დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/01/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.019084 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/01/2016 - 06/08/2019)
|
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“.
|
მუხლი 2 |
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 3 |
დაევალოს ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ განხორციელება, ხოლო სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კი − ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
|
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა
„ქართული ჩაი“ |
მუხლი 1. პროგრამის მიზნები
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზნებია: ა) საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა; ბ) როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია; გ) მოსახლეობის დასაქმება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; დ) ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნის ხელშეწყობა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროგრამა − ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“; ბ) მეწარმე სუბიექტი − პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილის მქონე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), გარდა სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებისა ან/და ამ უკანასკნელთა წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა; გ) პროგრამის ბენეფიციარი − მეწარმე სუბიექტი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება; დ) ჩაის პლანტაცია − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაშენებულია ჩაის ნარგაობა, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცია; ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცია − ჩაის პლანტაცია, რომლის იდენტიფიცირება ხორციელდება ამ პროგრამით დადგენილი წესით და რომლის ნუსხაც ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − ქონების სააგენტო) ოფიციალურ ვებგვერდზე; ვ) სარეაბილიტაციო სამუშაოები − ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი, რომელსაც შეიმუშავებს ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად; ზ) აგროტექნოლოგიური გეგმა − ჩაის პლანტაციაში სეზონურად/ყოველწლიურად ჩასატარებელი სამუშაოების შესაბამის აგროვადებში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციის სრულ მსხმოიარობამდე პერიოდს, მაგრამ არანაკლებ ბენეფიციართან თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვისა; თ) ჩაის პირველადი გადამუშავება − საქმიანობა, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი ოპერაციებით: ჩაის პლანტაციაში დაკრეფილი ჩაის ნედლი ფოთლის ღნობა ან ღნობა-ფიქსაცია, ჩაის ფოთლის გრეხა, შრობა; ი) საწარმოო გეგმა − ჩაის ნედლი ფოთლის პირველადი გადამუშავების შედეგად წარმოებული ჩაის წლიური მოცულობა; კ) თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი − ბენეფიციარის თანადაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი, თუ ბენეფიციარს საკუთრებაში აქვს ჩაის პლანტაციის საჭირო მოცულობის მიწის ნაკვეთი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს საკუთრებაში არ გააჩნია ჩაის პლანტაციის საჭირო მოცულობის მიწის ნაკვეთი, ქონების სააგენტოსთან ამ პროგრამის მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღი. მუხლი 3. პროგრამის ზოგადი პირობები 1. პროგრამის ბენეფიციარის თანადაფინანსებას ახორციელებს სააგენტო, პროგრამით დადგენილი პირობების დაცვით. 2. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება. 3. პროგრამის მიზნებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის იჯარის უფლებით გაცემა ხორციელდება წინამდებარე პროგრამის მე-6 მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით. 4. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ერთ ჰა-ზე გადაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 2 500 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). იმ შემთხვევაში, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰა-ზე აღემატება 2 500 ლარს, თანადაფინანსების მოცულობის დადგენა 1 ჰა-ზე განხორციელდება 2 500 ლარიდან გამომდინარე. 5. სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს შეასრულებს სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეული რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიებიდან ერთ-ერთი. 6. რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიების შერჩევას განახორციელებს სააგენტოსა და სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი კომისია. კომისიის შემადგენლობას, მუშაობის წესსა და რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიების შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტო. 7. პროგრამის ფარგლებში ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის მიზანშეწონილობასა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ წარდგენილი აგროტექნოლოგიური გეგმის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოებთან ურთიერთშესაბამისობას ადასტურებს სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ურთიერთშესაბამისობის კრიტერიუმებსა და შეფასების მეთოდოლოგიას განსაზღვრავს სააგენტო სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად. კრიტერიუმებსა და შეფასების მეთოდოლოგიას ამტკიცებს სააგენტო. მუხლი 4. ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსების პირობები 1. პროგრამის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს პროგრამის ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსებას შემდეგი პირობებით: ა) პროგრამის ბენეფიციარის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60%-ის ოდენობით; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 80%-ის ოდენობით. 2. სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსებას, პროგრამის ბენეფიციარის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის ამ პროგრამის პირობების შესაბამისად იჯარის უფლებით მიღების შემთხვევაში, შემდეგი პირობებით: ა) პროგრამის ბენეფიციარის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) მიერ იჯარის უფლებით მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70 %-ის ოდენობით; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ იჯარის უფლებით მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90 %-ის ოდენობით. მუხლი 5. პროგრამის ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები 1. პროგრამის ბენეფიციარის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) შერჩევის კრიტერიუმებია: ა) პროგრამის ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ი ან პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი არ უნდა შეადგენდეს 5 ჰა-ზე ნაკლებს და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰა-ს; ბ) პროგრამის ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს საკმარისი ფულადი სახსრები (საკუთარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების არანაკლებ 40%-ისა და პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით მისაღები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის შემთხვევაში − არანაკლებ 30%-ისა) სარეაბილიტაციო სამუშაოების საკუთარი თანამონაწილეობის დასაფინანსებლად; გ) თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის პროგრამის ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს აღრიცხული მოვალეთა რეესტრში; დ) პროგრამის ბენეფიციარს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციის ფართობის/ჩაის მწვანე ფოთლის დაგეგმილი მოსავლის შესაბამისი სიმძლავრის ჩაის პირველადი გადამუშავების საწარმო. იმ შემთხვევაში, თუ თანადაფინანსების მისაღებად განაცხადის წარდგენისას საკუთრებაში არ აქვს ამგვარი საწარმო, უნდა წარადგინოს საწარმოს შექმნის ვადაში გაწერილი გეგმა, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვეს. საწარმოს სიმძლავრე განისაზღვრება შემდეგნაირად: დ.ა) საღნობი/საღნობ-საფიქსაციო დანადგარის წარმადობა არანაკლებ 40 კგ-ისა დღეში, სარეაბილიტაციო ფართობის ერთ ჰა-ზე; დ.ბ) საგრეხი როლერების რაოდენობა და წარმადობა − საგრეხი როლერის წარმადობა უნდა შეესაბამებოდეს საღნობი/საღნობ-საფიქსაციო დანადგარის წარმადობას და თითოეულის წარმადობა არ უნდა აღემატებოდეს 50 კგ-ს სთ-ში; დ.გ) შესაბამისი წარმადობის საშრობი. 2. პროგრამის ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შერჩევის კრიტერიუმები: ა) კოოპერატივს უნდა ჰქონდეს საკმარისი ფულადი სახსრები (საკუთარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის შემთხვევაში − სარეაბილიტაციო სამუშაოების არანაკლებ 20%-ისა და პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით მისაღები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის შემთხვევაში − არანაკლებ 10%-ისა) სარეაბილიტაციო სამუშაოების საკუთარი თანამონაწილეობის დასაფინანსებლად, რაც დადასტურებული უნდა იყოს ამონაწერით/ცნობით ბანკიდან ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს აღრიცხული მოვალეთა რეესტრში; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს შენობა-ნაგებობა ფართობით არანაკლებ 70 კვ.მ-ისა, სადაც მოეწყობა ჩაის პირველადი გადამუშავების საწარმო. იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანადაფინანსების მისაღებად განაცხადის წარდგენისას საკუთრებაში არ გააჩნია შენობა-ნაგებობა, უნდა წარადგინოს შენობის მშენებლობის/შეძენის ვადაში გაწერილი გეგმა, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 24 თვეს. 3. თანადაფინანსების მისაღებად პროგრამის ბენეფიციარის მიერ წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) განაცხადი ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში − „ქართული ჩაი“ მონაწილეობის შესახებ; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის/უძრავი ქონების შესახებ, საკადასტრო რუკასთან ერთად, რომლითაც დასტურდება მეწარმე სუბიექტის საკუთრების უფლება ჩაის პლანტაციაზე, ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის იჯარის უფლებით მიღების სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი). ამასთან, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერით უნდა დასტურდებოდეს, რომ მეწარმე სუბიექტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არ არის რეგისტრირებული იპოთეკა, ყადაღა, უზუფრუქტის უფლება ან ვალდებულებით-სამართლებრივი შეზღუდვა; გ) სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული ცნობა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის მიზანშეწონილობასა და წარდგენილი აგროტექნოლოგიური გეგმის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოებთან ურთიერთშესაბამისობის შესახებ; დ) ჩაის რეაბილიტაციის აგროტექნოლოგიური გეგმა, რომელიც გათვლილი იქნება არანაკლებ თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე; ე) ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნის/გაფართოების ვადაში გაწერილი გეგმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვეს (ეს მოთხოვნა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე); ვ) საწარმოო გეგმა, რომელიც გათვლილი უნდა იყოს არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვეზე. საწარმოო გეგმის საწყისი ვადა განსაზღვრული უნდა იყოს თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის გასვლის შემდგომ; ზ) რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა/ინვოისი/ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოიცავდეს ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალს და მის ღირებულებას საქართველოში მოქმედი ყველა გადასახადის ჩათვლით; თ) საკუთარი თანამონაწილეობის შესაბამისი თანხის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია − ამონაწერი/ცნობა ბანკიდან ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ; ი) ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელი დოკუმენტაცია; კ) ცნობა საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ. 4. პროგრამის ბენეფიციარ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანადაფინანსების მისაღებად: ა) საკუთრებაში უნდა ჰქონდეს ჯამურად არანაკლებ 5 ჰა ჩაის პლანტაციისა; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების არანაკლებ 75%-მა უნდა მოახდინოს კოოპერატივში ჩაის პლანტაციების შეტანა, თითოეულმა ფართობით არანაკლებ 0.25 ჰა-ისა; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული ან წინამდებარე პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსაგან იჯარით მიღებული ჩაის პლანტაცი(ებ)ის სარეაბილიტაციო ფართობი არ უნდა იყოს 5 ჰა-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 50 ჰა-ს; დ) ჩაის პლანტაციაზე არ უნდა იყოს რეგისტრირებული იპოთეკა, ყადაღა, უზუფრუქტის უფლება ან ვალდებულებით – სამართლებრივი შეზღუდვა. 5. თანადაფინანსების თაობაზე მეწარმე სუბიექტების განაცხადების განხილვისა და პროგრამის ბენეფიციარის შერჩევის რიგითობა განისაზღვრება სააგენტოში მეწარმე სუბიექტების მიერ განაცხადის (თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად) სრულყოფილად წარდგენის თარიღით. 6. თანადაფინანსების მიღების დეტალურ პროცედურებს შეიმუშავებს სააგენტო. 7. პროგრამის მიზნებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის გამოყენების სურვილისა და მეწარმე სუბიექტის მიერ ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტოსა და მეწარმე სუბიექტს შორის ფორმდება თანადაფინანსების პირობითი ხელშეკრულება, რომლის პირობა შესრულებულად ითვლება ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან. მუხლი 6. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების იჯარით გადაცემის წესი და პირობები 1. პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გაიცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცია, ამ მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით, აუქციონის გარეშე, საქართველოს მთავრობის თანხმობით. 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის იდენტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სრულ მაიდენტიფიცირებელ და მისი პროგრამის ფარგლებში გამოყენებისათვის ვარგისობის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარუდგენს ქონების სააგენტოს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 3. ქონების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის ნუსხა პერიოდულად ახლდება ქონების სააგენტოს მიერ აღნიშნული ნუსხისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უძრავი ქონების დამატების ან/და ნუსხიდან უძრავი ქონების ამოღების გზით. 4. პროგრამით განსაზღვრული პირობებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის იჯარის უფლებით გადასაცემად, ქონების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. 5. პროგრამის ბენეფიციარს, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ პროგრამის მე-7 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით, იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცია შემდეგი პირობებით: ა) იჯარის ვადა − 25 წელი; ბ) იჯარის წლიური ღირებულება – 1 ჰა-ზე 50 ლარი; გ) იჯარის ღირებულების გადახედვა შესაძლებელია განხორციელდეს იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან მეთხუთმეტე წელს და შემდგომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ; დ) იჯარის უფლების მესამე პირისთვის დათმობა/უფლებრივად დატვირთვა, ქვეიჯარით გაცემა შესაძლებელია მეიჯარისა და სააგენტოს წინასწარი თანხმობით იმ პირობით, რომ ძველი მოიჯარის ვალდებულებების შესრულებას სააგენტოსა და მეიჯარის წინაშე უზრუნველყოფს ახალი მოიჯარე; ე) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ იჯარით მისაღები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის ფართობს. 6. საქართველოს მთავრობის მიერ სამართლებრივი აქტის მიღების შემთხვევაში, იჯარის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში. 7. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის იჯარის უფლებით მიღების მიზნით, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი განაცხადით, სააგენტოსთან გაფორმებული თანადაფინანსების პირობითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული, პროგრამის პირობების შესაბამისად, სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტისთვის გასაწევი თანადაფინანსების 10%-ის ოდენობის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიით მიმართავს ქონების სააგენტოს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტია უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, მის საფუძველზე იჯარის ხელშეკრულების გაფორმებასა და პროგრამის ბენეფიციარის (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) მიერ ამ პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისთვის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას), ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას, მის საფუძველზე იჯარის ხელშეკრულების გაფორმებასა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისთვის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას). 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ქონების სააგენტოში წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს პროგრამის ბენეფიციარის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 68 (სამოცდარვა) თვით და უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) საბანკო გარანტია, მისი მოქმედების პირველი 4 (ოთხი) თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას; ბ) საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, მის საფუძველზე იჯარის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისთვის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას). 10. ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენისას უპირატესობა მიენიჭება იმ მეწარმე სუბიექტს, რომლის მიერაც აღნიშნული დოკუმენტები ქონების სააგენტოში წარდგენილ იქნა უფრო ადრე. 11. მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის შემთხვევაში, წარდგენილი საბანკო გარანტია უბრუნდება მეწარმე სუბიექტს. 12. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 (სამი) თვეში იჯარის ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. 13. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება იჯარის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 14. მოიჯარის მიერ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის საფუძველზე, მეიჯარის მხრიდან იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარეს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. მუხლი 7. პროგრამის ბენეფიციარის ვალდებულებები 1. პროგრამის ბენეფიციარი (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) ვალდებულია: ა) უზრუნველყოს წარდგენილი აგროტექნოლოგიური გეგმის შესრულება თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში; ბ) თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვეში უზრუნველყოს ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და აღჭურვა (დანადგარების შეძენა და ინსტალაცია) შემდეგი გრაფიკის მიხედვით: ბ.ა) თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის ნებართვის წარდგენა; ბ.ბ) თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტის წარდგენა; ბ.გ) თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში უზრუნველყოს ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს აღჭურვა (დანადგარების შეძენა და ინსტალაცია); გ) თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან არა უგვიანეს 42 (ორმოცდაორი) თვის ვადაში უზრუნველყოს საწარმოში სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემის (HACCP) დანერგვა, რომლის შემოწმებასაც განახორციელებს სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო, ან დაამოწმებს საერთაშორისო აკრედიტებული მასერტიფიცირებელი, პროგრამის ბენეფიციარის შერჩევით; დ) იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ბენეფიციარი ფლობს გადამამუშავებელ საწარმოს და არ იგეგმება ახალი საწარმოს შექმნა, მისი ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს კრიტერიუმებთან შესაბამისობა უნდა დადასტურდეს სააგენტოსა და სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი კომისიის მიერ. დადასტურების ამ შემთხვევაზე არ გავრცელდება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები; ე) თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვის შემდგომ, მომდევნო 2 (ორი) წლის მანძილზე, ყოველწლიურად უზრუნველყოს საწარმოო გეგმის შესრულება არანაკლებ: ე.ა) 500 კგ მზა პროდუქცია 1 ჰა-ზე (დაუფასოებელი ჩაი); ე.ბ) 250 კგ მზა პროდუქცია 1 ჰა-ზე (დაუფასოებელი ჩაი), ბიო ჩაის წარმოების შემთხვევაში; ვ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის იჯარის ხელშეკრულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოქმედების განმავლობაში, უზრუნველყოს ჩაის მოყვანა ყოველწლიურად, რის დასადასტურებლადაც 5 წელიწადში ერთხელ ქონების სააგენტოს წარუდგინოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა; ზ) საკუთარი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთოს პროგრამის ფარგლებში საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია სააგენტოს სასარგებლოდ თანადაფინანსების მიღებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ არ მოხდება საკუთრებაში არსებული პლანტაციებიდან პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო ფართობის გამოყოფა, იპოთეკით დაიტვირთება პროგრამის ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული პლანტაციებიდან შესაბამისი საკადასტრო კოდის ქვეშ გაერთიანებული მიწის სრული ფართობი. 2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს აგროტექნოლოგიური გეგმის შესრულება თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში; ბ) უზრუნველყოს თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან არა უგვიანეს 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შენობის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება შემდეგი გრაფიკის მიხედვით: ბ.ა) თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შენობის მშენებლობის ნებართვის წარდგენა; ბ.ბ) თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან არა უგვიანეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტის წარდგენა; გ) სააგენტოსგან ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარების, მოწყობილობებისა და ინვენტარის უსასყიდლოდ მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში უზრუნველყოს წარდგენილი საწარმოო გეგმის შესრულება ყოველწლიურად; დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის იჯარის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უზრუნველყოს ჩაის მოყვანა ყოველწლიურად, რის დასადასტურებლადაც 5 წელიწადში ერთხელ წარუდგინოს ქონების სააგენტოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა; ე) სააგენტოსგან ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარების, მოწყობილობებისა და ინვენტარის უსასყიდლოდ მიღებამდე, საკუთარი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთოს მის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა/ნაგებობები; ვ) საკუთარი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთოს პროგრამის ფარგლებში საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცია სააგენტოს სასარგებლოდ თანადაფინანსების მიღებამდე. იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ არ მოხდება მის საკუთრებაში არსებული პლანტაციებიდან პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო ფართობის გამოყოფა, იპოთეკით დაიტვირთება მის საკუთრებაში არსებული პლანტაციებიდან შესაბამისი საკადასტრო კოდის ქვეშ გაერთიანებული მიწის სრული ფართობი. 3. პროგრამის ბენეფიციარს უფლება არ აქვს, საწარმოს მშენებლობა განახორციელოს პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებულ ჩაის პლანტაციაზე. მუხლი 8. ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარების, მოწყობილობებისა და ინვენტარის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები 1. ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და ინვენტარი. 2. სააგენტოს მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარების, მოწყობილობებისა და ინვენტარის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტის წარდგენიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში. მუხლი 9. ტექნიკური დახმარება პროგრამის ბენეფიციარებისთვის 1. სააგენტო განახორციელებს პროგრამის ბენეფიციარებისათვის ტექნიკურ დახმარებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, სერტიფიცირებაში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში და სხვა. 2. პროგრამაში მონაწილეობა არ განაპირობებს სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის ბენეფიციარის მიმართ საწარმოს შექმნის მიზნით, რაიმე სახის დამატებითი ვალდებულების წარმოშობას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე. მუხლი 10. მონიტორინგი პროგრამის ბენეფიციარის მიერ თანადაფინანსების ხელშეკრულებით (და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებით) ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგს განახორციელებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს − ქონების სააგენტო. მუხლი 11. პროგრამის განხორციელების ბიუჯეტი პროგრამა განხორციელდება ორ ეტაპად: ა) პირველი ეტაპი განხორციელდება 2016 წელს და ბიუჯეტი შეადგენს 3 500 000 ლარს; ბ) მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყება 2017 წლიდან. მეორე ეტაპის ბიუჯეტი დადგინდება 2016 წელს დაფინანსებული კოოპერატივების რაოდენობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები