შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41/23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016383
41/23
23/04/2015
ვებგვერდი, 04/03/2016
480610000.03.030.016383
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც მხარეები,

მხარეების სახელმწიფოებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების მიზნით ურთიერთპატივისცემის, სუვერენიტეტის, თანასწორობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე,

მხედველობაში იღებენ რა დანაშაულთან ბრძოლისკენ მიმართული თანამშრომლობისა და ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას,

გამომდინარეობენ რა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან და ხელმძღვანელობენ რა თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიებზე დანაშაულებრივი ქმედებებისგან თავიანთი სახელმწიფოების მოქალაქეებისა და სხვა პირების ეფექტური დაცვის მისწრაფებით,

ითვალისწინებენ რა ორივე მხარის სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებების მიზნებსა და პრინციპებს, გაეროსა და მისი სპეციალიზებული ორგანოების რეზოლუციებს დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, აგრეთვე მხარეების სახელმწიფოებისთვის ძალაში შესულ ევროპის საბჭოს დოკუმენტებს,

შეთანხმდნენ შემდეგზე: 


მუხლი 1

თანამშრომლობის ვალდებულება

მხარეები თავიანთი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებისა და თავიანთი სახელმწიფოების საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, თანამშრომლობენ იმ დანაშაულებთან ბრძოლის სფეროში, რომლებიც ჩადენილ იქნა ან შეიძლება ჩადენილ იქნეს მხარეების სახელმწიფოთა ტერიტორიებზე ან მხარეების სახელმწიფოთა მოქალაქეების  მონაწილეობით.

მუხლი 2

თანამშრომლობის სფეროები

1. მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები თავიანთი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების შესაბამისად ახორციელებენ თანამშრომლობას დანაშაულის თავიდან აცილებასა და მასთან ბრძოლაში, კერძოდ, შემდეგ სფეროებში:

ა) სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;

ბ) საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები;

გ)  ტერორიზმი და ექსტრემიზმის სხვა გამოვლინებები, აგრეთვე მათი დაფინანსება;

დ) ორგანიზებული დანაშაული;

ე) ადამიანებით ვაჭრობა;

ვ) უკანონო მიგრაცია;

ზ) დანაშაულები ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, აგრეთვე ინფორმაციული უსაფრთხოების წინააღმდეგ;

თ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,  მათი პრეკურსორებისა და ანალოგების  უკანონო ბრუნვა;

ი) იარაღის, მათ შორის ბიოლოგიური, ქიმიური და რადიოლოგიური იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების, აგრეთვე მომწამვლელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვა;

კ)  დანაშაულები ეკონომიკის, ფინანსების, საგადასახადო და სამეწარმეო სფეროებში, მათ შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), აგრეთვე ყალბი ფულის ნიშნების, ფინანსური დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებების დამზადება და გასაღება;

ლ) ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე ნივთების უკანონო ბრუნვა;

მ) კორუფცია;

ნ) პირად და ოფიციალურ დოკუმენტებთან დაკავშირებული დანაშაულები;

ო) საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა.

2. მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ განახორციელონ თანამშრომლობა დანაშაულთან ბრძოლის სხვა სფეროებშიც.

3. მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ თანამშრომლობას იმ შემთხვევებში, როდესაც დანაშაულები მზადდება ან ჩადენილია ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ეს დანაშაულები შეიძლება გავრცელდეს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას მეორე მხარის სახელმწიფოს უსაფრთხოებას.

4. წინამდებარე შეთანხმება არ ეხება ექსტრადიციასა და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის საკითხებს, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელთა მონაწილეები არიან მხარეების სახელმწიფოები.  

მუხლი 3

თანამშრომლობის ფორმები

1. წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის დებულებების შესრულების მიზნით, მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ თანამშრომლობას შემდეგი ფორმებით:

ა) დახმარების აღმოჩენის შესახებ მოთხოვნების შესრულება;

ბ) კოორდინირებული ოპერატიულ-სამძებრო და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

გ) ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისა და იმ ცალკეული პირების გამოვლენა, რომლებიც დაკავებულნი არიან დანაშაულებრივი საქმიანობით;

დ) მოწმეების, დაზარალებულების და სხვა პირების დაცვის უზრუნველყოფა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შემცველი საფრთხის ან სხვა სერიოზული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან;

ე) აუცილებლობის შემთხვევაში, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უფლებამოსილი წარმომადგენლების წარგზავნა პირდაპირი კონტაქტების განხორციელებისა და თანამშრომლობის ორგანიზების მიზნით;

ვ) ოპერატიულ-სამძებრო, საცნობარო, კრიმინალისტური და სხვა ინფორმაციის გაცვლა, რომელიც წარმოადგენს საერთო ინტერესის საგანს;

ზ) ჩადენილი ან მომზადების პროცესში არსებული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, აგრეთვე მათი თავიდან აცილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება;

თ) საკონონმდებლო აქტებისა და სხვა სამართლებრივი ინფორმაციის, აგრეთვე იმ სამეცნიერო და სპეციალური ლიტერატურის გაცვლა, რომელიც წარმოადგენს საერთო ინტერესის საგანს;

ი) სამუშაო გამოცდილების გაზიარება, სამუშაო შეხვედრების, კონსულტაციების, სხდომების, პრაქტიკული კონფერენციებისა და სემინარების, აგრეთვე ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება;

კ) კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დახმარების აღმოჩენა მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსების ორგანიზების გზით.

2. მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ განახორციელონ თანამშრომლობა სხვა ურთიერთმისაღები ფორმებით.

მუხლი 4

პირებისა და საგნების ძებნის სფეროში თანამშრომლობა

1. მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები თავიანთი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების შესაბამისად ახორციელებენ ყველა აუცილებელ ღონისძიებას ძებნას დაქვემდებარებული პირების აღმოჩენის, დაკავების, დაპატიმრების ან მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, როდესაც აღნიშნული პირები იმყოფებიან იმ მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, რომლის კომპეტენტური ორგანოც არის ძებნის ინიციატორი, მაგრამ იმყოფებიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში.

2. მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს თავიანთ მონაცემთა ბაზაში შეაქვთ წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი ინფორმაცია და აცხადებენ ძებნას იმ პირებზე, რომლებიც მითითებულნი არიან მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს დახმარების აღმოჩენის შესახებ მოთხოვნაში.

3. მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ თანამშრომლობას იმ დანაშაულის იარაღის, საგნების, დოკუმენტებისა და ფასეულობების ძებნაში, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა სისხლის სამართლის საქმისთვის, აგრეთვე ქონებაზე ყადაღის დადებისთვის.

მუხლი 5

კომპეტენტური ორგანოები

1. მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები, პასუხისმგებელნი წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე, არიან:

ა) ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან:

ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო,

ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტი,

ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი,

ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტი,

ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი,

ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური აპარატი.

ბ) საქართველოს მხრიდან:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით მიაწვდიან ერთმანეთს თავიანთი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების შესახებ საკონტაქტო ინფორმაციას.

3. თავიანთი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების ჩამონათვალში ან შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეები აცნობებენ ერთმანეთს დიპლომატიური არხების მეშვეობით.

მუხლი 6

დახმარების აღმოჩენის შესახებ მოთხოვნების გაგზავნის წესი

1. წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ახორციელებენ თანამშრომლობას დახმარების აღმოჩენის შესახებ მოთხოვნების საფუძველზე (შემდგომში მოთხოვნა). მეორე მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მოთხოვნის გარეშე, თუ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ასეთი ინფორმაცია წარმოადგენს მოცემული კომპეტენტური ორგანოს ინტერესის საგანს.

2. მოთხოვნა იგზავნება წერილობითი ფორმით. გადაუდებელ შემთხვევებში მოთხოვნა შეიძლება გადაიცეს ზეპირად, რომელიც შემდგომში აუცილებლად უნდა დადასტურდეს წერილობით, არაუგვიანეს სამი დღისა. ამასთან, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექსტის გადაცემის ტექნიკური საშუალებები. მოთხოვნის ნამდვილობასთან ან შინაარსთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მისი დამატებითი დადასტურება.

3. მოთხოვნაში მიეთითება:

ა) მომთხოვნი და მოთხოვნის მიმღები მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების დასახელება;

ბ)  გარემოების მოკლე აღწერა, რომელთან დაკავშირებითაც იგზავნება მოთხოვნა;

გ) მოთხოვნის მიზანი და დასაბუთება;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში, მოთხოვნის განსაკუთრებული წესით შესრულების აღწერილობა და ამ აუცილებლობის დასაბუთება;

ე)  ვადები, რომელთა ფარგლებშიც მოსალოდნელია მოთხოვნის შესრულება;

ვ) სხვა ცნობები, რომლებიც შეიძლება იყოს სასარგებლო მოთხოვნის შესრულებისთვის.

4. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ცნობები, რომლებიც აუცილებელია მოთხოვნის სათანადო შესრულებისთვის.

5. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე სანქცირებული მოქმედებების განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნას თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. მოთხოვნა, რომელიც გაგზავნილია ან დადასტურებულია წერილობითი ფორმით მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს ოფიციალურ ბლანკზე, უნდა იქნეს ხელმოწერილი ხელმძღვანელის ან მისი შემცვლელი პირის მიერ და უნდა დამოწმდეს მოცემული კომპეტენტური ორგანოს ბეჭდით. საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობონ ერთმანეთს იმ სხვა თანამდებობის პირთა შესახებ, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მოთხოვნაზე ხელმოწერის უფლებამოსილება.

მუხლი 7

ინფორმაციის კონფიდენციალურობა

1. მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მიღებული ცნობების, მათ შორის მოთხოვნის მიღების ფაქტისა და მისი შინაარსის კონფიდენციალურობას, თუ მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო არასასურველად მიიჩნევს ამ ცნობების შინაარსის  გამჟღავნებას.

2. მოთხოვნის შესრულებისას კონფიდენციალურობის დაცვის შეუძლებლობის შემთხვევაში მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ამის შესახებ აცნობებს მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ასეთი პირობებით მოთხოვნის შესრულების შესაძლებლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

მუხლი 8

მოთხოვნის შესრულება

1. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო იღებს ყველა აუცილებელ ზომას მოთხოვნის სრული და ხარისხიანი შესრულებისთვის იმ ვადებში, რომლებიც მითითებულია მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.

2. მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს დაუყოვნებლივ  ეცნობება იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის ან არსებითად აფერხებს მოთხოვნის შესრულებას.

3. თუ მოთხოვნის შესრულება არ შედის მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს კომპეტენციაში, მაშინ მოცემული კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ უგზავნის მას მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს და ამის შესახებ აცნობებს მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

4. მოთხოვნის შესრულებისას გამოიყენება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობა.

5. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს თხოვნით შეუძლია უზრუნველყოს მოთხოვნის შესრულებისას მისი წარმომადგენლების დასწრების შესაძლებლობა.

6. თუ მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლისსამართლებრივ დევნას ან მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარე სხვა წარმოებას, მაშინ მას შეუძლია გადადოს მოთხოვნის შესრულება ან დაუკავშიროს მისი შესრულება მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან კონსულტაციის შედეგად განსაზღვრული აუცილებელი პირობების დაცვას. თუ მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო თანახმაა დახმარების აღმოჩენის შეთავაზებულ პირობებზე, მაშინ ის ვალდებულია დაიცვას ეს პირობები.

7. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აცნობებს მოთხოვნის შესრულების შედეგებს მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

მუხლი 9

მოთხოვნის შესრულების შედეგების გამოყენება

1. მოთხოვნის შესრულების შედეგები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათი მიმწოდებელი მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს თანხმობის გარეშე სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რისთვისაც ისინი იქნა მოთხოვნილი და მიწოდებული.

2. მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გამოიყენოს მოთხოვნის შესრულების შედეგები სხვა მიზნებისთვის მხოლოდ მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წერილობითი თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო იცავს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნის შედეგების გამოყენება ზედადგენილ შეზღუდვებს.

მუხლი 10

მესამე მხარისთვის ცნობების გადაცემა

მესამე მხარისთვის იმ ცნობების გადაცემისთვის, რომლებიც მიღებულია მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, საჭიროა ამ ცნობების მიმწოდებელი მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობა.

მუხლი 11

პერსონალურ მონაცემთა დაცვა

თითოეული მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად პერსონალური მონაცემები (შემდგომში მონაცემები) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიეწოდება და გამოიყენება შემდეგი დებულებების დაცვით:

ა) მონაცემების მომთხოვნი მხარე მიმწოდებელი მხარის თხოვნის საფუძველზე აცნობებს მას ასეთი მონაცემების გამოყენებისა და მიღწეული შედეგების შესახებ;

ბ) მომთხოვნი მხარე იყენებს მიღებულ მონაცემებს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მიზნით და იმ პირობების დაცვით, რომელიც დადგენილია მიმწოდებელი მხარის მიერ;

გ) მიმწოდებელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს გადაცემას დაქვემდებარებული მონაცემების უტყუარობა, აგრეთვე გაითვალისწინოს მათი გადაცემის აუცილებლობა და მიზნებთან შესაბამისობა. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს მონაცემების გადაცემაზე დაწესებული აკრძალვები, რომლებიც დადგენილია მიმწოდებელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით;

დ) არასწორი მონაცემების ან ისეთი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, რომლებიც არ ექვემდებარებოდა გადაცემას, აუცილებელია დაუყოვნებლივ ეცნობოს ამის შესახებ მომთხოვნ მხარეს. ასეთ შემთხვევაში, მომთხოვნმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაასწოროს ან გაანადგუროს მონაცემები;

ე) პირის უფლება, მიიღოს მის შესახებ არსებულ მონაცემებზე ინფორმაცია, განისაზღვრება იმ მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იქნა წარდგენილი განცხადება ასეთი ინფორმაციის მიწოდების შესახებ;

ვ) მონაცემების გადაცემისას მიმწოდებელი მხარე უთითებს ასეთი მონაცემების შენახვის ვადას, რომელიც გათვალისწინებულია მისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომლის ამოწურვის შემდეგაც ისინი უნდა განადგურდეს. აღნიშნული ვადის მიუხედავად, გადაცემული მონაცემები უნდა განადგურდეს მაშინვე, როდესაც ისინი აღარ არის აუცილებელი იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც ისინი გადაიცა;

ზ) მიმწოდებელი და მომთხოვნი მხარეები ვალდებულნი არიან აწარმოონ მონაცემების აღრიცხვა;

თ) მიმწოდებელი  და მომთხოვნი მხარეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მონაცემების ეფექტური დაცვა არაუფლებამოსილი მოპოვებისაგან, მასში ცვლილებების შეტანისაგან ან გამჟღავნებისაგან.

მუხლი 12

უარი მოთხოვნის შესრულებაზე

1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მოთხოვნის შესრულებაზე შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ ითქვას უარი, თუ მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ:

ა) მოთხოვნის შესრულებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მისი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ეროვნულ ინტერესებს, საზოგადოებრივ წესრიგს, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს;

ბ) მოთხოვნის შესრულება ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას ან საერთაშორისო ვალდებულებებს;

გ) მოთხოვნის შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს გამოძიებას ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

2. მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო თავისი გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

მუხლი 13

კონსულტაციები და შეხვედრები

მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები, აუცილებლობის შემთხვევაში, მართავენ კონსულტაციებს და შეხვედრებს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში  განხორციელებული თანამშრომლობის შედეგების შეჯამების, მისი ხარისხის შეფასების, ახალი სტრატეგიებისა და თანამშრომლობის სამომავლო განვითარების განხილვის მიზნით.

მუხლი 14

ურთიერთობის ენა

მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობის განხორციელებისას იყენებენ რუსულ ენას.

მუხლი 15

ხარჯები

მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები დამოუკიდებლად ფარავენ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისას წარმოშობილ ხარჯებს, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული.

მუხლი 16

დავების გადაწყვეტა

წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციის ან მოლაპარაკების გზით.

მუხლი 17

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების დიპლომატიური არხების მეშვეობით მიღებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.

3. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხების მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება წყვეტს მოქმედებას აღნიშნული წერილობითი შეტყობინების მიღების მომენტიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ.

4. მხარეების წერილობითი თანხმობით წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ფორმდება ოქმებით და ძალაში შედის წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

5. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან მოქმედებას წყვეტს 1995 წლის 16 თებერვლის შეთანხმება „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“.

შესრულებულია ქ. თბილისში 2015 წლის 23 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და რუსულ  ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.

 

საქართველოს                                                           ბელარუსის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით                                                    მთავრობის სახელით

          (ხელმოწერილია)                                                                                                   (ხელმოწერილია)