საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 30/06/1977
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1977
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.000.003
  • Word
30/06/1977
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1977
270.000.000.05.001.000.003
საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო მუშებისა და მოსამსახურეების მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1976 წლის 13 ივლისის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

I. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსშემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. კოდექსის 118-ე და 121-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 118. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო მუშებისა და მოსამსახურეების მატერიალური პასუხისმგებლობის შეზღუდვა

მუშები და მოსამსახურეები მოვალენი არიან მზრუნველობით მოეპყრონ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ქონებას და მიიღონ ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად.

საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის გამო მუშას ან მოსამსახურეს მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირობით, თუ ზიანი გამოწვეული იყო მისი ბრალით. ეს პასუხისმგებლობა, როგორც წესი, განისაზღვრება მუშის ან მოსამსახურის ხელფასის გარკვეული ნაწილით (მუხლები 119-ე და 120-ე).

ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ პირდაპირი ნამდვილი ზიანი და არა იმ შესაძლო შემოსავალი, რომელიც ვერ მიიღეს მიყენებული ზიანის შედეგად.

დაუშვებელია მუშას ან მოსამსახურეს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ ზიანისათვის, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს ნორმალური საწარმო-სამეურნეო რისკის კატეგორიას.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინიტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშებსა და მოსამსახურეებს აუცილებელი პირობები ნორმალური მუშაობის და მათთვის მინდობილი ქონების სრული დაცვის უზრუნველყოფისათვის.“.

     „მუხლი 121. მუშათა და მოსამსახურეთა სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შემთხვევები

სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, მუშებსა და მოსამსახურეებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო, თუ იგი გამოწვეული იყო მათი ბრალით, მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ სრული ოდენობით შემდეგ შემთხვევებში:

1) როდესაც ზიანი მიყენებულია მუშაკის მოქმედებით, რომელიც შეიცავს ისეთი ქმედობის ნიშნებს, რაც ისჯება სისხლის სამართლის წესით;

2) როდესაც სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად მუშაკს შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაკისრებული აქვს სრული მატერიალური პასუხისმგებლობა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო;

3) როდესაც მუშაკსა და საწარმოს, დაწესებულება, ორგანიზაციას შორის ამ კოდექსის 1211 მუხლის შესაბამისად დადებულია წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც მუშაკი კისრულობს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას, თუ ვერ უზრუნველყოფს მისთვის შესანახად ან სხვა მიზნით გადაცემული ქონების ან ფასეულობათა დაცვას;

4) როდესაც ზიანი მიყენებულია არაშრომითი მოვალეობის შესრულების დროს;

5) როდესაც ქონება და სხვა ფასეულობანი მუშაკმა მიიღო საქვეანგარიშოდ ერთჯერადი მინდობილობით ან სხვა ერთჯერადი დოკუმენტით;

 6) როდესაც ზიანი მიყენებულია მასალების, ნახევარფაბრიკატების, ნაწარმის (პროდუქციის), მათ შორის, მათი დამზადებისას, დანაკლისით, განზრახ განადგურებით ან განზრახ გაფუჭებით, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ მუშაკისათვის სარგებლობაში მიცემული ინსტრუმენტების, საზომი ხელსაწყოების, სპეციალური ტანსაცმლისა და სხვა საგნების დანაკლისით, განზრახ განადგურებით ან განზრახ გაფუჭებით.“.

2. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1211, 1212, 1213 მუხლები:

     „მუხლი 1211. წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ

წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ საწარმომ, დაწესებულებამ, ორგანიზაციამ შეიძლება დადოს მუშაკთან (18 წლის ასაკს მიღწეულთან), რომელსაც უკავია ისეთი თანამდებობა ან ასრულებს ისეთ სამუშაოებს, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მისთვის გადაცემულ ფასეულობათა შენახვასთან, დამუშავებასთან, გაყიდვასთან (გაცემასთან), გადაზიდვასთან ან წარმოების პროცესში გამოყენებასთან. სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი თანამდებობებისა და სამუშაოების ნუსხა, აგრეთვე ტიპობრივი ხელშეკრულება სრული ინდივიდუალური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ მტკიცდება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით.

    მუხლი 1212. კოლექტიური (ბრიგადული) მატერიალური პასუხისმგებლობა

მუშებისა და მოსამსახურეების მიერ იმ ცალკეულ სახეობათა სამუშაოების ერთობლივად შესრულებისას, რომლებიც დაკავშირებულია მათთვის გადაცემულ ფასეულობათა შენახვასთან, დამუშავებასთან, გაყიდვასთან (გაცემასთან), გადაზიდვასთან ან წარმოების პროცესში გამოყენებასთან და როდესაც შეუძლებელია თითოეული მუშაკის მატერიალური პასუხისმგებლობის გამიჯვნა და მასთან ხელშეკრულების დადება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ, შეიძლება შემოღებულ იქნეს კოლექტიური (ბრიგადული) მატერიალური პასუხისმგებლობა.

კოლექტიურ (ბრიგადულ) მატერიალურ პასუხისმგებლობას აწესებს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია პროფკავშირის საფაბრიკო, საქარხნო, ადგილობრივ კომიტეტთან შეთანხმებით. წერილობითი ხელშეკრულება კოლექტიური (ბრიგადული) მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ იდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისა და კოლექტივის (ბრიგადის) ყველა წევრს შორის.

იმ სამუშაოთა ნუსხა, რომელთა შესრულების დროსაც შეიძლება შემოღებულ იქნეს კოლექტიური (ბრიგადული) მატერიალური პასუხისმგებლობა, მისი გამოყენების პირობებს, აგრეთვე ტიპობრივ ხელშეკრულებას კოლექტიური (ბრიგადული) მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი საკავშირო პროფსაბჭოსთან ერთად.

    მუხლი 1213 საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება ფაქტობრივი დანაკარგების მიხედვით, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე, მატერიალურ ფასეულობათა საბალანსო ღირებულების (თვითღირებულების) შესაბამისად, დადგენილი ნორმებით ცვეთის გამოკლებით.

მატერიალურ ფასეულობათა დატაცების, დანაკლისის, განზრახ განადგურების ან გაფუჭების დროს ზიანი განისაზღვრება სახელმწიფო საცალო ფასების მიხედვით. თუ მოცემული სახეობის მატერიალურ ფასეულობაზე დაწესებული არ არის საცალო ფასები, სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად ზიანი გამოითვლება სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს ფასების სახელმწიფო კომიტეტის მიერ დადგენილი წესით გამოანგარიშებული ფასების მიხედვით.

საზოგადოებრივი კვების საწარმოებში (წარმოებაში და ბუფეტებში) და საკომისიო ვაჭრობაში პროდუქციისა და საქონლის დატაცებით ან დანაკლისით მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება იმ ფასების მიხედვით, რომლებიც დადგენილია ამ პროდუქციისა და საქონლის გაყიდვისათვის (რეალიზაციისათვის).

 რამდენიმე მუშაკის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება თითოეული მათგანისათვის ბრალის ხარისხის, მატერიალური პასუხისმგებლობის სახეობისა და ფარგლების გათვალისწინებით“.

3. ამ კოდექსის 120-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1) მუშებს ან მოსამსახურეებს მათი ბრალით მიყენებული ზიანის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს მათი საშუალო თვიური ხელფასის ორი მესამედისა. მასალების, ნახევარფაბრიკატების, ნაწარმის (პროდუქციის), მათ შორის, მისი დამზადებისას დაუდევრობის გამო გაფუჭების ან განადგურებისათვის, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ სარგებლობაში მიცემული ინსტრუმენტების, საზომი ხელსაწყოების, სპეციალური ტანსაცმლის და სხვა საგნების დაუდევრობით გაფუჭების ან განადგურებისათვის;

2) საწარმოს, დაწესებულებების, ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, აგრეთვე საწარმოში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს – მათი ბრალით მიყენებული ზიანის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს საშუალო თვიური ხელფასისა, თუ ზიანი საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას მიაყენეს ზედმეტი ფულადი სახსრების გაცემით, მატერიალური ან ფულადი ფასეულობის აღრიცხვისა და  შენახვის არასწორი დაყენებით, მოცდენის, უხარისხო პროდუქციის გამოშვების, მატერიალური ან ფულადი ფასეულობის დატაცების, განადგურებისა და გაფუჭების თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომების მიუღებლობით;“.

4. ამ კოდექსის 123-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუშას ან მოსამსახურეს მიყენებული ზიანი შეუძლია ნებაყოფლობით აანაზღაუროს მთლიანად ან ნაწილობრივ. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის თანხმობით მუშაკს შეუძლია გადასცეს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ტოლფასოვანი ქონება ან შეაკეთოს დაზიანებული ნივთი.“.

5. ამ კოდექსის 122-ე მუხლს დაემატოს მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილები შემდეგი შინაარსისა:

„საწარმოსათვის, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის მათი ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხდება ხელქვეითობის წესით, ზემდგომი ორგანოების განკარგულებით, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული წესების დაცვით.

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისათვის მატერიალური ზიანის გადახდევინება სასამართლო წესით ხდება ხელქვეითობის წესით, ზემდგომი ორგანოების სარჩელით ან პროკურორის განცხადებით.

ზიანის ანაზღაურება ხდება მუშაკის დისციპლინურ, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიუხედავად, იმ მოქმედებისათვის (უმოქმედობისათვის), რის შედეგადაც საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას მიყენებული აქვს ზიანი.“.

6. კოდექსის 204-ე მუხლს მეორე ნაწილის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოს  ან პროკურორის სასამართლოში მიმართვისას გამოიყენება იგივე ვადები“.

ამასთან დაკავშირებით მესამე ნაწილი ჩაითვალოს მეოთხე ნაწილად.

7. კოდექსის 209-ე მუხლში სიტყვის „სასამართლოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ან ხელქვეითობის წესით ზემდგომი ორგანოს“.

II. ამ ბრძანებულების წესები გამოიყენება აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის მუშა-მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევების მიმართაც, რომელთა გამოც გადაწყვეტილება არ იყო მიღებული 1977 წლის     1 იანვრამდე, თუ ამ პირთა პასუხისმგებლობა მატერიალური ზიანისათვის გათვალისწინებული იყო ადრე მოქმედი კანონმდებლობითაც იმავე ფარგლებში ან უფრო დიდი ოდენობით, ვიდრე ეს დადგენილია ამ ბრძანებულებით.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1977 წლის 30 ივნისი.