ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11-32
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2016
ძალაში შესვლის თარიღი 03/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016286
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11-32
27/04/2016
ვებგვერდი, 28/04/2016
010260050.35.101.016286
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/04/2016 - 16/01/2018)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11-32

2016 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე,  ქალაქ თბილისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-67 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 3 მაისიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების

საქალაქო სამსახურის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  (შემდგომ  თბილისი)  მერიის ეკონომიკური  განვითარების საქალაქო სამსახური (შემდგომ სამსახური) არის თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნას, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების  გზით.

2.  სამსახური   მოქმედებს   საქართველოს   კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

3.   სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.

4. სამსახური ანგარიშვალდებულია თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე.

5. სამსახურის  საქმიანობაზე  საერთო  ხელმძღვანელობას  და  ზედამხედველობას ახორციელებს  თბილისის მერი ან/და თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე.

6. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, შარტავას ქ. №7.


მუხლი 2. სამსახურის მიზანი, ამოცანები და ფუნქციები
1.  სამსახურის მიზანია თბილისის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნა.

2.   სამსახურის ამოცანები:

ა) თბილისის მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შემუშავება;

ბ) თბილისის ტერიტორიაზე ბიზნესის და  ინვესტიციების ხელშეწყობისთვის, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებისა და ცნობადობის ამაღლებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა;

გ) კვლევების, სტრატეგიების, პროგრამების, პროექტების და სხვა შემუშავება, მათი განხორციელება ან/და ხელშეწყობა.

3.  სამსახურის ფუნქციები:

ა) თბილისის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;

ბ) ინოვაციური მიდგომების დამკვიდრების ხელშეწყობა;

გ) ეკონომიკური საქმიანობის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

დ) თბილისის ეკონომიკური შესაძლებლობების იდენტიფიცირება, წარმოჩენა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება;

ე) სამუშაო ადგილების ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა;

ვ) თბილისის ბრენდირება და მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;

ზ) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

თ) საქალაქო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური მომსახურების განვითარების ხელშეწყობა;

ი) მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა;

კ) ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე  რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების ხელშეწყობა და განვითარება;

ლ) ადგილობრივ გადასახადებთან, ადგილობრივ მოსაკრებლებსა და ნებართვებთან, ადგილობრივ დონეზე რეგულირებად ტარიფებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

მ) საინვესტიციო აქტივობებისა და ინვესტორთა მხარდაჭერა;

ნ) ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნის ხელშეწყობა;

ო) საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;

პ) დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების განვითარება;

ჟ) საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე ეკონომიკური თანამშრომლობა;

რ) მუნიციპალიტეტის  სახელით  დასადები  ეკონომიკური  ხასიათის  შეთანხმებებისა  და ხელშეკრულებების პროექტებზე დასკვნების მომზადება;

ს) გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის სფეროებში პოლიტიკის შემუშავება;

ტ) დედაქალაქის შესახებ სამსახურის ფუნქციების შესაბამისი სტატისტიკური საინფორმაციო ბაზის ფორმირება;

უ) სამსახურის საქმიანობის შედეგად შექმნილი და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვა/სისტემატიზება, სამსახურის ფუნქციებში შემავალ საკითხებზე შესყიდვების და კონკურსების ტექნიკური დავალებების შემუშავება, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების უზრუნველყოფა;

ფ) სამსახურის ფუნქციებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მომზადება;

ქ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, აგრეთვე პირთა გაერთიანების განცხადებების განხილვა და რეაგირება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ღ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.


მუხლი 3. სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო დოკუმენტები და სტატისტიკური ინფორმაცია ორგანიზაციების, დაწესებულებისა და პირებისაგან;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუნიციპალიტეტებთან, ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

გ) მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;

დ) მოიწვიოს სხვადასხვა სპეციალისტი, მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, გამოფენები და ა.შ., თავად მიიღოს მონაწილეობა ანალოგიურ ღონისძიებებში;

ე) განახორციელოს კონტროლი სამსახურის ფუნქციებთან დაკავშირებული და მისი მიზნებისთვის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან საჯარო მოსამსახურეთა შემადგენლობით ქმნის სპეციალურ ინსპექტირების ჯგუფს;

ვ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ და შესაბამისი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტები.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებში ითანამშრომლოს ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ბ) დადგენილი წესით, დროულად უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის წარდგენა თბილისის თვითმმართველობის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან;

გ) განიხილოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები და მოახდინოს მათზე რეაგირება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 4. სამსახურის უფროსი
1.სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.

2.  სამსახურის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია თბილისის მერის და თბილისის მთავრობის წინაშე.                           

3.  სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და  ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) შეიმუშავებს სამსახურის სამუშაო გეგმას და უზრუნველყოფს დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესრულებას;

გ) განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილეების, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მოსამსახურეთა ფუნქციებს, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობას;

დ) განსაზღვრავს  სამსახურის  საქმიანობის  ორგანიზებისა  და  დაგეგმვის  წესებს,  ფორმებსა  და მეთოდებს; სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში  სამსახურის სტრუქტურულ    ქვედანაყოფებსა    და   საჯარო   მოსამსახურეთა შორის ანაწილებს დავალებებს.   ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;

ვ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციასა და კორესპონდენციას;

ზ) თბილისის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის,  შვებულების,  სამსახურებრივი  მივლინების,  კვალიფიკაციის  ამაღლებისა  და სწავლების შესახებ;

თ) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას წარუდგენს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ი) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

კ) თავისი  უფლებამოსილების  ფარგლებში  გამოსცემს ინდივიდუალურ  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ლ) ახორციელებს  კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 5. სამსახურის უფროსის მოადგილეები 
1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.

2. სამსახურის უფროსის მოადგილეთა შორის ფუნქციებსა და კომპეტენციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.

3. სამსახურის უფროსის მოადგილეები, მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით, ხელმძღვანელობენ და ორგანიზებას უწევენ მათ დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.

4. სამსახურის უფროსის მოადგილეები, საკურატორო სფეროს/სფეროების მიხედვით, სამსახურის უფროსის მოთხოვნისამებრ, წარუდგენენ მას სტრუქტურული ქვედანაყოფის/ქვედანაყოფების მუშაობის ანგარიშს.

5. სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, სამსახურის უფროსის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე.


მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1.  სამსახური  შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ბიზნესის სტიმულირების და ინვესტორთა ხელშეწყობის განყოფილება;

ბ) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება;

გ) ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილება;

დ) ინოვაციების ხელშეწყობის განყოფილება;

ე) აპარატი (განყოფილება).

2. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს განყოფილებას (შემდგომ განყოფილება) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.

3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები, თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად თანამშრომლობენ თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან,  სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებთან, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან.


მუხლი 7. ბიზნესის სტიმულირების და ინვესტორთა ხელშეწყობის განყოფილება
1.  ბიზნესის სტიმულირების და ინვესტორთა ხელშეწყობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ბიზნესგარემოსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესწავლა, საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ბ) ბიზნესის განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება;

გ) საინვესტიციო გარემოს ანალიზი და შესაძლებლობების გამოვლენა;

დ) ბიზნესის განვითარების პოლიტიკით და სტრატეგიით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების უზრუნველყოფა;

ე) მეწარმეებთან, ბიზნესასოციაციებთან თანამშრომლობა, მათი საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი;

ვ) ეკონომიკური და ბიზნესფორუმების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში არსებული ცალკეული დარგების განვითარების ხელშეწყობა;

თ) სამსახურის ფუნქციებით გათვალისწინებული სფეროების წარმატებული პრაქტიკის კვლევა;

ი) ბიზნესის განვითარების და სტიმულირების პროექტების ინიიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;

კ) მეწარმეთათვის ფინანსურ  რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვა;

ლ) სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;

მ) სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი პროექტების წახალისების მექანიზმების შემუშავება და განხორციელება.

ნ) კომპეტენციის ფარგლებში არსებული ცალკეული დარგების შესწავლა, დარგის ექსპერტებთან და კომპანიებთან თანამშრომლობით;

ო) საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული ინიციატივების შემუშავება და  შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა;

პ) ინვესტორთა მონაცემთა ბაზების განვითარება;

ჟ) ინვესტორთა საჭიროებების შესწავლა და წინადადებების მომზადება;

რ) ინვესტორთა ადვოკატირება.


მუხლი 8. ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება
1.  ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორების ბაზის ფორმირება, განვითარება და პროფილური კატეგორიზაცია;

ბ) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობების განვითარება, შეხვედრების ორგანიზება და მათი მხარდაჭერა;

გ) თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

დ) უცხოელ პარტნიორებთან ხელშეკრულებებისა და დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) დონორი ორგანიზაციების პროცედურებსა და პროცესში ცვლილებების რეგულარული გაცნობა და მათთან ურთიერთობისას შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ზ) საერთაშორისო ასპარეზზე თბილისის პოპულარობის ზრდასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

თ) თბილისის მარკეტინგული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა;

ი) თბილისის ბრენდის პოზიტიური ცნობადობის ზრდის ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება ან/და ხელშეწყობა საერთაშორისო და ადგილობრივი მასშტაბით.


მუხლი 9. ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილება
1. ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების უზრუნველყოფა;

ბ) თბილისის ეკონომიკური პოტენციალის და მიმზიდველობის ამაღლებისთვის რეკომენდაციების მომზადება;

გ) ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა;

დ) ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა;

ე) კერძო და საჯარო პარტნიორობის შესაძლებლობების განვითარების დაგეგმვა;

ვ) თბილისის ეკონომიკური პოტენციალის ანალიზი და პოლიტიკის შესაბამისი აქტივობების განხორციელება;

ზ) თბილისის ურბანულ-ეკონომიკური პროფილის შექმნის უზრუნველყოფა;

თ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და პერიოდული განახლებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

ი) თბილისის ურბანულ-ეკონომიკური განვითარების წარმატებული პრაქტიკის გაცნობა, ანალიზი და საინტერესო გადაწყვეტილებების ინიიცირება;

კ) სამსახურის ფუნქციების ფარგლებში პრიორიტეტული დარგების იდენტიფიცირება;

ლ) ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო პროგრამებისა და პროექტების განხორციელება ან/და ხელშეწყობა;

მ) თბილისის გეოგრაფიისა და ბუნებრივი ლანდშაფტის გათვალისწინებით ტერიტორიული ერთეულის ფუნქციონალური დანიშნულების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ნ) ეკონომიკური და ურბანული პროფილის შექმნის პროცესში შესაბამისი მიმართულებების დაინტერესებული მხარეების ჩართვის უზრუნველყოფა;

ო) ტურიზმის განვითარების პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება და ხელშეწყობა;

პ) ტურისტების მოზიდვის მიზნით საერთაშორისო მასშტაბის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა ან/და ხელშეწყობა;

ჟ) ადგილობრივ გადასახადებთან, ადგილობრივ მოსაკრებლებსა და ნებართვებთან, ადგილობრივ დონეზე რეგულირებად ტარიფებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

რ) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხის მომზადება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისათვის;

ს) გარე ვაჭრობის შესახებ წინადადებების მომზადება;

ტ) გარე რეკლამის შესახებ წინადადებების მომზადება;

უ) კერძო-საჯარო პარტნიორობის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ფ) კერძო-საჯარო პარტნიორობის წარმატებული პრაქტიკების შესწავლა და მათი გამოყენება დაგეგმვის პროცესში;

ქ) საქალაქო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებში მონაწილეობა.


მუხლი 10. ინოვაციების ხელშეწყობის განყოფილება
1.  ინოვაციების ხელშეწყობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარება;

ბ) ინოვაციური პროექტების მომზადება-შემუშავება;

გ) ენერგოეფექტური და მდგრად ენერგეტიკასთან დაკავშირებული პროექტების ხელშეწყობა და განხორციელება;

დ) ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნა და მართვა;

ე) წინადადებების მომზადება ახალი ტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტების დანერგვის მიზნით თბილისის მუნიციპალურ სერვისებსა და პროდუქტებში.


მუხლი 11. აპარატი (განყოფილება)
1.  აპარატი არის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი (განყოფილება) და უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს.

2.  აპარატის (განყოფილების) ფუნქციებია:

ა) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურის უფროსის დავალებით თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან, სახელმწიფო და თვითმმართველობის, ასევე სხვა ორგანოებთან თანამშრომლობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის უფროსის სახელზე შემოსული კორესპონდენციის მიღება, შესწავლა, მომზადება და შესაბამისი წინადადებების (რეზოლუციის პროექტი, მოსაზრება) სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

გ) სამსახურის უფროსის მიერ მოქალაქეთა მიღებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზაციული და დოკუმენტური უზრუნველყოფა ინფორმაციის წინასწარი მოპოვებისა და დამუშავების გზით;

დ) სამსახურის უფროსის ოფიციალური მიღებებისა და ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციით;

ე) სამსახურის უფროსის  ბრიფინგების და შეხვედრების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციით;

ვ) სამსახურის ფუნქციებში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების და კონკურსების ტექნიკური დავალებების შემუშავება;

ზ) სამსახურის საქმიანობის საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვა, სამსახურის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

თ) სამსახურის სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების უზრუნველყოფა;

ი) სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 


მუხლი 12. განყოფილების უფროსი 
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაზე;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის უფროსს და მოადგილეებს განსახილველად წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს დაქვემდებარებულ საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის და მოადგილეების ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს ანგარიშებს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ზ) ხელს აწერს ან ახდენს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებული სამსახურეობრივი დოკუმენტაციის/კორესპონდენციის ვიზირებას;

თ) უზუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა მიერ თბილისის მერიის შინაგანაწესის დაცვას, დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეების საქმიანობას,  სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ი) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის და კურატორი მოადგილის  წინაშე;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 13. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის  საჯარო  მოსამსახურეები  ახორციელებენ  ამ  დებულებით,  სამუშაო აღწერილობებით და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

2. სამსახურის    საჯარო   მოსამსახურე    ვალდებულია    დაიცვას   საქართველოს    კანონმდებლობა,  მერიის  შინაგანაწესი,  თბილისის   მერის   და  სამსახურის   უფროსის   წერილობითი ან/და ზეპირი მითითებები.


მუხლი 14. სამსახურის დაფინანსება და ქონება
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თბილისის ბიუჯეტის სახსრებით.

2. სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს თბილისის საკუთრებას.


მუხლი 15. სამსახურის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 16. დასკვნითი დებულებები
დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.