იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 080080040.10.003.019177
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
112
07/03/2016
ვებგვერდი, 10/03/2016
080080040.10.003.019177
იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/03/2016 - 19/02/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №112

2016 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 

იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 11 პუნქტის,  მე-7 მუხლის მე-7 პუნქტისა და 24-ე მუხლის  21  პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი“ (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი №1

იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

   1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ (შემდგომში - საზედამხედველო ორგანო) კერძო და სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებსა და ორგანიზაციებში (შემდგომში - დაწესებულება) იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების გამოსავლენად სახელმწიფო ზედამხედველობის (შემდგომში - ზედამხედველობა) განხორციელების წესს.

  2. ზედამხედველობის მიზანია იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პრევენცია, გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.

  3. ზედამხედველობის ამოცანაა იძულებითი შრომისა და  შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების ეფექტიანობის ამაღლება.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უფლებამოსილი პირ(ებ)ი - საზედამხედველო ორგანოს  უფლებამოსილი  პირი (შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომელი);

ბ) დამსაქმებელი - საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი  ან/და პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;

გ) დასაქმებული - საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს;

დ) დასაქმებულთა წარმომადგენლები - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 401 მუხლის მე-2 პუნქტითა და 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები.

 

მუხლი 3. გეგმური და არაგეგმური შემოწმება

საზედამხედველო ორგანო ახორციელებს გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას:

ა) გეგმური ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ყოველწლიური გეგმის მიხედვით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესამოწმებელი დაწესებულების შერჩევის წესის, რაოდენობის, შემოწმების რიგითობისა და შემოწმების ვადების შესახებ. გეგმის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც უკავშირდება იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის  შემთხვევების არსებობის მაღალ ალბათობას, საწარმოს სიდიდეს, დასაქმებულთა რაოდენობას;

ბ) არაგეგმური ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გონივრული ეჭვის არსებობისას, რაც  ეფუძნება წერილობით განცხადებას, საჩივარს ან ცხელ ხაზზე დატოვებულ  არგუმენტირებულ შეტყობინებას, რომელიც ეხება იძულებითი შრომის ან/და შრომითი ექსპლუატაციის სავარაუდო შემთხვევას/შემთხვევებს.  არაგეგმური ზედამხედველობა ხორციელდება ასევე მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

მუხლი 4. ზედამხედველობის განხორციელების წესი

იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის  შემთხვევების გამოვლენის მიზნით, საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილი პირ(ებ)ი:

ა) ამოწმებს (ამოწმებენ) დაწესებულებას სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას, წინასწარი ნებართვის ან/და შეტყობინების გარეშე ისე, რომ არ დაარღვიოს (დაარღვიონ) დამსაქმებლის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ გააჩეროს (გააჩერონ) მისი საქმიანობა;

ბ) ათვალიერებს (ათვალიერებენ) დაწესებულებას და მისდამი მიკუთვნებულ ყველა ფართს, გამოითხოვს (გამოითხოვენ) საჭირო დოკუმენტაციას (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი, შრომითი ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს   პირის მოცემულ დაწესებულებაში შრომით საქმიანობას და იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას);

გ) უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) დამსაქმებელთა და დასაქმებულთა, ასევე დასაქმებულთა წარმომადგენლების როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ გამოკითხვას. გამოსაკითხ დასაქმებულ პირთა ან/და მათ წარმომადგენელთა  რაოდენობა განისაზღვრება საზედამხედველო ორგანოს  უფლებამოსილი პირ(ებ)ის შეხედულებისამებრ, ზედამხედველობის ეფექტურად წარმართვის მიზნებიდან გამომდინარე;

დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების გამოკითხვის საფუძველზე, ავსებს (ავსებენ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ ანკეტას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დაწესებულების დასახელებისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების, დასაქმებულ პირთა რაოდენობის,  შრომითი ხელშეკრულების ფორმის, იძულებით შრომასა და შრომით ექსპლუატაციასთან უშუალოდ დაკავშირებული გარემოებების, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვის შემთხვევების შესახებ და სხვ.;

ე) ადგენს (ადგენენ) შემოწმების აქტს (დანართი №1.1), რომელიც შეიცავს ინფორმაციას:

ე.ა) დაწესებულების საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ (სახელწოდება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია ხელმძღვანელის/წარმომადგენლის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) საქმიანობის სფერო);

ე.ბ) ზედამხედველობის განმახორციელებელი პირ(ებ)ის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ;

ე.გ) იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შესაძლო ნიშნების შესახებ;

ე.დ) შემოწმების საფუძველს წინამდებარე წესის მე-3 მუხლის შესაბამისად;

ე.ე) ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირ(ებ)ის ხელმოწერასა და თარიღს;

ე.ვ) გამოკითხულ პირთა რაოდენობის შესახებ და მათ საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ვ) დაუყოვნებლივ აცნობებს (აცნობებენ) შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ნიშნების აღმოჩენის შესახებ;

ზ) გასცემს (გასცემენ) რეკომენდაციებს სამუშაო ადგილებზე იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის  პრევენციის მიზნით;

თ) იცავს (იცავენ) პროფესიული, კომერციული და პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და კონფიდენციალურობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 5. საზედამხედველო ორგანოს ვალდებულებები

საზედამხედველო ორგანო ვალდებულია:

ა) შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარუდგინოს მინისტრს წინამდებარე წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყოველწლიური გეგმა არაუგვიანეს 31 დეკემბრისა ყოველი მომდევნო წლისთვის;

ბ) განსაზღვროს შესამოწმებელ დაწესებულებაში დასაშვები შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ის რაოდენობა (არანაკლებ 2 პირი) და შემოწმების ხანგრძლივობა (არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა) შესამოწმებელი საწარმოს სიდიდიდან გამომდინარე;

გ) დაუყოვნებლივ მიაწოდოს შემოწმების შესახებ აქტი და შემოწმებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები  შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში,  შემდგომი რეაგირებისთვის;

დ) იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, განახორციელოს განმეორებითი არაგეგმური შემოწმება დარღვევის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 2 თვის შემდეგ;

ე) განახორციელოს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის  შემთხვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა, აღრიცხვა და ანალიზი და მოახდინოს რეაგირება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ვ) შედეგების განზოგადების საფუძველზე, შეიმუშაოს რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო წინადადებები, მსგავსი შემთხვევების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით;

ზ) იზრუნოს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ცნობიერების ამაღლებაზე  რეკომენდაციების, საინფორმაციო კამპანიებისა და სხვა ღონისძიებების საშუალებით იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის  შედეგად გამოწვეული საფრთხეებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობების შესახებ.

 

მუხლი  6. დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებები

1. დამსაქმებელი ვალდებულია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი  საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილ პირს თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში (კერძოდ, დაწესებულებაში დაშვება, თავისუფალი გადაადგილება და დასაქმებულებთან შეხვედრა/გასაუბრება, საჭირო დოკუმენტების და ინფორმაციის წარდგენა).

2. დასაქმებულები გამოკითხვის პროცესში  საზედამხედველო  ორგანოს უფლებამოსილ პირს წარუდგენენ დოკუმენტ(ებ)ს, რომელიც (რომლებიც) იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

 

მუხლი 7. დამსაქმებელთა და დასაქმებულთა უფლებები

1. დამსაქმებლები და დასაქმებულები ან/და მათი წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან:

ა) მოითხოვონ ინფორმაცია შემოწმების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) მოითხოვონ სოციალური პარტნიორის წარმომადგენლის დასწრება შემოწმების მიმდინარეობის ნებისმიერ  ეტაპზე;

გ) გაეცნონ საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მომზადებულ შემოწმების აქტს;

დ) წერილობით დააფიქსირონ შენიშვნები/მოსაზრებები შემოწმების მიმდინარეობის პროცესისა და მომზადებული შემოწმების აქტის შესახებ;

ე) მიმართონ საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილ პირს რეკომენდაციებისთვის, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით;

ვ)  მიმართონ დეპარტამენტს და შესაბამის ორგანოებს საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილი პირის  მიერ მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში.

2. დამსაქმებლები და დასაქმებულები ან/და მათი წარმომადგენლები ასევე უფლებამოსილნი არიან გაეცნონ თავის მიერ შევსებულ ანკეტას და ნამდვილობა დაადასტურონ ხელმოწერით.

 

მუხლი 8. გარდამავალი დებულებები

წინამდებარე წესის განხორციელების მიზნებისთვის:

ა) ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გეგმა 2016 წელს განსახორციელებელი აქტივობებისთვის დამტკიცდეს 2016 წლის პირველ აპრილამდე;

ბ) ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გეგმით 2016 წლისთვის განისაზღვროს იმ დაწესებულებების შემოწმება, სადაც ხორციელდება შრომის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოები „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის №147/ნ ბრძანების შესაბამისად.