„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1/166
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 19/10/2015
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1/166
19/10/2015
ვებგვერდი, 28/12/2015
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  №1/166

2015 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

1. „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის N1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება და 131  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 131.  მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხის განხილვის წესი

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლის ქვემდგომი, იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხის ინიციირების თაობაზე.

2. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი  კონკურსის გარეშე ქვემდგომი, იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად, შეუფერხებლად და ეფექტიანად განხორციელების ინტერესს.

4. საკითხის ინიციირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) სასამართლოში მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობის არარსებობა ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა;

ბ) ორგანული კანონით გათვალისწინებული წესით ვაკანტურ ადგილებზე ახალი კონკურსის გამოუცხადებლობა ან კონკურსის დადგენილ ვადაში ჩატარების შეუძლებლობა;

გ) მოსამართლის განცხადება სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის თაობაზე.

5. იმავე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული სასამართლოს საჭიროება, მოსამართლის საცხოვრებელი ადგილი, მისი ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა და სხვ.

6. მოსამართლეთა დაწინაურების უფლების უზრუნველყოფის, მოსამართლეთა კორპუსის მობილურობისა და მოქმედ მოსამართლეთა გამოცდილების რესურსის ეფექტიანი გამოყენების ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სააპელაციო სასამართლოში ვაკანსიების არსებობისას, კონკურსის პარალელურად ან მის გარეშე, უფლებამოსილია განსაზღვროს იმ ვაკანტურ ადგილთა რაოდენობა, რომელიც განკუთვნილი იქნება მოსამართლეთა დაწინაურებისათვის.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

8. განაცხადის წარდგენის უფლება აქვს საერთო სასამართლოების ნებისმიერ მოსამართლეს. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში.

9. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახდენს განაცხადების განხილვას და იწვევს კანდიდატს გასაუბრებაზე.

10. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებით.

11. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს მოსამართლე, რომელიც თავისი კომპეტენციით, გამოცდილებით, საქმიანი და მორალური რეპუტაციით შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მაღალ წოდებას და აქვს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება.

12. მოსამართლეს, რომლის მიმართ დისციპლინური სახდელი გაქარწყლებული არ არის, ეზღუდება ზემდგომი ინსტანციის მოსამართლედ დაწინაურების უფლება.

13. ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული დაწინაურების კრიტერიუმების მიხედვით მოსამართლის შეფასებას ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

14. საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მოსამართლის საქმიანობის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, განხილულ საქმეთა კოეფიციენტების რაოდენობას, დასრულებულ საქმეთა სირთულეს, საქმის განხილვის საპროცესო ვადების დაცვას, გადაწყვეტილების მომზადების ვადების დაცვას, გადაწყვეტილებათა სტაბილურობას, სამუშაო დისციპლინას, მოსამართლის ავტორიტეტს კოლეგებს შორის, მის მონაწილეობას ახალგაზრდა მოსამართლეებისა და იურისტების მენტორობასა და სწავლებაში, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი საკითხების განხილვაში მის აქტიურ როლს, მის ორგანიზაციულ ნიჭს, სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, მისი მხრიდან სამოსამართლო ეთიკისა და პროფესიული სტანდარტების დაცულობას, მისი პროფესიული ზრდის ტენდენციებს და სხვა.

15. მოსამართლის შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხედველობაში იღებს  „საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 27 დეკემბრის №1/226 გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელებულ ბოლო 1 წლის საქმიანობის შეფასების შედეგებს.

16. მოსამართლე უფლებამოსილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს წერილობით წარუდგინოს თვითშეფასება და თავისი საქმიანობის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელების მოტივაცია.

17. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენენ შესაბამის სტატისტიკურ და სხვა ინფორმაციას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავად მოიძიოს პირის შესახებ ინფორმაცია.

18. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს მართლმსაჯულების ინტერესებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია, ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მოსამართლის შესაბამისობის დადგენისას იხელმძღვანელოს ობიექტურობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით, მხარი დაუჭიროს იმ მოსამართლეს, რომელიც თავისი კვალიფიკაციითა და მორალური თვისებებით სხვებთან შედარებით ყველაზე მეტად შეესაბამება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის მაღალ წოდებას, არ დაუშვას თვითნებური და დისკრიმინაციული მიდგომის გამოყენება.

19. იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს სხვა სასამართლოს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.“.

 

2. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დადგენილი 131 მუხლის მე-10-მე-18 პუნქტები მოქმედებს მოსამართლეთა მუდმივი პროფესიული შეფასების ფარგლებში მოსამართლეთა დაწინაურების ახალი სისტემის ამოქმედებამდე.

 

3. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

საქართველოს იუსტიციის

უმაღლესი საბჭოს მდივანი                                                              ლევან მურუსიძე