ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 816
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.001.000.230
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
816
27/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
300.280.000.05.001.000.230
ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (17/10/1997 - 30/04/1999)

საქართველოს კანონი

ელექტროენერგეტიკის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები და ამოცანები

1. ეს კანონი აწესრიგებს ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების სფეროში, უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.

2. კანონის მიზანია:

ა. კონკურენციის მექანიზმებისა და არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების შეხამებით უზრუნველყოს ელექტროენერგიის ეფექტიანი წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების დანახარჯების ზუსტი ასახვა სატარიფო სისტემაში;

ბ. შექმნას ყველა კატეგორიის მომხმარებლის სტაბილური ელექტრომომარაგებისათვის საჭირო სამართლებრივი საფუძველი;

გ. ხელი შეუწყოს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ელექტროენერგეტიკის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით.

3. კანონის ამოცანაა:

ა. დააკისროს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტროს) ელექტროენერგეტიკაში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია და გაათავისუფლოს იგი დარგში მესაკუთრის, ოპერატიულ-სამეურნეო და მარეგულირებელი ფუნქციებისაგან;

ბ. საჯაროობისა და თანასწორობის საფუძველზე განსაზღვროს ელექტროენერგეტიკის რეგულირების ძირითადი პრინციპები ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების სუბიექტებისა და მომხმარებლების მიმართ და ამ მიზნით შექმნას დარგის მარეგულირებელი დამოუკიდებელი ორგანოს ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძველი;

გ. ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის ამაღლებას;

დ. უზრუნველყოს კონკურენციის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე.

    მუხლი 2. განმარტებები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა. „გადაცემის ლიცენზია“ _ კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა გადამცემი ქსელის მფლობელობაზე ან მართვასა და ექსპლუატაციაზე, გადამცემი ქსელის დისპეტჩერიზაციის განხორციელების გარეშე;

ბ. „გადაცემის ლიცენზიატი“ _ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს გადაცემის ლიცენზია, გაცემული მასში მითითებული მოქმედების ვადით;

გ. „გადამცემი ქსელი“ _ ელექტრული სიმძლავრისა და ენერგიის გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს და რომელსაც ფლობს ან/და მართავს და ექსპლუატაციას უწევს გადაცემის ლიცენზიატი. გადამცემი ქსელი მოიცავს 35 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებს, აგრეთვე იმ 35-კილოვოლტიან გადამცემ ქსელებს და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში; სხვა 35-კილოვოლტიანი სისტემები გამანაწილებელი საშუალებების ნაწილია;

დ. „გამანაწილებელი ქსელი“ _ ელექტრული სიმძლავრისა და ენერგიის გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტებსა და მომხმარებელს და რომელსაც ფლობს ან/და მართავს და ექსპლუატაციას უწევს განაწილების ლიცენზიატი. გამანაწილებელი ქსელი მოიცავს 0.4 _ 6.3 _ 10.5 კილოვოლტი ძაბვის სისტემებს, რომლებიც არ მიეკუთვნება გადამცემ ქსელს. გამონაკლის შემთხვევაში კომისიის ნებართვით დასაშვებია, 110-კილოვოლტიანი ქვესადგური მიეკუთვნოს გამანაწილებელ ქსელს;

ე. „განაწილების ლიცენზია“ _ კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან ელექტრული სიმძლავრისა და ენერგიის მიღებაზე და ელექტროენერგიის განაწილებაზე განსაზღვრული ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ზონის ფარგლებში;

ვ. „განაწილების ლიცენზიატი“ _ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განაწილების ლიცენზია, გაცემული მასში მითითებული მოქმედების ვადით;

ზ. „დისპეტჩერიზაციის ლიცენზია“ _ კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა გენერაციისა და გადაცემის ლიცენზიატების დისპეტჩერიზაციის განხორციელებაზე განაწილების ლიცენზიატებისა და პირდაპირი და სხვა მომხმარებლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ კანონის საფუძველზე დასაშვებია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ანიჭებდეს სხვა დამატებით უფლებებს;

თ. „დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი“ _ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს დისპეტჩერიზაციის ლიცენზია, გაცემული მასში მითითებული მოქმედების ვადით;

ი. „კომისია“ _ საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

კ. „ლიცენზია“ _ კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ელექტროენერგიის წარმოების ნებართვა, გადაცემის ნებართვა, დისპეტჩერიზაციის ნებართვა ან განაწილების ნებართვა;

ლ. „ლიცენზიატი“ _ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე მოქმედების გარკვეული ვადით ან უვადოდ გაცემული ლიცენზია;

მ. „მიღების პუნქტი“ _ პუნქტი, რომელშიც გადაცემის ლიცენზიატი გადამცემ ქსელში მიიღებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას, უცხოური ენერგოსისტემისაგან ელექტროენერგიის იმპორტის ჩათვლით;

ნ. „მიწოდების პუნქტი“ _ პუნქტი, რომელშიც გადაცემის ლიცენზიატი გადამცემი ქსელიდან მიაწოდებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას განაწილების ლიცენზიატს, პირდაპირ მომხმარებელს ან უცხოურ ენერგოსისტემას;

ო. „პირდაპირი მომხმარებელი“ _ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული გადამცემ ქსელთან მიწოდების პუნქტში და არ არის განაწილების ლიცენზიატი;

პ. „სალიცენზიო გადასახდელი“ _ გადასახდელი, რომელიც ყოველწლიურად დაეკისრება წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ლიცენზიატებს კომისიის მიერ გაწეული სალიცენზიო მომსახურების ასანაზღაურებლად;

ჟ. „წარმოების ლიცენზია“ _ კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა ელექტროენერგიის წარმოებაზე და წარმოების საშუალების მიერთებაზე გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან მიღების პუნქტებში;

რ. „წარმოების ლიცენზიატი“ _ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს წარმოების ლიცენზია, გაცემული მასში მითითებული მოქმედების ვადით.

თავი II

ელექტროენერგეტიკული პოლიტიკა

    მუხლი 3. ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება

1. სამინისტრო ამუშავებს ელექტროენერგეტიკაში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას. ამ ამოცანის გადაწყვეტის პროცესში სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:

ა. ელექტროენერგეტიკის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტების და მათზე დაფუძნებული ელექტროენერგეტიკული პროგრამების დამუშავება, ამ პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ბ. ელექტროენერგეტიკის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

გ. ელექტროენერგეტიკაში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვისა და ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე ელექტროენერგეტიკული ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიისა და წესების დამუშავება;

დ. ელექტროენერგეტიკის საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობა, დარგის ტექნიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგი;

ე. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის დამუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

ვ. ელექტროენერგეტიკაში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა;

ზ. ელექტროენერგეტიკის სფეროში ბუნების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ელექტროენერგეტიკული პროგრამების დამუშავებისას და განხორციელებისას ეკოლოგიური ასპექტების ოპტიმალურად გათვალისწინება;

თ. ლიცენზიატებსა და უცხო ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარებისა და ელექტროენერგეტიკაში სატრანზიტო და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობების ხელშეწყობა;

ი. საგანგებო სიტუაციებისათვის სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული სტრატეგიის დამუშავება;

კ. საქართველოს ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის დამუშავება.

2. სამინისტროს ფუნქციებს არ მიეკუთვნება ელექტროენერგეტიკაში მესაკუთრის, მარეგულირებელი და ოპერატიულ-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება.

3. სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების განთავსების ლიცენზირებას, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ლიცენზირებას, რომლებიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტისათვის და არ არის დაკავშირებული არსებულ გადამცემ ქსელთან.

თავი III

საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

    მუხლი 4. საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტატუსი და ფუნქციები

1. საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში _ კომისია) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იგი არის მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში არ ექვემდებარება არც ერთ სხვა სახელმწიფო უწყებასა და ორგანიზაციას.

2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, კომისიის დებულება და სხვა საკანონმდებლო აქტები.

3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს კომისიის დებულებას.

4. კომისიას ენიჭება საქართველოს ელექტროენერგეტიკაში ლიცენზიების (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ლიცენზიებისა) გაცემისა და ლიცენზიატების რეგულირების უფლება.

5. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

ა. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ლიცენზირების წესებისა და პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, შეჩერება და გაუქმება, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა;

ბ. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების საცალო და საბითუმო ტარიფების დადგენა და რეგულირება;

გ. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ლიცენზიატებს შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

დ. ელექტროენერგეტიკაში ლიცენზიების პირობების დაცვის კონტროლი და დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

    მუხლი 5. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებს. კომისიის ნორმატიული აქტია დადგენილება. კომისიის დადგენილებით მტკიცდება კომისიის დებულება, საქმისწარმოების წესები და პროცედურები, სალიცენზიო და სატარიფო განაცხადების მიღებისა და განხილვის წესები, ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები, სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები. კომისიის დადგენილება შეიძლება მიღებულ იქნეს აგრეთვე ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ, ინდივიდუალურ საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

3. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის სხდომებზე, კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის არანაკლებ ორი წევრისა. კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატებისა და მომხმარებლებისათვის.

4. კომისიის თავმჯდომარე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს.

    მუხლი 6. კომისიის წევრები და წევრობის ვადები

1. კომისია შედგება სამი წევრისაგან. კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. კომისიის წევრად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 35 წელი, აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.

3. კომისიის წევრი ინიშნება ექვსი წლით. კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა დაინიშნოს ექვსწლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, პრეზიდენტი ნიშნავს ახალ წევრს დარჩენილი ვადით.

4. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

    მუხლი 7. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობიდან განთავისუფლება

1. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ:

ა. ნებაყოფლობით გადადგა;

ბ. მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ. სასამართლომ ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა;

დ. დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ე. დაარღვია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

ვ. ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას;

ზ. გარდაიცვალა.

2. კომისიის წევრის განთავისუფლება ხდება მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში.

3. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

    მუხლი 8. კომისიის თავმჯდომარე და მისი მოვალეობანი

1. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. თავმჯდომარე უფლებამოსილია, თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.

2. თავმჯდომარე უძღვება კომისიის სხდომებს, პასუხს აგებს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვისათვის და მათი გამოქვეყნებისათვის, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციული მართვისათვის.

    მუხლი 9. კომისიის აპარატის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. აპარატის თანამშრომელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიის წევრების უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება კომისიის აპარატის თანამშრომლებზე.

    მუხლი 10. კომისიის წევრის პოლიტიკური საქმიანობა

კომისიის წევრი ვალდებულია კომისიაში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია კომისიაში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.

    მუხლი 11. კომისიის ძირითადი უფლება - მოვალეობანი

1. კომისია ვალდებულია თავის საქმიანობაში გაითვალისწინოს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ელექტროენერგეტიკის, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში.

2. კომისია ვალდებულია თავის სხდომებზე შესაბამის მხარეებს, მათ შორის, ელექტროენერგიის მომხმარებლებს, მისცეს თავიანთი ინტერესების დაუბრკოლებლად წარმოდგენის შესაძლებლობა.

3. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ეძლევათ ლიცენზიატის პერსონალთან და დოკუმენტაციასთან შეუფერხებლად მუშაობის საშუალება.

4. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გადასინჯოს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მონაცემების სისწორე.

    მუხლი 12. კომისიის სხდომები . ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. კომისიის სხდომები საჯაროა. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები ქვეყნდება მიღებისთანავე.

2. კომისია ვალდებულია თავის მიერ დადგენილი ვადით შეინახოს სხდომის ოქმები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები. კომისიის წევრს უფლება აქვს დაუბრკოლებლად მიიღოს კომისიაში არსებული ინფორმაცია, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტაცია.

3. კომისიის ყველა დადგენილება და გადაწყვეტილება, ბრძანება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს კომისია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 13. კომისიის სხდომების წარმართვა

კომისია ვალდებულია ყოველი დადგენილების ან გადაწყვეტილების მიღებამდე აცნობოს დაინტერესებულ პირებს და მისცეს მათ კომისიის შესაბამის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. კომისია უფლებამოსილია ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით გამართოს დახურული სხდომები. კომისიის დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს.

    მუხლი 14. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

კომისია უფლებამოსილია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკისროს პასუხისმგებლობა ამ კანონის ან კომისიის დადგენილების ან გადაწყვეტილების მოთხოვნათა დარღვევისათვის.

    მუხლი 15. გასაჩივრება

კომისიის მიერ მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საქართველოს უზენაეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 16. კომისიის შეხვედრები და კონსულტაციები მხარეებთან

კომისიის წევრების და აპარატის თანამშრომლების დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების წესებს განსაზღვრავს კომისია. ამ წესების მიხედვით, კომისიის წევრი ვალდებულია კონსულტაციების ჩატარების შესახებ წინასწარ წერილობით შეატყობინოს დაინტერესებულ მხარეებს და მისცეს მათ კონსულტაციებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

    მუხლი 17. ინტერესთა კონფლიქტი

1. კომისიის წევრთა მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვ ჰქონდეთ რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი და ეკონომიკური ინტერესი რომელიმე ლიცენზიატის მიმართ, ან ეკავოთ თანამდებობა რომელიმე ლიცენზიატის საწარმოში.

3. აპარატის თანამშრომელს უფლება აქვ იყვნენ რომელიმე ლიცენზიატის მომხმარებლები, მაგრამ ლიცენზიატს არა უქვს უფლება შესთავაზოს, ხოლო აპარატის თანამშრომელს _ მიიღონ უფასო ან ფასდაკლებით მომსახურება ლიცენზიატის მხრიდან.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

    მუხლი 18. პირადი უსაფრთხოების გარანტიები

აკრძალულია კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიმართ ძალადობა, მუქარა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 19. კომისიის ბიუჯეტი . სალიცენზიო გადასახდელი

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 ოქტომბრისათვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები და შემოსავლები. კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრისათვის ლიცენზიატებისაგან მიღებული მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის პროგნოზის საფუძველზე ადგენს სალიცენზიო გადასახდელს, რომელსაც გადაიხდიან ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ლიცენზიატები, რაც უზრუნველყოფს კომისიის მომავალი საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი ხარჯების დაფარვას. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. სალიცენზიო გადასახდელი ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს განკარგავს მხოლოდ კომისია. კომისიის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებული თანხები გადაიტანება მომავალი წლის ანგარიშზე, ამ წლის სალიცენზიო გადასახდელის შესაბამისი შემცირებით. თუ სალიცენზიო გადასახდელებით მიღებული შემოსავალი არ ფარავს კომისიის მიმდინარე დანახარჯებს, კომისია უფლებამოსილია აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბამისი პროცენტის გასტუმრება ხდება მომავალი წლის სალიცენზიო გადასახდელიდან. დასაშვებია კომისიის სარგებლობისათვის სახსრების, მათ შორის, გრანტების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

    მუხლი 20. ფინანსური ანგარიშგება . რევიზია

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 31 მარტამდე მოამზადოს და გამოაქვეყნოს გასული წლის ფინანსური ანგარიში, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის ანგარიშზე სალიცენზიო გადასახდელებით დაგროვილი თანხები და კომისიის მიერ ამ თანხების წლის განმავლობაში გამოყენება, აგრეთვე წლის განმავლობაში აღებული სესხები და კომისიის მიერ გამოყენებული სხვა თანხები. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა.

2. კომისიის ფინანსური საქმიანობის კონტროლს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები, მათ შორის, კომისიის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორი. კომისიის ფინანსური საქმიანობის შემოწმებამ არ უნდა გამოიწვიოს კომისიის მიმდინარე საქმიანობის შეჩერება ან შეფერხება.

    მუხლი 21. კომისიის ყოველწლიური ანგარიში

კომისია ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და სამინისტროს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

თავი IV

ლიცენზიები და ლიცენზირების წესები

    მუხლი 22. ლიცენზიების გაცემა , სალიცენზიო საქმიანობა , გამონაკლისები

1. კომისია გასცემს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ლიცენზიებს ამ კანონის, სხვა ნორმატიული აქტების, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად.

2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კომისიის მიერ გაცემული სათანადო ლიცენზიის გარეშე არა აქვთ ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან განაწილების უფლება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ელექტროენერგიას აწარმოებს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის და არ არის მიერთებული გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან, არ ექვემდებარება ლიცენზირებას.

    მუხლი 23. სალიცენზიო პროცედურები

კომისია ადგენს ლიცენზირების პირობებსა და სხვა წესებს, რომლებიც განსაზღვრავს ლიცენზიის მისაღებად საჭირო ინფორმაციას, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, კრედიტუნარიანობის, აღებული სესხების, კომპეტენციის, კანონებთან და სხვა ნორმატიულ აქტებთან სალიცენზიო საქმიანობის შესაბამისობის შესახებ მონაცემების ჩათვლით, აგრეთვე კომისიის მიერ დადგენილ სალიცენზიო გადასახდელებთან დაკავშირებულ საკითხებს.

    მუხლი 24. მოთხოვნები ლიცენზიების მიღებაზე , ლიცენზიების ვადები , მომსახურების შეწყვეტა

1. კომისია გასცემს ლიცენზიას მხოლოდ იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, რომელსაც აქვს ელექტროენერგეტიკის დარგში საქმიანობის კომპეტენცია და აკმაყოფილებს ამ კანონით და ლიცენზიით გათვალისწინებულ პირობებს.

2. ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს სალიცენზიო განაცხადში მითითებული მომსახურების სახე, მომსახურების საშუალებების ადგილმდებარეობა და ტერიტორია, რომელზეც გავრცელდება ლიცენზიის მოქმედება, ლიცენზიის მოქმედების ვადა, მოთხოვნა სალიცენზიო გადასახდელის დროულად გადახდაზე, ლიცენზიის მოდიფიცირების, შეჩერებისა და გაუქმების პირობები.

3. არც ერთ ლიცენზიატს არა აქვს უფლება, კომისიის წინასწარი ნებართვის გარეშე შეწყვიტოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეწყვეტა ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო ანდა ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. ლიცენზიატი ორივე შემთხვევაში ვალდებულია კომისიას წარუდგინოს განაცხადი მომსახურების შეწყვეტაზე. კომისიისაგან მომსახურების შეწყვეტაზე თანხმობის მიღების შემდეგ ლიცენზიატი აბარებს ლიცენზიას.

4. სალიცენზიო და სატარიფო პირობებით არც ერთ ლიცენზიატს არ შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, თუ მომსახურების მიმღები სხვა ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან მომსახურების დამტკიცებულ პირობებს.

    მუხლი 25. ლიცენზიატის უფლება - მოვალეობანი . ინფორმაციის მომზადება

1. ლიცენზიატი ვალდებულია დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2. ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედოს მინიმალური დანახარჯების პრინციპის შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით.

3. ლიცენზიატი, ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული შემთხვევის გარდა, ვალდებულია წარუდგინოს კომისიას, სამინისტროს და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:

ა. ლიცენზიატის გასული წლის საქმიანობის ანგარიში;

ბ. მომავალი წლის სამუშაო გეგმა;

გ. სხვა ინფორმაცია, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს.

4. ლიცენზიატი, რომელსაც აქვს წარმოების ლიცენზია, გაცემული იმ საფუძველზე, რომ მისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის რეალიზაციის შესახებ სრულდება კონკურენციის პირობებში, ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ყველა ანგარიში და ინფორმაცია, რომელსაც კომისია საჭიროდ მიიჩნევს გადამცემი ქსელისა და მიერთებული სიმძლავრეების უსაფრთხო და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 26. აღრიცხვა , მრიცხველები

ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხოს თავის საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის ოდენობა მრიცხველების გამოყენებით, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების, წესების და სხვა მოთხოვნების შესაბამისად. კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს მრიცხველების ინსპექცია.

    მუხლი 27. დავები

ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი ან განაწილების ლიცენზიატის მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიაში შეიტანოს განაცხადი ელექტროენერგიით მომსახურების სფეროში სადავო საკითხის განხილვაზე. კომისიას შეუძლია ამგვარი განაცხადი განსახილველად გადააგზავნოს სასამართლოში.

    მუხლი 28. ფინანსური გარანტიები

კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის გასაცემად ან შეჩერებული ლიცენზიის განსაახლებლად მოითხოვოს თამასუქი ან სხვაგვარი ფინანსური გარანტია, ამ კანონის ან სალიცენზიო პირობების მოთხოვნების შესრულებისათვის, სალიცენზიო გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის ჩათვლით.

    მუხლი 29. ლიცენზიის მოდიფიცირება , შეჩერება და გაუქმება

ლიცენზიის მოდიფიცირება ხდება მისი ვადებისა და პირობების შესაბამისად, ხოლო გაუქმება ან შეჩერება _ ამ ვადებისა და პირობების დარღვევისათვის. სხვა შემთხვევებში ლიცენზიის მოდიფიცირების, შეჩერების ან გაუქმების უფლება კომისიას აქვს მხოლოდ ლიცენზიატის წინასწარი თანხმობით. ამასთან, კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მოდიფიცირებისას ლიცენზიატს მოსთხოვოს პირველად ლიცენზიაში აღნიშნული პირობებისაგან განსხვავებული, მათ შორის, უფრო გამკაცრებული მოთხოვნების შესრულება.

    მუხლი 30. შეზღუდვები აქციებისა და ლიცენზიების მფლობელობასა და გადაცემაზე

1. ლიცენზიატს უფლება არა აქვს კომისიის ნებართვის გარეშე ფლობდეს ერთზე მეტ ლიცენზიას ან სხვა ლიცენზიატის აქციებს. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან მართავს წარმოების ლიცენზიატის, გადაცემის ლიცენზიატის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ან განაწილების ლიცენზიატის აქციებს, უფლება არა აქვს კომისიის ნებართვის გარეშე ფლობდეს ელექტროენერგეტიკის დარგის სხვა ლიცენზიატის აქციებს.

2. აკრძალულია კომისიის ნებართვის გარეშე ლიცენზიის გადაცემა სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. კომისია უფლებამოსილია ამ კანონის მოთხოვნათა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით დაამტკიცოს, არ დაამტკიცოს ან შეზღუდოს ლიცენზიატის შემდეგი საქმიანობები:

ა. საქმიანობების შერწყმა, ძირითადი საშუალებებისა და აქციების შეძენა და/ან გაყიდვა;

ბ. ლიცენზიატის საქმიანობის სფეროს გაფართოება;

გ. ლიცენზიატის სტრუქტურის რეორგანიზაცია.

თავი V

ლიცენზიები:

მოთხოვნები და პირობები

    მუხლი 31. წარმოების ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული წარმოების ლიცენზია უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, აწარმოოს ელექტროენერგია და ელექტროენერგიის და/ან სიმძლავრის მიწოდების მიზნით მიუერთოს შესაბამისი საშუალებანი განსაზღვრულ მიღების პუნქტებში გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელს.

2. ლიცენზიის ვადა არ უნდა აღემატებოდეს წარმოების საშუალებების სასარგებლო გამოყენების საპროექტო ვადას. ლიცენზია კომისიამ შეიძლება გააუქმოს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

3. წარმოების ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. ამ კანონის მე-6 თავის თანახმად, კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს ელექტროენერგიის რეალიზაციის კონტრაქტში აღნიშნული ფასები, ვადები და პირობები. ასეთი დამტკიცება საჭირო არ არის, თუ კომისია დაადგენს, რომ წარმოების ლიცენზიატი აწარმოებს ელექტროენერგიას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის, მხოლოდ ექსპორტისათვის ან ახდენს პროდუქციის რეალიზაციას კონკურენტული ბაზრის პირობებში. ამასთან, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შეიტანს განაცხადს წარმოების ლიცენზიის მიღებაზე, ვალდებულია წარუდგინოს კომისიას წარმოების საშუალებების ტექნიკური უსაფრთხოებისა და ურთიერთდაკავშირების სტანდარტების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ბ. ელექტროენერგიის რეალიზაციის ხელშეკრულების პირობების ან მომსახურების დამტკიცებული ფასების, ვადებისა და პირობების თანახმად უზრუნველყოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის წარმოების საშუალებების ხელმისაწვდომობა მიღების პუნქტში გადამცემი ქსელისა და მიერთებული საშუალებების უსაფრთხო, საიმედო, არადისკრიმინაციული და ეკონომიური დისპეტჩერიზაციის მიზნით;

გ. აკმაყოფილებდეს წარმოების საშუალებების ექსპლუატაციისა და გადამცემი და გამანაწილებელი საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნებს;

დ. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი სალიცენზიო გადასახდელი და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.

    მუხლი 32. გადაცემის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული გადაცემის ლიცენზია უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, განახორციელოს გადაცემის მომსახურება გადამცემი ქსელის საშუალებით.

2. ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს გადამცემი სისტემა, რომელიც ჩართული იქნება გადამცემ ქსელში, რომელსაც ექსპლუატაციას გაუწევს ლიცენზიატი, რაც გულისხმობს საშუალებებს მიღების პუნქტსა და მიწოდების პუნქტს შორის. თუ საჭიროა წარმოების ლიცენზიატის საშუალებების პირდაპირი მიერთება განაწილების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის საშუალებებზე, კომისიას უფლება აქვს, გადაცემის მომსახურების პარამეტრების დადგენის მიზნით მოითხოვოს მიღებისა და მიწოდების პუნქტების ურთიერთდაკავშირების განცალკევება გადამცემი ქსელის მინიმალური სექციით.

3. თუ გადამცემ ქსელში ჩნდება ახალი გადამცემი საშუალების აუცილებლობა, გადაცემის ლიცენზიატს უფლება აქვს ახალი გადამცემი საშუალების დადგმის შესახებ განაცხადით მიმართოს კომისიას თავისი ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე. თუ კომისია შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნისა და სხდომის ჩატარების შემდეგ, კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად მიიჩნევს, რომ ახალი საშუალება რეალურად საჭიროა და დაადგენს, რომ ამ საშუალების სავარაუდო მარშრუტი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს სხდომის დროს ან მის შემდეგ, მინიმალურ ნეგატიურ გავლენას ახდენს შერჩეულ ტერიტორიაზე, შეესაბამება დარგში სახელმწიფო პოლიტიკას, რაც აღნიშნული იქნება კომისიის სხდომაზე, აგრეთვე შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, კომისია გადაცემის ლიცენზიატზე გასცემს მოდიფიცირებულ ლიცენზიას, რომელიც მოიცავს ახალ გადამცემ საშუალებას და უფლებას აძლევს ლიცენზიატს, ააშენოს ახალი საშუალება დამტკიცებულ მარშრუტზე.

4. თუ გადაცემის ლიცენზიატი ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად მიიღებს უფლებას, ააშენოს ახალი გადამცემი საშუალება მითითებულ მარშრუტზე, მას უფლება ეძლევა, მიიღოს ამ საშუალების მშენებლობისათვის საჭირო მიწებით სარგებლობის ნებართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ლიცენზია გაიცემა უვადოდ და იგი კომისიამ შეიძლება გააუქმოს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

6. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. უზრუნველყოს გადამცემი ქსელის ფუნქციონირება წარმოების ლიცენზიატების, განაწილების ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად;

ბ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

გ. შეიმუშაოს სათანადო ინსტრუქციები გადამცემი ქსელისა და მიერთებული საშუალებების უსაფრთხო, საიმედო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაკავშირებისა და ექსპლუატაციის შესახებ;

დ. მომსახურებისათვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური და დაადგინოს მხოლოდ ის პირობები, რომლებიც დამტკიცებული იქნება კომისიის მიერ;

ე. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი სალიცენზიო გადასახდელი და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.

    მუხლი 33. დისპეტჩერიზაციის ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული დისპეტჩერიზაციის ლიცენზია უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შეიძინოს და გაყიდოს საქართველოში ელექტროენერგია და/ან სიმძლავრე და/ან გაუწიოს გადამცემი მომსახურება განაწილების ლიცენზიატებს, პირდაპირ მომხმარებლებს და სხვა ადგილობრივ ან უცხოელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, იმის გათვალისწინებით, რომ საამისოდ აქვს კომისიის ნებართვა ან მოთხოვნა. ლიცენზია ანიჭებს მათ ექსკლუზიურ უფლებას, გაუწიონ ექსპლუატაცია საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ცენტრალურ სადისპეტჩეროს.

2. ლიცენზია გაიცემა უვადოდ და იგი კომისიამ შეიძლება გააუქმოს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. დაგეგმოს და განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდება, უცხოელი ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან ელექტროენერგიის მიწოდების ჩათვლით, და დააკმაყოფილოს განაწილების ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მოთხოვნები უმცირესი ღირებულების პრინციპის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ თუ რომელიმე განაწილების ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი დებს ხელშეკრულებას ერთ ან მეტ წარმოების ლიცენზიატთან ან სხვა ადგილობრივ ან უცხოელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან და ამ ხელშეკრულებით ნაწილობრივ ან მთლიანად აკმაყოფილებს თავის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე, აგრეთვე დებს ხელშეკრულებას გადაცემის ლიცენზიატთან, რათა დააკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა, იგი არ არის პასუხისმგებელი ელექტროენერგიით ან გადამცემი სიმძლავრით სარეზერვო მომსახურებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განაწილების ლიცენზიატი ან პირდაპირი მომხმარებელი იხდის კომისიის მიერ დამტკიცებულ ამგვარი მომსახურების საფასურს;

ბ. დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომელიც აუცილებელია წარმოების ლიცენზიატებისათვის გადამცემი ქსელის ელექტრული მდგრადობის უზრუნველსაყოფად, განაწილების ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მოთხოვნების ეფექტიანად დასაკმაყოფილებლად დაამუშაოს და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები;

გ. კოორდინირება გაუწიოს კომისიის კონტროლის ქვეშ მყოფ ყველა სხვა ლიცენზიატს, სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის საფუძველზე დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო სიტუაციაში ასამოქმედებლად;

დ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

ე. მომსახურებისათვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური და დაადგინოს მხოლოდ ის პირობები, რომლებიც დამტკიცებული იქნება კომისიის მიერ;

ვ. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი სალიცენზიო გადასახდელი და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.

    მუხლი 34. განაწილების ლიცენზია

1. კომისიის მიერ გაცემული განაწილების ლიცენზია უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, გაანაწილოს ელექტროენერგია განსაზღვრული ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული რეგიონის ფარგლებში.

2. ლიცენზია გაიცემა უვადოდ და იგი კომისიამ შეიძლება გააუქმოს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.

3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ლიცენზიის პირობებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:

ა. გაუწიოს მომხმარებელს გამანაწილებელი მომსახურება, კომისიის მიერ დადგენილი წესების და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად;

ბ. მიიღოს გადაცემის და/ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისაგან, აგრეთვე წარმოების ლიცენზიატისაგან, სხვა ადგილობრივი ან უცხოელი ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან უფლება სათანადო გადამცემ სიმძლავრესა და ელექტროენერგიაზე;

გ. შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების უფლების შეძენისა და გაუქმების, აგრეთვე აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და ელექტროენერგიის საფასურის მოკრების პროცედურები;

დ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;

ე. მომსახურებისათვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური და დაადგინოს მხოლოდ ის პირობები, რომლებიც დამტკიცებული იქნება კომისიის მიერ;

ვ. თავის სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:

ვ.ა. ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;

ვ.ბ. მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების უფლების შეძენისა და გაუქმების, აგრეთვე აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და ელექტროენერგიის საფასურის მოკრების პროცედურებს;

ვ.გ. ლიცენზიატის ფუნქციონირების სტანდარტების აღწერა, რომელიც შეიცავს ახალი მომხმარებლების მიერთების პირობებს.

ზ. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი სალიცენზიო გადასახდელი და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.

თავი VI

ტარიფები

    მუხლი 35. კომისიის უფლებამოსილება ტარიფის დადგენაში

კომისიას აქვს მომსახურების ფასების, ვადებისა და პირობების დადგენაზე ლიცენზიატის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის, დამტკიცების, მოდიფიცირების ან უარყოფის უფლება, გარდა ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 36. ტარიფის დადგენის პრინციპები

1. კომისიის მიერ დადგენილი ელექტროენერგეტიკული მომსახურების ტარიფი:

ა. იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან;

ბ. შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, დაფარონ თავიანთი მომსახურების გაწევის ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასებში შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტების დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს. ამასთან, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების კეთილგონიერ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად;

გ. ხელს უწყობს ლიცენზიატების ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლების გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ლიცენზიატი აკმაყოფილებს თავისი ლიცენზიის მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე;

დ. ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ელექტროენერგეტიკაში მოკლე და გრძელვადიანი ზღვრული ფასების ასახვით და ფასთა დინამიკის პროგნოზირებით, ელექტროენერგიის წარმოების შესაძლო სიჭარბის ან უკმარისობის გათვალისწინებით;

ე. შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს, დაფარონ ეკონომიკურად გამართლებული დანახარჯები, მათ შორის, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეული ხარჯები და სალიცენზიო გადასახდელები;

ვ. ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას ელექტროენერგიის მომხმარებელთა კატეგორიების პრიორიტეტების მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ ზღუდავს ლიცენზიატის უფლებას, მოსთხოვოს მომხმარებელს თავისი მომსახურების საფასურის გადახდა, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში _ შეწყვიტოს მომსახურების გაწევა;

ზ. ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკას სატარიფო შეღავათების სფეროში, იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიატების ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე;

თ. ასახავს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას.

2. ელექტროენერგეტიკული მომსახურების გაწევის ხარჯები იფარება მომხმარებელთა თითოეული კატეგორიისაგან მიღებული თანხებით, ამ კატეგორიის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების პროპორციულად.

3. მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა ტარიფის დადგენა შეიძლება პიკური სიდიდეების, საშუალო სიდიდეების, საერთო მოხმარების სეზონურობის, მოხმარების სადღეღამისო ცვლილებების, მომსახურების ტიპის ან ანალოგიური პარამეტრების ასახვის მიზნით. კომისიას შეუძლია გამოიყენოს ინოვაციური სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებს მოგების ინდექსაციის, ფასთა ინდექსაციის და სხვა ფაქტორებს, თუ იგი მიიჩნევს, რომ ასეთი მეთოდოლოგიების გამოყენება შეესაბამება ლიცენზიატებისა და მომხმარებლების ინტერესებს.

    მუხლი 37. ტარიფის დადგენის წესები

კომისია სატარიფო განაცხადის განხილვისას და ტარიფის დადგენისას ეყრდნობა შემდეგ დოკუმენტებს:

ა. დასაბუთებული სატარიფო განაცხადი, რომელსაც თან ერთვის აუდიტორული ფინანსური ინფორმაცია;

ბ. სატარიფო განაცხადის განხილვისა და შესაბამისი დადგენილების მიღების პროცედურები;

გ. მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ ტარიფების დადგენის კომენტირების პროცედურები;

დ. სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურები;

ე. სალიცენზიო მომსახურების ფინანსური ანაზღაურების დადგენის პროცედურები.

    მუხლი 38. ტარიფის ამოქმედება და ტარიფის დადგენის ანაზღაურება

ტარიფი ძალაში შედის კომისიაში სატარიფო განაცხადის შეტანიდან 150 დღის შემდეგ, თუ იგი აკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნებს სატარიფო განაცხადის მიმართ. ლიცენზიატი ტარიფის დამტკიცების შემდეგ ანაზღაურებს კომისიის მიერ ტარიფის დადგენაზე გაწეულ მომსახურებას.

    მუხლი 39. ერთიანი საბუღალტრო - სააღრიცხვო სისტემა

კომისია ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ სტანდარტებზე. კომისიასთან ურთიერთობაში ასეთივე სისტემა უნდა გამოიყენონ ლიცენზიატებმაც. კომისია ვალდებულია ტარიფების დადგენისას გამოიყენოს ლიცენზიატების ფინანსური და ეკონომიკური ანგარიშები, აგრეთვე საკუთარი ანალიტიკური სისტემები.

თავი VII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 40. კომისიის პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ვადები

კომისიის პირველი შემადგენლობა ინიშნება შემდეგი წესით: პირველი წევრი _ 6 წლის ვადით, მეორე წევრი _ 4 წლის ვადით, ხოლო მესამე წევრი _ 2 წლის ვადით.

    მუხლი 41. შუალედური ლიცენზიები

1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ყველა პირი, რომლის საქმიანობაც ამ კანონით ექვემდებარება ლიცენზირებას, იღებს შუალედურ ლიცენზიას ორი წლის ვადით. შუალედური ლიცენზია უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს _ „შუალედურ ლიცენზიატს“ _ გააგრძელოს შესაბამისი საქმიანობა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ. კომისიას უფლება აქვს განსაკუთრებულ შემთხვევებში გასცეს დამატებითი შუალედური ლიცენზიები ამ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში. შუალედური ლიცენზიების გადაცემა დაუშვებელია.

2. კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში შუალედური ლიცენზიებისათვის დაადგინოს ისეთივე მოთხოვნები, როგორიც ლიცენზიებისათვის. კომისის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს, მოდიფიცირებულ იქნეს ან გაუქმდეს შუალედური ლიცენზია ელექტროენერგეტიკის რეორგანიზაციისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით. შუალედური ლიცენზია შეიძლება მოდიფიცირებულ ან გაუქმებულ იქნეს კომისიის მიერ ამ ლიცენზიის მოქმედების ვადაში, შუალედური ლიცენზიატის ფუნქციონირების შეუჩერებლად.

3. კომისიას უფლება აქვს დაადგინოს შუალედური ლიცენზიების გაგრძელების, მოდიფიცირების ან გაუქმების პროცედურები. თუ კომისია აუცილებლად მიიჩნევს შუალედური ლიცენზიის მოდიფიცირებას ან გაუქმებას, იგი ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ შეატყობინოს სამინისტროს და შუალედურ ლიცენზიატს და მისცეს მათ კომისიის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

4. როდესაც კომისია დაამუშავებს და აამოქმედებს წესებსა და სხვა აქტებს ამ კანონის 23-ე მუხლის თანახმად, შუალედურ ლიცენზიატს უფლება მიეცემა, კომისიაში შეიტანოს განაცხადი ლიცენზიის მიღებაზე ამ კანონის 31_ 34-ე მუხლების თანახმად.

5. შუალედური ლიცენზიატების ტარიფები, რომლებიც მოქმედებს ამ კანონის მიღების დღეს, ინარჩუნებს ძალას კომისიის მიერ მათ ხელახლა განხილვამდე, იმის გათვალისწინებით, რომ კომისია ამტკიცებს ტარიფის ცვლილებას ყოველი შუალედური ლიცენზიატისათვის შუალედური სალიცენზიო გადასახდელის დასადგენად ამ კანონის 42-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 42. შუალედური სალიცენზიო გადასახდელი

კომისიას უფლება აქვს შუალედურ ლიცენზიატს დაუდგინოს შუალედური სალიცენზიო გადასახდელი, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიას არ ესაჭიროება შუალედური სალიცენზიო გადასახდელის დადგენა მომავალი წლის საექსპლუატაციო მოცულობის პროგნოზის საფუძველზე. კომისიას შეუძლია დაადგინოს შუალედური სალიცენზიო გადასახდელი ნებისმიერი ვადით, რომელსაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს თავისი მომავალი წლის საბიუჯეტო დანახარჯების დასაფარავად.

    მუხლი 43. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 44. ძალადაკარგული ნორმატიული აქტების ნუსხა

1. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა. „ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 22 სექტემბრის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №19-20, მუხ. 436) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი;

ბ. „ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მეოთხე მუხლის მე-7 პუნქტის თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 11 ოქტომბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №21-22, მუხ. 446).

2. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ კანონს შეუსაბამოს კანონქვემდებარე აქტები.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 27 ივნისი.

№816_ IIს[i]



შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83

49. 05/07/2021 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/1248 - ვებგვერდი, 08/07/2021 48. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5646-რს - ვებგვერდი, 27/12/2019 47. 18/10/2019 - საქართველოს კანონი - 5201-Iს - ვებგვერდი, 18/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 46. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4085-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 45. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4025-რს - ვებგვერდი, 25/12/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 44. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3888-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 43. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3459-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 42. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2624-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 41. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2326-IIს - ვებგვერდი, 11/05/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1651-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 39. 30/06/2017 - საქართველოს კანონი - 1187-IIს - ვებგვერდი, 13/07/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 904-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 37. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 651-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 36. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 131-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 35. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5499-IIს - ვებგვერდი, 29/06/2016 34. 02/03/2016 - საქართველოს კანონი - 4797-IIს - ვებგვერდი, 14/03/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 10/12/2015 - საქართველოს კანონი - 4587-Iს - ვებგვერდი, 22/12/2015 32. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4353-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 31. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3388-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 30. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2933-Iს - ვებგვერდი, 23/12/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 27/12/2013 - საქართველოს კანონი - 1902-რს - ვებგვერდი, 31/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 28. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1594-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 27. 24/09/2013 - საქართველოს კანონი - 1291-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 837-რს - ვებგვერდი, 25/07/2013 25. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 452-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 24. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 23. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6299-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 22. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5644-რს - ვებგვერდი, 09/01/2012 21. 21/06/2011 - საქართველოს კანონი - 4865-რს - ვებგვერდი, 110706009, 06/07/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4395-Iს - ვებგვერდი, 110317025, 17/03/2011 19. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4065-რს - სსმ, 72, 22/12/2010 18. 12/10/2010 - საქართველოს კანონი - 3659-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 17. 01/10/2010 - საქართველოს კანონი - 3650 - სსმ, 53, 11/10/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3295 - სსმ, 37, 14/07/2010 15. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3349 - სსმ, 35, 12/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 28/06/2010 - საქართველოს კანონი - 3162 - სსმ, 35, 12/07/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1558 - სსმ, 24, 13/08/2009 12. 02/10/2008 - საქართველოს კანონი - 317 - სსმ, 21, 06/10/2008 11. 05/07/2008 - საქართველოს კანონი - 92 - სსმ, 13, 16/07/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 07/03/2008 - საქართველოს კანონი - 5803 - სსმ, 6, 25/03/2008 9. 20/11/2007 - საქართველოს კანონი - 5466 - სსმ, 40, 03/12/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 08/06/2007 - საქართველოს კანონი - 4911 - სსმ, 22, 19/06/2007 7. 09/06/2006 - საქართველოს კანონი - 3292 - სსმ, 21, 15/06/2006 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 27/12/2005 - საქართველოს კანონი - 2537 - სსმ, 59, 31/12/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1738 - სსმ, 36, 11/07/2005 4. 22/03/2005 - საქართველოს კანონი - 1124 - სსმ, 13, 12/04/2005 3. 15/06/2004 - საქართველოს კანონი - 122 - სსმ, 14, 16/06/2004 2. 30/04/1999 - საქართველოს კანონი - 1934 - სსმ, 15(22), 14/05/1999 1. 17/10/1997 - საქართველოს კანონი - 984 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997