საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ

  • Word
საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 280.090.060.05.001.000.310
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1160
11/12/1997
პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997
280.090.060.05.001.000.310
საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/1997 - 29/05/1998)

საქართველოს კანონი

საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ

ანტიჰუმანურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულმა ტოტალიტარულმა კომუნისტურმა საბჭოთა რეჟიმმა მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა _ ათასობით საქართველოს მოქალაქე გახდა ამ რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლი.

დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პარლამენტი აღნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომლის უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე, პირადი ხელშეუხებლობა და თავისუფლება;

აღიარებს საბჭოთა რეჟიმის დროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს თავისუფალი საქართველოს შექმნაში;

გამომდინარეობს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობიდან და იღებს ამ კანონს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ეს კანონი განსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიის და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებებს, ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერლად აღიარების წესს და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის გარანტიებს.

2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს საქართველოს ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე.

3. ეს კანონი არ ვრცელდება 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, რომელთა რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება.

    მუხლი 2

პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე, ამ კანონის მე-4 მუხლში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები.

    მუხლი 3

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა:

ა) პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია;

ბ) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას.

    მუხლი 4

1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც მსჯავდებული იყო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

ა) ანტისაბჭოთა და კონტრრევოლუციური აგიტაცია და პროპაგანდა; კონტრრევოლუციური და მმართველობის წესის საწინააღმდეგო სსრ კავშირისათვის საშიში სხვა დანაშაული;

ბ) სახელმწიფოსაგან ეკლესიის და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის კანონის დარღვევა;

გ) წინასწარი შეცნობით სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის სახელის გამტეხი ცრუ მონაჭორის გავრცელება;

დ) შრომა-გასწორების, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილიდან გაქცევა, თუ პირი იქ იმყოფებოდა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად;

ე) რელიგიური წესის აღსრულების მოტივით ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ხელყოფა.

2. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბი ბრალდების საფუძველზე და რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.

3. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება, „ГПУ-ОГПУ“-ს, „ВЧК“-ს, „УНКВД-НКВД“-ს, „МГБ“-ს, „КГБ“-ს, „МВД“-ს, საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი.

    მუხლი 5

1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად არ მიიჩნევა პირი, რომელიც სასამართლოს განაჩენით იყო მსჯავრდებული შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

ა) ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, ბანდიტიზმი, რაც დაკავშირებული არ იყო პოლიტიკური მოტივით მის დევნასთან;

ბ) კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაული, აგრეთვე სხვაგვარი ძალადობა სამოქალაქო მოსახლეობის ან სამხედრო ტყვეების მიმართ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც რეპრესირებული იყო, როგორც დამნაშავის ოჯახის წევრი.

თავი II

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესი და შედეგები

    მუხლი 6

ამ კანონით განსაზღვრული პირობების საფუძველზე პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა ხდება სასამართლო წესით.

    მუხლი 7

1. განცხადებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონით მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მუდმივად ან დროებით ცხოვრობს რეპრესირებული პირი ან მისი კანონით მემკვიდრე.

2. განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განიხილება ამ კანონით და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

    მუხლი 8

1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს აღუდგება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად დარღვეული ყველა პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლება და თავისუფლება, სამხედრო და სპეციალური წოდებები, უბრუნდება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად ჩამორთმეული სახელმწიფო ჯილდოები, მიენიჭება შეღავათები ამ კანონით დადგენილი წესით.

2. თუ პირი აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად წარდგენილი ბრალდების მხოლოდ გარკვეულ ნაწილში, მას აღუდგება მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც დარღვეული იყო პოლიტიკურ ბრალდებასთან დაკავშირებით.

3. რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით.

    მუხლი 9

პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით, ან გარდაიცვალა პოლიტიკური რესპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, აგრეთვე მის პირველი რიგის მემკვიდრეს შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია, რომლის ოდენობას და გაცემის წესს ადგენს კანონი.

    მუხლი 10

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოწმობა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესით მიეცემა უშუალოდ რეპრესირებულ პირს, მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი _ მის კანონით მემკვიდრეს.

    მუხლი 11

1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს, ან მისი თანხმობით სხვა პირს ანდა მისი გარდაცვალების შემთხვევაში მის მეუღლეს, და-ძმას, მშობელს, შვილს, პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავს უფლება აქვს გაეცნოს შესაბამის სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმის მასალებს, მიიღოს არასაპროცესო ხასიათის საბუთების ასლები კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში.

2. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს და მის მემკვიდრეებს უფლება აქვთ დაიბრუნონ საქმეში შენახული პირადი ხელნაწერები, საბუთები და სხვა დოკუმენტების ასლები, აგრეთვე პირადი ნივთები.

თავი III

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სოციალური დაცვის გარანტიები

    მუხლი 12

1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს, რომელიც პოლიტიკური რეპრესიის შედეგად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სპეციალურ დასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, გადასახლებაში, გასახლებაში, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი _ მის, აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიის გამო გარდაცვლილი პირის, შრომისუუნარო ან საპენსიო ასაკს მიღწეულ მეუღლეს, მშობელს და შვილს (ნაშვილებს) უწესდება შემდეგი უფლებები და შეღავათები:

ა) სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა სახელმწიფოს ხარჯზე;

ბ) საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, გაზი, ელექტრო და თბოენერგია, რადიო, ტელეფონი (გარდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრებისა), კოლექტიური ანტენა) ფასდაკლება სახელმწიფო ხარჯზე _ ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო დაწესებულება. საცხოვრებელი ფართობის ქირის შეღავათები უწესდება პირს, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო ფონდის სახლში;

გ) საპროთეზო და ორთოპედიული ნაკეთობებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ხარჯზე;

დ) სახელმწიფო სოცუზრუნველყოფის ორგანოების მიერ სახელმწიფო ტრანპორტით მგზავრობის ტალონებით უფასოდ უზრუნველყოფა დადგენილი წესით;

ე) სამუშაო სტაჟის მიუხედავად სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე (სამსახურში) უპირატესი დატოვება;

ვ) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო იურიდიული კონსულტაციებით უფასოდ სარგებლობა და სასამართლო ხარჯისაგან განთავისუფლება.

2. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს, რომელიც იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სპეციალურ დასახლებაში, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი _ მის, აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიის გამო გარდაცვლილი პირის, შრომისუუნარო ან საპენსიო ასაკს მიღწეულ მეუღლეს, მშობელს და შვილს (ნაშვილებს), მიუხედავად წელთა ნამსახურობისა, მიეცემა ყოველთვიური პენსია, რომლის ოდენობას და გაცემის წესს ადგენს ცალკე კანონი.

თავი IV

გარდამავალი დაბულებანი

    მუხლი 13

1998 წელს ამ კანონით განსაზღვრულ პირთა საპენსიო უზრუნველყოფა განხორციელდეს „საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ომის ინვალიდებისათვის დაწესებული პენსიის ოდენობის მიხედვით.

თავი V

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 14

1. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.

2. კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 1999 წლის 1 იანვრიდან.

3. პირებზე, რომლებიც რეაბილიტირებული არიან ამ კანონის ამოქმედებამდე, გავრცელდება ამ კანონით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირთათვის დადგენილი ყველა შეღავათი და უფლება.

4. კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის შრომისუუნარო ან საპენსიო ასაკს მიღწეული შვილის (ნაშვილების) მიმართ ამოქმედდეს 1998 წლის 1 სექტემბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 11 დეკემბერი.

№1160-Iს