საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4648-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 060000000.05.001.018035
4648-რს
16/12/2015
ვებგვერდი, 28/12/2015
060000000.05.001.018035
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) დაემატოს შემდეგი შინაარსის 452-ე მუხლი:

„მუხლი 452. 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინებაზე თანხმობის გაცემა გარდამავალ პერიოდში

 1. 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინებაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს უდავო წარმოების წესით, ამ კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად.

 2. განცხადება 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინებაზე თანხმობის გაცემის შესახებ შეიტანება სასამართლოში დაქორწინების მსურველი ერთ-ერთი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ დაქორწინების მსურველთაგან ერთი სრულწლოვანია, აღნიშნული განცხადება შეიტანება სასამართლოში არასრულწლოვანი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 3. განცხადებაში გამოხატული უნდა იყოს ორივე განმცხადებლის თანხმობა ქორწინებაზე. ამ განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პატივსადები მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია გაცემული უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

 4. მოსამართლე საქმის განხილვისას ამოწმებს არასრულწლოვანი პირის ქორწინებაზე თანხმობის გაცემისათვის აუცილებელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პატივსადები მიზეზის არსებობას, არასრულწლოვანი განმცხადებლის უშუალო მონაწილეობით ადგენს დაქორწინების თაობაზე მისი ნამდვილი ნების არსებობას და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინებაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

 5. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

6. ეს მუხლი ძალას კარგავს 2017 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

16 დეკემბერი 2015 წ.

N4648-რს