„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010040000.10.003.019142
78
19/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
010040000.10.003.019142
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №78

2016 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/03/2014,  010040000.10.003.017846) შეტანილ იქნეს ცვლილება და:   

     1. მე-4 თავის 4.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „4.2. სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებები

     სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე უწყებები არიან:

     საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

     საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

     საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

     საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

     საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

     საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

     საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

     საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

     საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

     საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

    4.2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, დანაშაულის გამოძიება და აღკვეთა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, იმ უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების მიზნებისა და მოქმედებების გამოვლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, რომლებიც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა, ძებნა-გადარჩენის ოპერაციების განხორციელება.
  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველო­ბის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმთავრესი ფუნქციაა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის, სახელმწიფოს, საზოგადოების, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მათი ქონების დაცვა, საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვა და კონტროლი და ა.შ.

   საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ სგპ-ებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი). სგპ-ებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელთა ინსპექტირება, განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემა, კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), კონტრაბანდული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, მასობრივი განადგურების საშუალებების უკანონო გადაადგილებისა და კანონმდებლობით აკრძალული სხვა ქმედებების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და ადმინისტრაციული საქმისწარმოება, საერთაშორისო აეროპორტებისა და ნავსადგურების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ღონისძიებათა კონტროლი და კოორდინაცია.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის მიზნით, სგპ-ებში ახორციელებს შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციასა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ  საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით  შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენასა და იდენტიფიცირებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევებასა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ სასაზღვრო წარმომადგენლობით საქმიანობას, შეიმუშავებენ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის და სასაზღვრო რეჟიმის ღონისძიებებს და ახორციელებენ მათი შესრულების კონტროლს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის ხელშეწყობის მიზნით, სადღეღამისო რეჟიმში ახორციელებს ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში არსებული ინფორმაციის უფლებამოსილ პირებზე გაცემას, ამავდროულად   ახორციელებს კრიმინალური ძებნილების, უგზო-უკვლოდ დაკარგულების, სავიზო რეჟიმის დამრღვევი პირების, ძებნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და დაკარგული/გაუქმებული დიპლომატიური, სამსახურებრივი და სხვა სახის სამგზავრო დოკუმენტების ცენტრალიზებულ აღრიცხვას.

სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ასევე აქტიურადაა ჩართული საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო (დეპარტამენტი) და სხვა ორგანოები.

    4.2.2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა; საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა; ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა; სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი შესრულების კონტროლი; ქვეყნის საგარეო საფრთხეებისაგან დაცვა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში,  ახორციელებს სასაზღვრო უსაფრთხოების საინფორმაციო ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას, ამ მიმართულებით კოორდინირებას უწევს საინფორმაციო სისტემების, საკომუნიკაციო ქსელების, ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებას და მათ განვითარებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საქმიანობის მართვას.

სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ასევე აქტიურად არიან  ჩართულნი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი), სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი და სხვა დანაყოფები.

4.2.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროებში, უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და გამოძიებას. სგპ-ებში და საბაჟო კონტროლის სხვა ზონაში საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განმახორციელებელი მთავარი ორგანო არის შემოსავლების სამსახური.

2006 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“, რომლის საფუძველზეც შეიქმნა წინაპირობა საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციისა და საგადასახადო დეპარტამენტის გასაერთიანებლად. შესაბამისად, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი შემოსავლების სამსახური.

2009 წლის 3 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, ხოლო 2010 წლის 23 თებერვალს – საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, რაც განპირობებული იყო გადასახადების, სახელმწიფო საზღვრის კვეთის ადმინისტრირების სფეროში კონტროლზე დამყარებული მიდგომიდან თანამშრომლობაზე დამყარებულ მიდგომაზე გადასვლით. შესაბამისად, ქვეყნის საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრაციის ფუნქციას ახორციელებს შემოსავლების სამსახური, ხოლო საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საგამოძიებო ფუნქციას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

შემოსავლების სამსახური აკონტროლებს საბაჟო საზღვარს, რათა დაიცვას საქართველოს ბაზარი, ეკონომიკა და მოსახლეობა. მისი ფუნქციაა საქონლის შემოტანასა და გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება სგპ-ებსა და კონტროლის სხვა ზონაში, აგრეთვე საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია. შემოსავლების სამსახური ახორციელებს იმპორტისა და ექსპორტის გადასახდელების, აგრეთვე სხვა სახის გადასახადების ადმინისტრირებას; ატარებს პრევენციულ და საქონლის გაშვების შემდგომ შემოწმებებს რისკის ანალიზის საფუძველზე; აწარმოებს საქონლის იმპორტისა და ექსპორტის სტატისტიკას; გასცემს იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ რიგ ნებართვებს, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატს, ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

შემოსავლების სამსახური ახორციელებს ვეტერინარულ, ფიტოსანიტარიულ და სანიტარიულ კონტროლს საქონლის შემოტანისას და გატანისას, საავტომობილო სგპ-ზე განსაზღვრული კატეგორიის ფიზიკური პირების საპასპორტო კონტროლს, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და სავალუტო კონტროლს.

     4.2.4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თავდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვას საჰაერო სივრცეში ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალები. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სასაზღვრო პოლიციასთან ურთიერთქმედებაში, საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვის მიზნით, ახორციელებს სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვას.

საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, როგორც სამხედრო ძალების შემადგენელი ნაწილი, გადადის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში. მშვიდობის დროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნას.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ტერიტორიაზე საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის,  იმპორტისა და ტრანზიტის კონტროლი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის მიერ.

2013 წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამით აღებული ვალდებულების, 2004 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს 1540 რეზოლუციის, აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის დანაწესების, საექსპორტო კონტროლის უკეთ განხორციელების და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, ევროკავშირის გრძელვადიანი პროგრამის – „თანამშრომლობა ექსპორტის კონტროლის სფეროში“ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის „ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის“ პროგრამის ფარგლებში, შემუშავდა და დასრულდა „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.

ზემოხსენებული კანონის იმპლემენტაციისთვის და მისი ეფექტიანი შესრულების, ასევე ევროკავშირის ექსპორტის კონტროლის სისტემასთან  ეროვნული სისტემის ჰარმონიზაციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტებსა და ექსპორტის კონტროლის სფეროში ჩართულ საქართველოს შესაბამის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, შეიმუშავებს სამხედრო პროდუქციის ნუსხასა და სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტებს.

ხსენებული ღონისძიებების გატარებით საქართველო არა მხოლოდ შეასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, არამედ შექმნის ევროატლანტიკური სივრცის მსგავს ეროვნულ ექსპორტის კონტროლის სისტემას, რითაც ხელს შეუწყობს ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

  4.2.5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს საგარეო ურთიერთობათა მართვასა და კოორდინაციას.

   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში,  შეისწავლის საქართველოს მოქალაქეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გარეთ გადაადგილებას და მონაწილეობას იღებს მიგრაციული პროცესების მართვაში, ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა აღრიცხვას, ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა და  საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირების ნებაყოფლობით და იძულებით დაბრუნებას, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასცემს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელ ვიზას, შეიმუშავებს საქართველოს სავიზო პოლიტიკას და აწარმოებს მოლაპარაკებებს მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლის შეთანხმებებთან დაკავშირებით.

   დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს, რომელიც დაკავშირებულია მიგრაციის საკითხებთან.

   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია ორგანიზება გაუწიოს და აწარმოოს მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთან დელიმიტაციისა და დემარკაციის, სახელმწიფო საზღვრის ხაზისა და სასაზღვრო ნიშნების, სგპ-ების სამართლებრივი სტატუსისა და სხვა შესაბამისი საკითხების თაობაზე.

  4.2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია გასცეს საქართველოს მოქალაქის პასპორტი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი.

  სააგენტოს  კომპეტენციას ასევე განეკუთვნება საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება ისევე, როგორც უცხოელთა მიმართ დროებითი და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა, უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობები.

4.2.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მონაწილეობს საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბებასა და ამ სფეროში ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობაში. ამასთანავე, იგი ახორციელებს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა, დევნილთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირებას, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზებას, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნასა და სოციალურ დაცვას.

     4.2.8. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბაზელისა და როტერდამის კონვენციების მოთხოვნებისა და პროცედურის შესაბამისად, ნარჩენებისა და ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებზე თანხმობის პროცედურების განხორციელება.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო რეგულირებას, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დაცვა.

 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება ბირთვული მასალებისა და მაიონებელი გამოსხივების წყაროების იმპორტზე, ექსპორტსა და ტრანზიტზე ნებართვის გაცემა.

 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო მონაწილეობს სგპ-ზე საბაჟო ტერმინალებზე ბირთვული მასალების და მაიონებელი გამოსხივების წყაროების მიმოქცევის კონტროლის განხორციელებაში, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

  4.2.9. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს ტრანსპორტის სფეროში ქვეყნის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, სხვა უწყებებთან ერთად განსაზღვრავს ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკას, მონაწილეობას იღებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიზნით უწყებათშორისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებას, ასევე ახორციელებს ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და გემების მიერ ანგარიშგების სისტემაში (GEOREP) მონაწილეობაზე ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობას.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს საზღვაო ნავსადგურებისა და ნავსადგურთან მისასვლელი გზების (არხების) თანამედროვე სანავიგაციო ნიშნებით აღჭურვა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპიროზე თანამედროვე სანავიგაციო საშუალებების დანერგვის უზრუნველყოფა, ნავსადგურებში, ნავსადგურთან მისასვლელ გზებსა (არხები) და სანაპირო ზოლში ზღვის სიღრმეების გაზომვა, ელექტრონული რუკებისა და საინფორმაციო სისტემების (EDIS), აგრეთვე  ელექტრონული სანავიგაციო რუკების (ENCS) დანერგვა და განვითარება.

 საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს დარგის ტექნიკურ რეგულირებას, მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს. სააგენტო ახდენს სამოქალაქო აეროპორტების, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების, ავიასაწარმოების რეგისტრაციას/სერტიფიცირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით სააგენტო განსაზღვრავს საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას, ზედამხედველობს საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვას, ამტკიცებს ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო  საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად გასცემს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის ნებართვებს.“.

2. მე-5 თავის 5.8.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.8.2. არსებული ვითარება

მიმდინარე პერიოდისთვის ყველა სგპ ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო ქსელში.

 შემუშავებული და დანერგილია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სისტემა – PIRS, რომელიც ახორციელებს პირის ტრანსპორტისა და ტვირთის სახელმწიფო საზღვრის კვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემების რეგისტრაციას და მათ იდენტიფიცირებას შესაბამის მონაცემთა ბაზებთან. აღნიშნულ სისტემას ოპერაციულად იყენებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური, ხოლო ამ სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას იყენებენ საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები, ხოლო საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური ადმინისტრაცია და მისი რეგიონული სამმართველოები ჩართული არიან  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო ქსელში.

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია იყენებს მოკლეტალღოვან და ულტრამოკლეტალღოვან რადიოსისტემებს, რომლებიც არ არის ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საკომუნიკაციო ქსელში.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარების პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტულია და მიმდინარეობს კავშირგაბმულობის სისტემის მოდერნიზაცია და სახელმწიფო საზღვრის სრული პერიმეტრის დაფარვა სათანადო რადიოკავშირის საშუალებებით. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საბაზისო მაღალსიჩქარიანი საკომუნიკაციო ქსელის განვითარებას, სასაზღვრო სექტორებს შორის დროის რეალურ რეჟიმში ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლას.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფებს არ გააჩნიათ რადიოლოკაციური, სენსორული და ელექტრონული დაკვირვების სისტემები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ შემუშავებულია და განვითარების პროცესშია სასაზღვრო ოპერაციების საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფის პროექტი – „სასაზღვრო ოპერაციების მართვის სისტემა – BOMS“.

ჩამოყალიბებულია BOMS სისტემის მოწყობის საიმპლემენტაციო გეგმები და გათვლილია სავარაუდო ბიუჯეტები. სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სისტემა და სახელმწიფო საზღვარზე რადიოაქტიურ ნივთიერებათა კონტროლის სისტემები გაშვებულია ექსპლუატაციაში, მიმდინარეობს მათი პერიოდული განახლება.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარადარო სადგურები განახლებულია და ჩართულია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის განკარგულებაში არსებულ ერთიან საკომუნიკაციო ქსელში. შექმნილია საზღვაო სივრცის დაკვირვების შედეგების ბაზა და შესაძლებელია მასში როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურების, ასევე სხვა დაინტერესებული უწყებების დაშვება.

შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები ჩართული არიან საერთო ქსელში და ონლაინ რეჟიმში ცვლიან ინფორმაციას.

არსებული მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“ საშუალებას აძლევს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ყველა პირს  ინტერნეტის მეშვეობით განახორციელოს საბაჟო პროცედურები.

შეიქმნა PIRS-დან მიღებული მონაცემების დამუშავების სასაზღვრო რისკის მართვის პროგრამა, რომელიც გამოიყენება სგპ-ზე მებაჟე ოფიცრების მიერ კონტროლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.“.

3. მე-5 თავის 5.12.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5.12.1. მიზნები

ხელისუფლება უზრუნველყოფს სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების ურღვეობას და მოსახლეობის უსაფრთხოებას საზღვრისპირა რაიონებში. ამისათვის კი   საჭიროა შესაბამისი სტრუქტურების – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებისა და  საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი