საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ

საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 280.090.060.05.001.000.310
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1160
11/12/1997
პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997
280.090.060.05.001.000.310
საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ

ანტიჰუმანურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულმა ტოტალიტარულმა კომუნისტურმა საბჭოთა რეჟიმმა მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა _ ათასობით საქართველოს მოქალაქე გახდა ამ რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიების მსხვერპლი.

დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პარლამენტი აღნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომლის უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე, პირადი ხელშეუხებლობა და თავისუფლება;

აღიარებს საბჭოთა რეჟიმის დროს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს თავისუფალი საქართველოს შექმნაში;

გამომდინარეობს სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობიდან და იღებს ამ კანონს.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ეს კანონი განსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიის და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებებს, ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერლად აღიარების წესს და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის გარანტიებს.

2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე.

3. ეს კანონი არ ვრცელდება 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, რომელთა რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება.

საქართველოს 1998 წლის 29 მაისის კანონი №1403 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 14.06.1998 წ., გვ.10

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1770 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.239

    მუხლი 2

პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა – სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1770 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.239

    მუხლი 3

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა:

ა) პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია;

ბ) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას.

    მუხლი 4

1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც მსჯავდებული იყო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

ა) ანტისაბჭოთა და კონტრრევოლუციური აგიტაცია და პროპაგანდა; კონტრრევოლუციური და მმართველობის წესის საწინააღმდეგო სსრ კავშირისათვის საშიში სხვა დანაშაული;

ბ) სახელმწიფოსაგან ეკლესიის და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის კანონის დარღვევა;

გ) წინასწარი შეცნობით სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის სახელის გამტეხი ცრუ მონაჭორის გავრცელება;

დ) შრომა-გასწორების, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილიდან გაქცევა, თუ პირი იქ იმყოფებოდა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად;

ე) რელიგიური წესის აღსრულების მოტივით ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ხელყოფა.

2. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბი ბრალდების საფუძველზე და რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.

3. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება, „ГПУ-ОГПУ“-ს, „ВЧК“-ს, „УНКВД-НКВД“-ს, „МГБ“-ს, „КГБ“-ს, „МВД“-ს, საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი.

4. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც რეაბილიტირებულ იქნა საქართველოს სასამართლოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდება ემყარებოდა კანონიერი ხელისუფლების სტრუქტურებში სამსახურს ან ამ სტრუქტურების მხარდაჭერას.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1770 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.239

    მუხლი 5

1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად არ მიიჩნევა პირი, რომელიც სასამართლოს განაჩენით იყო მსჯავრდებული შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

ა) ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, ბანდიტიზმი, რაც დაკავშირებული არ იყო პოლიტიკური მოტივით მის დევნასთან;

ბ) კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაული, აგრეთვე სხვაგვარი ძალადობა სამოქალაქო მოსახლეობის ან სამხედრო ტყვეების მიმართ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც რეპრესირებული იყო, როგორც დამნაშავის ოჯახის წევრი.

 

თავი II. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესი და შედეგები

    მუხლი 6

ამ კანონით განსაზღვრული პირობების საფუძველზე პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა ხდება სასამართლო წესით.

    მუხლი 7

1. განცხადებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონით მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მუდმივად ან დროებით ცხოვრობს რეპრესირებული პირი ან მისი კანონით მემკვიდრე.

2. განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განიხილება ამ კანონით და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2047 - სსმ I, №37, 30.11.2009 წ., მუხ.278

    მუხლი 8

1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს აღუდგება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად დარღვეული ყველა პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლება და თავისუფლება, სამხედრო და სპეციალური წოდებები, უბრუნდება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად ჩამორთმეული სახელმწიფო ჯილდოები, მიენიჭება შეღავათები ამ კანონით დადგენილი წესით.

2. თუ პირი აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად წარდგენილი ბრალდების მხოლოდ გარკვეულ ნაწილში, მას აღუდგება მხოლოდ ის უფლებები, რომლებიც დარღვეული იყო პოლიტიკურ ბრალდებასთან დაკავშირებით.

3. რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით.

    მუხლი 9

1. პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია. ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს.

2. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

3. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ფულადი კომპენსაციის ოდენობას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო. ფულადი კომპენსაციის ოდენობაა არანაკლებ 1000 და არაუმეტეს 2000 ლარისა.

საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4562 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2762 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.

    მუხლი 10 . (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3070 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.221

საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონი №5510 - სსმ I, №43, 12.12.2007 წ., მუხ.390

    მუხლი 11

1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს, ან მისი თანხმობით სხვა პირს ანდა მისი გარდაცვალების შემთხვევაში მის მეუღლეს, და-ძმას, მშობელს, შვილს, პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავს უფლება აქვს გაეცნოს შესაბამის სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმის მასალებს, მიიღოს არასაპროცესო ხასიათის საბუთების ასლები კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში.

2. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს და მის მემკვიდრეებს უფლება აქვთ დაიბრუნონ საქმეში შენახული პირადი ხელნაწერები, საბუთები და სხვა დოკუმენტების ასლები, აგრეთვე პირადი ნივთები.

 

თავი III. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სოციალური დაცვის გარანტიები

    მუხლი 12

1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირი, რომელიც პოლიტიკური რეპრესიის შედეგად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სპეციალურ დასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, გადასახლებაში, გასახლებაში, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში – მისი, აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიის გამო გარდაცვლილი პირის შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო მეუღლე, მშობლები და შვილები (ნაშვილები) სარგებლობენ:

ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;

ბ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (გათბობა, წყალი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, გაზი და თბოენერგია, ტელეფონის სააბონენტო გადასახადი) ფასდაკლებით სახელმწიფოს ხარჯზე – ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო დაწესებულება; ელექტროენერგიის უფასო მოხმარებით თვეში 30 კვტ სთ-ის ოდენობით, ხოლო ოჯახში ორი ან მეტი შეღავათის მქონე პირის არსებობისას – 45 კვტ სთ-ის ოდენობით. საცხოვრებელი ფართობის ქირის შეღავათი უწესდება პირს, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო ფონდის სახლში;

გ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს, რომელიც იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილას, გადასახლებაში, გასახლებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სპეციალურ დასახლებაში, მიუხედავად ასაკისა, შრომის სტაჟისა, დასაქმებისა, აგრეთვე გარდაცვლილი რეპრესირებულის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობელსა და შვილს (ნაშვილებს), მიუხედავად დასაქმებისა, მიეცემა ყოველთვიური პენსია, რომლის ოდენობას და გაცემის წესს ადგენს კანონი.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიების ფინანსური უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ სოციალური დაცვის გარანტიების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2006 წლის 1 იანვრიდან.

5. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი არ აბრკოლებს შესაბამისი კატეგორიის პირთა საქმეების სასამართლოში განხილვას.

საქართველოს 1998 წლის 29 მაისის კანონი №1403 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 14.06.1998 წ., გვ.10

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1770 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.239

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2456 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.437

 

თავი IV. გარდამავალი დაბულებანი

    მუხლი 13

ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2456 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.437

 

თავი V. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 14

1. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.

2. (ამოღებულია).

3. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის შრომისუუნარო შვილის (ნაშვილების) მიმართ ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 1998 წლის 29 მაისის კანონი №1403 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 14.06.1998 წ., გვ.10

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1870 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.46

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №386 - სსმ I, №22, 15.06.2000 წ., მუხ.57

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2456 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.437

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 11 დეკემბერი.

№1160-Iს