დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/01/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 270000000.10.003.019083 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (21/01/2016 - 17/11/2016)
|
შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის (შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა), 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამა“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამა
|
მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დამსაქმებელს, შექმნას უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო. 2. პროგრამის ამოცანებია: ა) შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენცია; ბ) გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება და კონსულტირება; გ) იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება; დ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა; ე) შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალური რეფორმის საჭიროების განსაზღვრა. მუხლი 2. პროგრამის სამიზნე ჯგუფი 1. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ დამსაქმებლები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ან/და ინტერესი გამოხატეს ამ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით და დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ ამ დამსაქმებლებთან. 2. ინსპექტირების განხორციელების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დამსაქმებლის/საქმიანობის სიდიდეზე, მაგრამ ერთ ობიექტზე არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. დასაბუთებულ შემთხვევებში, აღნიშნული ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, იმავე ვადით. 3. შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება ხორციელდება ამ პროგრამის ეფექტურად განხორციელებისა და ზედამხედველობის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მიერ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მეშვეობით. 4. ინსპექტირების განხორციელებაზე, რიგითობასა და ვადებზე გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტი, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე. 5. დამსაქმებელს წინასწარ ეცნობება ინსპექტირების დაწყების თარიღი. 6. ამ პროგრამაში ჩართული დამსაქმებელი მაქსიმალურად ხელს უწყობს ინსპექტორებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში (კერძოდ, ობიექტზე დაშვება, თავისუფალი გადაადგილება და დასაქმებულებთან შეხვედრა/გასაუბრება, საჭირო დოკუმენტების და ინფორმაციის წარდგენა). დამსაქმებელი ასევე უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს ინფორმაცია ინსპექტირების მიმდინარეობის შესახებ; ბ) მოითხოვოს სოციალური პარტნიორის წარმომადგენლის დასწრება ინსპექტირების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე; გ) გაეცნოს მონაცემებს აღმოჩენილი დარღვევების შესახებ; დ) გაეცნოს ინსპექტორის მიერ მომზადებულ დასკვნას; ე) წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები/მოსაზრებები ინსპექტირების განხორციელების პროცესის და მომზადებული დასკვნის შესახებ; ვ) მიმართოს ინსპექტორს რეკომენდაციებისთვის, შრომის უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით; ზ) მიმართოს დეპარტამენტს და შესაბამის ორგანოებს, ინსპექტორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში. 7. ინსპექტირების განხორციელებამ, გონივრულ ფარგლებში, არ უნდა დაარღვიოს დამსაქმებლის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა. მუხლი 3. პროგრამის ღონისძიებები 1. პროგრამის ღონისძიებებია: ა) ადგილობრივი, დონორი და საერთაშორისო ექსპერტების/ორგანიზაციების დახმარებით, ინსპექტორების ტრენინგი; ბ) არასაჯარო ანგარიშების/დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება და დამსაქმებლის ან/და დასაქმებულთა კონსულტირება; გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება; დ) სისტემური დარღვევების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების ასახვა შესაბამის დოკუმენტში; ე) ანალიზის საფუძველზე, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა და საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო წინადადებების მომზადება; ვ) ინსპექტირების ჩატარების მიზნით, შესაბამისი მზომი ხელსაწყოების შესყიდვა; ზ) პროგრამის ადმინისტრირება. 2. ინსპექტირების ჩატარების წესი მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამინისტრო. 4. ინსპექტირების განხორციელების პროცესში, ინსპექტორის მიერ ივსება ანკეტა, რომლის ფორმას შეიმუშავებს დეპარტამენტი და მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. ინსპექტორის მიერ შედგენილი დასკვნა უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას ობიექტის შესახებ (სახელწოდება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია ხელმძღვანელის/წარმომადგენლის შესახებ, საქმიანობის სფერო); ბ) ინფორმაციას ინსპექტირების განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესახებ; გ) ინფორმაციას ინსპექტირების ჩატარების პერიოდის შესახებ; დ) ინფორმაციას ხელშემშლელი ფაქტორების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ინფორმაციას აღმოჩენილი დარღვევების შესახებ არსებული შესაბამისი სტანდარტებისა და რეგლამენტების მითითებით; ვ) რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრის შესახებ; ზ) ინსპექტორ(ებ)ის ხელმოწერასა და თარიღს; თ) დამსაქმებლის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირის ხელმოწერას. 6. ინსპექტორის მიერ შედგენილ დასკვნას თან უნდა ერთოდეს დამსაქმებლის წერილობითი შენიშვნები/მოსაზრებები ინსპექტირების განხორციელების პროცესისა და მომზადებული დასკვნის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მუხლი 4. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო 1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარით. 2. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამისთვის (პროგრამული კოდი: 35 05) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. მუხლი 5. პროგრამის შესრულების ინდიკატორები პროგრამის შესრულების ინდიკატორებია: ა) პროგრამაში ჩართულ დამსაქმებელთა და მათ მიერ დასაქმებულ მუშაკთა რაოდენობა; ბ) გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკური და თემატური ანალიზი; გ) შენიშვნები, რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივები. მუხლი 6. პროგრამის განმახორციელებელი 1. პროგრამის განმახორციელებელია სამინისტროს ცენტრალური აპარატი. 2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები