დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.019271
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
206
11/05/2016
ვებგვერდი, 16/05/2016
240140000.10.003.019271
დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/05/2016 - 30/06/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №206

2016 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

 

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამტკიცდეს თანდართული დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა. 
მუხლი 2
სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
სს „საპარტნიორო ფონდი“ უფლებამოსილია,  პროგრამისათვის გამოყოფილი დაფინანსების ნაწილი გადასცეს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, რა შემთხვევაშიც პროექტის შერჩევისა და დაფინანსების თანდართული პროგრამით დადგენილი წესები არ იმოქმედებს. აღნიშნული დაფინანსების განხორციელების წინაპირობები და სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ურთიერთობის სხვა საკითხები რეგულირდება მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც მოწონებულ უნდა იქნეს სს „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. ამ ხელშეკრულებით, შესაძლებელია, დარეგულირდეს ყველა დაკავშირებული  საკითხი  შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  მიერ პროექტების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

ბ) სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო,  ამ მუხლის  „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, უფლებამოსილი იქნება:

ბ.ა) საკუთრების უფლებით მიიღოს დაფინანსებული დამწყები საწარმოს კაპიტალში არაუმეტეს 5%-იანი წილი;

ბ.ბ) ყოველწლიურად მიიღოს შემოსავალი დაფინანსებული დამწყები საწარმოს შემოსავლიდან არაუმეტეს 5%-ის ოდენობით;

ბ.გ) ამ მუხლის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი უფლებებიდან ერთ-ერთი მთლიანად ან ნაწილობრივ უსასყიდლოდ გადასცეს სს „საპარტნიორო ფონდს“;

გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი ხმარდება, მხოლოდ სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.  

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის  მიზნებისათვის, ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროგრამა - დამწყები საწარმოების (სტარტაპების)  ხელშეწყობის პროგრამა;

ბ) მეწარმე სუბიექტი - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, გარდა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის  მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა;

გ) დამწყები საწარმო (სტარტაპი) - მეწარმე სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში საქართველოს მოქალაქის/მოქალაქეთა ჯგუფის მიერ და პროგრამაში განაცხადის წარდგენის თარიღამდე მისი შექმნიდან არ გასულა 6 თვე;

დ) განმცხადებელი - საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეთა ჯგუფი ან დამწყები საწარმო, რომელიც ფონდის მიერ დადგენილი წესით, განაცხადით მიმართავს ფონდს;

ე) პროგრამის ბენეფიციარი - დამწყები საწარმო (სტარტაპი), რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა, ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად;

ვ) ფონდი - სს „საპარტნიორო ფონდი“ ან მისი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო. სს „საპარტნიორო ფონდი“  უფლებამოსილია, მოიწვიოს სხვა დამფინანსებლები, მათ შორის, ფონდის კაპიტალში მონაწილეობის მისაღებად.

მუხლი  2.  პროგრამის მიზანი და აღწერა

1.  პროგრამის მიზანია,  საქართველოში:

ა) დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ჩამოყალიბების და განვითარების მხარდაჭერა;

ბ) კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა;

გ) ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მეშვეობით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მოსახლეობისათვის  დამოუკიდებელი შემოსავლის ახალი წყაროების გაჩენა;

დ) ინოვაციურ და მოწინავე იდეებზე დამყარებული ბიზნესპროექტების განვითარების ხელშეწყობა.

2. პროგრამა მოიცავს 2 კომპონენტს:  

ა) ტექნიკური დახმარების კომპონენტი - ეს კომპონენტი გულისხმობს პროექტების შერჩევის და განხორციელების პროცესში ტექნიკური დახმარების გაწევას (ტრენინგების, კონსულტაციების და ფონდისათვის მისაღები სხვა სახის ტექნიკური დახმარების განხორციელებას, საჭიროების შესაბამისად);

ბ) დაფინანსების კომპონენტი - ეს კომპონენტი გულისხმობს პროექტის დაფინანსებას, პროგრამით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 3. უფლებამოსილებათა განაწილება პროგრამის განხორციელებისთვის

1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს ფონდი.

2. ფონდი:

ა) შეიმუშავებს და სს „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო წესებს და დოკუმენტებს;

ბ) უზრუნველყოფს პროგრამის ბენეფიციართან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებას;

გ) შეარჩევს და სს „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პროექტებს დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად;

დ) დამტკიცებული პროექტებისათვის უზრუნველყოფს თანხების გამოყოფას, პროექტის ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;

ე) ახორციელებს დაფინანსებული პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგს და პროგრამის ბენეფიციარების ტექნიკურ მხარდაჭერას, ამ პროგრამის მე-6 მუხლის შესაბამისად.

მუხლი  4.  პროგრამის მიმართულებები

პროგრამით შეიძლება დაფინანსდეს ნებისმიერი მიმართულება,  გარდა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი გამონაკლისებისა.

მუხლი  5.  პროექტების შერჩევა

1. განმცხადებლის მიერ წარდგენილი პროექტების შერჩევას ახორციელებს ფონდი დადგენილი კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.

2.  შერჩევა ხდება  2  ეტაპად:

ა) პირველი ეტაპის მიზანია დადგენილ კრიტერიუმებთან განმცხადებლისა და პროექტის შესაბამისობის დადგენა. პირველ ეტაპზე შერჩეული პროექტები განსახილველად გადადის  შერჩევის მე-2 ეტაპზე;

ბ) მე-2 ეტაპის მიზანია პროექტის, მათ შორის, ბიზნესგეგმის დეტალური განხილვა და პროექტის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

3. ფონდი უფლებამოსილია, პროექტების შერჩევის პროცესი ჩაატაროს, მათ შორის, კონკურსის წესით, წინასწარ გაცხადებულ პერიოდში შესული პროექტებისაგან საუკეთესო პროექტების შერჩევის გზით.

მუხლი  6.  ტექნიკური დახმარების კომპონენტი

1. ტექნიკური დახმარების ამოცანები განისაზღვრება ამ პროგრამის მე-2  მუხლის  მე-2  პუნქტის შესაბამისად.

2. ფონდი ადგენს და აქვეყნებს ბიზნესგეგმის ტიპურ ფორმას.

3. პროექტის ბენეფიციარს დაფინანსების ეტაპზე შესაძლებელია   გაეწიოს ტექნიკური დახმარება ტრენინგების, კონსულტაციების ან ფონდისათვის მისაღები სხვა ფორმით. ტექნიკური დახმარება გაიწევა ფონდის მიერ დადგენილი მოცულობითა და წესით.

მუხლი  7.  ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი

1. ამ პროგრამის მე-5 მუხლის შესაბამისად შერჩეული პროექტების დაფინანსების ოდენობა არ უნდა იყოს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 100 000 (ასი ათასი) ლარს თითოეული პროგრამის ბენეფიციარისათვის (მიუხედავად პროექტების რაოდენობისა). ამ პუნქტის მიზნებისათვის პროგრამის ბენეფიციარი იგივეა მაშინაც, როდესაც დაფინანსების მაძიებელ ან/და პროგრამის ბენეფიციარ სხვადასხვა საწარმოში პარტნიორის სახით მონაწილეობს/მონაწილეობენ  ერთი და იგივე დამფუძნებელი/დამფუძნებლები.  

2. პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფონდისათვის მისაღები ფორმით განახორციელოს უზრუნველყოფის წარდგენა.

3. პროგრამის ბენეფიციარი უზრუნველყოფს პროექტის დაწყებას  დამტკიცებული ბიზნესგეგმით და ფონდთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და თანმიმდევრობით.

4. პროგრამის ბენეფიციარის დამფუძნებელი ვალდებულია,  პროგრამის ბენეფიციარის კაპიტალში განახორციელოს ფულადი შენატანი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით და არამატერიალური აქტივი.

5. პროგრამის ბენეფიციარის კაპიტალში ფონდი არ შეიძლება ფლობდეს 50%-ზე მეტს, ხოლო პროგრამის ბენეფიციარის კაპიტალში მისი დამფუძნებლის მონაწილეობა განისაზღვრება არანაკლებ 50%-ით, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამის ბენეფიციარში განმცხადებლის მიერ შესატანი არამატერიალური აქტივის სანაცვლოდ ფონდის პარტნიორი მიიღებს კაპიტალის 40%-ს, თუ პარტნიორების მიერ შეთანხმებული წესით შედგენილი აუდიტორული შეფასებით არამატერიალური აქტივის ღირებულება უფრო დიდი ღირებულებით არ შეფასდება.

6. ფონდი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან არაუმეტეს 10 წლის ამოწურვის შემდეგ პროექტიდან გასვლის წინაპირობები.

7. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ფონდი უფლებამოსილია, პროექტის ნებისმიერ კომპონენტთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები პროგრამის ბენეფიციარებისათვის, მასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში.

მუხლი 8. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის მონიტორინგი

1. პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს, მათ შორის,  დაფინანსების ათვისების მიზნობრიობის მონიტორინგს ახორციელებს ფონდი. ფონდი უფლებამოსილია, დაიქირაოს კონსულტანტები აღნიშნული მონიტორინგის განხორციელების მიზნით.

2. დაფინანსების ათვისების მიზნობრიობა განისაზღვრება პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისათვის დამტკიცებული ბიზნესგეგმით. ბიზნესგეგმა შესაძლებელია შეიცვალოს ბენეფიციარისა და ფონდის შეთანხმების საფუძველზე.

3. პროგრამის ბენეფიციარის მიერ პროექტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის, დაფინანსების არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში ან/და პროგრამაში მონაწილე პირების მიერ პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ფონდს  უფლება აქვს, მოითხოვოს პროექტის ვადაზე ადრე შეწყვეტა, ფონდსა და პროგრამის ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.

მუხლი  9.  პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სს „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, მაგრამ არა უმეტეს 35,000,000 ლარის ზღვრული ოდენობისა, მათ შორის, პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე - არაუმეტეს 10,000,000 ლარისა. ამასთან,  თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროექტებისათვის განკუთვნილი  ბიუჯეტი  არ  უნდა  აღემატებოდეს  მთლიანი  ბიუჯეტის 40%-ს.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა დამატებით დაფინანსდეს კერძო სამართლის იურიდიული პირების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

მუხლი  10.  დამატებითი პირობები

1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამ პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა განისაზღვრება სს „საპარტნიორო ფონდის“  სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.

2. ამ პროგრამის დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში ფონდმა უზრუნველყოს შემდეგი დოკუმენტების მომზადება და სს „საპარტნიორო  ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა:

ა) პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების (პროექტების) შერჩევის წესი;

ბ) ამ პროგრამის ფარგლებში გასაფორმებელი ტიპური ხელშეკრულებ(ებ)ის  პროექტ(ებ)ი.