მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 591
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.018977
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
591
19/11/2015
ვებგვერდი, 24/11/2015
010110020.10.003.018977
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/11/2015 - 18/01/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №591

2015 წლის 19 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის (შემდგომში სტატუსი) მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი (შემდგომში წესი) განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების მიზნით, განცხადების წარდგენასთან, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სტატუსის შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის პირობებსა და წესს.

2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია, სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დაადგინოს დამატებითი რეგულაციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ წესს და გამომდინარეობს მისგან.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. სტატუსის მინიჭების ძირითადი პირობები

1. ფიზიკურ პირს სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;

გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

2. სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მუხლი 4. სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის უფლებამოსილება

1. სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვს ქმედუნარიან ფიზიკურ პირს.

2. 18 წლამდე ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. მხარდაჭერის მიმღებისათვის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება მხარდამჭერის თანხმობით, წარდგენილი განცხადების საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. 16 წლამდე არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს, ამ წესის შესაბამისად, სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების წარდგენა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანს წარმოეშობა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლება.

მუხლი 5. სტატუსის მინიჭების მიზნით წარსადგენი დოკუმენტები

1. სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

2. განცხადება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით რეგისტრირდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში.

3. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სახით შესაძლოა წარდგენილ იქნეს:

ა) დოკუმენტები ან მასალები, მათ შორის ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ შესაბამის ზღვრულ ქულაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს გაცემული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 15 დღით ადრე;  

გ) საჯარო სკოლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში დასაქმების თაობაზე;

დ) უფლებამოსილი იურიდიული პირის/ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში/იურიდიულ პირში დასაქმების ფაქტს;

ე) იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრებას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას სავალდებულოა, დაერთოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არანაკლებ ორი დოკუმენტი.

6. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ განცხადებაში უნდა აღინიშნოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.

7. სტატუსის მინიჭების მიზნით წარსადგენი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების ფორმა მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 6. განცხადების განხილვის უფლებამოსილება

1. ფიზიკური პირისთვის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავითა და ამ წესით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ამ წესის შესაბამისად, სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განხილვისა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ქმნის სათათბირო ორგანოს საბჭოს.

3. საბჭოს შემადგენლობა და წევრთა რაოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის საჯარო მოსამსახურეები. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი უფლებამოსილია, საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი მისი თანხმობით.

5. ამ წესის შესაბამისად, სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხს  საბჭოს განსახილველად წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირი/პირები (შემდგომში უფლებამოსილი პირი).

6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

7. საბჭო რეკომენდაციას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.

8. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

9. საბჭოს ჰყავს მდივანი. საბჭოს მდივანი იმავე დროს არის საბჭოს წევრი და პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის შედგენაზე. საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს სხდომის მდივნის მოვალეობას ასრულებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი.

10. საბჭოს სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება საბჭოს რეკომენდაციები.

11. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრები.

12. დაუშვებელია საბჭოს სხდომის ოქმში ფიზიკურ პირთა პერსონალური მონაცემების ასახვა, გარდა ფიზიკური პირის სახელისა (სახელი და გვარი).

13. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის ვებგვერდზე ან ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც ან/და ქვეყნდება საჯაროდ, საბჭოს სხდომიდან 10 დღის ვადაში.

მუხლი 7. სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების განხილვა

1. უფლებამოსილი პირი, განცხადების შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში, ამოწმებს სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესის მე-5 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებთან შესაბამისობას.

2. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ შეესაბამება ამ წესის მე-5 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილი პირი განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად, მაგრამ არაუმეტეს 15 დღისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადება აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3-მე-6 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილი პირი განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს წარუდგენს საბჭოს განსახილველად.

5. საბჭო ამ მუხლის მე-4 პუნქტის დაცვით წარდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს იხილავს და შესაბამის რეკომენდაციას იღებს განცხადების რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში.

6. საბჭო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და რეკომენდაცია მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

7. ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა არ იწვევს ავტომატურად, აღნიშნული დოკუმენტების გამოკვლევის და შეფასების გარეშე, საბჭოს რეკომენდაციის მომზადებას შესაბამისი ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

8. საბჭო განცხადების განხილვის შემდეგ, თითოეული ფიზიკური პირის მიმართ ინდივიდუალურად იღებს ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას:

ა) შესაბამისი ფიზიკური პირისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ,  მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერისათვის რეკომენდაციის წარდგენის თაობაზე;

ბ) შესაბამისი ფიზიკური პირისთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერისათვის რეკომენდაციის წარდგენის თაობაზე.

9. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული სტატუსის მინიჭების საკითხით, იგი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

მუხლი 8. გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭების/სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ

1. სტატუსის მინიჭების/სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.

2. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი საბჭოს მიერ ამ წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი რეკომენდაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ფიზიკური პირისთვის სტატუსის მინიჭების/სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

3. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებისას, არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტში განსაზღვრული რეკომენდაცია. აღნიშნულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ვალდებულია, გამოსცეს შესაბამისი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გამოცემამდე წარმოიშვა სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი იღებს გადაწყვეტილებას ფიზიკური პირისთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

5. სტატუსის მინიჭების/სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ეგზავნება განმცხადებელს.

მუხლი 9. სტატუსის მონიტორინგი

1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების მონიტორინგს (შემდგომში მონიტორინგი) ახორციელებს უფლებამოსილი პირი.

2. მონიტორინგს უფლებამოსილი პირი იწყებს:

ა) ადმინისტრაციული ორგანოს/ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;

ბ) თავისი ინიციატივით, წელიწადში ერთხელ მაინც.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაიწყოს მონიტორინგის პროცედურა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ახორციელებს მაღალმთიან დასახლებში მუდმივად მცხოვრები პირების არანაკლებ 25%-ის მონიტორინგს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტს ინფორმაცია ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიის კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 3 თვით ან მეტი ვადით დატოვების შესახებ, მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) მიერ.

6. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დადასტურების მიზნით, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია:

ა) დაათვალიეროს ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი;

ბ) გადაამოწმოს ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენების, მისი მოვლა-პატრონობის და სხვა ფაქტების ადგილზე დათვალიერებას და შესაბამისი დათვალიერების ოქმის შედგენას;

გ) საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს ფიზიკურ პირს შესაბამისი წლის შესაბამის თვეს გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს ფიზიკურ პირს შესაბამისი მოწმეების წარდგენა, რომლებიც დაადასტურებენ, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრებას;

ე) შეარჩიოს სხვა მეთოდები, რომლებიც დაადასტურებს ფიზიკური პირის კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრებას.

7. ამ მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის დასრულების შემდეგ, უფლებამოსილი პირი მონიტორინგის შედეგებს დასკვნის სახით განსახილველად წარუდგენს საბჭოს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი მონიტორინგის შედეგების დასკვნის იმ ნაწილს, რომელშიც განსაზღვრულია სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, საბჭო იხილავს და იღებს შესაბამის რეკომენდაციას, მისი წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მონიტორინგის შედეგების განხილვის დასრულების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, საბჭო რეკომენდაციით მიმართავს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

10. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ფიზიკური პირისთვის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, საბჭო ცნობად იღებს წარდგენილ ინფორმაციას.

11. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სტატუსის შეჩერების საფუძველი, უფლებამოსილი პირი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ რეკომენდაციით მიმართავს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს ფიზიკური პირისთვის სტატუსის შეჩერების თაობაზე.

12. ამ მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაციების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი 5 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

13. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს საბჭოს/უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე წარდგენილი რეკომენდაცია. აღნიშნულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ვალდებულია, გამოსცეს შესაბამისი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

მუხლი 10. სტატუსის შეწყვეტა

1. ფიზიკურ პირს სტატუსი უწყდება, თუ:

ა) გარდაიცვალა;

ბ) შეიცვალა რეგისტრაციის მისამართი (გარდა აღნიშნული პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის შემთხვევისა);

გ) დატოვა მაღალმთიანი დასახლება, თუ ეს იწვევს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევას, გარდა იმავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) შესაბამისი მაღალმთიანი დასახლება, რომელშიც იგი მუდმივად ცხოვრობს, ამოღებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან.

2. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი შეიცვლის რეგისტრაციის მისამართს და დარეგისტრირდება სხვა მაღალმთიან დასახლებაში, აღნიშნული არ გამოიწვევს ფიზიკური პირისთვის სტატუსის შეწყვეტას.

3. ფიზიკური პირი უფლებამოსილია, სტატუსის შეწყვეტის მიზნით, მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაქტი დასტურდება სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციით, რომელიც მატერიალური ან იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, ელექტრონული ფორმით მიეწოდება მუნიციპალიტეტს.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფაქტი დასტურდება ამ წესის მე-9 მუხლში განსაზღვრული მონიტორინგის შედეგებით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტი დასტურდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომლითაც მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან ამოღებულ იქნება დასახლება.

7. სააგენტო მუნიციპალიტეტებს მატერიალური ან იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, ელექტრონული ფორმით აწვდის ინფორმაციას, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ასახულ ფიზიკურ პირთა გარდაცვალების, მოქალაქეობის დაკარგვის, რეგისტრაციის ადგილის შეცვლის თაობაზე.

8. ამ მუხლის მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები არ საჭიროებს საბჭოს მიერ განხილვას.

9. ამ მუხლის მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე,  მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი 5 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სტატუსის შეწყვეტის თაობაზე.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს სტატუსი უწყდება გარდაცვალების რეგისტრაციის დღიდან;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს სტატუსი უწყდება რეგისტრაციის მისამართის შეცვლის დღიდან;

გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს სტატუსი უწყდება მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან;

დ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს სტატუსი უწყდება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დღიდან;

ე) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს სტატუსი უწყდება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან დასახლების ამოღების თაობაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან.

11. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირისათვის ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიწოდებული ინფორმაციით ცნობილი გახდა ფიზიკური პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის ფაქტი ან არსებობს შესაბამისი მუნიციპალიტეტის თხოვნა, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, სტატუსის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლები გაუგზავნოს შესაბამის მუნიციპალიტეტს.

12. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ფიზიკური პირი ვალდებულია, შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობიდან 20 დღის ვადაში,  აღნიშნულის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

13. ფიზიკური პირისათვის სტატუსის შეწყვეტა არ ართმევს ფიზიკურ პირს უფლებას, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განმეორებით მოიპოვოს სტატუსი.

მუხლი 11. სტატუსის შეჩერება

1. ფიზიკურ პირს სტატუსი უჩერდება, თუ:

ა) სასამართლომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა;

ბ) მაღალმთიანი დასახლება უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღების მიზნით დატოვა და აღარ აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს სტატუსი უჩერდება მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლის დღიდან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს სტატუსი უჩერდება შესაბამის უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფიზიკურ პირს სტატუსი არ უჩერდება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზეც ჩაირიცხა ფიზიკური პირი, მდებარეობს მაღალმთიან დასახლებაში.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტი დასტურდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გაცემული ინფორმაციით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფაქტი  პირის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, დასტურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ინფორმაციით, პირის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაცემული ინფორმაციით, ხოლო პირის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ კერძო სამართლის იურიდიულ პირში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში განსაზღვრული დაწესებულებები ვალდებულნი არიან სააგენტოს მატერიალური ან იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, ელექტრონული ფორმით მიაწოდონ ინფორმაცია ფიზიკური პირისთვის სტატუსის შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შესახებ.

8. სააგენტო ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიწოდებულ ინფორმაციას მატერიალური ან იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, ელექტრონული ფორმით აწვდის მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

9. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 5 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სტატუსის შეჩერების თაობაზე, რაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  აისახება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში.

10. ფიზიკური პირი ვალდებულია, სტატუსის შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ფიზიკური პირის მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სტატუსის შეჩერების თაობაზე.

12. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური და საგადასახადო შეღავათების მიზნებისათვის, ფიზიკური პირი ითვლება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის არმქონე პირად და ვერ სარგებლობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური და საგადასახადო შეღავათებით.

მუხლი 12. სტატუსის აღდგენის საფუძვლები

1. ფიზიკურ პირს ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სტატუსის შეჩერებისას სტატუსი აღუდგება, თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად ცხოვრობდა მაღალმთიან დასახლებაში.

2. ფიზიკურ პირს, ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სტატუსის შეჩერებისას სტატუსი აღუდგება, თუ სწავლის დასრულების/შეწყვეტის შემდეგ, ერთი  თვის განმავლობაში, ფაქტობრივად ცხოვრობდა მაღალმთიან დასახლებაში.

3. სტატუსის აღდგენის თაობაზე ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ფიზიკური პირის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე ან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების/სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების თაობაზე ან უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ერთი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი.  ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტების სახით  შესაძლოა წარდგენილ იქნეს ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი/დოკუმენტები.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით წარდგენილ განცხადებას უფლებამოსილი პირი განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.

6. განცხადების განხილვის დასრულების შემდეგ, უფლებამოსილი პირი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს მიმართავს ფიზიკური პირისთვის სტატუსის აღდგენის/სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი 3 დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ფიზიკური პირისთვის სტატუსის აღდგენის/სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით წარდგენილი განცხადების განხილვისა და გამგებლის/მერის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.

მუხლი 13. გასაჩივრების წესი

1. ამ წესის საფუძველზე საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციები და უფლებამოსილი პირის რეკომენდაციები დამოუკიდებლად არ საჩივრდება.

2. საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციები და უფლებამოსილი პირის რეკომენდაციები საჩივრდება მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად.

3. მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

მუხლი 14. ინფორმაციის გამოთხოვა

1. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, უფლებამოსილი პირი და სააგენტო უფლებამოსილია, სტატუსის მინიჭების/შეწყვეტის/აღდგენისა და შეჩერების თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების/მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან მატერიალური/შესაძლებლობის შემთხვევაში, ელექტრონული ფორმით გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემები.

2. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან,  მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს, უფლებამოსილ პირს და სააგენტოს მიაწოდონ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა პერსონალური მონაცემების მითითებით.

3. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, უფლებამოსილი პირი და სააგენტო ვალდებულნი არიან, არ გაამჟღავნონ ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური მონაცემები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

4. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების შეუფერხებლად გაცემის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, სოციალური შეღავათების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოებს მიაწოდოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ფიზიკურ პირთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები.

მუხლი 15. გამგებლის/მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გამგებელი/მერი უფლებამოსილია, ბათილად ცნოს მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

მუხლი 16. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ინფორმაციის ასახვა

სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, აისახება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში.

მუხლი 17. გარდამავალი დებულება

1. მუნიციპალიტეტები ამ წესის ამოქმედებიდან:

ა) 2016 წლის პირველ იანვრამდე სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ ამ მუხლის მე-2-მე-12 პუნქტებით დადგენილი წესით;

ბ) 2016 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 15 იანვრამდე სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ ამ მუხლის მე-2-მე-12 პუნქტებითა და ამ წესით დადგენილი წესით.

2. სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტი, 2016 წლის 15 იანვრამდე, თავისი ინიციატივით ახორციელებს იმ ფიზიკურ პირთა მიმართ, რომლებიც:

ა) არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები და შესაბამისად, დასაქმებულნი არიან/ირიცხებიან/მათი შვილები ირიცხებიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან 9 თვის ან მეტი ვადით ადრე;

ბ) რეგისტრირებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან 9 თვის ან მეტი ვადით ადრე;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მონაცემებით ოჯახი რეგისტრირებულია და საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მაღალმთიანი დასახლება, ამ წესის ამოქმედების თვის მინიმუმ წინა 9 თვის ვადისა, უწყვეტად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებების დადასტურების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად  ვალდებულია, 2015 წლის 15 დეკემბრამდე, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების გამგებლებისათვის/მერებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების დადასტურების მიზნით, საქართველოს სამინისტროები ვალდებულნი არიან,  2015 წლის 15 დეკემბრამდე, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტების გამგებლების/მერებისათვის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირებში ან მართვაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირთა თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების დადასტურების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია, 2015 წლის 15 დეკემბრამდე, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების გამგებლებისათვის/მერებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

6. მუნიციპალიტეტი ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს შორის დამყარებული კომუნიკაციის საშუალებით, აწვდის სააგენტოს.

7. სააგენტო ამოწმებს ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მიწოდებულ პირთა მოქალაქეობის, რეგისტრაციისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას და აწვდის მუნიციპალიტეტს.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ფიზიკური პირები ითვლებიან მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ პირებად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის გამოვლენამდე.

9. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მიეკუთვნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირთა წრეს და აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, 2016 წლის 15 იანვრამდე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

10. სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ეგზავნება ფიზიკურ პირს.

11. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ვალდებულია, სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაცია მატერიალური ფორმით მიაწოდოს სააგენტოს   გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდება, სააგენტოს სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ელექტრონული ფორმით.

12. სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაცია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, აისახება მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში.

13. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ წესით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების/შეწყვეტის/შეჩერების/აღდგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე ინფორმაციის საჯაროობა, რაც გულისხმობს შეხვედრების ორგანიზებით, შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას, აგრეთვე  ინფორმაციის მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის ვებგვერდზე განთავსებას.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.