საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 14/11/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1990
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.001.000.042
10
14/11/1990
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1990
010340000.05.001.000.042
საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის

გამოცხადების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს რა საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უნდა მომზადდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძვლები ადგენს:

შეტანილ იქნას საქართველოს სსრ კონსტიტუციაში (ძირითად კანონში) შემდეგი ცვლილებანი :

I.1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, XIX საუკუნის დასაწყისში დაკარგულ იქნა უცხო ძალის ჩარევის შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია სახელმწიფოებრიობის დაკარგვას.

1917 წლის თაბერვალში დაემხო რუსეთის იმპერია, რამაც ქართველ ხალხს შესაძლებლობა მისცა 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღედგინა საუკუნეზე მეტი ხნის წინ რუსეთის თვითმპყრობელობის მიერ გაუქმებული სახელმწიფოებრიობა.

ქართველმა ერმა პოლიტიკური ნება განახორციელა 1919 წლის 12 მარტს, როდესაც დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარა და დაადასტურა ადრე მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, შემდეგ კი 1921 წლის თებერვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.

1921 წლის თებერვალ - მარტში საბჭოთა რუსეთმა, უხეშად დაარღვია 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით (განსაკუთრებით 1924,1936-38, 1949-51, 1956წწ.), რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ამ მოვლენამ თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა. ამით დაიწყო ახალი ხანა, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით.

ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე საქართველოს არსებული კონსტიტუცია სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით იმოქმედებს გარდამავალი პერიოდის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც საქართველოს რესპუბლიკის დროებითი ძირითადი კანონი.

გარდამავალი პერიოდი არის ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის უმიშვნელოვანესი ეტაპი, რომლის განმავლობაშიც უნდა მომზადდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლები.

2. კონსტიტუციის დასახელებაში და ტექსტში სიტყვები „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური  რესპუბლიკა“, „საქართველოს სსრ“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკა“.

3. მე-4 თავის დასახელებაში და პირველი, მე-4, მე-60, 64-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნას სიტყვა „სოციალისტური“, ხოლო 37-ე, 48-ე და 59-ე მუხლებში შეიცვალოს სიტყვით „სახელმწიფო“.

4. მე-4, 35-ე, 37-ე, მე-60 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საბჭოთა“.

5.  მე-4, 35-ე, 37-ე, მე-60 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრკავშირის კონსტიტუცია“.

6. ა) მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „კომუნისტური პარტია, სხვა“.

7. ბ) 25-ე მუხლიდან „ემსახურება ახალგაზრდობის კომუნისტურ აღზრდას“;

გ) 36-ე მუხლიდან „ რევოლუციურ თუ“.

დ) 45-ე მუხლიდან „კომუნისტუტი მშენებლობის მიზნების შესაბამისად“;

ე) 57-ე მუხლიდან „პატივს სცემდეს სოციალისტური საერთო ცხოვრების წესებს, ღირსეულად ატარებდეს საბჭოთა მოქალაქის მაღალ წოდებას“;

ვ) 62-ე მუხლიდან „საბჭოთა მრავალეროვან სახელმწიფოს“.

7. კონსტიტუციის:

ა) მე-7 თავის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„საქართველოს რესპუბლიკის მდგომარეობა სსრ კავშირის შემადგენლობაში“;

ბ) 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„საქართველოს რესპუბლიკა არის სუვენერული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრე სახელმწიფო. იგი ძალადობით არის შეყვანილი სსრ კავშირის შემადგენლობაში. ამ რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკა მხოლოდ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში იძულებულია უზრუნველყოს სსრ კავშირისათვის მისი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების სახით უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია სსრ კავშირის კონსტიტუციის 73-ე მუხლით, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებისა.

ზემოთ აღნიშნულ ფარგლებს გარეთ საქართველოს რესპუბლიკა დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას თავის ტერიტორიაზე.

77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის და სსრ კავშირის კანონები და კანონქვემდებარე აქტები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აჩერებს სსრ კავშირის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მოქმედებას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონებს და ინტერესებს.

საქართველოს რესპუბლიკის კანონისაგან სსრ კავშირის კანონის განსხვავების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის კანონი“.

დ) 180-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„საქართველოს სახელმწიფო გერბი არის ეროვნული ორნამენტიანი შვიდქიმიანი ვარსკვლავი, ვარსკვლავის ოქროსფერ ჩუქურთმას აქვს შავი არშია, ქიმების შიდა ველი ქართული წითელი ფერისაა (შინდისფერია).

ვარსკვლავის გულზე მოთავსებულია მრგვალი ქართული ფარი, ქართული წითელი ფერის (შინდისფერი) ველით, რომელზედაც გამოსახულია ოქროსფოლქვებიან თეთრ ცხენზე ამხედრებული თეთრი გიორგი, მას მარჯვენა ხელში უპყრია საბრძოლოდ შემართული ვერცხლისპირიანი ოქროს შუბი, ხოლო მარცხენაში  –  ოქროსზოლიანი ფარი.

თეთრ გიორგის აცვია ალისფერი შარვალი და ოქროსფერი წაღები. შემოსილია ვერცხლისფერადუჯრედებიანი ცისფერი ჯავშნითა და თეთრი მოსასხამით, ჯავშნის ქვემოთ მოუჩანს ყავისფერი (მიხაკისფერი) ტყავის პერანგი.

თეთრ გიორგის ცხენს უნაგირის ქვეშ დაფენილი აქვს ვეფხვის ტყავი. უნაგირი ოქროსია, ხოლო უზანგი ვერცხლისა.

თეთრ გიორგის თავს ზემოთ რვაქიმიანი ვერცხლისფერი ვარსკვლავია. ვარსკვლავის მარჯვნივ არის ვერცხლისფერი მთვარე, ხოლო მარჯვნივ ოქროსფერი მზე, მთვარისა და მზის გასწვრივ ორ-ორი რვაქიმიანი ვერცხლისფერი ვარსკვლავია.

თეთრი გიორგის ცხენს ქვემოთ შავი ფერით გამოსახულია მთის მწვერვალი.

ე) 181-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„საქართველოს ეროვნული და სახელმწიფო დროშა არის მართკუთხედის ფორმის ქართული წითელი ფერის (შინდისფერი) ქსოვილი, რომელსაც ტარის მხარეს, ზედა კუთხეში, აქვს შავი (ზემოთ) და თეთრი (ქვემოთ) ზოლებში.

დროშის სიგანის შეფარდება სიგრძესთან არის 3:5, თითოეული ზოლის (შავისა და თეთრის) სიგანე არის დროშის სიგანის 1/5, ხოლო სიგრძე - დროშის სიგრძის 2/5“.

ვ) 182-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.“

8. კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნეს მე-3, მე-9, მე-14, მე-15, მე-16, მე-20, 23-ე, 29-ე, 30-ე, და 61-ე მუხლები მთლიანად, ხოლო მე-8 და 34-ე მუხლებიდან - მეორე ნაწილები, აგრეთვე 58-ე მუხლის მეორე წინადადება.

9. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„მუხლი 28.

საქართველოს რესპუბლიკა საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს რესპუბლიკაში ომის პროპაგანდა აკრძალულია“.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე

ზ გამსახურდია.

თბილისი, 1990 წლის 14 ნოემბერი

10- I ს