საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 11/03/2016
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016361
  • Word
0
11/03/2016
ვებგვერდი, 11/03/2016
000000000.00.00.016361
საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. კანონის მე-2 მუხლის „ჰ 13“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ჰ13) გარანტირებული სიმძლავრის წყარო – ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჭირო მინიმალური გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თბოელექტროსადგური ან თბოელექტროსადგურები (წარმოების ლიცენზიატი ან წარმოების ლიცენზიატები), რომელსაც/რომლებსაც გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არაუმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის აღება – არა უმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა ასევე განსაზღვრავს შესაბამისი წყაროს მიერ ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს. ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლებელია განსაზღვრულ იქნას კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის პროცენტული წილი, რომლის ანაზღაურებაც უნდა განხორციელდეს გარანტირებული სიმძლავრის საფასურით.

 

2. კანონის 431 მუხლის:

 

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების შეფასება და განსაზღვრა ხდება კომისიის მიერ ამ კანონის შესაბამისად. ამასთან, თუ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება კომისიის მიერ განსაზღვრული მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების გარანტირებული სიმძლავრის საფასურში ნაწილობრივ ასახვის თაობაზე, გარანტირებული სიმძლავრის საფასურში კომისიის მიერ შეფასებული და დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯები აისახება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროპორციით, ხოლო დარჩენილი ნაწილი აისახება გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში“.

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში ამ კანონითა და ტარიფების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული წესით აისახება უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აგრეთვე მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის ნაწილი, რომლის ასახვაც არ მოხდა გარანტირებული სიმძლავრის საფასურში.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       გიორგი მარგველაშვილი

 

 

 

 

განმარტებითი ბარათი

 

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

 

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

 

კანონის დღეისათვის მოქმედი რედაქციის თანახმად, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მთლიანი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯები აისახება გარანტირებული სიმძლავრის საფასურში. ამგვარი მიდგომა მყარ ფინანსურ და სამართლებრივ გარანტიებს უქმნის ახლად აშენებულ გენერაციის ობიექტებს (თბოელექტროსადგურებს), რომლებსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ. კანონპროექტი ამ მიდგომას არ ცვლის და მისი მიზანია მხოლოდ გარანტირებული სიმძლავრის მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების განაწილების ახალი წესის შემუშავება.

გარანტირებული სიმძლავრის საფასურს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იხდის საბითუმო ბაზრის მონაწილე ყველა ის სუბიექტი, რომელიც წარმოადგენს ელექტროენერგიის მყიდველ მხარეს. 2015 წლის ოქტომბერის თვემდე გარანტირებული სიმძლავრის წყაროებს წარმოადგენდნენ მხოლოდ ძველი თბოელექტროსადგურები (შპს „მტკვარი ენერგეტიკა“, შპს „საქართველოს საერთაშორისო კორპორაცია“ და შპს „ჯი ფაუერი“), რომელთა ჯამურ დანახარჯებშიც მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების წილი მაღალი არ არის, ვინაიდან აქტივების დარჩენილი საექსპლოატაციო ვადის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული კაპიტალური დანახარჯებიც. შესაბამისად, ბოლო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველების მიერ 1 კვტ/სთზე გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური 0.6 თეთრს არ აღემატებოდა.

2015 წლის ნოემბრის თვიდან გარანტირებული სიმძლავრის წყაროს სტატუსი მიენიჭა შპს „გარდაბნის თბოსადგურის“, რომელიც წარმოადგენს ახალი ინვესტიციის შედეგად შექმნილ აქტივს, და, შესაბამისად, მისთვის დადგენილმა გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა საშუალოდ 3,5-ჯერ გაზარდა საბითუმო ბაზრის მონაწილე სუბიექტების მიერ გადასახდელი გარანტირებული სიმძლავრის საფასური, რაც მძიმე ტვირთად დააწვა კონკრეტული სეგმენტის მომხმარებლებს ექსპორტიორებს და პირდაპირ მომხმარებლებს.

 

 

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

 

კანონპროექტის მიღების მიზანია გარანტირებული სიმძლავრის საფასურის რეგულირებაში ცვლილებების შეტანა იმისათვის, რომ სამართლიანად გადანაწილდეს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯები გარანტირებული სიმძლავრის საფასურსა და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს შორის. ხარჯების სამართლიანი გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე,  საქართველოს მთავრობა, რომელიც კანონის მოქმედი რედაქციით ანიჭებს გენერაციის ობიექტს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს სტატუსს, განსაზღვრავს მუდმივი ფიქსირებული დანახარჯების გარანტირებული სიმძლავრის საფასურსა და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს შორის განაწილების პროპორციას.

      

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის მიხედვით, კანონის მე-2 მუხლის „ჰ13“ პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომელიც ასევე გაითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ შესაძლებლობას განსაზღვროს კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის პროცენტული წილი, რომლის ანაზღაურებაც უნდა განხორციელდეს გარანტირებული სიმძლავრის საფასურით; ასევე კანონის 431 მუხლის, მე-2 პუნქტის შემდეგ ემატება 2 1 პუნქტი, როლის შესაბამისადაც გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების შეფასება და განსაზღვრა მოხდება კომისიის მიერ ამ კანონის შესაბამისად. ამასთან, თუ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება კომისიის მიერ განსაზღვრული მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების გარანტირებული სიმძლავრის საფასურში ნაწილობრივ ასახვის თაობაზე, გარანტირებული სიმძლავრის საფასურში კომისიის მიერ შეფასებული და დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯები აისახება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროპორციით, ხოლო დარჩენილი ნაწილი აისახება გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში. ამასთან, კანონის 431 მუხლის, მე-3 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში ამ კანონითა და ტარიფების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული წესით აისახება უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აგრეთვე მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის ნაწილი, რომლის ასახვაც არ მოხდა გარანტირებული სიმძლავრის საფასურში.

 

      ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

 

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო

კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.

 

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

 

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

 

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას.

 

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოხდება ხარჯების სამართლიანი გადანაწილება, კერძოდ, საქართველოს მთავრობა, რომელიც კანონის მოქმედი რედაქციით ანიჭებს გენერაციის ობიექტს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს სტატუსს, განსაზღვრავს მუდმივი ფიქსირებული დანახარჯების გარანტირებული სიმძლავრის საფასურსა და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს შორის განაწილების პროპორციას.

 

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი

კანონპროექტის ცვლილება  იძლევა საშუალებას გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გადანაწილდეს გარანტირებული სიმძლავრის საფასურსა და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს შორის.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

 

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს .

 

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.

 

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:

       კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულორმხრივდა მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

      

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

 

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის  შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, სსიპ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი.

 

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:

კანონპროექტი შემუშავებულ იქნა ზემოაღნიშულ ორგანიზაციებთან ერთობლივად.

 

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

 

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

 

 

 

 

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება

 

მუხლი 2. განმარტებები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობა – გადამცემი ქსელის ექსპლუატაცია გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით;

ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე ძაბვის სხვა საფეხურის იმ გადამცემ ქსელებსა და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში, გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის; ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; გადამცემი ქსელი, გადამცემი ქსელის ყველა ნაწილი სავალდებულოა, სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით გადაეცეს გადამცემი სისტემის ოპერატორს ოპერირების უფლებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ერთი და იგივე პირია;

გ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებსა და მომხმარებელს. გამანაწილებელი ქსელი მოიცავს 0,4-3,3-6-10-35-110 კილოვოლტი ძაბვის ქსელებს, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა. ამავე ტერმინით აღინიშნება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელიც მოიცავს 1,2-0,6-0,3-0,005 მპა წნევის გაზსადენებს;

დ) ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა – ორი ან ორზე მეტი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მიწოდების პუნქტიდან (გადაცემის ლიცენზიატისა და ელექტროენერგიის მწარმოებლის მფლობელობაში არსებული ორი ან ორზე მეტი ქვესადგურიდან) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიღებული ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე რეალიზაცია (განაწილება), აგრეთვე ელექტროენერგიის გატარება;

ე) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის საქმიანობა – ლიცენზიატების და მომხმარებლების ტექნიკური მართვა მიწოდებისა და მოხმარების სტაბილური რეჟიმის უზრუნველსაყოფად და საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის განხორციელება. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ დისპეტჩერიზაციის საქმიანობის ერთი ლიცენზიის გაცემა;

ვ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

ზ) ლიცენზია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული, ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;

თ) ლიცენზიის მფლობელი (ლიცენზიატი) – პირი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებული აქვს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება;

ი) მიღების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და განაწილების ლიცენზიატი გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელში მიიღებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას წარმოების ან/და სხვა გადაცემის ლიცენზიატის ან/და სხვა განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელიდან და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემისაგან ელექტროენერგიის იმპორტის ჩათვლით, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ბუნებრივ გაზს, იმპორტის ჩათვლით;

კ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და წარმოების ლიცენზიატი გადამცემი ან/და წარმოების ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან/და სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემებს;

1) მომხმარებელი – პირდაპირი მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელი, აგრეთვე პირი, რომელიც წყალმომარაგების სისტემიდან მოიხმარს სასმელ წყალს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის;

ლ) პირდაპირი მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელიდან „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესებისა და პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხოლო ბუნებრივ გაზს – ტრანსპორტირების სისტემიდან, და რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი;

მ) რეგულირების საფასური – „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გადასახდელი;

ნ) ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობა – წარმოების საშუალების მიერთება გადამცემ, გამანაწილებელ ან/და მომხმარებლის ელექტრულ ქსელებთან და ელექტროენერგიის მიწოდება (ან მისი მიწოდებისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა) გადამცემ, გამანაწილებელ ან მომხმარებლის ელექტრულ ქსელში, აგრეთვე ამ ელექტროენერგიის გაყიდვა;

ო) ექსპორტიორი – პირი, რომელიც მიწოდების პუნქტში ყიდის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) საქართველოს ფარგლებს გარეთ;

პ) იმპორტიორი – პირი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან ერთზე მეტ მიღების პუნქტში მიიღებს და გაყიდის ან/და თვითონ მოიხმარს ელექტროენერგიას (სიმძლავრეს);

ჟ) (ამოღებულია);

რ) (ამოღებულია);

ს) (ამოღებულია);

ტ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს:

ტ.ა) ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას;

ტ.ბ) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის საქმიანობებს;

ტ.გ) პირდაპირი ხელშეკრულებების, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს;

ტ.დ) პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს;

ტ.ე) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების, განაწილების საქმიანობასთან, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფასთან, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტთან, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ, კომერციულ და სამართლებრივ ურთიერთობებს;

ტ.ვ) ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოებისთვის ელექტროენერგიის წარმოების, მოხმარების, იმპორტისა და ექსპორტის განსხვავებული პირობებისა და პროცედურების დადგენას;

ტ.ზ) სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის სპეციალური აუქციონის გარეშე ათვისების პროცედურებსა და პირობებს;

ტ.თ) სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის (გადადინებისათვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის მოცულობის ათვისებისთვის სპეციალური აუქციონის პრინციპებს და პირობების განსაზღვრის წესს;

ტ.ი) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს;

ტ.კ) საბალანსო ელექტროენერგიის ფასის განსაზღვრის წესსა და პირობებს;

ტ.ლ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ფაქტობრივი დანაკარგების, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტის დროს, განსაზღვრის წესს;

ტ.მ) სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის სტატუსის მინიჭების საფუძვლებსა და კრიტერიუმებს, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ტესტირების წესს;

ტ.ნ) საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიული სიტუაციის დროს ელექტროენერგიის იმპორტისა და მეზობელი ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიისას ელექტროენერგიის ექსპორტის წესს;

ტ.ო) ამ პუნქტით განსაზღვრულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;

უ ) (ამოღებულია);

ფ ) „ბუნებრივი გაზი“ ან „გაზი“ – ნახშირწყალბადები, რომლებიც 1.2 მპა წნევასა და 200C ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31.8 მჯ/მ3 (7600 კკალ/მ3);

ქ ) „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა” ან „ტრანსპორტირების სისტემა“ _ ყველა მილსადენი, საკომპრესორო სადგური, საზომი სადგური და სხვა მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან და რომელთაც ფლობს ან მართავს ან/და ექსპლუატაციას უწევს ტრანსპორტირების ლიცენზიატი. ტრანსპორტირების სისტემა მოიცავს ყველა მილსადენს და მოწყობილობას, რომელიც მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, საკომპრესორო სადგურების, საზომი სადგურებისა და სხვა მოწყობილობების ჩათვლით, რომლებიც მითითებულია ტრანსპორტირების ლიცენზიაში;

ღ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობა – ტრანსპორტირების სისტემის ექსპლუატაცია ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტიდან მიწოდების პუნქტში ტრანსპორტირების მიზნით;

ყ) ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა – ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის მიღება, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და მიმწოდებლის მოთხოვნით ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მომარაგება კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში;

შ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც იძენს ბუნებრივ გაზს და ყიდის მას სხვა მიმწოდებლებზე ან/და მომხმარებლებზე;

ჩ) სამინისტრო − საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

ც) ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის, გატარების და ტრანსპორტირების ტექნიკურ, კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ბალანსების შედგენისა და შესრულების წესებს;

ძ) ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობა – ორი ან ორზე მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის (ელექტროენერგეტიკული სისტემების ნაწილის) ერთიანი პარამეტრებით, სინქრონული მუშაობის პროცესი, რომლის მიზანია ენერგოსისტემების მდგრადობის უზრუნველყოფა. ამავე ტერმინით განისაზღვრება ორი ან ორზე მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის (ელექტროენერგეტიკული სისტემის ნაწილის) ასინქრონული მუშაობის პროცესი;

წ) (ამოღებულია);

ჭ) საიმედოობის სტანდარტები – გადაცემის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატის შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს სისტემის მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნები, მიუხედავად მუშაობის პირობების ცვლილებისა. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამის ნორმატიულ აქტში, აგრეთვე შესაბამის ლიცენზიებში;

ხ) ხელშეკრულების მხარის საიმედოობის სტანდარტი – მოთხოვნა, რომ დისპეტჩერიზაციის ან ტრანსპორტირების ლიცენზიატი და ხელშეკრულების სხვა მხარე ვალდებული იყვნენ ადეკვატურად ასახონ მათი მოსალოდნელი დატვირთვა და ცვლილებები ისე, რომ არ გამოიწვიონ გაუმართლებლად ზედმეტი ხარჯების წარმოქმნა ხელშეკრულების მხარეების მიმართ. აღნიშნული სტანდარტი შეიძლება აისახოს შესაბამისი ბაზრის წესებში, ასევე შესაბამის ლიცენზიებში;

ჯ) დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიისა და ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად ტრანსპორტირების ან განაწილების ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის უფლების მინიჭება;

1) ნაწილობრივი დერეგულირება – ამ კანონიდან გამომდინარე, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე წარმოების ლიცენზიატისათვის ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის ლიცენზიის გარეშე და ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის, ასევე ახალი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან განაწილების ქსელების აშენების შემთხვევაში, შესაბამისად ტრანსპორტირების ან განაწილების ზღვრული ტარიფის დადგენით საქმიანობის უფლების მინიჭება;

ჰ) საგანგებო მდგომარეობა – „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სიტუაცია;

1) „ბაზრის წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ და „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები“;

2) „მიწოდებისა და მოხმარების წესები“ – „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ და „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები;

3) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატებს, წარმოების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებსა და, მეორე მხრივ, საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს;

4) ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელს, განაწილების ლიცენზიატს ან/და საცალო მომხმარებელს შორის განაწილების ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს;

5) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური – ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 13 მეგავატს. ამასთანავე, ამ ტერმინით, კონტექსტიდან გამომდინარე, აღინიშნება პირი, რომელიც ფლობს და ექსპლუატაციას უწევს აღნიშნულ ელექტროსადგურს;

6) საცალო მომხმარებელი – პირი, რომელიც ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან, ხოლო ბუნებრივ გაზს – განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მოიხმარს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ არის პირდაპირი მომხმარებელი;

7) პირდაპირი ხელშეკრულება – ელექტროენერგიის შესყიდვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება ელექტროენერგიის საბითუმო მყიდველსა და გამყიდველს (კვალიფიციურ საწარმოებს) შორის, რომლის მიხედვით განისაზღვრება შესასყიდი ელექტროენერგიისა და სიმძლავრის რაოდენობა, ფასი, ვადა, პირობები და ხარისხობრივი მაჩვენებლები და რომელიც სათანადო წესით რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

8) საბალანსო ელექტროენერგია – კვალიფიციური საწარმოების მიერ შესყიდული ან/და გაყიდული ელექტროენერგია (სიმძლავრე), რომლითაც ხდება მყიდველთა და გამყიდველთა ფაქტობრივი საჭიროების დაკმაყოფილება, მათ შორის, პირდაპირი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის სახელშეკრულებო მოცულობების დაბალანსება;

9) გარანტირებული სიმძლავრე – გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ უზრუნველყოფილი სიმძლავრე, რომელიც ემსახურება ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობას, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას და რომლის ოდენობასაც თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;

ჰ 10) კვალიფიციური საწარმო – წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატები, პირდაპირი მომხმარებელი, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომლებიც ამ კანონისა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში, აგრეთვე პირი ამ კანონის 24 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

11) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (შემდგომ – ბაზრის ოპერატორი) – სააქციო საზოგადოება „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (საიდენტიფიკაციო კოდი №205170036) ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც კვალიფიციური საწარმოების მოთხოვნათა დაკმაყოფილების (დაბალანსების) მიზნით ყიდულობს და ყიდის საბალანსო ელექტროენერგიასა და გარანტირებულ სიმძლავრეს, აგრეთვე ასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

12) გრძელვადიანი ტარიფი – წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ან ზღვრული ფასი, რომელიც დადგენილია არანაკლებ 3-წლიანი პერიოდისთვის;

13) გარანტირებული სიმძლავრის წყარო – ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისა და საჭირო მინიმალური გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თბოელექტროსადგური ან თბოელექტროსადგურები (წარმოების ლიცენზიატი ან წარმოების ლიცენზიატები), რომელსაც/რომლებსაც გაჩერებული მდგომარეობიდან ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია შეუძლია არაუმეტეს 24 საათისა და სიმძლავრის აღება – არაუმეტეს მომდევნო 12 საათის განმავლობაში. საქართველოს მთავრობა ასევე განსაზღვრავს შესაბამისი წყაროს მიერ ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდს;

14) გატარება – გადაცემის მომსახურების გარდა, განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადატანა წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ელექტრულ ქსელამდე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის ქსელის მეშვეობით სხვისი კუთვნილი ბუნებრივი გაზის გადატანა;

15 ) წყალმომარაგების საქმიანობა – სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, მომხმარებლებისათვის სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კონკრეტული წყალმომარაგების სისტემის/სისტემების ფარგლებში ;

16) სასმელი წყალი – სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისი ხარისხის წყალი;

17) წყალარინება – ჩამდინარე წყლის გატარება და გამწმენდი ნაგებობების საშუალებით დასაშვებ ნორმამდე გაწმენდა;

18) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა – წყლის მიღების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელის (მილსადენები, რეზერვუარები, ღია და დახურული არხები, საჭიროების შემთხვევაში სატუმბავი სადგურები და სხვა) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მისაწოდებლად;

19) სასმელი წყლის მიწოდება – წყლის მომხმარებლისათვის სასმელი წყლის მიწოდება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით.

20) სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები – დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს;

21 ) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმა – წყალმომარაგების ტარიფის გაანგარიშებისას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ თითოეული წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის ინდივიდუალურად განსაზღვრული ერთ სულ მოსახლეზე სასმელი წყლის ნორმა, რომელიც აისახება წყალმომარაგების ტარიფში;

22) განახლებადი ენერგიის წყაროები – არაწიაღისეული, მდგრადი ენერგიის ყველა წყარო, რომელიც წარმოიშობა, მაგრამ არ შემოიფარგლება: ბიო- და ჰიდროენერგიებით, გეოთერმული, მზის, ქარისა და ზღვის (მათ შორის, დინებების, ტალღების და თერმული) ენერგიებით;

ჰ 23) ქსელის წესები − კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს გადაცემის ქსელის წესებს და განაწილების ქსელის წესებს. ქსელის წესები მოიცავს გადაცემისა და განაწილების ქსელების მართვის და ამ ქსელებით სარგებლობის პროცედურებს, პირობებს, პრინციპებს, სტანდარტებს და ამ ნაწილში განსაზღვრავს შესაბამის ლიცენზიატებსა და მათი მომსახურებით მოსარგებლე სუბიექტებს შორის ურთიერთობებს;

24) ტრანზიტის დამკვეთი − პირი, რომელსაც ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან გაფორმებული აქვს ამ კანონის 414 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება;

25) გადამცემი სისტემის ოპერატორი – ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, რომელსაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებთან გაფორმებული აქვს სათანადო ხელშეკრულება მათი კუთვნილი გადამცემი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვის უფლებამოსილების ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გადაცემის შესახებ და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს

 

მუხლი 43 . გარანტირებული სიმძლავრის საფასური და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი

1. გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის (წარმოების ლიცენზიატისათვის) კომისია ადგენს გარანტირებული სიმძლავრის საფასურს და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს ამ კანონისა და ტარიფების მეთოდოლოგიის შესაბამისად.

2. გარანტირებული სიმძლავრის საფასური დგინდება ამ კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, საფასური უზრუნველყოფს გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ანაზღაურებას, რომლებიც მოიცავს სადგურის მზადყოფნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურს და სხვა ფიქსირებულ დანახარჯებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან, აგრეთვე მოიცავს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს).

3. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში აისახება უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები ამ კანონითა და ტარიფების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული წესით, გარდა გარანტირებული სიმძლავრის საფასურში ასახული ხარჯებისა.

4. გარანტირებული სიმძლავრის საფასურს განსაზღვრავს კომისია თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის ყოველდღიურ განაკვეთზე (ბაზისზე).