საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4620-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 420000000.05.001.018022
4620-Iს
11/12/2015
ვებგვერდი, 23/12/2015
420000000.05.001.018022
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის;

ბ) ადგილობრივი საჰაერო ხაზი – სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც არის საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილი, საჰაერო სივრცეში სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდული დერეფანი საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში და რომელიც უზრუნველყოფილია აეროდრომით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით;

გ) აეროპორტი – საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდების, მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის მიღებას, მომსახურებას, დამუშავებასა და გაშვებას და რომელსაც ამ მიზნით აქვს აეროდრომი, სამგზავრო ტერმინალი, სხვა მიწისზედა ნაგებობები, მოწყობილობები და ჰყავს შესაბამისი მომსახურე პერსონალი;

დ) აეროდრომის რაიონი – აეროდრომისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე განლაგებული, ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შემოფარგლული საჰაერო სივრცის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს მის ქვემოთ მდებარე მიწისა და წყლის ზედაპირებს;

ე) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტი – თვითმფრინავზე ან შვეულმფრენზე მეთაურის ან მეორე პილოტის დანიშნულების შესრულების უფლების მქონე, ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მფლობელი პირი;

ვ) ავიასამედიცინო ცენტრი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე უფლებამოსილია უზრუნველყოს ავიასპეციალისტთა სამედიცინო შემოწმება და გასცეს შესაბამისი სამედიცინო სერტიფიკატი; 

ზ) ავიასამედიცინო ექსპერტი – უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც ფლობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს, რომელსაც დამატებით გავლილი აქვს საავიაციო მედიცინის მომზადებისა და შემდგომი სწავლების კურსი და რომელიც ახორციელებს სამედიცინო შემოწმებას ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის მიზნით;  

თ) ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა – განსაკუთრებული მომზადების მქონე, კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის და მისი აღჭურვილობის საფრენოსნო ექსპლუატირების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები;

ი) ექსპლუატანტის სერტიფიკატი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ექსპლუატანტის სერტიფიკატი არ ესაჭიროებათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას საკუთარი მიზნებისათვის ახორციელებენ;

კ) ინსპექტირება (საინსპექციო შემოწმება) – სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების ან/და საავიაციო უშიშროების, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი (ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი, SAFA-ს ინსპექტორი) შესაბამისი დოკუმენტების, ადგილზე არსებული მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით;

ლ) კომერციული ფრენა (კომერციული გადაზიდვა) – საჰაერო ხომალდის მიერ მგზავრების გადასაყვანად, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის გადასაზიდად საზღაურის საფუძველზე ან დაქირავებით განხორციელებული ფრენა;

მ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 

ნ) მოწმობის აღიარება – ქმედება, რომლითაც სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოწმობას საკუთარი მოწმობის თანაბარ ღირებულებას ანიჭებს;

ო) პილოტირება (მართვა) – ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მართვის ორგანოებით მანიპულირება;

პ) სააგენტოს სამართლებრივი აქტები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები;

ჟ) საავიაციო პერსონალი – საავიაციო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის განსაკუთრებული შემადგენლობა, რომელიც შედგება ფრენის შესრულების ან მომსახურების ნებართვის მქონე, სათანადოდ მომზადებული ავიასპეციალისტებისაგან;

რ) საავიაციო საშუალებები – საჰაერო ხომალდები, აეროდრომები, აეროპორტები, მათი მოწყობილობები, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებები, საჰაერო ტრასებისა და ადგილობრივი საჰაერო ხაზების რადიოტექნიკური მოწყობილობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული სხვა საჰაერო საშუალებები;

ს) საავიაციო შემადგენლობა – სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის მიზნების მისაღწევად ხორციელდება;

ტ) საერთაშორისო აეროპორტი – აეროპორტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და რომელშიც უზრუნველყოფილია სასაზღვრო, სანიტარიულ-საკარანტინო და საბაჟო კონტროლი;

უ) სამოქალაქო ავიაცია – ავიაცია, რომელიც, გამოყენების მიზნის მიხედვით, იყოფა სატრანსპორტო ავიაციად და საერთო დანიშნულების ავიაციად:

უ.ა) სატრანსპორტო ავიაცია – სამოქალაქო ავიაცია, რომელიც გამოიყენება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განსახორციელებლად;

უ.ბ) საერთო დანიშნულების ავიაცია – სამოქალაქო ავიაცია, რომელიც არ გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის და რომლის გამოყენება მოიცავს საავიაციო სამუშაოების შესრულებას;

ფ) სამუშაო დრო – დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება მაშინ, როცა ეკიპაჟის წევრი ვალდებულია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მითითებით გამოცხადდეს სამუშაო მოვალეობის შესასრულებლად ან/და შეუდგეს მის შესრულებას, და მთავრდება მის მიერ სამუშაო მოვალეობის დასრულებისთანავე;

ქ) საპილოტაჟო არე – ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შემოფარგლული, საგანგებოდ გამოყოფილი საჰაერო სივრცის ნაწილი, რომელიც გამოიყენება საჰაერო ხომალდების გამოსაცდელად, ეკიპაჟის საფრენოსნო წვრთნისათვის და სხვა მიზნით;

ღ) საფრენოსნო დავალება – დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს აუცილებელ მონაცემებს ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდისა და ფრენის მიზნის თაობაზე;

ყ) მომსახურე ეკიპაჟის წევრი – მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრი, რომელიც მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ასრულებს ავიაგადამზიდველის ან მეთაურის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს და არ მონაწილეობს საჰაერო ხომალდის მართვაში;

შ) საფრენოსნო სამუშაო – ეკიპაჟის მიერ საფრენოსნო დავალების შესასრულებლად ჩატარებული სამუშაო;

ჩ) საქართველოს ტერიტორია – საქართველოს სუვერენიტეტისადმი დაქვემდებარებული სახმელეთო ტერიტორია და მისი მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლები;

ც) საქართველოს საჰაერო სივრცე – საქართველოს ტერიტორიის თავზე არსებული სივრცე;

ძ) სახელმწიფო ავიაცია – ავიაცია, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო სამსახურებში;

წ) საჰაერო მოძრაობა – ჰაერში მყოფი და აეროდრომის სამიმოსვლო ფართობზე მოძრავი ყველა საჰაერო ხომალდის მოძრაობა;

ჭ) საჰაერო მოძრაობის არე (რაიონი) – დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, სადაც საჰაერო მოძრაობის ორგანო თავის დანიშნულებას ასრულებს;

ხ) საჰაერო სატრანსპორტო საშუალება – თვითმფრინავი, შვეულმფრენი, დირიჟაბლი, პლანერი, საჰაერო ბუშტი, სამაშველო პარაშუტი, საფრენად განკუთვნილი სხვა საშუალება;

ჯ) საჰაერო სივრცის ზედამხედველი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელიც საჰაერო სივრცეში ჰაერნაოსნობისთვის არის პასუხისმგებელი;

ჰ) საჰაერო ტრასა – სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც არის საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილი, სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდული დერეფანი და რომელიც უზრუნველყოფილია აეროდრომებით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით;

1) საჰაერო ხომალდი – აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ინარჩუნებს ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, სხვა საშუალება;

2) ეროვნული საჰაერო ხომალდი – საქართველოს საჰაერო ხომალდების შესაბამის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდი;

3) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი – პირები (ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის წევრი და მომსახურე ეკიპაჟის წევრი), რომელთაც საფრენოსნო დავალების შესრულებისას საჰაერო ხომალდის მართვისა და მომსახურების განსაზღვრული მოვალეობები აკისრიათ;

4) საჰაერო ხომალდის მეთაური – საჰაერო ხომალდის ფრენისას მისი მართვისა და უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პილოტი;

5) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალური რეისი – სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყვანისთვის განკუთვნილი რეისი;

6) საჰაერო ხომალდის სახეობა – საჰაერო ხომალდების უმთავრესი მახასიათებლების მიხედვით დაყოფის საფუძველზე გამოყოფილი სახეობა, კერძოდ, თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, თავისუფალი აეროსტატი, სხვა სახეობა;

7) საავიაციო სამუშაოები – საჰაერო ხომალდის გამოყენებით ისეთი სფეროების მომსახურება, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტოპოგრაფიული გადაღება, პატრულირება, ძებნა, შველა და სხვა;

8) ფრენის გეგმა – საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსათვის წარდგენილი ცნობები საჰაერო ხომალდის მიერ დასახული ფრენის ან ფრენის ნაწილის შესახებ;

9) ფრენის დრო (საფრენოსნო დრო) – თვითმფრინავებისათვის და  სხვა საჰაერო ხომალდებისათვის – საერთო დრო აფრენის მიზნით საჰაერო ხომალდის მიერ მოძრაობის დაწყებიდან ფრენის დასრულებისას მის შეჩერებამდე/ფიქსირებამდე; შვეულმფრენებისათვის – საერთო დრო შვეულმფრენის მზიდი ხრახნის ბრუნვის დაწყებიდან ფრენის დასრულებისას შვეულმფრენის სრულ გაჩერებამდე და მზიდი ხრახნის ბრუნვის შეჩერებამდე;

10) ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ინსპექტირებას (საინსპექციო შემოწმებას) ახორციელებს;

11) ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი – საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

12) ფრენისათვის აკრძალული არე – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდების ფრენა აკრძალულია;

13) ფრენისათვის სახიფათო არე – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც დროის გარკვეულ მონაკვეთებში შეიძლება განხორციელდეს საჰაერო ხომალდების ფრენისათვის სახიფათო საქმიანობა;

14) ფრენისათვის შეზღუდული არე – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე არსებული, დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდების ფრენა გარკვეული პირობებით არის შეზღუდული;

15) ჩარტერი – ხელშეკრულება, რომლის ერთი მხარე (გამქირავებელი) განსაზღვრულ საფასურად გადასცემს მეორე მხარეს (დამქირავებელს) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდის მთლიან ტევადობას ან მის ნაწილს ერთი ან რამდენიმე რეისით მგზავრების გადაყვანისათვის, ბარგის ან/და ტვირთის გადაზიდვისათვის ან სხვა მიზნით;

16) ხელშემკვრელი სახელმწიფო – სხვა სახელმწიფოსთან საჰაერო სივრცით, აეროდრომებით და კავშირგაბმულობის საშუალებებით ერთობლივი სარგებლობის თაობაზე, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ხელშეკრულების (შეთანხმების) დამდები სახელმწიფო;

17) EASA – ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო;

18) SAFA − უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების განსაზღვრის (საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების) პროგრამა;

19) SAFA-ს ინსპექტორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირებას (საინსპექციო შემოწმებას) SAFA-ს შესაბამისად ახორციელებს;

20) ჰაერსანაოსნო ინფორმაცია – ჰაერსანაოსნო მონაცემების შეკრებისა და ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია;

21) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული – სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული და გამოშვებული გამოცემა, რომელიც შეიცავს ამ სახელმწიფოს საჰაერო სივრცის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ფრენის უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვან, გრძელვადიან ჰაერსანაოსნო ინფორმაციას;

22) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტი – მატერიალური ან/და ელექტრონული პაკეტი, რომელიც მოიცავს: ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულს (მათ შორის, მის ცვლილებებს და დროებით ცვლილებებს); ნოტამს (შეტყობინება მომსახურების, წესების, საფრთხის, აგრეთვე სააერნაოსნო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ) და ფრენისწინა ინფორმაციის ბიულეტენებს; ცირკულარულ (დამატებით) ინფორმაციას და მოქმედი ნოტამების ჩამონათვალს.“.

2. 81 მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, რომელთა ფუნქციონირებაც მიმართულია ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისაკენ, შევიდეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ და იმ საჰაერო ხომალდებში, რომლებიც თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, შეამოწმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები, ტექნიკური მოწყობილობები, გაესაუბროს ნებისმიერ პირს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულებისა და შესაბამისი პროცედურების შეფასების მიზნით.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ინსპექტირების ობიექტები არიან, ვალდებული არიან, დაეხმარონ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და წარუდგინონ ფრენის უსაფრთხოებასთან, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია.“;

გ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

„9. სააგენტო უფლებამოსილია არ გაასაჯაროოს ინსპექტირებისა  და ზედამხედველობის განხორციელებისას მოპოვებული ფრენის უსაფრთხოებასთან/საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუ ამ ინფორმაციის გასაჯაროებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე ან საავიაციო უშიშროებაზე, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-19 დანართის შესაბამისად.“.

3. მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოსცემენ საავიაციო საშუალებების ყველა მფლობელისა და მომხმარებლისათვის სავალდებულო წესებს, ბრძანებებს, მითითებებს, ინსტრუქციებს, ცირკულარებს და სხვა ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტებს საავიაციო საქმიანობის განხორციელების, საავიაციო საშუალებების წარმოების, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხების რეგულირებისათვის და საავიაციო უშიშროების ღონისძიებების დაუყოვნებლივ განსახორციელებლად.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91. სააგენტოს სამართლებრივი აქტები

1. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ამ კანონით, საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

2. სააგენტოს სამართლებრივი აქტები საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში ჩერდება სააგენტოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოქმედება, გარდა იმ სამართლებრივი აქტისა, რომელიც გამოცემულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების ან/და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის გამო, რამაც საფრთხე შეუქმნა ფრენის უსაფრთხოებას ან/და საავიაციო უშიშროებას ან რასაც შეეძლო ასეთი საფრთხის შექმნა.“.

5. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციით უზრუნველყოფა

1. ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას ახორციელებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო.

2. ჰაერსანაოსნო მონაცემები და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია  მოიცავს ინფორმაციას საქართველოს საჰაერო სივრცის და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის შესახებ, სადაც საჰაერო მოძრაობას საქართველო უზრუნველყოფს.

3. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ახორციელებს ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებისგან მიღებას, დახარისხებას, გაერთიანებას,  რედაქტირებას (შინაარსის შეუცვლელად), შენახვას, დადგენილი ფორმატით გამოქვეყნებას და გავრცელებას. 

4. ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებს, მათ უფლება-მოვალეობებს და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

5. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტი საქართველოს სახელით ქვეყნდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია.“.

6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21მუხლი:

„მუხლი 211.  უპილოტო საჰაერო სისტემა და ხომალდები

1. უპილოტო საჰაერო სისტემა არის უპილოტო საჰაერო ხომალდებისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ელემენტების ერთობლიობა.

2. უპილოტო საჰაერო ხომალდი არის საფრენი აპარატი, რომლის ბორტზე პილოტი არ იმყოფება.

3. უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.“.

7. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებამოსილება 

1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებამოსილება განისაზღვრება „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულთა და ზოგიერთი სხვა მოქმედების შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო კონვენციით, ამ კოდექსითა და სააგენტოს ნორმატიული აქტებით.   

2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლებამოსილია:

ა) მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება საჰაერო ხომალდის აფრენის, დაფრენის, აგრეთვე ფრენის შეწყვეტისა და სათადარიგო აეროდრომზე ან აეროდრომის ფარგლების გარეთ დაფრენის შესახებ;

ბ) ფრენის დროს ფრენისათვის აშკარა საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება საწვავის დაცლის, ბარგის, ტვირთის და საფოსტო გზავნილების საჰაერო ხომალდიდან გადმოყრის შესახებ;

გ) ფრენის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ბრძანებები საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიმართ; 

დ) საჰაერო ხომალდის, მასზე მყოფი პირებისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საჰაერო ხომალდზე დადგენილი წესრიგის შენარჩუნებისათვის მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, მათ შორის, გამოიყენოს შებოჭვის საშუალება (პლასტიკური ხელბორკილი და სხვა) იმ პირის მიმართ, რომელიც არ ემორჩილება მის მითითებებს და რომლის ქმედება საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს, მასზე მყოფ პირებს ან ქონებას ან არღვევს საჰაერო ხომალდზე დადგენილ წესრიგს, ასეთი პირი უახლოეს აეროდრომზე დაფრენისთანავე ჩამოსვას საჰაერო ხომალდიდან და სათანადო ორგანოებს გადასცეს;  

ე) შეცვალოს ფრენის მარშრუტი, გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი და დაფრინდეს უცხო ქვეყნის აეროდრომზე, თუ არსებობს ფრენის უსაფრთხოების დარღვევის, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საშიშროება, რაც გამოწვეულია სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ჩარევით;          

ვ) იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ნდობით აღჭურვილი პირი, მისი სახელით დადოს ხელშეკრულებები დავალების შესრულების, ფრენის უსაფრთხოების დაცვის, საჰაერო ხომალდის შენარჩუნების, მგზავრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობების გათვალისწინებით;

ზ) ფრენის დროს ექსტრემალურ ვითარებაში ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სათანადოდ არ დაიცვას ფრენის წესები და ეკიპაჟის მოქმედების წარმმართველი ნორმატიული აქტების მოთხოვნები;

თ) არ დაემორჩილოს საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის ბრძანებებსა და მითითებებს, თუ მიიჩნევს, რომ მათი შესრულება საფრთხეს უქმნის ფრენას. საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია ამის თაობაზე საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეს აცნობოს.  

3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“.  

8. 41-ე და 42-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. აეროდრომის რაიონში მიწათსარგებლობა და ობიექტების მშენებლობა

1. აეროდრომის  რაიონში მიწის ნაკვეთის, შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ობიექტების მფლობელები მათი განთავსებისას ან გამოყენებისას ვალდებული არიან, მათი გამოყენების და ამ ობიექტებით სარგებლობის პირობები აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირთან შეათანხმონ და შესაბამისი სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვით აწარმოონ.

2. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც არღვევენ აეროდრომის რაიონში მიწათსარგებლობის და ობიექტების მშენებლობის წესებს, ვალდებული არიან, აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის მოთხოვნით, მიწათსარგებლობის პირობები და ახალი მშენებლობები დადგენილ ნორმებს შეუსაბამონ ან საკუთარი სახსრებით აიღონ ობიექტები.

3. საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონებს განსაზღვრავს სააგენტო.

მუხლი 42. აეროდრომის რაიონში შენობის, ნაგებობის და სხვა ობიექტების ნიშანდება

1. აეროდრომის რაიონში შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების, რადიოტექნიკური საშუალებებისა და სხვა ობიექტების მფლობელები ვალდებული არიან, საკუთარი სახსრებით განათავსონ მათზე სადღეღამისო ნიშნები და მოწყობილობები.

2. აეროდრომის რაიონში აკრძალულია აეროდრომის ნიშნებისა და მოწყობილობების მსგავსი ნიშნებისა და მოწყობილობების განლაგება, აგრეთვე ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალებების გამოყენება, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალონ ფრენების უსაფრთხოდ შესრულებას.“.

9. 56-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავიასაწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ან უზრუნველყოფენ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და საავიაციო სამუშაოების შესრულებას, ავიაციის ტექნიკური მომსახურების საწარმოები, აეროდრომები, აეროპორტები, საჰაერო ხომალდები და მათი ძრავები, სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, სააერნაოსნო მომსახურების (გარდა საძებნ-სამაშველო მომსახურებისა) საწარმოები, სამოქალაქო საავიაციო საგანმანათლებლო დაწესებულებები, ავიასამედიცინო ცენტრები, ავიასამედიცინო ექსპერტები, საავიაციო პერსონალი, საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოები და მათი ტექნიკური პერსონალი, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. სერტიფიკატი ადასტურებს ავიასაწარმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნებთან შესაბამისობას.“.

10. 57-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, სერტიფიკატის შეცვლა ან გაუქმება ან სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს და სახელმწიფო ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეაჩეროს სერტიფიკატის მოქმედება, შეცვალოს ან გააუქმოს სერტიფიკატი ან შეზღუდოს სერტიფიკატით მინიჭებული უფლებები სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.

11. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 58მუხლი:

„მუხლი 581. კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა

1. საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი უფლებამოსილია კომერციული მიზნით განახორციელოს მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, თუ მას აქვს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა. 

2. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველო და რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირები ან/და სახელმწიფო ფლობენ/ფლობს ან მართავენ/მართავს ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს, ამასთანავე:

ა) მისი მთავარი საქმიანობაა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც იგი ცალკე ან სხვა საქმიანობასთან ერთად ახორციელებს; 

ბ) მას აქვს სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი ექსპლუატანტის სერტიფიკატი;

გ) მას აქვს საკმარისი  ფინანსური რესურსები ავიაკომპანიის არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში, პირველ 3 თვეში ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის გაუთვალისწინებლად;

დ) გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელ პირს არ აქვს ცუდი საქმიანი რეპუტაცია, რომელიც გულისხმობს მძიმე, განსაკუთრებით მძიმე ან  ეკონომიკური დანაშაულისთვის ან ისეთი ქმედებისთვის ნასამართლობას, რომელმაც მისი მმართველობის დროს საწარმოს გადახდისუუნარობა გამოიწვია.

3. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის საქმიანობის ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებთან შესაბამისობას მუდმივად ზედამხედველობს სააგენტო, რომელიც უფლებამოსილია ავიასაწარმოს სათანადო ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს.

4. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ ავიასაწარმოზე, რომელიც საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით ან ძრავას გარეშე საფრენი აპარატით ახორციელებს, ან ახორციელებს სასწავლო და ლოკალურ ფრენებს.

5. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესს ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ამტკიცებს სააგენტო.“.

12. 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

13. 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 75. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის ქონებრივი პასუხისმგებლობის ზოგადი პირობები

1. საერთაშორისო და შიდა გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობები განისაზღვრება „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ 1999 წლის 28 მაისის მონრეალის კონვენციის, საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.  

2. მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის ვალდებულებები განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.

3. საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი თავისუფლდება შესაბამისი მოვალეობების შესრულებისაგან, თუ იგი მათ დაუძლეველი ძალით გამოწვეულ გარემოებათა გამო ვერ შეასრულებს ან არასათანადოდ შეასრულებს.“.

14. 77-ე და 78-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

15. 79-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 79. გადამზიდველის პასუხისმგებლობა მისი მიზეზით საფოსტო გზავნილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში 

გადამზიდველის მიზეზით საფოსტო გზავნილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში იგი პასუხს აგებს ამ მომსახურების დამკვეთის წინაშე მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

16. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 80. პასუხისმგებლობა საავიაციო სამუშაოების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის

საავიაციო სამუშაოების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 

17. 81-ე–89-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

18. 90-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 90. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმის სასამართლო წესით განხილვა

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

19. 91-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

20. XIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა“.

21. 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 93. სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლები და მისი სავალდებულო დაზღვევა 

1. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შემთხვევაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იმ ზიანის ანაზღაურებისათვის, რომელიც შეიძლება მიადგეს მგზავრს, ბარგის, ტვირთის ან საფოსტო გზავნილის გამგზავნს ან მიმღებს ანდა მესამე პირს.  

2. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი მტკიცდება სააგენტოს ნორმატიული აქტით.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ფლობს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას/ექსპლუატანტის სერტიფიკატს, მაგრამ რომელიც საჰაერო ხომალდის გამოყენების ან ექსპლუატაციის კონტროლს ახორციელებს.“.

22. 94-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

23. 95-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 95. პასუხისმგებლობის დაზღვევა საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით

საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს ნორმატიული აქტის შესაბამისად დააზღვიოს საკუთარი პასუხისმგებლობა საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული შესაძლო ზიანის ანაზღაურებისათვის.“.

24. XIV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფა“.  

25. 96-ე და 97-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 96. მართლსაწინააღმდეგო ქმედება

ამ კოდექსის მიზნებისათვის მართლსაწინააღმდეგო ქმედება არის სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართული, ერთი ან რამდენიმე პირის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება.

მუხლი 97. საავიაციო უშიშროება 

1. საავიაციო უშიშროება არის სამოქალაქო ავიაციის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაცვა, რომელიც მიიღწევა ღონისძიებათა კომპლექსით, ადამიანური და მატერიალური რესურსების ერთობლიობით.

2. საქართველო, როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წევრი სახელმწიფო, ვალდებულია შეასრულოს „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულთა და ზოგიერთი სხვა მოქმედების შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო კონვენციის, საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1970 წლის 16 დეკემბრის ჰააგის საერთაშორისო კონვენციის, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის 1971 წლის 23 სექტემბრის მონრეალის საერთაშორისო კონვენციის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე“ ოქმის, რომელიც ემატება 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში მიღებულ კონვენციას „სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული უკანონო აქტების შესახებ“, „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით“ 1991 წლის 1 მარტის მონრეალის კონვენციის და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნები და განახორციელოს ღონისძიებები რეკომენდებული პრაქტიკის დასანერგად.“.

26. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 98. საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობა

1. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა არის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის განმახორციელებელი უცხო ქვეყნების ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ეფექტიანობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების, რეკომენდებული პრაქტიკისა და შესაბამისი პროცედურების გამოყენებით, უსაფრთხო ფრენების განხორციელებისათვის.

2. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 

3. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა არის საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის უზრუნველმყოფი წესებისა და ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის მიზანია სახელმწიფოში საავიაციო უშიშროების მაღალი დონის უზრუნველყოფა.

4. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 

5. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამა არეგულირებს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში ჩართული საავიაციო უშიშროების პერსონალის შერჩევისა და მომზადების საკითხებს, აგრეთვე იმ პირთა მომზადების საკითხებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადება ესაჭიროებათ.

6. სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.  

7. სააგენტო უზრუნველყოფს სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობას და ახორციელებს აეროდრომების ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი პირების, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების (ავიაგადამზიდველების), აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების და საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირების საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სხვადასხვა ასპექტისთვის.

8. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესამოწმებლად ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს, ამ კოდექსის 8მუხლით მინიჭებული უფლებების გარდა, ასევე აქვს უფლება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შეიტანოს საჭირო მოწყობილობები, მათ შორის, რადიოკავშირის საშუალება, ფოტო-, ვიდეო- და აუდიოაპარატურა, აგრეთვე საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალული საგნები, კერძოდ, იმიტირებული იარაღი და იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.“.

27. 106-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 106. უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვება

1. საქართველოსთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მის ტერიტორიაზე დაიშვება უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმი და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრე ან/და იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული.

2. შესაბამისი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმის და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრის ან/და იმ სახელმწიფოს წარმომადგენლის, სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული, დაშვების ნებართვას გასცემს საქართველოს მთავრობა.“.

28. 110-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის სამსახურებრივ მოკვლევას მათთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოებებისაგან დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო (შემდგომ – მოკვლევის ბიურო).“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–1 ნაწილები:

„11. მოკვლევის ბიურო დამოუკიდებელია საფრენად ვარგისობისათვის, სერტიფიცირებისათვის, საფრენოსნო ექსპლუატაციისათვის, ტექნიკური მომსახურებისათვის, ლიცენზირებისათვის, საჰაერო მოძრაობის კონტროლისა და აეროდრომის ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებელი ნებისმიერი უწყებისგან და ნებისმიერი სხვა პირისგან, რომლის ინტერესები ან/და ამოცანები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოკვლევის ბიუროს ამოცანებს ან/და ზემოქმედებას ახდენდეს მის ობიექტურობაზე.

12. მოკვლევის ბიუროს უფროსი (უფლებამოსილი მომკვლევი) მოკვლევის ჩატარებისას დამოუკიდებელია, არ ხელმძღვანელობს არცერთი უწყების ან/და სხვა პირის მითითებით და აქვს შეუზღუდავი უფლებამოსილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაუბრკოლებლად ისარგებლოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ავიასაწარმოების ობიექტებზე დაშვებით/წვდომით/კონტროლით საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას, სადაც  მოხდა საავიაციო შემთხვევა ან ინციდენტი ანდა განთავსებულია საჰაერო ხომალდის ნაწილები/თვითჩამწერები, მტკიცებულებები, დოკუმენტები, მათ შორის, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ამსახველი აუდიო- და ვიდეოჩანაწერები. მოკვლევის ბიუროს უფროსი (უფლებამოსილი მომკვლევი) ასევე უფლებამოსილია საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის თვითმხილველებს ჩამოართვას ახსნა-განმარტება, შესაბამისი ორგანოებისგან მოითხოვოს მის მოკვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა და განახორციელოს მოკვლევისათვის საჭირო ნებისმიერი სხვა ქმედება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

13. მოკვლევის ბიუროს უფროსი (უფლებამოსილი მომკვლევი) პასუხისმგებელია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვისათვის, რათა ეს ინფორმაცია არ გამჟღავნდეს სხვა მიზნით, გარდა საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის მიზნისა. მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე.“;

გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის მოხდენისთანავე შეტყობინება ასევე ეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, თუ ამ საჰაერო ხომალდის მაქსიმალური მასა 2 250 კილოგრამს აღემატება ან ეს საჰაერო ხომალდი ტურბორეაქტიულია.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების დამტკიცება:

ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა;

ბ) სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა.

2. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობებისა და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის განსაზღვრა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის შემუშავება და დამტკიცება.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2016 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესების დამტკიცება.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს:

ა) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცება;

ბ) მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრა;

გ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცება.

6. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად აღების ვალდებულება წარმოეშობა აღნიშნული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირველი მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებისა, მე-5, მე-6, მე-11, მე-13, მე-16, 21-ე, 22-ე და 26-ე ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის 26-ე ნაწილი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილი ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.

5. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირველი მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტები, მე-11, მე-13, მე-16, 21-ე და 22-ე ნაწილები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2015 წ.

N4620-Iს