ტექნიკური რეგლამენტის - სიმინდის დასავლეთის ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის - სიმინდის დასავლეთის ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019075
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
11/01/2016
ვებგვერდი, 13/01/2016
300160070.10.003.019075
ტექნიკური რეგლამენტის - სიმინდის დასავლეთის ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/01/2016 - 29/05/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №11

2016 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - სიმინდის დასავლეთის ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - სიმინდის დასავლეთის ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლის წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2016 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი - სიმინდის დასავლეთის ხოჭოს  წინააღმდეგ ბრძოლის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი ადგენს და არეგულირებს საქართველოში არარეგისტრირებული საკარანტინო მავნე ორგანიზმის სიმინდის დასავლეთის ხოჭოს Diabrotica  virgifera  virgifera  Le Conte (შემდგომში - მავნებელი) ფიტოსანიტარიულ კონტროლს ქვეყნის ტერიტორიაზე მისი შემოჭრისა და  გავრცელების პრევენციის მიზნით.

მუხლი 2. წესის მიზანი და გამოყენების სფერო

1. ამ წესის მიზანია, ქვეყნის ტერიტორიაზე:

ა) მავნებლის  გამოვლენა და იდენტიფიკაცია;

ბ) მავნებლის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი ფიტოსანიტარიული ღონისძიებების გატარება;

გ) მავნებლის გამოვლენის შემდგომ,  მისი საკარანტინო სტატუსის შეცვლა.

2.  ეს წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ სიმინდის პირველად  წარმოებას და დისტრიბუციას.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) იმაგო - მავნებლის ზრდასრული ფაზა;

ბ) ბრძოლა - მავნებლის პოპულაციის სიმჭიდროვის ჩახშობა იმ დონემდე, რაც არ გამოიწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგებს და უზრუნველყოფს სიმინდის ეკონომიკურად მდგრად წარმოებას;

გ) ბიოლოგიური ბრძოლის აგენტი - ბუნებრივი მტერი, ანტაგონისტი, კონკურენტი  ან სხვა თვითაღმდგენი ორგანიზმი, რომელიც გამოიყენება მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად;

დ) ინტეგრირებული ბრძოლა - ბრძოლის მეთოდების ერთობლიობა, მავნებლის წინააღმდეგ არსებული ბრძოლის მეთოდების ეფექტური შეხამებით;

ე) ფერომონიანი სქესმჭერი - მავნებლის ბიოლოგიის შესაბამისად დამუშავებული მისაზიდი მწერსაჭერი;

ვ) კერა - მავნებლის ახლად გამოვლენილი პოპულაცია, პირველადი კერის ჩათვლით;

ზ) პირველადი კერა - მოცემულ ზონაში მავნებლის ისეთი იზოლირებული პოპულაციის აღმოჩენა, რომელიც ჯერ არ არის აკლიმატიზირებული, მაგრამ აღიარებულია მისი უნარი, გადარჩეს უახლოეს მომავალში;

თ) დემარკაცია - კერის, საკარანტინო ზონის და ბუფერული ზონის საზღვრების  დადგენა GPS კოორდინატების გამოყენებით;

ი) ბუფერული ზონა - ტერიტორია, რომელიც ესაზღვრება კერას და დაცულ ზონას და ექვემდებარება ფიტოსანიტარიული ან კონტროლის სხვა შესაბამისი ზომების გატარებას;

კ) დაცული ზონა - ტერიტორია, სადაც მავნებლის არარსებობა მეცნიერულად დადასტურებულია;

ლ) საკარანტინო სტატუსი - პირველად კერაში, მოცემულ დროში,  მავნებლის არსებობის ან არარსებობის ოფიციალური აღიარება, რაც მავნებლის შესახებ არსებულ ინფორმაციას ეფუძნება;

მ) მკვებავი მცენარე - პარკოსნები, გოგროვნები, ასტრაცეები, მარცვლოვნები, ძაღლყურძენასებრთა ოჯახის და სხვა უხვი მტვრისმომცემი მცენარეები.

2. ამ წესის მიზნებისათვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

მუხლი 4.        მავნებლის        გავრცელების           პრევენციისა და ფიტოსანიტარიული  სახელმწიფო  კონტროლის  მექანიზმები   

1. ფიტოსანიტარიულ სახელმწიფო კონტროლს, ამ წესის შესაბამისად,  ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).

2. საქართველოს    ტერიტორიაზე  მავნებლის გამოვლენის მიზნით, ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლი ამ წესისათვის მოიცავს შემდეგ მექანიზმებს:  მონიტორინგს, ზედამხედველობას და ნიმუშის აღებას.

მუხლი 5. მონიტორინგი

1. მონიტორინგი, მავნებლის გამოვლენის მიზნით, ხორციელდება ფერომონიანი  და/ან ყვითელი წებოვანი  სქესმჭერების გამოყენებით.

2. ფერომონიანი სქესმჭერები და/ან ყვითელი წებოვანი სქესმჭერები უნდა განლაგდეს სიმინდის ნათესებში, რომელიც მდებარეობს:

ა) სამოქალაქო და სამხედრო აეროდრომის მახლობლად;

ბ) საბორნე ტერმინალის მახლობლად;

გ) სიმინდის სპეციალიზირებული საწყობის მიმდებარედ;

დ) საბაჟო-გამშვებ პუნქტებში/სასაზღვრო ინსპექტირების პუნქტების მიმდებარედ;

 ე) სიმინდის დასუსტებულ ან ჩაწოლილ ნათესებში;

ვ) სიმინდის    ნათესების   სიახლოვეს   დათესილი და/ან  სიმინდის   ნათესებში შეთესილი მკვებავი მცენარეების დარგვის ადგილზე.

3. ფერომონიანი სქესმჭერი უნდა განლაგდეს ბადისებურად და შემოწმდეს რეგულარულად.

4. განლაგებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საკარანტინო ზონის (რომელიც მოიცავს კერასაც), ბუფერული ზონის და დაცული ზონის  არსებული ადგილობრივი პირობები, ფერომონიანი სქესმჭერის ტიპი, რაოდენობა და  მავნებლის  დაჭერის მეთოდი.

5. თუ მავნებელი გამოვლენილ იქნა ქვეყნის მცირე ტერიტორიაზე და მისი გავრცელების სიხშირე დაბალია, ფერომონიანი სქესმჭერები უნდა განლაგდეს გამოვლენილი კერის პერიმეტრზე.

6. მავნებლის ადრეული გამოვლენისათვის არ გამოიყენება მინდვრის ვიზუალური დათვალიერება, სიმინდის დაზიანებული ბუტკოიანი ყვავილედების (ულვაშების), ფესვების ან სხვა  დაზიანებული ნაწილების შეგროვება.

7. მავნებლის პოპულაციის მონიტორინგის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იქნეს ფერმერებისა და მოსახლეობისათვის მის წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომი ღონისძიებების დასაგეგმად.

8. მონიტორინგის განმახორციელებელი პერსონალი, მათ შორის,  დროებითი პერსონალი უნდა იქნეს შესაბამისად მომზადებული.

9. მავნებლის დაჭერის პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს იმაგოს გააქტიურების პერიოდს.

10. მავნებლის პოპულაციის ზღვრები  დადგენილი უნდა იქნეს სიმინდის მოყვანის ადგილებში, საქართველოს რეგიონების მიხედვით.

11. მავნებლის გავრცელების კერაში მავნებლის პოპულაციის განვითარების ადრეულ ფაზაში აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ უნდა ჩატარდეს მონიტორინგი სიმინდის მონოკულტურის მოყვანის ადგილებში და განისაზღვროს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიმალური ვადა.

12. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები და მათი ჩატარების  ვადები  უნდა დაიგეგმოს მავნებლის გავრცელების შესახებ, ფერმერებისა და მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით.

13. სიმინდის ნაკვეთზე    მავნებლის კვერცხების გამოვლენა უნდა მოხდეს   ნიადაგში 15-35 სმ სიღრმეზე, გვიან ზაფხულში (აგვისტო-სექტემბერი) და ზამთარში, დიაპაუზაში მყოფი კვერცხის ფაზაში.

მუხლი 6. ზედამხედველობა

ზედამხედველობა მოიცავს:

ა) მავნებლის გამოვლენის შემდგომ, სააგენტოს მიერ მავნებლის საკარანტინო სტატუსის შეცვლას;

ბ) მოსახლეობისა და ფერმერების გამოკითხვის და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე,  მავნებლის შესახებ მონაცემების შეგროვებას;

გ) მავნებლის ნიმუშის აღებას, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 7. მავნებლის ნიმუშის აღება და იდენტიფიცირება

1. მავნებლის ნიმუშის აღება და იდენტიფიცირება (გამოვლენა და სახეობის  დონემდე გარკვევა) უნდა მოხდეს ევროპის და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) PM 7/36 (1) სტანდარტის: „რეგულირებადი მავნე ორგანიზმის Diabrotica virgifera დიაგნოსტიკური პროტოკოლის“ (2004. PM 7/36 (1). Bull. OEPP/EPPO, 34:289-293) მიხედვით, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე  ლაბორატორიაში.

2. მავნებლის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია ვალდებულია,  სააგენტოს აცნობოს იდენტიფიცირების შედეგები.

მუხლი 8. კარანტინის დაწესება და მოხსნა

1. ფერომონიან სქესმჭერზე მავნებლის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო განსაზღვრავს საკარანტინო და ბუფერულ ზონებს, ახდენს მათ დემარკაციას, რის შემდეგაც წესდება კარანტინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საკარანტინო ზონა უნდა განისაზღვროს მავნებლის გამოვლენის კერიდან  5 კმ-ის რადიუსში.

3. საკარანტინო ზონაში ფერომონიანი სქესმჭერები უნდა განთავსდეს სიმინდის ნათესში.

4. საკარანტინო ზონაში (5 კმ-ზე რადიუსზე მეტი) სიმინდის არარსებობის შემთხვევაში, სულ მცირე,  ყოველ    10 კმ-ში  უნდა განთავსდეს,  სულ მცირე,  ერთი ფერომონიანი სქესმჭერი.

5. ფერომონიანი სქესმჭერი უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, კვირაში ერთხელ.

6. თუ მავნებლის არსებობა დადასტურდა საკარანტინო ზონის გარეთ, დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს ადრე დადგენილი საკარანტინო ზონის საზღვრები და დადგენილ იქნეს ახალი საკარანტინო ზონა.

7. ბუფერული ზონა უნდა განისაზღვროს საკარანტინო ზონიდან 2 კმ-დან - 10 კმ-მდე რადიუსში.

8. ბუფერულ ზონაში ფერომონიანი სქესმჭერები უნდა განთავსდეს სიმინდის მოყვანის მთელ ტერიტორიაზე.

9. ბუფერულ ზონაში სიმინდის არარსებობის შემთხვევაში, არაუმეტეს 100 კმ-ში  უნდა განთავსდეს, სულ მცირე,  ერთი ფერომონიანი სქესმჭერი.

10. ბუფერულ ზონაში ფერომონიანი სქესმჭერები უნდა შემოწმდეს, სულ მცირე,   2-3 კვირაში ერთხელ.

11. მიწათმოსარგებლე ვალდებულია, დაიცვას საკარანტინო და ბუფერულ ზონაში დადგენილი  ფიტოსანიტარიული ზომები.

12. საკარანტინო ზონაში მავნებლის ბოლო გამოვლენიდან 2 წლის შემდეგ, თუ მავნებლის არსებობა არ იქნება დადასტურებული, უნდა მოხდეს დაწესებული კარანტინის მოხსნა.

მუხლი  9. მავნებლის წინააღმდეგ   ინტეგრირებული  ბრძოლის  ზოგადი მოთხოვნები

1. მავნებლის წინააღმდეგ  ინტეგრირებული ბრძოლის ზოგადი მოთხოვნებია:

ა) უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბიოლოგიური, ფიზიკური და სხვა  არაქიმიური მეთოდების გამოყენებას;

ბ) მავნებლის გამოვლენისას და შემდგომ პერიოდში, რეკომენდებულია სიმინდის ნათესის სათანადო შეწამვლა მავნებლის კვერცხდების დასრულებამდე;

გ) გამოყენებული უნდა იქნეს მცენარეთა ქიმიური დაცვის საშუალებები,  თუ ბრძოლის სხვა  ღონისძიებები  არ იძლევა სათანადო შედეგს.

2. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენებული უნდა იქნეს ოთხწლიანი თესლბრუნვა,  რომელიც დასაშვებია:

ა) საკარანტინო ზონაში იმ ნაკვეთზე, სადაც  ზედიზედ,  სულ მცირე,  3  წლის განმავლობაში, სიმინდი მხოლოდ ერთხელ იყო კულტივირებული;

ბ) ბუფერულ ზონაში  იმ ნაკვეთზე, სადაც, სულ მცირე, 2 წლის განმავლობაში, სიმინდი მხოლოდ ერთხელ იყო კულტივირებული.

3. ნიადაგიდან იმაგოს გამოსვლის კონტროლის და სიმინდის ნაკვეთზე მისი დასახლების შემცირების მიზნით, მიზანშეწონილია თესლბრუნვაში კულტურები ჩაერთოს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) მარცვლოვანი პარკოსნები;

ბ) მრავალწლოვანი ბალახები;

გ) ბოსტნეული კულტურები  და ჩატარდეს მათი მორწყვა.

4. აკრძალულია ნიადაგის ჭარბი მორწყვა, რათა არ მოხდეს მავნებლის მდედრი იმაგოს მიერ კვერცხდების გაძლიერება და მომდევნო წლებში მისი რიცხოვნობის გაზრდა.

5. მავნებლის წინააღმდეგ გამოყენებულ უნდა იქნეს ბიოლოგიური ბრძოლის სხვადასხვა აგენტ(ებ)ი.

6. მავნებლის წინააღმდეგ გამოყენებულ უნდა იქნეს აგროტექნიკური ღონისძიებები, კერძოდ:

ა)  დაცულ უნდა იქნეს სიმინდის თესვის გვიანი ვადები;

ბ) ჩატარდეს ნიადაგის 25-30 სმ-ზე საშემოდგომო მზრალად ხვნა და ბრტყლადმჭრელებით ან ფრეზით დამუშავება;

გ) მავნებლის გავრცელების შემთხვევაში, აკრძალულია სიმინდის მოყვანა ერთსა და იმავე ნაკვეთზე, ზედიზედ 3-4 წლის განმავლობაში;

დ) მავნებლის გამოჩენის პერიოდში, მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით, აკრძალულია კერიდან (საკარანტინო ზონიდან) ახალი სიმინდის ან სიმინდის ცალკეული ნაწილების გატანა;

ე)  საკარანტინო ზონიდან  აკრძალულია ნიადაგის გატანა;

ვ) საკარანტინო ზონიდან გასვლამდე, სიმინდის ნაკვეთში მომუშავე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მთლიანად უნდა გასუფთავდეს ნიადაგისა და სხვა ნარჩენებისგან;

ზ) ნაგერალა სიმინდი უნდა განადგურდეს სხვა მკვებავი მცენარის ნათესებში.

7. სააგენტოს მიერ სპეციალისტებისა და ფერმერებისათვის უნდა ჩატარდეს ტრენინგი, რომლის სასწავლო პროგრამაში შეტანილი იქნება მავნებლის წინააღმდეგ ინტეგრირებული ბრძოლის ღონისძიებების გატარების წესები და  ამ წესის დებულებები.

8. ფერმერები და მოსახლეობა ჩართული უნდა იქნეს  მავნებლის გამოვლენასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში.

9. სააგენტო ვალდებულია, დროულად გააფრთხილოს მიწათმოსარგებლე, რომლის ტერიტორიაზეც გამოვლენილ იქნა მავნებელი, მავნებლის გამოჩენის და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების ვადების შესახებ.