„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 193
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019258
193
22/04/2016
ვებგვერდი, 26/04/2016
300160070.10.003.019258
„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №193

2016 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

 

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. რეკრეაციული  თევზჭერა – სპორტული თევზჭერის სახე (მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე) – თევზჭერის ობიექტის გარემოდან ამოღების გარეშე.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრძალულია თევზჭერა:

ა) ელექტროსადგურების მიმყვან და გასავალ არხებში;

ბ) კაშხლებთან და რაბებთან არაუახლოეს 500 მეტრისა;

გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში.“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის პრეამბულა და ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისა:

ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძოდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის შავი ზღვის შესართავიდან ჰიდროელექტროსადგურამდე), რიონი (რიონის შავი ზღვის შესართავიდან ჰიდროელექტროსადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;“.

4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „პ.ა“, „პ.ბ“ და „პ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ.ა) კეფალი (ლობანი) – პირველი  მაისიდან 16 ივნისამდე;

პ.ბ) კეფალი-პილენგასი – პირველი  მაისიდან 16 ივნისამდე;

პ.გ) ოქროსფერი კეფალი – პირველი  მაისიდან 16 ივნისამდე;“.

5.  მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ჭერააკრძალული თევზის სახეობები

1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის, თანჭერილშიც და სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისას), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობებისა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებზე, სამინისტროს მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) გაცემულია წერილობითი თანხმობა):

ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;

ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;

გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;

დ) კალმახის (მდინარის/ტბის) – მთელი წლის განმავლობაში, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;

ე) ქამბალა-კალკანის – პირველი მაისიდან პირველ ივლისამდე;

ვ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კიბოსნაირების – მთელი წლის განმავლობაში;

ზ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის სხვა სახეობების – მთელი წლის განმავლობაში;

თ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე რეკრეაციული თევზჭერა აკრძალულია პირველი ოქტომბრიდან პირველ იანვრამდე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში, მითითებულ ვადებში), ასევე რეკრეაციული  თევზჭერისას საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის ინდივიდები თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას, რაც უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლისა და  რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვით.“.  

7. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ჩასადგმელი ბადეების დაგება ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოშორებით – პირველი ივლისიდან – 15 ოქტომბრამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც  შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და შესაბამისი ზომები, მითითებულ პერიოდში და ადგილას ზღვაში ბანაობის აკრძალვის თაობაზე;“.  

8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12.  წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების და თევზის მოსაშენებელი კონსტრუქციის განთავსების წესი

1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზსაჭერი იარაღის ჩადება ტივტივანიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ ბადე-იარაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრებული მცირე ზომის ალმისაგან, რომელზეც გარკვევით უნდა ეწეროს ლიცენზიის/ნებართვის სერია და ნომერი. სანაპირო თევზჭერის შემთხვევაში,  ტივტივანიშნული აღჭურვილი უნდა იყოს ალმით, სინათლის ამრეკლი საშუალებებით და მესაკუთრის პირადი ნომრის აღმნიშვნელი წარწერით.

2. აუცილებელია წყალსატევში განთავსებული თევზის მოსაშენებელი კონსტრუქცია აღჭურვილი იყოს  ტივტივანიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ კონსტრუქციის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული აღჭურვილი უნდა იყოს ალმით, სინათლის ამრეკლი საშუალებებით და მესაკუთრის პირადი ნომრის აღმნიშვნელი წარწერით.

3. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების და თევზის მოსაშენებელი კონსტრუქციის განთავსების წესის დარღვევა ითვლება თევზჭერის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.“.

9. მე-13 მუხლს დაემატოს შემდგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. რეკრეაციული თევზჭერა ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტისა და „რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის“ შესაბამისად, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.“.

10. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) გარდა ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვებისა,  რეკრეაციული  თევზჭერისას აკრძალულია:

ზ.ა) ბუნებრივი სატყუარას გამოყენება;

ზ.ბ) არასპორტული (ენის მქონე), ასევე ორეული, სამეული და მეტი ნემსაკვის მქონე თევზსაჭერი იარაღის გამოყენება თევზჭერის განმახორციელებელ ერთ პირზე;

ზ.გ) თევზზე მშრალი ხელით ან ხელთათმანით შეხება;

ზ.დ) თევზის ნაპირზე ამოყვანა და მისი ხელში აყვანა, თუ ქვემოთ წყალი არ არის;

ზ.ე) თევზის სიმაღლიდან გადაგდება წყალში დაბრუნების დროს;

ზ.ვ) თევზის წყალში დაბრუნება მანამ, სანამ არ მოძლიერდება იგი   თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ მისი წინ და უკან წყალში მოძრაობებით, რაც საჭიროა თევზის ლაყუჩებში წყლის გასატარებლად.“.

11. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა, მათ შორის, თევზჭერა რეკრეაციული პრინციპით, დაცულ ტერიტორიებზე დაშვებულია მხოლოდ ამ დაცული ტერიტორიების დროებითი რეგულირების წესით ან მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამავე დროებითი რეგულირების წესით ან მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ ზონებში.“.

12. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. თევზდაცვის მოთხოვნები წყალამღებ ნაგებობებზე

წყალამღები ნაგებობები, წყალაღებით არანაკლებ 5000 კუბ.მ დღე-ღამეში აუცილებელია აღჭურვილი იყოს თევზამრიდი ნაგებობა-მოწყობილობებით.“.

13. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამრეწველო თევზჭერისას, ჭერილში ქაფშიის არსებობისას, მცურავი საშუალების საერთო ტევადობის მიუხედავად, მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში, თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არაუმეტეს 48 საათისა.“.  

14. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ტექნიკური რეგლამენტით თევზჭერისთვის დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები, გარდა მე-6 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი აკრძალვებისა, არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე. ამასთან, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი აკრძალვა ელექტროდენით თევზჭერაზე არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილ განცხადებაში დასაბუთებულია კონკრეტული სახის ელექტრომოწყობილობით  (თევზმიმზიდი მოწყობილობა, რომელიც ზიანს არ აყენებს თევზს) თევზჭერის ჩატარების მიზანშეწონილობა, ასევე დასაბუთებულია გამოსაყენებელი კონკრეტული სახის ელექტრომოწყობილობის გამოყენების უსაფრთხოება და წარმოდგენილია მისი აღწერა. სამინისტრო უფლებამოსილია, განსაზღვროს ამ პუნქტში მითითებული ელექტრომოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები, რომლითაც დაშვებულია სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი