სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 145
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.019210
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
145
29/03/2016
ვებგვერდი, 31/03/2016
360160000.10.003.019210
სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/03/2016 - 28/07/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №145

2016 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის,  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დანართებთან ერთად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების

სპეციალური მოთხოვნები


მუხლი 1. მიზანი

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მიზანია, ნარჩენების მართვის კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად განსაზღვროს:

ა) სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნები;

ბ) სახიფათო ნარჩენების წარმოქმნიდან საბოლოო განთავსებამდე მათი მიკვლევადობის მექანიზმები;

გ) სახიფათო ნარჩენების შეფუთვისა და ეტიკეტირების მოთხოვნები;

დ) მოთხოვნები სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტისთვის;

ე) მოთხოვნები მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ნარჩენებისადმი;

ვ) მოთხოვნები ისეთი სახიფათო ნარჩენებისადმი, როგორებიცაა: ნარჩენი ზეთი, აზბესტის ნარჩენი და სხვა.

 მუხლი 2. მოქმედების სფერო

1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ნარჩენების:

ა) წარმოქმნაზე;

ბ) დროებით შენახვაზე;

გ) ტრანსპორტირებასა და დამუშავებაზე.

2. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება მუნიციპალურ ნარჩენებზე, რომლებიც შეიცავს სახიფათო ნარჩენების ფრაქციებს.

 

 მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შეუთავსებელი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც ავარიის შემთხვევაში შეიძლება შევიდეს რეაქციაში სხვა ნარჩენებთან ან მასალებთან, რაც გამოიწვევს ხანძარს, აფეთქებას ან ტოქსიკური აირების წარმოქმნას;

ბ) ნარჩენი ზეთის რეგენერაცია – ნებისმიერი სახის რეციკლირება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბაზო ზეთების წარმოება, ნარჩენი ზეთის რაფინირების გზით (ზეთებისგან დამბინძურებლების, მჟანგავი პროდუქტებისა და დანამატების მოცილება);

გ) მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ნარჩენები (შემდგომში – მოდის ნარჩენები)ნარჩენები, რომლებიც შედგება ან შეიცავს „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“ სტოკჰოლმის კონვენციის A ან B დანართით განსაზღვრულ ნივთიერებებს.

 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლში მოცემული ტერმინები.

 მუხლი 4. სახიფათო ნარჩენის საინფორმაციო ფურცელი

1. სახიფათო ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოამზადოს სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი თითოეული ნარჩენისთვის ცალ-ცალკე, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1-ის შესაბამისად.

2. სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი თან უნდა ახლდეს სახიფათო ნარჩენებს ტრანსპორტირებისას.

 

 მუხლი 5. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა

სახიფათო ნარჩენების აღდგენის ან განთავსების მიზნით, ახალი ტექნოლოგიების საქართველოში დანერგვის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირს მოთხოვოს ინფორმაცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში აღნიშნული ტექნოლოგიის წარმატებით დანერგვის შესახებ.

 

 მუხლი 6. სახიფათო ნარჩენების შერევა

სამინისტრო უფლებამოსილია, ოპერატორის თხოვნის არსებობის შემთხვევაში, წერილობითი თანხმობა გასცეს სახიფათო ნარჩენების შერევაზე, თუ შერევის ოპერაციები ხორციელდება საუკეთესო არსებული ტექნიკის მეშვეობით და აუმჯობესებს რეციკლირების ან აღდგენის საბოლოო პროდუქტის ხარისხს ან/და განთავსების შემდეგ ან ტრანსპორტირებისას ამცირებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების რისკს.

 

 მუხლი 7. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირება

1. სახიფათო ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია, სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას თან იქონიოს სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი (დანართი I) და სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმა (დანართი II).

2. მიმღები (ნარჩენების დამუშავების, განთავსების ან დროებითი შენახვის ობიექტის ოპერატორი) ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღოს სახიფათო ნარჩენები, თუ მას თან ახლავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართები და თუ სახიფათო ნარჩენები შეესაბამება დანართებში მოცემულ ინფორმაციას.

 

 მუხლი 8. სახიფათო ნარჩენების შეფუთვა

1. შეგროვებული, ტრანსპორტირებული და დროებით შენახული სახიფათო ნარჩენები სათანადოდ უნდა შეიფუთოს, რათა შემცირდეს ნარჩენების სახიფათო თვისებების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.

2. სახიფათო ნარჩენების მფლობელმა უნდა უზრუნველყოს:

ა) სახიფათო ნარჩენების შეფუთვა ისეთი საშუალებით, მათ შორის, მყარი და ნახევრად მყარი ნარჩენებისთვის - კონტეინერებით და თხევადი ნარჩენებისთვის - ავზებით, რომლებიც რეზისტენტულია მასში მოთავსებული ნარჩენების მიმართ;

ბ) სახიფათო ნარჩენების შეფუთვის დახურულ და დაუზიანებელ მდგომარეობაში არსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება მისი შევსება ან დაცლა;

გ) შეფუთვის ეტიკეტირება, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის შესაბამისად.

 მუხლი 9. სახიფათო ნარჩენების ეტიკეტირება

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილების მე-5 დანართის შესაბამისად, სახიფათო ნარჩენები უნდა აღინიშნოს საშიშროების კლასის აღმნიშვნელი ნიშნით (ეტიკეტით) და განთავსდეს:

ა) სახიფათო ნარჩენების კონტეინერსა და შეფუთვაზე;

ბ) სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ადგილზე;

გ) სახიფათო ნარჩენების დამუშავებისა და წინასწარი დამუშავების ობიექტების საინფორმაციო ტაბლოზე;

დ) სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელ სატრანსპორტო საშუალებაზე.

 

 მუხლი 10. სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტი

1. სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტისთვის აუცილებელია:

 ა) 10 ტონაზე მეტი მოცულობის ობიექტის შემთხვევაში, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვა;

 ბ) არანაკლებ 2 და არა უმეტეს 10 ტონა მოცულობის ობიექტის შემთხვევაში, „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის რეგისტრაცია.

2. სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ადგილმდებარეობის შერჩევისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტერიტორიის დაცულობა წყალდიდობის, მეწყრისა და სხვა ბუნებრივი მოვლენებისგან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

 ა) სახიფათო ნარჩენებით ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლების დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, შენახვის ადგილი აღჭურვილია წვიმის წყლის შეგროვების სისტემით;

 ბ) სახიფათო ნარჩენების გარემოში მოხვედრის პრევენციისა და კონტროლის მიზნით, შენახვის ადგილი აღჭურვილია მაფრთხილებელი ნიშნებით (რომლებიც მიუთითებენ შენახულ სახიფათო ნარჩენებზე (კატეგორია, სახეობა)) და ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა მოწყობილობებით;

 გ) შენახვის ადგილის ქვედა ფენა (ძირი) დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც არ შედის რეაქციაში ან არ იწოვს შენახულ ნარჩენებს, წყალგაუმტარია და ითვალისწინებს ნარჩენების დაღვრის/გაფანტვის რისკს;

 დ) კონტეინერი, რომელიც გამოიყენება სახიფათო ნარჩენებისთვის, შენახვის ადგილზე მოთავსებულია იმგვარად, რომ ნარჩენებთან წვდომა მარტივი და უსაფრთხოა. კონტეინერების 2 მწკრივს შორის მანძილი უნდა იყოს ყველაზე დიდი ზომის კონტეინერზე, სულ მცირე, 2-ჯერ მეტი;

 ე) საკმარისი ადგილია კონტეინერების გარეცხვისა და გამართვისთვის.

 4. კონტეინერების ნარეცხი წყალი მიიჩნევა სახიფათო ნარჩენად და დაუშვებელია მისი ჩაშვება საკანალიზაციო სისტემაში წინასწარ განეიტრალების გარეშე.

5. იმ შემთხვევაში, თუ სახიფათო ნარჩენების შესანახად გამოიყენება ავზი, აუცილებელია ამ უკანასკნელის მოთავსება სითხეგაუმტარ შემოფარგლულ ტერიტორიაზე, რომელიც შეაკავებს თხევად სახიფათო ნარჩენებს დაღვრის ან ავარიის შემთხვევაში. ავზები უნდა იყოს აღჭურვილი გადავსების საწინააღმდეგო და გამართული განგაშის სისტემით.

 მუხლი 11. სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის ოპერირების სპეციალური მოთხოვნები

1. არანაკლებ 2 ტონა სახიფათო ნარჩენის შენახვის ობიექტზე ვრცელდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები:

ა) დაუშვებელია ერთმანეთთან შეუთავსებელი ნარჩენების მოთავსება ერთსა და იმავე კონტეინერში, ასეთი ნარჩენები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს მათი კონტაქტის შესაძლებლობა ავარიული გაჟონვის შემთხვევაში;

ბ) დაუშვებელია სახიფათო ნარჩენების მოთავსება გაურეცხავ კონტეინერში, რომელშიც ინახებოდა ამ ნარჩენებთან შეუთავსებელი ნარჩენები ან სხვა მასალა;

გ) დროებითი შენახვის ობიექტი დაცული უნდა იყოს არაუფლებამოსილი პირების შეღწევისგან;

დ) სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის ოპერატორი ვალდებულია, თვეში ერთხელ შეამოწმოს სახიფათო ნარჩენების შესანახად გამოყენებული კონტეინერების მდგომარეობა და შემოწმება აღრიცხოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის ოპერატორი ვალდებულია, აღრიცხოს:

 ა) შენახვის მიზნით შემოსული სახიფათო ნარჩენების რაოდენობა, სახეობა და წარმოშობა;

 ბ) შენახვის მიზნით შემოსული სახიფათო ნარჩენების ადგილი საცავში;

 გ) ადგილი, სადაც გაიგზავნა სახიფათო ნარჩენები დროებითი შენახვის ობიექტიდან.

 

 მუხლი 12. მოდის ნარჩენები

1. მოდის ნარჩენების წარმომქმნელი არის პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება მოდის ნარჩენები. თუ მოდის ნარჩენების წარმომქმნელი უცნობია, წარმომქმნელის ვალდებულებები ეკისრება იმ ტერიტორიის მესაკუთრეს, სადაც მოთავსებულია ასეთი ნარჩენები.

2. მოდის ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოდის ნარჩენებით სხვა ნარჩენების დაბინძურება.

3. 2 ტონაზე მეტი ოდენობის ისეთი აკუმულირებული ნარჩენების მფლობელი, რომელიც შეიცავს მოდის ნარჩენებს, ვალდებულია, დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მოთხოვნები.

4. 50 კგ-ზე მეტი და 2 ტონაზე ნაკლები მოდის ნარჩენების ან ასეთი ნარჩენების შემცველი ნარჩენების მფლობელი ვალდებულია, ნარჩენების განთავსებამდე ან აღდგენამდე ყოველწლიურად მიაწოდოს სამინისტროს ინფორმაცია ამ აკუმულირებული ნარჩენების სახეობასა და ოდენობასთან დაკავშირებით.

5. მოდის ნარჩენების განთავსება ან აღდგენა დასაშვებია მხოლოდ:

ა) ფიზიკურ-ქიმიური დამუშავების გზით (D9);

ბ) მიწაზე ინსინერაციით (D10);

გ) საწვავად ან ენერგიის მიღების სხვა საშუალებად გამოყენებით (R1), გარდა პოლიქლორირებული ბიფენილების (შემდგომში – პქბ) /პოლიქლორირებული ტერფენილების (შემდგომში – პქტ) შემცველი ნარჩენებისა.

6. აუცილებელია მოდის ნარჩენების ექსპორტი, თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს მისი დამუშავების ტექნიკური ან/და ტექნოლოგიური შესაძლებლობა.

7. დაუშვებელია ისეთი სახის განთავსების ან აღდგენის ოპერაციების განხორციელება, რომელთა შედეგად შესაძლებელია მოხდეს მოდის ნარჩენების რეციკლირება, რეკლამაცია ან ხელახალი გამოყენება.

 

 მუხლი 13. აზბესტის ნარჩენები

1. აზბესტის ნარჩენების წარმომქმნელი/მფლობელი ვალდებულია, აღნიშნული ნარჩენები მართოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.

2. აზბესტის ნარჩენების მართვასა და დამუშავებაზე ვრცელდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები:

ა) დემონტაჟის დროს აუცილებელია აზბესტის ნარჩენების წყლით დანამვა. დემონტაჟით დაკავებული პირი აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი სპეცტანსაცმლით. გამოყენებული დამცავი აღჭურვილობა საჭიროებს აზბესტის ნარჩენების ანალოგიურ მოპყრობას;

ბ) აზბესტის ნარჩენები წარმოქმნის ადგილზე ინახება დროებით, სხვა ნარჩენებისგან განცალკევებით;

გ) აზბესტის ნარჩენები დაუყოვნებლივ უნდა შეიფუთოს და დაილუქოს 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პლასტიკატის ფენით;

დ) შეფუთულ აზბესტის ნარჩენებზე უნდა გაკეთდეს აღნიშვნა სახიფათო ნარჩენების - აზბესტის შემცველობის შესახებ;

ე) აზბესტის ნარჩენების ტრანსპორტირება დასაშვებია მხოლოდ დახურული სატრანსპორტო საშუალებით;

ვ) შეფუთული აზბესტის ნარჩენები არ მიიჩნევა სახიფათოდ და შესაძლებელია მისი განთავსება არასახიფათო ან სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე, მხოლოდ ასეთი ნარჩენებისთვის გამოყოფილ შესაბამის სექტორში/უჯრედში;

ზ) ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია, აწარმოოს აზბესტის ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსების ადგილების აღრიცხვა;

თ) დაუშვებელია აზბესტის ნარჩენების აღდგენა.

 

 მუხლი 14. ნარჩენი ზეთი

ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, ნარჩენი ზეთის მართვასა და დამუშავებაზე ვრცელდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები:

ა) სავალდებულოა წარმოქმნის ადგილზე ნარჩენი ზეთების განცალკევება სხვა ნარჩენებისგან;

ბ) ნარჩენი ზეთები ინახება დახურულ კონტეინერებში ან ავზებში, რომლებიც დაცულია გაჟონვისგან და აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით;

გ) ნარჩენი ზეთების აღდგენა ხდება რეგენერაციის გზით ან თუ ეს არ არის შესაძლებელი, ენერგიის აღდგენის გზით;

დ) დაუშვებელია პქბ/პქტ-ის შემცველი ნარჩენი ზეთების შერევა სხვა ნარჩენ ზეთებთან. ასეთი ნარჩენი ზეთების მართვა ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის შესაბამისად.

 

 მუხლი 15. პასუხისმგებლობა

ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისთვის, პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად.

 

დანართი I:     სახიფათო ნარჩენის საინფორმაციო ფურცელი

 

სახიფათო ნარჩენის კოდი

....................

სახიფათო ნარჩენის დასახელება

............................

სახიფათო თვისებები

კლასიფიკაციის სისტემა

H კოდები

საშიშროების კლასი

ძირითადი:

 

 

დამატებითი:

 

 

პროცესი/საქმიანობა, რომლის შედეგად წარმოიქმნება სახიფათო ნარჩენები

 

 

 

ფიზიკური თვისებები

მყარი            

თხევადი       

ლექი             

აირი             

შენიშვნა

 

 

 

ქიმიური თვისებები

მჟავა                

ტუტე               

ორგანული       

არაორგანული

ხსნადი            

უხსნადი

შენიშვნა

 

გამოსაყენებელი შეფუთვის ან კონტეინერის სახეობა

 

 

....................

საშიშროების ნიშნები, რომლებიც გამოყენებული უნდა იყოს შენახვის/ტრანსპორტირების დროს

 

............................

 პირველადი დახმარება

 

 

.......................................

ზომები საგანგებო სიტუაციის დროს

 

................................

 

საინფორმაციო ფურცლის შევსების ინსტრუქცია

ნარჩენების ნუსხის მიხედვით, სახიფათო ნარჩენებად კლასიფიკაციისთანავე, ასეთი ნარჩენების წარმომქმნელმა უნდა მოამზადოს სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი. ეს ფურცელი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ნარჩენების წარმოშობის, კლასიფიკაციისა და სახიფათო თვისებების შესახებ, ასევე, ინფორმაციას უსაფრთხოების ზომებისა და პირველადი დახმარების შესახებ ავარიის შემთხვევისთვის. სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი ასევე უნდა შეიცავდეს სათანადო საშიშროების კლასის აღმნიშვნელი ნიშნების ნიმუშებს კონტეინერების/სატრანსპორტო საშუალებების მარკირებისთვის, რომლებიც შეიცავენ/გადაზიდავენ სახიფათო ნარჩენებს.

სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი თან უნდა ახლდეს სახიფათო ნარჩენების ყოველ გადაზიდვას.

სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

სახიფათო ნარჩენის კოდი – მიუთითეთ სახიფათო ნარჩენის კოდი ნარჩენების ნუსხის მიხედვით, „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს 426 დადგენილების შესაბამისად;

სახიფათო ნარჩენების დასახელება – მიუთითეთ სახიფათო ნარჩენების დასახელება ნარჩენების ნუსხის მიხედვით, „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილების შესაბამისად;

სახიფათო ნარჩენების თვისებები – მიუთითეთ ინფორმაცია ძირითად და დამატებით სახიფათო თვისებებზე, რომლებიც გააჩნია ან შეიძლება გააჩნდეს ნარჩენებს. სახიფათო თვისებები ჩამოთვლილია ნარჩენების მართვის კოდექსის დანართ 3-ში. საშიშროების კლასები - ტექნიკური რეგლამენტის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილების დანართ 5-ში.

პროცესი/საქმიანობა, რომლის შედეგად წარმოიქმნება სახიფათო ნარჩენები – მოკლედ აღწერეთ პროცესი ან საქმიანობა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნა სახიფათო ნარჩენები. ხაზი გაუსვით მასალებს, რომლებიდანაც რჩება ნარჩენები.

ფიზიკური თვისებები – განსაზღვრეთ ნარჩენების ფიზიკური მდგომარეობა სათანადო სიტყვის მონიშვნით. თუ არსებობს დამატებითი რელევანტური ინფორმაცია ნარჩენების ფიზიკური თვისებების შესახებ, მიუთითეთ შენიშვნების გრაფაში.

ქიმიური თვისებები – განსაზღვრეთ ნარჩენების ქიმიური თვისებები სათანადო სიტყვის მონიშვნით. თუ არსებობს დამატებითი რელევანტური ინფორმაცია ნარჩენების ქიმიური თვისებების შესახებ, მიუთითეთ შენიშვნების გრაფაში.

გამოსაყენებელი შეფუთვის ან კონტეინერის სახეობა – თუ არის რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა სახიფათო ნარჩენების შეფუთვის ან კონტეინერის შესახებ შენახვის ან ტრანსპორტირების დროს, მიუთითეთ შენიშვნების გრაფაში.

საშიშროების ნიშნები, რომლებიც გამოიყენება შენახვის/ტრანსპორტირების დროს – განსაზღვრეთ საშიშროების ნიშნები, ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილების დანართი 5-ის შესაბამისად, ნარჩენების სახიფათო თვისებების მიხედვით.

●  პირველადი დახმარება – მიუთითეთ ინფორმაცია სპეციალური პირველადი დახმარების თაობაზე სახიფათო ნარჩენებით გამოწვეული დაზიანების დროს.

ზომები საგანგებო სიტუაციის დროს – მიუთითეთ ინფორმაცია განსაკუთრებული ზომების შესახებ, რომლებიც უნდა იქნას მიღებული სახიფათო ნარჩენების დაღვრის, შეფუთვის დარღვევის ან სხვა ავარიული გამოთავისუფლების დროს.

 

 

დანართი II:    სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმა

 

  1. გამგზავნი

კომპანია

საკონტაქტო პირი

მისამართი/ ტელეფონი

  1. მიმღები

კომპანია

საკონტაქტო პირი

მისამართი/ ტელეფონი

  1. დატვირთვის ადგილი

კომპანია

საკონტაქტო პირი

მისამართი/ ტელეფონი

  1. გადმოტვირთვის ადგილი

კომპანია

საკონტაქტო პირი

მისამართი/ ტელეფონი

  1. გადამზიდველი №1

კომპანია

საკონტაქტო პირი

მისამართი/ტელეფონი:

ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი:

ტრაილერის რეგისტრაციის ნომერი:

სარკინიგზო გადაზიდვა N:

  1. გადამზიდველი 2

კომპანია

საკონტაქტო პირი:

მისამართი/ტელეფონი:

ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი:

ტრაილერის რეგისტრაციის ნომერი:

სარკინიგზო გადაზიდვა­­ N:

 ტრანსპორტირება

7.

8. ნარჩენის კოდი

9. ნარჩენის დასახელება

10. ოდენობა (კგ)

 

 

 

 

 

 

 

 

 დადასტურება:

11. ნარჩენები გადაეცა გადამზიდველს

12. ნარჩენები მიიღო გადამზიდველმა

13. ნარჩენები გადაეცა მიმღებს

14. ნარჩენები მიღებულია

შენახვის/აღდგენის/განთავსების მიზნით

თარიღი/დრო

თარიღი/დრო

თარიღი/დრო

თარიღი/დრო

გამგზავნის ხელმოწერა

გადამზიდველის ხელმოწერა

გადამზიდველის ხელმოწერა

მიმღების ხელმოწერა

 

 

ნაწილი ა: სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმის შევსების ინსტრუქცია

  1. გამგზავნი = იურიდიული პირი, რომელიც არის სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ინიციატორი.
  2. მიმღები = იურიდიული პირი, რომელიც იღებს სახიფათო ნარჩენებს.
  3. დატვირთვის ადგილი = სახიფათო ნარჩენების რეალური დატვირთვის ადგილი (რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს გამგზავნის მისამართს).
  4. გადმოტვირთვის ადგილი = ადგილი, სადაც რეალურად ხდება სახიფათო ნარჩენების გადმოტვირთვა (შენახვის, დამუშავების ობიექტი, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს მიმღების მისამართს).
  5. გადამზიდველი N1 = იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებას; მოიცავს სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რეგისტრაციის ნომერს ან/და სარკინიგზო გადაზიდვის ნომერს.
  6. გადამზიდველი N2 = ასეთის არსებობის შემთხვევაში, იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებას; მოიცავს სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რეგისტრაციის ნომერს ან/და სარკინიგზო გადაზიდვის ნომერს.
  7. თუ ხორციელდება რამდენიმე სახის სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირება, საჭიროა მათი დანომვრა.
  8. გადაზიდული ნარჩენების კოდები ნარჩენების ნუსხის შესაბამისად.
  9. გადაზიდული ნარჩენების დასახელება ნარჩენების ნუსხის შესაბამისად.
  10. ტრანსპორტირების მასა ნეტო.
  11. გამგზავნის დადასტურება იმის თაობაზე, რომ ნარჩენები გადაეცა გადამზიდველს №1.
  12. გადამზიდველის დადასტურება ნარჩენების მიღების თაობაზე.
  13. გადამზიდველის დადასტურება, რომ ნარჩენების გადაეცა მიმღებს.
  14. მიმღების დადასტურება იმის თაობაზე, რომ მან მიიღო ნარჩენები შენახვის, აღდგენის ან განთავსების მიზნით.

 

ნაწილი ბ: სახიფათო ნარჩენების გადაზიდვის ტრანსპორტირების ფორმის გამოყენების ინსტრუქცია

 

სახიფათო ნარჩენების გამგზავნი – ტრანსპორტირების დაწყებამდე ელექტრონულ სისტემაში ავსებს და სამინისტროში აგზავნის სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმას.

სახიფათო ნარჩენების გადამზიდველი – ელექტრონულ სისტემაში სახიფათო ნარჩენების გამგზავნის მიერ შევსებულ სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმაში ადასტურებს ნარჩენების მიღებას.

 სახიფათო ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია სახიფათო ნარჩენები მიიტანოს ტრანსპორტირების ფორმაში დასახელებულ ნარჩენების მიმღებთან. ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ გადამზიდველი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ადასტურებს სახიფათო ნარჩენების მიმღებისთვის ჩაბარებას.

მიმღები – სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმაში ადასტურებს შენახვის/აღდგენის/განთავსების მიზნით სახიფათო ნარჩენების მიღებას და ელექტრონული სისტემის მეშვეობით აგზავნის ინფორმაციას სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების დასრულების შესახებ.