საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი დამტკიცების შესახებ

საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 06/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 220020010.18.011.016185
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1/04
06/01/2016
ვებგვერდი, 08/01/2016
220020010.18.011.016185
საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/01/2016 - 27/04/2020)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №1/04

2016 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

 

საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 482 მუხლის პირველი პუნქტის და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ამავე კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე



საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. ამ წესის მიზანია უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საგადახდო მომსახურების პირობების  ხელმისაწვდომობა და სრული გამჭვირვალობა იმისთვის, რომ საგადახდო მომსახურების მომხმარებელს (შემდგომში - მომხმარებელი) საშუალება ჰქონდეს გათვითცნობიერებულად გააკეთოს არჩევანი.

2. ეს წესი ვრცელდება საქართველოში მოქმედ და საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე, ასევე კომერციულ ბანკებზე, ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებზე და იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე (შემდგომში „პროვაიდერი“), რომელებიც ეწევიან საგადახდო მომსახურებას.

3. ეს წესი განსაზღვრავს პროვაიდერების  მიერ მომხმარებლისათვის  საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით  მისაწოდებელი ინფორმაციის ჩამონათვალს და მისი მიწოდების ფორმას.

4. პროვაიდერი ვალდებულია ამ წესით დადგენილი მოთხოვნები დაიცვას ყველა მომხმარებლის მიმართ, კერძოდ როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიმართ და მიაწოდოს მათ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია.

5. წესი ვრცელდება ერთჯერადად შესრულებულ საგადახდო მომსახურებაზე (შემდგომში - ერთჯერადი საგადახდო მომსახურება), საგადახდო მომსახურების ჩარჩო-ხელშეკრულების (შემდგომში - ჩარჩო ხელშეკრულება) ფარგლებში განხორციელებულ საგადახდო მომსახურებაზე, ასევე მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტით შესრულებულ საგადახდო მომსახურებაზე.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1.  ამ წესის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ჩარჩო ხელშეკრულება - საგადახდო მომსახურების შესახებ ნებისმიერი შეთანხმება (ცალკე არსებული თუ სხვა შეთანხმების ნაწილი), რომელიც არეგულირებს გადახდის ოპერაციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს  და რომელიც მოიცავს ამ წესის III თავში აღწერილ ინფორმაციას.

ბ) ერთჯერადი საგადახდო მომსახურება - ერთჯერადი გადახდის ოპერაცია და ფულადი გზავნილი;

გ) ერთჯერადი გადახდის ოპერაცია - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის N8 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ შესაბამისად განსაზღვრული ოპერაცია;

დ) საკომისიო - საკომისიო, ასევე, მომხმარებლის ნებისმიერი სახის ფულადი ვალდებულება, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს პროვაიდერის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის საფასურს;

ე) მონაცემთა შენახვის სანდო საშუალება (შემდგომში სანდო საშუალება) - მონაცემთა შენახვის ნებისმიერი საშუალება, რომელიც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისე შეინახოს პერსონალურად მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია, რომ შემდგომში შეძლოს შენახული ინფორმაციის მიზნებიდან გამომდინარე ადეკვატური დროის განმავლობაში მისი ნახვა და შენახული ინფორმაციის უცვლელად რეპროდუქცია   (მაგალითად, USB ფლეშ-მეხსიერება; CD-ROM; DVD; პერსონალური კომპიუტერის მყარი დისკი, სადაც ელექტრონული ფოსტით მოსული ინფორმაციის შენახვაა შესაძლებელი;  ინტერნეტ-გვერდი, რომელიც ზემოაღნიშნულ პირობებს აკმაყოფილებს);

ვ)  ვალუტის გაცვლის საორიენტაციო კურსი - ვალუტის გაცვლითი კურსი, რომელიც გამოიყენება როგორც ბაზისი ნებისმიერი ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გამოსათვლელად და რომლის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებიდან;

ზ) მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტი - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის N90/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ შესაბამისად განსაზღვრული ინსტრუმენტი;

თ) ელექტრონული საფულე - ელექტრონული ფულის პროვაიდერთან მომხმარებლის ელეტრონული ფულის აღრიცხვის უნიკალური საშუალება.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „საგადახდო სისტემის და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მნიშვნელობები. 


მუხლი 3. ინფორმაციის მიწოდების საფასური
1.პროვაიდერი ვალდებულია, არანაკლებ ერთჯერადად უსასყიდლოდ მიაწოდოს მომხმარებელს ამ წესით განსაზღვრული ინფორმაცია.

2. პროვაიდერი უფლებამოსილია დააწესოს მომსახურების საკომისიო:

ა) მომხმარებლის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნისთვის, ასევე ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდულობაზე მეტი სიხშირით ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში;

ბ) მომხმარებლის მოთხოვნით ისეთი კომუნიკაციის საშუალებით ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული ჩარჩო ხელშეკრულებით;

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული  საკომისიოს ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაახლოებული უნდა იყოს პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად გაწეული მომსახურების ფაქტობრივ ღირებულებასთან.


მუხლი 4. ინფორმაციის მიუწოდებლობის შედეგები
ამ წესით გათვალისწინებული საკომისიოს თაობაზე ინფორმაციის დადგენილი წესის დარღვევით მიწოდების ან მიუწოდებლობის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს აუნაზღაუროს გადახდილი საკომისიოს თანხა.

თავი II
ერთჯერადი საგადახდო მომსახურება

მუხლი 5. ერთჯერადად შესრულებული საგადახდო მომსახურების არსი
ეს თავი ეხება ისეთი სახის  საგადახდო მომსახურებას, რომელიც ხორციელდება პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე და  მოიცავს ერთჯერადი გადახდის ოპერაციებს და ფულად გზავნილებს.   

მუხლი 6. ინფორმაციის მიწოდების ფორმა
1. პროვაიდერი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს მომხმარებლისთვის ამ წესის მე-7-მე-9 მუხლებში განსაზღვრული ინფორმაცია მარტივი და გასაგები ფორმით სახელმწიფო ენაზე, ასევე დასაშვებია მხარეებს შორის შეთანხმებულ სხვა ენაზეც. მომხმარებელს ასევე უნდა მიეწოდოს ვებგვერდის მისამართი ან მომხმარებლისთვის სხვა თავისუფლად ხელმისაწვდომი წყარო, სადაც მას საშუალება ექნება გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით.

2. ერთჯერადი მომსახურების განხორციელებამდე, პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს  მე-7-მე-9 მუხლებში განსაზღვრული ინფორმაცია ზეპირი ფორმით და/ან გამოიტანოს მონიტორზე და/ან განათავსოს მომსახურების სივრცეში მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ფორმით. 

3. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია  მიაწოდოს მას ინფორმაცია მატერიალურ დოკუმენტზე ან მხარეებს შორის შეთანხმებისას, სხვა  სანდო საშუალებით.

4. თუ პროვაიდერი გადახდის ოპერაციის შესრულებისას კონვერტაციას ახორციელებს მის მიერ დადგენილი კურსით, მაშინ პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისთვის უცხოური ვალუტების გაცვლითი კურსების ისტორიის (კურსის ცვლილების დროის მითითებით) თავისუფლად ხელმისაწვდომობა ოპერაციის განხორციელების დღიდან 180 დღის განმავლობაში.


მუხლი 7. წინასწარ მისაწოდებელი ზოგადი ინფორმაცია
1.  პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) მომხმარებლის მიერ წარსადგენი რეკვიზიტების ჩამონათვალი, რომელიც საჭიროა საგადახდო დავალების სათანადოდ შესასრულებლად;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მაქსიმალური დრო, ასევე უცხოეთში ფულადი გზავნილების განსახორციელებლად საჭირო მაქსიმალური დრო;

გ) მომხმარებლის მიერ პროვაიდერისათვის გადასახდელი ყველა  სახის საკომისიო  და მათი გამოთვლის პრინციპი, გარდა ფიქსირებული საკომისიოსი;

დ) თუ გადახდის ოპერაციის შესრულება დაკავშირებულია ვალუტის კონვერტაციასთან, მაშინ ვალუტის გაცვლის ფაქტობრივი ან საორიენტაციო კურსი და ვალუტის გაცვლის საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პროვაიდერის მიერ დადგენილი საგადახდო დავალების მიღების დროის შუალედი და დროის ის მომენტი, რომლის შემდეგაც პროვაიდერი წყვეტს საგადახდო დავალების მიღებას, თუ პროვაიდერის მიერ ასეთი დრო დადგენილია. ასევე დროის ის მომენტი, რის შემდგომაც მიღებული საგადახდო დავალება ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად.

2. თუ გადახდის ოპერაციის განხორციელებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემა, მაშინ პროვაიდერი ასევე ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია უცხოური შუამავლის მიერ საკომისიოს შესაძლო დაკავების შესახებ.


მუხლი 8. გადამხდელისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია საგადახდო დავალების მიღების შემდეგ
საგადახდო დავალების მიღებისთანავე, გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელისათვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) გადახდის ოპერაციის (ტრანზაქციის) უნიკალური კოდი ან სხვა მონაცემების ერთობლიობა, რომელიც იძლევა ოპერაციის იდენტიფიკაციის (სხვა ოპერაციებისაგან გამორჩევის) საშუალებას;

ბ) გადახდის ოპერაციის თანხა და ვალუტა;

გ) გადამხდელის მიერ პროვაიდერისთვის გადასახდელი/გადახდილი ყველა საკომისიო და მათი გამოთვლის პრინციპი, გარდა ფიქსირებული საკომისიოსი;

დ) თუ გადახდის ოპერაციის შესრულება დაკავშირებულია ვალუტის კონვერტაციასთან, მაშინ გადახდის ოპერაციის შესასრულებლად გამოყენებული ვალუტის გაცვლითი კურსი და კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხა და ვალუტა;

ე) საგადახდო დავალების მიღების თარიღი.


მუხლი 9. მიმღებისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია გადახდის ოპერაციის შესრულების შემდეგ
გადახდის ოპერაციის შესრულების შემდეგ, მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მიმღებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) გადახდის ოპერაციის  (ტრანზაქციის) უნიკალური კოდი ან სხვა მონაცემების ერთობლიობა, მათ შორის ინფორმაცია გადამხდელზე ან/და სხვა ინფორმაცია, რომელიც მიღებულ იქნა ტრანზაქციასთან ერთად;

ბ) გადახდის ოპერაციის თანხა და ვალუტა;

გ) მიმღების მიერ გადასახდელი ყველა სახის საკომისიო და მათი გამოთვლის პრინციპი;

დ) თუ გადახდის ოპერაციის შესრულება (ანგარიშზე ან ელექტრონულ საფულეზე თანხის ჩარიცხვა ან სხვა სახით მისი მიმღებისთვის ხელმისაწვდომობა) დაკავშირებულია ვალუტის კონვერტაციასთან, მაშინ გადახდის ოპერაციის შესასრულებლად გამოყენებული ვალუტის გაცვლითი კურსი, რომლის საფუძველზეც მიმღების პროვაიდერმა მოახდინა თანხის კონვერტაცია და ასევე, კონვერტირებამდე არსებული  თანხა და ვალუტა;

ე) ანგარიშზე ან ელექტრონულ საფულეში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩარიცხვის თარიღი.


თავი III
საგადახდო მომსახურების ჩარჩო-ხელშეკრულება

მუხლი 10. ზოგადი დებულებები
1. ამ თავის დებულებები ეხება ისეთ საგადახდო მომსახურებას, რომელიც სრულდება პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის დადებული ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში.

2. მომხმარებელთან ჩარჩო-ხელშეკრულების დადებამდე ან საგადახდო მომსახურების შეთავაზებისას პროვაიდერმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ამ წესის მე-11, მე-15 და მე-16 მუხლებში განსაზღვრული ინფორმაცია და პირობები ქაღალდზე ან მხარეებს შორის შეთანხმებული სხვა სანდო საშუალებით. ინფორმაცია მიწოდებული უნდა იყოს მარტივი და გასაგები ფორმით, სახელმწიფო ენაზე ან მხარეებს შორის შეთანხმებულ ენაზე. 


მუხლი 11. ინფორმაცია და პირობები
პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) მონაცემები პროვაიდერის შესახებ:

ა.ა) პროვაიდერის დასახელება, მისი სათაო ოფისის ოფიციალური და ფაქტობრივი მისამართი, პროვაიდერის ელექტრონული ფოსტის მისამართი. ვებგვერდის მისამართი ან მომხმარებლისთვის სხვა თავისუფლად ხელმისაწვდომი წყარო, სადაც მითითებულია პროვაიდერის აგენტების ან ფილიალების მისამართები, რომლებიც ახორციელებენ საგადახდო მომსახურებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ა.ბ) პროვაიდერის ლიცენზიის ან რეგისტრაციის ნომერი;

ა.გ) ინფორმაცია საზედამხედველო ორგანოს შესახებ: დასახელება, ვებგვერდის მისამართი;

ბ) მითითება იმის თაობაზე, რომ საზედამხედველო ორგანო არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი პროვაიდერის მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.

გ) ინფორმაცია საგადახდო მომსახურების შესახებ:

გ.ა) გასაწევი საგადახდო მომსახურების ძირითადი მახასიათებლების აღწერა;

გ.ბ) საგადახდო დავალების სათანადოდ შესრულებისათვის აუცილებელი რეკვიზიტები, რომელიც მომხმარებელმა უნდა მიაწოდოს პროვაიდერს;

გ.გ) გადახდის ოპერაციის შესრულებისათვის საჭირო გადამხდელის მიერ თანხმობის გაცემის ან თანხმობის გამოთხოვის ფორმა და პროცედურები;

გ.დ) პროვაიდერის მიერ დადგენილი საგადახდო დავალების მიღების დროის მონაკვეთი და დროის ის მომენტი, რომლის შემდეგაც პროვაიდერი წყვეტს საგადახდო დავალების მიღებას, თუ პროვაიდერის მიერ ასეთი დრო დადგენილია. ასევე დროის ის მომენტი, რის შემდგომაც მიღებული საგადახდო დავალება ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად;

გ.ე) საქართველოს ტერიტორიაზე საგადახდო მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო მაქსიმალური დრო;

გ.ვ) საგადახდო ინსტრუმენტისათვის განსაზღვრული ხარჯვის ლიმიტი, თუ ასეთი არსებობს.

დ) ინფორმაცია მომსახურების  საკომისიოს და გაცვლითი კურსის შესახებ:

დ.ა) მომხმარებლის მიერ პროვაიდერისთვის გადასახდელი ყველა სახის საკომისიო  და მათი გამოთვლის პრინციპი, გარდა ფიქსირებული საკომისიოსი;

დ.ბ) საორიენტაციო გაცვლითი კურსი და ვალუტის გაცვლის საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ საგადახდო მომსახურების გაწევა დაკავშირებულია თანხის კონვერტაციასთან; ასევე, ვებ გვერდის მისამართი, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს გადაამოწმოს უცხოური ვალუტების გაცვლითი კურსების ისტორია (ცვლილების დროის მითითებით) ოპერაციის განხორციელების დღიდან 180 დღის განმავლობაში.

ე) ინფორმაცია საკომუნიკაციო საშუალებების შესახებ:

ე.ა) ინფორმაციისა და შეტყობინების გადასაცემად მხარეებს შორის შეთანხმებული კომუნიკაციის საშუალებები, რომელიც მოიცავს ასევე უსაფრთხოების მიზნით მომხმარებლის  ტექნიკური აღჭურვილობის მიმართ მოთხოვნებს;

ე.ბ) მომხმარებლისთვის ამ წესით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების ფორმა და სიხშირე;

ე.გ) ენა ან ენები, რომელზეც უნდა იყოს გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულება ან/და მიმდინარეობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა;

ე.დ) ჩანაწერი მომხმარებლის უფლების შესახებ, ჩარჩო-ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიიღოს ამ წესით განსაზღვრული ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია ჩარჩო-ხელშეკრულების პირობების შესახებ;

ვ) ინფორმაცია უსაფრთხოებას ღონისძიებებისა და არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ:

ვ.ა) მომხმარებლის მიერ საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების დროს უსაფრთხოების პირობების აღწერა და ამ პირობების დაცვის მნიშვნელობა, მათ შორის, ამ პირობების დაუცველობით გამოწვეული შესაძლო შედეგი. ასევე, მომხმარებლის მიერ ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, სხვის მიერ უკანონოდ მითვისების ან არასანქცირებული გამოყენების დროს პროვაიდერისთვის ინფორმაციის მიწოდების გზები;

ვ.ბ) გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც პროვაიდერს უფლება აქვს დაბლოკოს/შეაჩეროს საგადახდო ინსტრუმენტი;

ვ.გ) არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის შემთხვევაში გადამხდელის ფულადი პასუხისმგებლობის მოცულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას;

ვ.დ) არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ მომხმარებლის მიერ პროვაიდერისათვის (ან პროვაიდერის მიერ განსაზღვრული სხვა პირისათვის) ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადა. ასევე, პროვაიდერის პასუხისმგებლობა არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციაზე „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად;

ვ.ე) პროვაიდერის პასუხისმგებლობა გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობის, არასწორად ან/და ვადის დარღვევით შესრულების შემთხვევაში;

ვ.ვ) არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შემთხვევაში, პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის თანხის უკან დაბრუნების პირობები;

ზ) ინფორმაცია ჩარჩო-ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის ან მისი შეწყვეტის შესახებ:

ზ.ა) ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჩარჩო-ხელშეკრულებაში ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც ხელშეკრულების პირობებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ჩაითვლება მომხმარებელთან შეთანხმებულად, თუ მომხმარებელი ცვლილების ძალაში შესვლამდე არ შეატყობინებს პროვაიდერს, რომ არ ეთანხმება დაგეგმილ ცვლილებას;

ზ.ბ) ჩარჩო-ხელშეკრულების მოქმედების ხანგრძლივობა;

ზ.გ) მომხმარებლის უფლება შეწყვიტოს ჩარჩო-ხელშეკრულება და/ან ნებისმიერი სხვა შეთანხმება ამ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-13 მუხლის შესაბამისად.

თ) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად საგადახდო ინსტრუმენტთან დაკავშირებით მხარეთა ვალდებულებები და აღნიშნული ვალდებულებების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობის ზომები.

ი) ინფორმაცია დავების გადაწყვეტის შესახებ.


მუხლი 12. ცვლილებები ჩარჩო ხელშეკრულების პირობებში
1.  პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ჩარჩო ხელშეკრულების პირობებში დაგეგმილი ცვლილება (ცვლილებები),  მის (მათ) ამოქმედებამდე ერთი თვით ადრე ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმით.   

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ხორციელდება საგადახდო მომსახურების საკომისიოს ოდენობის ცვლილება მომხმარებლის სასარგებლოდ, ასევე იმ ახალ საგადახდო მომსახურებაზე რომელიც არ ანაცვლებს და/ან არ ცვლის ჩარჩო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგადახდო მომსახურებას (მომსახურებებს).

3. თუ ჩარჩო ხელშეკრულება შეიცავს მომხმარებლის თანხმობას სახელშეკრულებო პირობების შესაძლო ცვლილების განხორციელებაზე, პროვაიდერის მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება მომხმარებლის მიერ დადასტურებულად, თუ ცვლილების ამოქმედებამდე შეთავაზებულ პირობებზე მომხმარებელი არ განუცხადებს უარს პროვაიდერს. ცვლილებების ამოქმედებამდე მომხმარებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ჩარჩო ხელშეკრულება დაუყოვნებლივ, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის განსაზღვრული ყოველგვარი საკომისიოს, ხარჯის და პირგასამტეხლოს გადახდის გარეშე. თავის მხრივ, ცვლილებებზე მომხმარებლის უარის შემთხვევაში პროვაიდერი უფლებამოსილია შეწყვიტოს ჩარჩო ხელშეკრულება ცვლილებების ამოქმედების თარიღის შემდეგ.


მუხლი 13. ჩარჩო ხელშეკრულების შეწყვეტა
1. საგადახდო მომსახურების მომხმარებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ჩარჩო ხელშეკრულება ნებისმიერ დროს, თუ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მომხმარებლის მიერ წინასწარი შეტყობინების ვალდებულება. წინასწარი შეტყობინების  ვადა  არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. მომხმარებლის მიერ წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ ვრცელდება ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე.

2. თუ ჩარჩო ხელშეკრულება დადებულია განსაზღვრული პერიოდით, რომელიც აღემატება 12 თვეს ან განუსაზღვრელი ვადით, მაშინ 12 თვის გასვლის შემდეგ, მისი შეწყვეტა მომხმარებლისათვის არ უნდა წარმოშობდეს რაიმე დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს პროვაიდერის წინაშე. სხვა შემთხვევებში ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულება არ უნდა აღემატებოდეს  ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე პროვაიდერის მიერ გასაწევ რეალურ ხარჯს.

3. თუ უვადო ჩარჩო ხელშეკრულება იძლევა პროვაიდერის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას, მაშინ პროვაიდერი ვალდებულია შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს არანაკლებ ერთი თვით ადრე.

4. ჩარჩო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, საგადახდო მომსახურებისთვის რეგულარულად გადასახდელი საკომისიოს გადახდა უნდა მოხდეს მხოლოდ გაწეული საგადახდო მომსახურების პერიოდის პროპორციულად. თუ საგადახდო მომსახურების საკომისიო მომხმარებლის მიერ გადახდილია წინასწარ, მაშინ პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს აუნაზღაუროს ზედმეტად გადახდილი თანხა.


მუხლი 14. გადამხდელისთვის წინასწარ მისაწოდებელი ინფორმაცია გადახდის ოპერაციის შესახებ
გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს მას  გადახდის ოპერაციის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) საგადახდო მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მაქსიმალური დრო;

ბ) მომხმარებლის მიერ პროვაიდერისთვის გადასახდელი ყველა  სახის საკომისიო და მათი გამოთვლის პრინციპი, გარდა ფიქსირებული საკომისიოსი;


მუხლი 15. გადამხდელისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია  გადახდის ოპერაციის შესახებ
1. პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციის თანხით გადამხდელის ანგარიშის ან ელექტრონული საფულის  დადებეტების შემდეგ, პროვაიდერმა გადამხდელს უნდა მიაწოდოს (გახადოს ხელმისაწვდომი) შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) გადახდის ოპერაციის (ტრანზაქციის) უნიკალური კოდი ან სხვა მონაცემების ერთობლიობა, რომელიც იძლევა ოპერაციის იდენტიფიკაციის (სხვა ოპერაციებისაგან გამორჩევის) საშუალებას;

ბ) გადახდის ოპერაციის თანხა და ვალუტა, რომელშიც მოხდა საგადახდო დავალების შესრულება;

გ) გადამხდელის მიერ პროვაიდერისთვის გადასახდელი/გადახდილი ყველა საკომისიო;

დ) თუ გადახდის ოპერაციის შესრულება დაკავშირებულია ვალუტის კონვერტაციასთან, მაშინ გადახდის ოპერაციის შესასრულებლად გამოყენებული ვალუტის გაცვლითი კურსი და კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხა და ვალუტა;

ე) საგადახდო დავალების მიღების თარიღი.

2. ჩარჩო ხელშეკრულების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება ან მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი შეთანხმებული ფორმით, ისე რომ გადამხდელს საშუალება ჰქონდეს  შეინახოს ან აღადგინოს ინფორმაცია უცვლელად.


მუხლი 16. მიმღებისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია გადახდის ოპერაციის შესახებ
1. მიმღების პროვაიდერმა, მიმღებს უნდა მიაწოდოს (გახადოს ხელმისაწვდომი) შემდეგი სახის ინფორმაცია გადახდის ოპერაციის შესახებ:

ა) გადახდის ოპერაციის (ტრანზაქციის) უნიკალური კოდი ან სხვა მონაცემების ერთობლიობა, რომელიც იძლევა ოპერაციის იდენტიფიკაციის (სხვა ოპერაციებისაგან გამორჩევის) საშუალებას;

ბ) გადახდის ოპერაციის თანხა იმ ვალუტაში, რომელშიც მოხდა მიმღების ანგარიშის დაკრედიტება;

გ) მიმღების მიერ გადასახდელი ყველა სახის საკომისიო;

დ) თუ გადახდის ოპერაციის შესრულება (ანგარიშზე ან ელექტრონულ საფულეზე ჩარიცხვა ან სხვა სახით მიმღებისთვის ხელმისაწვდომობა) დაკავშირებულია ვალუტის კონვერტაციასთან, მაშინ გადახდის ოპერაციის შესასრულებლად გამოყენებული ვალუტის გაცვლითი კურსი, რომლის საფუძველზეც მიმღების პროვაიდერმა მოახდინა თანხის კონვერტაცია და ასევე, კონვერტაციამდე არსებული  თანხა და ვალუტა;

ე) ანგარიშზე ან ელექტრონულ საფულეში ჩარიცხვის (დაკრედიტების) თარიღი.

2. ჩარჩო ხელშეკრულების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება ან მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი შეთანხმებული ფორმით, ისე რომ გადამხდელს საშუალება ჰქონდეს შეინახოს ან აღადგინოს ინფორმაცია უცვლელად.


თავი IV
მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტი

მუხლი 17. ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნები მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტებისთვის
1. პროვაიდერი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს მომხმარებლისთვის მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია:
ა) გასაწევი საგადახდო მომსახურების ძირითადი ელემენტების აღწერა;
ბ) საგადახდო ინსტრუმენტის მახასიათებლები და მისი გამოყენების წესები;
გ) მხარეთა პასუხისმგებლობები;
დ) მომსახურების საკომისიო;
ე) სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა, რომ მომხმარებელმა გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოს, მათ შორის ამ წესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებზე; 
2. პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელსვებ-გვერდის მისამართი ან სხვა წყარო, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება გაეცნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა ინფორმაციას საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით.
3. ინფორმაცია მიწოდებული უნდა იყოს მარტივი და გასაგები ფორმით სახელმწიფო ენაზე ან მხარეებს შორის შეთანხმებულ სხვა ენაზე.

მუხლი 18. ინფორმაცია მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტებით შესრულებული გადახდის ოპერაციის შესახებ
1. მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტით გადახდის ოპერაციის შესრულების შემდეგ პროვაიდერი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს (გადამხდელს და მიმღებს) შემდეგი ინფორმაცია:

ა) გადახდის ოპერაციის (ტრანზაქციის) უნიკალური კოდი ან სხვა მონაცემების ერთობლიობა, რომელიც იძლევა ოპერაციის იდენტიფიკაციის (სხვა ოპერაციებისაგან გამორჩევის) საშუალებას;

ბ) გადახდის ოპერაციის თანხა და ვალუტა, რომელშიც მოხდა საგადახდო დავალების შესრულება;

გ) გადამხდელის მიერ პროვაიდერისთვის გადასახდელი/გადახდილი ყველა საკომისიო;

2. თუ გადამხდელის მიერ სრულდება რამდენიმე გადახდის ოპერაცია ერთიდაიმავე მიმღების სასარგებლოდ, პროვაიდერი უფლებამოსილია მიაწოდოს ინფორმაცია მხოლოდ ოპერაციების ჯამურ თანხაზე და საკომისიოზე.

3.ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ინსტრუმენტის გამოყენება ხდება ანონიმურად ან აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია პროვაიდერის სისტემის ტექნიკური მოწყობის გამო. 


თავი V
დასკვნითი დებულებები

მუხლი 19. სანქციები
პროვაიდერის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

მუხლი 20. გარდამავალი დებულებები
1. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდეს  ამ წესის ამოქმედების მომენტიდან  განხორციელებულ საგადახდო მომსახურებაზე.

2. პროვაიდერი ვალდებულია  ამ წესის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, უზრუნველყოს ჩარჩო ხელშეკრულების ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

3.  ამ წესის დარღვევით დადებული ხელშეკრულება ან მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება, არ შეიძლება გახდეს ასეთი ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.

4.  ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ზღუდავს პროვაიდერის უფლებებსა და ვალდებულებებს, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში მომხმარებელს არ მიაწოდოს ამ წესით განსაზღვრული ინფორმაცია, შეუჩეროს და/ან შეუწყვიტოს საგადახდო მომსახურების განხორციელება.