დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1682 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/06/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 04/07/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.100.000.05.001.001.876 |
საქართველოს კანონი
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირება (სახელის, გვარის, ასაკის, მოქალაქეობის დადგენა).“.
2. მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით. ბრძანებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე გასცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გამოძიების ადგილის მიხედვით. შუამდგომლობას, მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორის მონაწილეობით განიხილავს მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობისა და მასზე დართული მასალების განხილვის, პროკურორის განმარტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გასცემს ბრძანებას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ;
ბ) გამოიტანს დადგენილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელთა ჩატარება საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე. ასეთ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაწყებიდან 12 საათში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა ემთხვევა არასამუშაო დროს, მაშინ ამ დროის გასვლიდან არა უგვიანეს ერთი საათისა) პროკურორი ვალდებულია შუამდგომლობით მიმართოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაკანონების მოთხოვნით. სასამართლო ვალდებულია პროკურორის შუამდგომლობა განიხილოს მისი წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში დახურულ სასამართლო სხდომაზე. პროკურორის განმარტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ამოწმებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერებას, ასევე მოცემული ღონისძიების გადაუდებელი ჩატარების აუცილებლობას და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:
ა) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების გაუქმებისა და ამ ღონისძიებით მოპოვებული მონაცემების განადგურების შესახებ.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 17 ივნისი.
№1682–Iს
დოკუმენტის კომენტარები