„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5018-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.018104
5018-IIს
27/04/2016
ვებგვერდი, 13/05/2016
440050000.05.001.018104
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 151. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშება

1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეს, რომელიც დაფრინავდა სახელმწიფო კომპანიებში და დათხოვნილ იქნა 2005 წლის 1 იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნება 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვს:

ა) მამაკაცს (გარდა ყოფილი ბორტაეროლოგისა, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისა, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს) − ნაფრენი არანაკლებ 6000 საათისა;

ბ) ქალს (გარდა ყოფილი ბორტაეროლოგისა, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისა, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს) − ნაფრენი არანაკლებ 4800 საათისა;

გ) მამაკაცს, რომელიც არის ყოფილი ბორტაეროლოგი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე ან საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრი, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის არანაკლებ 12 წლისა და 6 თვის სტაჟი;

დ) ქალს, რომელიც არის ყოფილი ბორტაეროლოგი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე ან საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრი, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობაა:

ა) ხომალდის ყოფილი მეთაურისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 10 ლარზე ნამრავლი;

ბ) ყოფილი მეორე პილოტისათვის, შტურმანისათვის, ბორტმექანიკოს-ინჟინრისათვის, „ან-2“-ის მეთაურისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 5 ლარზე ნამრავლი;

გ) ყოფილი ბორტგამცილებლისათვის, ბორტრადისტისათვის − სახელმწიფო პენსიას დამატებული ნაფრენი საათების მესამასედის 2 ლარზე ნამრავლი;

დ) ყოფილი ბორტაეროლოგისათვის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურისათვის, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრისათვის, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს, − სახელმწიფო პენსიას დამატებული სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის (წლების) 2 ლარზე ნამრავლი.“.

2. 38-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2013 წლის 1 აპრილამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე, გარდა ამ კანონის მე-9, მე-12 და 151 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა. იმავდროულად, იმ პირს, რომელსაც 2013 წლის 1 აპრილამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2013 წლის 1 აპრილამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2013 წლის 1 აპრილიდან – გადაანგარიშებული ოდენობით, გარდა ამ კანონის მე-9, მე-12 და 151 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა. კომპენსაციის ოდენობა ავტომატურად გადაანგარიშდება.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირს კომპენსაცია გადაუანგარიშდება შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ნაფრენი საათების შესახებ დოკუმენტის/ცნობის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ კანონის 151 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაცია გადაუანგარიშდება შესაბამისი უწყების მიერ გაცემული სამოქალაქო ავიაციაში მუშაობის სტაჟის შესახებ დოკუმენტის/ცნობის სათანადო უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ კანონის 151 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2017 წლის 1 იანვრამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე. იმავდროულად, ამ კანონის 151 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირს, რომელსაც 2017 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2017 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან – გადაანგარიშებული ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 აპრილი 2016 წ.

N5018-IIს