„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 643
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 24/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 120.000.000.05.001.001.611
  • Word
643
09/12/2004
სსმ, 38, 24/12/2004
120.000.000.05.001.001.611
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. კანონს მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

     „მუხლი 51. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება თავდაცვის ორგანიზების საკითხებში

საქართველოს მთავრობა:

ა) იღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას;

გ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

დ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ე) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით თავდაცვის სფეროში მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობა

1. საქართველოს სამხედრო ძალები შედგება:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებისაგან.

2. საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება:

ა) სახმელეთო ჯარებისაგან;

ბ) სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან;

გ) სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან.“.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. საქართველოს სამხედრო ძალების  ხელმძღვანელობა და მართვა

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მართვის ორგანო და პასუხისმგებელია მათ მომზადებაზე, განვითარებაზე და მათთვის დაკისრებული თავდაცვითი ამოცანების შესრულებაზე.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და მართვაზე პასუხისმგებელია თავდაცვის მინისტრი, რომელიც არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მეშვეობით უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით სამინისტროსთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ფუნქციებია:

ა) საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო ხელმძღვანელობა;

ბ) საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის წარმართვა და საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათ განუხრელ დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიკური ხელმძღვანელობის განხორციელება;

ე) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარებისა და სრულყოფისათვის აუცი-ლებელი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება;

ვ) ქვეყნის მოკლე და გრძელვადიანი საგარეო საფრთხეების განსაზღვრა და შეიარაღებული ძალების მიერ შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების გეგმების შემუშავება;

ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მზაობისათვის საჭირო მატერიალურ-ფინანსური პროექტების შემუშავების უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის ბიუჯეტისა და მატერიალური ფასეულობების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე ზედამხედველობა;

ი) თავდაცვის პოლიტიკის გეგმების შემუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

კ) შესაბამისი ზომების მიღება შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და მომზადებისათვის საჭირო სამხედრო-საბრძოლო აღჭურვილობით უზ-რუნველსაყოფად;

ლ) ქვეყნის თავდაცვითი ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განვითარების გეგმების შემუშავება;

მ) ქვეყნის თავდაცვითი პოლიტიკის განხორციელებისათვის სამხედრო-პოლიტიკური განათლებისა და საკადრო პოლიტიკის პროგრამების შემუშავება-განხორციელების უზრუნველყოფა;

ნ) საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გეგმებისა და სამხედრო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება;

ო) სამინისტროს სადაზვერვო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი სამოქალაქო კონტროლის განხორციელება;

პ) სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის სახეების შემუშავება და მათ მიერ სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

ჟ) შეიარაღებული ძალების რეზერვის შექმნის პოლიტიკის განსაზღვრა;

რ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განმტკიცების მიზნით შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობა;

ს) სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო, სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებათა სისტემის განვითარება;

ტ) სამხედრო მოსამსახურეთა გამაჯანსაღებელ-პროფილაქტიკური ცენტრების შექმნისა და განვითარებისათვის ხელის შეწყობა;

უ) თავდაცვის რესურსების მართვის უზრუნველყოფა.

4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომში – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვას.

5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი და პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გენერალური შტაბისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე.

7. გენერალური შტაბი:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებას, განვითარებას და მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას;

ბ) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების ოპერატიულ და სამობილიზაციო მზადყოფნას;

გ) საომარი მდგომარეობის დროს ახორციელებს სამხედრო ძალების მართვას;

დ) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის განვითარებას;

ე) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებთან დაკავშირებით;

ზ) ახორციელებს სამხედრო თანამშრომლობას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად;

თ) შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმებს;

ი) თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს შეიარაღებული ძალების საბიუჯეტო მოთხოვნებს და რეკომენდაციებს თანხების განაწილების შესახებ;

კ) თავდაცვის სამინისტროს წარუდგენს მოთხოვნებს შეიარაღებული ძალების შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფისათვის;

ლ) ახორციელებს შეიარაღებული ძალებისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვას;

მ) განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების, წვრთნისა და სწავლების გეგმებს;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას;

ო) უზრუნველყოფს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების შეიარაღებული ძალების სახეობებზე განაწილებას;

პ) შეიმუშავებს სამობილიზაციო გეგმებს;

ჟ) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების მზაობის, განვითარების სრულყოფისათვის აუცილებელი პროგრამებისა და გეგმების რეალიზებას;

რ) ატარებს ღონისძიებებს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული მოკლე- და გრძელვადიანი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით;

ს) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებას;

ტ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლას;

უ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფებში სამსახურისათვის განაწილებას;

ფ) წარადგენს სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში შესაბამისი განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

ქ) ადგენს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სამხედრო თანამდებობათა ნუსხას;

ღ) აწესებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ყოველი სამხედრო თანამდებობისათვის;

ყ) განსაზღვრავს სამხედრო შეკრების ჩატარების დროს, ადგილსა და ვადას;

შ) ახორციელებს კანონმდებლობითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და ხელშეუხებლობას ხმელეთზე, ზღვაზე, ტბებზე, მდინარეებსა და საერთაშორისო მიმოსვლის საერთო გზებზე.

9. სამხედრო ძალების სახეობები, სტრუქტურა და ხელმძღვანელობის წესი დადგენილია კანონით.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 9 დეკემბერი.

№643–IIს