დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 200 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 15/07/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.05.001.001.502 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 98-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოხელე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, თუ მას არ სურს გადავიდეს სხვა შესაბამის თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის დასაკავებლადაც დადგენილია იდენტური საკვალიფიკაციო მოთხოვნები.“.
2. 128-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და საჯარო სამსახურის სფეროში კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მომზადების მიზნით საქართველოს პრეზიდენტთან იქმნება საჯარო სამსახურის საბჭო.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1281 მუხლი:
„მუხლი 1281. საჯარო სამსახურის საბჭო
1. საჯარო სამსახურის საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო.
2. საჯარო სამსახურის საბჭო შედგება 12 წევრისაგან.
3. საჯარო სამსახურის საბჭოს შემადგენლობაში შედის სამ-სამი წევრი შესაბამისად საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან. საბჭოს წევრებს და საბჭოს წევრთაგან საჯარო სამსახურის საბჭოს მდივანს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
4. საჯარო სამსახურის საბჭოს მდივანი იმავდროულად არის საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
5. საჯარო სამსახურის საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.
4. 129-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 129. საჯარო სამსახურის ბიურო
1. საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ამ კანონით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელების, საჯარო სამსახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საჯარო სამსახურის ბიურო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. საჯარო სამსახურის ბიუროს დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის შესაბამისად.“.
5. 130-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 130. საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები
საჯარო სამსახურის ბიურო:
ა) შეისწავლის და აანალიზებს საჯარო სამსახურის სფეროში არსებულ მდგომარეობას, შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებას და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს მოხსენებას;
ბ) კოორდინაციასა და მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის პროცესებს, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საქმეს;
გ) კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოთა (დაწესებულებათა) საკადრო სამსახურების მუშაობას;
დ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას და თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტიმ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 ივნისი.
№200-რს
დოკუმენტის კომენტარები