ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 19/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.170.310.05.001.001.755
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1180
25/03/2005
სსმ, 15, 19/04/2005
040.170.310.05.001.001.755
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (03/07/2007 - 10/12/2008)

საქართველოს კანონი

ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს კანონი ადგენს საქართველოში ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს.

    მუხლი 2

ამ კანონის მიზანია საქართველოში ლატარიების, სამორინეების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 54 20.12.2005 წ., მუხ. 357

    მუხლი 3

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე, ტარდება ბანქოს დასტის, კამათლის, სათამაშო ბორბლის (რულეტის) ან სათამაშო აპარატის მეშვეობით და მასში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა;

ბ) მოთამაშე – პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით;

გ) სამორინე – სპეციალური სათამაშო დაწესებულება, სადაც სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სათამაშო მაგიდების, კამათლების, სათამაშო აპარატებისა და სხვა ინვენტარის საშუალებით ხორციელდება ფულადი მოგების გათამაშება;

დ) სამორინეს მაგიდა – სამორინეში განთავსებული სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზეც სამორინეს წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის, აგრეთვე მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს ერთი კონკრეტული თამაშობა სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლებისა და სხვა საშუალებებით ფულადი მოგების გათამაშებისათვის;

ე) სათამაშო დარბაზი – სამორინეში თამაშობების ჩასატარებელი სპეციალური ადგილი, სადაც უზრუნველყოფილია მოთამაშეთა უსაფრთხოება და დაცულია საზოგადოებრივი წესრიგი და რომელიც აკმაყოფილებს სანიტარიულ, ჰიგიენურ და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმებს; აგრეთვე მოწყობილია სპეციალური საკასო ოთახი;

ვ) სათამაშო აპარატი – მექანიკური ან ელექტრონული მექანიზმები, რომლებიც მოქმედებაში მოჰყავთ მონეტებით, ჟეტონებით ან სხვა საშუალებით და მოგება განისაზღვრება ციფრების, სიმბოლოების ან მათი კომბინაციის მთლიანი ან ნაწილობრივი დამთხვევით;

ზ) სათამაშო აპარატების სალონი – სპეციალური სათამაშო ადგილი, სადაც განთავსებულია სათამაშო აპარატები;

თ) ლატარია – ნებაყოფლობითი ჯგუფური ან მასობრივი თამაშობა, რომლის დროსაც ლატარიის ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა ლატარიის რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის ლატარიის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნებასურვილსა და მოქმედებაზე, წარმოადგენს შემთხვევითობას და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი.

ლატარიის სახეებია:

თ.ა.) ტირაჟიანი ლატარია – ლატარია, რომლის ჩატარების პროცესი დაყოფილია ტირაჟებად, ცალკეულ სრულ ციკლებად, ბილეთის დამზადებიდან და რეალიზაციიდან – საპრიზო ფონდის გათამაშების ჩათვლით. ლატარიის ბილეთის მფლობელი ბილეთის მომგებიანობას ადგენს მხოლოდ გათამაშების ჩატარების შემდეგ;

თ.ბ.) მომენტალური ლატარია – ლატარია, რომლის გათამაშების შედეგი ირკვევა ადგილზე ბილეთის შემოწმების ან უშუალოდ ბილეთზე გათამაშების ჩატარების გზით;

ი) ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთი – სარეალიზაციოდ ან გასავრცელებლად გამზადებული ბარათი, თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნივთი, პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდი (ნომერი) ან ინფორმაციის სხვა მატარებელი, რომელიც პასუხობს კანონისა და კონკრეტული ლატარიის ან თამაშობის ჩატარების პირობებს და მოგების შემთხვევაში ადასტურებს მოგების ფაქტს;

კ) საპრიზო ფონდი – ანუ თანხები, რომლებიც შემოსვლამდე აღიარებულია მყარ ვალდებულებად მესამე პირის (მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის) ან მარწმუნებლის ან პრინციპალის სასარგებლოდ და განკუთვნილია მათზე გადასაცემად, გათამაშების პირობებით გათვალისწინებული მოგების ოდენობით. კონკრეტული თამაშობის მოწყობის პირობების შესაბამისად მოგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფულადი, ნივთობრივი ან სხვა ფორმით და გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე. აკრძალულია საპრიზო ფონდის დატვირთვა რაიმე სხვა ვალდებულებებით, გარდა ვალდებულებისა, რომელიც დადებულია გათამაშების მონაწილეებთან. საპრიზო ფონდი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფინანსურ, კომერციულ, საწარმოო ან სხვა ბრუნვაში;

ლ) საპრიზო ფონდის გათამაშება – პროცედურა, რომლის დროსაც დასტურდება მოგების დამთხვევის ფაქტი ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთზე;

მ) საპრიზო ფონდის უზრუნველყოფა – ფინანსური (ქონებრივი) მექანიზმი, რომლითაც მოგების შემთხვევაში უზრუნველყოფილია ლატარიის, ლოტოს, ბინგოს, ტოტალიზატორისა და წამახალისებელი გათამაშების მოთამაშეთა ინტერესები და რომლის ფორმირებაც ხდება ქონებით ან სხვა სახის უზრუნველყოფით;

ნ) ლატარიის მოცულობა – კონკრეტული გათამაშებისათვის განკუთვნილი ბილეთების რაოდენობის ნამრავლი ბილეთების საცალო ღირებულებაზე;

ო) მომგებიანი თამაშობებია:

ო.ა) ლოტო – ჯგუფური თამაშობა, რომლის მონაწილე ირჩევს რიცხვით ან სიმბოლოების კომბინაციებს და მოგება დამოკიდებულია რიცხვითი ან სიმბოლოების კომბინაციების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ლოტო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მასში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით;

ო.ბ) ბინგო – ჯგუფური თამაშობა, რომელშიც რიცხვითი ბარათების ან ელექტროტაბლოს მეშვეობით ფიქსირდება მოგება სპეციალური მოწყობილობიდან ამოსული რიცხვითი კომბინაციების დამთხვევით და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ბინგო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მასში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით;

ო.გ) ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის ან/და თამაშობის შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობაზე. ტოტალიზატორი იმართება მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ შენობაში;

ო.დ) წამახალისებელი გათამაშება – თამაშობა, რომელიც ტარდება კონკრეტული სახის პროდუქციის (მომსახურების) სწრაფად და ეფექტიანად რეალიზების მიზნით და წამახალისებელი გათამაშების ბილეთი გაიცემა უფასოდ. წამახალისებელი გათამაშების ნებართვა გაიცემა კონკრეტული პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელ იურიდიულ (ფიზიკურ) პირზე ან მის წარმომადგენელზე. დაუშვებელია წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობისათვის ნებისმიერი ფორმით საფასურის დაწესება;

პ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი – აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი;

ჟ) ლეგალიზაცია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ლატარიის ბილეთებისა და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღჭურვა სპეციალური დამცავი ნიშნებით;

რ) ექსპერტიზა – ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთის იდენტურობის დადგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებულ და ლეგალიზებულ ნიმუშთან;

ს) უტილიზაცია – ლატარიის, მომგებიანი თამაშობის ბილეთის განადგურება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

საქართველო 2007 წლის 3 ივლისის კანონი 5180 - სსმ I , 28, 18.07.2007 წ., მუხ. 277

    მუხლი 4

ლატარიას, აზარტულ და მომგებიან თამაშობებს არ მიეკუთვნება თამაშობები, რომლებიც ტარდება მანქანების, აპარატების, მოწყობილობებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით და რომლებშიც გათვალისწინებული არ არის შემთხვევითობის ელემენტი. მათი მიზანია მონაწილეთა განსაკუთრებული ცოდნის, ინტელექტის, სიმარჯვის, მოხერხებულობის ან სხვა განსაკუთრებული უნარის ტესტირება ან დემონსტრირება.

    მუხლი 5

1. ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ თამაშობის გამართვა ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად ითვლება და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

2. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობა და მათი ბილეთების გავრცელება.

საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 54 20.12.2005 წ., მუხ. 357

    მუხლი 6

1. საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მეშვეობით. ლატარიის ორგანიზება და ჩატარება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დელეგირებულ უნდა იქნეს ამ მიზნით მოწყობილ ტენდერში გამარჯვებულ პირზე.

2. ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე ტენდერში გამარჯვებული პირი ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 7 პროცენტს მიმართავს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 20 პროცენტი მოხმარდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდებით გათვალისწინებული სპორტისა და კულტურის განვითარებისათვის განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.

3. აკრძალულია ტენდერში გამარჯვებული პირის მიერ ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლების მესამე პირისთვის დელეგირება.

საქართველო 2006 წლის 25 მაისის კანონი 3142 - სსმ I , 18  31.05.2006 წ., მუხ. 136

საქართველო 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი 3968 - სსმ I , 48  22.12.2006 წ., მუხ. 332

    მუხლი 7

1. აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვების გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში რეგისტრაციას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელთა დაჯარიმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 18  31.05.2006 წ., მუხ. 136

საქართველო 2007 წლის 3 ივლისის კანონი 5180 - სსმ I , 28, 18.07.2007 წ., მუხ. 277

    მუხლი 8

თუ ნებართვის მაძიებელი ან ნებართვის მფლობელი პირი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრიდან – „საქპატენტიდან“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენს პატენტს ან საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამადასტურებელ საბუთს, მაშინ სხვა პირზე, რომელიც განიზრახავს მომგებიანი თამაშობების ანალოგიური წესებით, ტექნიკური საშუალებებით, სახელით ან ბილეთის დიზაინით ჩატარებას, პატენტის ან საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამადასტურებელი საბუთის მფლობელის თანხმობის გარეშე ნებართვა არ გაიცემა.

    მუხლი 9

1. მომენტალური ლატარიის საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს მოცემულ გათამაშებაში ლატარიის მოცულობის არანაკლებ 45 პროცენტს.

2. ტირაჟიანი ლატარიის, ლოტოს, ბინგოს საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს მოცემულ გათამაშებაში რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს.

3. წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდის ოდენობა არ არის შეზღუდული. მას განსაზღვრავს ორგანიზატორი. საპრიზო ფონდის ოდენობა ფიქსირდება გათამაშების პირობებში.

4. ლატარიის გათამაშების შედეგად ნივთობრივი მოგება უნდა შეხვდეს მხოლოდ ერთ ბილეთს.

5. ბილეთზე მინიმალური მოგების სიდიდე არ შეიძლება იყოს მისი ღირებულების ორმაგ ოდენობაზე ნაკლები.

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 54 20.12.2005 წ., მუხ. 357

    მუხლი 11

1. ნებართვის გაცემას ექვემდებარება:

ა) წამახალისებელი გათამაშება;

ბ) სამორინე;

გ) ტოტალიზატორი;

დ) სათამაშო აპარატების სალონი;

ე) ლოტო;

ვ) ბინგო.

2. ლატარია და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი თამაშობები შეიძლება ჩატარდეს ინტერნეტის, ტელეფონის და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, მხოლოდ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

საქართველო 200 6 წლის 1 დეკემბრის კანონი 3774  - სსმ I , 47  18.12.2006 წ., მუხ. 311

თავი II. მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ნებართვების გაცემის პირობები

    მუხლი 12

1. მომგებიანი თამაშობების (ბინგო, ლოტო, ტოტალიზატორი, წამახალისებელი გათამაშება) ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან დავალიანების არქონის შესახებ;

ბ) ხელშეკრულება ან შეთანხმება ნებართვის მაძიებელსა და თამაშობის ჩასატარებლად გამოყოფილი ფართობის მფლობელს შორის. თუ ფართობი ნებართვის მაძიებლის საკუთრებაა, მან უნდა წარმოადგინოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ხელშეკრულება ნებართვის მაძიებელსა და იმ პირს შორის, სადაც მზადდება ლატარიის ბილეთი ან თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი მათი დასამზადებელი რაოდენობისა და დამზადების ღირებულების მითითებით;

დ) მომგებიანი თამაშობების გათამაშების წესები (რეგლამენტი). ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს გათამაშების წესებში (რეგლამენტში) უნდა აისახოს მოგებათა გარანტირებული გაცემის მექანიზმი, წარმოდგენილი საპრიზო ფონდის (მოგების) უზრუნველყოფის ფარგლებში;

ე) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში ოთხ ეგზემპლარად, გაყალბებისგან დამცავი ნიშნების მითითებით. იურიდიული პირის შემთხვევაში ბილეთის ნიმუში დამტკიცებული უნდა იყოს იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ.

2. მომგებიანი თამაშობის ბილეთზე აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) იურიდიული (ფიზიკური) პირის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი;

ბ) ბილეთის ფასი (გარდა ტოტალიზატორისა და წამახალისებელი გათამაშებისა);

გ) ბილეთის ნომერი (პოლიგრაფიულად შესრულებული ნიმუშისათვის ნუმერაცია 1-დან თანმიმდევრობით, მოცულობის შესაბამისად);

დ) გაცემული ნებართვის ნომერი;

ე) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი. საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი;

ვ) თამაშის ზოგადი წესი;

ზ) მოგების მიღების ვადა და ადგილი.

3. იმ შემთხვევაში, თუ ტექნოლოგიურად შეუძლებელია მომგებიანი თამაშობის ბილეთზე მოცემული რეკვიზიტების ასახვა, მაშინ მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს მათი საჯაროობა და თამაშის წესების დაუბრკოლებლად მიწოდება მომხმარებლებზე და მოთამაშეებზე.

4. ნებართვის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორ ეგზემპლარად უნდა წარედგინოს მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:

ა) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი. საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი;

ბ) მომგებიანი თამაშობის ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია;

გ) საპრიზო ფონდი;

დ) პრიზების ჩამონათვალი, მათი რაოდენობა და ღირებულება (გარდა ტოტალიზატორის, ლოტოსი და ბინგოსი);

ე) მომგებიანი თამაშობის ფულადი ან ნივთობრივი მოგების გაცემის ადგილი, თარიღი და ზღვრული ვადა. წამახალისებელი გათამაშების მოგებათა ოფიციალური ცხრილი უნდა გამოქვეყნდეს გათამაშებიდან არა უგვიანეს სამი კალენდარული დღისა. მომგებიანი თამაშობის მოგებების გაცემის საერთო ვადა განისაზღვრება გათამაშებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. მოგების გაცემა უნდა განხორციელდეს მომგებიანი ბილეთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა.

5. ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს ორგანიზატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინოს საპრიზო ფონდის უზრუნველყოფის დოკუმენტი, არანაკლებ 10 000 ლარისა.

6. ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვები გაიცემა თითოეულ ობიექტზე.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია გადაამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობა.

8. ტოტალიზატორისათვის, ლოტოსა და ბინგოსათვის სპეციალურად მოწყობილი შენობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვილი უნდა იყოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესამოწმებლად წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს.

9. ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს სალაროები აღჭურვილი უნდა იყოს ჯავშნიანი ფანჯრებითა და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით.

საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 54 20.12.2005 წ., მუხ. 357

საქართველო 2007 წლის 3 ივლისის კანონი 5180 - სსმ I , 28, 18.07.2007 წ., მუხ. 277

    მუხლი 13

1. აზარტულ და მომგებიან თამაშობებში ცვლილების შეტანის (რომელიც არ გამოიწვევს თამაშობის არსებით ცვლილებას) შემთხვევაში, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია გათამაშებამდე ორი კვირით ადრე, თანხმობის მიღების მიზნით, სათანადო დოკუმენტებთან ერთად, წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ამ ვადის გასვლის შემდეგ მიმართვა არ განიხილება. ერთი კონკრეტული ციკლის (ტირაჟის) დასრულებამდე წამახალისებელ გათამაშებაში ცვლილებები არ დაიშვება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია განიხილოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის წერილობითი მიმართვა ცვლილებების თაობაზე (თანდართული დოკუმენტაციით) და ერთი კვირის ვადაში აცნობოს მას თანხმობის ან დასაბუთებული უარის შესახებ.

საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 54 20.12.2005 წ., მუხ. 357

    მუხლი 14

პირი, რომელსაც აღებული აქვს ნებართვა, უფლებამოსილია ბილეთების რეალიზაცია მოახდინოს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ხოლო ნივთმოგების მფლობელს უფლება აქვს მიიღოს მოგებული ნივთი ან მისი შესაბამისი თანხა, თუ ეს დადგენილია თამაშობის წესით.

    მუხლი 15

ლატარიის და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი, გათამაშებას ატარებს ბილეთების არასრულად რეალიზების შემთხვევაშიც.

    მუხლი 16

ლატარიას, წამახალისებელ გათამაშებას ხელმძღვანელობს მომწყობი კომისია, რომელსაც ქმნის ორგანიზატორი და რომლის თავმჯდომარეა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მივლინებული წარმომადგენელი, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში წამახალისებელი გათამაშებების ჩატარებისას – საჭიროების შემთხვევაში – ფინანსების სფეროში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს ან ადგილობრივი საფინანსო ორგანოს წარმომადგენელი. მომენტალური ლატარიის, წამახალისებელი გათამაშების შემთხვევაში კომისია ამოწმებს გამოშვებული ბილეთების რაოდენობას.

საქართველო 2007 წლის 3 ივლისის კანონი 5180 - სსმ I , 28, 18.07.2007 წ., მუხ. 277

    მუხლი 17

1. იმ შემთხვევაში, თუ ლატარიის, წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდის გათამაშებამდე არ მოხერხდა ყველა ბილეთის რეალიზაცია, ორგანიზატორის მიერ იქმნება კომისია, სადაც მივლინებული იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებსა და რაიონებში გათამაშების ჩატარებისას, საჭიროების შემთხვევაში – ფინანსების სფეროში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს ან ადგილობრივი საფინანსო ორგანოს წარმომადგენელი.

2. კომისიამ გათამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე უნდა აღრიცხოს და დალუქოს რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ბილეთები, გარდა სპეციალური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლატარიისა.

3. მოგების გაცემის დასრულებიდან არა უგვიანეს 25 დღისა მოგებახვედრილი ბილეთები (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის.

4. არარეალიზებული და მოგებახვედრილი ბილეთების (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) ექსპერტიზა-უტილიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

5. არარეალიზებული და მოგებახვედრილი ბილეთების ექსპერტიზა-უტილიზაცია, აგრეთვე მომგებიან თამაშობებში მონაწილე ბილეთების ლეგალიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით (როგორც მექანიკურად, ასევე პოლიგრაფიულად).

6. ლოტოს, ბინგოს და სხვა მომგებიანი თამაშობების ბილეთები (გარდა ტოტალიზატორის ბილეთებისა) წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის არა უგვიანეს მომდევნო თვის 25 რიცხვისა.

საქართველო 200 6 წლის 1 დეკემბრის კანონი 3774  - სსმ I , 47  18.12.2006 წ., მუხ. 311

    მუხლი 18

ლატარიის, წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის განაცხადი მე-16 და მე-17 მუხლებში მოცემული კომისიების შემადგენლობაში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მივლინების თაობაზე ფინანსთა სამინისტროში უნდა შევიდეს გათამაშებამდე 3 დღით ადრე.

 

თავი III. აზარტული თამაშობების მოწყობისა და ნებართვების გაცემის პირობები

    მუხლი 19

1. აზარტული თამაშობების ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში.

2. სამორინეში დამონტაჟებული უნდა იყოს და ფუნქციონირებდეს არანაკლებ შვიდი სათამაშო მაგიდა, მათგან ერთი სათამაშო ბორბალზე (რულეტზე) სათამაშოდ.

3. სამორინეს მოწყობისათვის ნებართვა გაიცემა კონკრეტულ მისამართზე. დაუშვებელია სამორინეს მიერ მისამართის შეცვლისას ძველი ნებართვის გამოყენება უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციის გზით, თუკი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ახალი მისამართისათვის დადგენილია მოსაკრებლის სხვა განაკვეთი. აღნიშნულ შემთხვევაში სამორინეს მოწყობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გაიცეს სხვა ნებართვა.

    მუხლი 20

1. სამორინე სავალდებულო წესით უნდა შედგებოდეს კლიენტთა მომსახურების ზონისა და სამსახურებრივი სათავსოების ზონისაგან, თითოეული ზონისათვის უნდა არსებობდეს ცალკე შესასვლელი.

2. კლიენტთა მომსახურების ზონაში განლაგებულია:

ა) სათამაშო დარბაზები;

ბ) კლიენტებთან ფულადი ანგარიშსწორების წარმოების სალარო;

გ) სამორინეს სტუმრების დასასვენებლად, გასართობად და სანახაობრივი ღონისძიებების ჩასატარებლად გამოყოფილი სათავსები;

დ) გარდერობი.

3. სათამაშო დარბაზი წარმოადგენს სპეციალურად თამაშების ჩასატარებლად მოწყობილ სათავსოს, სადაც ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესით განლაგებულია სათამაშო მაგიდები სამორინეს კლიენტებისათვის და სამუშაო ადგილები სამორინეს თანამშრომლებისთვის. დარბაზი არ უნდა ჩანდეს შენობის გარეთა მხრიდან.

4. კლიენტებთან ფულადი ანგარიშსწორების წარმოების სალარო აღჭურვილი უნდა იყოს ჯავშნიანი ფანჯრითა და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

5. სამორინეს კლიენტებისათვის განკუთვნილ დასასვენებელ სათავსებში შეიძლება მუშაობდეს რესტორნები და ბარები, აგრეთვე ჩატარდეს სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები.

6. სამსახურებრივი სათავსების ზონაში აუცილებლად უნდა შედიოდეს:

ა) კრუპიეთა დასასვენებელი ოთახი (ან ოთახები);

ბ) იზოლირებული სათავსი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისათვის;

გ)  სეიფი.

7. სეიფი წარმოადგენს სპეციალურად მოწყობილ ოთახს, სადაც ინახება სამორინეს სარეზერვო თანხა თითოეულ სათამაშო მაგიდაზე სულ ცოტა, 10 000 ლარის ოდენობით, სამორინეს მთელი შიდა დოკუმენტაცია, სამორინეს სათამაშო მოწყობილობა, რომელიც არ არის სტაციონარულად დამონტაჟებული. ამ სახის მოწყობილობას განეკუთვნება:

ა) ბურთულები რულეტისათვის;

ბ) სათამაშო ჟეტონები;

გ) ბანქოს დასტები;

დ) კარაბინები ბანქოს დასარიგებლად;

ე) სინები ბანქოს დასარიგებლად;

ვ) კამათლები.

8. სამორინე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვილი უნდა იყოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს სამორინეს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს ისეთ ადგილზე, სადაც მათი დაცვა უზრუნველყოფილი იქნება, და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესამოწმებლად წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს.

საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 54 20.12.2005 წ., მუხ. 357

საქართველო 2007 წლის 3 ივლისის კანონი 5180 - სსმ I , 28, 18.07.2007 წ., მუხ. 277

    მუხლი 21

1. სამორინეს ორგანიზებისათვის ნებართვის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, იურიდიულმა (ფიზიკურმა) პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან დავალიანების არქონის შესახებ;

ბ) ხელშეკრულება ან შეთანხმება ნებართვის მაძიებელსა და თამაშობის ჩატარებისთვის გამოყოფილი ფართობის მფლობელს შორის. თუ ფართობი ნებართვის მაძიებლის საკუთრებაა, მან უნდა წარმოადგინოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სამორინეს დებულება, რომელშიც მოცემულია: სამორინეს მუშაობის წესები; სამორინეში მიმდინარე თამაშობების წესები; მინიმალური და მაქსიმალური ფსონის სიდიდე; სამორინეში მოქცევის წესები;

დ) სამორინეში არსებული დანადგარების (სათამაშო მაგიდები, სათამაშო აპარატები) ჩამონათვალი სახელწოდების, მოდიფიკაციის მითითებით;

ე) სათამაშო ჟეტონების ნიმუშები.

2. ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია გადაამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობა.

საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 54 20.12.2005 წ., მუხ. 357

    მუხლი 22

1. სათამაშო აპარატები მოგების ოდენობისა და თამაშობაში მონაწილეობისათვის საფასურის მიხედვით იყოფა „ა“ და „ბ“ კლასების სათამაშო აპარატებად.

2. „ა“ კლასის ფულადი მოგების სათამაშო აპარატები უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) თამაშობებში მონაწილეობენ მონეტების, ჟეტონების ან სხვა საშუალებით;

ბ) ერთ თამაშობაში მონაწილეობის მაქსიმალური ღირებულებაა ერთი ლარი;

გ) მაქსიმალური მოგების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თამაშობაში მონაწილეობის საფასურის ორმოცდაათმაგ ოდენობას.

3. „ბ“ კლასის ფულადი მოგების სათამაშო აპარატებს არ გააჩნიათ შეზღუდვა არც მოგების ოდენობისა და არც თითო თამაშში მონაწილეობის საფასურის მიხედვით.

    მუხლი 23

სათამაშო აპარატებზე გათვალისწინებული უნდა იყოს დადებული ფსონის სულ ცოტა 80 პროცენტი მოგება.

    მუხლი 24

1. სათამაშო აპარატების სალონის ორგანიზებისათვის ნებართვის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, იურიდიულმა (ფიზიკურმა) პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან დავალიანების არქონის შესახებ;

ბ) ხელშეკრულება ან შეთანხმება ნებართვის მაძიებელსა და თამაშობის ჩატარებისთვის გამოყოფილი ფართობის მფლობელს შორის. თუ ფართობი ნებართვის მაძიებლის საკუთრებაა, მან უნდა წარმოადგინოს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სათამაშო აპარატების ჩამონათვალი სახელწოდების, მოდიფიკაციის, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის მითითებით;

დ) სათამაშო აპარატების თამაშების მოკლე აღწერილობები, თითოეულ აპარატზე მაქსიმალური ფსონისა და მოგების მაქსიმალური ოდენობის მითითებით.

2. ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია გადაამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობა.

3. სათამაშო აპარატების სალონი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვილი უნდა იყოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს სათამაშო აპარატების სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს ისეთ ადგილზე, სადაც მათი დაცვა უზრუნველყოფილი იქნება, და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესამოწმებლად წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს.

4. სათამაშო აპარატების სალონის სალარო აღჭურვილი უნდა იყოს ჯავშნიანი ფანჯრითა და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით.

საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 54 20.12.2005 წ., მუხ. 357

საქართველო 2007 წლის 3 ივლისის კანონი 5180 - სსმ I , 28, 18.07.2007 წ., მუხ. 277

    მუხლი 25

სამორინეს და სათამაშო აპარატების მოწყობის ნებართვები გაიცემა მხოლოდ ერთი ობიექტის ფუნქციონირებისთვის.

თავი IV. ლატარიის, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის უფლება-მოვალეობები

    მუხლი 26 . (ამოღებულია )

საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 54 20.12.2005 წ., მუხ. 357

    მუხლი 27

თამაშის წესები უნდა განთავსდეს იმ ადგილზე, სადაც თამაშობა ტარდება და მოთამაშეს პირველი მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინონ.

    მუხლი 28

1. აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზების უფლება აქვს შესაბამისი ნებართვის მფლობელ პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების გათვალისწინებით.

2. სამორინეს, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 29

1. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს თამაშობების ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, მოთამაშეთა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

ბ) აწარმოოს გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია და ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) გასცეს მოგებები თამაშობის წესების თანახმად;

დ) მისცეს მოთამაშეებს წერილობითი ცნობა მოგების მიღების შესახებ მოთხოვნის შემთხვევაში დაწესებული ფორმის მიხედვით;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება მოთამაშეთა პრეტენზიებთან დაკავშირებით თამაშობათა წესებით გათვალისწინებულ ვადებში;

ვ) საიდუმლოდ შეინახოს მონაცემები მოთამაშეთა მიერ მოგებულ ან წაგებულ თანხებზე და ინფორმაცია მათ შესახებ გასცეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ზ) დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები;

თ) არ დაუშვას დამატებითი პირობების მოთხოვნა მოგებულ მოთამაშეზე მოგების გაცემისას, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა;

ი) საქმიანობის შეწყვეტიდან/განახლებიდან 2 კვირის ვადაში წერილობით აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის შეწყვეტის/განახლების თაობაზე;

კ) შეასრულოს ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით მასზე დაკისრებული მოვალეობები;

ლ) ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის ოპერაციები განახორციელოს სპეციალიზებული საინკასაციო სამსახურების საშუალებით, თუ ორგანიზატორის ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 10 000 ლარს.

2. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს ეკრძალება არასრულწლოვან პირებთან ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების დადება, რომლის მიხედვითაც მათ ევალებათ თამაშის ჩატარების ადგილზე მუშაობა, თამაშის ორგანიზაციაზე ან ჩატარებაზე კონტროლის გაწევა.

3. სამორინეს, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს ეკრძალება მოთამაშეებისათვის სესხის გაცემა ფსონის დასადებად.

4. სამორინეს ორგანიზატორი უფლებამოსილია არ შეასრულოს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-20 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუ სამორინეს შეწყვეტილი აქვს საქმიანობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნ-ქტის შესაბამისად, საქმიანობის განახლებამდე.

საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 54 20.12.2005 წ., მუხ. 357

საქართველო 2007 წლის 3 ივლისის კანონი 5180 - სსმ I , 28, 18.07.2007 წ., მუხ. 277

    მუხლი 30

1. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებული არ არის შეამოწმოს ლატარიის ბილეთის, სათამაშო ჟეტონის ან სხვა თამაშში მონაწილეობის მიღების უფლების დამადასტურებელი საბუთების წარმომდგენის უფლებამოსილება თუ ეს თამაშობის წესით არ არის განსაზღვრული.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშემ დაკარგა თამაშობის მონაწილეობისა და მოგების დამადასტურებელი ლატარიის, მომგებიანი თამაშობის ბილეთი ან სათამაშო ჟეტონი, მას უფლება არა აქვს პრეტენზია წარუდგინოს ლატარიის, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს, თუ თამაშების წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. პრეტენზიები, რომლებიც დაკავშირებულია თამაშობების ორგანიზებასთან, მიიღება თამაშის წესებით გათვალისწინებულ ვადებში.

    მუხლი 31

აკრძალულია სათამაშო დარბაზებში იმ თამაშობის გამართვა, რომლებიც გათვალისწინებული არ არის სამორინეს დებულებით.

    მუხლი 32

21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში თამაში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვის სათამაშო აპარატებთან თამაში ან/და სხვა მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა აკრძალულია. აზარტული თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით მოთამაშეთა ასაკის შემოწმება.

საქართველო 2007 წლის 3 ივლისის კანონი 5180 - სსმ I , 28, 18.07.2007 წ., მუხ. 277

    მუხლი 33

1. სათამაშო მაგიდები, სათამაშო აპარატები და სხვა დანადგარები (შემდგომში _ სათამაშო დანადგარი), რომლებიც გამოიყენება თამაშობისათვის, აგრეთვე, კონკრეტული თამაშობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებითი ინვენტარი შეიძლება იყოს სამორინესა და აზარტული თამაშობის ორგანიზატორის საკუთრებაში, სარგებლობაში ან აღებული ჰქონდეს იჯარით, ლიზინგით ან ქონებით სარგებლობის სხვა ფორმით.

2. სათამაშო დანადგარი შეიძლება გამოყენებულ იქნეს თამაშობებში მხოლოდ განმასხვავებელი აღნიშვნების არსებობის შემთხვევაში (სანომრე ნიშანი, საქარხნო ნომერი, დამზადების თარიღი, დამამზადებელი ქვეყანა).

საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 54 20.12.2005 წ., მუხ. 357

    მუხლი 34

ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების საქმიანობის დაბეგვრა და საბუღალტრო აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 35

აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა არ გაიცემა, თუ თამაშობა (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ეწყობა საბავშვო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საკულტო ნაგებობებში, საბავშვო სანატორიუმებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სახელმწიფო და ადგლობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციულ შენობებში, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით აკრძალულ ადგილებში.

    მუხლი 36

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია კონტროლი დააწესოს ამ კანონისა და გათამაშების წესების (რეგლამენტის) ყველა პუნქტის მოთხოვნათა შესრულებაზე.

საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 54 20.12.2005 წ., მუხ. 357

თავი V. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 37

1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

 

3. ლატარიის ბილეთების ან მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების გაყალბება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 54 20.12.2005 წ., მუხ. 357

    მუხლი 37 1

ნებართვის მფლობელ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს:

ა) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 7000 ლარს;

ბ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2000 ლარს;

გ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს;

დ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს;

ე) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს;

ვ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს;

ზ) ლატარიების, აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიმართ – 1000 ლარს ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის.

საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 54 20.12.2005 წ., მუხ. 357

საქართველო 2007 წლის 3 ივლისის კანონი 5180 - სსმ I , 28, 18.07.2007 წ., მუხ. 277

თავი VI. გარდამავალი დებულებები

    მუხლი 38

1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის მიღებიდან ექვსი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ფონდის დაფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ლიცენზიები (გარდა სამორინეებისა და ლატარიებისა) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში ექვემდებარება ნებართვებად გაფორმებას, ხოლო სამორინეების მოწყობისათვის გაცემული ლიცენზიები და ნებართვები ძალაშია 2006 წლის 1 იანვრამდე, რომლის შემდეგაც სამორინეს მოწყობისათვის ნებართვები გაიცემა ამ კანონისა და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად; ლატარიების ორგანიზებისათვის გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელებს ლატარიის ჩატარების უფლება გაუგრძელდეთ ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.

3. ლიცენზიის მფლობელი (სამორინეებისა და ლატარიების გარდა) ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოადგინოს განაცხადი ლიცენზიის ნებართვად გადაფორმების თაობაზე, ლიცენზია, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი დამატებითი დოკუმენტაცია და იმ დოკუმენტთა განახლებული ვარიანტი, რომელთაც გასული აქვთ მოქმედების ვადა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განიხილავს დოკუმენტაციას ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ ვალდებულებასთან დაკავშირებით და ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით გასცემს ნებართვას (სამორინეებისა და ლატარიების გარდა). ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ სხვაობა ლიცენზიის აღების დროს გადახდილ მოსაკრებლის ოდენობასა და ამ საქმიანობაზე ნებართვის მისაღებად კანონით დადგენილი მოსაკრებლის ოდენობას შორის.

5. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიები ძალადაკარგულად ითვლება.

6. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ნებართვების მოქმედების ვადა (სამორინეებისა და ლატარიების გარდა) განისაზღვრება ნებართვის გაცემიდან 1 წლის ვადით.

7. 2007 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორების ინფორმირება ამ კანონით დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობების შესახებ.

8. 2007 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრებზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის განსაზღვრა.

საქართველო 2005 წლის 28 დეკემბრ ის კანონი 2 610 - სსმ I , №59 31 .12.2005 წ., მუხ.450

საქართველო 2007 წლის 3 ივლისის კანონი 5180 - სსმ I , 28, 18.07.2007 წ., მუხ. 277

    მუხლი 39

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებაზე ამ კანონის ძალაში შესვლამდე გაცემული ლიცენზიების, აგრეთვე ნებართვების მფლობელთა მიერ საქართველოს საკანონმდებლო ნორმების შესრულებაზე კონტროლს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თავი VII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 40

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 მარტი.

№1180-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველო 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი 2237 - სსმ I , 54 20.12.2005 წ., მუხ. 357

2. საქართველო 2005 წლის 28 დეკემბრ ის კანონი 2 610 - სსმ I , №59 31 .12.2005 წ., მუხ.450

3. საქართველო 200 6 წლის 25 მაის ის კანონი 3142  - სსმ I , 18  31.05.2006 წ., მუხ. 136

4. საქართველო 200 6 წლის 1 დეკემბრის კანონი 3774  - სსმ I , 47  18.12.2006 წ., მუხ. 311

5. საქართველო 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი 3968 - სსმ I , 48  22.12.2006 წ., მუხ. 332

6. საქართველო 2007 წლის 3 ივლისის კანონი 5180 - სსმ I , 28, 18.07.2007 წ., მუხ. 277

45. 27/06/2024 - საქართველოს კანონი - 4363-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 11/07/2024 44. 13/12/2023 - საქართველოს კანონი - 3900-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 43. 13/12/2023 - საქართველოს კანონი - 3901-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 42. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3870-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 41. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2616-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 40. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2584-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/02/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 39. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1195-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 38. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1185-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 37. 14/12/2021 - საქართველოს კანონი - 1083-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/12/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 36. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 383-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 35. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6963-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 34. 25/06/2020 - საქართველოს კანონი - 6487-IIს - ვებგვერდი, 02/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 19/12/2019 - საქართველოს კანონი - 5616-რს - ვებგვერდი, 24/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3050-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 31. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1912-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 30. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1638-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 29. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 862-IIს - ვებგვერდი, 30/05/2017 28. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5385-IIს - ვებგვერდი, 17/06/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 25/11/2015 - საქართველოს კანონი - 4554-Iს - ვებგვერდი, 08/12/2015 26. 22/07/2015 - საქართველოს კანონი - 4083-რს - ვებგვერდი, 31/07/2015 25. 28/06/2012 - საქართველოს კანონი - 6574-რს - ვებგვერდი, 10/07/2012 24. 24/04/2012 - საქართველოს კანონი - 6052-Iს - ვებგვერდი, 27/04/2012 23. 16/03/2012 - საქართველოს კანონი - 5859-Iს - ვებგვერდი, 27/03/2012 22. 09/12/2011 - საქართველოს კანონი - 5448-IIს - ვებგვერდი, 111222015, 22/12/2011 21. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5246-IIს - ვებგვერდი, 111122013, 22/11/2011 20. 28/10/2011 - საქართველოს კანონი - 5169-IIს - ვებგვერდი, 111111014, 11/11/2011 19. 13/10/2011 - საქართველოს კანონი - 5138-IIს - ვებგვერდი, 111019020, 19/10/2011 18. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4933-რს - ვებგვერდი, 110630018, 30/06/2011 17. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4127-რს - სსმ, 75, 27/12/2010 16. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4063-რს - სსმ, 74, 24/12/2010 15. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3601-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 14. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3045 - სსმ, 24, 10/05/2010 13. 23/02/2010 - საქართველოს კანონი - 2670 - სსმ, 7, 09/03/2010 12. 15/12/2009 - საქართველოს კანონი - 2332 - სსმ, 47, 28/12/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2182 - სსმ, 40, 07/12/2009 10. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1548 - სსმ, 24, 13/08/2009 9. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1145 - სსმ, 9, 13/04/2009 8. 24/03/2009 - საქართველოს კანონი - 1126 - სსმ, 6, 26/03/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 10/12/2008 - საქართველოს კანონი - 709 - სსმ, 37, 17/12/2008 6. 03/07/2007 - საქართველოს კანონი - 5180 - სსმ, 28, 18/07/2007 5. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3968 - სსმ, 48, 22/12/2006 4. 01/12/2006 - საქართველოს კანონი - 3774 - სსმ, 47, 18/12/2006 3. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3142 - სსმ, 18, 31/05/2006 2. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2610 - სსმ, 59, 31/12/2005 1. 09/12/2005 - საქართველოს კანონი - 2237 - სსმ, 54, 20/12/2005