩათვლით) ღირებულებასთან ან მათი ღირებულების ცვლილებასთან. ასეთი თანაფარდობა შეიძლება დაწესდეს აქტივების კონკრეტულ სახეობასთან, ან პასივებთან ზოგადად ან მათ კონკრეტულ სახეობასთან, ამასთან ყველა შემთხვევაში ბანკები ინარჩუნებენ ლიკვიდურობის დაცვის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნულ ბანკში შესაბამისი სახსრების განთავსების უფლებას;
ბ) კრედიტების და ინვესტიციების, ან მათი განსაკუთრებული სახეების მაქსიმალური ერთობლივი თანხის შესახებ;
გ) აქტივების კლასიფიკაციის, ღირებულების შეფასების და მათ საფუძველზე საეჭვო და უიმედო სესხების მიხედვით რეზერვების გაანგარიშების, ასევე იმ ვადების შესახებ, რომელთა გასვლის შემდეგაც უიმედო სესხების მიხედვით მისაღები თანხები აღარ აღირიცხება შემოსავალში, გარდა ნაღდად მიღებულისა;
დ) აკრძალვების, შეზღუდვბის ან პირობების შესახებ, რომლებიც შეეხება:
1. გაცემული კრედიტების და განხორციელებული ინვესტიციების სახეობებსა და ფორმებს;
2. აქტივებისა და პასივების (გარებალანსური და სხვების) მიხედვით დაბრუნების ვადებისა და პროცენტების შესაბამისობას;
3. დადგენილი ლიმიტების გადამეტებით წარმოქმნილ ღია პოზიციებს უცხოურ ვალუტაში, ძვირფას ლითონებსა ან ძვირფას ქვებში.
მუხლი 22. აკრძალული გარიგებები და მუშაობის მეთოდები
ბანკებს ეკრძალებათ ისეთი გარიგებები და ქმედებები, რომელთა შედეგად ისინი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად აღმოჩნდებიან დომინირებულ მდგომარეობაში ფულის, საფინანსო ან საკრედიტო ბაზარზე, აგრეთვე ყოველგვარი მანიპულაციები, რომლებიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მათ ან მესამე პირებს, შექმნის საბანკო საქმიანობის კონკურენციის შეზღუდვის, საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის შესაძლებლობას ან საშიშროებას.
საბანკო საქმიანობაში კანონმდებლობის შესაბამისად ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც განსაზღვრავს ამ სფეროში საბანკო საქმიანობის დასაშვებ პარამეტრებს, შეფასების კრიტერიუმებსა და ზემოქმედების ზომებს.
მუხლი 23. გარიგებებისა და ვალდებულებების რეგისტრაცია
ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები ვალდებული არიან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში შეინახონ ყველა საბუთი, რომლებიც მათ თითოეულ გარიგებას შეეხება, კერძოდ:
ა) შუამდგომლობები და ყველა სახელშეკრულებო საბუთი, რომელიც გარიგებას შეეხება (კრედიტთან, გარანტიასთან და გირაოსთან დაკავშირებული შეთანხმებების ჩათვლით);
ბ) ბანკის პარტნიორების (მსესხებლებისა და გარანტორების ჩათვლით) ფინანსური ჩანაწერები და ნებისმიერი სხვა დოკუმენტური მოწმობები, რომლებსაც ეყრდნობა ბანკი გარიგების დამტკიცებისას;
გ) გარიგების დამტკიცების შესახებ ბანკის გადაწყვეტილების ხელმოწერილი ჩანაწერი;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატივებით გათვალისწინებული სხვა საბუთები.
მუხლი 24. ვადებისა და პირობების შეტყობინება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული წესების შესაბამისად თითოეული ბანკი რეგულარულად ატყობინებს თავის კლიენტებს განხორციელებული ანაბრებისა და მიღებული კრედიტების (ყოველწლიური პროცენტის ჩათვლით) ვადებსა და პირობებს.
მუხლი 25. გარიგებები დაინტერესებულ პირებთან
1. ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები თავს იკავებენ ბანკთან დაკავშირებული პირებისათვის, ან ასეთ პირთა სასარგებლოდ კრედიტის გაცემისაგან, თუ კრედიტი მიეცემა უფრო ხელსაყრელ ვადებით და პირობებით, ვიდრე ყველა დანარჩენს.
საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს უფლება დააწესოს სათანადო შეზღუდვა ასეთ პირებზე კრედიტების ან სხვა ვალდებულებების გაცემაზე.
თავი V
ანგარიშები, აუდიტი, ანგარიშგება და ინსპექცია
მუხლი 26. ანგარიშები და საფინანსო ანგარიშგება
1. ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები, აგრეთვე მათი შვილობილი ორგანიზაციები, სისტემატურად აწარმოებენ ანგარიშებსა და ჩანაწერებს და ადგენენ წლიურ საფინანსო ანგარიშგებას, რომლებიც მიღებული საბუხჰალტრო მეთოდების საფუძველზე ზუსტად ასახავს მათ ოპერაციებს და ფინანსურ მდგომარეობას, ამასთან იცავენ საქართველოს ეროვნული ბანკის წესების შესაბამის ფორმას, დეტალურობის დონეს და სააღრიცხვო ნორმებს.
2. ბანკების ანგარიშები, ჩანაწერები და საფინანსო ანგარიშგება კრებსით საფუძველზე ასახავს მათი შვილობილი ორგანიზაციების ოპერაციებსა და ფინანსურ მდგომარეობას.
მუხლი 27. აუდიტი
1. თითოეული ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება და მისი შვილობილი ორგანიზაცია მოიწვევს დამოუკიდებელ აუდიტორს ანგარიშგებისა და აღრიცხვის სწორად წარმოების, წლიური ანგარიშის შედგენის საქმეში დახმარების აღმოსაჩენად, აგრეთვე ბანკის საფინანსო საანგარიშგებო საბუთების შესახებ აუდიტორული დასკვნის მისაღებად და ბანკისათვის ინფორმაციის მისაწოდებლად, ბანკის ან მისი შვილობილი ორგანიზაციის მოსამსახურის ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების და ორგანიზაციულ-საგანმკარგულებელო ან საოპერაციო საქმიანობაში ისეთი დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ, რომლებმაც შეიძლება მატერიალური ზარალი მიაყენოს ბანკს და მის შვილობილ ორგანიზაციას.
2. თითოეული ბანკი და სხვა საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია დროულად, საბუთებზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ოფიციალურ პრესაში გამოაქვეყნოს თავისი წინა საფინანსო წლის ბალანსი და დამოუკიდებელი აუდიტორების ანგარიში.
მუხლი 28. უცხოეთის ბანკების ფილიალები
26, 27 და 29-ე მუხლების დებულებები ვრცელდება უცხოეთის ბანკების ფილიალებსა და შვილობილ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში საქმიანობას ეწევიან საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიებით. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ბანკების ფილიალების საფინანსო-საანგარიშგებო საბუთები შეიძლება წარდგენილ იქნეს გამარტივებული საფინანსო ანგარიშების სახით, რაც გულისხმობს, რომ ბანკის ფილიალის სარევიზიო კომისიად შეიძლება გამოდიოდეს მოცემული უცხოეთის ბანკის სარევიზიო კომისია ან სხვა შესაბამისი ორგანო.
მუხლი 29. ანგარიშგება და ინსპექციები
1. ბანკი ამზადებს და საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ანგარიშგებას, რომელშიც ასახავს (როგორც თვით ბანკის, ისე მისი შვილობილი ორგანიზაციების) ორგანიზაციულ-საგანმკარგულებლო და საოპერაციო საქმიანობას, ლიკვიდურობას, გადახდისუნარიანობას და მომგებიანობას, თვით ბანკისა და მისი შვილობილი ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის ერთობლივი და ცალ-ცალკე შეფასების მიზნით. ანგარიშების ფორმა, ხარისხი და მათი წარდგენის ვადები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატივებით.
2. თითოეული ბანკი და მისი შვილობილი ორგანიზაცია ექვემდებარება ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის ინსპექტორები ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული აუდიტორები. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირება ხორციელდება უცხოეთის ბანკის ფილიალში ან შვილობილ ორგანიზაციაში, აუდიტორები შეიძლება იყვნენ ამ ქვეყანაში მოქმედი საფინანსო ან საკონტროლო ორგანოს მოსამსახურენი.
3. ბანკებისა და მათი შვილობილი ორგანიზაციების ინსპექტირებისას საქართველოს ეროვნულ ბანკს და მის აუდიტორებს აქვთ უფლება:
ა) შეამოწმონ ბანკებისა და მათი შვილობილი ორგანიზაციების ანგარიშები, დავთრები, საბუთები და სხვა აუცილებელი ჩანაწერები;
ბ) მოსთხოვონ ბანკების, საკრედიტო დაწესებულებების ან მათი შვილობილი ორგანიზაციების ადმინისტრატორებს, მოსამსახურეებსა და რწმუნებულებს ინფორმაციის წარდგენა ნებისმიერ საკითხებზე, რომელიც შეეხება მართვასა და საოპერაციო საქმიანობას.
4. ბანკი ვალდებულია კანონმდებლობის შესაბამისად წარუდგინოს საგადასახადო სამსახურს მონაცემები, რომლებიც აუცილებელია ბანკის დაბეგვრის მდგომარეობის შესამოწმებლად ან, მოთხოვნილებისამებრ, უშუალოდ დაუშვას საგადასახადო სამსახური ამ მონაცემების უტყუარობის დასადგენად.
თავი VI
დარღვევები და სანქციები
მუხლი 30. დარღვევები და სანქციები
1. ამ მუხლში მითითებული დარღვევებისათვის განსაზღვრულ სანქციებს თითოეულ შემთხვევაში უფარდებს საქართველოს ეროვნული ბანკი. მხარეს, რომლის მიმართაც სანქცია გამოიყენება, აქვს სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
2. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების მიმართ გამოიყენოს ქვემოთ ჩამოთვლილი ზომები ან სანქციები, თუ მოცემულმა ბანკმა ან საკრედიტო დაწესებულებამ ან რომელიმე მისმა მფლობელმა ან ადმინისტრატორმა დაუშვა ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევათაგანი:
ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესები, დადგენილებები, მოთხოვნები;
ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო ლიცენზიას ან საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას.
3. ზემოთ აღნიშნული დარღვევების გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს უფლება თანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ) გამოსცეს ინსტრუქცია მოთხოვნით, რომ ბანკმა შეწყვიტოს და შემდგომში არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა, აგრეთვე მიიღოს ზომები მის აღმოსაფხვრელად;
გ) დაადოს ჯარიმა მის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ბანკის საკუთარი სახსრებისა;
დ) მოსთხოვოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ბანკის ადმინისტრატორის თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება;
ე) მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს მოიწვიოს ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების საერთო კრების მოწვევა დარღვევათა აღმოფხვრისათვის აუცილებელი ზომების მისაღებად.
4. თუ სხვა სანქციებმა სათანადო შედეგი არ გამოიღო, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით გადასცეს ბანკის ადმინისტრაციული მართვა დროებით ადმინისტრაციას ამ კანონის მე-7 თავის დებულებათა შესაბამისად. სამეთვალყურეო საბჭოსთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ნიშნავს ბანკის დროებით ადმინისტრაციას;
ბ) გამოითხოვოს საბანკო ლიცენზია.
5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება მეანაბრეთა ან პარტნიორთა (აქციონერთა) ინტერესებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეუჩეროს ბანკს აქტიური ოპერაციები.
6. სანქციები უნდა შეეფარდებოდეს დარღვევის სერიოზულობას და ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების აქტებისათვის მიყენებულ ზარალს.
7. ამ მუხლის შესაბამისად გამოყენებული ჯარიმების თანხები შეიტანება ეროვნული ბანკის შემოსავალში.
თავი VII
დროებითი ადმინისტრაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 31. დროებითი ადმინისტრაცია
ამ კანონით დაწესებული ან მის შესაბამისად შემოღებული რიგი მოთხოვნების არაერთგზის ან სისტემატურად დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დაცვით ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების ადმინისტრაციული მართვა გადასცეს დროებით ადმინისტრაციას ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნების, გამოსწორების ან ნორმალიზების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ დროებითი ადმინისტრაციის მიზეზით გაუარესდა ბანკის საფინანსო მდგომარეობა, მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს ეროვნული ბანკი.
მუხლი 32. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის წესი
დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება:
ა) დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლები;
ბ) დროებითი ადმინისტრატორის სახელი და გვარი;
გ) დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადა;
დ) გაფრთხილება ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების კლიენტთა ანაბრებისა და სხვა სახსრების შესაძლო გაყინვის შესახებ;
ე) ზომები, რომლებიც გამოიყენება ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების ადმინისტრატორების მიმართ.
მუხლი 33. დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი
1. დროებითი ადმინისტრაცია მოვალეობათა შესრულებას იწყებს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ქვეყნდება ოფიციალურ პრესაში, აგრეთვე საქართველოს იმ ქალაქის ერთ ან რამდენიმე გაზეთში, სადაც არის მოცემული ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების ფილიალები.
2. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება ბანკის სახელით და მის ხარჯზე დროებითი ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობის გარეშე.
3. დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა მისი მუშაობის ვადის ამოწურვამდე აჩერებს ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების საერთო კრების და ადმინისტრატორების ყველა უფლების მოქმედებას.
4. დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ.
მუხლი 34. დროებითი ადმინისტრაციის უფლებამოსილებანი
1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს აქვს უფლება მიიღოს აუცილებელი ზომები საკრედიტო დაწესებულების მდგომარეობის ნორმალიზაციისათვის, ფილიალების, წარმომადგენლობისა და სხვა ქვედანაყოფების გაყიდვის ან დახურვის, ბანკის მომსახურეთა გათავისუფლების ჩათვლით.
2. ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების გაჯანსაღების მიზნით, დროებით ადმინისტრატორს აქვს უფლება ნებისმიერ მომენტში მთლიანად ან ნაწილობრივ მოახდინოს ბანკში ან საკრედიტო დაწესებულებაში მოსახლეობის ანაბრებისა და ინვესტიციების ბლოკირება ერთ წლამდე ვადით იმ პირობით, რომ იღებს აუცილებელ ზომებს აღნიშნული ანაბრებისა და ინვესტიციების საწყისი ღირებულების შესანარჩუნებლად.
მუხლი 35. დროებითი ადმინისტრაციის გაუქმება
დროებითი ადმინისტრაცია უქმდება:
ა) დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რის შესახებაც ქვეყნდება ოფიციალურ პრესაში, აგრეთვე იმ ქალაქის ერთ ან რამდენიმე გაზეთში, სადაც არის ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების ფილიალები;
ბ) ვადამდე საქართველოს ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილებით;
გ) ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების დადგენილი წესით ლიკვიდაციის დროს.
მუხლი 36. ბანკის გადახდისუუნაროდ გამოცხადება
იმ შემთხვევაში, თუ დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადის განმავლობაში ან მისი დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბანკი ან საკრედიტო დაწესებულება გადახდის უნარს მოკლებულია, იგი უნდა გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ და მოხდეს მისი ლიკვიდაცია ამ კანონის შესაბამისად.
მუხლი 37. ლიკვიდაცია
1. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ბანკებისა და საკრედიტო დაწესებულებების ლიკვიდაციის საკითხი წამოიჭრება საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის წარდგინების საფუძველზე სასამართლოს მიერ დანიშნული პირი.
2. ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 3 თვის განმავლობაში შეადგინოს აქტივებისა და პასივების ნუსხა და ასლი გადასცეს საქართველოს ეროვნულ ბანკს გამოსაქვეყნებლად.
3. ლიკვიდატორი ბანკების ან საკრედიტო დაწესებულებების აქტივების რეალიზაციას ახდენს საჯარო გაყიდვით.
4. ლიკვიდატორს დანიშვნის დღიდან სამი თვის განმალობაში შეუძლია შეწყვიტოს:
ა) გარიგება ბანკის თანამშრომლის დაქირავების შესახებ;
ბ) კონტრაქტები მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც ბანკი იღებდა მონაწილეობას;
გ) ბანკის ნებისმიერი ვალდებულება როგორც უძრავი ქონების მოიჯარისა, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ ბანკი აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება), არა აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც დაირიცხა შეთანხმების გაუქმების თარიღისათვის და არ მოითხოვს ასეთი გაუქმების შედეგად წარმოქმნილი ზარალის ანაზღაურებას.
5. ლიკვიდატორმა დანიშვნიდან ორი თვის ვადაში უნდა:
ა) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რწმუნებული პირის ყველა იმ ფუნქციის შეწყვეტისათვის, რომელსაც ასრულებდა დაწესებულება, დაუბრუნოს დაწესებულების, როგორც რწმუნებული პირის, კუთვნილი ყველა აქტივი და ქონება მათ მესაკუთრეს და განახორციელოს ყველა ანაგრიშსწორება რწმუნებული პირის ანგარიშების მიხედვით;
ბ) გაუგზავნოს დაზღვეული წერილით ამონაწერები მოთხოვნათა ხასიათისა და თანხის შესახებ ბანკის სააღრიცხვო დოკუმენტების შესაბამისად ყველა მეანაბრეს, დანარჩენ კრედიტორებს, კლიენტებს, რომლებიც ბანკის სეიფებში ინახავენ ფასეულობას, აგრეთვე იმ ქონების დეპონენტებს, რომელსაც განაგებს დაწესებულება.
ამონაწერში აღინიშნება, რომ ლიკვიდატორისათვის პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია წერილის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში, აგრეთვე ის, რომ კლიენტებს შეუძლიათ თავიანთი ფასეულობის მიღება.
6. ბანკის ტერიტორიაზე შენახული ქონება, რომელიც ამონაწერში მითითებულ ვადებში არ არის გამოთხოვილი, მოუკითხავი ფულადი სახსრები და ქონება, რომელიც ირიცხება ბანკებზე ხელშეკრულების საფუძველზე, ითვლება მოუკითხავ რესურსად და გადადის ეროვნული ბანკის მფლობელობაში მესაკუთრის გამოვლენის მიზნით.
7. ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმებების პირობების თანახმად და ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა დაიფარება ქვემოთ მოცემული თანამიმდევრობის მიხედვით (გარდა კანონის დებულებათა გამოყენების პროცესში ლიკვიდატორის ან ეროვნული ბანკის მიერ გაწეული აუცილებელი და გამიზნული ხარჯებისა);
ა) კრედიტორები, რომლებმაც კრედიტები მისცეს ბანკს ლიკვიდატორის დანიშვნის შემდეგ;
ბ) მოსახლეობის ანაბრები, დაუბეგრავი მინიმუმის ასმაგი ოდენობის ფარგლებში;
გ) მოსახლეობის გადაუხდელი ანაბრები,რომლებიც არ არის გადახდილი „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად;
დ) დანარჩენი მოთხოვნები ბანკის მიმართ.
თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის შესაბამის პუნქტში აღნიშნული მოთხოვნების კლასის სრულად დაფარვისათვის, მაშინ ყველა ეს მოთხოვნა უნდა დაიფაროს თანაბარი პროპორციით.
თავი VIII
გარდამავალი ხასიათის დებულებები
მუხლი 38. მოქმედი ბანკების ლიცენზიები
1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკი თითოეულ დაწესებულებას, რომელიც უკვე ახორციელებს საბანკო საქმიანობას წერილობით აცნობებს იმ შეზღუდვების შესახებ (თუკი ასეთი შეზღუდვები აუცილებელი იქნება), რომლებიც დაწესდება მისი საოპერაციო საქმიანობისათვის, რის შემდეგაც აღნიშნული შეზღუდვები ჩაითვლება მოცემული დაწესებულების საბანკო ლიცენზიის დანართებად.
2. დაწესებულებები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის ახორციელებენ საბანკო საქმიანობას საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლებიან საბანკო ლიცენზიის მქონე დაწესებულებებად ერთი წლის ვადით. ამ ვადებში ბანკები ვალდებული არიან მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა ამ კანონთან შესაბამისობაში.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 23 თებერვალი.
№121-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1996 წლის 21 მარტის კანონი №163 - გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 03.04.1996 წ.
დოკუმენტის კომენტარები