„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4551-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 140120000.05.001.017994
4551-Iს
25/11/2015
ვებგვერდი, 08/12/2015
140120000.05.001.017994
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საკოლექციო იარაღი

იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

2. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება

იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება საჭიროებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დასკვნების საფუძველზე გაცემულ ნებართვას.“.

3. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საკოლექციო იარაღის შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესის შესახებ“.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 ნოემბერი 2015 წ.

N4551-Iს