შეთანხმება საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС)

შეთანხმება საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС)
დოკუმენტის ნომერი 8/22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/11/1951
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016393
8/22
01/11/1951
ვებგვერდი, 16/05/2016
480610000.03.030.016393
შეთანხმება საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС)


(ძალაშია 1951 წლის 1 ნოემბრიდან 2015 წლის 1ივლისის   ცვლილებებისა და დამატებები გათვალისწინებით)

 

შეთანხმება

საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ

ტვირთის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით გადაზიდვების ორგანიზების მიზნით,

აზერბაიჯანის რესპუბლიკის,

ალბანეთის რესპუბლიკის,

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის,

ბელორუსის რესპუბლიკის,

უნგრეთის,

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის,

საქართველოს,

ირანის ისლამური რესპუბლიკის,

ყაზახეთის რესპუბლიკის,

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის,

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის,

ყირგიზეთის რესპუბლიკის,

ლატვიის რესპუბლიკის,

ლიტვის რესპუბლიკის,

მოლდოვის რესპუბლიკის,

მონღოლეთის,

პოლონეთის რესპუბლიკის,

რუსეთის ფედერაციის,

სლოვაკეთის რესპუბლიკის,

ტაჯიკეთის რესპუბლიკის,

თურქმენეთის,

უზბეკეთის რესპუბლიკის,

უკრაინის,

ესტონეთის რესპუბლიკის

სამინისტროები, რომელთა დაქვემდებარებაშია სარკინიგზო ტრანსპორტი (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მხარეები“), მათი უფლებამოსილი პირების სახით დებენ ამ  შეთანხმებას შემდეგზე:


ნაწილი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1

შეთანხმების საგანი

ამ შეთანხმებით დგინდება ტვირთის გადაზიდვისთვის პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლა  შემდეგი ქვეყნების რკინიგზებით:

აზერბაიჯანის რესპუბლიკა,

ალბანეთის რესპუბლიკა,

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა,

ბელორუსის რესპუბლიკა,

ბულგარეთის რესპუბლიკას,

უნგრეთი,

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა,

საქართველო,

ირანის ისალმური რესპუბლიკა,

ყაზახეთის რესპუბლიკა,

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა,

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა,

ყირგიზეთის რესპუბლიკა,

ლატვიის რესპუბლიკა

ლიტვის რესპუბლიკა,

მოლდოვის რესპუბლიკა,

მონღოლეთი,

პოლონეთის რესპუბლიკა,

რუსეთის ფედერაცია,

სლოვაკეთის რესპუბლიკა,

ტაჯიკეთის რესპუბლიკა,

თურქმენეთი,

უზბეკეთის რესპუბლიკა,

უკრაინა,

ესტონეთის რესპუბლიკა.

 

ამ სახელმწიფოთა ინტერესებს წარმოადგენენ სამინისტროები, რომელთა  დაქვემდებარებაშიც არის სარკინიგზო ტრანსპორტი და რომლებმაც დადეს ეს  შეთანხმება1.

მუხლი 2

ტერმინები

ამ შეთანხმების მიზნებისთვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

საავტომობილო სატრანსპორტო საშუალება (АТС) დატვირთული ავტომობილი, ავტომატარებელი, მისაბმელი, ასევე ცარიელი ავტომობილი, ავტომატარებელი, მისაბმელი  მათი რკინიგზით ტვირთის გადასაზიდად გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ;

სატარიფო (ტარიფის) ვალუტა ფულადი ერთეული, რომლითაც გამოიხატება ტარიფის განაკვეთი;

ვაგონის მფლობელი პირი, რომელიც ფლობს ვაგონს საკუთრების უფლებით ან სხვა სამართლებრივი საფუძვლით, რაც შეტანილია სატრანსპორტო საშუალებების რეესტრში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;

ტვირთი საქონელი, ვაგონი სატრანსპორტო საშუალების სახით, რომელიც არ ეკუთვნის გადამზიდავს, ასევე სხვა ობიექტები, რომლებიც მიღებულია გადასაზიდად გადაზიდვის ხელშეკრულების დადების საფუძველზე;

სახელშეკრულებო გადამზიდავი გადამზიდავი, რომელმაც გააფორმა გამგზავნთან გადაზიდვის ხელშეკრულება ამ შეთანხმების შესაბამისად;

რკინიგზა ინფრასტრუქტურა, რომელიც განლაგებულია ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

ინტერმოდალური სატრანსპორტო ერთეული (ИТЕ) კონტეინერი,  ავტომობილის მოსახსნელი ძარა, ნახევრად მისაბმელი, რომლებიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად ორი ან მეტი სახეობის ტრანსპორტით, ტრანსპორტის სახეობის შეცვლისას ტვირთის გადატვირთის გარეშე;

ინფრასტრუქტურა (სარკინიგზო ინფრასტრუქტურა) ტექნიკური კომპლექსი, რომელიც მოიცავს საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებს, რკინიგზის სადგურებს, სხვა ნაგებობებს და მოწყობილობებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კომპლექსის ფუნქციონირებას, რომლის გამოყენებითაც გადამზიდავი ახორციელებს ტვირთის გადაზიდვას;

პირგასამტეხლო (ჯარიმა, საურავი) მყარი ფულადი თანხა ან ფულადი თანხა, რომელიც გამოხატულია ვალდებულების თანხის პროცენტით და რომელიც უნდა გადაუხადოს  გადაზიდვის მონაწილე მხარემ ვალდებულების მონაწილე მეორე მხარეს  გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში; 

გამგზავნი პირი, რომელმაც წარმოადგინა ტვირთი გადასაზიდად და რომელიც მითითებულია ზედნადებში ტვირთის გამგზავნის სტატუსით (სახით);

გზავნილი ტვირთი, რომელიც მიღებულია გადასაზიდად ერთი ზედნადებით ერთი გამგზავნის მიერ ერთი გამგზავნი სადგურიდან ერთი მიმღების მისამართით ერთი  სადგურის დანიშნულებით;

ტვირთის გადაზიდვა ტვირთის გადაზიდვა პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით და ტვირთის გადაზიდვა პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით;

ტვირთის გადაზიდვა პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით   სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვა ორი ან მეტი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტვირთის ერთიანი დოკუმენტით (ზედნადებით), რომელიც გაფორმებულია მსვლელობის სრული  მარშრუტისთვის;

ტვირთის გადაზიდვა საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვა პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით საწყლოსნო ტრანსპორტის მონაწილეობით, იმ პირობით, რომ ტვირთი გამგზავნი სადგურიდან დანიშნულების სადგურამდე გადაიზიდება ვაგონით ან საკუთარ ღერძებზე;

გადაზიდვის მოწყობილობები საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია გადასაზიდი ტვირთის განთავსების, დამაგრების, დაცულობის უზრუნველსაყოფად;

გადამზიდავი სახელშეკრულებო გადამზიდავი და ყველა მომდევნო გადამზიდავი, რომლებიც მონაწილეობენ ტვირთის გადაზიდვაში, მათ შორის, გზის საწყლოსნო მონაკვეთზე საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლაში;

პლომბი საკონტროლო ელემენტი, რომელიც წარმოადგენს ერთიანი კონსტრუქციის შემადგენელ ნაწილს და რომლის მთლიანობაც ადასტურებს ტვირთის ხელშეუხებლობას ვაგონის,  ინტერმოდალური სატრანსპორტო ერთეულის (ИТЕ) და საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების (АТС) დასაპლომბი კონსტრუქციული ხვრელების საშუალებით. პლომბი ასევე გულისხმობს საკეტ-საპლომბ მოწყობილობას (სსმ);

მომდევნო გადამზიდავ გადამზიდავი, რომელიც ერთვება გადაზიდვის ხელშეკრულებაში (სახელშეკრულებო გადამზიდავის მიერ დადებული ხელშეკრულება), იღებს ტვირთს სახელშეკრულებო გადამზიდავისაგან ან სხვა მომდევნო გადამზიდავისაგან მისი შემდგომი გადაზიდვისთვის;

მიმღები პირი, რომელიც მითითებულია ზედნადებში ტვირთის მიმღებად;

გადაზიდვის საფასური გადასახადები, რომლებიც მოიცავს  გადაზიდვის ღირებულებას, გამცილებლისთვის, ავტომატარებლის მძღოლისთვის გადასახდელ თანხას,  დამატებით მოსაკრებლებს  და სხვა გადასახადებს, რომლებიც წარმოიშობა გადაზიდვის ხელშეკრულების გაფორმებიდან ტვირთის მიმღებისთვის გადაცემამდე, მათ შორის,  ტვირთის გადატვირთვასთან ან ვაგონების გადაყენებასთან დაკავშირებულ გადასახადებს; 

ტარიფი განაკვეთების სისტემა და გადაზიდვის ღირებულების გამოთვლის წესები, რომელიც განსაზღვრავს გადაზიდვის ღირებულების ოდენობას;

ინფრასტრუქტურის მმართველი პირი, რომელიც  გადამზიდავებს მომსახურებას უწევს ინფრასტრუქტურით სარგებლობის საკითხებში;

გადაზიდვის მონაწილე გამგზავნი, გადამზიდავი, მიმღები.

მუხლი 3

შეთანხმების გამოყენება

§1. ეს შეთანხმება აწესებს   პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით  და პირდაპირი  საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე  მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ერთიან სამართლებრივ ნორმებს.   

§2. ტვირთის გადაზიდვა პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლით წარმოებს იმ სადგურებს შორის, რომლებიც გახსნილია სატვირთო ოპერაციების შესასრულებლად, ამ  შეთანხმების მონაწილე  მხარეების ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად, ხოლო პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით მხარეთა მიერ ასეთი გადაზიდვებისათვის განსაზღვრული გზის საწყლოსნო მონაკვეთის მონაწილეობით.

§3. თუ მხარეები  ერთდროულად არიან სხვა საერთაშორისო შეთანხმებების მონაწილე მხარეები, რომელთა ფარგლებშიც განისაზღვრება  სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები, მაშინ გადაზიდვები ამ მხარეების სარკინიგზო სადგურებს შორის შეიძლება განხორციელდეს ამ შეთანხმებების პირობებით. 

მუხლი 4

გადაზიდვის საშუალებები

თუ ტვირთის გამგზავნი სადგური და დანიშნულების სადგური განლაგებულია სხვადასხვა სიგანის ლიანდის რკინიგზებზე, მაშინ გადაზიდვა, ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეიძლება განხორციელდეს შემდეგი საშუალებებით: ერთი სიგანის ლიანდის ვაგონებიდან  სხვა სიგანის ლიანდის ვაგონებში ტვირთის გადატვირთვით, სხვა სიგანის ლიანდის ურიკებზე ვაგონების გადაყენებით ან გასაწევი გოგორწყვილების გამოყენებით.

მუხლი 5

ეროვნული კანონმდებლობის გამოყენება

ამ შეთანხმებაში შესაბამისი პირობების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება იმ მხარის ეროვნული კანონმდებლობა, სადაც უფლებამოსილი პირი ახდენს საკუთარი უფლებების რეალიზებას. 

მუხლი 6

იმპერატიული ხასიათის უფლება

გადაზიდვის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა, რომელიც პირდაპირ  ან ირიბად არ შეესაბამება ამ  შეთანხმების პირობებს, ითვლება ბათილად და არ გააჩნია კანონიერი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განსაზღვრულია ამ  შეთანხმებით. ასეთი პირობების გაბათილება არ იწვევს გადაზიდვის ხელშეკრულების სხვა პირობების უმოქმედობას.

მუხლი 7

გადაზიდვებზე შეთანხმება  ხელშეკრულების დადებამდე

ტვირთის გადაზიდვაზე  შეთანხმება  გადაზიდვების ხელშეკრულების დადებამდე ხორციელდება შემდეგნაირად:

•   გამგზავნსა და სახელშეკრულებო გადამზიდავს შორის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;

•  სახელშეკრულებო გადამზიდავსა და მომდევნო გადამზიდავებს შორის მათ შორის შეთანხმებული პირობების შესაბამისად. 

მუხლი 8

ტვირთის გადაზიდვის წესები

§ 1. ამ შეთანხმების პირობების გამოყენების წესი, ასევე  ტვირთის ცალკეული სახეობების გადაზიდვის სპეციალური პირობები განისაზღვრება ტვირთის გადაზიდვის წესებით (ამ შეთანხმების დანართი 1). 

გადაზიდვაში მონაწილე გამგზავნს, მიმღებსა და გადამზიდავებს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ტვირთის გადაზიდვის განსაკუთრებული პირობები. ამ განსაკუთრებულ პირობებს ენიჭება უპირატესობა  ტვირთის გადაზიდვის წესებში მოცემული პირობების მიმართ.

§ 2. ტვირთის გადაზიდვის წესები მოიცავს დეტალურ სტანდარტულ გადაწყვეტილებებს და პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ შეთანხმების მუხლების ერთმნიშვნელოვნად ინტერპრეტაციას და გამოყენებას.

მუხლი 9

საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვა

§1. საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესების შესაბამისად (ამ შეთანხმების დანართი 2). ამ  შეთანხმების და ტვირთის გადაზიდვის წესების შესაბამისი მუხლები, მითითებული ამ  შეთანხმების მე-8  მუხლში „ტვირთის გადაზიდვის წესები“ გამოიყენება იმ შემთხვევების მიმართ, რომლებიც განსაზღვრული არ არის  საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვების წესებით.

§2. პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით  საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვისას ასევე დაცული უნდა იქნეს საფრთხეშემცველი ტვირთის საზღვაო გადაზიდვის საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნები (МК МПОГ).

მუხლი 10

ტვირთის განლაგება და დამაგრება

§1. ტვირთის განთავსება  და დამაგრება 1520 მმ სიგანის ლიანდის ვაგონებში წარმოებს ტვირთის განთავსებისა და დამაგრების ტექნიკური პირობების შესაბამისად (ამ შეთანხმების დანართი 3), თუ გადამზიდავებს შორის შეთანხმებული არ არის სხვა პირობები. 

§2. ტვირთის განთავსება და დამაგრება 1435 მმ და 1000 მმ სიგანის ლიანდის დახურულ ვაგონებში წარმოებს იმ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მოქმედებს დატვირთვის ადგილას, თუ გადამზიდავებს შორის  შეთანხმებული არ არის სხვა პირობები, ხოლო ღია მოძრავი შემადგენლობის შემთხვევაში გადამზიდავებს შორის შეთანხმებული პირობების შესაბამისად, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის გადაზიდვას აღნიშნული სიგანის ლიანდის ვაგონებით.  

მუხლი 11

იმ ვაგონის გადაზიდვის წესი, რომელიც არ ეკუთვნის გადამზიდავს,

როგორც სატრანსპორტო საშუალება 

§1. ამ შეთანხმების პირობების გამოყენების წესი იმ ვაგონის მიმართ, რომელიც არ ეკუთვნის გადამზიდავს, როგორც სატრანსპორტო საშუალება, განისაზღვრება  ვაგონის გადაზიდვის წესებით, რომელიც არ ეკუთვნის გადამზიდავს, როგორც სატრანსპორტო საშუალება (ამ  შეთანხმების დანართი 4), ხოლო იმ შემთხვევებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის  ვაგონის გადაზიდვის წესებით, რომელიც არ ეკუთვნის გადამზიდავს, როგორც სატრანსპორტო საშუალება, გამოიყენება ამ შეთანხმების მე-8  მუხლით „ტვირთის გადაზიდვის წესები“ განსაზღვრული ტვირთების გადაზიდვის წესები.

§2. ვაგონის გადაზიდვის წესები, რომელიც არ ეკუთვნის გადამზიდავს, როგორც სატრანსპორტო საშუალება, მოიცავს დეტალურ სტანდარტულ გადაწყვეტილებებსა და პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ შეთანხმების მუხლების  ერთმნიშვნელოვნად ინტერპრეტაციას   და გამოყენებას.

მუხლი 12

საინფორმაციო  სახელმძღვანელო

§1. საინფორმაციო სახელმძღვანელო მოიცავს ცნობებს რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და გზის საწყლოსნო მონაკვეთების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ტვირთის გადაზიდვისას ამ შეთანხმების პირობებით, ასევე მონაცემებს იმ გადამზიდავების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ ასეთ გადაზიდვებს (ამ შეთანხმების დანართი 5).   

საინფორმაციო სახელმძღვანელოში შეტანილი მონაცემები  ხელმისაწვდომია ყველასათვის  და მიჩნეულია სანდოდ.

§2. საინფორმაციო სახელმძღვანელოს სტრუქტურაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.  

§ 3. საინფორმაციო სახელმძღვანელოს მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მხარეთა განცხადების საფუძველზე. თითოეული მხარე მიმართავს რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის  (ОСЖД) კომიტეტს განცხადებით  საკუთარი სახელმწიფოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის, გზის საწყლოსნო მონაკვეთების და  საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარეგისტრირებული და საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე გადამზიდავების შესახებ მონაცემებში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

მონაცემები, რომლის საფუძველზეც რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის (ОСЖД) კომიტეტს შეაქვს ცვლილებები და დამატებები საინფორმაციო სახელმძღვანელოში, წარდგენილი უნდა იქნეს  მათი ძალაში შესვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა.

რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის  (ОСЖД) კომიტეტი   საინფორმაციო სახელმძღვანელოს მონაცემებში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ინფორმაციას განათავსებს რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის ვებგვერდზე მისი მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, ძალაში შესვლის თარიღის მითითებით. 

მუხლი 13

ტვირთის გადაზიდვა ციმ/სმგს (ЦИМ/СМГС)-ის ზედნადების გამოყენებით

ტვირთის გადაზიდვა შეიძლება განხორციელდეს ციმ/სმგს (ЦИМ/СМГС)-ის ზედნადების გამოყენებით. ზედნადების ნიმუში, ასევე მისი შევსებისა და გამოყენების წესები მოცემულია ციმ/სმგს (ЦИМ/СМГС)-ის ზედნადების სახელმძღვანელოში (ამ  შეთანხმების დანართი 6). ამ შეთანხმების შესაბამისი მუხლები და ამ შეთანხმების მე-8  მუხლში „ტვირთის გადაზიდვის წესები“ მითითებული ტვირთის გადაზიდვის წესები გამოიყენება იმ შემთხვევებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის  ციმ/სმგს (ЦИМ/СМГС)-ის  ზედნადების  სახელმძღვანელოში.

II

გადაზიდვის ხელშეკრულება

 

მუხლი 14

გადაზიდვის ხელშეკრულება

§1.  გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, გადამზიდავი ვალდებულია  გარკვეულ საფასურად გადაზიდოს მისთვის გამგზავნის მიერ  მინდობილი ტვირთი დანიშნულების სადგურამდე იმ მარშრუტით, რომელიც შეთანხმებულია გამგზავნსა და სახელშეკრულებო გადამზიდავს შორის, და გადასცეს ის მიმღებს.

§2. გადამზიდავი  ტვირთის გადაზიდვას ახორციელებს   ამ  შეთანხმების პირობებით, თუ:

1) გადამზიდავი ან გამგზავნი განკარგავს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვისთვის;

2) გამგზავნი ასრულებს ამ  შეთანხმების პირობებს;

3) გადაზიდვას  არ აფერხებს გარემოებები, რომელთა თავიდან აცილებაც  გადამზიდავს არ შეუძლია  და რომელთა აღმოფხვრაც მასზე არ არის დამოკიდებული;

4)   გადაზიდვა შეთანხმებულია გადამზიდავებს შორის ტვირთის მოძრაობის მარშრუტის შესაბამისად.

§3. გადაზიდვის ხელშეკრულების დადება დასტურდება ზედნადებით.

§4. ზედნადებში შეტანილი არასწორი ან არაზუსტი მონაცმები,  ასევე გადამზიდავის მიერ ზედნადების დაკარგვა  გავლენას არ ახდენს გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობაზე და მის მოქმედებაზე.

§5. თითოეული მომდევნო გადამზიდავი, რომელიც იღებს ტვირთს გადასაზიდად ზედნადებთან ერთად, ერთვება გადაზიდვის ხელშეკრულებაში და იღებს  მასზე დაკისრებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობას. 

§6. ვაგონს ტვირთის გადასაზიდად წარადგენს გადამზიდავი ან გამგზავნი. 

გადასაზიდად გამოიყენება ვაგონები, რომლებიც დაშვებულია  საერთაშორისო მიმოსვლაში.

მუხლი 15

ზედნადები

§ 1. ზედნადებში მოცემული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: 

1)  გამგზავნის დასახელება და მისი საფოსტო მისამართი;

2)  მიმღების დასახელება და მისი საფოსტო მისამართი;

3)  სახელშეკრულებო გადამზიდავის დასახელება;

4) გამგზავნი რკინიგზისა და სადგურის დასახელება;

5)  დანიშნულების რკინიგზისა და სადგურის დასახელება;

6)  სასაზღვრო გადასასვლელი სადგურების დასახელება;

7)  ტვირთის დასახელება და მისი კოდი;

8)  გზავნილის ნომერი;

9) შეფუთვის სახეობა;

10) ტვირთის ადგილების რაოდენობა;

11)  ტვირთის მასა;

12) ვაგონის (კონტეინერის) ნომერი, ვის მიერ არის წარდგენილი ვაგონი ტვირთის გადასაზიდად (გამგზავნის ან გადამზიდავის მიერ);

13) გამგზავნის მიერ თანდართული ზედნადების თანმხლები დოკუმენტაციის ჩამონათვალი;

14)  გადაზიდვის ღირებულების გადახდის შესახებ;

15)  პლომბების რაოდენობა და ნიშნები;

16)  ტვირთის მასის განსაზღვრის წესი;

17) გადაზიდვის ხელშეკრულების დადების  თარიღი.

§2. ამ მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრული მონაცემების გარდა,  ზედნადებში საჭიროებისამებრ მოცემული უნდა იყოს შემდეგი ცნობები:   

1) მომდევნო გადამზიდავების დასახელება;

2) გამგზავნის  ტვირთთან დაკავშირებული განცხადებები;

3) პორტებთან არსებული რკინიგზის სადგურები და საწყლოსნო  ტრანსპორტზე გადაცემის პორტები;

4) ტვირთის გადაზიდვის წესებით გათვალისწინებული სხვა მონაცემები. 

§3. ზედნადების ბლანკები იბეჭდება და მათი შევსება ხდება რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის (ОСЖД) ერთ-ერთ სამუშაო ენაზე (ჩინურად, რუსულად), კერძოდ:  

- გადაზიდვისას შემდეგი ქვეყნებიდან ან ქვეყნებში: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ბელორუსის რესპუბლიკა, ბულგარეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, საქართველო, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ლიტვის რესპუბლიკა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონღოლეთი, პოლონეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, სლოვაკეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, თურქმენეთი, უზბეკეთის რესპუბლიკა, უკრაინა, ესტონეთის რესპუბლიკა, ან მათი ტრანზიტით  გავლით რუსულ ენაზე;

-  გადაზიდვებისას ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკიდან ჩინურ ენაზე;

- გადაზიდვებისას ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციიდან და ყაზახეთის რესპუბლიკიდან ან მათი ტრანზიტით გავლით რუსულ ენაზე.

ზედნადების ბლანკები, ასევე ზედნადების ყველა ან ცალკეული შევსებული გრაფები შესაძლოა  ითარგმნოს სხვა ენაზე. გადაზიდვის მონაწილე მხარეებს შორის შეთანხმებით ზედნადები შეიძლება   შეივსოს ნებისმიერ სხვა ენაზე.

§4. ზედნადები შეიძლება გაფორმდეს ელექტრონული ზედნადების სახით. ელექტრონული ზედნადები ასრულებს ქაღალდზე გაფორმებული ზედნადების ფუნქციას და წარმოადგენს მონაცემთა ნაკრებს ელექტრონული სახით, რაც  ქაღალდზე გაფორმებული ზედნადების მონაცემების იდენტურია.

მუხლი 16

პასუხისმგებლობა ზედნადებში შეტანილ მოაცემებზე

§1.  გამგზავნი უზრუნველყოფს მის მიერ ზედნადებში მითითებული მონაცემების და განცხადებების სისწორეს.  იგი პასუხისმგებელია  ამ მონაცემების და განცხადებების არასწორად, არაზუსტად და არასრულად მითითებით, ასევე მათი  ზედნადების შეუსაბამო გრაფაში შეტანით გამოწვეულ ყველა შედეგზე. თუ ამ  შეთანხმების პირობების შესაბამისად გადამზიდავს  ზედნადებში შეაქვს გამგზავნის მითითებები, მიიჩნევა,  რომ ის გამგზავნის სახელით მოქმედებს, თუ საწინააღმდეგო არ დადასტურდება.  

§2. თუ გადაზიდვის ხელშეკრულების დადებამდე გადამზიდავი ზედნადებში აღმოაჩენს  არასწორ, არაზუსტ და არასრულ მონაცემებს,  გამგზავნი ვალდებულია შეადგინოს ახალი ზედნადები, თუ ტვირთის გადაზიდვის წესების მიხედვით ზედნადებში მითითებული  მონაცემების და განცხადებების შესწორება დაუშვებელია.

§3. გამგზავნი  გადამზიდავს გადაუხდის პირგასამტეხლოს, თუ გადაზიდვის  ხელშეკრულების დადების  შემდეგ გადამზიდავი აღმოაჩენს გამგზავნის მიერ ზედნადებში არასწორად, უზუსტობებით ან არასრულად მითითებულ მონაცემებს  და ამასთან ერთად დაადგენს, რომ:

1) ტვირთის შემადგენლობაში მიღებული იქნა საგნები, რომელთა გადაადგილება დაუშვებელია სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას, თუნდაც ერთ-ერთ სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაზიდვა;

2) გადასაზიდად მიღებული იქნა  საფრთხეშემცველი ტვირთი მისი გადაზიდვის პირობების დარღვევით;

3) ტვირთის დატვირთვისას გამგზავნის მიერ დაშვებული იქნა ვაგონების გადატვირთვა ვაგონის  ტვირთამწეობის ზევით;

4) შემცირებული იქნა გადაზიდვის ღირებულების ოდენობა;

5) შეიქმნა გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.

პირგასამტეხლოს დაკისრება ამ პარაგრაფის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში ხორციელდება 31-ე მუხლის „გადაზიდვების ღირებულებისა და  პირგასამტეხლოს გადახდა“ დებულებების შესაბამისად,  გადაზიდვის ღირებულების ხუთმაგი ოდენობით,  გადამზიდავის სასარგებლოდ, რომელიც აღმოაჩენს ასეთ დარღვევას.

პირგასამტეხლოს დაკისრება ამ პარაგრაფის მე-3 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში ხორციელდება 31-ე მუხლის „გადაზიდვების ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა“ დებულებების შესაბამისად, გადაზიდვის ღირებულების ხუთმაგი ოდენობით ტვირთის ზედმეტი მასის გადაზიდვის გამო,   გადამზიდავის სასარგებლოდ, რომელიც აღმოაჩენს ასეთ ზედმეტობას. 

გადამზიდავს უფლება აქვს დააკისროს ამ პარაგრაფით გათვალისწინებული პირგასამტეხლოები იმ შესაძლო ზიანისა და სხვა პირგასამტეხლოების ანაზღაურებისგან  დამოუკიდებლად, რომელთა გადახდაც უნდა განხორციელდეს გამგზავნის ან მიმღების მიერ ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად.

მუხლი 17

ტვირთის ფასეულობის გამოცხადება

§ 1. გადამზიდავსა და გამგზავნს შორის შეთანხმების შესაბამისად  ტვირთის გადაზიდვა შეიძლება განხორციელდეს  ტვირთის ფასეულობის გამოცხადებით.

§ 2. გადამზიდავს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ანაზღაურება ტვირთის ფასეულობის გამოცხადებისათვის.

მუხლი 18

ტარა, შეფუთვა და მარკირება  

§ 1. ტვირთი, რომელიც საჭიროებს ტარას ან შეფუთვას გადაზიდვისას დანაკარგის, დაზიანების, გაფუჭების ან ხარისხის გაუარესების თავიდან აცილებისთვის, სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა ტვირთების დაზიანებისაგან  და დაბინძურებისაგან დაცვისთვის, ასევე ადამიანების, ცხოველების, გარემოსა და რკინიგზის ინფრასტრუქტურისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებისთვის,  გადასაზიდად მიწოდებული უნდა იქნეს ტარით ან შეფუთვით, რაც  უზრუნველყოფს  ამ მოთხოვნების შესრულებას.

§ 2. გამგზავნი ვალდებულია უზრუნველყოს მარკირების, ეტიკეტების ან ნაჭდევების  სისწორე, რომლებიც დატანილია ტვირთის ადგილებზე ან მიმაგრებულია მათზე, ასევე ეტიკეტების სიწორე, რომლებიც მიმაგრებულია მის მიერ ვაგონებზე, ინტერმოდალურ სატრანსპორტო ერთეულებზე (ИТЕ) და საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებზე (АТС).   

§ 3. თუ ტვირთის გადასაზიდად წარდგენილი  ტარის (შეფუთვის) გარე დათვალიერებისას შემჩნეული იქნება ნაკლოვანებები, რომლებიც ქმნის  ტვირთის და სატრანსპორტო საშუალებების გადატვირთვის შეუძლებლობის, დანაკარგის, დანაკლისის, დაზიანების (გაფუჭების) საფრთხეს, გადამზიდავი უარს იტყვის ტვირთის გადასაზიდად მიღებაზე  ან მიიღებს მას განსაკუთრებული სახელშეკრულებო პირობებით. 

თუ ტვირთის ტარის ან შეფუთვის მდგომარეობა არ იძლევა მისი შემდგომი გადაზიდვის საშუალებას,  ტვირთის განკარგვა ხორციელდება  28-ე მუხლის   „ტვირთის გადაზიდვისა და გაცემის დაბრკოლებები”  დებულებების შესაბამისად. 

§ 4. გამგზავნი პასუხისმგებელია ტარის ან შეფუთვის არარსებობით ან არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გამოწვეულ შედეგებზე, ასევე არასწორი მარკირებით, ეტიკეტირებით და ნაჭდევებით ან/და მათი არარსებობით  გამოწვეულ შედეგებზე, კერძოდ,  მან  გადამზიდავს უნდა აუნაზღაუროს ამის შედეგად გამოწვეული ზიანი. 

მუხლი 19

ტვირთის დატვირთვა და ტვირთის მასის განსაზღვრა   

§ 1. ტვირთის დატვირთვა უნდა განხორციელდეს  ტექნიკურად გამართულ, ტვირთის გადასაზიდად ვარგის და გასუფთავებულ ვაგონებში. 

§ 2. გამგზავნი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით განისაზღვრება, ვის მიერ უნდა  განხორციელდეს  ტვირთის  ვაგონში  დატვირთვა – გადამზიდავის თუ გამგზავნის მიერ. 

ტვირთის ჩატვირთვა ინტერმოდალურ სატრანსპორტო ერთეულებში (ИТЕ) და საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებში (АТС)  წარმოებს გამგზავნის მიერ.    

§ 3. პირი, რომელიც აწარმოებს დატვირთვას, პასუხისმგებელია კონკრეტული ტვირთის გადაზიდვისათვის ვაგონების ვარგისიანობის განსაზღვრაზე, ტვირთის ვაგონებში, ინტერმოდალურ სატრანსპორტო ერთეულებში  (ИТЕ) და საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებში (АТС)  განთავსების  და დამაგრების ტექნიკური მოთხოვნების დაცვაზე, ასევე არადამაკმაყოფილებელი დატვირთვის ყველა შედეგზე.

§ 4. თუ ზედნადებში მითითებული არ არის,  ვის მიერ განხორციელდა   დატვირთვა, მიიჩნევა, რომ ის  დატვირთულია გამგზავნის მიერ.

§ 5. ტვირთის მასის განსაზღვრა წარმოებს ტვირთის გადაზიდვის წესების შესაბამისად.

მუხლი 20

დაპლომბვა

§ 1. დასაპლომბად  გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი პლომბები, რომელთა მოხსნაც შეუძლებელია მათი დაზიანების გარეშე. პლომბები დადებული უნდა იქნეს  ისე, რომ გამოირიცხოს ტვირთთან ხელმისაწვდომობის  შესაძლებლობა  მათი დაზიანების გარეშე.

§ 2. პლომბებთან და მათზე დატანილ ნიშნებთან დაკავშირებული  მოთხოვნები დგინდება ტვირთის გადაზიდვის წესებით.

§3. შესაბამისი პლომბები, რომლებიც დადებულია ვაგონებზე, ინტერმოდალურ სატრანსპორტო ერთეულებზე  (ИТЕ) ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებზე (АТС) იმ ქვეყნებში, სადაც არ გამოიყენება ეს შეთანხმება, უთანაბრდება  იმ პლომბებს, რომლებიც დადებულია  ამ შეთანხმების შესაბამისად.  

მუხლი 21

ტვირთის  გადასაზიდად მიღება

გამგზავნისაგან ტვირთის გადასაზიდად მიღება ხორციელდება  სახელშეკრულებო  გადამზიდავის მიერ.

მუხლი 22

ადმინისტრაციული პროცედურების შესრულება 

§ 1. გამგზავნი ზედნადებს თან ურთავს თანმხლებ დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა საბაჟო და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების  ჩასატარებლად ტვირთის  მსვლელობის სრულ  მარშრუტზე. ეს დოკუმენტები უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ ტვირთს, რომელიც  მოცემულია ზედნადებში.   

თუ გამგზავნი   ზედნადებს თან არ ურთავს დოკუმენტს, რომელიც საჭიროა ადმინისტრაციული პროცედურების  შესასრულებლად, მაგრამ უგზავნის მას ადმინისტრაციული კონტროლის შესაბამის ორგანოს, მაშინ მას შეაქვს ამის შესახებ ცნობები ზედნადებში. 

§ 2. გადამზიდავი  ვალდებული არ არის შეამოწმოს გამგზავნის მიერ ზედნადებზე თანდართული თანმხლები დოკუმენტების სისწორე და საკმარისობა.

§ 3. გამგზავნი პასუხისმგებელია გადამზიდავის წინაშე   იმ შედეგებზე, რომლებიც წარმოიშობა თანდართული დოკუმენტების არარსებობის, არასაკმარისობის ან  უზუსტობის გამო.  

§ 4. გამგზავნის მიერ  ზედნადებზე თანდართული თანმხლები დოკუმენტები    მითითებული უნდა იყოს ზედნადებში მის მიერ.

თუ გამგზავნი ვერ შეასრულებს ამ პარაგრაფით გათვალისწინებულ პირობებს, სახელშეკრულებო გადამზიდავმა უარი უნდა განაცხადოს ტვირთის გადასაზიდად მიღებაზე. 

§ 5. თუ ტვირთის გადაზიდვა ან გაცემა ფერხდება იმის გამო, რომ გამგზავნმა არ წარადგინა საჭირო თანმხლები დოკუმენტები ან  მის მიერ წარდგენილი და ზედნადებში მითითებული  დოკუმენტები  საკმარისი არ არის ან არასწორია,  გადამზიდავს აუნაზღაურდება ამის შედეგად  წარმოშობილი   დამატებითი გადაზიდვის ღირებულება და ხარჯები, ასევე  ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული პირგასამატეხლო,   ამ  შეთანხმების 31-ე  მუხლით „გადაზიდვების ღირებულებისა და  პირგასამტეხლოს გადახდა“ განსაზღვრული წესით. 

§ 6. ვაგონის, ინტერმოდალური სატრანსპორტო ერთეულის (ИТЕ) ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების (АТС) გახსნა სასაზღვრო, საბაჟო, სანიტარიული, ვეტერინარიული, ფიტოსანიტარიული და სხვა სახის კონტროლის  მიზნით  ფორმდება გადამზიდავის მიერ გახსნის შესახებ აქტით.    

§ 7. სასაზღვრო, საბაჟო, სანიტარიული, ვეტერინარიული, ფიტოსანიტარიული და სხვა სახის კონტროლის განხორციელების შემდეგ  საბაჟო ორგანოების ან გადამზიდავის მიერ დადებული გამართული პლომბები უთანაბრდება  თავდაპირველად დადებულ პლომბებს.

მუხლი 23

ტვირთის შემოწმება

§ 1. გადამზიდავს  უფლება აქვს შეამოწმოს, დაცულია თუ არა გამგზავნის მიერ გადაზიდვის პირობები და შეესაბამება თუ არა გზავნილი  გამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებულ მონაცემებს. შემოწმება წარმოებს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

§ 2. თუ გამგზავნის მიერ  დაცული არ არის გადაზიდვის პირობები ან გზავნილი არ შეესაბამება გამგზავნის მიერ ზედნადებში მითითებულ მონაცემებს, მაშინ  ამ შეთანხმების  31-ე მუხლით „გადაზიდვების ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა“ და  32-ე მუხლით „ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები“ გათვალისწინებული წესების შესაბამისად  გადამზიდავს უნდა აუნაზღაურდეს შემოწმებით გამოწვეული და დოკუმენტურად დადასტურებული ყველა  ხარჯი.

მუხლი 24

ტვირთის  მიტანის ვადა

§ 1. თუ გამგზავნსა და გადამზიდავს შორის სხვაგვარად  არ იქნება შეთანხმებული,  მიტანის ვადა განისაზღვრება ტვირთის მსვლელობის სრული მარშრუტისთვის, რომელიც  არ უნდა აჭარბებდეს ვადას, რომელიც გამოითვლება ამ  მუხლით დადგენილი ნორმების შესაბამისად. 

§ 2. ტვირთის მიწოდების ვადა განისაზღვრება შემდეგი ნორმების გათვალისწინებით:  

- კონტეინერებისათვის  1  დღე-ღამე ყოველ დაწყებულ 150 კმ-ზე;

- დანარჩენი სახის გზავნილებისათვის 1 დღე-ღამე ყოველ დაწყებულ 200 კმ-ზე. 

იმ ტვირთებისათვის, რომლებიც მოითხოვს სიჩქარის შეზღუდვას, ასევე არაგაბარიტულ და  სპეციალურ მატარებლებში ცალკეული ლოკომოტივით გაგზავნილი ტვირთებისთვის მიწოდების ვადები დგინდება გადამზიდავის მიერ.  

პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვისას, მიწოდების გზის საწყლოსნო მონაკვეთზე მიწოდების ვადები დგინდება  გადამზიდავის მიერ, რომელიც ახორციელებს გადაზიდვას  გზის ამ მონაკვეთზე.

§ 3. ტვირთის მიტანის ვადები ხანგრძლივდება 1 დღე-ღამით ტვირთის გაგზავნასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების შემთხვევაში.  

ტვირთის მიტანის ვადა ხანგრძლივდება 2 დღე-ღამით:

- ტვირთის სხვა სიგანის ლიანდის ვაგონებში თითოეული გადატვირთვის შემთხვევაში;

-  ვაგონების,  საკუთარ ღერძებზე ტვირთის სხვა სიგანის ლიანდის ურიკებზე თითოეული გადაყენების შემთხვევაში;

- ტვირთის გადაზიდვისას პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით.

§ 4. ტვირთის  მიტანის ვადა ხანგრძლივდება მსვლელობის გზაზე შეჩერების სრული დროით, გადამზიდავისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით შეჩერებისას.

§ 5. ტვირთის მიტანის ვადის ათვლა იწყება გადაზიდვის ხელშეკრულების დადების მომდევნო დღის 0.00 საათიდან და სრულდება მიმღებისათვის ტვირთის მისვლის შესახებ შეტყობინების გადაცემის მომენტში, ამასთან, არასრული დღე-ღამე ითვლება სრულ დღედ.   

§ 6. მსვლელობის გზაზე ტვირთის დაყოფის შემთხვევაში მიტანის ვადა გამოითვლება ტვირთის იმ ნაწილის მიხედვით, რომელიც მიტანილი იქნა  ზედნადებით.    

§ 7. მიტანის ვადა მიიჩნევა შესრულებულად, თუ ტვირთი მოვიდა დანიშნულების სადგურში მიტანის ვადის დასრულებამდე და გადამზიდავმა შეატყობინა მიმღებს ტვირთის მისვლის და ტვირთის მიმღების განკარგულებაში გადაცემის შესაძლებლობის შესახებ. მიმღებისთვის შეტყობინების წესი განისაზღვრება ტვირთის გაცემის ადგილას მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით. 

მუხლი 25

გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლა

§ 1. ტვირთთან დაკავშირებით გადამზიდავისთვის მითითებების მიცემის და ამ გზით გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლის უფლება აქვს  როგორც გამგზავნს, ასევე მიმღებს. გამგზავნი მიმართავს სახელშეკრულებო გადამზიდავს, ხოლო მიმღები გადამზიდავს, რომელიც გასცემს ტვირთს. 

§ 2. გამგზავნს შეუძლია  გადაზიდვის ხელშეკრულებაში შეიტანოს შემდეგი ცვლილებები: 

1)  შეცვალოს ტვირთის დანიშნულების სადგური;

2) შეცვალოს ტვირთის მიმღები. 

§ 3. მიმღებს შეუძლია შეიტანოს გადაზიდვის ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილებები მხოლოდ დანიშნულების ქვეყნების ფარგლებში: 

1) შეცვალოს ტვირთის დანიშნულების სადგური; 

2) შეცვალოს ტვირთის მიმღები. 

მიმღებს შეუძლია შეცვალოს გადაზიდვის ხელშეკრულება   ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად მხოლოდ იმ დროს, როდესაც ტვირთი იმყოფება დანიშნულების ქვეყნის შესასვლელ სასაზღვრო სადგურში.

თუ ტვირთმა უკვე გაიარა დანიშნულების ქვეყნის შესასვლელი სასაზღვრო სადგური, მაშინ გადაზიდვის ხელშეკრულების მიმღების მიერ შეცვლა ხორციელდება  დანიშნულების ქვეყანაში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

§4. დაუშვებელია გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლა, რაც იწვევს  გზავნილის დაყოფას. 

§5. გამგზავნის  გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლის უფლება წყდება მიმღებისათვის ზედნადების გადაცემის მომენტიდან ან ტვირთის დანიშნულების ქვეყნის შესასვლელ სასაზღვრო სადგურში მისვლისას, თუ გადამზიდავს უკვე აქვს მიმღების წერილობითი განცხადება გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლის თაობაზე.   

§6. მიმღების მიერ გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლის მომენტიდან მასზე ვრცელდება გამგზავნის ვალდებულებები გადაზიდვის ხელშეკრულების მიხედვით.  

§ 7. გამგზავნი  პასუხს არ აგებს იმ შედეგებზე, რომლებიც წარმოიშობა გადაზიდვის ხელშეკრულების მიმღების განცხადების საფუძველზე შეცვლის შედეგად. 

§ 8. გადამზიდავს უფლება აქვს უარი თქვას გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლაზე ან შეაფერხოს ამ ცვლილების განხორციელება, თუ:  

1) ეს განუხორციელებელია გადამზიდავისათვის გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლის შესახებ განცხადების მიღების მომენტში; 

2)  შესაძლოა დაირღვეს რკინიგზის ექსპლუატაცია;

3) დანიშნულების სადგურის შეცვლის შემთხვევაში ტვირთის ღირებულება ვერ ფარავს  დანიშნულების ახალ სადგურამდე გადაზიდვის ყველა სავარაუდო ხარჯს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ამ ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა შეტანილია დაუყოვნებლივ ან გარანტირებულია მისი გადახდა;

4) დანიშნულების სადგურის შეცვლისას იცვლება ზედნადებში მითითებული გადამზიდავები და ახალი  გადამზიდავები შეთანხმებული  არ არიან  გადაზიდვაზე. 

§ 9. გადამზიდავს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი გადაზიდვის ღირებულებისა და ხარჯების ანაზღაურება, რომელიც წარმოიშობა მის მიერ გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლის შედეგად.  

მუხლი 26

ტვირთის გაცემა

§ 1. დანიშნულების სადგურში ტვირთის მისვლისას გადამზიდავი ვალდებულია გადასცეს ზედნადები ტვირთი მიმღებს, ხოლო მიმღები ვალდებულია მიიღოს ტვირთი და ზედნადები. 

§ 2. მიმღებს შეუძლია უარი განაცხადოს ტვირთის მიღებაზე მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ტვირთის ხარისხი გადამზიდავის ბრალეულობით იმდენად შეიცვლება, რომ შეუძლებელი გახდება მისი სრულად ან ნაწილობრივ  გამოყენება თავდაპირველი დანიშნულებით.   

§3. ზედნადებისა და ტვირთის გადაცემა წარმოებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიმღები გადამზიდავს გადაუხდის    გადაზიდვის სრულ ღირებულებას, თუ სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული მათ შორის. მიმღები ვალდებულია გადაიხადოს ზედნადებში მითითებული მთელი ტვირთის გადაზიდვის ღირებულება, თუნდაც ზედნადებში მითითებული ტვირთის ნაწილი არ იყოს ადგილზე.

§ 4. იმ შემთხვევებში, როდესაც ტვირთი გადმოიტვირთება მიმღების მიერ, გადამზიდავი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ტვირთის ადგილების რაოდენობის, მდგომარეობის ან მასის შემოწმებაში, თუ:

1)  ტვირთი მივიდა დანიშნულების სადგურში იმ ნიშნებით, რომლებიც ადასტურებს ტვირთთან შეხების შესაძლებლობას, რომელიც იმყოფება ვაგონში, ინტერმოდალურ სატრანსპორტო ერთეულებში (ИТЕ) ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებში (АТС) გამგზავნის დაუზიანებელი პლომბებით,  რომელთა ნიშნებიც შეესაბამება ზედნადებში მითითებულ ნიშნებს;

2) ტვირთი მივიდა დანიშნულების სადგურში ვაგონით, ინტერმოდალური სატრანსპორტო ერთეულებით (ИТЕ) ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებით (АТС) დაკარგული ან დაზიანებული პლომბებით, ან იმ პლომბებით, რომელთა ნიშნებიც არ შეესაბამება ზედნადებში მითითებულ ნიშნებს; ამასთან, გადამზიდავს  უფლება აქვს უარი განაცხადოს   ტვირთის შემოწმებაში მონაწილეობაზე, თუ შენარჩუნებული იქნება გამგზავნის თუნდაც ერთი დაუზიანებელი  პლომბი, რომლის ნიშნებიც შეესაბამება ზედნადებში მითითებულ ნიშნებს და რაც გამორიცხავს ტვირთთან შეხებას;

3) ტვირთს, რომელიც გადაიზიდა ღია მოძრავი შემადგენლობით, აქვს დანაკლისის, დაზიანების (გაფუჭების) ნიშნები, რაც შეიძლება განსაზღვრული იქნეს გარე დათვალიერებით;

4) მალფუჭებადი ტვირთი მივიდა  მიტანის ვადის დარღვევით;

5)  გადამზიდავის მიერ  დაცული არ არის გადაზიდვის ტემპერატურული რეჟიმი მის მომსახურებას დაქვემდებარებულ  რეფრიჟერატორულ  ვაგონებში.

6) ტვირთი დატვირთულია გადამზიდავის მიერ.   

§5. გადამზიდავისათვის ვაგონის, კონტეინერის დაბრუნებისას, ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ, მიმღები ვალდებულია დაუბრუნოს იგი გადამზიდავს სუფთა მდგომარეობაში.  

მუხლი 27

ვარაუდი ტვირთის დაკარგვის შესახებ

§1. თუ  ტვირთის  მიტანის ვადის გასვლიდან 10 დღის განმავლობაში ტვირთი არ გადაეცემა მიმღებს, გამგზავნს ან მიმღებს უფლება  აქვს წარუდგინოს  ტვირთის ძებნის შესახებ განაცხადი, შესაბამისად, სახელშეკრულებო გადამზიდავს ან გადამზიდავს, რომელმაც უნდა გასცეს ტვირთი. ტვირთის ძებნის შესახებ განცხადება არ წარმოადგენს დაკარგულ ტვირთზე პრეტენზიის წარდგენას.    

§2. ტვირთი მიიჩნევა დაკარგულად, თუ ტვირთის  მიტანის ვადის გასვლიდან  30 დღის განმავლობაში  ის არ გადაეცემა მიმღებს.   

§3. თუ ტვირთი დანიშნულების სადგურში მიტანილი იქნება მიტანის ვადის გასვლიდან 30 დღის შემდეგ, გადამზიდავი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მიმღებს. მიმღები ვალდებულია მიიღოს ტვირთი, თუ ის მივიდა მიტანის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 6 თვისა და დაუბრუნოს გადამზიდავს თანხები, რაც მან გადაუხადა მიმღებს ტვირთის დაკარგვის, გადაზიდვის ღირებულების და ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა დანახარჯების ასანაზღაურებლად.

თუ დანახარჯების ასანაზღაურებელი თანხა  გადახდილია გამგზავნის სახელზე,  იგი ვალდებულია დაუბრუნოს ეს თანხა გადამზიდავს. 

ამასთან, ძალაში რჩება ამ გადამზიდავის მიმართ პრეტენზიის წარდგენის უფლება ტვირთის მიტანის ვადის გადაცილების გამო  პირგასამტეხლოს გადახდაზე, ასევე ტვირთის დაკარგვით, მასის დანაკლისით, ტვირთის დაზიანებით (გაფუჭებით) ან მისი ხარისხის დაქვეითებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე. 

მუხლი 28

დაბრკოლებები ტვირთის გადაზიდვასა და გაცემასთან დაკავშირებით  

§1. თუ  ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით წარმოიშობა დაბრკოლება გადამზიდავისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაშინ ის მიიღებს გადაწყვეტილებას გამგზავნის მხრიდან შესაბამისი მითითების მოთხოვნის ან  ტვირთის  დანიშნულების სადგურამდე  თავდაპირველი მსვლელობის გზის შეცვლით გადაზიდვის შესახებ.   

§2. თუ გადამზიდავს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შეუძლია ტვირთის გადაზიდვა თავდაპირველი მსვლელობის გზის შეცვლით,  გადაზიდვის გაგრძელება ან  ტვირთის მიმღებზე გაცემა, ის დაუყოვნებლივ მოითხოვს გამგზავნის მხრიდან მითითებებს.   

§3. თუ  გამგზავნისთვის მითითებების გაცემის მოთხოვნის გაგზავნიდან 8 დღე-ღამის განმავლობაში, მალფუჭებადი ტვირთის შემთხვევაში სამი დღე-ღამის განმავლობაში და, ცხოველების შემთხვევაში ორი დღე-ღამის განმავლობაში არ იქნება მიღებული მითითებები გამგზავნის მხრიდან ან ტვირთთან დაკავშირებით მიღებული იქნება ისეთი  მითითებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელია,   გადამზიდავს  უფლება აქვს განკარგოს ტვირთი. 

§4. გადამზიდავს უფლება აქვს განკარგოს ტვირთი ისე, რომ არ დაიცვას ამ მუხლის მე-3 პარაგრაფით დადგენილი ვადები, თუ ტვირთის მდგომარეობა მოითხოვს გადაუდებელი ზომების განხორციელებას.  

§5. თუ გამგზავნმა ზედნადებში მიუთითა იმ მოქმედებების  შესახებ, რომლებიც უნდა განხორციელდეს  ტვირთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის გადაზიდვასთან  ან გაცემასთან დაკავშირებით წარმოიშობა დაბრკოლება, გადამზიდავი  ტვირთთან დაკავშირებით იმოქმედებს გამგზავნის ამ მითითებების შესაბამისად. თუ გადამზიდავი ჩათვლის, რომ ამ მითითებების შესრულება შეუძლებელია, მაშინ იგი იხელმძღვანელებს ამ  მუხლის პირველი-მე-3 პარაგრაფების  დებულებებით.   

§6. თუ  ტვირთის გადაზიდვასთან  ან მის გაცემასთან დაკავშირებით დაბრკოლება წარმოიშობა  გადამზიდავისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო,  გადამზიდავს უნდა აუნაზღაურდეს ამ დაბრკოლებით გამოწვეული  გადაზიდვის დამატებითი ღირებულება და დანახარჯები,  ასევე პირგასამტეხლოები, თუ ამ პირგასამტეხლოების გადახდა  გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობით.  

მუხლი 29

კომერციული აქტი

§1. გადამზიდავი ადგენს კომერციულ აქტს, თუ ტვირთის შემოწმებისას მისი გადაზიდვის დროს ან გაცემისას გამოვლინდება: 

1) ტვირთის დასახელების, მასის ან ადგილების რაოდენობის შეუსაბამობა ზედნადებში მითითებულ მონაცემებთან;

2) ტვირთის ადგილებზე მარკირების შეუსაბამობა  ტვირთის ადგილების ნიშნების  (ნიშანდება), დანიშნულების სადგურისა და რკინიგზის, მიმღების, ტვირთის ადგილების რაოდენობის შესახებ ზედნადებში მითითებულ  მონაცემებთან; 

3) ტვირთის დაზიანება (გაფუჭება);

4) ტვირთის ზედნადების, მისი ცალკეული ფურცლების ან ზედნადებში  მითითებული ტვირთის არარსებობა (დაკარგვა).

§2. თუ ტვირთის დანიშნულების ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით დაიშვება კომერციული აქტის შედგენა  ტვირთის მიმღებისათვის გადაცემის შემდეგ, მაშინ მიმღებს უფლება აქვს  მიმართოს გადამზიდავს, რომელმაც გადასცა ტვირთი, ტვირთის გადაცემის შემდეგ კომერციული აქტის შეადგენის შესახებ  იმ მიზეზით, რომლის აღმოჩენაც ტვირთის გადაცემის დროს გარე დათვალიერებით  შეუძლებელი იყო. ასეთი მიმართვა გადამზიდავის მიმართ, რომელიც გასცემს ტვირთს, უნდა განხორციელდეს მიმღების მიერ დაუყოვნებლივ ტვირთის დანაკარგის, დანაკლისის, დაზიანების (გაფუჭების) დადგენის შემდეგ და არაუგვიანეს ტვირთის გაცემიდან სამი დღე-ღამის განმავლობაში.     

მუხლი 30

გადაზიდვის ღირებულების დაანგარიშება

§1. გადაზიდვის ღირებულების დაანგარიშება ხდება იმ ტარიფებით, რომელიც გამოიყენება გადამზიდავების მიერ, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვას.

§2.  გადაზიდვის ღირებულების დაანგარიშება ხდება გადაზიდვის პროცესში მონაწილე ცალკეული გადამზიდავის მიერ გადაზიდვის მანძილის გათვალისწინებით იმ ვალუტაში, რომელიც განისაზღვრება საერთაშორისო მიმოსვლაში მოცემული გადაზიდვისათვის  გამოყენებადი ტარიფების შესაბამისად.  

გზის საწყლოსნო მონაკვეთის გადაზიდვის ღირებულების დაანგარიშება ხდება შესაბამისად მოცემული გადაზიდვისათვის გამოყენებადი ტარიფებით.   

§3. გადაზიდვის ღირებულების  დაანგარიშება ხდება იმ ტარიფებით, რომელიც მოქმედებს გადაზიდვის ხელშეკრულების გაფორმების დღეს. 

§4. ვაგონის გამოვლენისას, რომელიც დატვირთულია მისი ტვირთამწეობის გადამეტებით ან ვაგონის გოგორწყვილებიდან ლიანდაგზე დასაშვები სტატიკური დატვირთვის გადამეტებით,  ტვირთის ზედმეტი მასის გადაზიდვის ღირებულება, რომელიც იტვირთება ცალკე ვაგონში, დაანგარიშდება  როგორც დამოუკიდებელი გზავნილის ღირებულება, ასეთი ვაგონის გამოვლენის დღეს მოქმედი ტარიფებით.    

§5. ზედნადებში არასწორი, არაზუსტი და არასრული მონაცემების აღმოჩენის შემთხვევაში, გადამზიდავი, რომელიც აღმოაჩენს ამ შეუსაბამობას და მომდევნო გადამზიდავები გადაზიდვის ღირებულებას დაიანგარიშებენ   რეალურად გადაზიდული ტვირთისათვის. 

§ 6. თუ ტვირთის გადაზიდვის დროს გადამზიდავისგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოშობილი დაბრკოლების გამო  შეიცვალა ტვირთის მსვლელობის გზა,  გადაზიდვის ღირებულება დაიანგარიშება გადაზიდვის შეცვლილი მსვლელობის გზის გათვალისწინებით.

§ 7. თუ  გადამზიდავისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მსვლელობის გზაზე საჭირო გახდება გზავნილის ერთი ვაგონიდან გადატვირთვა ორი ან მეტი იმავე სიგანის ლიანდის ვაგონში,  თითოეულ ამ ვაგონში გადატვირთული ტვირთის გადაზიდვის ღირებულება დაანგარიშდება ცალკე, როგორც დამოუკიდებელი გზავნილის ღირებულება.

§ 8. თუ  სხვადასხვა სიგანის ლიანდის რკინიგზების მიერთების სადგურზე ერთი სიგანის ლიანდის ერთი ვაგონიდან გზავნილის გადასატვირთად საჭირო გახდება ორი ან მეტი სხვა სიგანის ლიანდის ვაგონები, გადამზიდავს უფლება აქვს დაიანგარიშოს გადაზიდვის ღირებულება თითოეულ ვაგონში გადატვირთული ტვირთისთვის ცალკე, როგორც დამოუკიდებელი გზავნილის ღირებულება.

 § 9. გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლისას გადაზიდვის ღირებულების დაანგარიშება ხდება ცალ-ცალკე, გადაზიდვის მანძილისთვის სადგურამდე, სადაც  განხორციელდა გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლა, და ამ სადგურიდან დანიშნულების ახალ სადგურამდე.   

მუხლი 31

გადაზიდვის ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა

§1. თუ გადაზიდვის მონაწილე მხარეებს შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული,  გადაზიდვის ღირებულების გადახდაზე ვალდებულია:

1) გამგზავნი ტვირთის გადაზიდვაში მონაწილე გადამზიდავებისთვის, მათ მიერ განხორციელებულ გადაზიდვისათვის,  იმ გადამზიდავის გარდა, რომელიც გასცემს ტვირთს. 

2) მიმღები გადამზიდავისთვის, რომელიც გასცემს ტვირთს, მის მიერ განხორციელებული გადაზიდვისათვის.

პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მოქმედებს ასეთივე წესი. 

§ 2. თუ გამგზავნი ან მიმღები, ამ  მუხლის პირველი პარაგრაფით  გათვალისწინებული  ვალდებულებების შესრულებას აკისრებს მესამე პირს,  ეს პირი მითითებული უნდა იყოს გადამხდელად გამგზავნის მიერ ზედნადებში  და მას დადებული უნდა ჰქონდეს  ხელშეკრულება შესაბამის გადამზიდავთან. 

§ 3. თუ მიმღებმა არ მიიღო ტვირთი და არ ისარგებლა იმ წესებით, რომლებიც გათვალისწინებულია  25-ე მუხლის „გადაზიდვის ხელშეკრულების შეცვლა“ მე-3 პარაგრაფით და 26-ე  მუხლის „ტვირთის გაცემა"  მე-2 პარაგრაფით,  ან არ გამოცხადდა ტვირთის მისაღებად,  გადაზიდვის ღირებულების გადახდის ვალდებულება  მოცემული გადაზიდვის ხელშეკრულებით ეკისრება  გამგზავნს. 

§ 4. გადაზიდვის ღირებულების არასწორი დაანგარიშების შემთხვევაში თანხის ნაკლებობა ექვემდებარება გადახდას, ხოლო ზედმეტობა  დაბრუნებას.  

§ 5. გადაზიდვის ღირებულება და პირგასამტეხლო  გადამზიდავს  უნაზღაურდება  იმ სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით, სადაც წარმოებს გადახდა.   

§ 6. გადამზიდავს უფლება აქვს მოითხოვოს გადაზიდვის ღირებულების გადახდა გადაზიდვის დაწყებამდე.

მუხლი 32

ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები 

§ 1. გადამზიდავს უნდა აუნაზღაურდეს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული  ყველა ის ხარჯი,  რომლებიც  გათვალისწინებული არ არის  გამოყენებადი ტარიფებით და რომლებიც გამოწვეულია გადამზიდავისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ასეთი  ხარჯები განისაზღვრება მათი წარმოშობის დღეს ცალკე თითოეული გზავნილისათვის და დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით. 

§ 2. დამატებითი ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება 31-ე მუხლით  „გადაზიდვის ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა“ გათვალისწინებული წესით.

მუხლი 33

დაკისრებული გადასახადები და სესხები

დაუშვებელია დაკისრებული გადასახადები და  სესხები.

მუხლი 34

გადამზიდავის მიერ ტვირთის დაკავების უფლება 

§ 1. გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული  ყველა გადასახადების მიღებამდე გადამზიდავს უფლება აქვს დააკავოს მის განკარგულებაში  არსებული   ტვირთი. 

§ 2. დაკავების უფლების რეალიზაცია განისაზღვრება იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით,  სადაც გადამზიდავი ახორციელებს დაკავების  უფლებას.

მუხლი 35

გადამზიდავებს შორის  ანგარიშსწორება

§ 1. გადამზიდავი, რომელმაც მიიღო ან რომელსაც უნდა მიეღო  გადაზიდვაში მონაწილე სხვა გადამზიდავების კუთვნილი გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული გადაზიდვის ღირებულება,  ვალდებულია გადაუხადოს ეს თანხები აღნიშნულ გადამზიდავებს. 

§ 2. ამ შეთანხმების გამოყენების შედეგად წარმოებული  ანგარიშსწორება გადამზიდავებს შორის,  ხორციელდება გადამზიდავებს შორის დადებული    ანგარიშსწორების წესის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.  

მუხლი 36

მოთხოვნები გადამზიდავებს შორის  გადახდილი

საკომპენსაციო თანხების დაბრუნებაზე

§ 1. გადამზიდავს, რომელმაც გადაუხადა კომპენსაცია გამგზავნს ან მიმღებს, ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მის შესაბამისად, უფლება აქვს წარუდგინოს რეგრესული მოთხოვნა გადაზიდვაში მონაწილე სხვა  გადამზიდავებს  შემდეგი  პირობებით:   

1) თუ ზიანი მიყენებულია ერთი გადამზიდავის გამო, მაშინ ის წარმოადგენს ზიანზე ერთადერთ პასუხისმგებელ პირს; 

2) თუ ზიანი მიყენებულია გადაზიდვაში მონაწილე რამდენიმე გადამზიდავის გამო,  მაშინ თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ზიანის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც გამოწვეულია მისი ბრალეულობით;  

3) თუ ვერ დადასტურდება, რომ ზიანი წარმოიშვა ერთი ან რამდენიმე გადამზიდავის მიერ,  გადამზიდავები თანხმდებიან პასუხისმგებლობის განაწილების წესზე. თუ გადამზიდავებს შორის პასუხისმგებლობის განაწილების წესზე შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, მაშინ  მათ შორის პასუხისმგებლობა განაწილდება  იმ სატარიფო კილომეტრების პროპორციულად, რომლებზედაც განხორციელდა გზავნილის გადაზიდვა  თითოეული გადამზიდავის მიერ,   იმ გადამზიდავების გარდა, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ ზიანი მათ გამო  არ არის გამოწვეული.  

§ 2. ტვირთის მიტანის ვადის გადაცილების შემთხვევაში ანაზღაურების თანხების უკან დაბრუნებისას, თუ ტვირთის მიტანის ვადის გადაცილება  გამოწვეულიაა რამდენიმე გადამზიდავის ბრალეულობით, პროცენტი მათი ანაზღაურების დაანგარიშებისათვის განისაზღვრება  45-ე მუხლის „ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებისთვის  კომპენსაციის  ოდენობა“ მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, რომელიც   ითვალისწინებს მიწოდების საერთო ვადის  გადაცილებას  მსვლელობის სრულ გზაზე და დაანგარიშდება თითოეული იმ გადამზიდავის მიერ მიღებული გადაზიდვის ღირებულებიდან,  რომლის გამოც გამოწვეულია  მიტანის ვადის გადაცილება.     

§3. გადამზიდავს, რომელსაც წარედგინა რეგრესული მოთხოვნა გადახდილი ანაზღაურების კომპენსირებაზე,  უფლება არა აქვს წამოიწყოს დავა  მოთხოვნის წარმდგენი გადამზიდავის მიერ კომპენსაციის გადახდის სისწორესთან დაკავშირებით, თუ ანაზღაურება დადგენილია სასამართლო ორგანოების მიერ და თუ გადამზიდავი, რომელსაც წარედგინა რეგრესული მოთხოვნა, დროულად იყო ინფორმირებული სასამართლო ორგანოებში საქმის განხილვის შესახებ.   

§4. მოთხოვნა გადახდილი პრეტენზიის თანხის  უკან დაბრუნებაზე წარდგენილი უნდა იქნეს 75 დღის განმავლობაში  საპრეტენზიო თანხის ფაქტობრივი გადახდის დღიდან.

სასამართლო ორგანოს მიერ განსაზღვრული ანაზღაურების მოთხოვნა  წარდგენილი უნდა იქნეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 75 დღის განმავლობაში.     

მუხლი 37

გადამზიდავის პასუხისმგებლობა 

§1. გადამზიდავი პასუხისმგებელია გამგზავნის ან მიმღების წინაშე  მხოლოდ გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე,  ამ შეთანხმებით  დადგენილი წესით და მის ფარგლებში.  

§2. გადამზიდავი პასუხისმგებელია  ტვირთის დაკარგვაზე, დანაკლისზე, დაზიანებაზე (გაფუჭებაზე) ტვირთის გადასაზიდად მიღების მომენტიდან მისი გაცემის  მომენტამდე. 

გარემოებები, რომელთა საფუძველზეც წარმოიშობა  გადამზიდავის პასუხისმგებლობა ტვირთის დაკარგვაზე, დანაკლისზე, დაზიანებაზე (გაფუჭებაზე), დასტურდება კომერციული აქტით.

§ 3. გადამზიდავი პასუხისმგებელია  ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებაზე. 

მუხლი 38

პირები, რომელთა ქმედებებზეც პასუხს აგებენ გადაზიდვის ხელშეკრულების

მხარეები 

§ 1. გადაზიდვის ხელშეკრულების მხარეები  პასუხს აგებენ საკუთარი მუშაკებისა და იმ პირების ქმედებებზე, რომელთა მომსახურებითაც  სარგებლობენ ისინი გადაზიდვის ხელშეკრულების შესრულებისათვის, მათ მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულების დროს.  

§ 2. რკინიგზის ინფრასტრუქტურის მმართველი განიხილება როგორც პირი, რომლის მომსახურებითაც  სარგებლობს გადამზიდავი გადაზიდვის ხელშეკრულების შესასრულებლად.

მუხლი 39

გადამზიდავის პასუხისმგებლობის  ზღვარი

§ 1. გადამზიდავის პასუხისმგებლობის ზღვარი არ შეიძლება აღემატებოდეს იმ ანაზღაურების ოდენობას, რომელიც ექვემდებარება ტვირთის დაკარგვის შემთხვევაში გადამზიდავის მიერ გადახდას.  

§ 2. გადამზიდავი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან გადასაზიდად მიღებული ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის, დაზიანების (გაფუჭების) შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია: 

1) იმ გარემოებების შედეგად, რომელთა  შეჩერებაც შეუძლებელი იყო გადამზიდავისათვის და რომელთა აღმოფხვრაც მასზე არ იყო დამოკიდებული;  

2) ტვირთის უხარისხობის, არასათანადო ტარისა და შეფუთვის  შედეგად ან ტვირთის, ტარის და შეფუთვის განსაკუთრებული ბუნებრივი და ფიზიკური მახასიათებლების შედეგად, რამაც გამოიწვია დაზიანება (გაფუჭება);

3) გამგზავნის ან მიმღების ბრალეულობით ან მათი მოთხოვნების შედეგად, რომელთა გამოც  შეუძლებელია  გადამზიდავისთვის ბრალის დადება;

4)  ტვირთის დატვირთვასთან ან გადმოტვირთვასთან დაკავშირებული მიზეზებით, თუ დატვირთვა ან გადმოტვირთვა წარმოებდა გამგზავნის ან მიმღების მიერ;

5) ტარის ან შეფუთვის არქონის გამო,  რაც საჭირო იყო მისი გადაზიდვისათვის;

6) გამგზავნის მიერ საგნების გადასაზიდად  არასწორი, არაზუსტი ან არასრული დასახელებით ან ამ შეთანხმების პირობების  დაუცველად ჩაბარების შედეგად;

7) იმის შედეგად, რომ გამგზავნმა ტვირთი დატვირთა ამ  ტვირთის გადასაზიდად უვარგის ვაგონში ან კონტეინერში; 

8)  გამგზავნის  მიერ  მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვის წესის  ან ვაგონის (კონტეინერის) სახეობის არასწორად შერჩევის შედეგად;

9) გამგზავნის, მიმღების მიერ საბაჟო ან სხვა ადმინისტრაციული პროცედურების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად; 

10) გადამზიდავისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო სახელმწიფო ორგანოების მიერ ტვირთის შემოწმების, დაკავების, კონფისკაციის შედეგად.

§ 3. გადამზიდავი  პასუხს არ აგებს გადასაზიდად მიღებული ტვირთის დაკარგვაზე, დანაკლისზე, დაზიანებაზე (გაფუჭებაზე), თუ ეს  წარმოიშვა ტვირთის განსაკუთრებული სახელშეკრულებო პირობებით გადაზიდვისას და პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება გათვალისწინებულია ამ განსაკუთრებული სახელშეკრულებო პირობებით.   

§ 4. გადამზიდავი  პასუხისმგებელი არ არის  დანაკლისზე:

1) ტვირთისთვის, რომელიც გადაიზიდება ტარაში ან შეკრულ მდგომარეობაში, თუ ტვირთი გადაეცა მიმღებს ადგილების სრული რაოდენობით, დაცული ტარით ან  შეკრულ მდგომარეობაში და შიგთავსთან შეხების გარეგანი ნიშნების არარსებობის პირობებში, რაც შესაძლოა გამხდარიყო  ტვირთის დანაკლისის მიზეზი;

2) ტვირთისთვის, რომელიც გადაიზიდება ტარის ან შეკვრის გარეშე, თუ ტვირთი გადაეცა მიმღებს ადგილების სრული რაოდენობით და ტვირთთან შეხების გარეგანი ნიშნების არარსებობის პირობებში, რაც შესაძლოა  გამხდარიყო ტვირთის დანაკლისის მიზეზი;

3) ტვირთისთვის, თუ ტვირთი დატვირთულია გამგზავნის მიერ ვაგონში ინტერმოდალურ სატრანსპორტო ერთეულებში  (ИТЕ) ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებში (АТС) და იგი გადაეცა მიმღებს გამგზავნის გამართული პლომბებით, ასევე ტვირთთან შეხების გარეგანი ნიშნების არარსებობის პირობებში, რაც შესაძლოა გამხდარიყო ტვირთის დანაკლისის  მიზეზი;

4) კონტეინერებში მოთავსებული ტვირთისათვის, რომელიც დატვირთულია გამგზავნის მიერ ვაგონში (კარებებით შიგნით), თუ კონტეინერები ამ ვაგონში გადაიზიდა გადაადგილების გარეშე მსვლელობის სრულგზაზე და გადაეცეა მიმღებს პლომბების შემოწმების გარეშე და ტვირთთან შეხების გარეგანი ნიშნების არარსებობის პირობებში, რაც შესაძლოა გამხდარიყო ტვირთის დანაკლისის  მიზეზი; 

5) ტვირთისთვის, რომელიც მიღებული იყო გადასაზიდად ღია მოძრავი შემადგენლობით, თუ ტვირთი მივიდა გამართული ვაგონით, მსვლელობის გზაზე გადატვირთვის გარეშე და ტვირთს არ აქვს გადაზიდვის დროს ტვირთის დანაკლისის დამადასტურებელი  ნიშნები;

6) მოხსნადი ან სათადარიგო ნაწილებისთვის, რომლებიც მოთავსებულია   დაპლომბილ ინტერმოდალურ სატრანსპორტო ერთეულებში (ИТЕ) ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებში  (АТС), თუ ეს ინტერმოდალური სატრანსპორტო ერთეულები  (ИТЕ) ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებები  (АТС) გადაეცა მიმღებს  გამგზავნის სათანადო პლომბებით.   

§ 5. გადამზიდავი  პასუხს  არ აგებს ღია მოძრავი შემადგენლობით გადასაზიდად მიღებული ტვირთის დაზიანებაზე, თუ ტვირთი მივიდა გამართული ვაგონით, მსვლელობისას გზაზე გადატვირთვის გარეშე და არ აქვს  გადაზიდვისას ტვირთის დაზიანების (გაფუჭების) დამადასტურებელი ნიშნები.

§ 6. გადამზიდავი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან ტვირთის მიტანის ვადების გადაცილებისთვის, თუ ეს გადაცილება გამოწვეულია:

1) გარემოებებით, რომელთა შეჩერებაც შეუძლებელი იყო  გადამზიდავისთვის და რომელთა აღმოფხვრაც მასზე არ იყო დამოკიდებული;  

2) გამგზავნის ან მიმღების ბრალეულობით ან მათი მოთხოვნების შედეგად, რომელთა გათვალისწინებითაც  შეუძლებელია  გადამზიდავისთვის ბრალის დადება;

3) საბაჟო ან სხვა სახის ადმინისტრაციული პროცედურების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამგზავნის, მიმღების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირის მიერ.  

§7. გადამზიდავი პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლით გადაზიდვისას ასევე თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან გადასაზიდად მიღებული ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის, დაზიანების (გაფუჭების) ან მიწოდების ვადის გადაცილებისთვის, თუ ტვირთის დაკარგვა, დანაკლისი, დაზიანება (გაფუჭება) ან  მიტანის ვადის გადაცილება გამოწვეულია: 

1) ხანძრის შედეგად, თუ გადამზიდავი დაამტკიცებს, რომ ხანძარი გამოწვეული არ არის  მისი ბრალეულობით, ასევე  სხვა პირების მიზეზით, რომელთა მომსახურებითაც ის სარგებლობს გადაზიდვის ხელშეკრულების შესასრულებლად, ამ პირების მიერ მათი მოვალეობები შესრულების დროს;

2) სიცოცხლის გადარჩენასთან დაკავშირებული ღონიძიებების ან   ქონების გადარჩენის მიზნით მიღებული გონივრული ზომების შედეგად;

3) რისკების, საშიშროების ან  უბედური შემთხვევების შედეგად.

ამასთან, გადამზიდავი შეიძლება დაეყრდნოს პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების აღნიშნულ მიზეზებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაამტკიცებს, რომ ტვირთის დაკარგვას, დანაკლისს, დაზიანებას (გაფუჭებას) ან ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებას ადგილი ჰქონდა გზის საწყლოსნო მონაკვეთზე, საწყლოსნო ტრანსპორტზე ტვირთის ვაგონში დატვირთვის დაწყებიდან  საწყლოსნო ტრანსპორტიდან მის გადმოტვირთვამდე.   

მუხლი 40

ვარაუდი გადაზიდვის ხელშეკრულების სამართლებრივი რეგულირების

რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში

თუ ტვირთის გადაზიდვისას იმ ქვეყნიდან, სადაც  ეს შეთანხმება არ გამოიყენება,  გადაზიდვის ხელშეკრულების სამართლებრივი რეგულირების რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად ზედნადების გადაფორმების შემდეგ, დადგინდება ტვირთის დაზიანება (გაფუჭება) ან დანაკლისი, ხოლო გადამზიდავმა მიიღო გზავნილი შენიშვნების გარეშე, მაშინ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ტვირთის დაზიანება (გაფუჭება) ან დანაკლისი წარმოიშვა გადაზიდვის ბოლო ხელშეკრულების შესრულების დროს.   

მუხლი 41

დამტკიცების ვალდებულება

§ 1. გადამზიდავი ვალდებულია  დაამტკიცოს,   რომ ტვირთის დაკარგვა, დანაკლისი, დაზიანება (გაფუჭება) გამოწვეულია  39-ე მუხლის „გადამზიდავის პასუხისმგებლობის ზღვარი“ მე-2 პარაგრაფის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების შედეგად. . 

§ 2. თუ დადგინდება, რომ ტვირთის დაკარგვა, დანაკლისი, დაზიანება (გაფუჭება) შეიძლება მომხდარიყო  39-ე მუხლის „გადამზიდავის პასუხისმგებლობის ზღვარი“ მე-2 პარაგრაფის მე-2, მე-3, მე-5-მე-10 პუნქტებით, ასევე მე-7 პარაგრაფის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების შედეგად,    მიიჩნევა, რომ ზიანი გამოწვეულია ამ გარემოებების შედეგად, თუ გამგზავნი ან მიმღები არ დაამტკიცებს სხვაგვარად.  

§ 3. გადამზიდავს ეკისრება ვალდებულება  დაამტკიცოს,  რომ ტვირთის მიტანის ვადის გადაცილება გამოწვეული არ არის გადამზიდავის ბრალეულობით. 

მუხლი 42

ტვირთის დაკარგვის ან დანაკლისის ანაზღაურების ოდენობა 

§1. იმ შემთხვევებში, როდესაც ეს  შეთანხმება ავალდებულებს გადამზიდავს აუნაზღაუროს გამგზავნს ან მიმღებს   ტვირთის დაკარგვით, დანაკლისით გამოწვეული ზიანი, ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ტვირთის ღირებულებიდან გამომდინარე. 

გამოცხადებული ფასეულობით გადაზიდული ტვირთის დაკარგვის ან  დანაკლისის შემთხვევაში, გადამზიდავი უნაზღაურებს გამგზავნს ან მიმღებს გამოცხადებული ფასეულობის თანხას  ან გამოცხადებული ფასეულობის ნაწილს, რომელიც შეესაბამება ტვირთის დაკარგულ ნაწილს.

§2. ამ მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრული ანაზღაურების გარდა,   დაბრუნებას ექვემდებარება გადაზიდვის ღირებულება, გამგზავნის (მიმღების) სხვა ხარჯები, რომლებიც მიღებულია გადამზიდავის მიერ დაკარგული ტვირთის ან მისი ნაწილის გადაზიდვისთვის, თუ ეს ხარჯები არ  შედის მის ღირებულებაში.   

§3. ტვირთის მასის დანაკლისის დროს ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებისას, გადამზიდავს უფლება აქვს ჩათვალოს ტვირთის ზედმეტობა მისი დანაკლისის დასაფარად, თუ ერთი და იმავე დასახელებისა და ხარისხის ტვირთის გადაცემისას, რომელიც მივიდა ერთი გამგზავნისგან ერთი მიმღების მისამართით, მათ შორის მსვლელობის გზაზე გადატვირთვით, ერთი ზედნადების მიხედვით აღმოჩენილია ტვირთის დანაკლისი, ხოლო მეორეს მიხედვით მისი ზედმეტობა.    

მუხლი 43

პასუხისმგებლობის განსაზღვრა ტვირთის წონის დანაკლისზე

§ 1. იმ ტვირთების შემთხვევაში, რომლებიც თავისი ბუნებრივი თვისებების შედეგად  გადაზიდვისას განიცდის წონაში კლებას, გადამზიდავი, ტვირთის მიერ გავლილი მანძილის მიუხედავად,  პასუხისმგებელია დანაკლისის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება ქვემოთ განსაზღვრულ პროცენტულ  ნორმებს: 

1) თხევადი ტვირთების ან ნედლ (ნესტიან) მდგომარეობაში გადასაზიდად  ჩაბარებული ტვირთების წონის ორი პროცენტი;

2)  მშრალი ტვირთების წონის ერთი პროცენტი. 

ტვირთებისათვის, რომლებიც გადაიზიდება  დაყრით, ჩაყრით ან ჩასხმით, თუ ისინი გადაიტვირთება  მსვლელობის დროს, მითითებული ნორმები იზრდება 0.3%-ით თითოეული გადატვირთვის შემთხვევაში.

§ 2. ტვირთებთან მიმართებაში, რომლებიც თავისი ბუნებრივი თვისებების  შედეგად არ ექვემდებარება გადაზიდვისას წონაში კლებას, გადამზიდავი, ტვირთის მიერ გავლილი მანძილის დამოუკიდებლად,  პასუხისმგებელია დანაკლისის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება ტვირთის წონის 0,2%-ს. 

§ 3. თუ ერთი ზედნადების მიხედვით გადაიზიდება ტვირთის რამდენიმე ადგილი,  კლება  დაიანგარიშება  თითოეული ადგილისათვის, თუ მისი წონა ცალკე იყო მითითებული ზედნადებში ან შესაძლოა დადგინდეს სხვა საშუალებით.  

§ 4. ტვირთის დაკარგვის ან ტვირთის რამდენიმე ადგილის დანაკლისის ანაზღაურების გაანგარიშებისას,  ამ მუხლის პირველი და მე-2 პარაგრაფებით დაკარგული ტვირთისთვის ან დანაკლისი ადგილებისთვის დადგენილი ნორმები არ გამოყენება.

მუხლი 44

ტვირთის დაზიანების (გაფუჭების) ანაზღაურების ოდენობა 

§ 1. იმ შემთხვევაში, თუ ეს  შეთანხმება  გადამზიდავს ავალდებულებს აუნაზღაუროს ზიანი გამგზავნს ან მიმღებს  ტვირთის დაზიანებისთვის (გაფუჭებისთვის), ზიანის ანაზღაურების  ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს თანხას, რომლითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება.  

§ 2. იმ ტვირთის დაზიანებისას (გაფუჭებისას), რომელიც გადაიზიდება გამოცხადებული ფასეულობით, გადამზიდავი აანაზღაურებს თანხას, რაც უნდა შეადგენდეს გამოცხადებული ფასეულობის ნაწილს, რომელიც წილობრივ შეფარდებაში შეესაბამება ტვირთის ღირებულების შემცირების პროცენტს, რომელიც წარმოიშვა ტვირთის დაზიანების (გაფუჭების) შედეგად.   

§ 3. ამ  მუხლის პირველი და მე-2 პარაგრაფებით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობა  განისაზღვრება 42-ე  მუხლის „ტვირთის დაკარგვის ან ნაკლებობის ანაზღაურების ოდენობა“ შესაბამისად, ტვირთის ღირებულების შემცირების ოდენობის გათვალისწინებით, რაც, თავის მხრივ, დადგენილია დანიშნულების ადგილზე  ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. 

მუხლი 45

ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებისთვის ანაზღაურების ოდენობა 

§ 1. თუ გადამზიდავის მიერ დაცული არ არის  24-ე მუხლის   „ტვირთის მიტანის ვადა“ შესაბამისად  გაანგარიშებული  ტვირთის მიტანის ვადები, გადამზიდავი  ტვირთის ამ ვადების გადაცილებისთვის  იხდის კომპენსაციას  პირგასამტეხლოს  სახით. 

§ 2. ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება იმ გადამზიდავის გადაზიდვის ღირებულებიდან გამომდინარე, რომელმაც დაუშვა მიტანის ვადის გადაცილება, ასევე მიტანის ვადის გადაცილების  სიდიდიდან  (ხანგრძლივობიდან) გამომდინარე, რომელიც გაიანგარიშება  მიტანის ვადის გადაცილების (დღეებით) მიტანის საერთო ვადებთან შეფარდებით, კერძოდ:  

გადაზიდვის ღირებულების 6%  მიტანის ვადის მიტანის საერთო ვადის არაუმეტეს ერთი მეათედით გადაცილებისთვის;  

გადაზიდვის ღირებულების 18%   მიტანის ვადის მიტანის საერთო ვადის ერთ მეათედზე (მაგრამ არაუმეტეს სამ მეათედზე) მეტი ოდენობით გადაცილებისთვის;   

გადაზიდვის ღირებულების 30% მიტანის ვადის მიტანის საერთო ვადის სამ მეათედზე მეტი ვადით გადაცილებისთვის. 

§ 3. იმ შემთხვევებში, როდესაც ეს შეთანხმება  გადამზიდავს ავალდებულებს აანაზღაუროს   ტვირთის დაკარგვით გამოწვეული ზიანი, პირგასამტეხლო ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებისთვის არ გადაიხდება.  

ტვირთის დანაკლისის შემთხვევაში  მიტანის ვადის გადაცილების პირგასამტეხლო ექვემდებარება გადახდას იმ ოდენობით, რომელიც განისაზღვრება   ტვირთის მიწოდებული ნაწილის გათვალისწინებით. 

ტვირთის დაზიანებისას (გაფუჭებისას) მიტანის ვადის გადაცილებისთვის კომპენსაციის გადახდა  არ გამორიცხავს იმ ანაზღაურების გადახდას, რომელიც გათვალისწინებულია 44-ე მუხლით - „ტვირთის დაზიანებისას (გაფუჭებისას) ანაზღაურების ოდენობა.“

მუხლი 46

პრეტენზიები

§ 1. გადამზიდავისთვის პრეტენზიის წარდგენის უფლება აქვს  გამგზავნს ან მიმღებს.  

ამ  შეთანხმების 31-ე მუხლის „გადაზიდვის ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა“ მე-4 პარაგრაფის  საფუძველზე გადამეტებით გადახდილი გადაზიდვის ღირებულების უკან დაბრუნების შესახებ პრეტენზიების წარდგენის უფლება აქვს ასევე პირს,  რომელმაც გადაიხადა  გადაზიდვის ეს ღირებულება  ამ შეთანხმების 31-ე მუხლის  „გადაზიდვის ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა“ მე-2 პარაგრაფის  შესაბამისად.

დაუშვებელია მოთხოვნის უფლების გადაცემა. 

§ 2. პრეტენზია წარდგენილ უნდა იქნეს  წერილობით, შესაბამისი დასაბუთებით და ანაზღაურების თანხის მითითებით.

პრეტენზია წარედგინება:

- გამგზავნის მიერ სახელშეკრულებო გადამზიდავის მიმართ;

- მიმღების მიერ გადამზიდავის მიმართ, რომელმაც მას გადასცა ტვირთი. 

 § 3. პრეტენზია წარდგენილი უნდა იქნეს თითოეული გზავნილის მიმართ ცალ-ცალკე, გარდა: 

1) გადაზიდვის ღირებულების ნამეტობის უკან დაბრუნების შესახებ პრეტენზიებისა. ასეთი პრეტენზია შეიძლება წარდგენილი იქნეს რამდენიმე გზავნილის მიმართ ერთად.

2) იმ შემთხვევებისა, როდესაც რამდენიმე გზავნილისთვისშედგენილია ერთი კომერციული აქტი. ასეთ შემთხვევაში პრეტენზია შესაძლოა წარედგენილი იქნეს ყველა გზავნილზე, რომლებიც მითითებული იქნება კომერციულ აქტში.  

§ 4. პრეტენზია თითოეული გზავნილის მიმართ, რომლის თანხაც  23 შვეიცარული ფრანკის ეკვივალენტურია ან მასზე  ნაკლებია, არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. თუ პრეტენზია წარდგენილია უფრო მეტ თანხაზედა, ის  დაკმაყოფილებას ექვემდებარება  23 შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტური თანხის ან მასზე ნაკლები  ოდენობით,  მაშინ ეს თანხა წარმდგენისთვის გადახდას არ ექვემდებარება.      

§ 5. პრეტენზიის წარმდგენი ვალდებულია პრეტენზიას თან დაურთოს ტვირთის გადაზიდვის წესებში მითითებული პრეტენზიის დამადასტურებელი დოკუმენტები. 

პრეტენზიას თან ერთვის ზედნადების და კომერციული აქტის ორიგინალები. 

§ 6. თუ პრეტენზია შედგენილია  ამ მუხლის მე-3 და მე-5 პარაგრაფების პირობების დარღვევით, ის უბრუნდება პრეტენზიის წარმდგენს განხილვის გარეშე, გადამზიდავის მიერ მისი მიღების დღიდან არაუმეტეს 15 დღისა, მისი დაბრუნების მიზეზის მითითებით. ასეთ შემთხვევებში არ ხდება 48-ე მუხლის "ხანდაზმულობის ვადები" მე-3 პარაგრაფით გათვალისწინებული  ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერება. თუ გადამზიდავი   წარმდგენს პრეტენზიას დაუბრუნებს 15-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა შეჩერდება ამ ვადის გასვლის მომდევნო დღეს იმ დღემდე, როდესაც გადამზიდავი პრეტენზიის წარმდგენს დაუბრუნებს ამ  პრეტენზიას. გადამზიდავის მიერ წარმდგენისათვის ასეთი პრეტენზიის უკან დაბრუნება არ ნიშნავს მის უარყოფას და  პრეტენზიის წარმდგენს უფლებას არ აძლევს, მიმართოს სასამართლო ორგანოებს სარჩელით. 

§ 7. გადამზიდავი ვალდებულია  პრეტენზიის მიღების დღიდან 180 დღის ვადაში განიხილოს ის, გასცეს პასუხი პრეტენზიის წარმდგენს და  პრეტენზიის სრული ან ნაწილობრივი აღიარებისას გადაუხადოს პრეტენზიის წარმდგენს მისი კუთვნილი თანხა.  

§ 8.  პრეტენზიის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფისას გადამზიდავი ატყობინებს პრეტენზიის წარმდგენს უარყოფის საფუძველს და ამავდროულად უბრუნებს მას პრეტენზიასთან თანდართულ დოკუმენტებს.

§ 9. ნებისმიერ შემთხვევაში, რომელზედაც ვრცელდება ამ შეთანხმების მოქმედება, ნებისმიერი პრეტენზია შეიძლება წარდგენილი იქნეს გადამზიდავის მიმართ მხოლოდ ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად და  მისი დებულებების ფარგლებში. ეს პირობა ეხება ნებისმიერ პრეტენზიას იმ თანამშრომლების  და სხვა პირების მიმართ, რომლებზედაც პასუხისმგებელია გადამზიდავი   38-ე მუხლის „პირები, რომელთა ქმედებებზეც პასუხს აგებენ გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები“ დებულებების შესაბამისად.

მუხლი 47

გადაზიდვის ხელშეკრულების მოთხოვნები. იურისდიქცია

§ 1. სარჩელი შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ შესაბამისი საპრეტენზიო მოთხოვნის წარდგენის შემდეგ და მხოლოდ იმ გადამზიდავის მიმართ, რომელსაც წარედგინა პრეტენზია.  ამ შეთახმების საფუძველზე  სარჩელის წარდგენის უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს  გადამზიდავის მიმართ პრეტენზიის წარდგენის  უფლება. 

§ 2.  საპრეტენზიო მოთხოვნისა და სარჩელის წარდგენის უფლება წარმოიშობა შემდეგ შემთხვევებში:

1) ტვირთის დანაკლისის, დაზიანების (გაფუჭების) ანაზღაურებისთვის, ასევე მიტანის ვადის გადაცილებისას მიმღებისათვის ტვირთის გადაცემის დღიდან;

2) ტვირთის დაკარგის ანაზღაურებისთვის მიტანის ვადის ამოწურვიდან 30 დღის გასვლის შემდეგ;

3) გადაზიდვის ღირებულების ზედმეტობის უკან დაბრუნებისთვის გადაზიდვის ღირებულების გადახდის დღიდან;

4) სხვა მოთხოვნებისათვის იმ გარემოებების დადგომის დღიდან, რომლებიც გახდა  მათი წარდგენის საფუძველი.

§ 3. სარჩელი შეიძლება წარდგენილი იქნეს:

1) თუ გადამზიდავმა პასუხი არ გასცა საპრეტენზიო მოთხოვნას პრეტენზიის განხილვისათვის დადგენილ  ვადაში; 

2) თუ საპრეტენზიო მოთხოვნის განხილვისათვის განსაზღვრული ვადის განმავლობაში გადამზიდავმა შეატყობინა პრეტენზიის წარმდგენს პრეტენზიის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფის შესახებ. 

§ 4. სარჩელი წარედგინება შესაბამის სასამართლო ორგანოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. 

მუხლი 48

ხანდაზმულობის ვადები

§ 1.  ამ შეთანხმების საფუძველზე გადამზიდავის წინააღმდეგ სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს: 

1) ტვირთის მიტანის ვადის გადაცილების შესახებ 2 თვის განმავლობაში;

2) სხვა საფუძვლებით 9 თვის განმავლობაში. 

§ 2. ამ  მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრული   ვადები გამოითვლება ამ შეთანხმების 47-ე მუხლის „გადაზიდვების ხელშეკრულების მოთხოვნები. იურისდიქცია“ მე-2 პარაგრაფით დადგენილი სარჩელის წარდგენის უფლების წარმოშობის მომენტიდან.   ხანდაზმულობის ვადის დაწყების დღე ვადაში არ შეიტანება. 

§ 3.  ამ  შეთანხმების 46-ე მუხლის „პრეტენზიები“ შესაბამისად შედგენილი პრეტენზიის წარდგენა, აჩერებს ამ  მუხლის პირველი პარაგრაფით დადგენილ  ხანდაზმულობის ვადებს. ხანდაზმულობის ვადა გრძელდება იმ დღიდან, როდესაც გადამზიდავი შეატყობინებს პრეტენზიის წარმდგენს მისი პრეტენზიის სრულად ან ნაწილობრივ  უარყოფის შესახებ ან ამ შეთანხმების 46-ე მუხლის "პრეტენზიები" მე-7 პარაგრაფით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის მომენტიდან,  თუ პრეტენზია გადამზიდავის მიერ  დატოვებულია უპასუხოდ.

პრეტენზიის განმეორებით წარდგენა იმავე საფუძვლით არ აჩერებს ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადების მიმდინარეობას. 

§ 4. ხანდაზმულობის ვადების გასვლა წარმოადგენს მოთხოვნების უარყოფის საფუძველს. 

ნაწილი III

ვაგონების გამოყენება, რომლებიც არ ეკუთვნის გადამზიდავს, როგორ სატრანსპორტო საშუალება

 

მუხლი 49

გამოყენებადი უფლება 

§ 1. ვაგონის გადაზიდვისას ამ ნაწილის  პირობების გამოყენებასთან ერთად  ასევე გამოიყენება ამ  შეთანხმების სხვა პირობები იმ შემთხვევებში, თუ ეს პირობები  არ ეწინააღმდეგება ამ ნაწილის  პირობებს.  

§ 2. გადამზიდავსა და ვაგონის მფლობელს შორის შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს ამ  შეთანხმების პირობებისგან განსხვავებული  დებულებები, რომლებიც არეგულირებს ვაგონის გადაზიდვის ხელშეკრულების პირობებს. ამ  დებულებებს ენიჭება პრიორიტეტი ამ შეთანხმების პირობების  მიმართ. 

მუხლი 50

ვაგონის გადაზიდვა

§ 1. ვაგონის გადაზიდვის ხელშეკრულების გაფორმება დასტურდება ზედნადებით.

§ 2. ვაგონზე, რომელიც წარდგენილია გადასაზიდად, დატანილი უნდა იქნეს იმ დებულებებით დადგენილი  ნიშნები და წარწერები, რომლებიც არეგულირებს  საერთაშორისო მიმოსვლაში ვაგონების მიმოქცევაში დაშვებას.   

§ 3. დაუშვებელია გადასაზიდად წარდგენილი ვაგონის, როგორც სატრანსპორტო საშუალების, ფასეულობის გამოცხადება. 

§ 4. გამგზავნს და მიმღებს შეუძლიათ განახორციელონ ცარიელი ვაგონის გადაზიდვის ხელშეკრულების შემდეგი ცვლილებები:

1) ვაგონის დანიშნულების სადგურის შეცვლა;

2) ვაგონის მიმღების შეცვლა.

§ 5. ვაგონის გადაზიდვისას კომერციული აქტი ფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდავი დაადგენს ამ შეთანხმების 29-ე მუხლის  "კომერციული აქტი" პირველი პარაგრაფის მე-4 პუნქტში მითითებულ ფაქტს. 

§ 6.  31-ე მუხლის   „გადაზიდვის ღირებულებისა და პირგასამტეხლოს გადახდა“ და 32-ე მუხლის  "ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები,“  პირობების შესაბამისად, გადამზიდავს უნდა აუნაზღაურდეს ვაგონის გაუმართაობასთან დაკავშირებული  გადაზიდვის ნებისმიერი დამატებითი  ღირებულება და სხვა ხარჯები, რომლებიც დადგენილია მათი წარმოშობის დღეს,  თითოეული გზავნილისთვის ცალკე და დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტებით, თუ ვაგონის გაუმართაობა გამოწვეულია  გადამზიდავისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით.  

§ 7. განცხადება ვაგონის ძებნის შესახებ შეიძლება შეიტანოს გამგზავნმა, მიმღებმა და ვაგონის მფლობელმა. 

§ 8. მიმღები გადამზიდავის მიერ მისთვის გადაზიდვის ხელშეკრულებით  გადაცემულ  ვაგონს,  განკარგავს  ვაგონის მფლობელის მითითებების შესაბამისად. 

მუხლი 51

ვაგონის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა

§ 1. გადამზიდავს ეკისრება პასუხისმგებლობა ვაგონის დაკარგვასა და დაზიანებაზე გადასაზიდად მიღების  მომენტიდან მისი გადაცემის მომენტამდე. თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ ეს არ მომხდარა  მისი ბრალეულობით. 

§ 2. გადამზიდავი  პასუხს არ აგებს ვაგონის მოხსნადი ნაწილების დაკარგვაზე, თუ ინფორმაცია ამ ნაწილების არსებობის  შესახებ არ იქნება მითითებული ვაგონის ორივე გარე გვერდით კედელზე.

§ 3. ვაგონის დაკარგვის შემთხვევაში, ანაზღაურება, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს გადამზიდავის მიერ, შეიზღუდება ვაგონის ნარჩენი ღირებულებით, რომელიც განისაზღვრება დაკარგვის მომენტისათვის, მისი  ცვეთის გათვალისწინებით. 

§ 4. ვაგონის დაზიანების შემთხვევაში, ანაზღაურება რომელიც   გადახდილი უნდა იქნეს გადამზიდავის მიერ, შეიზღუდება ვაგონის აღდგენისთვის საჭირო ხარჯების გადახდის ფარგლებში,  რომელთა თანხაც არ უნდა აჭარბებდეს იმ თანხას, რომელიც ვაგონის დაკარგვის შემთხვევაში იქნებოდა გადასახდელი. 

მუხლი 52

ვაგონით მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა

ვაგონის მფლობელი პასუხისმგებელია ვაგონით მიყენებულ ზიანზე, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც წარმოიშობა გადამზიდავის ბრალეულობით.

მუხლი 53

ვაგონის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში კომპენსაციის შესახებ

სასარჩელო და საპრეტენზიო მოთხოვნები  

§1. გადამზიდავის მიმართ ვაგონის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე  პრეტენზიის და სარჩელის წარდგენის უფლება აქვს ვაგონის მფლობელს.

§2.  პრეტენზია წარედგინება გადამზიდავს, რომლის განკარგულებაშიც იმყოფებოდა ვაგონი მისი დააზიანების ან დაკარგვის მომენტში. 

§3. პრეტენზიის წარმდგენი ვალდებულია პრეტენზიას თან დაურთოს პრეტენზიის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ნაწილი IV

დასკვნითი დებულებები 

 

მუხლი 54

შეთანხმების სამსახურებრივი ინსტრუქცია

ურთიერთობებს გადამზიდავებს შორის არეგულირებს საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების სამსახურებრივი ინსტრუქცია (СИ к СМГС). ეს ინსტრუქცია  არ გამოიყენება გამგზავნსა და მიმღებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირებისას, ერთი მხრივ,  და გადამზიდავებთან მეორე მხრივ.

მუხლი 55

საქმის წარმოება

ამ შეთანხმებასთან და სამსახურებრივ ინსტრუქციასთან (СИ к СМГС) დაკავშირებული საქმის წარმოება ეკისრება რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის  (ОСЖД) კომიტეტს, რომელიც  თავის საქმიანობას ახორციელებს რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის დებულებების, ასევე მინისტრთა თათბირების  სესიის პროცედურული წესებისა და რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის   (ОСЖД) კომიტეტის რეგლამენტის საფუძველზე.  

მუხლი 56

შეთანხმებისა და შეთანხმების სამსახურებრივი ინსტრუქციის  

ცვლილებები, დამატებები და გამოქვეყნება

§ 1. ამ  შეთანხმებაში და სამსახურებრივ ინსტრუქციაში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები ან დამატებები მხარეთა შეთანხმებით, მოლაპარაკებების გზით, რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის შესაბამისი კომისიის თათბირზე ან რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის კომიტეტის მეშვეობით წერილების გაცვლით.  

მიღებული ცვლილებები და დამატებები  ძალაში შედის მომდევნო წლის 1 ივლისიდან,  თუ მათი ყველა მხარისათვის გაგზავნის შემდეგ 2 თვის ვადაში  რომელიმე მხარე არ გამოხატავს წინააღმდეგობას.

შესაბამისი კომისიის მიერ დამუშავებული ცვლილებები მტკიცდება რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის კომიტეტის მიერ, რომლებიც წარედგინება მინისტრთა თათბირის სესიას ინფორმაციის სახით.

§ 2. მხარეთა შეთავაზება ამ შეთანხმებაში და სამსახურებრივ ინსტრუქციაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ  უნდა წარედგინოს რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის კომიტეტს და ერთდროულად ყველა მხარეს,  შესაბამისი კომისიის თათბირის მოწვევამდე სულ ცოტა 2 თვით ადრე.   

რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის კომიტეტის წინადადებები, რომლებიც შეტანილია მის მიერ ამ კომისიის განხილვაზე, უნდა გაეგზავნოს  მხარეებს  ამ კომისიის მოწვევამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე. 

§ 3. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის თარიღი ცხადდება რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის კომიტეტის მიერ.

§ 4. ამ შეთანხმებაში ან სამსახურებრივი ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ შეტყობინება  რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის კომიტეტის მიერ უნდა გაიგზავნოს ისე,  რომ იგი  ყველა მხარემ მიიღოს  ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის დღემდე სულ ცოტა 45 დღით ადრე5. ეს შეთანხმება, სამსახურებრივი ინსტრუქცია, ასევე  ამ შეთანხმების და სამსახურებრივი ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები ქვეყნდება  მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შეთანხმების და სამსახურეობრივი ინსტრუქციის, ასევე მათი ცვლილებებისა და დამატებების პუბლიკაციაში   მითითებული უნდა იყოს მათი ძალაში შესვლის თარიღი. ცვლილებები და დამატებები უნდა  გამოქვეყნდეს  მათი ძალაში შესვლამდე სულ ცოტა 15 დღით ადრე. 

მუხლი 57

ძალაში შესვლა

ეს შეთანხმება ძალაში შედის  1951 წლის 1 ნოემბერს. 

მუხლი 58

შეთანხმებასთან მიერთება

ამ შეთანხმებასთან ახალი მხარეების მიერთება, ასევე ამ  შეთანხმებიდან გასვლა რეგულირდება  რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის შესახებ დებულებით და რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის კომიტეტის რეგლამენტით.  

მუხლი 59

შეთანხების ტექსტები

ეს შეთანხმება შედგენილია ჩინურ და რუსულ ენებზე. ტექსტის ინტერპრეტაციისას,  განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება რუსულ ენაზე შედგენილ ტექსტს.

მუხლი 60

შეთანხმების მოქმედების ვადა

ეს შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით.  

 

 


1 უნგრეთის მხრიდან შეთანხმება დადებულია უნგრეთის მთავრობის მიერ.