დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო ვალის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1285 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/03/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 13-14, 08/04/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.030.000.05.001.000.335 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (20/12/2019 - 09/02/2023)
ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს მიერ სახელმწიფო ვალის აღებასთან, საშინაო და საგარეო კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სახელმწიფო ვალის დაფარვის ძირითად პრინციპებს. ეს კანონი არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გარანტიის გაცემაზე, რომლის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5669 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინები
კანონში გამოყენებული ტერმინები:
ა) საქართველოს სახელმწიფო ვალი – საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების/ დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული, ეროვნული ვალუტით გამოსახული, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ან უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების ჯამური თანხა;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი – ეროვნული ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი; იმ ძირითადი თანხების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული თანხებით;
გ) საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი – უცხოური კონვერტირებადი ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი; იმ ძირითადი თანხების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების/ დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული თანხებითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული თანხებით;
დ) კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები – საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების თანხების მთლიანი ჯამი;
ე) საშინაო კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები – კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიების ნაწილი; საგარანტიო ხელშეკრულებების შესაბამისად წარმოადგენს საკრედიტო დაწესებულებებისათვის თანხების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს სახელით აღებულ, ეროვნული ვალუტით გამოსახულ ყველა პირობით ვალდებულებათა ჯამს;
ვ) საგარეო კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები – კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიების ნაწილი; საგარანტიო ხელშეკრულებების შესაბამისად წარმოადგენს საკრედიტო დაწესებულებებისათვის თანხების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს სახელით აღებულ, უცხოური კონვერტირებადი ვალუტით გამოსახულ ყველა პირობით ვალდებულებათა ჯამს;
ზ) სახელმწიფო ვალის რეესტრი – სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალზე სახელმწიფოს უშუალო ვალდებულებათა რეესტრი;
თ) კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების რეესტრი – საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული, სახელმწიფო გარანტიებიდან გამომდინარე ვალდებულებათა რეესტრი;
ი) ვალის ძირითადი თანხა – ვალის შესახებ ხელშეკრულების ან/ და ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ვალის აღებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების შესაბამისად ვალად აღებული თანხა;
კ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი − ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს სახელით გამოუშვა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ან კონვერტირებადი ვალუტით, მოკლევადიანი, საშუალოვადიანი ან გრძელვადიანი პერიოდით;
ლ) პროცენტიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ძირითადი თანხა – დაფარვის თარიღისათვის გადახდას დაქვემდებარებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება;
მ) დისკონტი – სხვაობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალურ ღირებულებასა და მისი შესყიდვის ფასს შორის, რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებია;
ნ) დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი – ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლები ფასით გასაყიდი ფასიანი ქაღალდი;
ო) დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ძირითადი თანხა – თანხა, რომელსაც კრედიტორი გაასესხებს დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის გამოშვების დღეს და მისი შესყიდვის ფასის ეკვივალენტურია;
პ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი არამატერიალიზებული ფორმით – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი ანგარიშზე ჩანაწერის სახით, რომლის გამოშვება და შენახვა ხორციელდება ბუღალტრული ან ელექტრონული ჩანაწერებით;
ჟ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი მატერიალიზებული ფორმით – მატერიალიზებული ფორმით გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი (ქაღალდის, პლასტიკური ბარათის ან სხვა სახით), რომელზედაც გამოსახულია ამ ფასიანი ქაღალდის განმსაზღვრელი რეკვიზიტები;
რ) ასიგნება – საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის გარკვეული ხარჯების გასაწევად ხაზინის მეშვეობით მინიჭებული უფლება;
ს) სახაზინო ანგარიში – ანგარიში, რომელზედაც აკუმულირდება ყველა საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავალი და საიდანაც გაიწევა საბიუჯეტო ხარჯები;
ტ) სისტემა ანგარიშზე ჩანაწერის სახით – სისტემა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ეროვნული ბანკი რეესტრში ჩანაწერის სახით რეგისტრაციაში ატარებს და აღრიცხავს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს;
უ) ფულადი ვალდებულება – განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება;
ფ) მოკლევადიანი პერიოდი – ერთ წლამდე პერიოდი;
ქ) საშუალოვადიანი პერიოდი – ერთიდან ათ წლამდე პერიოდი;
ღ) გრძელვადიანი პერიოდი – ათ წელზე მეტი პერიოდი;
ყ) რისკის ფონდი – სპეციალური სახელმწიფო ფონდი, რომელიც ყალიბდება და გამოიყენება დადგენილი წესით და რომელშიც სახსრები აკუმულირდება გაცემული სახელმწიფო გარანტიების შესასრულებლად;
შ) საგარანტიო ხელშეკრულება – ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საკრედიტო დაწესებულებას შორის, რომლითაც სამინისტრო ეკონომიკური აგენტის მიერ სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას რიგი გადახდების განსახორციელებლად;
ჩ) ეკონომიკური აგენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება აძლევს კრედიტს;
ც) საკრედიტო ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად ეკონომიკური აგენტი საკრედიტო დაწესებულებიდან იღებს ფულად თანხას და კისრულობს ვალდებულებას, განსაზღვრული დროის შემდეგ დაფაროს ვალის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტები;
ძ) ხელშეკრულება კრედიტის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის – ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის, რომელიც მოიცავს ეკონომიკური აგენტის მიერ განსახორციელებელ გარკვეულ ზომებს კრედიტის დროულად დაბრუნების უზრუნველსაყოფად;
წ) აქცეპტი – თანხმობა, გადახდის გარანტირება;
ჭ) კონვერტირება – მოცემული ქვეყნის ვალუტის კონვერსია (გადაცვლა) უცხოურ ვალუტაზე. საქართველოს სახელმწიფო ვალი სხვა კონვერტირებადი ვალუტიდან ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალის აღების თარიღისათვის დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5903 - სსმ I, №4, 14.03.2008 წ., მუხ.10
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1673 - სსმ I, №27, 24.09.2009 წ., მუხ.155
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5436 - ვებგვერდი, 11.07.2016წ.
1. საქართველოს პარლამენტი ახორციელებს სხვა სახელმწიფოებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოთა ორგანოებთან და სხვა სუბიექტებთან სახელმწიფო საგარეო კრედიტების აღებასთან ან კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებათა რატიფიცირებას, გარდა ამ მუხლის 41 და 43 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს განსაკუთრებული უფლება, საქართველოს მთავრობის თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციით:
ა) დადოს ხელშეკრულებები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით ფულადი სახსრების ვალად აღების შესახებ;
ბ) საქართველოსა და სხვა ქვეყნების საფინანსო ორგანიზაციებს მისცეს კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით, რომელიც გამოეყოფათ საქართველოს ეკონომიკურ აგენტებს საკუთრების ფორმისა და სამეურნეო საქმიანობის მიუხედავად.
21. სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წინადადება საქართველოს მთავრობას წარედგინება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
22. სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით სხვა ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. საქართველოს მთავრობის თანხმობა სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებაზე ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემაზე გაიცემა განკარგულების სახით.
23. საქართველოს მთავრობისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებას უნდა ერთვოდეს:
ა) ხელშეკრულების პროექტი ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ტექსტის არსებობისას იგი წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). სახელმწიფო საგარეო კრედიტის აღებასთან ან კრედიტისათვის სახელმწიფო გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით დასადები სხვა ხელშეკრულებების უცხოურენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დასკვნები ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის შესახებ.
24. ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებს საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარუდგენს საქართველოს მთავრობა, გარდა ამავე მუხლის 41 და 43 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რატიფიცირებისათვის წარსადგენ დოკუმენტაციას უნდა ერთოდეს ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს საგარეო ვალების მომსახურებას, იღებს გადაწყვეტილებებს საგარეო სესხების მოზიდვის შესახებ, აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხოელ კრედიტორებთან, ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტებს სესხის აღების შესახებ, აღრიცხავს და იყენებს ნასესხებ თანხებს.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობისა და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების გარეშე ვალის აღებაზე ან გარანტიაზე დადებული შეთანხმება არ არის სახელმწიფო ვალი ან კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტია, გარდა ამ მუხლის 41 და 43 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
41. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები, უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ნორმებს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება შესაბამისი წლის წლიური საბიუჯეტო კანონით.
42. (ამოღებულია – 08.04.2011, №4509).
43. საქართველოს მთავრობა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოსათხოვი საფინანსო რესურსის მოცულობასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობა მიმართავს საქართველოს პარლამენტს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოთხოვილი საფინანსო რესურსის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვის თაობაზე. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე თავის თანხმობას გამოხატავს დადგენილებით.
44. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გამოითხოვს თანხებს დამტკიცებული საფინანსო რესურსის ფარგლებში.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახდენს სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების (შეთანხმებების) იურიდიულ დასაბუთებას (ექსპერტიზას).
საქართველოს 1998 წლის 12 ივნისი ს კანონი №1429 - პარლამენტის უწყებანი №23-24, 30.06.1998 წ., გვ. 26
საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №601 - სსმ I, №37, 1 6.12.2004 წ., მუხ.176
საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2018 - სსმ I, №48, 29.11.2005 წ., მუხ.315
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5903 - სსმ I, №4, 14.03.2008 წ., მუხ.10
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1673 - სსმ I, №27, 24.09.2009 წ., მუხ.155
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4509-ვებგვერდი, 08.04.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5436 - ვებგვერდი, 11.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3573 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.
მუხლი 3. სახელმწიფო ვალისა და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები
1. სახელმწიფო, მათ შორის, საშინაო და საგარეო ვალის საერთო თანხა, აგრეთვე საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების ჯამური თანხა ყოველწლიურად განისაზღვრება აბსოლუტურ და შეფარდებით გამოსახულებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით პარლამენტი ამტკიცებს სახელმწიფო საშინაო ვალის, სახელმწიფო საგარეო ვალის, საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ლიმიტებს (ზღვრულ ოდენობას) მოცემული წლისათვის.
მუხლი 4. კრედიტების დაფარვის ვალდებულებანი
1. სახელმწიფო ფინანსური ვალდებულება არის საქართველოს სუვერენული და აბსოლუტური ვალდებულებები ძირითადი თანხების დაფარვისათვის და დარიცხული პროცენტების გადახდისათვის, რაც უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მთელი აქტივებით.
2. პროცენტების გადახდა და ძირითადი თანხების დაფარვა ხელშეკრულების შესაბამისად და ამ კანონის ფარგლებში უზრუნველყოფილია მუდმივი ასიგნებებით, რაც გრძელდება ფულადი ვალდებულებების სრულად დაფარვამდე.
3. საქართველოს სახელით აღებული ფულადი ვალდებულებები ითვლება პრიორიტეტულ სავალო ვალდებულებებად, რაც გათანაბრებულია სახელმწიფო ბიუჯეტის დაცულ მუხლებთან.
4. საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სახელმწიფო ფინანსური ვალდებულება შესრულებულად ითვლება კრედიტორისათვის პროცენტების გადახდისა და ძირითადი თანხის დაბრუნებისთანავე.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5903 - სსმ I, №4, 14.03.2008 წ., მუხ.10
მუხლი 5. საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების შესრულების ვალდებულებანი
1. საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიები წარმოადგენს პირობით ვალდებულებებს იმ შემთხვევისათვის, თუ კრედიტის ამღები საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უუნარო აღმოჩნდება დაფაროს კრედიტი შესაბამისი პროცენტებით.
2. თუ რისკის ფონდის სახსრები არ არის საკმარისი საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიებიდან გამომდინარე სავალდებულო გადახდების განსახორციელებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დადგენილი წესით პარლამენტის წინაშე აყენებს საკითხს რისკის ფონდში არსებული დეფიციტის დაფარვის შესახებ.
მუხლი 6. სახელმწიფო ვალისა და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების რეესტრები
1. ყველა პირდაპირი და პირობითი ვალდებულების აღრიცხვის მიზნით საქართველოში იქმნება სახელმწიფო ვალის რეესტრი და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების რეესტრი.
2. სახელმწიფო ვალის რეესტრში, რომლის განახლება ხდება აუცილებლობის შემთხვევაში, საშინაო და საგარეო ვალის შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად, რეგისტრირდება პირდაპირი სახელმწიფო ვალდებულებანი, ინფორმაცია სახელმწიფო ვალის დინამიკის შესახებ, ვალის სახე, ხელშეკრულების (შეთანხმების) თარიღი, ვალის საერთო მოცულობა და მისი დაფარვის თარიღი, სხვა აუცილებელი მონაცემები.
3. კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების რეესტრში, რომლის განახლება ხდება აუცილებლობის შემთხვევაში, საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ხელშეკრულებების შესაბამისად, რეგისტრირდება პირობითი სახელმწიფო ვალდებულებები, ინფორმაცია კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემისა და დაფარვის შესახებ, გარანტიის დასახელება, მისი გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, საერთო მოცულობა, განხორციელებული და განსახორციელებელი გადახდები, სხვა აუცილებელი მონაცემები.
4. სახელმწიფო ვალისა და კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების რეესტრებს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშში, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად წარუდგენს პარლამენტს, მიუთითებს პირდაპირი და პირობითი სახელმწიფო ვალდებულებების მოცულობასა და შემადგენლობაზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო:
ა) კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციების შედეგად განსაზღვრავს მომავალი წლისათვის საშინაო და საგარეო ვალის მოცულობასა და მისი აღების პირობებს;
ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკს აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო ვალისა და იმ კრედიტების შესახებ, რომლებზედაც გაცემულია სახელმწიფო გარანტიები;
გ) საგარეო ვალების შესაბამისად პირდაპირი და პირობითი სახელმწიფო ვალდებულებების შესახებ აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს მათი რეგისტრაციიდან სამი დღის ვადაში.
საქართველოს 2006 წლის 11 მაისის კანონი №3012 - სსმ I, №13, 13.05.2006 წ., მუხ.88
საქართველოს სახელმწიფო საგარეო კრედიტებთან დაკავშირებით საკრედიტო ხელშეკრულებებისა და საგარეო კრედიტებზე საგარანტიო ხელშეკრულებების ის პროექტები, რომლებშიც განსაზღვრულია რატიფიცირების ვადები და ამ ვადების დაცვის პირობები, რეკომენდაციების მიცემის მიზნით, დადგენილი წესით, წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
1. დაწესებულებები, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო კრედიტების სახსრებით ან კრედიტების გაცემისას სახელმწიფო გარანტიებით მიღებული სახსრებით, ამ სახსრებს იყენებენ და განათავსებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად.
2. სახსრების არადანიშნულებისამებრ მოხმარების ან მათი დაბრუნების ვადების დარღვევისას გამოიყენება სანქციები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, თუ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 10. მონიტორინგი და კონტროლი
1. დაწესებულებები, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო კრედიტების სახსრებით ან კრედიტების გაცემისას სახელმწიფო გარანტიებით მიღებული სახსრებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ყოველკვარტალურად წარადგენენ სრულ ინფორმაციას სახსრების ხარჯვის და მათი დაბრუნების შესახებ.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს კონტროლი გაუწიოს იმ დაწესებულებებს, რომლებიც სარგებლობენ კრედიტებით, კრედიტების გამოყენების ან სახელმწიფო გარანტიების მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე მათ სრულ დაბრუნებამდე.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს და ამტკიცებს დებულებას სახელმწიფო ვალის რეესტრის წარმოებისა და სახელმწიფო გარანტიების რეესტრის წარმოების შესახებ.
თავი II. სახელმწიფო საშინაო ვალი
მუხლი 11. სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმები
სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმებია:
ა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები;
ბ) (ამოღებულია);
გ) სხვა სავალო ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიჩნია სახელმწიფო საშინაო ვალად და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
მუხლი 12. სახელმწიფო საშინაო ვალის აღების შედეგად მიღებული სახსრების გამოყენება
სახელმწიფო საშინაო ვალის აღების შედეგად მიღებული სახსრები გამოიყენება წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მიზნებისათვის.
საქართველოს 2006 წლის 11 მაისის კანონი №3012 - სსმ I, №13, 13.05.2006 წ., მუხ.88
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5903 - სსმ I, №4, 14.03.2008 წ., მუხ.10
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5436 - ვებგვერდი, 11.07.2016წ.
მუხლი 13. სახელმწიფო საშინაო ვალის მართვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო საშინაო ვალის მართვას უზრუნველყოფს მისი დაფარვის ორგანიზაციითა და აღრიცხვით, პროცენტის განსაზღვრითა და გადახდით, აგრეთვე სხვა ოპერაციების განხორციელებით.
მუხლი 14. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციით, საქართველოს სახელით გამოუშვას სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები.
2. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისია შეიძლება განხორციელდეს არამატერიალიზებული – ანგარიშზე ჩანაწერის სახით ან მატერიალიზებული ფორმით.
3. თუ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები გამოშვებულია არამატერიალიზებული ფორმით, მათი რეგისტრაცია რეესტრში ჩანაწერის სისტემაში ხორციელდება დადგენილი წესით.
4. სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე ძირითადი თანხის და პროცენტის გადახდა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, მიმოქცევა, აღრიცხვა და დაფარვა რეგულირდება ამ კანონისა და მის შესაბამისად შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5436 - ვებგვერდი, 11.07.2016წ.
მუხლი 15. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეები და გამოშვების მიზნობრიობა
1. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეებია:
ა) სახაზინო ვალდებულებები;
ბ) სახაზინო ობლიგაციები;
გ) სახელმწიფო ობლიგაციები და თამასუქები.
2. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება ხდება:
ა) მოკლევადიანი საკასო სხვაობის დაფარვის და ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მიზნით;
ბ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისთვის.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5436 - ვებგვერდი, 11.07.2016წ.
მუხლი 16. ნორმატიული აქტები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მართვის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი ერთობლივად ადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის პირობებს.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია განსაზღვროს ფისკალური აგენტი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით განსახორციელებელ ოპერაციებზე.
მუხლი 17. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვა
1. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვა ხდება მათი გამოშვების პირობებისა და ამ კანონის ფარგლებში შემუშავებული ნორმატიული აქტების შესაბამისად. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვის შედეგად შეწყდება ამ ფასიანი ქაღალდებით წარმოქმნილი სახელმწიფო ვალდებულებები.
2. თუ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღი არასამუშაო დღეს ემთხვევა, დაფარვა წარმოებს მომდევნო სამუშაო დღესვე დამატებითი პროცენტების დაურიცხავად.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს გამოისყიდოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები მათი დაფარვის თარიღამდე განსაზღვრულ ფასად იმ შემთხვევაში, თუ ეს დადგენილია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების პირობებით და ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად შემუშავებული ნორმატიული აქტების თანახმად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახდენს მატერიალიზებული ფორმით გამოშვებული დაზიანებული და განადგურებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კომპენსაციას იმ პირობით, თუ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად იდენტიფიცირებულია თავისი რეკვიზიტების მიხედვით. კომპენსაცია გაიცემა მას შემდეგ, როდესაც სამინისტრო დარწმუნდება, რომ ეს კომპენსაცია არ გამოიწვევს ერთი და იმავე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის დუბლირებას.
მუხლი 19. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრა
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლები იბეგრება კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 11 მაისის კანონი №3012 - სსმ I, №13, 13.05.2006 წ., მუხ.88
თავი III. სახელმწიფო საგარეო ვალი
მუხლი 22. სახელმწიფო საგარეო ვალის ფორმები
1. სახელმწიფო საგარეო ვალის ფორმებია:
ა) სხვა სახელმწიფოებისგან და სხვა სახელმწიფოების საფინანსო აგენტებისგან აღებული ვალი;
ბ) უცხო ქვეყნების საფინანსო დაწესებულებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული ვალი;
გ) ეროვნული ვალუტისგან განსხვავებული, თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით დენომინირებული, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები;
დ) სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ვალი.
2. სახელმწიფო საგარეო ვალებზე შეთანხმების ხელმოწერა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 23. სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების გამოყენება
სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები გამოიყენება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნებისთვის.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5903 - სსმ I, №4, 14.03.2008 წ., მუხ.10
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან და ორგანიზაციებთან ერთად:
ა) განიხილავს შეთანხმებებს სახელმწიფო საგარეო ვალის პირობებისა და ვადების შესახებ, შეისწავლის საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე არსებული დაფინანსების შესაძლებლობასა და პირობებს;
ბ) აანალიზებს სახელმწიფო საგარეო ვალის რეფინანსირების შესაძლებლობასა და პირობებს; უზრუნველყოფს ისეთ მდგომარეობას, რომ ახალი ვალების წმინდა ნაშთი არ აღემატებოდეს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დადგენილი სახელმწიფო საგარეო ვალის ლიმიტს (ზღვრულ ოდენობას);
გ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს ნორმატიულ აქტებს და მათ წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს იმ ვალდებულებათა შესასრულებლად, რომლებიც სახელმწიფო საგარეო ვალის მართვის უფლებიდან გამომდინარეობს.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია საქართველოს სახელით აღებული სახელმწიფო საგარეო ვალის მართვაზე, მომსახურებასა და დაბრუნებაზე.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
მუხლი 25. სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურებაზე სახელმწიფოს ფისკალური აგენტები
საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო საგარეო ვალით აღებული თანხის გაცემა წარმოებს დადგენილი წესით. სამინისტრო საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით ფარავს და ახორციელებს გადახდებს სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურებისათვის.
მუხლი 26. საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე სახელმწიფო საგარეო ვალის მართვა
საერთაშორისო შეთანხმებებით სახელმწიფო საგარეო ვალი უნდა იქნეს გამოყენებული, მომსახურებული და დაბრუნებული იმ პირობებისა და ვადების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია შეთანხმებებით.
სახელმწიფო საგარეო ვალებიდან ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული სავალუტო სახსრები იყიდება სავალუტო ბაზარზე და გადაირიცხება ხაზინის ანგარიშში.
სახელმწიფო საგარეო ვალებიდან ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად საქართველოს სახელით მიღებული სახსრები გამოიყენება:
ა) საქართველოს ინდიკატური გეგმით განსაზღვრული ეკონომიკური და სოციალური პრიორიტეტების საფუძველზე ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და კერძო ან სახელმწიფო საწარმოების მხარდასაჭერად;
ბ) საექსპორტო ან იმპორტის შემცვლელი პროდუქციის საწარმოებლად და მომსახურების გასაწევად;
გ) საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სოციალური მომსახურების) გასავითარებლად;
დ) სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სხვა მიზნებით.
1. საქართველოს მთავრობა ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად აღებული სახელმწიფო საგარეო ვალების აქცეპტირების შესახებ ყველა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოთავაზებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირებასაც ახდენს საქართველოს პარლამენტი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის 41 და 43 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ყველა რეკომენდაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნებს.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5903 - სსმ I, №4, 14.03.2008 წ., მუხ.10
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1673 - სსმ I, №27, 24.09.2009 წ., მუხ.155
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული სახსრები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადებით შეიძლება გაუნაწილდეს საქართველოს საფინანსო დაწესებულებებს.
2. ვალად აღებული სახსრების დაბრუნების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფინანსო დაწესებულებებს შორის დადებული ხელშეკრულებებით, რომლებითაც დადგენილია სამინისტროსათვის გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი, საპროცენტო განაკვეთზე მარჟის ლიმიტი, რომელიც შეიძლება გადაახდევინოს ეკონომიკურ აგენტს საფინანსო დაწესებულებამ, აგრეთვე სახსრების მიღებისათვის შერჩეული ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და მხარეთა სხვა ვალდებულებები. სამინისტროსა და საფინანსო დაწესებულებებს შორის ვალის შესახებ დადებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, თუ რომელი ვალუტით იქნება გაანგარიშებული და დაბრუნებული ძირითადი თანხა და შესაბამისი პროცენტები.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
1. საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები ეკონომიკურ აგენტებს უნაწილდებათ ინდიკატური გეგმის შესაბამისად.
2. ინდიკატური გეგმით გათვალისწინებული საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები ნაწილდება საფინანსო დაწესებულებების მეშვეობით. ამ მიზნით:
ა) ეკონომიკური აგენტები საფინანსო დაწესებულებებში წარადგენენ საინვესტიციო პროექტებს, ბიზნეს-გეგმების ჩათვლით, და ეკონომიკური აგენტების სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ამსახველ სხვა საჭირო დოკუმენტებს;
ბ) საფინანსო დაწესებულებები შეისწავლიან საინვესტიციო პროექტებს, ბიზნეს-გეგმების ჩათვლით, ეკონომიკური აგენტების უნარიანობას – დააბრუნონ სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები, და იღებენ გადაწყვეტილებებს სახსრების განაწილების თაობაზე;
გ) სახსრების განაწილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე საფინანსო დაწესებულებები აფორმებენ ხელშეკრულებებს კრედიტების მიმღებებთან და გადაურიცხავენ სახსრებს.
3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტებისათვის სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების მართვას უშუალოდ ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებით მიღებული პირობების შესაბამისად. ამ შემთხვევაში:
ა) განაწილების პროცედურა ისეთივეა, როგორიც ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღწერილი პროცედურა, იმ განსხვავებით, რომ ეკონომიკური აგენტი მე-2 პუნქტში მითითებულ ყველა მასალას უშუალოდ წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, დარგობრივ სამინისტროებთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან, სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან ერთად განსახილველად;
ბ) საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების განაწილების თაობაზე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ მათი მართვისთვის მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროა პასუხისმგებელი.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
მუხლი 32. იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების განაწილება
1. იმპორტის დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები ეკონომიკურ აგენტებს უნაწილდებათ ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებულ სახსრებს ყიდის აუქციონზე.
3. თუ იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების აუქციონზე გაყიდვა შეუძლებელია, ისინი ნაწილდება საქართველოს საფინანსო დაწესებულებების მეშვეობით, ამ კანონის 30-ე და 31-ე მუხლების მე-2 პუნქტების დებულებათა შესაბამისად.
4. იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებულ სახსრებს, რომლებიც განეკუთვნება ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ ორგანიზაციებს, ანაწილებს უშუალოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები ნაწილდება შემდეგი პირობებით:
ა) სახსრები, რომლებიც ნაწილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დებულების შესაბამისად, შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი წლით;
ბ) ეკონომიკური აგენტები სახელმწიფო საგარეო სესხების მისაღებად საფინანსო დაწესებულებებში წარადგენენ ბიზნეს-გეგმებს ზუსტად მითითებული იმპორტული პროდუქციის დანიშნულებითა და მასზე მოთხოვნილებით;
გ) თუ უშუალოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ განსახორციელებელი იმპორტის თანხა აღემატება 50 ათას აშშ დოლარს, მაშინ საქონლის შესყიდვა აუცილებლად ხდება ტენდერის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 33. სახელმწიფო საგარეო ვალების ხარჯზე გაცემული კრედიტების დაბრუნება
1. სახსრებს, რომლებიც მიღებულია სახელმწიფო საგარეო ვალებიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილია საინვესტიციო პროექტების ან საქონლის იმპორტის დასაფინანსებლად, ეკონომიკური აგენტები ან საფინანსო დაწესებულებები საკრედიტო ხელშეკრულებების შესაბამისად აუცილებლად უბრუნებენ სამინისტროს.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს დადგენილი წესით ამოიღოს თანხა სახელმწიფო საგარეო ვალების მიმღებებისგან იმ ხარჯების დასაფარავად, რომლებიც დაკავშირებულია სავალუტო გაცვლის ოპერაციებთან, აგრეთვე სახსრების მიღებასთან, განაწილებასა და დაბრუნებასთან.
3. სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების დაბრუნების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რომელიც დადგენილია ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით, სახსრების საბანკო ანგარიშებიდან უპირობო ჩამოწერისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალის ქონების ჩამორთმევის ჩათვლით.
თავი IV. ვალებზე სახელმწიფო გარანტიები
მუხლი 34. საშინაო ვალებზე სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები
საშინაო ვალებზე სახელმწიფო გარანტიებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ შეზღუდვებს:
ა) რისკის ფონდში საბიუჯეტო გადარიცხვების თანხის და სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ვალის მომსახურებისათვის გათვალისწინებული წლიური დანახარჯების თანაფარდობას;
ბ) საშინაო კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემას რისკის ფონდის ფარგლებში, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ თანხას და სესხის ამღებთა მიერ ადრე აღებული სახელმწიფო გარანტიების გამო გადარიცხულ თანხებს.
მუხლი 35. სახელმწიფო გარანტიის გაცემის პროცედურა
1. სახელმწიფო გარანტიის მისაღებად ეკონომიკურ აგენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შეაქვს განცხადება, რომელშიც მითითებულია:
ა) ეკონომიკური აგენტის დასახელება და მისამართი;
ბ) მომსახურე საფინანსო დაწესებულებაში ანგარიშსწორების ანგარიშისა და ანგარიშის ნომერი;
გ) კრედიტის თანხა, რომლისთვისაც გამოითხოვება გარანტია და კრედიტის გაცემის პირობები;
დ) ბიზნეს-გეგმა, რომელიც მოიცავს კრედიტის მიზანს, გასათვალისწინებელ ხარჯებს, მოქმედების პერიოდს, სავარაუდო სარგებელსა და შესაძლო რისკს;
ე) კრედიტის გამცემი საკრედიტო დაწესებულების დასახელება, რომლისთვისაც გამოითხოვება გარანტია;
ვ) თარიღი, როდესაც სესხის ამღებმა ითხოვა სესხზე სახელმწიფო გარანტია.
2. ეკონომიკურმა აგენტმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს აუცილებელი დოკუმენტები და ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის შესახებ, რომელიც მოიცავს:
ა) ბოლო ორი წლის სამეურნეო საქმიანობის საბუღალტრო ბალანსს (აუდიტორული დასკვნით);
ბ) ინფორმაციას ეკონომიკური აგენტის დავალიანების შესახებ ბიუჯეტის, საფინანსო და სხვა დაწესებულების მიმართ;
გ) საინვესტიციო პროექტების საბუთების ასლებს;
დ) მოგების პროგნოზირებას და მის განაწილებას საგარანტიო პერიოდში;
ე) ეკონომიკურ აგენტსა და საფინანსო დაწესებულებას შორის საკრედიტო ხელშეკრულების პროექტს;
ვ) ინფორმაციას ეკონომიკური აგენტის აქტივების შესახებ, რომლებიც შეიძლება დაგირავდეს და გამოყენებულ იქნეს დავალიანების დასაფარავად;
ზ) ინფორმაციას გადაუხდელ ვალებზე, კრედიტორების ვინაობისა და მისამართების, აგრეთვე ვალების გადახდის მდგომარეობის მითითებით.
3. კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიები არ მიეცემათ:
ა) იმ იურიდიულ პირებს, რომელთაც აღებული აქვთ და არ დაუბრუნებიათ (ვადაში ან ვადის გადაცილებით) ნებისმიერი სხვა კრედიტი;
ბ) იმ იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ საგადასახადო დავალიანება;
გ) ახლად რესტრუქტურირებულ საწარმოებს (საგადასახადო და სხვა დავალიანებებთან დაკავშირებით).
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტების ეკონომიკურ ანალიზს და თითოეულ გარანტიაზე ადგენს რისკის ხარისხს, გამოსახულს პროცენტებში, გარანტიის თანხასთან მიმართებაში.
2. რისკის შეფასების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს თანხას, რომელიც ეკონომიკურმა აგენტმა უნდა გადარიცხოს რისკის ფონდში.
3. თუ რისკის ფონდის სახსრები ნაკლებია გარანტიების მთელი მოცულობისათვის საჭირო სახსრებზე, მაშინ გარანტიები არ უნდა გაიცეს.
მუხლი 37. რისკის ფონდის სახსრები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არ შეიძლება გასცეს არც ერთი სახელმწიფო გარანტია, თუ რისკის ფონდში არ არის განსაზღვრული და გადარიცხული სახსრები, რომლებიც საკმარისი იქნება სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფინანსური რისკის დასაფარავად.
2. ყოველ სახელმწიფო გარანტიაზე რისკის ფონდის სახსრებს შეიძლება ჰქონდეს ორი შესაძლო წყარო:
ა) საბიუჯეტო სახსრები, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით და რომელთაც აქვს მუდმივი ასიგნება;
ბ) ფულადი სახსრები, გადარიცხული ეკონომიკური აგენტების მიერ მიღებული გარანტიებისათვის, რომლებიც შეადგენს გარანტირებული კრედიტის ძირითადი თანხის არანაკლებ 5 პროცენტს.
მუხლი 38. სახელმწიფო გარანტიის გაცემის აუცილებელი პირობები
1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო გარანტიის გაცემისას აუცილებლად დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის უნდა დაიდოს ხელშეკრულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო კრედიტების დასაფარავად მიმართული სახსრების მთლიანად დაბრუნებას, კერძოდ:
ა.ა) გირავნობის ხელშეკრულება;
ა.ბ) ხელშეკრულება სავალო ვალდებულებების დათმობაზე;
ა.გ) ხელშეკრულება, რომელიც უფლებას იძლევა მოიხსნას სახსრები ეკონომიკური აგენტის საანგარიშსწორებო ან სადეპოზიტო ანგარიშებიდან;
ა.დ) შეთანხმება, რომელშიც მითითებულია ეკონომიკური აგენტის საბანკო ანგარიშებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო კონტროლის უფლება;
ბ) საშინაო კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების თანხამ არ უნდა გამოიწვიოს საბანკო სისტემის მიმართ ვალდებულებების ლიმიტის ზრდა, რომელიც განსაზღვრულია მოცემული პერიოდისათვის მონეტარული პოლიტიკის შესაბამისად;
გ) ეკონომიკურმა აგენტმა რისკის ფონდში გადარიცხვა უნდა აწარმოოს დადგენილი მოცულობითა და განსაზღვრულ ვადაში.
2. სახელმწიფო გარანტიები საშინაო კრედიტებზე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ ფარგლებში უპირატესად მიეცემათ საქართველოს იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ დაწესებულებებს.
3. სახელმწიფო გარანტიები საგარეო კრედიტებზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ საქართველოსათვის პირველი რიგის მნიშვნელობის პროექტების დასაფინანსებლად. ამასთან, შერჩევის კრიტერიუმები იგივე უნდა იყოს, რაც დადებული ხელშეკრულებებით მოზიდული საგარეო კრედიტების დროს.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს გარანტიებზე დადებული ხელშეკრულებების ფორმას და მოქმედების ვადებს, რომელთაც ათანხმებს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 - ვებგვერდი, 08.10.2013წ.
მუხლი 39. სახელმწიფო გარანტიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო გარანტიის გაცემის შესახებ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირებასაც ახდენს საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკურ აგენტთან დებს ხელშეკრულებას გარანტირებული კრედიტის დაფარვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ.
2. ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის განსაზღვრავს სამინისტროს წინაშე ეკონომიკური აგენტის შემდეგ ვალდებულებებს:
ა) არ გააფორმოს დამატებით ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავენ გარანტირებულ კრედიტებთან შედარებით პრიორიტეტულ სავალო ვალდებულებებს;
ბ) გააცნოს ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შეფასებისათვის;
გ) ყველა ანგარიშიდან შემოსული ნაღდი ფული მოახმაროს გარანტირებულ კრედიტზე დავალიანების დაფარვას;
დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაიხადოს საურავი.
მუხლი 41. საგარანტიო ხელშეკრულების აუცილებელი ელემენტები
საგარანტიო ხელშეკრულების აუცილებელი ელემენტებია:
ა) იმ ეკონომიკური აგენტის დასახელება და მისამართი, რომელსაც მიეცემა კრედიტი სახელმწიფო გარანტიით;
ბ) იმ საფინანსო დაწესებულების დასახელება და მისამართი, რომელიც იყენებს გარანტიას;
გ) გარანტიის ობიექტი;
დ) გარანტიის ღირებულება;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულების ფორმა;
ვ) სახელმწიფო გარანტიის მოქმედების ვადა, რომელშიც უნდა შესრულდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადამხდელო ვალდებულებები;
ზ) გადახდის პირობები;
თ) პირობები, რომლის დროსაც შეიძლება განხორციელდეს გარანტია;
ი) სახელმწიფო გარანტიით მოსარგებლე ფინანსური დაწესებულების ვალდებულებები – დააბრუნოს კრედიტი და კუთვნილი პროცენტი.
მუხლი 42. კრედიტის უზრუნველყოფა სახელმწიფო გარანტიით
სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს გარანტირებული კრედიტის ძირითადი თანხისა და კუთვნილი პროცენტის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას, თუ პროცენტის დაფარვა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.
მუხლი 43. კრედიტთან დაკავშირებით გაცემული სახელმწიფო გარანტიის შესრულება
1. სახელმწიფო გარანტია გადაიქცევა სახელმწიფო ვალად, როგორც კი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაადგენს, რომ გარანტირებულ სესხზე არ შესრულდა ანგარიშსწორება სესხის ვადებისა და პირობების შესაბამისად, რის გამოც სესხის ამღები ეკონომიკური აგენტი ბრალეული მხარეა.
2. თუ საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად ეკონომიკური აგენტი არ უსრულებს საგადამხდელო ვალდებულებებს კრედიტორ საფინანსო დაწესებულებებს და ამ უკანასკნელებმა მიიღეს ყველა ზომა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონით და ვალის დაფარვის საგარანტიო ხელშეკრულებით, მაშინ საკრედიტო დაწესებულება წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადამხდელო განაცხადს, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს სახელმწიფო გარანტია.
3. საგადამხდელო განაცხადი მოიცავს ძირითად თანხას და პროცენტს, რომელიც უნდა გადაუხადოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკრედიტო საფინანსო დაწესებულებას საგარანტიო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკრედიტო დაწესებულებაში რიცხავს განაცხადში მითითებულ თანხას, თუ განაცხადის პირობები შეესაბამება ამ კანონს და გარანტიაზე ხელშეკრულების პირობებს.
მუხლი 44. კრედიტზე სახელმწიფო გარანტიის შესასრულებლად განსაზღვრული სახსრების დაბრუნება
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო გარანტიის თანახმად სახსრების გადახდის შემდეგ ეკონომიკური აგენტი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა გამოყოფილი თანხები დაუბრუნდეს სამინისტროს ამ კანონის დებულებების შესაბამისად.
2. სახელმწიფო გარანტიაზე გამოყოფილი თანხების დასაბრუნებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იღებს ყველა ზომას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონით და საქართველოს სხვა კანონებით.
მუხლი 45. კრედიტთან დაკავშირებით გაცემული სახელმწიფო გარანტიის სახელმწიფო ვალად გარდაქმნის პირობები
სახელმწიფო გარანტია მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო ვალად, თუ კრედიტორები გააკეთებენ განაცხადს გადახდის თაობაზე ყველა იმ პირობის დაცვით, რომელიც მოცემულია საგარანტიო ხელშეკრულებებში. ამის თაობაზე ეცნობება საქართველოს პარლამენტს და წარედგინება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი.
მუხლი 46. კრედიტზე სახელმწიფო გარანტიის შეწყვეტის პირობები
1. სახელმწიფო გარანტია ითვლება დაფარულად, თუ:
ა) გარანტირებული კრედიტი მთლიანად დაფარა ეკონომიკურმა აგენტმა ან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ;
ბ) დარღვეულია საგარანტიო ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის გამოყენების მიზნობრიობა;
გ) შესრულებულია საგარანტიო ხელშეკრულების ყველა პირობა.
2. კრედიტზე სახელმწიფო გარანტიის შეწყვეტის ყოველი ფაქტი ეცნობება საქართველოს პარლამენტს.
თავი V. დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი
მუხლი 47. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
1. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, კანონის ამოქმედებიდან სამ თვეში, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოამზადოს „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები და დამატებები.
2. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, კანონის ამოქმედებიდან ორ თვეში, ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად მოამზადოს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებები და დამატებები.
3. საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 1 ივნისამდე მიიღოს დადგენილება, რომელიც უზრუნველყოფს ამ კანონის მე-2 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს სახელით გამოსაშვები, უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ნორმების დადგენას.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5903 - სსმ I, №4, 14.03.2008 წ., მუხ.10
1. ამ კანონის მიღებამდე სახელმწიფო საშინაო ვალად, გარდა მე-11 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებებისა, აღიარებულ იქნეს შემდეგი სავალო ვალდებულებები:
ა) მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება;
ბ) ყოფილი სსრ კავშირის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ბანკის მიერ ბლოკირებული, ამავე ბანკის თბილისის განყოფილების ანგარიშზე რიცხული, საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილი დავალიანება;
გ) რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მიერ ამ ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული, საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების სახელმწიფო საგარეო ვალის ანგარიშში ჩამოწერის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება;
დ) თურქმენეთიდან 1995 წლის ჩათვლით მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობის დავალებით ქვეყნის საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ გადატვირთული პროდუქციის ანაზღაურებაში არსებული დავალიანება;
ე) საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება;
ვ) ყოფილი სსრ კავშირის 1990 წლის სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციების დაფარვის ვალდებულება;
ზ) კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება;
თ) მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსში“ ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობით წარმოქმნილი დავალიანება;
ი) მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ლატარიაში მოგებული ნივთების გაუნაღდებლობით წარმოქმნილი დავალიანება;
კ) ყოფილი სსრ კავშირის „ინდუსტრიაბანკის“ მიერ ბლოკირებული, ამავე ბანკის ბათუმის განყოფილების ანგარიშზე რიცხული, საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სავალუტო სახსრების აუნაზღაურებლობით წარმოქმნილი დავალიანება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის №716 და №717 ბრძანებულებების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „კ“ ქვეპუნქტებში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვის წესი განისაზღვროს ყოველწლიურად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ასიგნებათა გამოყოფის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვის წესი შეიმუშაოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1998 წლის 1 სექტემბრამდე და შეუთანხმოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
მუხლი 481. საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული დავალიანება
საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება (მიღებული კრედიტები და გადაფორმებული სავალო ვალდებულებები), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საშინაო ვალს, დაფარულ იქნეს 2030 წლის 16 მარტამდე საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ისე, რომ ყოველწლიურად მოხდეს დავალიანების ერთი ნაწილის გადაფორმება ეროვნული ბანკისათვის განკუთვნილ ერთწლიან ყოველწლიურად განახლებად სახელმწიფო სავალო ვალდებულებად – სახელმწიფო ობლიგაციად, ხოლო მეორე ნაწილისა – სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის, რომელთა დაფარვაც განხორციელდეს შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან.
საქართველოს 200 6 წლის 11 მაისი ს კანონი №3012 - სსმ I, №13, 13.05.2006 წ., მუხ. 88
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 50. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 8 სექტემბრის დეკრეტი „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ვალის შესახებ“ (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1995 წ., ტომი II, მუხ.158).
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 5 მარტი.
№1285–IIს
დოკუმენტის კომენტარები