„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“ დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 30/03/2016
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016081
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05
30/03/2016
ვებგვერდი, 31/03/2016
310020000.55.067.016081
„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“ დამტკიცების შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/03/2016 - 28/12/2016)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №05

2016 წლის 30 მარტი

ქ. ბათუმი

 

„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“ დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ 70-ე მუხლის 41 ნაწილისა  და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული  „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესი“ (შემდეგში - წესი).
მუხლი 2
წესის მე-4 და მე-5 მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. 
მუხლი 3
1. წესის III თავი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. 
2. 2017 წლის 01 იანვრამდე შეტყობინებს წარმოება ხორციელდება GEOREP სისტემის სტანდარტული შეტყობინების ფორმით. 
მუხლი 4
წესების მე-12 მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 01 იანვრიდან.
მუხლი 5
წესის მე-13 მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.
მუხლი 6
ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 7
1. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3-ის, 3.2.1. პუნქტის 1, 5, 6, 7, 8 ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 01 იანვრიდან. 
2.  ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3-ის 3.2.2 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 8
ბრძანებით დამტკიცებული დანართი №4 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. 
მუხლი 9
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 01 მაისიდან.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელითამარ იოსელიანი



საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის  მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესი

 

თავი I.

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მიზანი

1. წინამდებარე წესის მიზანია საქართველოს საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და  ნავსადგურებთან მისასვლელ დერეფნებში, საქართველოს ნავსადგურებში გემების მოძრაობის მონიტორინგის სისტემის (Vessel Traffic Monitoring System) გამოყენებით ადამიანის სიცოცხლის,  ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაცვის უზრუნველყოფა, საზღვაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ამაღლება, შესაბამისი ორგანოების მიერ საზღვაო ინციდენტებსა და შემთხვევებზე სწრაფი რეაგირება, გემებიდან ზღვის გარემოს პოტენციური დაბინძურების აღმოჩენა და მათი პრევენცია.

2. წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და   ყველა ნავსადგურზე, რომელიც ღიაა საერთაშორისო ნაოსნობისათვის, საქართველოს ნავსადგურების გარე რეიდზე ღუზაზე დგომაზე და საღუზე წერტილების ნავსადგურთან დამაკავშირებელ საზღვაო დერეფნებზე.

3. საქართველოს საზღვაო ნავსადგურების საზღვრები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებით ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ (შემდგომში - „ნავსადგურის წესები“).

მუხლი 2. მოქმედების სფერო

1. წინამდებარე წესები ვრცელდება ნებისმიერი ტიპის გემზე.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტში არსებული განმარტება არ მოიცავს სამხედრო ხომალდებს, დამხმარე სამხედრო გემებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ხომალდებს, რომლებიც აგებულია, ან გამოიყენება არაკომერციული მიზნებისთვის.

3. საქართველოს ნავსადგურებში გემის კაპიტანი ან გემის აგენტი ვალდებულია გემის შემოსვლამდე, ნავსადგურის კაპიტანსა და VTS ოპერატორს გადასცეს „ნავსადგურის წესებით“ განსაზღვრული ინფორმაცია.

მუხლი 3. განსაზღვრებანი  და ტერმინთა განმარტებანი

წინამდებარე წესების მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება:

ა.ა)  საერთაშორისო კონვენცია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ, 1974 წ., 1978 წლის ოქმით, ცვლილებათა გათვალისწინებით (SOLAS Convention);

ა.ბ) საერთაშორისო კონვენცია სატვირთო მარკის შესახებ, 1966 წ., ცვლილებათა გათვალისწინებით;

ა.გ) საერთაშორისო კონვენცია ხომალდებიდან გაჭუჭყიანების აღკვეთის შესახებ (MARPOL), 1973 წ., 1978 წლის ოქმით, ცვლილებათა გათვალისწინებით;

ა.დ) საერთაშორისო კონვენცია ხომალდების გაზომვის შესახებ (TONNAGE 69), 1969 წ., ცვლილებათა გათვალისწინებით;

ა.ე) საერთაშორისო კონვენცია საზღვაო ძებნა-გადარჩენის შესახებ (SAR 1979);

ა.ვ) საერთაშორისო კონვენცია ნავთობპროდუქტებით დაბინძურების გამომწვევი ავარიების შემთხვევაში ღია ზღვაში ჩარევის განხორციელების შესახებ და ოქმი ღია ზღვაში ჩარევის შესახებ ნავთობისგან განსხვავებული ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში;

ა.ზ) საერთაშორისო უსაფრთხოების სახელმძღვანელო კოდექსი (ISM Code);

ა.თ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კოდექსი საშიში ქიმიური ტვირთების გადამზიდავი გემების მშენებლობისა და აღჭურვის შესახებ (IBC Code);

ა.ი) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კოდექსი თხევადი გაზის გადამზიდავის გემების მშენებლობისა და აღჭურვის შესახებ (IGC Code);

ა.კ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კოდექსი მყარი ნაყარი ტვირთის უსაფრთხოების პრაქტიკის შესახებ (BC Code);

ა.ლ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კოდექსი დასხივებული ბირთვული საწვავის, პლუტონიუმისა და მაღალი რადიოაქტიური ნარჩენების საშიში ტვირთის სპეციალური კონტეინერებით გადაზიდვის შესახებ (INF Code);

ა.მ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეზოლუცია A.851 (20) გემების მოძრაობის მომსახურებისა და შეტყობინებების მართვის, საშიშ ტვირთებთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების/შემთხვევების, მავნე ნივთიერებების ან/და ზღვის დამაბინძურებლების სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ.“;

ა.ნ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეზოლუცია A.917(22) ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის (AIS) საგემბანო გამოყენების სახელმძღვანელი პრინციპები, IMO-ს A.956(23) რეზოლუციის ცვლილებების გათვალისწინებით;

ა.ო) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეზოლუცია A.949(23) დახმარების საჭიროების შემთხვევაში გემების თავშესაფრის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ;

ა.პ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეზოლუცია A.950(23) საზღვაო დახმარების შესახებ (MAS);

ა.ჟ) IMO-ს სახელმძღვანელო პრინციპები მეზღვაურთა თანაბარი მოპყრობის შესახებ საზღვაო ინციდენტის ან შემთხვევის დროს, რომელიც თანდართულია IMO-ს სამართლებრივი კომიტეტის რეზოლუციაზე LEG.3(91) და რომელიც თავის მხრივ დადასტურებულია საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის მმართველი ორგანოს მიერ ILO-ს 296-ე სესიაზე, 2006 წლის 12-16 ივნისს;

ა.რ) შუქურის სამსახურების და საზღვაო სანავიგაციო საშუალებების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) V-103 რეკომენდაციები;

ა.ს) შუქურის სამსახურების და საზღვაო სანავიგაციო  საშუალებების საერთაშორისო ასოციაციის გემების მოძრაობის სამსახურის სახელმძღვანელო - IALA VTS Manual, 2012;

ა.ტ) IMO-ს მიერ აღიარებული მოდელ კურსები - MSC/Circ.1065 IALA Standards for Training and Certification of  VTS Personal: Model Course V-103/1 VTS Operator, Model Course V-103/2 VTS Supervisor, Model Course V-103/3 On-the-Job Training (VTS Operator and VTS Supervisor), Model Course V-103/4 VTS On-the-Job Training Instructor.

ბ) ოპერატორი - გემთმფლობელი ან გემის მენეჯერი პირი;

გ) აგენტი - გემის ოპერატორის მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს გემის შესახებ ინფორმაციის მიმოცვლა;

დ) ტვირთის გამგზავნი - რომელმაც ან რომლის სასარგებლოდაც გაფორმებულია ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება გადამზიდავთან;

ე) კომპანია - SOLAS კონვენციის IX თავის 1(2) რეგულაციის შესაბამისად განსაზღვრული პირი;

ვ) საშიში ტვირთი:

ვ.ა) ტვირთი კლასიფიცირებული IMDG კოდექსის შესაბამისად;

ვ.ბ) საშიში თხევადი ნივთიერებები IBC კოდექსის მე-17 თავით განსაზღვრული ნივთიერებები;

ვ.გ) თხევადი გაზები IGC კოდექსის მე-19 თავით განსაზღვრული ნივთიერებები;

ვ.დ) მყარი ტვირთები - BC კოდექსის B დანართით განსაზღვრული ტვირთები.

ვ.ე) ასევე ის ტვირთები, რომელთა გადასაზიდად IBC კოდექსის 1.1.3 ან 1.1.6 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრულია წინასწარი პროცედურები (Preconditions).

შენიშვნა: ასევე ამ განსაზღვრების ქვეშ ექცევა ის ნივთიერებები, რომელთა გადასაზიდად მოქმედებს სპეციალური პროცედურები IBC კოდექსის 1.1.3 და IGC კოდექსის 1.1.6 პარაგრაფებით.

ზ) დამაბინძურებელი ტვირთი:

ზ.ა) MARPOL კონვენციის პირველი დანართით განსაზღვრული ნავთობი;

ზ.ბ) მომწამლავი თხევადი ნივთიერებები MARPOL კონვენციის II დანართის შესაბამისად;

ზ.გ) საზიანო ნივთიერებები MARPOL კონვენციის III დანართის შესაბამისად;

თ) ტვირთის გადაზიდვის ერთეული - საგზაო გადაზიდვის კონტეინერი, სარკინიგზო გადაზიდვის კონტეინერი, საგზაო გადაზიდვის ცისტერნა, სარკინიგზო გადაზიდვის ცისტერნა, ან გადასატანი ტანკი;

ი) მისამართი - დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთს უკავშირდებიან ოპერატორი, აგენტი, ნავსადგურის სახელმწიფოს კომპეტენტური უწყება ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელთაც გააჩნიათ ინფორმაცია გემზე არსებული ტვირთის თაობაზე;

კ) კომპეტენტური უწყება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

ლ) უსაფრთხო თავშესაფარი - ნავსადგური ან ნავსადგურის ნაწილი ან ნებისმიერი უსაფრთხო ნავმისადგომი ან საღუზე წერტილი  ან ნებისმიერი თავშესაფრად განსაზღვრული ადგილი, რომელსაც განსაზღვრავს კომპეტენტური უწყება განსაცდელში აღმოჩენილი გემის უსაფრთხო დგომის უზრუნველსაყოფად;

მ) სანაპირო სადგური -  გემების მოძრაობის სისტემა, IMO სავალდებულო ანგარიშგების სისტემის ფარგლებში არსებული მოწყობილობები, ან სააგენტოს სისტემაში შემავალი საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი (MRCC);

ნ) VTS მომსახურება - მომსახურება, რომელიც შექმნილია და აქვს საშუალება VTS პასუხისმგებლობის ზონაში დაარეგულიროს გემების მოძრაობა და  ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის, გარემოს დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;

ო) SafeSeaNet - ნიშნავს ევროკავშირის საზღვაო საინფორმაციო გაცვლის სისტემას, ისე როგორც ეს განმარტებულია ევროკავშირის დირექტივაში 2002/59/EC;

პ) LRIT - სისტემა, რომელიც გათვალისწინებულია SOLAS-ის რეგულაციით V/19-1;

ჟ) VTS ზონა - VTS მომსახურების წინასწარ განსაზღვრული ზონა, რომელიც ფორმალურადაა გამოცხადებული. VTS ზონა, შესაძლოა დაიყოს ქვე-ზონებად ან სექტორებად;

რ) VTMISC - ცენტრი, საიდანაც წარმოებს VTS ცენტრების ოპერირება, ნებისმიერ ქვე-ზონას შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი ქვე-ცენტრი;

ს) VTS ოპერატორი - ამ წესების შესაბამისად კვალიფიციური პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს VTS მომსახურების გაწევაში;

ტ) VTS სანაოსნო გეგმა - GEOREP სანაოსნო გეგმა;

უ) ყველა სხვა ტერმინი თუ ცნება, რომელიც არ არის ამ მუხლით განმარტებული გააჩნია საქართველოს საზღვაო კოდექსით, სხვა კანონქვემდებარე საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული მნიშვნელობები.

 

თავი II.

გემების ანგარიშგება, კომუნიკაცია  და მონიტორინგი

მუხლი 4. შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება

1. გემის ოპერატორი, აგენტი ან კაპიტანი ვალდებულია საქართველოს ნებისმიერ საზღვაო ნავსადგურში შემოსვლის წინ წინამდებარე წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ინფორმაცია წარუდგინოს სააგენტოს:

ა) მინიმუმ 24 საათით ადრე ნავსადგურში შესვლამდე ან

ბ) თუ გემის გამოსვლის ნავსადგურიდან საქართველოს ნავსადგურამდე დარჩენილია 24 საათზე ნაკლები, პირველივე შესაძლებლობისთანავე ან;

გ) თუ წინასწარ უცნობია ჩასვლის ნავსადგური ან შეიცვალა უშუალოდ მოძრაობის პერიოდში აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე.

2. საშიში და დამაბინძურებელი ტვირთების შესახებ ინფორმაცია სავალდებულო წესით შეტყობინებულ უნდა იქნეს ამ წესების III თავის მოთხოვნების შესაბამისად.

3. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) დადგენილი წესისა და  SOLAS IV თავის პროცედურების შესაბამისად VTS-სა და გემებს შორის რადიოკავშირი წარმოებს მინიჭებულ სიხშირეებზე, როდესაც კომუნიკაცია ეხება გემების მანევრირებას. VTS პროცედურა ითვალისწინებს თუ რა სახის კომუნიკაცია მოითხოვება და რომელ სიხშირეზე წარმოებს მორიგეობა. შეძლებისდაგვარად გამოყენებული უნდა იყოს  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სტანდარტული საზღვაო კომუნიკაციის ფრაზები.

4. გემებთან კომუნიკაციისათვის გამოიყენება ინგლისური და ქართული ენა.  

5. შეტყობინება, რომლებსაც VTS გადასცემს გემს ან გემებს, შეიცავს ინფორმაციას, რჩევას, გაფრთხილებას ან მითითებას და უნდა იყოს წარმოთქმული გასაგებად და გარკვევით.

მუხლი 5. გემების სავალდებულო ანგარიშგების სისტემაში გემების შესვლის მონიტორინგი

გემების ანგარიშგების სავალდებულო სისტემა (GEOREP), რომელიც მოქმედებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2003 წლის 20 ივნისის ცირკულარის №SN/Circ.230 შესაბამისად, არსებობს იმ სისტემისგან დამოუკიდებლად, რომლის ფუნქციონირების სტანდარტები წინამდებარე ბრძანებით განისაზღვრება და, რომელიც, ეფუძნება  IMO A.851(20) რეზოლუციას. ანგარიშგება წარმოებს ამ წესების დანართი 1-ის შესაბამისად.

მუხლი 6. ავტომატური სადენტიფიკაციო სისტემის (AIS) გამოყენება

1. ნებისმიერი გემი, რომელიც შემოდის საქართველოს ნავსადგურში ვალდებულია აღჭურვილი იყოს ავტომატური სადენტიფიკაციო სისტემით (AIS), რომელიც შეესაბამება IMO-ს მოთხოვნებს.

2. გემები, რომლებიც აღჭურვილია AIS სისტემით ვალდებულია ნებისმიერ დროს მოქმედებაში ჰქონდეს მოყვანილი AIS სისტემა, გარდა იმ ზონებისა, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან სხვა მოქმედი კანონმდებლობით აუცილებელია ნაოსნობის შესახებ ინფორმაციის დაცვა.

მუხლი 7. გემების შორ მანძილზე იდენტიფიცირებისა და კვალის დადგენის სისტემის (LRIT) გამოყენება

გემებზე, რომლებზეც ვრცელდება SOLAS-ის რეგულაციის V/19-1 ვალდებულია აღჭურვილ იყოს შესაბამისი სისტემით, საქართველოს დროშის ქვეშ რეგისტრაციისათვის.

მუხლი 8. გემების მოძრაობის გამყოფი სქემების სისტემის გამოყენება

SOLAS-ის კონვენციის V თავის მე-10 რეგულაციის შესაბამისად დამტკიცებული გემების მოძრაობის გამყოფი სქემების სავალდებულო სისტემაში შესვლისას გემები უნდა ემორჩილებოდნენ IMO-ს მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპებს.

თავი III.

გემზე არსებული საშიში და დამაბინძურებელი ტვირთების  (HAZMAT) შეტყობინება

მუხლი 9. საინფორმაციო მოთხოვნები საშიში ტვირთის გადაზიდვისას

არცერთი ტიპის საშიში ან დამაბინძურებელი ტვირთი არ შეიძლება იქნეს გადასაზიდად შეთავაზებული ან გემზე გადასიზადად დატვირთული, თუ გემის კაპიტანს არ აქვს მიღებული დეკლარაცია, რომელიც შეიცავს დანართით 1 (2) გათვალისწინებულ ინფორმაციას. ტვირთის გამგზავნს ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნული დეკლარაციის კაპიტნისათვის წარსადგენად, ასევე გამგზავნი არის პასუხისმგებელი იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მოყვანილია დეკლარაციის ფორმაში. MARPOL-ის პირველ დანართში გაწერილ ნივთიერებებთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ნივთიერებების ფიზიო-ქიმიურ მახასიათებლებს, მათ შორის, სადაც ეს საჭიროა სიბლანტე გამოხატული 50C სანტისტოქსი (cSt) და სისქე 15C, ასევე ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებულია უსაფრთხოების ფურცელზე IMO რეზოლუციის MSC.286(86) შესაბამისად (ინფორმაცია ასევე უნდა შეიცავდეს გამომგზავნის საგანგებო სიტუაციაში დასაკავშირებლად საკონტაქტო ნომრებს).

მუხლი 10. შეტყობინების ვალდებულება

1. გემის ოპერატორი, აგენტი ან კაპიტანი, მიუხედავად გემის ზომისა, საშიში ან დამაბინძურებელი ტვირთის გადატანისას, ვალდებულია საქართველოს ნავსადგურიდან გემის გასვლამდე შეატყობინოს სააგენტოს დანართით 1 (3) გათვალისწინებული ინფორმაცია.

2. გემის ოპერატორი, აგენტი ან კაპიტანი, მიუხედავად გემის ზომისა, საშიში ან დამაბინძურებელი ტვირთის გადატანისას სხვა სახელმწიფოდან საქართველოს ნავსადგურებში, ან საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ღუზაზე დასადგომად მოსვლამდე, ვალდებულია წარმოშობის ნავსადგურიდან წამოსვლისას, ან მაშინ როცა გემისთვის ცნობილი გახდა მოსვლის ნავსადგური ან საღუზე წერტილი, თუ ხსენებული ინფორმაცია არ არის ცნობილი წარმოშობის ნავსადგურიდან გემის გამოსვლამდე, მიაწოდოს დანართით 1(3) გათვალისწინებული ინფორმაცია სააგენტოს.

3. ინფორმაცია მიწოდებულ უნდა იქნეს ევროკავშირის დირექტივის 2002/59/EC III დანართით გათვალისწინებულ ელექტრონულ ფორმატში.

მუხლი 11. საგამონაკლისო ნებართვა

1. სააგენტომ შესაძლოა წინამდებარე წესების მე-10  მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან გაათავისუფლოს სახაზო ან გეგმიურ მიმოსვლაში ჩართული გემები იმ პირობით, რომ:

ა) კომპანია, რომელიც ახორციელებს სახაზო და გეგმიურ მიმოსვლას აწარმოებს და ანახლებს ინფორმაციას გემების შესახებ და რეგულარულად უგზავნის სააგენტოს.

ბ) ყოველი გადაზიდვისას წარმოებული ინფორმაცია გათვალისწინებული ამ წესებით 1(3) დანართით, ღიაა სააგენტოსათვის ნებისმიერ დროს მოთხოვნისამებრ. კომპანია ვალდებულია გააჩნდეს შიდა ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც სააგენტოზე ინფორმაციის მიწოდება წარმოებს 24 საათიან რეჟიმში.

2. სააგენტო რეგულარულად აწარმოებს საგამონაკლისო ნებართვით მოქმედ კომპანიების მონიტორინგს და ერთ-ერთი პირობის შეუსრულებლობისას მოახდენს საგამონაკლისო ნებართვის გაუქმებას.

თავი IV.

საფრთხის შემცველი გემების მონიტორინგი და საზღვაო ინციდენტის ან შემთხვევის დროს ჩარევა

მუხლი 12. საფრთხის შემცველი გემები

გემი ითვლება საფრთხის შემცველად ნაოსნობისათვის ან საზღვაო უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის ან გარემოსათვის, როდესაც:

ა) იმყოფება რეისში და რომელმაც:

ა.ა) განიცადა საზღვაო ინციდენტი ან შემთხვევა, გათვალისწინებული ევროკავშირის დირექტივის 2002/59/EC მე-17 მუხლით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №1-1/183 ბრძანების „საზღვაო ინციდენტების/ შემთხვევების სამსახურებრივი მოკვლევის წესის“ დამტკიცების შესახებ შესაბამისად;

ა.ბ) ვერ უზრუნველყო ამ წესებით გათვალისწინებული შეტყობინების გადაცემა სააგენტოზე:

ა.გ) ვერ უზრუნველყო საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონებში მოძრაობის წესების შესრულება და იმ წესების შესრულება, რომელსაც ეფუძნება გემების მოძრაობის მომსახურება;

ა.დ) შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საკუთარ ნაოსნობის უსაფრთხოებას ან ზღვის გარემოს და ამის შესახებ შეტყობინებას აგზავნის ლოცმანი ან ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სამსახური;

ბ) არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთი ან ვარაუდი, რომ გემიდან განხორციელდა MARPOL-ის კონვენციით გათვალისწინებული აკრძალული ჩაღვრა, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ წყლებში.

მუხლი 13. განსაკუთრებულად ცუდი ამინდის პირობებში განსახორციელებელი ღონისძიებები

1. მას შემდეგ რაც სააგენტოს შესაბამისი სამსახურები მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებულად ცუდი ამინდის პირობებში იქმნება საშიშროება სანაოსნო ზონის ან სანაპირო ზოლის დაბინძურებისა, საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მიმართ, ან საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს:

ა) როდესაც შესაძლებელია, სააგენტო დაუყოვნებლივ აფრთხილებს გემის კაპიტანს გემის ადგილმდებარეობის შესაბამისად, ამინდის პირობების და ზღვის მდგომარეობის შესახებ და, როდესაც შესაძლებელია, ან მნიშვნელოვანი, იმ საფრთხის შესახებ რომელიც გემის, ტვირთის, ეკიპაჟის და მგზავრების უსაფრთხოებას ეხება;

ბ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები უფლებამოსილნი არიან მიიღონ გადაწვეტილება თავშესაფრის ღონისძიებების განხორციელების შესახებ ან იღებენ სხვა გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება იყოს: კონკრეტული გემის ან გემების შესვლის ან გასვლის აკრძალვა ნავსადგურში/ნავსადგურიდან, მანამ სანამ არ ჩაივლის საფრთხე, რომელიც ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს და/ან ზღვის გარემოს.

გ) ასეთ მდგომარეობაში სააგენტოს უფლება აქვს სრულიად აკრძალოს ან შეზღუდოს გემების საბუნკერო მომსახურება ტერიტორიულ ზღვაში.

2. გემის კაპიტანი ვალდებულია გააფრთხილოს კომპანია იმ მიღებული ზომების ან რეკომენდაციების შესახებ, რომელიც გაცემულია სააგენტოს მიერ პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნული არ ცვლის კაპიტნის პროფესიულ გადაწყვეტილებას SOLAS კონვენციის ფარგლებში. როდესაც კაპიტნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება პირველი პუნქტის შესაბამისად გაცემულ მითითებებს, რეკომენდაციებს კაპიტანი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები აცნობოს სააგენტოს.

3. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა ეფუძნებოდეს ზღვის მდგომარეობას და შესაბამის ამინდის პროგნოზს, რომელიც მიწოდებულია შესაბამისად კომპეტენტური ორგანოს მიერ.

მუხლი 14. თანამშრომლობის და დახმარების ვალდებულება

1. 2002/59/EC დირექტივის IV დანართის შესაბამისად, რომელიც არ არის ამომწურავი ჩამონათვალი, საზღვაო ინციდენტის ან შემთხვევის შემთხვევაში სააგენტო ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს, საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის მოკვლევაში, ასევე იღებს ყველა ზომას რომ უზრუნველყოფილ იქნეს ნაოსნობის უსაფრთხოება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ზღვის გარემოს, ასევე სანაპირო ზოლის დაცვა დაბინძურებისგან.

2. ოპერატორი, გემის კაპიტანი, ასევე საშიში ან დამაბინძურებელი ტვირთის მეპატრონე ვალდებულია კანონმდებლობის ფარგლებში ითანამშრომლოს სააგენტოსთან, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, იმისათვის რათა მოხდეს საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შედეგების მინიმიზაცია.

3. იმ გემის კაპიტანი, რომელზეც ვრცელდება ISM კოდექსის მოთხოვნები, ვალდებულია აცნობოს კომპანიას, მომხდარი საზღვაო ინციდენტის/შემთხვევის შესახებ ზღვაში. მას შემდეგ რაც აღნიშნული განხორციელდება, კომპანია ვალდებულია დაუკავშირდეს სააგენტოს ან სანაპირო სახელმწიფოს კომპეტენტურ უწყებას და გაუწიოს დახმარება მოთხოვნის და საჭიროებისამებრ.

 

თავი V.

VTS მომსახურების სახეები, ფუნქციები, მოვალეობები, პასუხისმგებლობა და სტრუქტურა

 

მუხლი 15. VTS მომსახურების სახეები, ფუნქციები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა

1) საინფორმაციო მომსახურება - მნიშვნელოვანი სანავიგაციო ინფორმაციით გემების დროული უზრუნველყოფა სანავიგაციო გადაწყვეტილების მიღების გაადვილების მიზნით:

ა) გემების ადგილმდებარეობა, განზრახვები და მიმართულებები;

ბ) გადაცემული ინფორმაციის დამატებები და ცვლილებები:

გ) საზღვრები, პროცედურები, რადიოარხები და სიხშირეები, შეტყობინების წერტილები, და ა.შ.;

დ) ცვლილებები, რომლებიცზემოქმედებენ გემების ნაოსნობაზე;

ე) მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური პირობები;

ვ) სანავიგაციო საშუალებების სტატუსი;

ზ) სხვა პოტენციური დაბრკოლებები.  

2. ნავიგაციური დახმარება - გემებზე გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა ეფექტური მონიტორინგისათვის, განსაკუთრებით რთულ სანავიგაციო ან მეტეროლოგიურ პირობებში ან სხვა რაიმე შემთხვევაში:

ა) საჭირო კურსისა და სიჩქარის რეკომენდირება გემისათვის;

ბ) ადგილმდებარეობის დადგენა ფარვატერის ღერძსა და სამარშრუტო წერტილებს შორის მიმართებაში;

გ) ირგვლივ მყოფი გემების ადგილმდებარეობების განსაზღვრა და მათი იდენტიფიცირება;

დ) ცალკეული გემების გაფრთხილება;

ე) გემებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სანავიგაციო რჩევების მიცემის მიზნით;

ვ) სანავიგაციო დახმარების გაწევის დაწყება და დასრულება მკაფიოდ უნდა იყოს გაცხადებული გემების ან VTS -ის მიერ;

ზ) გემების მოძრაობის მონიტორინგი VTS-ის ზონაში შემოსვლისთანავე, გემზე ლოცმანის ასვლამდე, გემის ნავსადგურიდან გასვლის შემთხვევაში, ლოცმანის მიერ გემის  დატოვების შემდეგ VTS-ის მონიტორინგის ზონიდან გასვლამდე და ღუზაზე დგომის დროს.

3. მოძრაობის ორგანიზება -

ა) VTS - ის ზონაში საშიში სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით გემების შემდგომი გადაადგილების დაგეგმვა:

ბ) მოძრაობის პრიორიტეტების და გემების რიგითობის გათვალისწინებით ტრაფიკის განტვირთვის სისტემის დაწესება და მართვა;

გ) გემისთვის საჭირო სივრცის გამოყოფა;

დ) გემის გადაადგილებებზე სავალდებულო შეტყობინება;

ე) მოძრაობის მარშრუტების დაწესება;

ვ) სიჩქარის შეზღუდვები, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, ასევე სხვა ზომები, რომლებიც VTS- ის მიერ მიჩნეული იქნება აუცილებლად და მიზანშეწონილად.

4. ინსტრუქციები უნდა იყოს მოტივირებული მხოლოდ შედეგზე, ხოლო შესრულების დეტალები გემის პრეროგატივაა.

5. VTS-ის მოქმედებების ზონები, მოძრაობის გამყოფი სქემები და ღუზა სადგომები განსაზღვრულია ამ წესების დანართი 2-ის შესაბამისად.

6. VTMISC და VTS ტექნიკური სტრუქტურა და შემადგენლობა განსაზღვრულია ამ წესების დანართი 3-ის შესაბამისად.

7. VTS ოპერაციების აღრიცხვა, არქივირება და აღწარმოება წარმოებს ამ წესების დანართი 4-ის შესაბამისად.

მუხლი 16. VTS ოპერატორის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ფუნქცია-მოვალეობები

1. VTS ოპერატორი არის სათანადოდ მომზადებული კვალიფიცირებული პერსონალი, რომელიც ასრულებს VTS მომსახურების ამოცანებს, რომელიც ეხება კონკრეტული მიზნების შესრულებას და გათვალისწინებულია ამ წესების  შესაბამისად. ის უფლებამოსილია მიაწოდოს გემებს ინფორმაციები, რეკომენდაციები და მითითებები. გემებისათვის გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელიც ეხება გემების რეაგირებას და შემდგომ ქმედებას მოცემულ ვითარებაში. VTS ოპერატორი ამ ფუნქციას და რადიო საკომუნიკაციო კავშირს ახორციელებს VTS-ის განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონაში. VTS ოპერატორი გემების მოძრაობის მართვის ზონაში თავისი ფუნქციების შესრულებით და გაწეული მომსახურებით:

ა) ეხმარება გემებს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაში;

ბ) ზრდის გემების მოძრაობის ორგანიზების ეფექტურობას;

გ) ამცირებს გემების მიერ გარემოს დაბინძურების რისკებს.

2. VTS ოპერატორი მორიგეობის მიღების წინ:

ა) ამოწმებს:

ა.ა) ელექტრონულ რუკებზე სამიზნეების შესაბამისობას მათი განლაგების მიხედვით;

ა.ბ)დისპლეებზე დაყენებულ დროს და მის შესაბამისობას რეალურ დროსთან;

ა.გ) რადიოელექტრონული საშუალებების ტექნიკურ პარამეტრებთან შესაბამისობას;

ა.დ) ელექტრონულ რუკაზე სამიზნეების მიმართ ათვლის წერტილის სწორ განლაგებას.

ბ) ეცნობა:

ბ.ა)  მომსახურების ზონაში   ნაოსნობის პირობებს და ვითარებას;

ბ.ბ) ღუზა სადგომებზე გემების განლაგებას;

ბ.გ) ზონაში მოძრავი გემების განლაგებას;

ბ.დ) გემების მოძრაობის სადღეღამისო გრაფიკს;

ბ.ე)  გემებისათვის მიწოდებულ ინფორმაციებს სამორიგეო ჟურნალში;

ბ.ვ) ამინდის სადღეღამისო პროგნოზს და ფაქტობრივი სანავიგაციო-ჰიდროგრაფიულ ვითარებას.

გ) მორიგეობის მსვლელობისას:

გ.ა) მომსახურების ზონაში გემის შემოსვლისას მასთან ამყარებს ორმხრივ რადიო კავშირს ულტრამოკლე ტალღებზე;

გ.ბ) აფიქსირებს სამორიგეო ჟურნალში გემების შემოსვლას და გასვლას მომსახურების ზონაში და ზონიდან;

გ.გ) უწევს გემებს საინფორმაციო მომსახურებას ზონაში ნაოსნობის წესების შესაბამისად;

გ.დ) ახორციელებს მუდმივ მეთვალყურეობას გემების მოძრაობაზე;

გ.ე) ახორციელებს რეკომენდაციის მიწოდებას გემის მიერ  ნაოსნობის წესის დარღვევის გამოვლენისას;

გ.ვ)  გემის ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის (AIS) გაუმართაობის ან სტატუსის შეუსაბამობის შემთხვევაში აფრთხილებს მას;

გ.ზ) ნაოსნობის წესების მიხედვით ასრულებს რადიო ლოკაციურ გაცილებას (უწევს გემს სანავიგაციო დახმარებას);

გ.თ) ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მორიგე ოფიცრის მიერ გაცემული ინფორმაციის მიხედვით მიუთითებს გემს საღუზე წერტილს და მოძრაობის რიგითობას;

გ.ი) ახორციელებს გემის მანევრირების რადიო ლოკაციური ინფორმაციის, ვიდეო და აუდიო  ჩაწერას, დამახსოვრებას, არქივირებას და საჭიროების შემთხვევაში მის გამოყენებს.

დ) აქვს უფლება:

დ.ა) მოითხოვოს გემებზე გადაცემული რეკომენდაციების,  გაფრთხილებების მიღების დადასტურება;

დ.ბ) მოითხოვოს გემისგან ინფორმაცია იმ მანევრების ჩატარების განზრახვის შესახებ, რომელიც გემის მიერ სრულდება.

დ.გ) უარი თქვას გემის რადიოლოკაციურ გაცილებაზე, თუ გემის კაპიტანი არ იზიარებს ოპერატორის რეკომენდაციებს (თუმცა VTS ოპერატორი რჩება რადიო კავშირზე და გემის კაპიტნის მოთხოვნის შემთხევაში განაახლებს რადიო ლოკაციური გაცილებას).

3. VTS ოპერატორის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

ა) უმაღლესი საზღვაო განათლება საზღვაო ნავიგაციის სპეციალობით;

ბ) გემებზე ექსპლუატაციის დონეზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობის გამოცდილება;

გ) ინგლისური ენის კარგი ცოდნა.

დ) მომზადება:

დ.ა) IMO-ს მიერ აღიარებული მოდელ კურსები - MSC/Circ.1065 IALA Standards for Training and Certification of  VTS Personal:

დ.ბ) Model Course V-103/1 VTS Operator;

დ.გ) Model Course V-103/3 On-the-Job Training (VTS Operator and VTS Supervisor);

დ.დ) Model Course 1.25 GMDSS

დ.ე) Model Course 1.07 ARPA, RADAR

დ.ვ) Model Course 1.27 ECDIS

ე) საჭირო უნარ-ჩვევები:

ე.ა) კომუნიკაციის უნარი;

ე.ბ) კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;

ე.გ) ანალიზის უნარი;

ე.დ) გუნდში მუშაობის უნარი

ე.ე) პრობლემათა გადაწყვეტის მიღების უნარი;

ე.ვ) ადამიანური რესურსების მართვის უნარი;

ე.ზ) ინგლისური ენის ცოდნა;

ე.თ) IMO-ს სტანდარტული საზღვაო ფრაზების ცოდნა.       

მუხლი 17. გემების მოძრაობის მონიტორინგისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის უფროსი

ა) გემების მოძრაობის მონიტორინგისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის უფროსი პასუხისმგებელია საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურებში გემების მოძრაობის  სამსახურების მართვასა და საქმიანობის კოორდინაციაზე.

ბ) საჭირო კვალიფიკაცია:

ბ.ა) უმაღლესი  საზღვაო განათლება;

ბ.ბ) ინგლისური ენის კარგი ცოდნა;

ბ.გ) გემების მოძრაობის მართვის სამსახურის ოპერატორის და ხელმძღვანელის  კურსი  (VTS operator / supervisor certificate);

ბ.დ) კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის  მოხმარების ცოდნა.

გ) საჭირო უნარ-ჩვევები :

გ.ა) ადამიანური რესურსების მართვის უნარი;

გ.ბ) კომუნიკაციის უნარი;

გ.გ) კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;

გ.დ) ანალიზის უნარი;

გ.ე) გუნდში მუშაობის უნარი;

გ.ვ) პრობლემათა გადაწყვეტის მიღების უნარი.

დ) ფუნქცია-მოვალეობები:

დ.ა) ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება;

დ.ბ) VTS ოპერატორების ზედამხედველობა;

დ.გ) VTS და მეკავშირე სამსახურებს შორის სათანადო კოორდინაციის უზრუნველყოფა;

დ.დ) უზრუნველყოფა იმისა, რომ გაწეული მომსახურება აკმაყოფილებდეს მომხმარებელს და პასუხობდეს, როგორც საერთაშორისო ასევე ნაციონალურ  მოთხოვნებს;

დ.ე) VTS ოპერატორის სამორიგეო და ტექნიკური ინჟინერის ჟურნალების სათანადოდ წარმოების კონტროლი;

დ.ვ) VTS ოპერატორების მომზადების უზრუნველყოფა და მათ შეფასებაში დახმარება;

დ.ზ) VTS პერსონალის მიერ ნორმების და წესების შესრულების და  კანონმდებლობის დაცვის  გარანტიის უზრუნველყოფა;

დ.თ) ტექნიკური  და ადამიანური რესურსების მართვა და კოორდინაცია;

დ.ი) VTS პერსონალის კვალიფიკაციის შესაბამისობა დამტკიცებულ სტანდარტებთან;

დ.კ) VTS პერსონალის ტრენინგების და სერტიფიკატების შესაბამისობა მათ მიერ გაწეული მომსახურების მოთხოვნებთან;

დ.ლ) ხარისხის სტანდარტების დანერგვა და შესრულება;

დ.მ) მუდმივად ზრუნავს სამსახურის განვითარებისათვის;

დ.ნ) ყველა მიღებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შესაბამისობის უზრუნველყოფა დამტკიცებულ მოთხოვნებთან;

დ. ო) VTS მოქმედებების ზონებში საზღვაო ინციდენტების დროს მტკიცებულებების მომზადებისა და შეგროვების უზრუნველყოფა;

დ.პ) VTS ოპერაციების აღრიცხვა, არქივირება და და საჭიროების შემთხვევაში აღწარმოების უზრუნველყოფა.

მუხლი 18. ტექნიკური ინჟინერის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ფუნქცია-მოვალეობები

1. რადიოლოკაციური სადგურების, რადიოსადგურების, ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემების, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობების, პერსონალური კომპიუტერების, პროგრამული უზრუნველყოფის, ელექტრული კვების სისტემების და საანტენო მოწყობილობების მომსახურება, მათი მუდმივ მუშა რეჟიმში ყოფნა ნაოსნობის უსაფრთხოების და ძებნა-გადარჩენის  ოპერაციების ჩატარების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.

2. ტექნიკური ინჟინერი:

ა) უზრუნველყოფს საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის (MRCC), VTMISC და ნვსადგურების VTS რადიო ლოკაციური, რადიო კავშირის და ელექტრონული სისტემების ეფექტურ უწყვეტ ექსპლუატაციას;

ბ) უზრუნველყოფს MRCC, VTMISC და ნვსადგურების VTS მოწყობილობების ტექნიკური და სანავიგაციო პარამეტრების კონტროლს;

გ) აკონტროლებს MRCC VTMISC და ნავსადგურების VTS ელექრტული კვების წყაროების მდგომარეობას და უზრუნველყოფს უწყვეტ სამუშაო რეჟიმს და მზადყოფნას საჭიროების შემთხვევაში ჩართოს ელექტრული კვების სარეზერვო და ავარიული წყაროები ( დიზელ-გენერეტორი/აკუმულატორები);

დ) მონაწილეობს:

დ.ა) ელექტრონული მოწყობილობების პერიოდულ ტექნიკურ შემოწმებაში;

დ.ბ) პროფილაქტიკური დათვალიერების ჩატარებაში და მიმდინარე რემონტებში;

დ.გ) კაპიტალური რემონტიდან მიღებაში;

დ.დ) ახალი აპარატურის მიღებასა და ექსპლუატაციაში გაშვებაში;

ე) ასრულებს ტექნიკური ჟურნალის შევსებას, დოკუმენტურად აფიქსირებს პროფილაქტიკურ სამუშაოების, ტექნიკურ დათვალიერებებს, ექსპლუატაციაში გაშვებას და სხვა საანგარიშო ინფორმაციებს.

ვ) არის 24-საათიან სატელეფონო კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში ცხდდება MRCC, VTMISC და ნვსადგურების VTS ტექნიკური გაუმართაობის აღმოსაფხვრელად;

ზ) სამუშაო დღის დაწყებისას:

ზ.ა) ეცნობა სამსახურის უფროსის მითითებებს;

ზ.ბ) MRCC და VTS  ოპერატორისგან, რომელიც ამთავრებს მორიგეობას ღებულობს ინფორმაციას რადიო ლოკაციური, რადიოკავშირის, ელექტრონული სისტემების და კომპიუტერული მოწყობილობების მდგომარეობის შესახებ, საეჭვო ან დადასტურებული გაუმართაობების შესახებ;

ზ.გ) მომდევნო ცვლაში გამსვლელ MRCC და VTS ოპერატორთან ერთად ასრულებს ტექნიკური საშუალებების და პროგრამული უზრუნველყოფის შემოწმებას;

ზ.დ) ამოწმებს  ავარიული კვების წყაროების მზადყოფნას;

ზ.ე) აკეთებს  ჩანაწერს ყველა შენიშვნაზე, გაუმართაობაზე და ნაკლოვანებაზე.

თ) სამუშაოს მსვლელობისას:

თ.ა) ასრულებს ტექნიკური საშუალებების და პროგრამული უზრუნველყოფის სრული კომპლექსის მუდმივ ოპერატიულ კონტროლს;

თ.ბ) ატყობინებს სამსახურის უფროსს გამოვლენილი გაუმართაობების შესახებ;

თ.გ) მუდმივად აკონტროლებს ელექტრო ქსელის მდგომარეობას (ძაბვას, სიხშირეს, იზოლაციას);

თ.დ) ზრუნავს რადიო ლოკაციური, რადიო კავშირის, ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული მოწყობილობების და ანტენების სისუფთავეზე;

თ.ე) ძირითადი ელექტრული კვების წყაროს გათიშვის შემთხვევაში უზრუნველყოფს სარეზერვო ელექტრული კვების წყაროს გაშვებას ქსელში.

ი) აჩერებს მოწყობილობების მუშაობას თუკი მათმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს ავარია ან უბედური შემთხვევა და დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის უფროსს.

3. ტექნიკური ინჟინერის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

ა) უმაღლესი რადიო ტექნიკური განათლება;

ბ) ინგლისური ენის ცოდნა;

გ) სამუშაო გამოცდილება სპეციალობით.

დ) საჭირო უნარ-ჩვევები:

დ.ა) კომუნიკაციის უნარი;

დ.ბ) კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;

დ.გ) ანალიზის უნარი;

დ.დ) გუნდში მუშაობის უნარი;

დ.ე) პრობლემათა გადაწყვეტის უნარი.