დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2361/13 |
დოკუმენტის მიმღები | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
მიღების თარიღი | 21/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2016 |
სარეგისტრაციო კოდი |
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მეოთხე სექციის
გადაწყვეტილება
საქმეზე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“
(საჩივარი N2361/13)
2015 წლის 21 ივლისი
ქ. სტრასბურგი
საბოლოო გახდა
2015 წლის 21 ოქტომბერს
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლში მითითებულ შემთხვევაში. წინამდებარე გადაწყვეტილება შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „გ. ს. საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეოთხე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
გუიდო რაიმონდი – თავმჯდომარე
პაივი ჰირველა
ჟორჟ ნიკოლაუ
ლედი ბიანკუ
ნონა წოწორია
პოლ მაჰონი
ფერის ვეჰაბოვიჩ, მოსამართლეები
და ფატოშ არაჩი – სექციის განმწესრიგებელი მოადგილე,
2015 წლის 30 ივნისს გამართული დახურული თათბირის შემდეგ გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
პროცედურა
1. საქმის წარმოება დაიწყო უკრაინის მოქალაქის გ.ს.-ს („მომჩივანი“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს წინააღმდეგ 2012 წლის 28 დეკემბერს სასამართლოში შეტანილი (№2361/13) საჩივრის საფუძველზე. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მიანიჭოს მომჩივანს ანონიმურობა სასამართლო რეგლამენტის, 47§ 4 მუხლის მიხედვით.
2. მომჩივანს წარმოადგენდა ბატონი ს. კალიაკინი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობს ხარკოვში. საქართველოს მთავრობას ("მთავრობა") წარმოადგენდა ლ. მესხორაძე, სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან.
3. მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი შვილის უკრაინაში დაბრუნების მოთხოვნაზე, საქართველოს სასამართლოს მიერ უარის განცხადების გათვალისწინებით, ის აღმოჩნდა ოჯახური ცხოვრების უფლებათა დარღვევის მსხვერპლი 1980 წლის 25 ოქტომბრის ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტებზე ჰააგის კონვენციის („ჰააგის კონვენცია“) საფუძველზე.
4. 2013 წლის 18 დეკემბერს მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე ეცნობა მთავრობას და საჩივრის დარჩენილი ნაწილი მიუღებლად იქნა ცნობილი. დამატებით შეტყობინებაზე კონვენციის 36-ე § 1 მუხლის და რეგლამენტის 44 § 1 (a) მუხლის საფუძველზე, უკრაინის მთავრობამ უარი განაცხადა თავისი უფლების გამოყენებაზე და არ ჩაერთო არსებულ საქმეში.
5. ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. მომჩივანი დაიბადა 1981 წელს და ცხოვრობს უკრაინაში, ხარკოვში.
A. აღწერილობა
6. მომჩივანი ცხოვრობდა თავის პარტნიორთან ორმაგი (ქართულ-უკრაინული) მოქალაქეობის მქონე ბ-ნ გ. ჩ - სთან ერთად. 2004 წლის 29 ივლისს მათ შეეძინათ პირველი შვილი, ლ.. ის დარეგისტრირებულ იქნა უკრაინაში მომჩივნის მისამართზე და მიიღო უკრაინის მოქალაქეობა.
7. დაახლოებით 2005 წლის შუაში გ. ჩ. წავიდა უკრაინიდან რუსეთში, ხოლო ლ. დარჩა დედასთან ერთად უკრაინაში, სადაც სწავლობდა ხარკოვის სკოლამდელი ასაკის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
8. 2005 და 2006 წლებში გ. ჩ-მ ორჯერ მოინახულა მომჩივანი და ლ. ხოლო 2006 წლის სექტემბერში მომჩივანმა გააჩინა წყვილის მეორე შვილი _ ტ.
9. 2010 წლის 22 ივლისს ტ. გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად. ის სახლის ღია ფანჯრიდან გადავარდა. ლ-მ რომელიც, როგორც ჩანს ამ ტრაგიკული ფაქტის მოწმე გახდა, დაიწყო ფსიქოლოგიური დახმარების მიღება დელფინოთერაპიის სახით.
10. 2010 წლის 30 ივლისს მომჩივანმა დართო ნება გ.ჩ-ს, რომ მას პირველად წაეყვანა მათი შვილი საქართველოში ზაფხულის არდადეგებზე. მან მოაწერა ხელი საბუთს, რომელიც უფლებას აძლევდა გ. ჩ - ს ემოგზაურა ლ - სთან ერთად რუსეთსა და საქართველოში 2010 წლის 30 ივლისიდან 2011 წლის 28 თებერვლამდე. მომჩივნის თქმით ლ. უნდა დაბრუნებულიყო ხარკოვში აგვისტოს ბოლოსთვის, რათა დაეწყო სწავლა დაწყებით სკოლაში, რომელშიც წინასწარ იყო ჩარიცხული.
11. 2010 წლის 13 აგვისტოს, მომჩივნისთვის ცნობილი გახდა შვილთან სატელეფონო საუბრისას, რომ ეს უკანასკელი არ აპირებდა უკრაინაში დაბრუნებას და სურდა საქართველოში დარჩენა. ორი თვის განმავლობაში მომჩივანი ცდილობდა დაერწმუნებინა ყოფილი პარტნიორი, რათა მიეცა შვილისთვის უფლება დაბრუნებულიყო უკრაინაში, თუმცა უშედეგოდ. აღმოჩნდა, რომ მალე ამის შემდეგ გ.ჩ. გაემგზავრა რუსეთში, ხოლო ლ. დარჩა საქართველოში ბიძასთან (გ. ჩ.-ს ძმასთან) და ბაბუასთან ერთად. გ. ჩ პერიოდულად ჩადიოდა საქართველოში შვილის სანახავად.
12. 2010 წლის პირველ ნოემბერს ლ-ს დაუსვეს ადაპტაციასთან დაკავშირებული აშლილობის დიაგნოზი და მას დაეწყო ამბულატორიული მკურნალობა.
B.სამართალწარმოება უკრაინაში
13. 2011 წლის წლის 22 მარტს ხარკოვის კიევის რაიონულმა სასამართლომ გამოსცა ორდერი ლ-ს უკრაინაში დაბრუნების შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ ლ-ს მუდმივი საცხოვრებელი უნდა იყოს მომჩივნის ბინა.
14. გ. ჩ., როგორც ჩანს, არ იყო ინფორმირებული ზემოაღნიშნულ პროცესესის დაწყებაზე და შესაბამისად არ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება.
C . სამართალწარმოება საქართველოში
15. 2010 წლის ოქტომბერში მომჩივანმა დაიწყო ბავშვის დაბრუნების პროცედურები ჰააგის კონვეციის საფუძველზე უკრაინის იუსტიციის სამინისტროს საშუალებით. 2010 წლის 18 ნოემბერს ეს უკანასკნელი დაუკავშირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი თანამშრომლობა. 2010 წლის 2 დეკემბერს საქარველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც მოქმედებდა როგორც ცენტრალური ორგანო, რომელიც იყო პასუხისმგებელი ჰააგის კონვენციით დაწესებულ მოთხოვნებზე, დაიწყო სამართალწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოში მომჩივნის სახელით.
16. 2011 წლის 10 თებერვალს ორი სოციალური მუშაკი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით წავიდა ლ-ს მოსანახულებლად ბიძის სახლში. ლ. იქ ბიძაშვილებთან ერთად ცხოვრობდა. მოგვიანებით მოხსენების მიხედვით ირკვევა, რომ ლ-ს უვლიდა ბიძა, რადგან მამა ძირითადად ცხოვრობდა რუსეთში. ბიჭი საუბრობდა რუსულად, თუმცა ასევე დადიოდა ქართულ სკოლაში. ლ-ს ბიძამ განუცხადა სოციალურ მუშაკებს, რომ ლ-ს და გარდაიცვალა მათი დედის უყურადღებობის გამო და შესაბამისად ლ-სთვის საშიში იქნებოდა დედასთან ერთად ცხოვრება. სოციალურ მუშაკებს ასევე ჰქონდათ ხანმოკლე დიალოგი ლ - სთანაც, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერი იყო ბიძასთან და ბიძაშვილებთან ცხოვრებით და არ უნდოდა დაბრუნება უკრაინაში. დასკვნაში სოციალურმა მუშაკებმა აღნიშნეს, რომ ლ. ცხოვრობდა ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში და მისი ძირითადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული იყო.
17. 2011 წლის აპრილში სოციალურმა მუშაკებმა სამჯერ შეახვედრეს მომჩვანი შვილს. შემდგომში მათ მიერ შედგენილ შესაბამის მოხსენებაში მათ დაასკვნეს, რომ:
„ჩვენი ჩარევის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა ვიზიტებს, საუბრებს ლ-სთან და დაკვირვებას მის ქცევაზე, მოგვცა საფუძველი განვიხილოთ მისი ქცევა როგორც პრობლემატური. ერთი მხრივ, ლ-ს სურს დედასთან შეხვედრა და მისი ნახვისას გამოხატავს სიყვარულს დედისადმი, თბილ გრძნობებს და სიხარულს, თუმცა შემდგომ უარს აცხადებს დედასთან სატელეფონო საუბარზე. ხაზგასასმელია ფაქტი, რომ დედასთან კომუნიკაციისას ის ითვალისწინებს მამის შეგონებებს და სტრესის გავლენის ქვეშ არის. რადგან ლ. ცხოვრობს ბიძის და ბაბუის ოჯახში, მას აქვს მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი (ვინაიდან მშობლებიდან არცერთი ცხოვრობს მასთან). იმისათვის რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს ბედნიერ და ჯანსაღ ინდივიდად და დაცული იყოს მისი ინტერესები, აუცილებელია ჰქონდეს კომუნიკაცია მშობლებთან“.
18. იმავე მოხსენებაში სოციალურმა მუშაკებმა შენიშნეს, რომ ბიჭი აღარ ეხვეოდა დედას მამის კომენტარების და შეგონებების გამო. ეს მოხდა ორჯერ, ვიდრე ერთ-ერთმა სოცმუშაკმა არ აუკრძალა გ. ჩ-ს მსგავსი ქმედება.
19. აპრილში ლ-ს დამატებით ჩაუტარდა ფსიქოლოგიური გამოკვლევა, რომლის დასკვნის შესაბამისად ბიჭი მშობლებთან არასაკმარისი ემოციური კონტაქტით იტანჯებოდა. აღინიშნა, რომ ლ-ს ნათლად გამოხატული პოზიტიური განწყობა ჰქონდა მამისა და მისი ოჯახის მიმართ, ხოლო დედისადმი აღენიშებოდა გაორებული გრძნობა: ერთის მხრივ სიყვარული და თბილი გრძნობები და, მეორე მხრივ, გაღიზიანება. ლ-მ უთხრა ფსიქოლოგს, რომ სურდა მამასა და მის ოჯახთან ცხოვრება და ასევე უნდოდა დედასაც მათთან ერთად ეცხოვრა. ფსიქოლოგი თავის დასკვნებში ბიჭის ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მისი ნევროზულობა, აგრესია, უნდობლობა და გაღიზიანებადობა, ისევე როგორც დაბალი თვითშეფასება, გამოწვეული იყო წარსულში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმითა და არსებული რთული და გაურკვეველი სიტუაციით.
20. 2011 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი განუცხადა მომჩივანს საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ბიჭის ასაკიდან და საქმის სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ჩათვალეს, რომ ლ-ს უკრაინაში დაბრუნება ფსიქოლოგიური სტრესის რისკის ქვეშ დააყენებდა ბიჭს. ამასთან დაკავშირებით ასევე აღინიშნა, რომ ბიჭის უკრაინაში დაბრუნების გადაწყვეტილების გამოტანა არაადეკვატური იქნებოდა იმ მიზეზითაც, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ შვილისთვის შექმნიდა სტაბილურ გარემოს, სადაც ის დაცული იქნებოდა მამასთან განშორებით გამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესისგან. სასამართლომ აღნიშნა შემდგომი:
„სასამართლო ითვალისწინებს ფსიქოლოგის დასკვნას მიმდინარე საქმეში, სადაც კატეგორიულად არის აღნიშნული, რომ ლ-მ განიცადა სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა, შესაბამისად, დიდი ალბათობაა იმისა, რომ უკრაინაში დაბრუნება გამოიწვევს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზიანს ან აუტანელ მდგომარეობაში ცხოვრებას (კონვენციის მე-13 მუხლი).
21. სასამართლომ უგულებელყო მომჩივნის არგუმენტი, რომ მისი ვაჟი იტანჯებოდა ადაპტაციური აშლილობის დიაგნოზით და მშობლებთან ურთიერთობის უკმარისობით. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა:
„ ფსიქოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე სასამართლო განსაკუთრებით ხაზს უსვამს შემდგომს:
-„ ლ. ჩ-მ გამოავლინა ძლიერი შფოთვა და მომავლის შიში“, გაორებული დამოკიდებულება დედისადმი, ერთი მხრივ, სიყვარული და თბილი გრძნობები, მეორე მხრივ, ძლიერი შფოთვა...“ „იმავე მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ [ბიჭი იტანჯება] „მშობლებთან ემოციური ურთიერთობის დეფიციტით“ და აქვს „მამისა და მისი ოჯახის მიმართ პოზიტიური განწყობა“ განსაკუთრებით ბაბუასთან (ნ. ჩ.).
სასამართლო, ასევე, განსაკუთრებით ხაზს უსვამს ფაქტს, რომ პატარა ლ.ჩ. გამოხატავს სურვილს იცხოვროს მამასთან და მის ოჯახთან ერთად, ასევე უნდა, რომ დედაც (გ. ს.) ცხოვრობდეს მათთან ერთად.
სასამართლო ვერ მიიღებს მომჩივანი მხარის არგუმენტს, რომ ბავშვს ადაპტაციის სირთულეები აქვს იქიდან გამომდინარე, რომ დედისგან შორსაა და საქართველოში ცხოვრობს. ეს მოსაზრება არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით და არ არის დასაბუთებული. მამის მხრიდან არის ყველა შესაძლო ზომის მიღების მცდელობა, რომ მიიღოს ყველა ღონისძიება, რათა უმკურნალოს {ბიჭის} ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
22. ბიჭის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებულ რისკებთან მიმართებაში სასამართლომ განაცხადა:
„რამეთუ სასამართლო განიხილავს, რომ ლ.ჩ-ს უკრაინაში დაბრუნება (მისი ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით) გულისხმობს მის დაბრუნებას არაკომფორტულ გარემოში, რაც გამოიწვევს მის ფსიქოლოგიურ სტრესს და მოაქცევს ფსიქოლოგიური რისკის ქვეშ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის უკრაინაში მამასთან ერთად დაბრუნდება, მამასთან და მის ოჯახთან განშორება და მისი უკრაინაში დაბრუნება (ამ ეტაპზე) გამოიწვევს ბავშვის მენტალური სტატუსის გაუარესებას და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აუცილებლად შექმნის რისკს {ბიჭისთვის} (მომჩვანმა ვერ შეძლო საწინააღმდეგოს დამტკიცება)“.
23. გადაწყვეტილება გაუქმდა 2011 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ლ-ს უკრაინაში დაბრუნების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია, რომ ლ. დაბადებული იყო და ცხოვრობდა ხარკოვში, შესაბამისად ის ადაპტირებული იყო უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან. მოგვიანებით ფსიქოლოგიური და სოციალური კეთილდღეობის მოხსენებების მიხედვით, ბიჭი იტანჯებოდა ადაპტაციის სირთულით და აკლდა მშობლებთან საკმარისი კომუნიკაცია. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ლ-მ მართლაც მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა თავისი დის უბედური შემთხვევით გარდაცვალების გამო, თუმცა იმავე მოხსენების მიხედვით, ის ასევე არსებული მდგომარეობითაც იტანჯებოდა. შესაბამისად დედასთან დაბრუნება ბავშვის ინტერესებისთვის საუკეთესო იქნებოდა, სასამართლომ აღნიშნა:
„ზემოაღნიშნული დასკვნები ადასტურებს, რომ ბიჭის ახლანდელი მდგომარეობა რთული და ძნელად აღსაქმელია. შესაბამისად, ლ. ჩ-ს ინტერესების გათვალისწინებით, ვინაიდან არ არსებობს აშკარა რისკი მისი დედასთან დაბრუნების ნეგატიური გავლენისა, მიზანშეწონილი იქნებოდა მისი მშობელთან (მომჩივან გ. ს.-სთან) და ჩვეულ საცხოვრებელ ადგილთან დაბრუნება“.
24. რაც შეეხება ლ-ს დის სიკვდილს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაბამისი სისხლის სამართლის სამართალწარმოება იქნა ჩატარებული და დასკვნის საფუძველზე ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა. სასამართლომ მოგვიანებით აღნიშნა ფსიქოლოგიურ ტრავმასთან დაკავშირებით, რომ ბიჭი იტანჯებოდა იმის შედეგად, რომ:
„....უკვე ტრავმირებული ბავშვი არ უნდა დააშორონ მშობლებს. ეს უნდა განხილულიყო, როგორც გადაწყვეტილება მიღებული ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იქნა მითითებული, ლ. საქართველოში ჩამოსვლამდე მკურნალობდა დელფინოთერაპიული სარეაბილიტაციო პროგრამით, ამასთან, მისი დედასთან ერთად დარჩენა ვერ იქნებოდა საზიანო ბავშვისთვის, რამეთუ დედა ფსიქიატრიული საავადმყოფოს ინტერნი იყო;“
25. გ.ჩ-მ გაასაჩივრა გადაწყვეტილება და ამტკიცებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ჰააგის კონვენციის და საქმის ფაქტების არასწორი განმარტება მოახდინა. 2012 წლის 22 აგვისტოს ზეპირი მოსმენის გარეშე უზენაესმა სასამართლომ მიიღო საჩივარი და ამგვარად შეცვალა 2011 წლის 27 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება. ძირითად შენიშვნაში ინიციირებული სამართალწარმოების მიზანთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
„საჩივრის ძირითადი საგანია ბავშვის უკრაინაში დაბრუნება (ლ. ჩ.), რომელიც უკანონოდაა დატოვებული საქართველოში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას აქცევს კონვენციის შესავალში ჩამოყალიბებულ ანალიზს მის მიზნებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც ბავშვის ინტერესებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას. ამავდროულად კონვენციის მაღალი ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ საერთაშორისო დაცვა ბავშვებისა რაიმე დამაზიანებელი გავლენისაგან მათი უკანონო გადაადგილების ან დაკავებისგან დასაცავად. შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ პროცედურები დადგენილი და მოწოდებული კონვენციის მიერ, რომლის მიზანია უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის სასწრაფო წესით დაბრუნება მის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას, ემსახურება ბავშვთა ინტერესების დაცვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოთხოვნის კანონიერების განხილვისას, რათა დასრულდეს ბავშვის უკანონო დაკავება, მიზანშეწონილად მიიჩნევს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ასევე გადაამოწმოს ბავშვის კონკრეტულად რა ინტერესების დაცვა მოხდება მისი დაბრუნების შემთხვევაში, რამაც სხვა ფაქტორებთან ერთად უნდა განაპირობოს ბავშვისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ანალიზის საფუძველს პოულობს კონვენციის განსაკუთრებულ მუხლებში, რაც ზოგიერთ შემთხვევაში უფლებას აძლევს მიმღები სახელმწიფოს შესაბამის პირებს უარი განაცხადონ ბავშვის დაბრუნებაზე (კონვენციის მე-13 მუხლი);
26. უზენაესი სასამართლო შემდგომ ითვალისწინებს, რომ მომჩივანმა ვერ აჩვენა, რომ ლ-ს დაბრუნება გატაცებამდელ სიტუაციაში შესაძლებელი იქნება მისი ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. სასამართლომ დაადგინა:
„საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ლ. განიცდის მშობლებთან ურთიერთობის ნაკლებობას, შესაბამისად, იმისათვის, რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს ბედნიერ და ჯანმრთელ ინდივიდად და დაცული იყოს მისი უფლებები, მისთვის აუცილებელია მშობლებთან ურთიერთობა. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსგავსი საქმის განხილვისას ყურადღება ნაწილობრივ უნდა მიექცეს გამონაკლისი გარემოებების გათვალისწინებას. მომჩივნის მტკიცებით, კონვეციის 13 § b მუხლის დარღვევას აქვს ადგილი (არსებობს სერიოზული რისკი, რომ ბავშვის დაბრუნების შემთხვევაში ბავშვი ფსიქიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმის რისკის ქვეშ იქნება, სხვანირად რომ ვთქვათ -გაუსაძლის პირობებში მოუწევს ცხოვრება) და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ სააპელაციო გადაწყვეტილებაში გამორჩენილია მთავარი მიზეზი, თუ რატომ გახდა აუცილებელი ლ.ჩ.-ს დაეტოვებინა უკრაინა _ ეს იყო მისი დის თ.ჩ-ს ტრაგიკული გარდაცვალება 2010 წლის ივლისში, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია ლ.ჩ-ს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე...
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს, რომელშიც ფსიქოლოგი სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად ხაზს უსვამს ლ ჩ-ს მაღალი ხარისხის ტრავმირებას მისი დის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ამავდროულად ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური თვისებები აღმოჩენილი ბიჭის რეაქციებზე დაკვირვებისას დიდწილად გამოწვეულია გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმითა და ახლანდელი გაურკვეველი მდგომარეობით. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომაც ვერ აუარა გვერდი ფაქტს, რომ როგორც შედეგი თ.ჩ-ს გარდაცვალებისა (ლ.ჩ.-ს დის), ეს უკანასკნელი ფსიქოლოგიური ტრავმის ქვეშ იმყოფება და 2010 წლის 16 ნოემბრის მონაცემებით აღრიცხვაზეა ფსიქიატრიულ ინსტიტუტში. მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული გარემოებები არ აღმოჩნდა საკმარისი [სააპელაციო სასამართლოსთვის] ბიჭის დაბრუნებაზე უარის სათქმელად.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სასამართლო დარწმუნდეს ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ გარემოში დაბრუნების შესაძლებლობაში მისი ინტერესების დაზიანების გარეშე. საკასაციო სასამართლოს აზრით, მომჩივანმა სათანადოდ დაასაბუთა შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით ის რისკ- ფაქტორები, რომლებიც კონვენციის ძირითად მიზნებთან შეუსაბამობაში მოდის, მაშინ როდესაც მოპასუხემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა უფრო მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც ემსახურებოდა უკანონო სიტუაციის დასრულება და {მან ასევე} ვერ აჩვენა, რომ ბავშვის უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში მისი ინტერესები და უფლებები უარესად არ დაირღვეოდა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტებზე კონვენციის ძირითადი დანიშნულება ბავშვთა ინტერესების დაცვაა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს მომივნის საჩივარს დასაბუთებულად.“
27. რომ შევაჯამოთ, ჰააგის კონვენციის 13 § b მუხლის მიხედვით, უზენაესმა სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ჰააგის კონვენციის ძირითადი მიზანი ბავშვის ინტერესების დაცვა იყო, ამასთან, ლ.-ს უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, კარგად დასაბუთებული რისკ- ფაქტორების მხედველობაში მიღებით, აუცილებლად მიიჩნია გამონაკლისი დებულების გამოყენება.
28. საქმის მასალებში აღინიშნება, რომ გ. ჩ. - მ არ მიიღო მონაწილეობა სასამართლო პროცესებში, ვინაიდან არ იმყოფებოდა საქართველოში. ლ. საქმის მასალების მიხედვით ამჟამად ცხოვრობს თბილისში ბიძასა და ბაბუასთან ერთად.
II შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართალი და პრაქტიკა
A. 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტებზე
29. 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენცის შესაბამისი ნაწილი, ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტებზე (ჰააგის კონვენცია), იკითხება შემდეგნაირად:
მუხლი 2
ხელშემკვრელი სახელმწიფოები ყველა სათანადო ზომას იღებენ თავიანთი ტერიტორიების ფარგლებში ამ კონვენციის მიზნების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით ისინი იყენებენ ხელთ არსებულთაგან უსწრაფეს პროცედურებს.
მუხლი 3
ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლოზმიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც:
ა) ეს წარმოადგენს დარღვევას მეურვეობის უფლებებისა, მიკუთვნებულისა პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე; და
ბ) გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა, ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება.
ამ მუხლის „ა“ პუნქტში მოხსენიებული მეურვეობის უფლებანი შეიძლება, კერძოდ, წარმოიქმნას კანონის მოქმედების შედეგად, სასამართლი ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, ანდა იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 11
ხელშემკვრელ სახელმწიფოთა სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოები ოპერატიულად მოქმედებენ ბავშვების დასაბრუნებელი პროცედურების განხორციელებისას.
თუ შესაბამისი სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმის გარჩევის დაწყების თარიღიდან ექვსი კვირის განმავლობაში, განმცხადებელს ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით, ან, თუკი ამას მოთხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანო სთხოვს, მოითხოვოს ახსნა-განმარტება დაყოვნების მიზეზების თაობაზე. თუ პასუხი მიღებულ იქნა მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ, ეს ორგანო გადაუგზავნის პასუხს, შემთხვევისდა მიხედვით, მოთხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან განმცხადებელს.
მუხლი 12
როდესაც ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან დაკავებული მე–3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში და, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, სადაც ბავშვი იმყოფება, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარჩევის დაწყების თარიღისთვის, გასულია ერთ წელზე ნაკლები ვადა არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების თარიღიდან, აღნიშნული ორგანო დაუყოვნებლივ იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე.
სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო, მაშინაც კი, თუ საქმის გარჩევა დაიწყო წინა პუნქტში მოხსენიებული ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, აგრეთვე იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვი ამ დროისათვის ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში
მუხლი 13
მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, რომ:
ა) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომლის მზრუნველობის ქვეშაც იმყოფება ბავშვის პიროვნება, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას ან დაკავებას; ან
ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.
საამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოს აგრეთვე შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვი მისი დაბრუნების წინააღმდეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებას და მოწიფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება.
ამ მუხლში მოხსენიებული გარემოებების განხილვისას, სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოები მხედველობაში იღებენ ბავშვის სოციალურ ფონთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მიწოდებულს ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
30. ელისა პერეზ-ვერას მიერ ჰააგის კონვენციის განმარტებითი ბარათის შესაბამისი ნაწილი, (შემდეგში „განმარტებითი ბარათი“) გამოქვეყნებული ჰააგის კონფერენციაზე კერძო საერთაშორისო სამართალის შესახებ (HCCH) 1982 წელს იკითხება შემდეგნაირად:
C. ბავშვის ინტერესების მნიშვნელობა
ამრიგად, კანონზომიერი იქნება დავასკვნათ, რომ კონვენციის ორივე მიზანი, ერთი პრევენციული, ხოლო მეორე – მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებელი რეინტეგრაციისაკენ – მთლიანობაში პასუხობს "ბავშვის ინტერესების უზენაესობის" კონცეფციას. თუმცა, ამ თვალსაზრისითაც კი, უნდა დავუშვათ, რომ ბავშვის გადაადგილება შეიძლება ზოგჯერ ობიექტური მიზეზებით იქნეს გამართლებული, რომლებიც უკავშირდება ან მის პიროვნებას ან მისთვის უახლოეს გარემოს. შესაბამისად, კონვენცია უშვებს ზოგიერთ გამონაკლისს უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების დაუყოვნებელ დაბრუნებასთან დაკავშირებით სახელმწიფოების მიერ აღებული ზოგადი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. მეტწილად ეს გამონაკლისები წარმოადგენს მხოლოდ კონკრეტულ გამოხატულებას იმ მეტისმეტად ბუნდოვანი პრინციპისა, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვის ინტერესების დაცვა წარმმართველი კრიტერიუმია ამ სფეროში.
D. გამონაკლისების დაშვება ბავშვის დროული დაბრუნების უზრუნველსაყოფად
34. დასკვნა . . . აუცილებლად გვეჩვენება ხაზგასმა, რომ სამი ტიპის გამონაკლისი ბავშვის დაბრუნების წესიდან გამოყენებული უნდა იქნეს ამგვარი სახით და არა უფრო ფართოდ. აქ, უპირველს ყოვლისა, იგულისხმება ის, რომ ისინი შეზღუდულად უნდა იქნას გამოყენებული, თუ არ გვინდა, რომ კონვენცია ქაღალდის ნაგლეჯად იქცეს. რეალურად კონვენცია მთლიანობაში ეფუძნება ბავშვის უკანონო გადაადგილების აღკვეთაზე საერთო თანხმობას და იმ რწმენას, რომ ამ პრობლემის საერთაშორისო მასშტაბით დასაძლევად საუკეთესო მეთოდია, არ იქნეს აღიარებული ამ გადაადგილების სამართლებრივი შედეგები. ...აღნიშნული გამონაკლისების სისტემატური მოხმობა, და ამით ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სასამართლოს ჩანაცვლება გამტაცებლის მიერ არჩეული სასამართლოთი, დაარღვევს კონვენციის მთელ სტრუქტურას და გამოაცლის მას ორმხრივი ნდობის სულს, რასაც იგი ეფუძნებოდა.
მუხლი 11. დაჩქარებული პროცედურების გამოყენება იურიდიული ან ადმინისტრაციული ორგანოების მიერ
104. ამ კონვენციაში დროის ფაქტორის მნიშვნელობა კვლავ წარმოჩნდება ამ მუხლში. თუ კონვენციის მე-2 მუხლი ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეებს გამოიყენონ სასწრაფო პროცედურები, ამ მუხლის 1-ლი პუნქტი იმეორებს ამ ვალდებულებას იმ სახელმწიფოს ორგანოების მიმართ, სადაც ბავშვი იქნა წაყვანილი და რომელთაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ. ამ ვალდებულებას ორმაგი ასპექტი აქვს: ერთი მხრივ, სასამართლო სისტემაში დანერგილი ყველაზე სწრაფი პროცედურების გამოყენება; მეორე მხრივ, აღნიშნული განცხადებების შეძლებისდაგვარად პრიორიტეტული განხილვა.
105. იმ მიზნით, რომ სახელმწიფოს შიდა ორგანოებმა მაქსიმალური უპირატესობა მიანიჭონ ბავშვების საერთაშორისო მასშტაბით გადაადგილების გამო წამოჭრილი პრობლემების გაწყვეტას, მე-2 პუნქტი აწესებს არაიძულებით ექვსკვირიან ვადას, რომლის ამოწურვის შემდეგაც განმცხადებელს ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს შეუძლიათ მოითხოვონ დაგვიანების მიზეზების განმარტება. უფრო მეტიც, როდესაც მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალური ორგანო მიიღებს პასუხს, ის კვლავაც ვალდებული იქნება გადასცეს ინფორმაცია ან მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს ან განმცხადებელს, თუ ამ უკანასკნელმა უშუალოდ მიმართა მას. ამ დებულების მნიშვნელობა უნდა გაიზომოს არა ვალდებულებების შესრულების მომთხოვნელობის თვალსაზრისით, არამედ თავად იმ ფაქტით, რომ იგი კომპეტენტური ორგანოების ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნულ სიტუაციებში დროის ფაქტორის გადამწყვეტ ხასიათს; ამასთანავე, იგი აწესებს იმ მაქსიმალურ ვადას, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას.
მუხლი 13 და 20 - შესაძლებელი გამონაკლისები ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით
114. მე-13 მუხლს რაც შეეხება, პირველი პუნქტის შესავალ ნაწილში ხაზგასმულია, რომ ქვეპუნქტებში ა და ბ მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმას, ვინც ეწინააღმდეგება ბავშვის დაბრუნებას, ანუ აქ ნაგულისხმევი პირი, ორგანიზაცია ან ინსტიტუტი ყოველთვის შეიძლება არ იყოს გამტაცებელი. მიღებული გადაწყვეტილება, რასაკვირველია, შემოიფარგლება სამართლის იმ ზოგადი წესის დაზუსტებით, რომლის მიხედვითაც, ის, ვინც აკეთებს განცხადებას ფაქტზე (ან უფლებაზე), უნდა დაამტკიცოს კიდეც ის. ამ მიდგომის არჩევით კონვენციის მიზანი იყო თანაბარ მდგომარეობაში ჩაეყენებინა ადამიანი, რომლის უფლებაც დაირღვა, გამტაცებელთან მიმართებაში, რომელსაც, პრინციპში, ჰქონდა მისთვის სასურველი სასამართლო ორგანოს არჩევის შესაძლებლობა.
31. 2003 წელს HCCH-მ გამოაქვეყნა II ნაწილი „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო.“ მიუხედავად იმისა, რომ განკუთვნილია ახალი ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის ვალდებულების დაკისრების გარეშე, განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ამ დოკუმენტის მიზანია ხელი შეუწყოს კონვენციის იმპლემენტაციას სხვადასხვა რეკომენდაციების და ახსნა-განმარტებების შემოთავაზებით. სახელმძღვანელო არაერთხელ უსვამს ხაზს განმარტებითი ბარათის მნიშვნელობას, რათა თანმიმდევრულად და სწორად იქნეს გაგებული 1980 წლის კონვენცია. ამასთან, ის ასევე აღნიშნავს, რომ იურიდიული და ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან დაამუშაონ და დააჩქარონ დაბრუნებასთან დაკავშირებული საჩივრების პროცედურები. დაჩქარებული პროცედურა ამასთან უნდა იყოს ეფექტურიც და შეესაბამებოდეს კონვენციის პრინციპებს, რაც, თავის მხრივ, ემსახურება ბავშვის ინტერესის მაქსიმალურ დაცვას.
B. ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენცია
32. შესაბამისი დებულებები გაერთიანებული ერების კონვენციისა ბავშვთა უფლებების შესახებ (“the CRC”), ხელმოწერილი ნიუ-იორკში 1989 წლის 20 ნოემბერს, იკითხება შემდეგნაირად:
პრეამბულა
წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები,. . . . .
დარწმუნებული არიან, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი, და ბუნებრივი გარემოცვა ყველა მისი წევრისა და განსაკუთრებით ბავშვების აღზრდისა და კეთილდღეობისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საჭირო დაცვითა და ხელშეწყობით, რათა შეეძლოთ მთლიანად იკისრონ ვალდებულებანი საზოგადოების ფარგლებში,
აღიარებენ, რომ ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში,
აღიარებულია, რომ ბავშვს სრული ჰარმონიული განვითარებისთვის ესაჭიროება ოჯახური გარემო, ბედნიერი ატმოსფერო, სიყვარული და ურთიერთგაგება. . . .
შევთანხმდით შემდგომზე. . .
მუხლი 7
1. ბავშვი რეგისტრირდება დაბადებისთანავე და დაბადების მომენტიდან აქვს ... უფლება, იცნობდეს თავის მშობლებს, და მათი მხრიდან ზრუნვის უფლება...
მუხლი 9
1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ...
მუხლი 18
1. მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია....
33. N14 ზოგად კომენტარში ბავშვთა უფლებების შესახებ პრიორიტეტულად იყოს მხედველობაში მიღებული მისი ინტერესები, გამოქვეყნებული 2013 წლის 29 მაისს (CRC/C/GC/14), სადაც ბავშვთა უფლებების კომიტეტმა განაცხადა:
6. კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვის ინტერესთა დაცვა სამმაგი კონცეფციაა:
ა) არსებითი უფლება: ბავშვის უფლება შეფასებული იყოს მისი ინტერესები, რათა განიხილებოდეს როგორც მთავარი საზრუნავი სხვა ინტერესთა არსებობის შემთხვევაში, იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს სწორი გადაწყვეტილება და გარანტია, რომ ეს უფლება ყოველთვის იქნება იმპლემენტირებული, როდესაც მისაღებია გადაწყვეტილება ბავშვის, ბავშვთა განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ჯგუფის, ან ზოგადად ბავშვებთან დაკავშირებით;
ბ) ფუნდამენტური, განმარტებითი სამართლებრივი პინციპი: თუ სამართლებრივი დებულება იძლევა ერთზე მეტი ინტერპრეტირების საშუალებას, უნდა იქნეს გამოყენებული განმარტება, რომელიც ყველაზე უკეთ იცავს ბავშვის ინტერესებს;
გ) პროცედურული წესი: როდესაც მისაღებია გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ბავშვს, ბავშვთა განსაზღვრულ ჯგუფს, ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ კონკრეტული გადაწყვეტილების შესაძლებელი გავლენის (დადებითი ან უარყოფითი) შეფასებასაც. ბავშვთა ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს პროცედურულ გარანტიებს. უფრო მეტიც _ გადაწყვეტილების სისწორის დასაბუთება უნდა აჩვენებდეს, რომ უფლებები აშკარად მიღებული იქნა მხედველობაში. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მხარეებმა უნდა ახსნან რა ფორმით იქნა გათვალისწინებული უფლებები, ანუ რა მიიღეს მხედველობაში ბავშვის ინტერესების გასათვალისწინებლად. რა კრიტერიუმზე დაყრდნობით და როგორ შეფასდა ბავშვის ინტერესები სხვა არგუმენტების წინააღმდეგ, იყო თუ არა პროცესი სტანდარტული, თუ ინდივიდუალური.....
32. ბავშვის ინტერესთა კონცეფცია კომპლექსურია და მისი შემადგენელი ნაწილები უნდა განისაზღვროს თითოეული შემთხვევის გათვალისწინებით. მე-3 მუხლის I პარაგრაფის ინტერპრეტაცია და იმპლემენტაცია კონცეფციის სხვა დებულებებთან ერთდ აძლევს საშუალებას კანონმდებელს, მოსამართლეს, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ორგანოს გაერკვნენ კონცეფციაში და მიიღონ მისგან კონკრეტული სარგებელი. შესაბამისად, ბავშვის ინტერესთა დაცვის კონცეფცია მოქნილი და ადაპტირებადია. მისი მორგება და განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, სიტუაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბავშვის ან ბავშვების კონკრეტული პერსონალური სტატუსის, სიტუაციის, ან საჭიროებების მიხედვით. ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვის ინტერესები დაცული უნდა იყოს ცალკეული ბავშვის კონკრეტული გარემოებების ფონზე.
33. ბავშვთა უფლებები ბავშვთან ან ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვისას უნდა იყოს დაცული და მიღებული მხედელობაში, რათა გადაწყდეს ნებისმიერი შესაძლო კონფლიქტი კონვენციით დაცულ უფლებასა და სხვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებით დაცულ უფლებას შორის. ყურადღება უნდა მიექცეს შესაძლო გამოსავალის იდენტიფიცირებას ბავშვის ინტერესთა გათვალისწინებით.
(c) ოჯახური გარემოს დაცვა და ურთიერთობების შენარჩუნება
58. კომიტეტი მიუთითებს, რომ აუცილებელია განხორციელდეს შეფასება და განსაზღვრა ბავშვის ინტერესებისა მისი პოტენციურად მშობლებისგან გამოყოფის კონტექსტში.
60. ოჯახის დაშლის თავიდან აცილება და მისი დაცულობის უზრუნველყოფა ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია და დაფუძნებულია მე-9 მუხლის I პარაგრაფში მოყვანილ უფლებაზე, რომელიც მოითხოვს: „ბავშვი არ უნდა იქნეს მოცილებული თავის მშობლებს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც [.....] დაშორება მშობლებთან ემსახურება თავად ბავშვის ინტერესების დაცვას. „მეტიც, ბავშვს, რომელიც მოშორებულია ერთ ან ორივე მშობელს, უფლება აქვს „შეინარჩუნოს ურთიერთობა და პირდაპირი კავშირი ორივე მშობელთან რეგულარულად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს.“ (მუხლი 9, პარაგრაფი 3). ეს ასევე ეხება ნებისმიერ ადამიანს მეურვეობის უფლებით, იურიდიულ ან პირველად აღმზრდელებს, მშვილებლებს და ყველას, ვისთანაც ბავშვს აქვს ახლო ურთიერთობა.
61. იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ ძლიერი გავლენა აქვს ბავშვზე მშობლებისგან მოცილებას, მსგავსი გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს, როგორც უკანასკნელი ზომა, როდესაც ბავშვს მშობლებთან დარჩენით ემუქრება საფრთხე, განიცდის მუდმივ ზიანს. მშობლებისგან მოცილება არ უნდა განხორციელდეს, ვიდრე კიდევ არსებობს ნაკლებად ჩარევადი გზა ბავშვის დასაცავად.
С. შესაბამისი ქართული კანონმდებლობა
34. 2011 წლის 21 ივნისს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ჩაემატა ახალი თავი უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების საქმეების განხილვასთან დაკავშირებით. ახალი თავი აღწერს უკანონოდ გადაადგილებულ ან დაკავებულ ბავშვთა დაბრუნებასთან დაკავშირებით მოთხოვნის აღძვრის პროცედურებს და ფორმებს. ამ თავის შესაბამისი მუხლი ზღვრულ ვადებთან დაკავშირებით შემდეგნაირად იკითხება:
მუხლი 351 (14) სასამართლოს ვადები
1. „სასამართლო არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაჩქარებული წესით, საქმის წარმოებაში მიღებიდან ექვსი კვირის განმავლობაში“.
სამართალი
I. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
35. მომჩივანს ჰქონდა პრეტენზია, რომ საქართველოს სასამართლომ უარი განუცხადა მისი შვილის უკრაინაში დაბრუნების ბრძანების გაცემის თხოვნაზე, ასევე მას ჰქონდა პრეტენზია დაბრუნების პროცედურების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ის დაეყრდნო კონვენციის მე-8 მუხლს, რომელიც იკითხება შემდეგნაირად:
მუხლი 8
1. „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მის პირად მიმოწერას“.
2. „დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.
A. მისაღებობა
36. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის დაუსაბუთებული კონვენციის 35 § 3 (a) მუხლის შესაბამისად და არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ დაკვალიფიცირდეს იგი დაუშვებლად, შესაბამისად, საჩივარი გამოცხადდება დასაშვებად.
B. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
a) მთავრობა
37. მთავრობა თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ლ.-ს პირველი გადაადგილება უკრაინიდან არ იყო უკანონო ჰააგის კონვენციასთან მიმართებაში, რამეთუ მომჩივანმა თავად მოაწერა ხელი ლ-ს გამგზავრებას 2010 წლის 30 ივლისიდან 2011 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში. შემდგომში მათ განაცხადეს, რომ მომჩივნის ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა მისი ვაჟის საქართველოში დაკავების სახით, ასევე სამართლებრივად საფუძვლიანი იყო, კერძოდ, ჰააგის კონვენციის 13 § b-ს მიხედვით ეს ქმედება ემსახურებოდა კანონიერ მიზანს და იცავდა ბავშვის ინტერესებს. კერძოდ, მათი მსჯელობა შეესაბამებოდა პირველი ინსტანციის და უზენაესი სასამართლოს არგუმენტს, რომ თუ ბავშვს უკრაინაში დააბრუნებდნენ, ამით მას ფსიქოლოგიურ ზიანს მიაყენებდნენ. მთავრობა ხაზს უსვამდა, რომ ეროვნული სასამართლოები დაეყრდნენ საქმის მტკიცებულებებს, მათ შორის, ორი სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დასკვნას, წარმოებულს შესაბამისი ორგანოს მიერ ბავშვის საერთო მდგომარეობისა და ემოციური მდგომარეობის შესახებ, ასევე ფსიქოლოგის მიერ მოწოდებულ მტკიცებულებას ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. ამ დასკვნების საფუძველზე მათ მიიჩინიეს, რომ ლ-ს მამასთან დაშორება გამოიწვევს მისი ფსიქოლოგიური ტრავმის გამწვავებას და, შესაბამისად, არ ემსახურებოდა ბავშვის ინტერესებს.
38. რაც შეეხება სამართალწარმოების ხანგრძლივობას, მთავრობა ამტკიცებდა, რომ საქმის სირთულის გათვალისწინებით არ შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ იმოქმედა საკმარისად სწრაფად. მთავრობამ, მაგალითად, მოიყვანა, ერთი მხრივ, სოციალური კეთილდღეობის ანგარიში და ფსიქოლოგის დასკვნა, რომელიც უშუალოდ ლ-ს ქცევაზე დაკვირვების შედეგად შეიქმნა, ხოლო, მეორე მხრივ, აღინიშნა, რომ ეროვნული სასამართლოების მხრიდან აღსანიშნავი უმოქმედობის პერიოდი შენიშნული არ ყოფილა. მთავრობა აცხადებდა, რომ მათ სრულად შეასრულეს კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე წარმოქმნილი პოზიტიური ვალდებულება მომჩივნის მიმართ.
39. დამატებით სამთავრობო პოზიციაში მთავრობა აცხადებს, რომ გ. ჩ.-ს საცხოვრებელი ადგილი არარელევანტური იყო დაბრუნების პროცედურების წარმოებისთვის ჰააგის კონვენციის მიხედვით, რამეთუ ამ პროცესის ერთადერთი მიზანი იმის იდენტიფიცირება იყო, თუ რამდენად მიადგებოდა ლ.-ს. ფსიქიკას ზიანი უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში. მოგვიანებით მათ ხაზი გაუსვეს, რომ სოციალური კეთილდღეობის ანგარიშისა და ფსიქოლოგის დასკვნის მიხედვით, ლ. ცხოვრობდა უსაფრთხო და თბილ გარემოში და არ სურდა უკრაინაში დაბრუნება, შესაბამისად, მთავრობა თვლიდა, რომ მისი დაბრუნება დამატებით ტრავმას გამოიწვევდა.
b) მომჩივანი
40. მომჩივანმა გაასაჩივრა ეროვნული სასამართლოს დასაბუთება, რომელსაც მთავრობა დაეყრდნო, იმასთან დაკავშირებით, რომ მის ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა კანონიერი იყო ჰააგის კონვენციის 13 § b მუხლის მიხედვით. ის ამტკიცებდა, რომ სასამართლოებმა არ გააკეთეს ღრმა ანალიზი მისი ოჯახური მდგომარეობისა და სხვადასხვა ინტერესთა შორის ვერ უზრუნველყვეს სწორი ბალანსი ბავშვის ინტერესების დაცვის კუთხით. ამასთან დაკავშირებით მისი არგუმენტი იყო სამმაგი: პირველ რიგში სასამართლომ უგულებელყო ფაქტი, რომ ლ. რეალურად საქართველოში ცხოვრობდა ბიძასთან და ბაბუასთან, რომლებიც უვლიდნენ მას მამის არყოფნის პერიოდში. არცერთ მათგანს არ ჰქონდა მეურვეობის უფლება ბიჭზე. მეორე, როდესაც გაკეთდა დასკვნა, რომ უკრაინაში ბიჭს ელოდა ფსიქოლოგიური ტრავმა, არ იქნა მხედველობაში მიღებული უკრაინაში ბავშვის საცხოვრებელი პირობები, ამასთან, არც ის გაითვალისწინეს, რომ მომჩივანი მოქმედი ფსიქიატრია და, შესაბამისად, შეუძლია შვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს. ბოლოს, არ არსებობდა უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ლ.-ს ნამდვილად უტარდებოდა საქართველოში ფსიქიატრიული მკურნალობა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მას უკრაინაშიც შეეძლო მკურნალობის გაგრძელება.
სასამართლოს შეფასება
a. ზოგადი პრინციპები
41. საქმეებში Neulinger and Shuruk v. Switzerland ([GC], no. 41615/07, §§ 131-140, ECHR 2010) და X v. Latvia ([GC], no. 27853/09, §§ 92-108, ECHR 2013), სასამართლომ ჩამოაყალიბა შემდეგნაირად მთელი რიგი პრინციპები, რომლებიც დამკვიდრდა სასამართლო პრაქტიკიდან, ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საკითხთან დაკავშირებით:
42. ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სფეროში ხელშემკვრელ მხარეებზე კონვენციის მე-8 მუხლის მიერ დაკისრებული ვალდებულებები უნდა იქნეს განმარტებული ჰააგისა და 1989 წლის 20 ნოემბრის ბავშვთა უფლებების კონვენციიდან, ასევე, საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი წესებიდან და პრინციპებიდან, რომლებიც ეხება ხელშემკვრელ მხარეთა შორის ურთიერთობას.
43. გადამწყვეტი საკითხი მდგომარეობს იმაში, არსებობს თუ არა საწინააღმდეგო ინტერესებს შორის ბალანსი: კერძოდ, ბავშვის, ორი მშობლისა და საზოგადო წესრიგს შორის, მსგავს საკითხებში სახელმწიფოებისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მინიჭებული შეფასების ზღვარის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად ყველაფრისა პირველ რიგში ბავშვის ინტერესები უნდა იყოს მთავარი საზრუნავი და ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ პრევენციული ზომები და დაუყოვნებლივი დაბრუნება შეესაბამება „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ სპეციფიკურ კონცეფციას.
44. არსებობს ფართო კონსენსუსი, საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. იგივე ფილოსოფიაა დამახასიათებელი ჰააგის კონვენციისთვისაც, რომელიც ასოცირდება ბალანსის აღდგენის ინტერესთან, რაც ნიშნავს უკანონო გატაცების შემთხვევაში გადაწყვეტილების საფუძველზე ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას საკუთარ ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობს, ამავდროულად იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ბავშვის დაუბრუნებლობა საკუთარ ქვეყანაში იყოს გამართლებული ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ხსნის გამონაკლისების არსებობას, განსაკუთრებით როცა ბავშვის დაბრუნებას ახლავს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის დიდი რისკი, ან როდესაც ბავშვი იქნება გაუსაძლის პირობებში (მუხლი 13, პირველი პარგრაფი, (b));
45. ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთი მხრივ, ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იქნას შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და თუ შესაძლებელია მოხდეს ოჯახის „აღდგენა“. მეორე მხრივ, ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება მე-8 მუხლის საფუძველზე, რომლებიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას;
46. ჰააგის კონვენციის მიხედვით დაბრუნების მოთხოვნის კონტექსტში, რომელიც შესაბამისად გამიჯნულია მეურვეობასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისაგან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფცია უნდა შეფასდეს ჰააგის კონვენციით დაშვებული გამონაკლისების მიხედვით, რომელიც გულისხმობს დროის გასვლას (მუხლი 12), კონვენციის გამოყენების პირობებს (მუხლი 13 §a) და სერიოზული რისკების არსებობას (მუხლი 13 § b). ასევე, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობა, რაც გულისხმობს ფუნდამენტური თავისუფლების და ადამიანთა უფლებების დაცვას (მუხლი 20). ეს დავალება პირველ რიგში ეკისრება მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს, სხვა დანარჩენთან ერთად, მხარეებთან პირდაპირი ურთიერთობის უპირატესობა. მე-8 მუხლთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულების დროს, ეროვნული სასამართლოები სარგებლობენ შეფასების ზღვარით, რომელიც საბოლოოდ ექვემდებარება ევროპულ ზედამხედველობას. მაშასადამე, სასამართლო კომპეტენტურია განიხილოს ეროვნული სასამართლოების მიერ ჩატარებული პროცედურა, კერძოდ, დაადგინოს ეროვნული სასამართლოები ჰააგის კონვენციის გამოყენებისა და განმარტების დროს რამდენად იცავდნენ კონვენციის გარანტიებს, განსაკუთრებით მე-8 მუხლთან დაკავშირებულს.
47. ევროპული და ჰააგის კონვენციის ჰარმონიული განმარტება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ხდება ორ პირობაზე დაკვირვება. პირველ რიგში, ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ დაუშვან გამონაკლისი ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებით აღნიშნული კონვენციების მე-12, მე-13 და მე-20 მუხლების გამოყენებით, კონკრეტულად იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი აღზრდილია სამართალწარმოების რომელიმე მხარის მიერ, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მოთხოვნის ადრესატი სასამართლოს მიერ. ამ სასამართლომ უნდა მიიღოს ამ საკითხზე საკმარისად დასაბუთებული გადაწყვეტილება, რათა საშუალება მისცეს ევროპულ სასამართლოს დაადგინოს, რომ ეს საკითხები ეფექტურად იქნა განხილული. მეორე მხრივ, აღნიშნული ფაქტორები უნდა შეფასდეს კონვენციის მე-8 მუხლის გათვალისწინებით; და
48. ამ მხრივ კონვენციის მე-8 მუხლი ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს კონკრეტულ პროცედურულ მოვალეობებს: როცა განიხილება საჩივარი ბავშვის დაბრუნების შესახებ, სასამართლომ არ უნდა განიხილოს მხოლოდ არგუმენტირებული მტკიცება ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, არამედ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი მიზეზების დასახელებით გამომდინარე საქმის კონკრეტული გარემოებებიდან. ორივე შემთხვევა, პროტესტების არ გათვალისწინება დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებსაც შეუძლიათ დაკვალიფიცირდნენ ჰააგის კონვენციის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლების ფარგლებში და გადაწყვეტილების შედეგად არასაკმარისი დასაბუთებით ამ პროტესტების უარყოფა ეწინააღმდეგება კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნებს, ისევე როგორც ჰააგის კონვენციის მიზანს და დანიშნულებას. აუცილებელია სათანადოდ გათვალისწინება არგუმენტების, რომლებიც მოყვანილია ეროვნული სასამართლოების დასაბუთებაში, რომლებიც არაა ავტომატური და სტერეოტიპული, არამედ ჰააგის კონვენციის მიერ დაშვებული გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც უნდა განიმარტოს, არის საკმარისად დეტალური. ეს ასევე საშუალებას მისცემს სასამართლოს, რომლის მოვალეობა არაა ეროვნული სასამართლოების ადგილის დაკავება, განახორციელოს ევროპული ზედამხედველობა, რომელიც მასზე არის მინდობილი.
49. დამატებით იმ პრინციპებისა, რომლებიც აღნიშნულია ზემოთ, სასამართლომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ოჯახური ცხოვრების ეფექტურად დაცვა მოითხოვს, რომ მშობელსა და ბავშვს შორის მომავალი ურთიერთობა იყოს განსაზღვრული მნიშვნელოვანი განხილვის და არა უბრალოდ დროის გასვლის ფაქტორის საფუძველზე (იხ. Maumousseau and Washington v. France, no. 39388/05, § 73, 6 December 2007; Lipkowsky and McCormack v. Germany (dec.), no. 26755/10, 18 January 2011 და Diamante and Pelliccioni v. San Marino, no. 32250/08, § 177, 27 September 2011). არაეფექტურმა და გარკვეულწილად შეყოვნებულმა სამართალწარმოებამ შეიძლება გამოიწვიოს კონვენციის მე-8 მუხლის პოზიტიური ვალდებულებებების დარღვევა. (იხ. Eberhard and M. v. Slovenia, no. 8673/05 and 9733/05, § 127, 1 December 2009, and S.I. v. Slovenia, no. 45082/05, § 69, 13 October 2011), რადგან შეყოვნებულმა პროცედურამ შეიძლება მიგვიყვანოს საქმის „დე ფაქტო“ გადაწყვეტამდე (იხ. H. v. the United Kingdom, 8 July 1987, § 89, Series A no. 120). მაშასადამე,საქმეებში, რომლებიც ეხება პიროვნების ურთიერთობას საკუთარ შვილთან არის ვალდებულება, რომ უნდა იქნეს გამოკვლეული განსაკუთრებული მონდომებით, იმ რისკის გათვალისწინებით, რომ დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს საკითხის დე ფაქტო გადაწყვეტა. ეს ვალდებულება, რომელიც გადამწყვეტია საქმის მოსმენის გონივრულ ვადებში შესრულების შეფასებაში, რასაც ითხოვს კონვენციის მე-6 მუხლის § 1, ასევე შეადგენს მე-8 მუხლის ნაგულისხმევი პროცედურული მოთხოვნების ნაწილს. (იხ. მაგალითად Süß v. Germany, no. 40324/98, § 100, 10 November 2005, and Strömblad v. Sweden, no. 3684/07, § 80, 5 April 2012).
b. ამ პრინციპების გამოყენება აღნიშნულ საქმეში
50. სასამართლო პირველ რიგში განიხილავს, ეროვნული სასამართლოს დასკვნის მიხედვით, რომ ლ. - ს საქართველოში მოგზაურობა არ იყო უკანონო, გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივანი დაეთანხმა ამას, ხოლო ბიჭის საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაუბრუნებლობა იყო უკანონო ჰააგის კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით. ის შემდეგ აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებით მიიჩნიეს, რომ ბიჭის უკრაინაში დაბრუნება მას დააყენებდა ფსიქოლოგიური ზიანის რისკის ქვეშ ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის § b მიხედვით.
51. სასამართლო ეთანხმება მთავრობას, რომ მომჩივანის ოჯახური ცხოვრების უფლებებში ჩარევა მოხდა კანონის მიხედვით, კონკრეტულად ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის § b მიხედვით, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ძალაში შევიდა 1997 წლის 1 ნოემბერს და ატარებდა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის კანონიერ მიზანს. თუმცა, პირველ რიგში სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ჩარევა იყო თუ არა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-8 მუხლის §2 მიხედვით, რომელიც განმარტებულია ჰააგის კონვენციის გათვალისწინებით. ამ მიზნით სასამართლო, ზემოთ აღნიშნული მთავარი პრინციპების მხედველობაში მიღებით (იხ. პარაგრაფები 41-49 და ზემოთ), პირველ რიგში გამოიკვლევს დასკვნას, რომლის მიხედვით ბავშვის უკრაინაში დაბრუნება, რომელიც გამოიწვევდა ზიანის მიყენების სერიოზულ რისკს დასაბუთებული იყო თუ არა მნიშვნელოვანი და საკმარისი მიზეზებით, და მნიშვნელოვანი ფაქტორები შეფასდა თუ არა კონვენციის მე-8 მუხლის მხედველობაში მიღებით (იხ პარაგრაფები 47-48 ზემოთ); ხოლო მეორე რიგში ეროვნულმა სასამართლომ თუ გამოიჩინა საკმარისი ყურადღება დაუყოვნებლივი დაბრუნების პროცედურების ჩატარებაში ჰააგის კონვენციის მიხედვით (იხ პარაგრაფი 48 ზემოთ).
52. სასამართლო გააკეთებს შეფასებას იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა იმ დროს, როდესაც მნიშვნელოვანი ეროვნული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული (იხ.X. v. Latvia, cited above, § 109).
i.ბავშვის დაბრუნების უარყოფის მიზეზები
53. პირველი და საკასაციო ინსტანციის დასაბუთება დაბრუნებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში ძირითადად კონცენტრირდებოდა ლ.-ს დის გარდაცვალებაზე, რა დროსაც ბავშვმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა. შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა რომ მომჩივნის ფსიქოლოგიური ტრავმიდან გამომდინარე, მისი უკრაინაში მგზავრობა იყო ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის რისკის მაღალი ალბათობის მატარებელი, ან ჩააგდებდა სხვაგვარად მას აუტანელ სიტუაციაში (იხ. პარაგრაფი 20 ზემოთ). იგივე დასაბუთებით უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ გ.ჩ.-მ შესაბამისი მტკიცებულებების დემონსტრირებით, დაასაბუთა ის რისკი, რომელიც ბიჭს ელოდა უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, ხოლო მომჩივნის მცდელობა, გაებათილებინა რისკები იმ უპირატესობების ჩვენებით, რაც გამოიხატებოდა ბიჭის გატაცებამდე სიტუაციაში დაბრუნებით წარუმატებელი იყო (იხ. პარაგრაფი 26 ზემოთ).
54. სასამართლო ეთანხმება ეროვნულ სასამართლოებს, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც მიიღო ლ.-მ მისი დის გარდაცვალების შედეგად, არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული ბიჭის დაბრუნების სამართალწარმოებაში. მართლაც, ტრაგიკული ინციდენტი იყო უმთავრესი მიზეზი, დედის თანხმობით, ბიჭის საქართველოში გამომგზავრებისა. თუმცა, სასამართლო არადამაჯერებლად მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს შემდგომ ახსნა-განმარტებას, რომელმაც აღმოაჩინა ბავშვისთვის სერიოზული რისკის არსებობა უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში. ამის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მამამ კარგად დაასაბუთა ლ.-სთვის არსებული რისკები უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებული იყო ზოგადი ფრაზები, როგორიცაა „ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი“ ან „აუტანელი სიტუაცია“ (იხ პარაგრაფები 25-26 ზემოთ), მან ვერ ახსნა კონკრეტულად რას გულისხმობდა რისკები. აღსანიშნავია, რომ მამა, ეროვნული სასამართლოს წინაშე არ ამტკიცებდა, რომ თვითონ მომჩივანი წარმოადგენდა საფრთხეს ბიჭისთვის (იხ,a contrario, X v. Latvia, cited above, §§ 23 and 116). მიუხედავად იმისა, რომ ლ.-ს ბიძამ გააჟღერა შეშფოთება სოციალური სამსახურის თანამშრომლებთან, მომჩივნის მხრიდან უყურადღებობასთან დაკავშირებით (იხ პარაგრაფი 16 ზემოთ), გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისმა სამართალწარმოებამ უკრაინაში დაასკვნა, რომ ლ.- ს დის გარდაცვალება იყო ტრაგიკული შემთხვევა (იხ პარაგრაფი 24 ზემოთ).
55. ასევე, საქმეში არ არსებობდა ექსპერტის დასკვნა იმისა, რაც მიანიშნებდა, რომ ბიჭის უკრაინაში დაბრუნება გაამძაფრებდა ბიჭის ფსიქოლოგიურ ტრავმას (შეადარეთ Neulinger and Shuruk, § 143, and X. V. Latvia, § 116, ორივე აღნიშნულია ზემოთ). სასამართლოს, სამწუხაროდ, არც ერთი ანგარიში არ სთავაზობდა ანალიზს ლ.-ს უკრაინაში დაბრუნების სავარაუდო შედეგებზე; ასევე არ არსებობდა ამ საკითხთან დაკავშირებული შესაძლო რისკების გამოკვლევა (იხ.Karrer v. Romania, no. 16965/10, § 46, 21 February 2012, and Blaga v. Romania, no. 54443/10, § 82, 1 July 2014). ფსიქოლოგის ანგარიში მხოლოდ ახსენებდა რომ ბიჭმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა და ნამდვილად ესაჭიროებოდა დახმარება (იხ პარაგრაფი 19 ზემოთ), რასაც მომჩივანი არ ეწინააღმდეგებოდა. საპირისპიროდ, როგორც ადამიანი სამედიცინო განათლებით, ეროვნული სასამართლოების წინაშე ის მუდმივად იმეორებდა მის მზადყოფნას გაეწია ბიჭისთვის აუცილებელი ფსიქოლოგიური დახმარება უკრაინაში.
56. მთავრობის არგუმენტის მიხედვით ბიჭს უნდოდა საქართველოში დარჩენა და მისი დაბრუნება, რასაც შედეგად მოყვებოდა მამასთან და ოჯახთან განშორება მას მიაყენებდა დამატებით ფსიქოლოგიურ ტრავმას (იხ პარაგრაფები 37-39 ზემოთ), სასამართლო აკვირდება შემდეგ საკითხებს: ჰააგის კონვენციის მიზანია თავიდან აიცილოს გამტაცებელი მშობლის მიერ ლეგალური აღიარების საკითხში წარმატების მიღწევა, დროის გასვლს მიზეზით, იმ დეფაქტო სიტუაციის, რომელიც მან ცალმხრივად შექმნა (იხ. Maumousseau and Washington, § 73, and Lipkowsky and McCormack (dec.), ორივე აღნიშნულია ზემოთ). მაშასადამე, გამტაცებელ მშობელს არ შეუძლია მიიღოს სარგებელი საკუთარი არასწორი ქმედებისგან. ასევე, ჰააგის კონვენციის მიერ დაშვებული გამონაკლისები უნდა იყოს მკაცრად განმარტებული (იხ. ჰააგის კონვენციის განმარტებითი ანგარიში, § 34, ციტირებულია 30-ე პარაგრაფში ზემოთ; იხ. ასევე Maumousseau and Washington,, მოყვანილი ზემოთ, § 73). ამგვარად, ზიანი, რომელიც ნახსენებია კონვენციის მე-13 მუხლის § b-ში შეუძლებელია გამომდინარეობდეს მხოლოდ იმ მშობლისგან დაშორებით, რომელიც პასუხისმგებელია უკანონო გადაადგილებაში და დაკავებაში. ეს განცალკევება, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ბავშვისთვის, არაა აუცილებელი პასუხობდეს სერიოზული რისკის ტესტს. ნამდვილად, სასამართლომ დაასკვნა X ლატვიის წინააღმდეგ საქმეში, რომ „სერიოზული რისკის“ მცნების განმარტება შეუძლებელია კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით, რაც მოიცავს ყველა უხერხულობას, რომელიც დაკავშირებულია დაბრუნების განცდასთან: მე-13 (b) მუხლში მოყვანილი გამონაკლისი ეხება მხოლოდ სიტუაციებს, რომელიც იმ ზღვარის მიღმაა, რომლის დაძლევაც ბავშვს არ შეუძლია (იხ. X v. Latvia, cited above, § 116; იხ. ასევე Maumousseau, მოყვანილია ზემოთ, § 69).
57. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ არ ჩატარებულა ექსპერტიზა ლ.- ს მამის ოჯახისგან დაშორების შედეგებზე, ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ ბიჭის მომავალი საცხოვრებელი პირობები უკრაინაში არ იყო გათვალისწინებული, სასამართლო ადგენს, რომ მთავრობის არგუმენტი ლ.-ს მამისგან და მამის ოჯახისგან დაშორების შემთხვევაში შესაძლო ფსიქოლოგიური ტრავმის მიღების შესახებ იყო არასწორი.
58. ამგვარად, ჩანს რომ საქმეში არ არსებობდა პირდაპირი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა ბავშვის უკრაინაში დაბრუნების „სერიოზული რისკის“ ვარაუდს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე არ არის მთლიანად ნათელი, რატომ, რა სპეციფიკურ მიზეზებს დაეყრდნო ეროვნული სასამართლოები, რომლის საფუძველზე დაასკვნეს, რომ არსებობდა ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ტრავმის, ან თუნდაც გაუსაძლისი პირობების სერიოზული რისკი ბიჭის უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში (შეადარეთ Maumousseau and Washington, აღნიშნულია ზემოთ, §§ 63 და 74).
59. რაც შეეხება ეროვნული სასამართლოების დასაბუთების შეფასებას კონვენციის მე-8 მუხლის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ, როცა უზენაესი სასამართლო ასკვნიდა ფსიქოლოგიური და სოციალური სამსახურის ანგარიშებზე დაყრდნობით, რომ ლ.-ს ელოდებოდა ზიანი უკრაინაში, გატაცებამდელ სიტუაცაში დაბრუნების შემთხვევაში, მან უგულებელყო იმავე ანგარიშის თანახმად დასახელებული ის რისკები, იმ შემთხვევაში, თუ ბიჭი საქართველოში დარჩებოდა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 12 იანვრის სამედიცინო ანგარიშის მიხედვით, ბიჭს დაესვა ადაპტაციური აშლილობის დიაგნოზი (იხ. პარაგრაფი 12 ზემოთ). შემდეგ, სოციალურმა მუშაკებმა 2011 წლის 12 აპრილის ანგარიშში დაასკვნეს, რომ ბიჭს ჰქონდა მშობლებთან ურთიერთობის ნაკლებობის პრობლემა (იხ. პარაგრაფი 17 ზემოთ). ფსიქოლოგი უფრო შორს წავიდა და 2011 წლის 3 მაისის დასკვნაში აღნიშნა, რომ მშობლებთან არასაკმარისი ურთიერთობის პრობლემის გარდა ლ.-ს ჰქონდა მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა „ამჟამინდელი რთული და გაურკვეველი სიტუაციიდან გამომდინარე“ (იხ პარაგრაფი 19 ზემოთ). უზენაესმა სასამართლომ ნამდვილად აღიარა მშობლებთან ურთიერთობის ნაკლებობის პრობლემა (იხ. პარაგრაფი 26 ზემოთ). თუმცა ბიჭის საუკეთესო ინტერესების გარკვევისას, უგულებელყო ზემოთ აღნიშნული დასკვნები. მსგავსი მიდგომის დაკავშირება რთულია ბავშვის სიტუაციის დეტალური გამოკვლევის მოთხოვნასთან, რომელიც დაცულია ჰააგის კონვენციაში და ასევე კონვენციის მე-8 მუხლში (იხ.Karrer, აღნიშნულია ზემოთ, §§ 46-48 and İlker Ensar Uyanık v. Turkey, no. 60328/09, § 61-62, 3 May 2012).
60. ამ ეტაპზე, სასამართლო ხედავს აუცილებლობას მთავრობის სხვა არგუმენტის მოყვანაში, რომლის მიხედვითაც გ. ჩ.-ს საცხოვრებელი ადგილი არ იყო კავშირში დაბრუნების სამართალწარმოებასთან (იხ პარაგრაფი 39 ზემოთ). ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ მან სასამართლო პრაქტიკაში მრავალჯერ ხაზი გაუსვა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის მთავარი საზრუნავი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება. (იხ. X v. Latvia, აღნიშნულია ზემოთ, § 96; იხ. ასევე ზოგადი კომენტარი №14, აღნიშნულია 33 პარაგრაფში ზემოთ). მოცემულ საქმეში დე ფაქტო შედეგი დაბრუნების სამართალწარმოების იყო ის, რომ ლ. იყო საქართველოში ბიძასთან და პაპასთან. ეროვნულმა სასამართლოებმა ამჯობინეს იმ ფაქტების უბრალოდ იგნორირება, რომ ლ.-ს მამა სინამდვილეში ცხოვრობდა რუსეთში და ძირითადად მამის ოჯახი იყო ვინც უვლიდა ბიჭს. არც ბიძას და არც პაპას არ ჰქონდა ლ.-ზე მეურვეობის უფლება.
61. სასამართლო თვლის, რომ ეს სიტუაცუია – ბავშვის გაჩერება საქართველოში მშობლების არყოფნისას, რომელმაც ცხოვრების პირველი 6 წელიწადი გაატარა უკრაინაში დედასთან ერთად _ ბადებს კითხვებს ამ გადაწყვეტილების ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან თავსებადობასთან დაკავშირებით (ამასთან დაკავშირებით იხ. პარაგრაფები 32-33 ზემოთ). თავისთავად, ბავშვისა და მშობლის მიერ დროის ერთად გატარებით ურთიერთსიამოვნება წარმოადგენს ოჯახური თანაცხოვრების ძირეულ ელემენტს და დაცულია კონვენციის მე-8 მუხლის მიერ. (იხ. Monory v. Romania and Hungary, no. 71099/01, § 70, 5 April 2005; Iosub Caras v Romania, no. 7198/04, §§ 28-29, 27 July 2006; და Karrer, რომელიც აღნიშნულია ზემოთ, §37). მიუხედავად იმისა, დაბრუნების სამართალწარმოებასთან იქნებოდა პირდაპირ კავშირში თუ არა, როგორც ამას მთავრობა ირწმუნებოდა, ეს ფაქტორი არ უნდა ყოფილიყო ასე მარტივად უგულებელყოფილი ეროვნული სასამართლოების მიერ, რომლებიც თითქოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.
62. რომ შევაჯამოთ, სასამართლო თვლის, რომ ზემოთ აღნიშნული ნაკლოვანებებს, ექსპერტის გამოკვლევებსა და საქმის სხვა მტკიცებულებებს არ შეეძლოთ უზენაესი სასამართლო მის გადაწყვეტილებაში მიეყვანათ საკმარის და სათანადო დასაბუთებამდე. გარდა ამისა, ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა ლ.- ს საუკეთესო ინტერესების სწორად განსაზღვრა საქმის სპეციფიკური გარემოებებიდან გამომდინარე (იხ. პარაგრაფები 59-61 ზემოთ), ასევე, ვერ მოახერხა მხარეების საწინააღმდეგო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დამყარება.
ii. სამართალწარმოების სისწრაფე
63. ჰააგის კონვენციის მე-2 და მე-11 მუხლები (იხ. პარაგრაფი 29 ზემოთ) მოითხოვს იურიდიული ან ადმინისტრაციული ორგანოებისგან სწრაფ მოქმედებას ბავშვის დაბრუნების უზრუნველსაყოფად, და ქმედებების შეუსრულებლობა 6 კვირაზე მეტი ხნით, შესაძლებელია გახდეს ახსნა-განმარტების მოთხოვნის საფუძველი (იხ. პარაგრაფი 30-31 ზემოთ) მიმდინარე საქმეში მომჩივანმა წარადგინა თავის ვაჟის დაბრუნების მოთხოვნა 2010 წლის ოქტომბერში. ეროვნულმა სასამართლომ სამართალწარმოება დაიწყო 2010 წლის 2 დეკემბერს და 2012 წლის 22 აგვისტოს უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით საქმე დასრულდა. თუმცა ექვსკვირიანი დროის ლიმიტი ჰააგის კონვენციის მე-11 მუხლში, რომელიც მოიცავს მთელ სამარათალწარმოებას პირველი ინსტანციიდან სააპელაციო სამართალწარმოების ჩათვლით, არ არის სავალდებულო (იხ. ზემოთ პარაგრაფები 30-31), სასამართლო მაინც თვლის, რომ მთლიანი ხანგრძლივობა მიმდინარე პროცესისა, რომელიც დაახლოებით ოთხმოცდაათი კვირა გაგრძელდა ბადებს კითხვებს, ასრულებს თუ არა მოპასუხე სახელმწიფო ჰააგის კონვენციის პოზიტიურ ვალდებულებებს იმოქმედოს სწრაფად ჰააგის სამართალწარმოებაში (იხ. Iosub Caras, §§ 38-39, და Karrer, § 54, ორივე ციტირებულია ზემოთ , იხ. ასევე M.A.v. Austria, no. 4097/13, § 128, 15 January 2015).
64. მთავრობა ამტკიცებდა, რომ სამართალწარმოებაში ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ჩართვას შეეძლო აეხსნა მისი ხანგრძლივობა. სასამართლო მზადაა მიიღოს ნაწილობრივ ეს არგუმენტი, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესთან მიმართებაში. კითხვები წარმოიშვა უკვე სააპელაციო სამართალწარმოებასთან, რადგან ის თითქმის ოთხ თვეს გაგრძელდა და არ მოიცავდა არანაირი ახალი მტკიცებულებების განხილვას. თუმცა, სასამართლოსთვის ძირითად ინტერესს წარმოადგენს კასაციის ეტაპზე პროცესის შენელება. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს წინაშე სამართალწარმოება მიმდინარეობდა თითქმის ცხრა თვის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ უზენაესმა სასამართლომ არჩია არ ჩაეტარებინა ზეპირი მოსმენა (იხ. პარაგრაფი 25 ზემოთ). შესაბამისად, მოწმეები არ დაკითხულან სასამართლოზე, არანაირი ახალი მტკიცებულება ან ექსპერტის დასკვნა არ ყოფილა წარმოდგენილი. ასეთ გარემოებაში ამ ხნის განმავლობაში უმოქმედობა შეშფოთებას იწვევს. მთავრობამ არ წარმოადგინა ახსნა-განმარტება, უზენაესი სასამართლოს მიერ ხანგრძლივ პერიოდთან მიმართებით ზომების მიღებასთან დაკავშირებით.
65. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 351(14) § 1, მუხლი რომელიც უკვე ძალაში იყო სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების დროს, ითვალისწინებდა ექვსკვირიან პერიოდს ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნის მიღებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე (იხ. პარაგრაფი 34 ზემოთ). მომჩივნის საქმის განხილვისას ამ ზღვრული ვადის უგულებელყოფით თბილისის სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ არ გამოიყენეს ყველაზე უფრო დაჩქარებული პროცედურები ბავშვის დასაბრუნებლად, როგორც ეს იყო მოთხოვნილი (იხ. მე-2 და მე-11 მუხლები ჰააგის კონვენციის და პარაგრაფი 29 ზემოთ, განმარტებითი მოხსენება პარაგრაფი 30-31 ზემოთ) და ვერ უპასუხეს გადაუდებელ სიტუაციას შესაბამისად (იხ.Adžić v. Croatia, no. 22643/14, §§ 97-98, 12 March 2015) .
66. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება და ვერ უზრუნველყვეს ამ საქმის გადაწყვეტა დროულად.
iii დასკვნა
67. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის რომ მომჩივანს მიადგა ზიანი მისი ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლებაში, არაპროპორციული ჩარევით, რაც გამოიხატება ეროვნული სასამართლოების წინაშე ჰააგის კონვენციის მიხედვით გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხრივ მათ მიერ კონვენციის მე-8 მუხლის პროცედურული და პოზიტიური ვალდებულებების ვერ შეასრულებაში. გამომდინარე აქედან, სახეზეა კონვენცის მე-8 მუხლის დარღვევა.
II კონვენციის 41 მუხლის გამოყენება
68. კონვენციის 41 მუხლი ადგენს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს“.
A) ზიანი
69. მომჩივანი ითხოვდა 15 000 ევროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. ის ამტკიცებდა, რომ ხანგრძლივი დროით შვილთან განშორებამ ტკივილი და ტანჯვა მიაყენა მას. დამატებით მან მოითხოვა 850 ევრო მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, იმის საფუძველზე, რომ მას რამდენჯერმე მოუხდა უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლა შვილის სანახავად და დაბრუნების სამართალწარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
70. მთავრობამ გაიმეორა, საკუთარი არგუმენტი კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე მომჩივნის ბრალდებების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ მომჩივნის მიერ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებული იყო მსგავს საქმეებში სასამართლოს მიერ მინიჭებული კომპენსაციების გათვალისწინებით. რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, მთავრობამ აღნიშნა რომ მომჩივნის მიერ მისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასაკმარისი იყო, მომჩივნის მიერ წარდგენილი 2 საჰაერო ბილეთის ასლი მიუთითებდა ჯამში მხოლოდ 300 ევროს ღირებულებაზე.
71. სასამართლო ეთანხმება, რომ მომჩივანს უნდა განეცადა სტრესი და ემოციური სირთულეები, როდესაც საქართველოს სასამართლოებმა უარი განუცხადეს შვილის უკრაინაში დაბრუნების ბრძანების გაცემაზე, რაც ვერ ანაზღაურდა საკმარისად კონვენციის დარღვევის დადგენით. მსგავს საქმეებში მინიჭებული თანხების მხედველობაში მიღებით და თანაბარ საწყისებზე შეფასების გაკეთებით, სასამართლო მომჩივანს ანიჭებს 8 000 ევროს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.
72. რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, სასამართლო ადგენს კავშირს კონვენციის დარღვევასა და მოთხოვნილ ზიანს შორის, რადგან დარღვევა, რომ არ დამდგარიყო მომჩივანს არ მოუხდებოდა საქართველოში ჩამოსვლა. თუმცა, დოკუმენტური მტკიცებულების საფუძველზე და კერძოდ, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ფრენების ჯავშანის საფუძველზე სასამართლო აკმაყოფილებს საჩივარს ნაწილობრივ და ანიჭებს 300 ევროს მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
B) ხარჯები და დანახარჯები
73. მომჩივანი ასევე ითხოვდა 1 500 ევროს ხარჯებისა და დაახარჯების ასანაზღაურებლად, რომელიც წარმოიშვა ეროვნული სასამართლოების წინაშე, ეს თანხა, ასევე ითვალისწინებდა 150 ევროს სასამართლოს მოსაკრებლის სახით.
74. მთავრობამ განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა არ იყო დასაბუთებული შესაბამისი დოკუმენტაციით.
75. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით მომჩივანს აუნაზღაურდება ხარჯები და დანახარჯები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ეს თანხა რეალურად დაიხარჯა და მათი ოდენობა გონივრულია. არსებულ საქმეში ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს ლოგიკურად, რომ მომჩივანს მიანიჭოს 800 ევრო ხარჯების და დანახარჯების ანაზღაურების სახით.
C) საურავი
76. სასამართლო თვლის რომ საურავი დაფუძნებული უნდა იყოს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთზე, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
აღნიშნული მიზეზების გამო სასამართლო ერთხმად:
1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
3. ადგენს
a) რომ მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივანს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან 3 თვის განმავლობაში, გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში, კონვენციის 44 §2 მუხლის მიხედვით შემდგომი თანხები:
(i) 300 ევრო (სამასი ევრო), დამატებული ყველა გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად;
(ii) 8000 ევრო (რვა ათასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით მორალური ზიანის ასანაზღაურებლად;
(iii) 800 ევრო (რვაასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად.
(b) ზემოხსენებული სამი თვის ამოწურვიდან გადახდამდე, აღნიშნულ თანხებზე გადახდილი უნდა იქნეს ჩვეულებრივი საპროცენტო განაკვეთი, რაც გადაუხდელობის პერიოდში არსებული ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის ტოლია. აღნიშნულს უნდა დაემატოს 3 პროცენტი.
4. უარი ეთქვას მომჩივანს სამართლიანი დაკმაყოფილების დარჩენილ ნაწილზე.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით ეცნობათ 2015 წლის 21 ივლისს სასამართლოს რეგლამენტის 77 §§ 2 და 3 მუხლების მიხედვით.
ფატოშ არაჩი გუიდო რაიმონდი
განმწესრიგებელი თავმჯდომარე
დოკუმენტის კომენტარები