მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 633
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.019020
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
633
18/12/2015
ვებგვერდი, 18/12/2015
010110020.10.003.019020
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/12/2015 - 06/12/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №633

2015 წლის 18 დეკემბრის

   ქ. თბილისი

 

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის  წესი,  თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
1. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეები განისაზღვრება ამავე დადგენილებით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების განსაზღვრის მიზნით, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს შესაბამისი საქმიანობის სახეების ჩამონათვალს წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან შეთანხმებით.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების,

შეჩერებისა და შეწყვეტის  წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მეწარმე სუბიექტს (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო)  წარდგინებით.

2. მეწარმე სუბიექტი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან.

3. მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, ვალდებულია, საქმიანობას ახორციელებდეს მხოლოდ შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე.

 

მუხლი 2. მაღალმთიანი დასახლების საწარმოსტატუსის მინიჭება

1. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად დაინტერესებული  პირი განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს (შემდგომში − შემოსავლების სამსახური).

2. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო  ნომერი, სახელწოდება, მისამართი);

ბ) საქმიანობის მოკლე აღწერას (მათ შორის, საქმიანობის სახე და განხორციელების ადგილი).

3. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

4. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა, რა დროსაც ჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადა.

5. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში:

ა) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით;

ბ) უარი თქვას განცხადების სამინისტროსათვის წარდგენაზე, რის შესახებაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

6. შემოსავლების სამსახური სამინისტროს არ წარუდგენს განცხადებას, თუ:

ა) მეწარმე სუბიექტი არ აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი დადგენილ ვადაში.

7. მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას. სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კალენდარული წლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კალენდარული წლის) დასაწყისიდან.

8.  მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნება მეწარმე სუბიექტს და შემოსავლების სამსახურს.

მუხლი 3. მაღალმთიანი დასახლების საწარმოსტატუსის შეჩერება

1. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს შესაბამისი განცხადებით (წერილობით ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს მეწარმე სუბიექტი, თუ იგი გეგმავს შეაჩეროს ან დროებით შეჩერებული აქვს ეკონომიკური საქმიანობა. შემოსავლების სამსახური განცხადებას წარუდგენს სამინისტროს,  საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

2. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერება ხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

3. მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი შეჩერებულად ითვლება სტატუსის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების კალენდარული წლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კალენდარული წლის) დასაწყისიდან.

4. მეწარმე სუბიექტისთვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნებათ მეწარმე სუბიექტსა და შემოსავლების სამსახურს.

5. ეკონომიკური საქმიანობის განახლების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი, რომელსაც შეჩერებული ჰქონდა მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, სტატუსის აღდგენის მიზნით, უფლებამოსილია, მიმართოს შემოსავლების სამსახურს შესაბამისი განცხადებით.

6. მეწარმე სუბიექტისათვის შეჩერებული სტატუსის აღდგენა ხორციელდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭებისათვის ამ წესის მე-2 მუხლით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

მუხლი 4. მაღალმთიანი დასახლების საწარმოსტატუსის შეწყვეტა

1. მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი უწყდება:           

ა) შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, მეწარმე სუბიექტის მიერ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში;

ბ) მეწარმე სუბიექტის  ინიციატივით, თუ მას აღარ სურს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს  სტატუსით სარგებლობა ან შეიცვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რის საფუძველზეც მინიჭებული ჰქონდა ეს სტატუსი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური არა უგვიანეს 60 დღის ვადაში შესაბამის მასალებს წარუდგენს სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

3. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს წარდგინების საფუძველზე. მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის  შეწყვეტის შესახებ საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი შეწყვეტილად ითვლება სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის კალენდარული წლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კალენდარული წლის) დასაწყისიდან.

4. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეწყვეტის თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნებათ  მეწარმე სუბიექტსა და  შემოსავლების სამსახურს.

მუხლი 5. რეესტრის წარმოება

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური.