გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 28/04/1998
სარეგისტრაციო კოდი 300.250.000.05.001.000.345
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1345
28/04/1998
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 28/04/1998
300.250.000.05.001.000.345
გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (15/07/2020 - 09/02/2023)

საქართველოს კანონი

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

 

ეს კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში მონაწილე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა). მისი მიზანია სახელმწიფოს, ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება გეოდეზიურ მონაცემებსა და კარტოგრაფიულ პროდუქციაზე, აგრეთვე გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საქმიანობის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა შორის ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფა.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. გამოყენებული ტერმინების განმარტება

გამოყენებული ტერმინების განმარტება:

ა) გეოდეზია _ სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის ურთიერთობათა სფერო, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ფორმის, ზომების, გრავიტაციული ველის, დედამიწის ზედაპირზე წერტილების კოორდინატებისა და მათი დროში ცვლილებების განსაზღვრის პროცესში;

ბ) კარტოგრაფია – სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის ურთიერთობათა სფერო, რომელიც წარმოიქმნება კარტოგრაფიული პროდუქციის შესწავლის, შექმნისა და გამოყენების პროცესში და რომლის მთავარი ნაწილია კარტოგრაფიული გამოსახულება;

გ) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა _ სამეცნიერო, ტექნიკური, საწარმოო და მმართველობითი საქმიანობა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში;

დ) გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები _ გეოდეზიური და კარტოგრაფიული პროდუქციის, მასალებისა და მონაცემების შექმნის პროცესი;

ე) საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი – გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად შექმნილი მასალებისა და მონაცემების ერთობლიობა, გეოდეზიური პუნქტების კოორდინატები და სიმაღლეები, რომლებიც განკუთვნილია ხანგრძლივი შენახვისათვის შემდგომი გამოყენების მიზნით;

ვ) გეოდეზიური პუნქტები − დედამიწის ზედაპირზე ხანგრძლივად შენარჩუნების მიზნით სპეციალური კონსტრუქციული მოწყობილობით დამაგრებული წერტილები, რომლებიც შეიცავს კოორდინატების, სიმაღლეებისა და გრავიმეტრიული მონაცემების შესახებ ინფორმაციას და რომელთა მდებარეობა განისაზღვრება „საქართველოში სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კოორდინატებისა და სიმაღლეების ათვლის ერთიან სისტემებში;

ზ) დისტანციური ზონდირება – სპექტრალური გამოსახულების მეშვეობით, განსაზღვრული მანძილიდან დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე პროცესებისა და მასზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების შესახებ მონაცემების მიღების მეთოდი;

თ) გეოინფორმაციული სისტემა (გის) – სისტემა გეოგრაფიული სივრცის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მონაცემთა შეგროვებას, შენახვას, შემოწმებას, ანალიზს, განზოგადებას, ინტერპრეტირებას და გამოისახება სივრცითი თვისებების გამოყენებით. იგი წარმოდგენილია მონაცემთა ბაზებით, რომლებიც დაკავშირებულია სივრცით მახასიათებლებთან შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;

ი) მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემა _ ტოპოგრაფიული რუკების მასშტაბების დადგენილი თანამიმდევრობა;

კ) გასხვისებას დაქვემდებარებული მასალები – საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული გეოდეზიური მასალები და კარტოგრაფიული მონაცემები, რომლებიც არ შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას და ექვემდებარება გასხვისებას, კერძოდ: სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიული, ზოგადგეოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, სასწავლო, საცნობარო და სხვა დარგთაშორისი დანიშნულების თემატიკური რუკები, აგრეთვე აეროკოსმოსური გადაღების მასალები და ორთოფოტოგეგმები, გეოდეზიური პუნქტების კოორდინატები და სანიველირო ნიშნების სიმაღლე;

ლ) ადგილმდებარეობის ობიექტები _ დედამიწის ზედაპირზე განლაგებული ყველა ბუნებრივი (რელიეფის გარდა) და ხელოვნური წარმოშობის ობიექტები;

მ) ვერტოდრომი − ვერტოდრომი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;

ნ) სამიმოსვლო ბილიკი − სამიმოსვლო ბილიკი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1278  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3570 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

     მუხლი 2. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის პროცესში წამოჭრილი და მასთან დაკავშირებული პირადი ქონებრივი და არაქონებრივი ურთიერთობანი წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.

3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი წესები.

    მუხლი 3. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა მოიცავს:

ა) საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა შედეგებსაც აქვთ საერთო-სახელმწიფოებრივი და დარგთაშორისი მნიშვნელობა;

ბ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს, რომელთა შესრულების აუცილებლობაც განისაზღვრება შესაბამისი ორგანოების მოთხოვნილებით.

2. საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს განეკუთვნება:

ა) დედამიწის ფორმისა და ზომების განსაზღვრა და ამ მიზნებისათვის გარე გრავიტაციული ველის შესწავლა;

ბ) სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების გრაფიკული (მყარ საფუძველზე), ციფრული და სხვა ფორმით შექმნა, განახლება და გამოცემა;

გ) სახელმწიფო გეოდეზიური გეგმური და სიმაღლური საყრდენი ქსელების შექმნა, განვითარება და მუშა მდგომარეობაში დაცვა;

დ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით დედამიწის დისტანციური ზონდირება;

ე) აეროგადაღებითი და კოსმოსურ გადაღებითი სამუშაოები;

ვ) (ამოღებულია);

ზ) სახელმწიფო დანიშნულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდების შექმნა და მართვა;

თ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგში გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და მართვა;

ი) ზოგადგეოგრაფიული, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, სასწავლო, საცნობარო და სხვა დარგთაშორისი დანიშნულების თემატიკური რუკებისა და ატლასების დაგეგმვა, შედგენა და გამოცემა;

კ) საქართველოს ეროვნული მეურნეობის დარგების, ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების სფეროს, მეცნიერებისა და განათლების სისტემის, ფიზიკური და იურიდიული პირების გეოდეზიური მონაცემებითა და კარტოგრაფიული პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით შესასრულებელი ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები;

ლ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის, დემარკაციის და სახელმწიფო საზღვრის ხაზის გატარების სისწორის შესამოწმებლად, აგრეთვე საქართველოს საზღვაო სივრცეების დელიმიტაციისათვის ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემებითა და მასალებით უზრუნველყოფა;

მ) საქართველოს კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების ტერიტორიებისა და მსოფლიო ოკეანეებისა და ზღვების კარტოგრაფირება, მათ შორის ტოპოგრაფიული და საზღვაო რუკების შედგენა საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი წესით;

ნ) საერთო საზღვაო-სანაოსნო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესასრულებელი გეოდეზიური სამუშაოები;

ო) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების მეტროლოგიური უზრუნველყოფა;

პ) კარტოგრაფიულ პროდუქციაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სწორი ასახვა;

ჟ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება და გეოდეზიური და კარტოგრაფიული ტექნიკით უზრუნველყოფა.

3. სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს განეკუთვნება:

ა) ტოპოგრაფიული გეგმების შედგენა და განახლება, რომლებიც აუცილებელია ობიექტების სამშენებლო უბნებზე ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესადგენად, მიწისქვეშა ქსელების, შენობებისა და ნაგებობების სამშენებლო მოედნებთან მისაბმელად, აგრეთვე სხვა სპეციალური სამუშაოების შესასრულებლად;  

ბ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების გეოინფორმაციული სისტემების შექმნა და წარმართვა;

გ) სპეციალური (დარგობრივი) დანიშნულების თემატიკური რუკების, გეგმების, სამეცნიერო-საცნობარო ატლასების გრაფიკული, ციფრული და სხვა ფორმებით შედგენა და გამოცემა;

დ) შენობებისა და ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის, საინჟინრო ძიების, მიწების გამიჯვნის, მიწის კადასტრის წარმოების, სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილ და სხვა სპეციალურ სამუშაოებზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური სამუშაოების წარმოება;

ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი მიმართულებებით სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3226  –  ვებგვერდი, 13.08.2018წ .

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3570 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431

 

თავი II. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელება და მოწესრიგება

     მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში

1. საქართველოს კონსტიტუციით გეოდეზია და კარტოგრაფია განეკუთვნება მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას.

2. საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის კოორდინირება ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის გატარების მიზნით;

გ) საქართველოში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების კოორდინირება;

დ) კოორდინატებისა და სიმაღლეების, გრავიმეტრიული გაზომვების, აგრეთვე სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების, მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემის დადგენა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეოდეზიური და   კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში თავის საქმიანობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.

4. საქართველოს სხვა სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციებისა და  დაწესებულებების კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ.,მუხ.431

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

    მუხლი 7. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის მეტროლოგიური უზრუნველყოფა

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

    მუხლი 8. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის დაფინანსება

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო დაკვეთით, ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. სპეციალური (დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, რომლებიც სრულდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებებით, ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტიდან.

3. სხვა მიზნებ ისათვის განსახორციელებელ გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობას აფინანსებენ გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული პროდუქციის დამკვეთი ფიზიკური და იურიდიული პირები.

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6985 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი

1. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალები და მონაცემები იქმნება გეოდეზიური, კარტოგრაფიული, ტოპოგრაფიული, გრავიმეტრიული, აეროგადაღებისა და კოსმოსური გადაღების საქმიანობის განხორციელების შედეგად და ინახება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

2. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდი ეროვნული საარქივო ფონდის შემადგენელი ნაწილია.

3. საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში შედის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები შეიცავს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ საერთო-სახელმწიფოებრივი, დარგთაშორისი მნიშვნელობის მასალებსა და მონაცემებს, რომელთაც განკარგავს საქართველოს იუსტიციის  სამინისტრო.

5. თავდაცვის სფეროში არსებულ გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდს განკარგავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

6. საუწყებო (დარგობრივი) გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდები შეიცავს მხოლოდ სპეციალური (დარგობრივი) მნიშვნელობის მასალებსა და მონაცემებს, რომელთაც განკარგავს შესაბამისი სახელმწიფო უწყება.

7. „გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ ინსტრუქციას ერთობლივი ნორმატიული აქტით ამტკიცებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

8. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის მასალებითა და მონაცემებით სარგებლობა შესაძლებელია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

9. ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, კარტოგრაფიული და  აეროგადაღებითი სამუშაოების „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან საქართველოს იუსტიციის სამინიტროს უსასყიდლოდ გადასცენ აღნიშნული სამუშაოების შესრულების შედეგად მიღებული მრავალჯერადი გამოყენების პროდუქცია, კერძოდ: აეროფირები (დედანი), გეოდეზიური მონაცემების, კარტოგრაფიული მასალებისა და ორთოფოტოგეგმების ასლების (მყარ საფუძველზე ან/და ციფრული სახით) თითო ეგზემპლარი. ამასთანავე, თუ ამ პროდუქციის შემქმნელებზე ვრცელდება საავტორო უფლება, იგი მათ შეუნარჩუნდებათ.

10. (ამოღებულია).

11. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებებს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში დაცული გეოდეზიური მონაცემებისა და კარტოგრაფიული მასალების ასლები საავტორო უფლების დაცვით გადაეცემათ თავიანთი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამასთანავე, ამ ასლების დამზადების ხარჯებს გაიღებს შესაბამისი სახელმწიფო უწყება.

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №873 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.34

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1927 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.237

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431

საქართველოს 2015 წლის 8  ივლისის კანონი  №3923  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431

    მუხლი 101. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №200 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.124

    მუხლი 11. სახელმწიფო საკუთრება გეოდეზიურ მონაცემებსა და კარტოგრაფიულ მასალებზე

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შექმნილი (მათ შორის, სსრ კავშირის დროს) გეოდეზიური მონაცემები და კარტოგრაფიული მასალები, მათ შორის, გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად მიღებული გეოდეზიური, კარტოგრაფიული, ტოპოგრაფიული, აერო- და კოსმოსური გადაღებისა და გრავიმეტრიული მონაცემები, სახელმწიფო საკუთრებაა.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2009 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ. 85

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2257 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.80

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3160 - სსმ I, №19, 01.06.2006  წ., მუხ.149

    მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2009 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.85

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2257 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.80

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3160 - სსმ I, №19, 01.06.2006  წ., მუხ.149

    მუხლი 131. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2257 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.80

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3160 - სსმ I, №19, 01.06.2006  წ., მუხ.149

    მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3160 - სსმ I, №19, 01.06.2006  წ., მუხ.149

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

    მუხლი 15. თავდაცვისა და უშიშროების მიზნით განხორციელებული გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა

1. თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი სამინისტროები.

2. თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ურთიერთმოქმედება განისაზღვრება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებენ ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელები.

3. სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებული აეროგადაღებითი და სატელიტური სამუშაოების კონტროლს ახორციელებენ საქართველოს თავდაცვის ძალები, რომელთაც უსასყიდლოდ გადაეცემათ გადაღებული მასალების ასლის ერთი ეგზემპლარი.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3594  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 151. სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოები 

1. სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოა გეოდეზიური მასალებისა და მონაცემების შექმნის პროცესი, რომელიც ხორციელდება ფრენების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით და მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:

ა) სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე გეოდეზიური საყრდენი ქსელების შექმნას, რაც გულისხმობს პარამეტრების დადგენას კოორდინატთა/ათვლის გლობალური სისტემის მიმართ კოორდინატთა/ათვლის ადგილობრივი სისტემების მდებარეობისა და ორიენტირების განსაზღვრის მიზნით;

ბ) სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მასთან დაკავშირებული სხვა სამიმოსვლო ბილიკის გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სანავიგაციო მომსახურებაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებებით (მანძილმზომი და სხვა) გეოდეზიური კოორდინატების განსაზღვრას;

დ) საავიაციო დაბრკოლების გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრას და სხვა.

2. სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების წესს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2018 წლის 31  ოქტომბრის  კანონი №3570 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

    მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

    მუხლი 17. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვა

1. ასტრონომიულ-გეოდეზიური, გეოდეზიური, სანიველირო და გრავიმეტრიული პუნქტები, ასეთი პუნქტების მიწისზედა ნიშნები და მიწისქვეშა ცენტრები, მათ შორის განლაგებული მნათობ შუქურებზე, სანავიგაციო ნიშნებზე და სხვა საინჟინრო კონსტრუქციებზე, რომლებიც აგებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მათ სახელმწიფო იცავს.

     2. (ამოღებულია) .

3. მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, მფლობელები და მოსარგებლენი, რომელთა ნაკვეთებზედაც მდებარეობს გეოდეზიური პუნქტები, ვალდებული არიან გეოდეზიური სამუშაოების მწარმოებელს მისცენ გეოდეზიურ პუნქტებთან ტრანსპორტით ან ფეხით მისვლის საშუალება.

4. გეოდეზიური პუნქტების განლაგების მიზნით მიწის ნაკვეთების გამოყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. გეოდეზიური პუნქტების დაცვის ზონაა ამ პუნქტების ცენტრიდან სამი მეტრი რადიუსის მქონე მიწის ნაკვეთები.

6. გეოდეზიური პუნქტების დაცვის ზონაში აკრძალულია ისეთი სამუშაოების წარმოება, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებს პუნქტების შენარჩუნებაზე.

7. გეოდეზიური პუნქტების დაცვა ხორციელდება „სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127  

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1278  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 18. პასუხისმგებლობა გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

კანონმდებლობის დარღვევა გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 19. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის დროს ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონებისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება კანონით დადგენილი წესით.

 

თავი III. საერთაშორისო ურთიერთობა გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში

    მუხლი 20. გეოდეზიურ-კარტოგრაფიული სამუშაოების განხორციელება უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ

უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, კონტრაქტის საფუძველზე, ეძლევათ გეოდეზიურ-კარტოგრაფიული სამუშაოების შესრულების უფლება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

თავი IV. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 21. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

1. 2008 წლის 1 იანვრამდე მიღებულ (გამოცემულ) იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) (ამოღებულია);

ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“;

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების (გეგმების) ფურცლებად დაყოფისა და მათი აღნიშვნების წესის დამტკიცების თაობაზე“.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2257 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.80

საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №200 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.124

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431

 

თავი V. დასკვნითი დებულება

    მუხლი 22. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №200 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.124

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431

საქართველოს პრეზიდენტი                ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 28 აპრილი

№1345-IIს

17. 13/06/2023 - საქართველოს კანონი - 3117-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/06/2023 16. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2559-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 15. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6985-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 14. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3594-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 13. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3570-Iს - ვებგვერდი, 20/11/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3226-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 11. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3923-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 10. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1278-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 07/12/2010 - საქართველოს კანონი - 3886-IIს - სსმ, 72, 22/12/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1925 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 200 - სსმ, 17, 28/07/2008 6. 27/04/2007 - საქართველოს კანონი - 4685 - სსმ, 4685, 07/05/2007 5. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3160 - სსმ, 19, 01/06/2006 4. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 873 - სსმ, 6, 19/01/2005 3. 05/12/2003 - საქართველოს კანონი - 3154 - სსმ, 32, 22/12/2003 2. 08/05/2003 - საქართველოს კანონი - 2257 - სსმ, 13, 02/06/2003 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2009 - სსმ, 20(27), 09/06/1999