ტექნიკური რეგლამენტის - „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის - „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019208
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
143
29/03/2016
ვებგვერდი, 31/03/2016
300160070.10.003.019208
ტექნიკური რეგლამენტის - „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/03/2016 - 28/07/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №143

2016 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
ნარჩენების მართვის კოდექსის მე-6 მუხლის მე-6 ნაწილისა და 49-ე მუხლის მე-5 ნაწილის,  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ნარჩენების ტრანსპორტირების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი ნარჩენების  ტრანსპორტირების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ტექნიკური რეგლამენტი – „ნარჩენების ტრანსპორტირების წესი“ (შემდგომში წესი), ნარჩენების უსაფრთხო ტრანსპორტირების მიზნით, განსაზღვრავს მოთხოვნებს ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების, ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი კონტეინერისა და სახიფათო ნარჩენების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გამოცდილებისადმი, ასევე ნარჩენების ტრანსპორტირების პროცესში მონაწილეთა უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას.

2. ნარჩენების ტრანსპორტირებისას დაცულi უნდა იქნეს ნარჩენების მართვის კოდექსის, ამ წესისა და „ტექნიკური რეგლამენტის   „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილების (შემდგომში – „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი“), ხოლო სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას, ასევე „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნები.

მუხლი 2. მოქმედების სფერო

1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ნარჩენების შენახვის ან/და დამუშავების ობიექტზე ნარჩენების ტრანსპორტირებაზე საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს ტერიტორიის გავლით.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება:

ა)   მუნიციპალური ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერსა და ტრანსპორტირებაზე;

 ბ) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გამოყენებაზეც არ ვრცელდება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მოთხოვნები. 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის გამოიყენება ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლით, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-4 მუხლითა და „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინები.

მუხლი 4. ნარჩენების ტრანსპორტირება

1. ნარჩენების ტრანსპორტირება ხორციელდება ნარჩენების წარმომქმნელს/მფლობელსა და ნარჩენების გადამზიდველს შორის  წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე (გარდა  იმ შემთხვევისა, როცა ნარჩენების ტრანსპორტირებას ახორციელებს უშუალოდ ნარჩენების წარმომქმნელი/მფლობელი), რომელიც გადაზიდვის სპეციფიკური თავისებურებების გათვალისწინებით, ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სატრანსპორტო საშუალებების სპეციალური დამუშავების ღონისძიებების  შესახებ;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების გაცილების ორგანიზების შესახებ (აუცილებლობის შემთხვევაში);

გ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით მძღოლთა უზრუნველყოფის  შესახებ;

დ) სახიფათო ნარჩენების საშიშროებისა და რისკების ნეიტრალიზაციის შესახებ.

2. ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების) ტექნიკური მდგომარეობა, მისი აღჭურვილობა და კომპლექტაცია უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის მიერ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესითა და  „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 და მე-14 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

3. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის გადამზიდველი უნდა იყოს უზრუნველყოფილი:

ა) ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთით, ნარჩენების მართვის კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად;

ბ) სპეციალური მოწყობილობებითა და ნიშნებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებით;

გ)  ტვირთგამგზავნთან (ტვირთმიმღებთან) შეთანხმებული  მოძრაობის განრიგით;

დ) სამარშრუტო სქემით (სახიფათო მონაკვეთებისა და შუალედურ გაჩერებებს შორის მანძილებისა და საშუალო სიჩქარეების ჩვენებით),  საჭიროების შემთხვევაში;

ე) მძღოლებისათვის განკუთვნილი წერილობითი ინსტრუქციით;

ვ) სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობით, განსაზღვრული სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე გაცემული  ნარჩენების მართვის კოდექსის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილისა და „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-15 მუხლის შესაბამისად;

ზ) კვალიფიცირებული მძღოლებით, რომლებსაც გააჩნიათ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-2 დანართით განსაზღვრული მოქმედი სერტიფიკატი მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ;

თ) მოსახლეობის შეტყობინების ლოკალური სისტემის აღჭურვილობით, სახიფათო ნარჩენების უკონტროლოდ გაბნევის/დაღვრის შემთხვევისათვის;

ი) ავარიულ შემთხვევებში რეაგირებისათვის  სამოქმედო გეგმით.

მუხლი 5. ნარჩენების გადამზიდველის ვალდებულებები

1. ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია:

ა) ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი გადასაზიდი ნარჩენების მახასიათებლებისა და სახიფათო თვისებების გათვალისწინებით, ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის შეარჩიოს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება;

ბ) თუ ნარჩენების ტრანსპორტირებისას არ გამოიყენებს კონტეინერებს, უპირატესობა მიანიჭოს ისეთ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც სპეციალურად ნარჩენების ტრანსპორტირებისთვისაა  შექმნილი;

გ) ნარჩენების ტრანსპორტირების შედეგად ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება.  

2. სახიფათო ნარჩენების გადამზიდველი  ვალდებულია:

ა) განსაზღვრული სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების განხორციელებამდე მიიღოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად გაცემული სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა;

ბ) სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას თან იქონიოს შევსებული „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სახიფათო ნარჩენების საინფორმაციო ფურცელი“ და „სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმა“;

გ) უზრუნველყოს იმ სატრანსპორტო საშუალების გაგრილება, რომელიც ტემპერატურისადმი მგრძნობიარე ნარჩენების ტრანსპორტირებას ახორციელებს;

დ) უზრუნველყოს წყლისადმი მგრძნობიარე ნარჩენების სათანადო დაცვა ატმოსფერული ნალექისგან;

ე) უზრუნველყოს ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით  ერთმანეთთან შეუთავსებელი ნარჩენების ტრანსპორტირების თავიდან აცილება;

ვ) სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას ავარიის მოხდენის ან საავარიო სიტუაციისა და ფორს-მაჟორული გარემოებების (ადვილადაალებადი და წვადი სითხეების ამოფრქვევა და დაღვრა, ტოქსიკური ნივთიერებებისა და მასალების გამოჟონვა და სხვა) წარმოშობის  შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს.

3. ნარჩენების გადამზიდველის მიერ სატრანსპორტო საშუალებაში ღიად დატვირთული ნარჩენების ტრანსპორტირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენები დაფარულია იმგვარად, რომ თავიდან არის აცილებული მათი გადმოყრა ან არაუფლებამოსილი პირის მიერ გადმოტვირთვა.

მუხლი  6.  სახიფათო ნარჩენების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი

1. ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია, სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას ისარგებლოს  კვალიფიციური მძღოლის მომსახურებით, რომელსაც გააჩნია ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  სერტიფიკატი  მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლითაც გადაიზიდება სახიფათო ნარჩენები, სამართავად დაიშვებიან მძღოლები მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟით.

3. სახიფათო ნარჩენების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას თან იქონიოს სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა.

4. ნარჩენების გადამზიდველმა უნდა უზრუნველყოს სახიფათო ნარჩენების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის რეგულარული გადამზადება, მათ შორის, „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა  და  დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმის გამოყენების თაობაზე.

5. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების განმახორციელებელმა   ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იცოდეს:

ა)  ზოგადი მოთხოვნები  სახიფათო ნარჩენების გადაზიდვის მიმართ და თავისი მოვალეობები;

ბ)  საფრთხის ძირითადი სახეები;

გ)  სხვადასხვა სახის საფრთხის შესაბამისი პრევენციული და უსაფრთხოების ზომები;

დ) ავტოსაგზაო შემთხვევისას გასატარებელი ზომები (საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება,  დამცავი აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა და სხვ.);

ე)  საშიშროების ნიშნები და ტვირთის მარკირება;

ვ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური აღჭურვილობის დანიშნულება და მისი მართვა;

ზ) ჩამაგრებული და სახსნელი ცისტერნებით, აგრეთვე კონტეინერ-ცისტერნებით ტვირთის გადაზიდვისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ქცევა  მოძრაობის დროს ტვირთის გადაადგილების ჩათვლით;

თ) საავტომობილო ტრანსპორტით სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას გავრცელებული ავარიების მიზეზები და მიღებული შედეგები;

ი) სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო კონვენციებისა და შეთანხმებების მოთხოვნები.

6. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების დაწყებამდე ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია, სახიფათო ნარჩენების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს შეატყობინოს:

ა) ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ნარჩენების სახიფათო თვისებები, „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად;

ბ) ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ ნარჩენებთან დაკავშირებული რისკები;

გ) ავტოსაგზაო შემთხვევისას სახიფათო ნარჩენების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ვალდებულებები, მათ შორის, ტრანსპორტირებული სახიფათო ნარჩენების სახეობის შესაბამისი  პირველადი დახმარების გაწევის წესი.

7. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, თან იქონიოს „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ან „ნარჩენების იმპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები (სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისას).

მუხლი 7. კონტეინერები ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის

1. ნარჩენების წარმომქმნელი/მფლობელი ვალდებულია, ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენოს  შესაბამისი უსაფრთხო და დაუზიანებელი კონტეინერები.

2. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას ნარჩენების წარმომქმნელი/მფლობელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს კონტეინერის თავსებადობა იმ ნარჩენებისადმი, რომელთა ტრანსპორტირებაც ხორციელდება;

ბ) ერთსა და იმავე კონტეინერში არ მოათავსოს ერთმანეთისადმი შეუთავსებელი ნარჩენები;

გ) ნარჩენები არ მოათავსოს გაურეცხავ კონტეინერში, რომლითაც იქამდე ტრანსპორტირება განხორციელდა (გადაიზიდა)  ამ ნარჩენებისადმი შეუთავსებელი ნარჩენების ან მასალის.

3. შეუთავსებელი კონტეინერის გამოყენების შემთხვევაში ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია, უარი თქვას ნარჩენების ტრანსპორტირებაზე.

4. ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების რეგისტრაციის მფლობელი, რომელიც რამდენიმე ნარჩენების წარმომქმნელს ემსახურება,   უფლებამოსილია, ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენოს საკუთარი კონტეინერები.

მუხლი 8. კომპეტენტური ორგანოები

ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული   უფლებამოსილი ორგანოები.

მუხლი 9. პასუხისმგებლობა

ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.