„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5162-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 110030060.05.001.018125
5162-რს
03/06/2016
ვებგვერდი, 04/06/2016
110030060.05.001.018125
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №5-6, 24.04.96, გვ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმეზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ ამ საქმის განხილვაში უშუალოდ მონაწილე მოსამართლეებს. თუ განმწესრიგებელი სხდომის ან/და საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას რომელიმე მოსამართლე სხვა მოსამართლით შეიცვალა, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში საქმის განხილვის იგივე ეტაპი თავიდან იწყება.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული აზრი ან თანმხვედრი აზრი, რომელიც წერილობით გადმოიცემა.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-17 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დაუყოვნებლივ გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯად საქმეს 7 დღის ვადაში გადასცემს კოლეგიას საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო თუ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადია – იმავე ვადაში, ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილი წესის საფუძველზე ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს პლენუმის სხდომისთვის და საქმეს მას გადასცემს. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებისთვის საქმეთა გადაცემისას დაცული უნდა იქნეს რიგითობის წესი, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმავე შინაარსისაა ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისთვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ეს სარჩელი ერთ წარმოებად გასაერთიანებლად, განსახილველად გადასცეს იმავე კოლეგიას.

22. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსახილველია ან საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის/საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პლენუმს გადაეცა განსახილველად და იგი შინაარსობრივად ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება პლენუმისთვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება, პლენუმი უფლებამოსილია ეს სარჩელები/წარდგინებები ერთ წარმოებად გააერთიანოს.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე საქმის მიღებისთანავე კოლეგიის წევრთაგან, ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილი წესის საფუძველზე ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს განმწესრიგებელი სხდომისთვის და საქმეს კოლეგიის წევრებს გადასცემს.“;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიზნებისათვის მომხსენებელი მოსამართლე შეირჩევა ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემის საშუალებით.“.

4. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საოქმო ჩანაწერში, რომლითაც  ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერება, მიეთითება:

ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი;

გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

დ) საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი;

ე) მოტივები, რომლებსაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები;

ვ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმები, რომლებიც საფუძვლად დაედო საოქმო ჩანაწერს;

ზ) აღნიშვნა სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერებისა და შეჩერების ვადის შესახებ;

თ) აღნიშვნა სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.“.

5. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლითა და 25-ე მუხლის 41 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს წყვეტს ღია კენჭისყრით, სათათბირო ოთახში.“;

ბ) მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება/საოქმო ჩანაწერი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ძალაში შედის საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან. ისეთ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს წევრი განზრახ არიდებს თავს ხელმოწერას ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და ხელმომწერთა რაოდენობა საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღებისთვის, განჩინება/საოქმო ჩანაწერი შესაძლებელია გამოცხადდეს სხდომათა დარბაზში.

4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული განჩინებისა და საოქმო ჩანაწერის სხდომათა დარბაზში გამოცხადება სავალდებულოა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული განჩინება/საოქმო ჩანაწერი ძალაში შედის საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ხელმოწერის შემდეგ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს წევრი განზრახ არიდებს თავს ხელმოწერას ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და ხელმომწერთა რაოდენობა საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღებისთვის, მისი გამოქვეყნების მომენტიდან, თუ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. განჩინებისა და საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნებად ითვლება მათი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.“.

6. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია საქმე არსებითად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 6 წევრი, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

7. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ან დასკვნაზე ხელმოწერის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას/დასკვნას და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრის/თანმხვედრი აზრის არსებობის შესახებ ინფორმაციას აცხადებს სხდომათა დარბაზში. ისეთ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი განზრახ არიდებს თავს ხელმოწერას ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და ხელმომწერთა რაოდენობა საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღებისთვის, სხდომის თავმჯდომარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას/დასკვნას და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრის/თანმხვედრი აზრის არსებობის შესახებ ინფორმაციას აცხადებს სხდომათა დარბაზში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გამოაცხადოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების/დასკვნის მხოლოდ სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები. ამ შემთხვევაში მხარეებს დაუყოვნებლივ გადაეცემა გადაწყვეტილების/დასკვნის სრული ტექსტი.“.

8. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33

1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დასკვნის, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის სრული ტექსტი, რომელიც შეესაბამება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით, 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 29-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 31-ე და 32-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 29-ე მუხლით დადგენილი წესით სხდომათა დარბაზში გამოცხადების შემდეგ დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი, რომელიც მიღებულია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის საფუძველზე, არ გამოცხადდა სხდომათა დარბაზში, მისი სრული ტექსტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტიდან. ამ აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის მიღებაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი, მისი არსებობის შემთხვევაში, თან ერთვის აღნიშნულ აქტს და მასთან ერთად ქვეყნდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცა ამ აქტის სხდომათა დარბაზში გამოცხადებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი გამოქვეყნდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცა ზემოაღნიშნული აქტის სხდომათა დარბაზში გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებულ აზრს/თანმხვედრ აზრს საკონსტიტუციო სასამართლო 2 დღის ვადაში აქვეყნებს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და უგზავნის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მომდევნო 2 დღის ვადაში აქვეყნებს მას.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის თითო ასლი ეგზავნებათ მხარეებს, ხოლო დასკვნის თითო ასლი – კონსტიტუციური წარდგინების ავტორებსა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ თანამდებობის პირებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების თითო ასლი ეგზავნებათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

6. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დასკვნის თითო ასლი, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის თითო ასლი ეგზავნებათ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.“.

მუხლი 2. 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და საქართველოს მთავრობამ უზრუნველყონ ფინანსური, ტექნიკური და სხვა საჭირო რესურსების გამოყოფა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 31 პუნქტში აღნიშნული მომხსენებელი მოსამართლის ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემის მითითებულ ვადაში შექმნისა და დანერგვისათვის.

  მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

3 ივნისი 2016 წ.

N5162-რს