„ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019135
71
11/02/2016
ვებგვერდი, 15/02/2016
300160070.10.003.019135
„ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №71

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2014, 300160070.10.003.017677) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში:

 

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე არსებული მწვანე ნარგავების მოჭრასთან,   გადაბელვასა და მათ განკარგვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება, მიუხედავად ამ ტერიტორიის მესაკუთრის ან მოსარგებლისა (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების ჩათვლით), გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის და დაცული ტერიტორიების მიწებისა.“.

 

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე − 35-ე პუნქტები:

„29. მწვანე ნარგავები – მიწის პირიდან 1,3 მეტრზე მეტი, 8 სმ-ისა და მეტი დიამეტრის მერქნიანი (ხე, ბუჩქი) მცენარეები.

30. ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე.

31. ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.

32. ფაუტი ხე –  ფუტურო, დამპალი და შემდეგ გამომშრალი (გამოფიტული) ხე, რომელსაც დაკარგული აქვს მერქნის თავდაპირველი სტრუქტურა და სიმკვრივე.

33. გადაბერებული ხე − სწრაფმოზარდი სახეობების მწიფე და გადაბერებული ხე, რომელსაც მიღწეული აქვს  საამორტიზაციო ხნოვანება (ვერხვი, აკაცია, ტირიფი 40 – 50 წ.).

34. გადაბელვა – მწვანე ნარგავების ტოტების სეზონური ან ერთჯერადად საჭიროებისამებრ გადაჭრა, ნარგავის შემდგომი სასიცოცხლო ფუნქციის შენარჩუნებით.

35. უფლებამოსილი ორგანო − მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.“.

 

 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

 

„თავი V1

სარეკრეაციო ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების მოჭრის, გადაბელვის

და განკარგვის რეგულირების წესები

 

მუხლი 331. სარეკრეაციო ტერიტორიაზე  მწვანე ნარგავის მოჭრის ან გადაბელვის განხორციელება

1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი შეთანხმების გარეშე სარეკრეაციო ტერიტორიაზე აკრძალულია  მწვანე ნარგავების მოჭრა ან გადაბელვა, გარდა ხილკენკროვანი მერქნიანი მცენარეებისა.  

2. სარეკრეაციო ტერიტორიაზე მწვანე ნარგავის მოჭრა ან გადაბელვა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ა) მშენებლობისათვის განკუთვნილ ფართობზე სამუშაოების განხორციელების მიზნით, იმ პირობით, რომ მოსაჭრელი ან მწვანე ნარგავებით დაკავებული ტერიტორია შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის განკუთვნილი  ფართობის 20 %-ზე ნაკლებია;

ბ) არსებული შენობა-ნაგებობის ცალკეული ელემენტების (მათ შორის, ფასადების, სახურავების, სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის ინფრასტრუქტურის) ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის მიზნით;

გ) ინვაზიური, სტიქიისაგან ან სხვა უარყოფითი გარემოფაქტორებით დაზიანებული ხეებისაგან, ასევე განსაზღვრული ადგილის ეკო და ბიოსისტემისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავებისაგან ტერიტორიის გამოთავისუფლების მიზნით;

დ) ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი და გადაბერებული ხეებისაგან ტერიტორიის გამოთავისუფლების, ასევე ასეთი ხეების შესაძლო წაქცევით ადამიანის სიცოცხლის   და/ან ჯანმრთელობისათვის,  ასევე სხვისი კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის საფრთხისა და ზიანის შესაძლო მიყენების თავიდან აცილების მიზნით;

ე) საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დადგენილი წესით რეკონსტრუქციისთვის ან რეაბილიტაციისათვის;

ზ) ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების დადგენილი წესით მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციისთვის, რეაბილიტაციისთვის ან დემონტაჟისათვის;

თ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას.

3. მწვანე ნარგავების მოჭრა ან გადაბელვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.

4. მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე, რომლის საკუთრების/სარგებლობის ობიექტზეც განთავსებულია მწვანე ნარგავები,  ვალდებულია, გონივრულ ვადაში შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს მწვანე ნარგავების დაავადების აღმოჩენის ან ამ ნარგავების მიერ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ასევე სხვისი საკუთრებისათვის ზიანის მიყენების მოსალოდნელი (შესაძლო) საფრთხის შესახებ.

 

მუხლი 332. სარეკრეაციო ტერიტორიაზე  მწვანე ნარგავის მოჭრის ან გადაბელვის შეთანხმება

1. სარეკრეაციო ტერიტორიაზე  მწვანე ნარგავის მოჭრაზე ან გადაბელვაზე შეთანხმება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. სარეკრეაციო ტერიტორიაზე  მწვანე ნარგავის მოჭრის ან გადაბელვის შესახებ უფლებამოსილ ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავს მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე, რომლის საკუთრების/ სარგებლობის ობიექტზეც განთავსებულია მწვანე ნარგავები. განცხადებაში უნდა აღინიშნოს მწვანე ნარგავის მოჭრის ან გადაბელვის აუცილებლობის დასაბუთება, ასევე ამ ღონისძიებათა განხორციელების ვადები. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

ბ) სახელმწიფო ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და  მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ამ მუხლის „გ − ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია;

გ) მიწის ნაკვეთის საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი − ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) ინფორმაცია მოსაჭრელი ან გადასაბელი მწვანე ნარგავების რაოდენობის, სახეობებისა და მოცულობის შესახებ;

ე) იმ შერჩეული ფართობის დაზუსტებული აზომვითი ნახაზი, სადაც გათვალისწინებულია მწვანე ნარგავის მოჭრა ან გადაბელვა. აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს  ნახაზის შემსრულებელი პირის მიერ.

3. სარეკრეაციო ტერიტორიაზე  მწვანე ნარგავის მოჭრის ან გადაბელვის შეთანხმებაზე მოთხოვნის დასაბუთებულობას შეისწავლის უფლებამოსილი ორგანოს მიერ შექმნილი კომისია, რომელიც ადგილზე ამოწმებს მოთხოვნის შესაბამისობას ფაქტობრივ მდგომარეობასთან, რაზედაც დგება კომისიის დასკვნა. დასკვნა თანდართულ ფოტოსურათებთან ერთად წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს.

4. სარეკრეაციო ტერიტორიაზე  მწვანე ნარგავის მოჭრის ან გადაბელვის შეთანხმებას ხელს აწერს და მისი გაცემის კანონიერებაზე პასუხისმგებელია უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი.

 

მუხლი 333. სარეკრეაციო ტერიტორიაზე  მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახით მოჭრილი მერქნიანი მცენარების ტრანსპორტირება, მათი განკარგვის წესი

1. სარეკრეაციო ტერიტორიაზე მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახით მოჭრილი მერქნიანი მცენარის მოძრაობის, მარკირებისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის წესი დგინდება მოქმედი კანონმდებლობით.

2. უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, მის საკუთრებაში არსებულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახით მოჭრილი მწვანე ნარგავები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსახლეობის მოთხოვნით, საკუთრებაში გადასცეს შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.

3. მწვანე ნარგავების სხვა მესაკუთრეების მიერ მათ საკუთრებაში არსებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახით მოჭრილი მერქნიანი მცენარის განკარგვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“.

მუხლი 2. გარდამავალი დებულებები
1. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე სარეკრეაციო ტერიტორიაზე წარმოშობილ იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მათ შორის,  მშენებლობის გაცემულ ნებართვებზე ან სხვა აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, რომელიც  ითვალისწინებს მწვანე ნარგავის მოჭრასთან ან გადაბელვასთან დაკავშირებულ ამ დადგენილებისაგან განსხვავებულ რეგულირებას.

2. სარეკრეაციო ტერიტორიაზე  მწვანე ნარგავის მოჭრასთან ან გადაბელვასთან დაკავშირებული ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებზეც მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება (მათ შორის, მშენებლობის ნებართვის ან სხვა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემის მიზნით) და რომლებზეც გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, უნდა გადაწყდეს ამ დადგენილების  მოთხოვნების გათვალისწინებით.


მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი