დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1513 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/06/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.080.000.05.001.000.395 |
საქართველოს კანონი
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30/5, 11 დეკემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი, ხოლო მე-4 პუნქტი შესაბამისად ჩაითვალოს მე-3 პუნქტად.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ინვესტირების შედეგების ფლობის, გამოყენების, განკარგვის უფლებები ინვესტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაეცეს სხვა იურიდიულ და/ან ფიზიკურ პირს კანონით დადგენილი წესით. უფლებების ასეთი გადაცემისას მხარეთა ურთიერთობა წესრიგდება ხელშეკრულების საფუძველზე“; მე-5_7-ე პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-6_8-ე პუნქტებად.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საქართველოს საინვესტიციო ცენტრი
ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო- ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან მოქმედებს საქართველოს საინვესტიციო ცენტრი, რომლის ფუნქციებია:
ა) ინვესტორთა მომსახურება და მათ მიერ წამოწყებულ სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეწყობა;
ბ) საქართველოს, როგორც ინვესტირებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის წარმოჩენა, საინვესტიციო გარემოს, საკანონმდებლო ბაზის, საგადასახადო სისტემისა და ინვესტირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება;
გ) საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შესაძლო პარტნიორების გამოვლენა და ერთობლივ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისათვის მათთვის რეკომენდაციების მიცემა;
დ) საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და მათი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის წარდგენა;
ე) ინვესტიციების მოზიდვა, უცხო ქვეყნებისა და კომპანიების იდენტიფიკაცია და მათთან ინდივიდუალური კონტაქტების დამყარება.“
4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. აკრძალვა და შეზღუდვა ინვესტიციის განხორციელების სფეროში
1. საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება აკრძალულია:
ა) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის შექმნაში, წარმოებასა და გავრცელებაში;
ბ) ბირთვული, ბაქტერიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოცდის პოლიგონების მშენებლობაში;
გ) უცხო ქვეყნებიდან ბირთვული და ტოქსიკური ნარჩენების ჩამარხვა-გაუვნებლობის მიზნით შემოტანაში;
დ) ადამიანის კლონირებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებაში;
ე) ნარკოტიკული საშუალებების წარმოებაში;
ვ) დამაძინებელი ყაყაჩოს, კოკას ბუჩქისა და კანაფის მცენარის კულტივირებაში;
ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ საქმიანობაში.
2. მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსთვისაა ინვესტირება დასაშვები:
ა) ფულადი ნიშნების, მონეტების, სახელმწიფო ჯილდოების ნიშნების, საფოსტო მარკების წარმოებაში;
ბ) ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაწარმის დადამღვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
გ) სამედიცინო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებების იმპორტთან, ექსპორტთან, გადაზიდვასთან, საბითუმო რეალიზაციასთან და ახალი ნარკოტიკული საშუალებების შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული პრეპარატების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, იმპორტთან, ექსპორტთან, გადაზიდვასთან, საბითუმო რეალიზაციასთან და ახალი სახეობების შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
ე) ენერგეტიკის სადისპეტჩერო საქმიანობაში.
3. უცხო ქვეყნისა და კერძო ინვესტორებისათვის, მართვის უფლების მინიჭების გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტირება დასაშვებია:
ა) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და საზღვაო ნავსადგურების აკვატორიებში საზღვაო-სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებასთან, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის სადისპეტჩერო საქმიანობაში;
გ) საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების მოძრაობის რეგულირებასთან, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კონტროლთან დაკავშირებულ საქმიანობაში;
დ) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეთანხმებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, სამხედრო-საბრძოლო ტექნიკის წარმოებასა და რეალიზაციაში ახალი სახეობებისა და მოდიფიცირებული იარაღის შექმნასა და გამოცდაში;
ე) სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში;
ვ) სამშვიდობო დანიშნულებით ბირთვული ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.“.
5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. ქონებრივი უფლების მოპოვება მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე
მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე ქონებრივი უფლების, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების გადამუშავებისა და ათვისების უფლების მოპოვება წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, „საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისათვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით“.
6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 მუხლი:
„მუხლი 17. გარდამავალი დებულება
საწარმოებმა და ობიექტებმა, რომელთა საქმიანობის მიმართულება და ინვესტირების წყაროები არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს, 6 თვის ვადაში უნდა შეიცვალონ პროფილი ან შეწყვიტონ ფუნქციონირება და უზრუნველყონ განხორციელებული ინვესტიციების კანონთან შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მექანიზმები“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 26 ივნისი.
№1513_IIს
დოკუმენტის კომენტარები